„ვისაც ჰყავს დიდი ტრაქტორები და ტრაილერები უნდა დაგვეხმარონ ავტობანის გადაკეტვაში“- დაუწერია ქუთაისელ აქტივისტს, მირიან ბერულავას ფეისბუქში, ვიდრე მას 1-ელ თებერვალს ადმინისტრაციული წესით დააკავებდნენ.
აქტივისტის, მირიან ბერულავას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 თებერვალს გაიმართება.
პირველ თებერვალს, როცა პოლიციამ თბილისში აქტივისტების სახლების ჩხრეკა და გამოკითხვისთვის პოლიციაში გადაყვანა დაიწყო, კრიტიკული ფეისბუქპოსტების ავტორი და ქუთაისელი აქტივისტი მირიან ბერულავაც გამოკითხვისთვის გეგუთის პოლიციაში დაიბარეს. ვიდრე მას პოლიციელები ავტომანქანაში ჩასვამდნენ, უთქვამს: „არ ვენდობი სისტემას“. ადვოკატის, ვალერი თევდორაძის მტკიცებით, რეალურად ამ ფრაზის გამო დააკავეს მირიან ბერულავა.
„მანქანაში მას ტელეფონიც ჩამოართვეს, რაც უკვე გამოკითხვაზე გადაყვანის მიზნებს სცდება, გეგუთისკენ მიმავალ გზას გასცდნენ და წავიდნენ წყალტუბოში, წყალტუბოს პოლიციასთან გადმოიყვანეს მანქანიდან, გაუკეთეს ბორკილები და უთხრეს, რომ დაკავებულია პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის, წინააღმდეგობის გაწევისთვის. ეს ოქმი ჯერ კიდევ არ გადმოუციათ, არ ვიცი, რა ჩაუწერეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ვალერი თევდორაძემ.
ადვოკატ ვალერი თევდორაძის თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ გაჩხრიკეს ქუთაისში, ვარციხჰესში მდებარე სახლშიც, სადაც აქტივისტის მშობლები ცხოვრობენ:
„ჩხრეკა ჩაატარა სამხარეო პოლიციამ, ამოიღეს და წაიღეს მირიანის ძველი ტელეფონი და გადამყვანი,“ – ამბობს ადვოკატი ვალერი თევდორაძე. მისივე თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის [ჯგუფური ძალადობის ორგანიზება] მიხედვით გრძელდება. ამ საქმეზე გაჩხრიკეს აქტივისტის სახლიც. ადვოკატი ამბობს, რომ არ იცის, წარუდგინეს თუ არა მირიან ბერულავას მშობლებს პოლიციელებმა ბინის ჩხრეკის ორდერი.
უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს, 2 თებერვალს დღისით და გვიან ღამით 31 დემონსტრანტი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ამ თემაზე:
მთავარი ფოტო: აქცია ქუთაისში მირიან ბერულავას გათავისუფლების მოთხოვნით