მთავარი,სიახლეები

„არ არსებობს მაგალითი, როცა სრულად იზოლირებულმა რეჟიმმა გააგრძელა თავისი მმართველობა“- ზურაბიშვილი

05.02.2025
„არ არსებობს მაგალითი, როცა სრულად იზოლირებულმა რეჟიმმა გააგრძელა თავისი მმართველობა“- ზურაბიშვილი

„დღეს საქართველოში დასრულდა პოლიტიკური ცხოვრება, რამეთუ აღარ არის პოლიტიკური სივრცე, პარლამენტი თავისთავად აღარ არის პოლიტიკური სივრცე, კონსტიტუცია აღარ არსებობს, არცერთი უფლება დაცული აღარ არის, არც გამოთქმის უფლება, არც შეკრების უფლება აღარ არის დაცული და ჩვენ ამას ვხედავთ,“ – თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 5 თებერვალს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრას პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.

„ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება გაგრძელდეს ამ ქვეყანაში რამე პოლიტიკური ცხოვრება, რამე პოლიტიკური წარმონაქმნი, წარმოუდგენელია, მანამ, სანამ არ იქნება დანიშნული ახალი არჩევნები. სწორედ ეს ვუთხარით დღეს ელჩებს. როგორც აქ [საქართველოში] განახლდა რეპრესიები, ისე უნდა განახლდეს ზეწოლა ჩვენი პარტნიორებისგან ივანიშვილის რეჟიმზე, რომელიც დღეს შეიძლება ასე ვახსენოთ, როგორც რეჟიმი, როგორც რუსული ყაიდის რეჟიმი. [ზეწოლა] ამ რეჟიმზე იმისთვის, რომ დაინიშნოს არჩევნები“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახალი არჩევნების დანიშვნა და ზეწოლის გაგრძელება რეჟიმზე – ეს იყო მთავარი გზავნილი ელჩებისთვის და დედაქალაქებისთვის.

„არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ დღეს ვერავინ იტყვის როგორ შეიძლება დაინიშნოს არჩევნები, ეს კითხვა წარმოუდგენელიცაა, ეს მოხდება გარედან და შიგნიდან ზეწოლის შედეგად. არ არსებობს ქვეყანა და არ არსებობს ისტორიული მაგალითი, რომ როცა რეჟიმი სრულად იზოლირებულია თავისი მოსახლეობიდან და დანარჩენი პარტნიორებისგან, გააგრძელოს თავისი მმართველობა. პატარა ქვეყანაა საქართველო, ეს არ არის რუსეთი, რომელსაც შეუძლია დიდი პერიოდი გაუძლოს სანქციებს, ან ირანი, რომელსაც შეუძლია ჩაიკეტოს მთლიანად. ამ ქვეყანაში ეს შეუძლებელია. ეს რეჟიმი უკვე არ მართავს ქვეყანას“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: