მთავარი,სიახლეები

საქართველოში 4 ადამიანი შიმშილობს უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად

03.02.2025 •
საქართველოში  4 ადამიანი შიმშილობს უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად

3 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში, უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად, 4 ადამიანი შიმშილობს.

  • მზია ამაღლობელი – შიმშილობის 23-ე დღე
  • თემურ ქათამაძე – შიმშილობის მე-18 დღე
  • ლაშა ჩხვიმიანი – შიმშილობის მე-6 დღე
  • ისაკო დევიძე – შიმშილობის მე-3 დღე

შიმშილობა შეწყვიტა მეხუთე მოქალაქემ, ლაშა ჩხვიმიანის დედამ, რომელმაც 4 დღე იშიმშილა.

  • ლაშა ჩხვიმიანი, რეჟისორი, მსახიობი 

„ოთხშაბათ საღამოს დმანისის მერიის ცენტრში, სადაც ჩემი მანქანით ვდგავარ და ვშიმშილობ, თუ ამ სკვერს გადავავსებთ, რასაც 400-500 ადამიანი ეყოფა, მე იმ საღამოსვე შევწყვეტ შიმშილობას.

თუ გაერთიანებულ ხალხს დავინახავ, მე დიდი იმედით შევწყვეტ შიმშილობას და გაერთიანებულ დმანისელებთან ერთად უფრო გაძლიერებული შევუერთდები ამ საერთო ბრძოლას.

ეს ყველაფერი ავუხსენი დედაჩემსაც, რომელმაც პირველივე დღიდანვე ჩემთან ერთად დაიწყო შიმშილობა. მასაც მივეცი ხალხის ერთობის იმედი. მან დამიჯერა და ამ ერთობის იმედით შიმშილობა გუშინ შეწყვიტა“ – ამბობს ლაშა ჩხვიმიანი ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს, 3 თებერვალს გაავრცელა.

ლაშა ამბობს, რომ მეხუთე დღეა შიმშილობს ხალხის გაერთიანების იმედით.

ლაშა ჩხვიმიანი

„ერთადერთი მამოტივირებელი ახლა ჩემთვის არის იმედი და ფიქრი იმაზე, რომ ამ დე-ფაქტო ხელისუფლებას ჯერ არ აქვს იმის უნარები, რომ გაერთიანებულ ხალხს გაუმკლავდეს.

მათ შეუძლიათ დასცინონ ციხეში გამომწყვდეულ, მომაკვდავ ადამიანს, მაგრამ ვფიქრობ, ჯერ არ აქვთ იმის უნარები გამომუშავებული, რომ სიმართლის, სამართლის გარშემო გაერთიანებულ ხალხს გაუმკლავდნენ. ამიტომ ეშინიათ ხოლმე ჩვენი სიმრავლის. ამიტომ ითვლიან ყოველთვის ჩვენს თავებს, რომ ამ ორთვიან პროტესტში თურმე 500 ადამიანი ვმონაწილეობთ.

ჩვენ კი ვიცით იქ ვინ ვდგავართ, რამდენი ვდგავართ და როგორ ვდგავართ, მაგრამ ამით ამშვიდებენ ისინი თავიანთ ამომრჩეველს, რომლებსაც რეგიონებში აკრძალულიც კი აქვთ ოპოზიციური არხების ყურება და ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი და ასე ცდილობენ რეალობა გააყალბონ მათთვის.

მე აქ ვადაგასული და მავნებელი ხელისუფლების იმედით არ ვდგავარ, მე აქ ვდგავარ მათზე გაბრაზებული და მახრჩობს ბრაზი, რომ მათ დაკარგეს ფოკუსი და მათთვის მთავარი ღირებულება აღარ არის ადამიანი და არ შეიძლება ასეთ ხელისუფლებას ადამიანის უსაფრთხოება და სიცოცხლე მიანდო.

თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ აქ ჩვენ თვალწინ უსამართლობა ხდება, აღარ არის არც ფიქრის, არც ლაპარაკის დრო, არის მოქმედების დრო, რომ ჩვენი ერთობით უნდა დავანახოთ, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ვართ“ – ამბობს ლაშა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, აუცილებელია საკუთარი თვალით დაინახოს ხალხის ერთობა.

„გამოვიდეთ და ერთად დავდგეთ. მინდა ჩემი თვალით დავინახო ეს ერთობა. მშვიდად, დემოკრატიული, ჰუმანური პრინციპებით გაერთიანებული, რომლებიც პრინციპულად დგანან ერთად.

დმანისში მინდა მოხდეს ეს, ერთ-ერთ პატარა მუნიციპალიტეტში, დმანისი მინდა გახდეს ამ ერთობის მაგალითი და ეს ერთობა იყოს გადამდები სხვა პატარა ქალაქებისთვის და არა ჩემი შიმშილობა. დმანისს ასეთი ერთობის მაგალითი არასდროს უჩვენებია და ეს იქნება ჩემთვის ერთი პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და ნიშანი და იმედი იმის, რომ ეს გაერთიანებული ხალხი ხელისუფლებას უკანონო პატიმრებსაც გაათავისუფლებინებს და ახალ, სამართლიან არჩევნებსაც ჩაატარებინებს.

სხვა შემთხვევაში, მე ისევ გავაგრძელებ შიმშილობას, ისევ ხალხის ერთობის მოლოდინში.

აღარ შემიძლია ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც უსამართლობაზე თვალს ხუჭავენ და ჩვენ, ადამიანებს ერთმანეთის სოლიდარობის იმედი დაკარგული გვაქვს“ – ამბობს ლაშა ჩხვიმიანი.

  • მზია ამაღლობელი – ჟურნალისტი, მედიამენეჯერი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი

მზია ამაღლობელი, რომელიც ბათუმში პოლიციის სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს უკანონოდ, უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად 23-ე დღეა რუსთავის ქალთა კოლონიაში შიმშილობს.

სამართლებრივად მზია ამაღლობლის ბრალდების კვალიფიკაცია გახლავთ პოლიციელზე თავდასხმა, თუმცა როგორც ადვოკატები განმარტავენ, მზიას ქმედება (პოლიციის უფროსზე ხელის გარტყმა) არ შეესაბამება სისხლის სამართლის დანაშაულს, მზია ამაღლობელი არის რეჟიმის პატიმარი და იდევნება მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო.

მზია ამაღლობელი. ფოტო: „ბათუმელები“

„იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“ – ასეთია მზია ამაღლობლის მოწოდება ციხიდან, სადაც ის 11 იანვრის შემდეგ უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

თემურ ქათამაძე – ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე

ბათუმის აქციების მედროშე მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მე-18 დღეა შიმშილობს.

თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია. ის წლებია საქართველოში ცხოვრობს და ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა დაუსაბუთებელი მიზეზების გამო ქათამაძეს მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან.

თემურ ქათამაძე პირველ ჯერზე საპროტესტო აქციაზე დააკავეს, მეორედ კი – იზოლატორიდან გამოსვლისთანავე. ქათამაძე საკუთარ დაკავებას ასაჩივრებს და აქვს პროტესტი უსამართლობაზე.

28 ნოემბრის შემდეგ, როცა საქართველოში პროევროპული აქციები დაიწყო, თემურ ქათამაძე საქართველოს სახელმწიფო დროშიც ყოველდღე იდგა აქციებზე და აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერების პროცესს.

თემურ ქათამაძე

ის მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მიიჩნევს, რომ მისი ადგილი, როგორც ეთნიკური ქართველის, თავის სამშობლოში – საქართველოშია.

  • ისაკო დევიძე – აქტივისტი

აქტივისტი ისაკო დევიძე პირველ თებერვალს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლითაა დაწყებული.

ისაკო დევიძე

დაკავებისას ისაკო დევიძეს პოლიციელებმა სცემეს. ადვოკატის თქმით, ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო.

როგორც მისი ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ჰყვება, დევიძე ქუჩაში, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა აიყვანეს. შემდეგ სახლში მიიყვანეს და გაჩხრიკეს. ჩხრეკაზე დასწრების უფლება არ მისცეს არც მის დედას, ნინო ჭელიძეს და არც ადვოკატს.

ადვოკატი საუბრობს არაერთ პროცედურულ დარღვევაზე, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაზე.

„ვერ გაგვაჩერებენ, ვერ შეგვაშინებენ. ვიდგებით იქ, სადაც ქარიშხალია.  გავიმარჯვებთ სახელოვნად!” – ასეთია ისაკო დევიძის გზავნილი ციხიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: