მთავარი,სიახლეები

რატომ დუმს მიგრაციის დეპარტამენტი თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? – შიმშილობის მე-20 დღე

05.02.2025 •
რატომ დუმს მიგრაციის დეპარტამენტი თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? – შიმშილობის მე-20 დღე

11 იანვარს ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან, დაკავებული, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [ჯაფარ ილმაზი], მე-20 დღეა შიმშილობს. ის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, სამთვიან პატიმრობაში იმყოფება.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია არც მიგრაციის დეპარტამენტს და არც სხვა შესაბამის უწყებებს.

თემურ ქათამაძის მდგომარეობაზე ინფორმაციას ითხოვს საიაც, თუმცა როგორც საია-ში აცხადებენ, მიმართვისა და მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრიდან მოშიმშილე დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი შიმშილობის მართვის თაობაზე ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

მათივე ინფორმაციით, ასევე უცნობია, კონკრეტულად რა ქმედებები ხორციელდება დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების თავიდან არიდების მიზნით.

„ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი დაკავებულის მოვლა და მიმდინარეობს თუ არა მისი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი შესაბამისი სპეციალისტების მიერ სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით“ – აცხადებს საია.

„ბათუმელები“ სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა და ჰკითხა, მოინახულეს თუ არა თემურ ქათამაძე და რა შეფასება შეუძლიათ გააკეთონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ნინო სულამანიძე, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თემურ ქათამაძე გუშინ, 4 თებერვალს მოინახულეს.

„პირადად მე მოვინახულე თემურ ქათამაძე, ვესაუბრე და იყო კონტაქტური, შეეძლო გადაადგილებაც.

ჩვენ გამოთხოვილი გაქვს ინფორმაცია ყველა მიმართულებით, მათ შორის სამედიცინო დოკუმენტაცია და როცა მივიღებთ სამედიცინო დოკუმენტაციას, ჩვენგან მოხდება შეფასება“ – გვითხრა ნინო სულამანიძემ.

მას ვკითხეთ, რამდენ ხანში უნდა მიაწოდონ სამედიცინო დოკუმენტაცია. როგორც ნინო სულამანიძემ გვითხრა, კანონმდებლობით ათი დღეა გათვალისწინებული, თუმცა, რადგან შიმშილობს დაკავებული, დაჩქარებული წესით უნდა მიაწოდონ დოკუმენტაცია.

რას ამბობს თავად თემურ ქათამაძე, აუღეს თუ არა ანალიზები და აქცევენ თუ არა სათანადო ყურადღებას? – ისევ ვკითხეთ ნინო სულამანიძეს. მისი თქმით, თემურ ქათამაძეს სამედიცინო მომსახურების კუთხით პრეტენზიები არ გამოუხატავს.

„თუ დავადგენთ, რომ საჭიროებს სხვა სახის მკურნალობას, ამაზეც გვექნება რეკომენდაცია, თუმცა მანამდე უნდა გავერკვეთ რა მომსახურება გაუწიეს. რა არის აღრიცხული, რა შედეგები მიიღეს და ასე შემდეგ“ – ამბობს ნინო სულამანიძე.

სულამანიძის თქმით, მასთან შეხვედრისას თემურ ქათამაძეს რამდენიმე მიმართულებით ჰქონდა პრეტენზიები, „პირველი ეს იყო, მისი ქვეყნიდან გაძევების საკითხი, თავშესაფრის საკითხი, ბინადრობა და ასე შემდეგ“.

„ბათუმელები“  შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსაც დაუკავშირდა და კითხვები დაუსვა თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის თაობაზე, თუმცა დეპარტამენტს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. „როგორც კი გვექნება პასუხი, შეგეხმიანებით“- გვითხრეს აღნიშნულ სამსახურში.

თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე.

ის, დაკავების შემდეგ, ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: