მთავარი,სიახლეები

შსს ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს გზის გადაკეტვას ედავება აქციაზე, რომელსაც ის აშუქებდა

05.02.2025
შსს ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს გზის გადაკეტვას ედავება აქციაზე, რომელსაც ის აშუქებდა

ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის გადაკეტვას ედავება იმ აქციაზე, რომელსაც ფოტოგრაფი აშუქებდა.

მედია “აპრილის” ინფორმაციით, ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 იანვარს გზის გადაკეტვას ედავება. ვახო ქარელი ამ და სხვა აქციებზეც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და საპროტესტო აქციას აშუქებდა.

„ვახო ქარელს შსს-დან დღეს, 5 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე დაურეკეს და კითხვაზე, სად შეუძლია ადმინისტრაციული საქმის მასალების ნახვა, უპასუხეს, რომ 18:00 საათამდე თუ მივა განყოფილებაში, შეძლებს გაეცნოს დოკუმენტებს“.

შსს-ს წარმომადგენლის თქმით, „დადგენილი ფაქტია“, რომ ვახო ქარელი 26 იანვარს იმყოფებოდა რუსთაველის მოედანზე. ფოტორეპორტიორის რეპლიკას, რომ ნამდვილად იქნებოდა, რადგან ჟურნალისტია, შსს-ს წარმომადგენელმა ასე უპასუხა: „ეს თქვენ უნდა ამტკიცოთ, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ, რის მიხედვითაც უკვე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.

26 იანვარს ვახო ქარელი თავდაპირველად პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ მარშზე იმყოფებოდა, რომელიც დიდუბის მეტროსადგურიდან დაიწყო. მოგვიანებით მან გადაინაცვლა დამკვირვებლების მარშზე, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე. გარდა იმისა, რომ ასრულებდა თავის მოვალეობას, ვახო ქარელს თან ჰქონდა პრესის ბარათი, რომელიც ადასტურებს, რომ ის მედია აპრილის ფოტორეპორტიორია,“ – წერს „მედია აპრილი“.

გამოცემა ასევე ავრცელებს მედიაომბუდსმენის იურისტ, ჯანო ჭკადუას კომენტარს. იურისტის განმარტებით, „როცა ადამიანის იდენტიფიცირება ხდება, როგორც წესი, ვინაობასთან ერთად დასაქმების ადგილსაც ადგენენ, შესაბამისად, შსს-სთვის იმის გარკვევა, რომ ვახო ქარელი აქციაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რთული არ უნდა ყოფილიყო.

პარადოქსია, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლიფაქტზე  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და პარალელურად, შსს-ში მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება გზის გადაკეტვის გამო,“ – ამბობს ჯანო ჭკადუა „მედია აპრილთან“.

როგორც მედია “აპრილი” აცხადებს, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა  ფოტორეპორტიორ ვახო ქარელის განყოფილებაში დაბარების შესახებ, მას განმეორებით დაურეკეს შსს-დან და უთხრეს, რომ „მიიტანოს ჟურნალისტის დამადასტურებელი ცნობა და დანარჩენს მერე მოახსენებენ“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ონლაინ მედიის ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს შსს-ს თანამშრომლები მუშაობაში ხელს უშლიან. 12 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე, რომელსაც თან ჰქონდა პრესის ბარათი. არც შსს-მ და არც სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ის ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა დაკავების მომენტში. გურამ მურვანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: