ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
ოპოზიციის ნაწილი ემხრობა არჩევნებში მონაწილეობას, ნაწილი – არა.
არჩევნებში მონაწილეობის მომხრეთა ერთ ნაწილს არგუმენტად მოჰყავს თურქეთის მაგალითი, სადაც ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შედეგად ისეთი ქალაქებიც კი მოიგო, რომელიც მანამდე ხელისუფლების მხარდაჭერით გამოირჩეოდა.
2024 წლის ადგილობრივ არჩევნებში ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია დამარცხდა სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ბურსაში, ანტალიაში… ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გახდნენ ქურთებით დასახლებული ქალაქების მერები, მათ შორის ქალაქ ვანის მერიც.
თუმცა არჩევნებიდან მალევე, ერდოღანის ხელისუფლებამ უმეტეს ქურთულ ქალაქში არჩეული მერები თურქეთის საარჩევნო კომისიის და სასამართლოს გზით შეცვალა და ისინი სახელისუფლებო კადრებით ჩაანაცვლა.
2025 წლის 19 მარტს კი დააპატიმრა ექრემ იმამოღლუ, სტამბოლის არჩეული მერი. იმამოღლუ დააკავეს რესპუბლიკური სახალხო პარტიის (დაფუძნებულია მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ) პრაიმერიზის წინ, რომელიც 23 მარტს უნდა გამართულიყო და იგი პრეზიდენტობის კანდიდატად დაესახელებინა.
თურქეთში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი, თუმცა იმამოღლუს დაკავების დროს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.
ცნობისათვის, არც 2019 წლის და არც 2024 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგები თურქეთის ოპოზიციურ პარტიებს ეჭვ ქვეშ არ დაუყენებიათ და არ უთქვამთ, რომ არჩევნები გაყალბდა.
რა მსგავსება და განსხვავებაა ორი მეზობელი ქვეყნის პოლიტიკურ ველზე, როგორ განვითარდა პოლიტიკური პროცესი თურქეთში ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ და რას შეიძლება ველოდოთ საქართველოში.
„ბათუმელები“ თურქეთის მკვლევარ სანდრო ბაკურაძეს ესაუბრა.
- როგორი იყო თურქეთში 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ოპოზიციისათვის?
ოპოზიციამ გასულ ადგილობრივ არჩევნებში თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაიმარჯვა. მათ შორის ისეთებშიც, რომლებშიც ოპოზიციის გამარჯვებას მაინცადამაინც არავინ არ ელოდა.
მაგალითად, გაიმარჯვა მანისაში, რომელიც ბოლო დიდი ქალაქი იყო ერდოღანის მთავარი პოლიტიკური პარტნიორის, ნაციონალისტური პარტიის კონტროლის ქვეშ და ამით ამ პარტიის პოლიტიკურ სისტემას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა.
მარდინსა და ვანში, სადაც ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ერდოღანის ხელისუფლებამ არჩეული მერების ნაცვლად თავისი წარმომადგენლები დანიშნა. გააკეთა ის, რასაც 2016 წლიდან მოყოლებული მუდმივად აკეთებს ამ რეგიონში.
თუმცა მარტში, ექრემ იმამოღლუ როდესაც დააპატიმრეს, იგივე ვერ გაბედა სტამბოლში. მრავალრიცხოვანი აქციების შემდეგ, იმამოღლუს ადგილას თავისი წარმომადგენლის დანიშვნისგან თავი შეიკავა.
თუმცა ერდოღანმა სხვა სისტემას მიმართა და განაცხადა, რომ არსებული მუნიციპალიტეტების კანონი უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ისინი არაფერს აკეთებენ.

სანდრო ბაკურაძე
- შეიძლება თურქეთი განვიხილოთ მაგალითად, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც კი დამარცხებულად შეიძლება გაქციონ, თუკი სათავეში არადემოკრატი მმართველია? და იგივე, საქართველოს კონტექსტში – რა შანსი აქვს რომელიმე პარტიას არჩევნებში მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში?
თურქეთში ჯერ ყველაფერი ახლა იწყება. რაც შეეხება ჩვენ კონტექსტს – თურქეთი ძალიან, ძალიან ცუდი მაგალითია ჩვენს კონტექსტთან მიმართებაში.
ჩვენთან არ არსებობს ისეთი პარტია, რომელსაც აქვს ისეთი ძლიერი ფინანსები და ისეთი ისტორიული ასოციაცია, როგორიც სახალხო რესპუბლიკურ პარტიას აქვს თანამედროვე თურქეთის დამაარსებელთან, ათათურქთან. ჩვენთან არცერთ პარტიას არ აქვს ისეთი იდეოლოგია, თუნდაც ძალიან ზოგადი, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მისაღები იქნებოდა. რაც მთავარია, ჩვენთან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საკუთარ ნარატივსაც კი ეწინააღმდეგება ოპოზიციის ერთი ნაწილი.
თუკი დავუშვებთ, რომ ხელისუფლებას არჩევნების იმ მასშტაბით გაყალბების რესურსი აქვს, რასაც ჩვენი ოპოზიცია ამტკიცებს, მაშინ არანაირი გარანტია იმისა, რომ მერების არჩევნები არ გაყალბდება, არ არსებობს – ეს ერთი.
მეორე – ჩვენს ოპოზიციურ პარტიებს არანაირი პასუხი არ აქვთ იმაზე, რა მოხდება თუკი თბილისში გაიმარჯვებს ოპოზიციის კანდიდატი, შემდეგ კი არსებულმა სასამართლომ, რომელსაც ოპოზიცია არ ენდობა, გამოიტანა გადაწყვეტილება და გააკეთა იგივე, რაც თურქეთში რამდენჯერმე უკვე მოხდა. არც ისე წარმოუდგენელია, რომ ჩვენთანაც იგივე მოხდეს.
რა მოხდა თურქეთში? – რაღაც მიზეზების გამო პირველ ადგილზე გასული კანდიდატი გამოაცხადა დისკვალიფიცირებულად და არჩეულ მერად გამოაცხადა მეორე ადგილზე გასული.
ვთქვათ „ოცნებამ“ სიტყვაზე ოპოზიციური პარტიები აკრძალა და გამოაცხადა, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო წარმატება გაუქმებულია, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია რას აკეთებს? ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციას პასუხი არ აქვს.
ასევე ჩვენთან არ არის ის მუნიციპალური კულტურა, რაც არის თურქეთში. საზოგადოებაში მუნიციპალიტეტის ცნება და რაობა სრულიად განსხვავებულია.
ასეთ შემთხვევაში მუნიციპალურ არჩევნებში ადგილობრივ დონეზე წარმატების რა იმედი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ოპოზიციას, ძალიან რთული სათქმელია.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენთან მუნიციპალიტეტებს არც იმდენი უფლებები აქვთ, რაც თურქეთში. მაგალითად, თურქეთში მუნიციპალიტეტი სხვა თუ არაფერი, წყლის გადასახადსაც კი თავად კრეფს.
ამავე დროს არც ის ალტერნატიული პოლიტიკური ხედვა არსებობს ჩვენთან, რომლის გამოყენებითაც საზოგადოების ფართო მასების მომხრობა, მხოლოდ მუნიციპალური პოლიტიკის გამოყენებით შესაძლებელი იქნება.
შეიძლება ზოგიერთი ოპოზიციონერი ფიქრობდეს, რომ ამ მუნიციპალური რესურსებით სერიოზულ ქსელს ააშენებენ, რომლის საშუალებითაც მერე ხელისუფლებაში მოვლენ და ა.შ. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში მუნიციპალიტეტებს დიდი რესურსები ფიზიკურად არ აქვთ, რომ ჩვენთან არსებული ოლიგარქიული მოდელის წინააღმდეგ მარტო მუნიციპალური წარმატება რამეში გამოდგეს. შესაბამისად, მათი ეს მოტივაცია (არჩევნებში მონაწილეობის სურვილი) კი მესმის, რაღაც ლოგიკა არის, მაგრამ მაინც უფრო პესიმისტურად ვარ განწყობილი.
ვინაიდან ჩვენი საზოგადოება საკმაოდ დეიდეოლოგიზირებულია, ვფიქრობ ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ თუკი გარკვეულ რესურსებზე წვდომა ექნებათ, რომლის საშუალებითაც გარკვეულ პოლიტიკური პატრონაჟის ქსელს ააშენებენ, ეს მათთვის საკმარისი იქნება.
ეს ერთი მხრივ მათ ავტონომიურად ფუნქციონირების საშუალებას მისცემს, მეორე მხრივ მათი დამფინანსებლები – ხაზარაძე თუ სხვები, პირადი რესურსების რაღაც ნაწილს გამოათავისუფლებენ.
- თურქეთში, პატარა ქალაქებშიც კი ჩაანაცვლეს არჩეული ოპოზიციონერი მერები ხელისუფლების კანდიდატებით. რა შანსია, რომ იგივე მოხდეს ჩვენთან დაანონსებული „პარტიების აკრძალვის“ და მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში?
სრულიად შესაძლებელია. იმის გათვალისწინებით, რომ ქუჩის საპროტესტო აქციები, რომლებიც პარტიებად ორგანიზებული ოპოზიციის, ასე ვთქვათ, დღის წესრიგის საწინააღმდეგო მოთხოვნით გამოდიან და უფრო ფუნდამენტურ ცვლილებებს ითხოვენ, თავად ოპოზიციის ინტერესებში არ ჯდება. ბოლო პერიოდში გადადგმული მათი ნაბიჯები სწორედ ამაზე მიგვითითებს.
სავარაუდოდ, ხელისუფლება ამას გააკეთებს. შეიძლება ხალხის რაღაც ნაწილი გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ თუკი არ მოხდება ქვემოდან ზემოთ ახალი პოლიტიკური ძალების ფორმირება და საპროტესტო მოძრაობის არსებული პარტიების მიღმა დამოუკიდებლად ორგანიზება, ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივად ჩაივლის ეს ყველაფერი.
ხელისუფლება დანიშნავს ვინც მოუნდება იმას, საარჩევნო პროცედურებს დაარღვევს და შემდეგ ყველაფერი ისევ ისე იქნება – თითქოს არაფერი მომხდარა გაგრძელდება ცხოვრება.
- ამის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში?
ვფიქრობ, არჩევნებში მონაწილეობას მაშინ შეიძლებოდა აზრი ჰქონოდა, თუკი ყველა ოპოზიციური პარტია შეჯერდებოდა ერთიან სიაზე და ძლიერი პოპულისტი კანდიდატით მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას. არსებულ რეალობაში ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ნაწილის არ მონაწილეობა, ვფიქრობ, ერთი მხრივ საპროტესტო მოძრაობის ერთგვარი ღალატია, მეორე მხრივ კი ოპოზიციის გრძელვადიანი დაქსაქსვის გარანტია.
- ოპოზიციის და რიგი ექსპერტების მთავარი არგუმენტია, რომ ასე თბილისის, რუსთავის, ბათუმის წართმევა შეიძლება „ოცნებისთვის“. მეორე მხრივ გვაქვს მაგალითი, ექრემ იმამოღლუმ მრავალმილიონიანი სტამბოლი წაართვა ერდოღანს, თუმცა ახლა ციხეში ზის.
სავსებით შეიძლება [ქალაქების წართმევა], მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ – ექრემ იმამოღლუ იმდენად დიდი წონის ფიგურად ჩამოყალიბდა, მის დაპატიმრებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. შედეგად, ერდოღანის ხელისუფლებამ მის ადგილას თავისი წარმომადგენლის დანიშვნა ვერ გაბედა. ამჟამად სტამბოლის მერის მოვალეობას ისევ ექრემ იმამოღლუს პარტიის წარმომადგენელი, ნური ასლანი ასრულებს. ამავე დროს სტამბოლის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციისა.
ჩვენთან როგორი იქნება საკრებულოს შემადგენლობა რთული სათქმელია. ჩვენი ოპოზიციის ამჟამინდელი დაქსაქსულობიდან, შემადგენლობიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ ისეთ ჰიპოთეტურ სცენარშიც კი, თუკი მერის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი გაიმარჯვებს, მაჟორიტარული სისტემის დამსახურებით საკრებულოს უმრავლესობა მაინც „ოცნებას“ დარჩეს.
შესაბამისად, ჩვენთან ეს დინამიკაც განხვავებულია და ძალიან ბევრი რაღაცის თქმა საკმაოდ რთულია ამ ეტაპზე.
თუკი დიდ ქალაქებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, შეიძლება ეს კარგად იქნეს კაპიტალიზებული, მაგრამ თუ „ოცნების“ ხელისუფლება ოპერატიულად იმოქმედებს, არ მგონია ამან რაიმე რეალური სარგებელი მოუტანოს ოპოზიციას. ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენთან რეალურად ოპოზიცია დაქსაქსულია და რამდენიმე პარტიაზეა გადანაწილებული ოპოზიციონერი ამომრჩევლის ხმები.
შესაბამისად, საერთო კანდიდატის გარეშე, გამარჯვების თეორიული შანსიც არ მგონია ჰქონდეს ოპოზიციას. საერთო კანდიდატის არსებობა კი ჩვენი ოპოზიციის დაქსაქსულობის პირობებში გამორიცხულია.
რუსთავის, ბათუმის და თბილისის წართმევა ფიქრის დონეზე ძალიან კარგია, მაგრამ რამდენად შესაძლებელია არ ვიცი.
- რა შეიძლება ისწავლოს ქართულმა ოპოზიციამ მეზობელი თურქეთის ოპოზიციისგან, რამ შეიძლება იმუშაოს ჩვენთან?
თუკი თურქებისგან რამე უნდა ვისწავლოთ, ისაა, რომ პოლიტიკა კეთდება ქუჩის და სამეზობლოს დონეზე. ტელევიზიაში 24 საათი ჯდომით და ლაპარაკით საქმე არ კეთდება. თურქული ოპოზიციის ეს საარჩევნო წარმატება თუ რამეს ეყრდნობა, პირველ რიგში, ეყრდნობა იმას, რომ მათ ძალიან კარგად ისწავლეს უბნის და რაიონის დონეზე პოლიტიკის კეთება. მათ აქვთ იმის რესურსები, საშუალება და მორალი, რომ ქუჩისა და სამეზობლოს დონეზეც კი აწარმოონ პოლიტიკა. ჩვენთან ეს შეგნებაც კი არ არსებობს.
ბოლო არჩევნებიდან კარგად მახსოვს, ჩემს უბანში, რომელიც არის ღრმაღელის მეტროდან 15 წუთის სავალზე, ოპოზიციის არსებობა იგრძნობოდა ერთადერთი რამით – ჩემ გვერდით ქუჩაზე „ლელოს“ ორი ცალი პლაკატი იყო გაკრული. ეს იყო და ეს.
ბროშურაც კი არ მოუტანია არავის. ასე ამომრჩეველთან კონტაქტი ვერ მყარდება. რეალური პოლიტიკური მანქანა ვერ იქმნება.
თუკი ოპოზიციას სურს რეალური პოლიტიკა გააკეთოს, უბნების, სამეზობლოების და სოფლების დონეზე დასაწყებია ყველაფრის დაორგანიზება. თუკი მწირი ფინანსური რესურსებით გამართლებას შევეცდებით, არ იქნება სწორი. ამ ყველაფერს იდეოლოგია სჭირდება, რადგან როდესაც იდეოლოგია გაქვს, ხშირ შემთხვევაში ბევრად მცირე ფინანსური რესურსია საჭირო მიზნის მისაღწევად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკა რეალურად მოწოდების და რწმენის საკითხია და არა იმის, რომ ვიღაცას დაასაქმებ უბნის ორგანიზაციაში და ის ხელფასისთვის იმუშავებს.
თურქულმა ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის რა უნდა და როგორ. შეიძლება თურქეთის მომავლის მათეული ხედვა ყველას არ მოსწონდეს, მაგრამ ეს ხედვა განსხვავებულია, ჩამოყალიბებულია და სრულიად გასაგები.
ჩვენი ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა კი იდეოლოგიურად და ნიჭის მხრივ იმდენად საცოდავია, რომ ტყუილსაც კი ვერ ამბობენ. მათი შემხედვარე უბრალო მოქალაქეს სავსებით სამართლიანად რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას უნდა დღევანდელი რეალობა, ოღონდ ბიძინას გარეშე.
უბრალო მოქალაქის მოთხოვნა კი ცვლილებაა.
თუკი მხოლოდ პოლიტიკური სახეები შეიცვლებიან, კოლექტიური ხარება კი მოსახლეობის ცემას ისევ ისე გააგრძელებს, მაშინ უბრალო მოქალაქეს თავის გაწირვა და ჯარიმების თუ ცემა-ტყეპის ატანა არანაირად არ უღირს.
გარდა ამისა, ჩვენ ოპოზიციას არანაირი პასუხი არ აქვს იმაზე, რას იზამენ, თუ დავუშვათ და მოიგეს არჩევნები, მაგრამ ქოცებმა ხელი სტაცეს, ციხეში ჩაყარეს და არჩეული მერის ადგილას ვინც მოუნდათ ის დანიშნეს. საპროტესტო მუხტი ოპოზიციამ თავადვე გაფლანგა მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ ხალხის მოთხოვნა ფუნდამენტური ცვლილებები იყო, ხალხის წარმატება მათ დასასრულსაც ნიშნავდა და შედეგად, ახალ რეალობაში ახალი პოლიტიკის კეთებაზე თავის გაცხელებას, არსებულ რეალობაში მცირედით დაკმაყოფილება ამჯობინეს.
რა უნდა გაკეთდეს ეს დიდი და ხანგრძლივი დისკუსიების თემაა, მაგრამ მოკლედ რისი თქმაც შეიძლება ისაა, რომ საქართველოს პოლიტიკური დინამიკის გათვალისწინებით, აქ ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციისთვის ხელისუფლების გზაზე პოტენციურ დიდ ნაბიჯად ვერ გამოდგება.






