„არავინ გაბედოთ და ჩემი შვილები მოძალადე კრიმინალებს, რადიკალებსა და ექსტრემისტებს არ შეადაროთ. მე ვარ დედა 2 და 4 წლის შვილების, რომელთა ფუნდამენტური უფლებები უხეშად დაირღვა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა 27 მაისს, პარლამენტის ტრიბუნიდან.
დეპუტატი ლაშხი რადიკალებად და ექსტრემისტებად მოიხსენიებს 19-20 წლის გოგოებს, რომლებმაც მას კაფეში შეახსენეს, რომ ის რუსულ ინტერესებს ემსახურება.
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, „არა რუსულ რეჟიმს!“, „არა რუსეთის მონებს!“ – ამ შეძახილების გამო „ოცნების“ დეპუტატმა ორ ახალგაზრდა ქალს – თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს უჩივლა და პატიმრობაში გაუშვა.
მარიამ ლაშხმა მიიჩნია, რომ ამ შეძახილებით შეილახა მისი მცირეწლოვანი შვილების უფლებები, რომლებიც ამ ინციდენტის თვითმხილველები იყვნენ, მაგრამ მისსავე ხელშეწყობილმა, „ქართული ოცნების“ სისტემამ არ დაინდო სხვისი შვილები. ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა მაგდა მამუკაშვილი ლაშხის შეურაცხყოფის მიზეზით სასამართლომ 4 ათასი ლარით დააჯარიმა.

ლიკა ლორთქიფანიძე და თათია აფრიამაშვილი სასამართლო პროცესზე
„ოცნების“ პარლამენტის კიდევ ერთი წევრის, თეა წულუკიანის შეურაცხყოფისთვის 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ ახალგაზრდა ქალს, ალბი კორძაიას. იმავე მოტივით 7-დღიან პატიმრობაში გაუშვეს ბექა პაპაშვილიც, რადგან მათ პროტესტი გამოხატეს წულუკიანის სახლთან, იმის გამო, რომ წულუკიანმა ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს „უაზროდ განწირული“ უწოდა.
„ოცნების“ ხელისუფლებას ციხეებში ჰყავს გამოკეტილი 60-ზე მეტი სინდისის პატიმარი, საპროტესტო აქციების მონაწილეები, რომელთა მიმართაც ბრალდებები სუსტი და ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელია, თუმცა „ოცნების“ სასამართლო მათ სისხლის სამართლის მუხლით ასამართლებს. სინდისის პატიმრებს შორის არიან სტუდენტები, მათ შორისა მათე დევიძეც, რომელსაც 21 წელი ტყვეობაში შეუსრულდა და რომელსაც 12 ივნისს 4.6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მათე დევიძეს 21 წელი ციხეში შეუსრულდა. „მივდივარ სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“ – ამ სიტყვებით დაემშვიდობა მათე სასამართლო დარბაზში მოსულ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
„ოცნება“ ყოფს საზოგადოებას, ყოფს ბავშვებსაც – „ჩვენი შვილები“ და „თქვენი რადიკალი შვილები“.
„მათი შვილები შვილები არიან და ჩვენი შვილები შვილები არ არიან?
ექვსი თვეა პროტესტის მონაწილე, დაპატიმრებული სტუდენტი შვილის, ზვიად ცეცხლაძის უფლებების დასაცავად იბრძვის ნარგიზ დავითაძე – დედა, რომელსაც „ოცნების“ მხარდამჭერმა 9 აპრილს აქციაზე მიაძახა – „შენი ნაძირალა შვილი“.
„ჩემი შვილი ნაძირალა არ არის! სტუდენტია, სწავლა უყვარს, სამშობლო უყვარს და მის დასაცავად იბრძვის. დღეს ჩემი შვილი გამოცდებს უნდა აბარებდეს, აუდიტორიაში უნდა იჯდეს, მაგრამ 8 კვადრატშია გამოკეტილი. როგორ შეიძლება ზვიადს ნაძირალა უწოდო ან იმ სხვა ბიჭებს, რომლებიც არასდროს ყოფილან ნასამართლევი. ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა.
მარიამ ლაშხმა მისი შვილები გამოიყენა იმისთვის, რომ სხვისი შვილები გამოეკეტა. მაშინ, როცა სახელმწიფო უნდა გიცავდეს და სახელმწიფოს იმედი უნდა გვქონდეს, ვერავინ გვიცავს. ძალიან გულგატეხილი და შეურაცხყოფილი ვარ“, – ამბობს ნარგიზ დავითაძე, 20 წლის ზვიად ცეცხლაძის დედა.
ნარგიზ დავითაძე ექვსი თვეა დადის და უყვება ყველას, როგორ უსამართლოდ ექცევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მის შვილს და სხვა სინდისის პატიმრებს.
„ხომ იცის კობახიძემ, როგორია ზვიადი, მისი სტუდენტი იყო, ან მას როგორ სძინავს ღამე ან მის დედას. გაოგნებული ვარ, ეს დეპუტატებიც ხომ არიან დედები? თანამდებობის პირები როგორც თავიანთ შვილებს იცავენ, ისე უნდა დაიცვან სხვისი შვილებიც უსამართლობისგან. ზოგჯერ ვზივარ და ვტირი, როგორ შეიძლება ასე გაწირო 19-20 წლის ბიჭები.
მათი შვილები წამოძახილმა შეაწუხა და ჩვენს შვილებს რომ 7 თვეა მზე ენატრებათ და მიწაზე ფეხის დადგმა, ეს რომელ სტანდარტს მივაკეროთ? თუ სამართალია, იყოს ორივესთვის, ეს უსამართლობა ბუმერანგივით დაუბრუნდებათ, აუცილებლად“, – ამბობს ნარგიზ დავითაძე „ბათუმელებთან“.

ზვიად ცეცხლაძის დედა ნარგიზ დავითაძე. ირაკლი მიმინოშვილის დედა სასამართლო პროცესზე.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა კანონი საკუთარ თავზე მოირგო.
„მათ ფული აქვთ, შვილებიც კომფორტში ჰყავთ, განათლებას ევროპაში აძლევენ, ჩემი შვილი კი, რომელსაც ასე უყვარს განათლება, 4 კედელში გამომიკეტეს.
ადამიანებს სიღარიბის შიში აჩუმებთ ხოლმე. ეგუებიან უსამართლობას, თუნდაც იმიტომ, რომ სამსახური არ დაკარგონ. მაგრამ მე სამსახურიც დავკარგე, შვილიც ციხეში მყავს, 17 ჯარიმაც მაქვს 5-ათასლარიანი, მაგრამ როცა შვილები და ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი, ყველა ერთად უნდა დავდგეთ.
ცოტა მოგვშივდეს, ცოტა დისკომფორტი შევიქმნათ და უსამართლობას არ მივცეთ ადგილი. „ომი გინდა?“, „ჯარიმები?“ – ამით აშინებენ ხალხს. განა ომი არ არის ის, რაც ახლა გვჭირს. მე ომში ვარ. ყველანაირად გვანადგურებენ, მაგრამ სანამ ვარ, ბოლომდე ვიბრძოლებ“, – გვეუბნება ნარგიზ დავითაძე.

„დედებს დაუბრუნეთ შვილები“ – აქცია თბილისში
„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები უკვე ყველას ემუქრებიან მათი გინებისთვისაც. სასამართლოში უჩივიან ჟურნალისტებს, აქტივისტებს, უფლებადამცველებს ფეისბუქზე შეურაცხყოფისთვის“. ზოგს აპატიმრებენ, ზოგს – ჯარიმებით სჯიან.
„ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ კრიტიკული კომენტარები მათ „შვილებს სტრესავს“, ამის ფონზე კი შვილების უსაფრთხოებით ემუქრებიან ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, თინა ბოკუჩავას.
„ჩემი ქმარი 8 საათის განმავლობაში გატაცებული ჰყავდათ. უსახელებდნენ ჩვენი 10 წლის შვილის სკოლის და ორ-წლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ 9 ივნისს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ამ ფორმით მისი, როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაშინებას ცდილობს.

სინდისის პატიმარი, ანდრო ჭიჭინაძე შვილთან ერთად/სინდისის პატიმრის, ინსაფ ალიევის მცირეწლოვანი შვილი მამის სასამართლო პროცესზე.
„ქართულ ოცნებას“ არც მაშინ გახსენებია სხვისი შვილების უფლებები, როცა ოპოზიციური პარტიების ლიდერების საცხოვრებელ სახლებთან, ჯერ კიდევ 2024 წლის არჩევნების წინ, სისხლიანი ბანერები გააკრა.
„ჩემი სადარბაზოს წინ ყველა არჩევნებზე სისხლიანი ბანერებია გამოფენილი, რომელსაც ჩემი პატარა შვილები უყურებენ ყოველდღე“, – თქვა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა გირჩი ჯაფარიძემ დაკავებამდე. ჯაფარიძე მხოლოდ იმიტომ ჩასვეს ციხეში, რომ წულუკიანის ე.წ. კომისიაზე არ გამოცხადდა.
როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ არც სინდისის პატიმრების: ინსაფ ალიევის ერთ წლამდე შვილზე უფიქრია, არც ანდრო ჭიჭინაძის სამი წლის შვილზე, რომლებიც დედებს სასამართლო სხდომებზე დაჰყავთ, პატიმარმა მამებმა ასე მაინც რომ მოჰკრან თვალი საკუთარ შვილებს.
„ოცნების“ მთავრობას არც ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მცირეწლოვანი შვილის უფლება გახსენებია, რომელიც მამის დაკავებას ტელევიზორში უყურებდა.
„ბავშვი შემეცოდა ძალიან, სანდრო. ხვალ უნდა დაეჭირათ და დღეს რატომ დაიჭირესო“, – თქვა ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ ჟურნალისტებთან, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ. ნიკა მელიაც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააკავეს.
„ოცნებას“ არც მაშინ უფიქრია ბავშვებზე, როცა აქტივისტ ორსულ ქალთან დილის რვა საათზე, მოტყუებით შევიდა პოლიცია სახლის გასაჩხრეკად.

29 აპრილს 6 თვის ფეხმძიმე მარიამ ბაჯელიძესთან, რომელიც სახლში 7 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები დილის ცხრის წუთებზე სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს.
არც მაშინ, როცა ასევე დილაუთენია შეიჭრა პოლიცია ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში, სადაც ასევე არასრულწლოვანი იმყოფებოდა.
„ოცნების“ დეპუტატები იმაზეც კი აღშფოთდნენ, როცა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საპარლამენტო ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ პოლიციამ სცემა საპროტესტო აქციაზე ხალხს, მათ შორის ბავშვებსა და ახალგაზრდებს.
თეა წულუკიანმა ომბუდსმენს უსაყვედურა, რომ ის „ოცნების“ დეპუტატებსა და მათ შვილებს არ იცავს.
„მე არ მაქვს პირადად იმის მოლოდინი, რომ თქვენ მე დამიცავთ. ქალ დეპუტატებზე და მათზე თავდასხმაზე რატომ არ ისაუბრეთ? ბავშვებზე რომ ისაუბრეთ, მარიამ ლაშხის შვილებზე რატომ არაფერი თქვით?“ – უთხრა მან ლევან იოსელიანს, რომელსაც წულუკიანისთვის იმის შეხსენებაც კი მოუწია, რომ სახალხო დამცველის მანდატი ითვალისწინებს არა ხელისუფლების წარმომადგენლების დაცვას, არამედ იმ მოქალაქეების, რომლებიც დაჩაგრა სახელმწიფო სისტემამ.
„ქართულ ოცნებას“ თავისი შვილებისთვის არაფერი ენანება. მაგალითად, „ოცნების“ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვილი, რომელიც საუკეთესო ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სასწავლებლად სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.

ღარიბაშვილმა შვილი სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა სასწავლებლად.
„მე არ ვარ ჩვეულებრივი ტურისტი“ – ასე ეუბნებოდა „ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, რუსული კანონის მხარდამჭერი ბექა ოდიშარიას 22 წლის შვილი ჰამბურგის პოლიციას 2024 წლის ოქტომბერში, როცა ის ქუჩაში გააჩერეს. აქვე იყო „ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატის, რუსული კანონის მხარდამჭერი ვასილ ჩიგოგიძის შვილიც. დეპუტატების შვილები ფეხბურთის საყურებლად იმყოფებოდნენ გერმანიაში.
როგორია „ჩვეულებრივი“ ბავშვების ცხოვრება ქვეყანაში, რომელსაც 13 წელია ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია მართავს?
„მე და ჩემი მეუღლე ქეთი, ხშირად გავდივართ აქციებზე, რადგან ამ ბოლო დროს ყველა ჩვენმა მიზანმა თითქოს რუსთაველზე მოიყარა თავი. რისთვისაც აქამდე გვიბრძოლია, იქ ყველა ბრძოლა შეერთდა“, – ამბობს დათო სიმონია, გრაფიკული დიზაინერი, რომელიც შვილების მომავლის დაცვის გამო 5 ათასი ლარით დააჯარიმეს.
„ვინც დამაჯარიმა, ალბათ არ იცის, რომ ორსული ცოლი და მცირეწლოვანი ბავშვი მყავს. მაგრამ ხომ ზეიმობენ „ოჯახის სიწმინდის დღეს“? ხომ ამბობენ, რომ „დედა წმინდაა“, ხომ ამბობენ, რომ ოჯახზე ზრუნვის პოლიტიკა აქვთ?! მაშინ რატომ არ არიან უფრო ახლოს ხალხთან?!
პირიქით, აჯარიმებენ და აღარიბებენ ოჯახებს, რადგან იციან, რომ სიღარიბე დიქტატურის საუკეთესო მოკავშირეა, რომ ღარიბ ადამიანს აღარ შეუძლია თავისი უფლებებისთვის ბრძოლა, რადგან ხელ-ფეხი შეკრული აქვს.
როგორც ჩანს, ეს გეგმა აქვთ, რომ ჩემნაირი ადამიანები შებოჭონ, გაანეიტრალონ ფინანსური წნეხით, მერე პარალელურად იძახონ, რომ ოჯახებზე ზრუნავენ. მაგრამ პატარა ქვეყანა ვართ და ბევრმა გაიგო მათი ფარისევლობა.
მათი მომხრეებიც კი შეცბუნდნენ, როცა გაიგეს, რომ პატარა ბავშვების მამა დამაჯარიმეს. რიტორიკა, რასაც გვაჩრიან ცხვირ-პირში, არის სიყალბე და არაფერი ზრუნვასთან, მოქალაქეების კეთილდღეობასთან, ოჯახების გაძლიერებასთან და ბავშვების ზრუნვასთან საერთო არ აქვს“, – ამბობს დათო სიმონია.

დათო სიმონია
მისი აზრით, ვისაც შვილები ჰყავს, ყველა ხვდება, რომ გარემო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, ნეგატიურად აისახება ბავშვებზეც.
„დაძაბული და აგრესიულები გახდნენ.
არაფერს ვამბობ გიორგი ოკმელაშვილის შვილზე, რომელსაც აქციაზე ვხედავ ხოლმე. ვერ გაიგო, სად წაიყვანეს მამა და როგორ გაქრა მისი ცხოვრებიდან.
ეს დაუცველობა და დაძაბულობა იგრძნობა ყველგან – ქუჩაში თუ სკვერში.
ახალ სიცოცხლეს აშენებდე იქ, სადაც დასასრული ბავშვებს ხან შადრევნებში ელოდება, ხან – პარკებში, ხან – ორმოებში, ადვილი არაა. მე და ქეთი ერთმანეთს გამოვტყდომივართ, რომ პარკში როცა გაგვყავს ბავშვი სათამაშოდ, ორივენი უცნაურად დაძაბული ვართ, როცა, მაგალითად, სინათლის ბოძს ეხება ბავშვი ან საკანალიზაციო ჭას უახლოვდება, რადგან გვახსოვს, რამდენი ბავშვი შეეწირა მიუხედავ ინფრასტრუქტურას.
უნდობლობა გვაქვს იმ გარემოს მიმართ, სადაც ბავშვებს ვზრდით. მინიმუმ იმას მაინც გვინდა მივაღწიოთ, რომ ჩვენი შვილები კორუფციით დაუნაღმავ პარკებსა და სივრცეებში გავასეირნოთ.
ყველა ადგილისთვის და ნაწილისთვის გვინდა ვიბრძოლოთ. „ნამახვან ჰესის“ პროტესტის გამოც, ამიტომ ჩავედი ტვიშში, ამიტომ დავრგეთ მაკა სულაძის ეზოში ვაზი ჯიუტად, იმის ნიშნად, რომ არ მოკვდება ეს ადგილი, აყვავდება და ვენახიც გაიზრდება.
თუმცა მომავლის ეს გაურკვევლობის შეგრძნება, რომელიც არა მხოლოდ მშობლებს, ნებისმიერ ადამიანს გვაქვს უკვე ამ ქვეყანაში, ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის მტერია.
ბაღსაც კი როცა ვარჩევთ ჩვენი შვილისთვის, იმდენად დიდი უნდობლობა გვაქვს სახელმწიფო სისტემების მიმართ, ვფიქრობთ, იქ რომ რამე მოხდეს და სასამართლო დაგვჭირდეს, რა უნდა ვქნათ? ასეთი სერვისებიც კი არ გვიმაგრებს ზურგს, როგორც მშობელს და როგორც მოქალაქეს. პოლიციის სტანდარტები ისე დაწიეს, ახლა საკუთარი თავებიღა შეგვრჩა მხოლოდ იმედად“, – გვეუბნება დათო სიმონია.
მისი აზრით, ხალხს და „ქართულ ოცნებას“ იმდენად განსხვავებული ინტერესები აქვთ ამ ქვეყნის მიმართ, რომ ეს სეგრეგაციაც თითქოს ბუნებრივად ხდება.
„დასასვენებლადაც კი სხვა ქვეყნებში დადიან და დაჰყავთ შვილები. საერთოდ, სხვა ქვეყნებში უნდათ რომ იცხოვრონ. ქართული მიწა, ეს რესურსები მათთვის ბიზნესაქტივია, რომელიც უნდათ გამოიყენონ. მე მგონი, ასე არ უყურებს ეს ხალხი საქართველოს, რომ „ჩვენი ქვეყანაა“, რომ აქ შექმნილი გარემო, ეკოლოგია შვილებს უნდა გადავაბაროთ.
ჩვენ იმდენად განსხვავებული ინტერესები გვაქვს და იმდენად განსხვავებული ადამიანები ვართ, უნებურად გვმიჯნავენ. სინამდვილეში, ჩვენ თუ კონტექსტს გადავხედავთ, შეურაცხყოფა, გინება და ასეთი არაჯანსაღი ფორმები, რომელიც არც მე მომწონს, მათი დამკვიდრებულია. ამიტომ იმ სტუდენტების უფრო მესმის, თურმე ლაშხის შვილები ცუდ მდგომარეობაში რომ ჩააყენეს, რადგან ის გარემო, რაშიც ამ მცირეწლოვან ბავშვებს მოუწიათ აღმოჩენა, არის მათი დედის – ლაშხის და მისი თანაგუნდელების შექმნილი.
თუ ვინმეს გინება აწუხებდა, მაშინ უნდა ჰქონოდათ რეაქცია, როცა პარლამენტარები აგინებდნენ მოქალაქეებს და ამკვიდრებდნენ ასეთ სტანდარტს. თუ ბავშვების ბედი მართლა გვაწუხებს, მათზე ზრუნვა კაფეში კი არ უნდა წყდებოდეს, არამედ იმ გარემოდან, სადაც ვცხოვრობთ და სადაც ჩვენი შვილები ჩვენდა უნებურად აღმოჩნდებიან.
არც ერთი ბავშვი არ იმსახურებს იმის ყურებას, თუ როგორ უყვირიან მის მშობელს. ასეთ გარემოში არავის შვილი არ იქნება დაცული და უსაფრთხოდ, ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი ჩემთვის“, – გვითხრა დათო სიმონიამ.
„სოფლები დღითიდღე იცლება, ცარიელდება მერხები“
„ის, ვინც უნდა იცავდეს ჩვენი შვილების უფლებებსა და უსაფრთხოებას, გვამუნათებს, რომ მათი შვილების გვერდით არც კი მოვიხსენიოთ. სწორედ ეს უთანასწორობა არ უნდოდათ ამ „რადიკალებს“.
ჩვენთვის უნდათ რუსული სინამდვილე, სიღარიბე, რომ ვიყოთ სოციალური დახმარების ხარჯზე, საარჩევნოდ გადმოგდებული კარტოფილის შემყურენი და თვითონ იყვნენ ძვირფას სკოლებში, კარგ ქვეყნებში იარონ, ისეირნონ და თურმე არც უნდა ვახსენოთ ჩვენი შვილები მათთან, რომლებიც რუსული მომავლისთვის ემეტებათ.
თვითონ საყიდლებზეც კი ევროპაში უნდა იარონ“, – ამბობს სოფო გოგოხია, ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი.
მისი შეფასებით, ეს მიზანმიმართული პოლიტიკა „იმ ყველაფრის დაგვირგვინებაა, რისთვისაც მოვიდა „ოცნება“ ხელისუფლებაში“.
„ლაშხიც რუსულ საქმეს აკეთებს, ეს მისი დავალებაა, მაგრამ მათ პროპაგანდას არ უნდა წამოეგონ სხვა ადამიანები. ახლა მაინც დაინახონ, ვის უნდა ჩვენი შვილების მონობა, რომ ვერასდროს ამოისუნთქონ, რომ მონური მენტალიტეტით იცხოვრონ.
ჩვენს სამყაროში, სადაც ჩრდილოეთ კორეა არსებობს, ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ შეიძლება ჩვენც დავემსგავსოთ ასეთ ქვეყანას, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ბევრი ადამიანი უნდა აცნობიერებდეს იმას, რომ „დღეს მე არ მეხება“, „მოდი, ჩუმად ვიქნები“, „სხვა გამოვიდეს“, „სხვისი საქმეა“, – ასე არ არის.
ყველას შეეხება ერთ დღეს, ყველას შვილს შეეხება, ყველას შვილიშვილს, ყველას მოსწავლეს, ყველას ნათესავს მიადგება ერთხელ ზიანი და მერე გვიანი რომ არ იყოს ხმის ამოღება და ხმის ამომღებიც რომ არ დარჩეს ისედაც დაცარიელებულ ქვეყანაში, სადაც ერთი ოჯახის წევრი მინიმუმ ყველა ბავშვს ენატრება, მანამ უნდა ვიმოქმედოთ.
ეს მაინც როგორ არ აბრაზებს ადამიანებს, რომ ვიღაც ლაშხი ამბობდეს, „რადიკალების“ გვერდით ჩემი შვილები არ ახსენონო. საერთოდ როგორ შეიძლება ასეთი რამე ხმამაღლა თქვას ადამიანმა. ამდენს რომ ბედავს, ესე იგი, საკუთარი ბოსტანი ჰგონია ეს ქვეყანა.
დედაზე გვესაუბრებიან, როცა სილის გაწვნის გამო ქალს ასამართლებენ. აქეთ ახალგაზრდებს ურტყამენ წიხლებს, ათრევენ ქალებს, გოგოებს, ბავშვებს და პარალელურად, ამბობენ, რომ უწმაწური სიტყვები უნდა აიკრძალოს.
აბსურდის მწერალს შეშურდებოდა ის, რაშიც გვაცხოვრებენ“, – ამბობს სოფო გოგოხია.

სოფო გოგოხია
მისი თქმით, ქვეყანა, სადაც სოფლები დღითიდღე იცლება და ცარიელდება მერხები, „ხელისუფლებად“ წოდებული პარტია ბავშვების დახარისხებას ცდილობს.
სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს მოსწავლის სტატუსი 10 800 ბავშვს შეუჩერდა. უცხოეთში წავიდა 3 900 მოსწავლე.
„წელს, მაგალითად, პირველკლასელების მიღების მხრივ ძალიან კრიზისული ვითარებაა. სოფლის სკოლებში ძალიან ცოტა ბავშვია. ბავშვებისგან დაცლილია სკოლები, სოფლები, ქუჩები, ბებია-ბაბუების ამარად დატოვებული ბავშვები ხომ თავის მძიმე შედეგებს გამოიღებს მომავალში? ნარკომანია ყვავის, იზრდება წამალდამოკიდებული ახალგაზრდების რიცხვი. ეს არ ყოფილა პრობლემა და ამ დროს, იმის მტკიცებაში უნდა ვხარჯავდეთ დროს, რომ ყველა ბავშვი თანასწორია და ყველას უფლება ერთნაირად უნდა დავიცვათ.
არც ჩვენ და არც ჩვენს შვილებს დაუმსახურებიათ ის, რომ ექიმი, წამალი და განათლება სანატრელი გვქონდეს. მათ არ დაუმსახურებიათ რუსული რეჟიმის საქართველო, მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფალი ქვეყანა“, – ამბობს სოფო გოგოხია.
მისი აზრით, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ წაართვან საკუთარ მოქალაქეებს მომავალი, „კიდეც დასანქცირდებიან, კიდეც დაისჯებიან, რადგან 21-ე საუკუნეა, არ დარჩება მათი არც ერთი განცხადება, ფოტო თუ ვიდეო შთამომავლობას გაუშიფრავი და დღესაც ჩანს და მომავალში უკეთ გამოჩნდება, ვინ არის რადიკალი და ვისი შვილისთვის ვის რა მომავალი უნდა“.
„არა მარტო ბავშვები, მათი უფლებადამცველებიც საფრთხის ქვეშ ვართ“
ბავშვთა უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამარ გაბოძე გვიყვება, რა უარესდება ბავშვების ცხოვრებაში „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკით.
თამარი ამბობს, რომ რეპრესიული კანონების მიღების შემდეგ, საქართველოში არა მხოლოდ ბავშვები არიან საფრთხის ქვეშ, არამედ მათი უფლებადამცველებიც, რადგან „ოცნების“ ხელისუფლება უფლებადამცველ ორგანიზაციებს უცხო ქვეყნის აგენტებად მოიხსენიებს.
„ბოლო პერიოდში არაერთხელ გავხდი კრიტიკის სამიზნე მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვების უფლებების გაუარესებასა და საფრთხეებზე ვწერდი ფეისბუქში. მაგალითად, მაისში, მსგავსი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ხუთ წუთში დამირეკა ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა და ბავშვებთან შეხვედრა გამიუქმა.
ვფიქრობ, ეს იყო შეთანხმებული გადაწყვეტილება, რადგან უკანასკნელ პერიოდში გართულდა ღონისძიებების ორგანიზება, რაც მანამდე პრობლემა არ ყოფილა“, – გვიტხრა თამარ გაბოძემ.
მისი თქმით, თუ მათ მსგავსი შეხვედრების შესაძლებლობა აღარ ექნებათ ბავშვებთან, მეტი ბავშვი დარჩება ინფორმაციის გარეშე.
„მნიშვნელოვანია ასწავლო ბავშვებს თავიანთი უფლებები და ასწავლო მათი პრაქტიკაში გამოყენებაც, რადგან ბევრი კვლევით არის დადასტურებული, რომ საფრთხეში მყოფი ბავშვები არიან მარტო და სწორედ ასეთ დროს უნდა იყვნენ ისინი ინფორმაციით აღჭურვილნი, რომ როგორმე არ დაექვემდებარონ ძალადობას და შემცირდეს ეს გამოწვევა“, – ამბობს თამარ გაბოძე.

თამარ გაბოძე
მისი თქმით, ბავშვები მოკლებულნი არიან შესაძლებლობებს, მარტო, დახმარების გარეშე იდავონ თავიანთი უფლებების დასაცავად.
„ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა ასამდე საქმე ბავშვების უფლებების დარღვევის.
ბევრი საქმე იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი: შშმ ბავშვის სკოლიდან გაგდების საკითხი, რომელმაც ჩვენი დახმარებით მოიგო სასამართლო და სკოლას 10 ათასი ლარი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა; ფსიქიატრიულიდან ბავშვების ოჯახში გადაყვანის საკითხი; სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვის საკითხი და ასე შემდეგ. ყველა ეს ბავშვი იქნება კიდევ უფრო დაუცველი.
ბოლო ხუთი თვის განმავლობაში სისხლის სამართლის წესით 500-ზე მეტი ბავშვი იქნა დაზარალებულად ცნობილი. რეალურად კი გაცილებით მეტი ბავშვია ყოველდღიურად უფლებების დარღვევის და ძალადობის მსხვერპლი. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს გაეძლიერებინა ბავშვები და მათი უფლებადამცველები, არაერთი რისკის ქვეშ დაგვაყენა“ – ამბობს თამარ გაბოძე.
ის საუბრობს სოციალურ უთანასწორობაზეც, რასაც არაერთი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
„შვიდი ბავშვი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ სახელმწიფომ გადაუჭრა დენი, გაზი და მოუწიათ სანთლის ანთება. ეს არ არის მხოლოდ ტრაგედია, ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ უთანასწორო მდგომარეობაში არიან ბავშვები. მაღალჩინოსნების შვილები არასდროს ჩავარდებიან ასეთ მდგომარეობაში, რომ ელექტროენერგია გაუთიშონ, სანთელი აანთონ და ჩაიგდონ თავი საფრთხეში.
ის, რომ „ოცნების“ დეპუტატი ამბობს – „ჩემს შვილს თქვენსას ვერ შეადარებ“ – არის უდიდესი ტრაგედია. არ შეიძლება ასეთი დეპუტატი საერთოდ გააკარო ბავშვებს, ბავშვის უფლებებს, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ კი, ჩემი ბავშვის უფლება იქნება დაცული, თქვენის – არა“, – ამბობს თამარ გაბოძე.
ომბუდსმენის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში 144 გოგო და 11 ბიჭი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ამავე პერიოდში, 44-მა ბავშვმა „შექმნა ოჯახი“.
„დღემდე პრობლემაა ბავშვებისთვის სათანადო სქესობრივი განათლება, რომელიც ბავშვების ძალადობისგან დაცვის ყველაზე კარგი შესაძლებლობაა.
ის, რაც სტატისტიკაში ხვდება, უბრალოდ შემთხვევითი გამოვლენაა, როცა უკვე მძიმე შედეგები დგება, სახელმწიფო კი არ იჩენს სათანადო ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ამგვარი შემთხვევების გამოვლენას ან პრევენციას“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი, იურისტი.
მისი თქმით, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გამწვავება უკავშირდება ეფექტური პოლიტიკის არარსებობას და თავად მმართველი ძალის დღის წესრიგიდან ბავშვთა საკითხების გაქრობას.
„ამ ყველაფერს ემატება კიდევ ერთი პრობლემა, – ძალადობის საქმეებზე გამოძიების გაჭიანურება, რაც ბავშვებს ტოვებს დაცვის მექანიზმების მიღმა.
პრობლემად რჩება სპეციალისტების ნაკლებობა, რომლებიც ვალდებულნი არიან, დროულად ამოიცნონ ძალადობის ნიშნები და დროულად გადაამისამართონ ბავშვები სოციალურ მუშაკთან და პოლიციასთან.
პრობლემაა მოძველებული, დისკრიმინაციული კანონმდებლობა სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით, რაც აზარალებს ბავშვებსაც“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
მისი შეფასებით, ის ფონი, რომელიც „ოცნებამ“ შექმნა ქვეყანაში, ყველა სფეროზე ახდენს გავლენას: „ფარას“ რეპრესიული კანონით არასამთავრობოების გაუქმება სერიოზული დანაკლისი იქნება, რადგან სწორედ ეს ორგანიზაციები იცავდნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების უფლებებს უსასყიდლოდ.
„არ მახსენდება ტრენინგი ბავშვთა უფლებებზე, ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, რომელიც საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე ჩატარდა. შესაბამისად, ასეთი ცოდნაც შეიზღუდება.
ისეთი მნიშვნელოვანი ცენტრი, როგორიცაა, მაგალითად, „ბარნაჰუსი“, ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის, სწორედ საერთაშორისო მხარდაჭერით შეიქმნა და ასეთი სერვისი უნდა გახსნილიყო რეგიონებშიც, მაგრამ ახლა ამასაც საფრთხე ემუქრება“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი.

გოგა ხატიაშვილი
მისი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებაც, რომელიც საკმაოდ ეფექტურად იძიებდა სექსუალურ დანაშაულებთან, პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, ასევე შეასუსტებს ბავშვების დაცვას მსგავსი დანაშაულისგან.
მისი თქმით, მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და უსამართლო სასამართლოს ფონზე, გაიზარდა კრიმინალური სუბკულტურისადმი მიმართვიანობაც, რაც, ასევე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებაა.
„2024 წელს ჩატარდა კვლევა, რომელიც ეხებოდა კრიმინალური სუბკულტურის გავლენას საზოგადოებაზე და გამოკითხულთა 30% ამბობდა, რომ მოზარდებში გაიზარდა ამ სუბკულტურისადმი ნდობა. ხოლო 21%-მა თქვა, რომ მის მიმართ ჩაგვრისა და უსამართლობის მოსაგვარებლად არა პოლიციას, არამედ კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა.
ეს ყველაფერი გამოწვეულია მართლმსაჯულების ორგანოების მიმართ სრული უნდობლობით“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
_______________
მთავარ ფოტოზე: „ოცნების“ პარლამენტარები – მარიამ ლაშხი და ნინო წილოსანი/21 წლის სინდისის პატიმრის, მათე დევიძის ბებია და და მას შემდეგ, რაც მათეს 4,6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.