მთავარი,სიახლეები

ბათუმში კარვებში ღამისთევით პროტესტი ჩერდება, საპროტესტო აქციები კი გრძელდება

05.02.2025
ბათუმში კარვებში ღამისთევით პროტესტი ჩერდება, საპროტესტო აქციები კი გრძელდება

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპროტესტო აქცია კარვებში ღამისთევით აღარ გაგრძელდება – ამის შესახებ დღეს, 4 თებერვალს, გვიან ღამით განაცხადეს აქციაზე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელი კლინიკაში გადაიყვანეს შიმშილობის 24-ე დღეს.

„რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა გააკეთა ვრცელი განცხადება, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ არის გარკვეული ცვლილებები, რაც საჭიროებს მედიკამენტურ და სხვა ტიპის ჩართულობას. ის არის საიმედო ექიმების ხელში, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება სულ მცირე მომდევნო რამდენიმე დღე. ამავე დროს, მზია ამაღლობელი აგრძელებს შიმშილობას.

ჩვენ ერთი კვირის წინ განვაცხადეთ, რომ კარვები საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აჭარის მთავრობის წინ დაიდგმებოდა მანამდე და სამოქალაქო აქტივისტები, საჯარო პირები, პოლიტიკოსები – მათ შორის, გაათენებდნენ ღამეს მზია ამაღლობლის ჰოსპიტალიზაციის, მისი მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით, სანამ არ მოხდებოდა შიმშილობით გამოწვეული საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანა.

ამიტომ ბათუმის წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელმაც აქ ექვსი ღამე გაათია, წყვეტს ამ ფორმით პროტესტს, პირდაპირი ეთერის შემდეგ დავიწყებთ კარვების დემონტაჟს. ეს კარვები ამ დღეებში ყველაზე მკაფიოდ განასახიერებდა ჩვენს პროტესტს, მუხტს, რომელიც აქ მყოფ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც აქ იყო“ – განაცხადა მალხაზ ჭკადუამ აქციაზე.

ამავე დროს, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან ყოველდღიური აქციები, რომელიც უკვე 69 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს, გაგრძელდება. 

ასევე, წინააღმდეგობის  მოძრაობა გაიშლება აჭარის მუნიციპალიტეტებში, სადაც საპროტესტო აქციების მონაწილეები გასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავენ.

პირველი ადგილი, სადაც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები აპირებენ ჩასვლას, შუახევია, ჭვანის ხეობა, საიდანაც არის მზია ამაღლობელი. გარდა ამისა, იგეგმება გასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან კარვები 29 იანვარს გაშალეს. ტროტუარზე ჯერ მოზრდილი კარავი განათავსეს, თუმცა ეს კარავი პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და ფაქტობრივად, გაიტაცა.

ამის შემდეგ აქციაზე უფრო მსუბუქი კონსტრუქციის ორი კარავი მიიტანეს და გაშალეს პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად. აქ პროტესტი 24-საათიან რეჟიმში გრძელდებოდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: