„დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი“ – ასე ახასიათებენ ბათუმში მიმდინარე აქციებზე დაკავებულები ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ქცევას წინასწარი დაკავების იზოლატორში. საპროტესტო აქციებზე დაკავებულები გათავისუფლების შემდეგ ჰყვებიან, რომ ირაკლი დგებუაძე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა და ზოგჯერ იმდენად გადადის ზღვარს, რომ მის შეკავებას სხვა პოლიციელები განსაკუთრებულ ძალისხმევას ანდომებენ.
ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის უფლებამოსილების შეჩერება ბოლო რამდენიმე კვირაა ბათუმში აქციების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად იქცა. ამ მოთხოვნით აქციებს მართავენ ჟურნალისტები ბათუმსა და თბილისში მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, პროკურატურის მოთხოვნა კი პატიმრობაზე სასამართლომ ძალაში დატოვა. არაერთი დაკავებული „ბათუმელებთან“ საუბრობს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსი წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულებს სცემს, აგინებს და აფურთხებს.
ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბათუმის პოლიციის უფროსს არაფერი აქვს ერთი ავტომანქანის, HYUNDAI ELANTRA -ს გარდა, რომელიც მას 2021 წელს 4 500 დოლარად შეუძენია. არ აქვს საკუთარი სახლი, მიწის ნაკვეთი, დანაზოგი და სხვა რაიმე სახის ღირებული ქონება, არც ძვირადღირებული საჩუქრები მიუღია.
მის ქონებრივ დეკლარაციაში არც ის წერია, ეხმარებიან თუ არა მშობლები ფინანსურად – თუ ასეა, იგი ვალდებულია ამის შესახებ დეკლარაციაში ჩაწეროს.
კიდევ ერთი ინფორმაცია, რისი მიღებაც მისი დეკლარაციიდან შეიძლება, ეს ხელფასის ოდენობაა.
ირაკლი დგებუაძემ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ 2023 წელს სახელფასო შემოსავლის სახით 51 615 ლარი მიიღო, რაც თვეში 4 300 ლარია. ამ თანხით მდიდრულად ვერ იცხოვრებ და ვერც მსოფლიოს ძვირადღირებულ კურორტებზე, კლუბებში და ღირსშესანიშნავ ადგილებში შეძლებ მოგზაურობას, თუმცა იმ ფოტო და ვიდეომასალის მიხედვით, რომელიც სოციალურ ქსელში მის მეგობარ ქალს აქვს განთავსებული, ირაკლი დგებუაძე ხელმომჭირნედ ნამდვილად არ ცხოვრობს. თუმცა ევროპის ქალაქებში ხარჯების შესახებ ინფორმაციას დეკლარაციაში არ უთითებს.
ბათუმის პოლიციის უფროსის მეგობარი ქალი, მარიკა გერლიანი ბათუმში ზღვის სანაპიროზე კაფე-ბარ „ალოჰას“ და კლუბ „ბოჰემას“ ფლობს. „ბოჰემა“ ძველ ბათუმში, ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში გახსნეს. იმის შესახებ, რომ „ალოჰას“ და „ბოჰემას“ დამფუძნებელი და მფლობელია, მარიკა გერლიანს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე აქვს მითითებული. მან ტელეკომპანია „პირველთან“ თქვა, რომ კლუბები მისია და ბიზნესის ირაკლი დგებუაძესთან კავშირი უარყო.
„ალოჰა“, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ პლაჟზეა განთავსებული, მხოლოდ ზაფხულობით მუშაობს. ახლა ეს ადგილი ცარიელია. მომიჯნავე ნაკვეთებზე ბიზნესის მფლობელები საუბრობენ, რომ ზაფხულობით, მაშინ როცა მათ მუსიკისთვის ხმის დაწევას სთხოვენ და გარკვეულ შეზღუდვებს უწესებენ, „ალოჰა“ პრივილეგიებით სარგებლობს – „მთელი ღამე გრიალებენ“.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი პლაჟზე, სადაც „ალოჰაა“ განთავსებული 2 497 კვადრატული მეტრია. ამონაწერი ბოლოს 2021 წელს ორჯერ განუახლებიათ. 2021 წლის ივლისში ეს ნაკვეთი პლაჟზე იგივე საკადასტრო კოდით „ბათუმის ბულვარმა“ ელექტრონული აუქციონით გაასხვისა. გაყიდვის ფასი 9 270 ლარი იყო, ბიჯი – 270 ლარი. აუქციონის აღწერილობაში მითითებული იყო, რომ ბულვარი 1 500 კვ.მეტრს ასხვისებდა და არა სრულ ფართობს, რასაც საკადასტრო კოდი მოიცავს.

ახლა აქ კაფე არ ფუნქციონირებს, დატოვებულია კონსტრუქციის ნაწილი და ღობე

ფოტო: „ბათუმელები“
აღწერაში მითითებული იყო ისიც, რომ ბულვარის ადმინისტრაცია მიწის ნაკვეთს პლაჟზე „ბულვარის სანაპირო ზოლის ბრენდინგის“ ფარგლებში ასხვისებდა 2021 წლის პირველ ნოემბრამდე ვადით. საგულისხმოა, რომ აუქციონის დასრულების შემდეგ რეესტრის ამონაწერი არ განაახლეს, დიდი ალბათობით იმიტომ, რომ გამარჯვებულზე ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო, რაც ამ დრომდე მიღებული პრაქტიკა არ ყოფილა.
როცა ბულვარი 1000 კვადრატულ მეტრზე მეტს საიჯარო წესით ასხვისებს და საუბარი არ ეხება მცირე ზომის ტერიტორიებს პლაჟზე, რასაც სანაყინის ან ყავის აპარატის ჩადგმის ან მსგავსი მცირე ბიზნესებისთვის იყენებენ, რეესტრის ამონაწერში ყოველთვის არის ასახული, ვინ არის მოიჯარე და ისიც კი, ვინ არის ქვემოიჯარე.
ამის დადასტურება იმ საკადასტრო კოდის ამონაწერების შესწავლითაც შეიძლება, სადაც ახლა „ალოჰაა“ განთავსებული. 2020 წლის ამონაწერში შეძლებთ იმის ნახვას, რომ ეს ნაკვეთი 2020 წელს ბათუმის ბულვარს, საიჯარო წესით შპს „ტურისნვესტისთვის“ ჰქონდა გადაცემული, ხოლო ქვემოიჯარე შპს GLI იყო.
ამონაწერში დაფიქსირებულია ამ კომპანიების საიდენტიფიკაციო კოდებიც. 2021 წელს პლაჟზე ნაკვეთის გასხვისების შემდეგ კი, ყველაფერი დამალეს. ამონაწერში აღარ ფიქსირდება ვინ არის მიწის ნაკვეთის მოიჯარე 2021 წლიდან და ამის შემდეგ ამონაწერი არც განახლებულა.
2021 წლის ნოემბრის შემდეგ იგივე საკადასტრო კოდზე მიწის ნაკვეთის საიჯარო წესით გასხვისებაზე აუქციონი არ იძებნება. შესაბამისად არ ვიცით, ვინ არის ოფიციალური მოიჯარე, 2021 წელს აუქციონში გამარჯვებულს ვადა გაუგრძელეს თუ ვინმე სხვას პირდაპირი წესით გადასცეს მიწის ნაკვეთი. ფაქტი ერთია, რომ 2023 -2024 წლების ზაფხულში აქ კაფე „ალოჰა“ ფუნქციონირებდა, რომლის დამფუძნებელი და მფლობელიც დგებუაძის მეგობარი ქალია.
კაფე „ბოჰემა“ კი ბათუმში კერძო საკუთრებაშია განთავსებული.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, დგებუაძის მეგობარი ქალი, მარიკა გერლიანი ინდივიდუალურ მეწარმედ 2023 წლის ივნისში დარეგისტრირდა. ამონაწერით ირკვევა ისიც, რომ ამ დროს გერლიანი მოვალეთა რეესტრში იყო დარეგისტრირებული – შემოსავლების სამსახურის შეტყობინების საფუძველზე მისთვის ქონება დაუყადაღებიათ.
საჯარო რეესტრის მონაცემებში ირაკლი დგებუაძე 2 შემთხვევაში ფიგურირებს. 2016 წელს მან საჯარო რეესტრს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ბინის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა და ეს ბინა დედის, ადა სინჯარაძის საკუთრებად დაარეგისტრირა. ბინის ფართობი 132 კვ.მეტრია. როგორც ამონაწერშია მითითებული, მას თან ახლავს საზაფხულო ფართობი 7.40 კვ. მეტრი. ეს ბინა 2020 წელს გაუსხვისებიათ.
უფრო ადრე, 2011 წელს კი დგებუაძის განაცხადით, ერთი ბინა [29 კვ.მეტრი] ნინო გოგოტიშვილს დაურეგისტრირეს. საფუძვლად ჩუქების ხელშეკრულებაა მითითებული. მანამდე ეს ბინა ხვიჩა გოგოტიშვილს ეკუთვნოდა.
ირაკლი დგებუაძის დედა, ადა სინჯარაძე ფლობს ბინას თბილისში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 94.80 კვ.მეტრია. ის ფლობდა ასევე ორ მიწის ნაკვეთს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში. ეს ნაკვეთები მას 2016 წელს დაურეგისტრირებია.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში ფლობს სახლს და მიწის ნაკვეთს აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელიაც. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძე გრიგოლ ბესელიას ნათლიაა და მისი ბათუმში გადმოყვანაც ბესელიას ინიციატივა იყო. ბესელია შს მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან დაახლოებული პოლიციელია.
ბათუმის პოლიციის უფროსის მამა, სოსო დგებუაძე ბიზნესსაქმიანობას ეწევა. ის რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი ან თანადამფუძნებელია. ბიძა, გოჩა დგებუაძე კი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო 2010-2014 წლებში. სწორედ მისი გამგებლობის დროს სენაკის მუნიციპალურმა ორგანიზაციებმა არაერთი კონტრაქტი გაუფორმა გამგებლის ძმების სოსო [ირაკლი დგებუაძის მამა] და თამაზ [ირაკლი დგებუაძის კიდევ ერთი ბიძა] დგებუაძეების კომპანიებს.
ირაკლი დგებუაძის ბიძა, გოჩა დგებუაძე სენაკის მერის გამგებლად მუშაობის პერიოდში სკანდალში არაერთხელ გაეხვა, მათ შორის იყო ოპონენტებთან ფიზიკური დაპირისპირებაც – ინფორმაცია ამის შესახებ მედიაში დღემდე იძებნება.
შპს „სენ კაპიტალი“ ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც სოსო დგებუაძემ, ირაკლი დგებუაძის მამამ თანამესაკუთრესთან ერთად 2014 წელს დააფუძნა. ის 50 პროცენტის მფლობელი იყო. დარჩენილ 50 პროცენტს კი ვლადიმერ გვასალია ფლობდა. მალევე კომპანიის წილები სრულად სოსო დგებუაძემ გადაიფორმა. 2014 -2015 წლებში ახალდაფუძნებულმა კომპანიამ ტენდერებში მონაწილეობა სცადა და ზუგდიდის მუნიციპალური ორგანიზაციებიდან რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა.
2013 წლიდან სენაკის მუნიციპალური ორგანიზაციების ტენდერებს იგებდა ირაკლი დგებუაძის ბიძის, თამაზ დგებუაძის კომპანია შპს „ბალავარიც“.
„ბალავარი“ 2004 წელს დაფუძნებული კომპანიაა, დგებუაძის ბიძა ამ კომპანიაში წილებს თავიდანვე არ ფლობდა. შპს „ბალავარსა“ და გამგეობას შორის დადებული ხელშეკრულების გაფორმების მომენტში თამაზ დგებუაძე შპს-ს არც მეწილე და არც ხელმძღვანელი არ ყოფილა. თამაზ დგებუაძე შპს „ბალავარის“ დირექტორად 2014 წლის 17 თებერვლიდან ჩანს, კომპანიის მფლობელად კი მისი მეუღლე ნანა ხარება დაფიქსირდა.
2012 წელს სოსო დგებუაძეს თანამესაკუთრესთან ერთად დაუფუძნებია ასევე შპს „ჯეო ნატს“-ი, სადაც კომპანიის დირექტორად სოსო დგებუაძე ფიქსირდებოდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს „სენ-თბი“ სოსო და თამაზ დგებუაძეებმა 2016 წელს დააფუძნეს. ისინი კომპანიის 50-50 პროცენტს ინაწილებენ. 2016- ში სოსო დგებუაძემ კიდევ ერთი კომპანია შპს „სენსივერა“ დააფუძნა. დოკუმენტებში მითითებულია, რომ კომპანიამ შეიძლება განახორციელოს მშენებლობა და სხვა ნებისმიერი საქმიანობა, რაც კანონით არ იკრძალება.
2006 წელს სოსო დგებუაძეს დაუფუძნებია შპს „დგებუ“. დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის საქმიანობის სფეროებად მშენებლობა, სამშენებლო მასალების რეალიზაცია და სხვა რამდენიმე სფერო იყო განსაზღვრული, მათ შორის იყო ნავთობპროდუქტების იმპორტიც. კომპანია სენაკში, ჭავჭავაძის #138-ში დაარეგისტრირეს.
კომპანიას ერთპიროვნულად ფლობდა სოსო დგებუაძე და თავად იყო დირექტორიც. ბოლო მონაცემებით მას რეგისტრაციაზე უარი უთხრეს.
სოსო დგებუაძე ფლობს ბინას თბილისში, შარტავას ქუჩაზე, რომლის ფართობიც 61.20 კვ.მეტრია. ეს ბინა მან 2021 წლის ივლისში დაირეგისტრირა. რეგისტრაციის საფუძვლად ნასყიდობის ხელშეკრულებაა მითითებული.
ასევე, ირაკლი დგებუაძის ბიძის, თამაზ დგებუაძის კომპანია თბილისის პრესტიჟულ უბანში საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს. ერთ- ერთი ასეთი კომპანია შპს „გოლდენ სტარია“ , რომლის 50 პროცენტსაც ირაკლი დგებუაძის მამის კომპანია, „იყალთო 2013“ ფლობს. დარჩენილი 50 პროცენტის მფლობელი კი ანა მახათაძეა. მას თავისი წილი მართვაში მიხეილ ჯიქიასთვის აქვს გადაცემული. ამ კომპანიამ თბილისში ალექსანდრე ბასილაიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ააშენა. ამონაწერის მიხედვით, ამ კორპუსში ბინების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია.






