მთავარი,სიახლეები

ნახეთ ხუთი ამბავი სტუდენტებზე ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში – ანონსი

05.02.2025
ნახეთ ხუთი ამბავი სტუდენტებზე ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში – ანონსი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები 6 თებერვალს, საღამოს 20:00 საათზე, უნივერსიტეტის ფოიეში „თეატრის ენით სტუდენტების პრობლემებზე“ მოჰყვებიან.

სტუდენტები ამბობენ, რომ ელიან ყველას, ვისთვისაც ახალგაზრდები, სტუდენტები და მათი სათქმელი მნიშვნელოვანია.

„ეს სპექტაკლი არ დაიდგმება მხოლოდ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, ამ სპექტაკლს დავდგამთ ყველა იმ უნივერსიტეტის ფოიეში, სადაც სტუდენტებს დაკავებული აქვთ ფოიე.

ყველას შეუძლია მოვიდეს და დააკავშიროს ჩვენი პრობლემები მათ პრობლემებთან“ – გვითხრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტმა, მარიამ მღებრიშვილმა.

მარიამ მღებრიშვილი, სტუდენტი

ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები მიიჩნევენ, რომ თეატრი ერთ-ერთი გამორჩეული, ძლიერი იარაღია ხალხთან კომუნიკაციის დასამყარებლად.

„ჩვენ საუბარი გვინდა და თეატრით უნდა ვილაპარაკოთ. ეს პროფესიაც ამიტომ ავირჩიეთ, სათქმელი ყოველთვის გვაქვს მსახიობებსა თუ რეჟისორებს.

ყველას ველოდებით ხვალ. ეს სპექტაკლი არის თავიდან ბოლომდე სტუდენტურ პრობლემებზე, რასაც ვაჟღერებდით ყოველდღე და რის გაჟღერებასაც უფრო აქტიურად ვგეგმავთ. სოციალური პრობლემები ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ ყველაფრის შეცვლა გვინდა. ამ პრობლემებზეა ეს სპექტაკლი და არ ვიცი, რამდენად ჰქვია ამას სპექტაკლი, იყოს – „სტუდენტების ხმა ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიედან“.

ჩვენი ეს ამბები ყველას ეხება, ამას ვგრძნობთ და ამას ვხედავთ ჩვენს სახელმწიფოში.

ხუთი სხვადასხვა ამბავია და ხუთივე პასუხობს იმ მთავარ გამოწვევებს, რასაც სტუდენტები ვხვდებით – [ოჯახის წევრის] ემიგრაცია, სტუდენტური საცხოვრებლის არარსებობა… სოციალური საკითხებია მაქსიმალურად ამოწეული” – გვიამბობს ნოდარ სამთელიძე, ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი.

ნოდარ სამთელიძე, სტუდენტი

დღეს ხელოვნების უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები პროტესტის ნიშნად 21-ე ღამეს გაათევენ უნივერსიტეტის ფოიეში. მათი მოთხოვნებია: ხელახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება და რეჟიმის ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

28 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ განიხილა „4 სტუდენტისა და დეკანის საქმე“ და 50-დღიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან, 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების საფუძველზე გაათავისუფლა ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და სტუდენტები: დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში დარჩა მხოლოდ ერთი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე, არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული პიანისტი, კონსერვატორიის სტუდენტი.

ამავე თემაზე:

ბათუმში 3 სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, 1 სტუდენტი პატიმრობაში რჩება

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: