უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 002 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
ტანკი – 10 937 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 22 798 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 29 157 ერთეული [+52]
MLRS – 1 417 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 185 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 40 586 ერთეული [+79]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 337 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 51 928 ერთეული [+107]
სპეცტექნიკა – 3 914 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
663 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
63 105 უპილოტო საფრენი აპარატი
611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
23 874 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
26 088 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
36 763 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„არავინ გაბედოთ და ჩემი შვილები მოძალადე კრიმინალებს, რადიკალებსა და ექსტრემისტებს არ შეადაროთ. მე ვარ დედა 2 და 4 წლის შვილების, რომელთა ფუნდამენტური უფლებები უხეშად დაირღვა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა 27 მაისს, პარლამენტის ტრიბუნიდან.
დეპუტატი ლაშხი რადიკალებად და ექსტრემისტებად მოიხსენიებს 19-20 წლის გოგოებს, რომლებმაც მას კაფეში შეახსენეს, რომ ის რუსულ ინტერესებს ემსახურება.
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, „არა რუსულ რეჟიმს!“, „არა რუსეთის მონებს!“ – ამ შეძახილების გამო „ოცნების“ დეპუტატმა ორ ახალგაზრდა ქალს – თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს უჩივლა და პატიმრობაში გაუშვა.
მარიამ ლაშხმა მიიჩნია, რომ ამ შეძახილებით შეილახა მისი მცირეწლოვანი შვილების უფლებები, რომლებიც ამ ინციდენტის თვითმხილველები იყვნენ, მაგრამ მისსავე ხელშეწყობილმა, „ქართული ოცნების“ სისტემამ არ დაინდო სხვისი შვილები. ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა მაგდა მამუკაშვილი ლაშხის შეურაცხყოფის მიზეზით სასამართლომ 4 ათასი ლარით დააჯარიმა.
ლიკა ლორთქიფანიძე და თათია აფრიამაშვილი სასამართლო პროცესზე
„ოცნების“ პარლამენტის კიდევ ერთი წევრის, თეა წულუკიანის შეურაცხყოფისთვის 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ ახალგაზრდა ქალს, ალბი კორძაიას. იმავე მოტივით 7-დღიან პატიმრობაში გაუშვეს ბექა პაპაშვილიც, რადგან მათ პროტესტი გამოხატეს წულუკიანის სახლთან, იმის გამო, რომ წულუკიანმა ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს „უაზროდ განწირული“ უწოდა.
„ოცნების“ ხელისუფლებას ციხეებში ჰყავს გამოკეტილი 60-ზე მეტი სინდისის პატიმარი, საპროტესტო აქციების მონაწილეები, რომელთა მიმართაც ბრალდებები სუსტი და ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელია, თუმცა „ოცნების“ სასამართლო მათ სისხლის სამართლის მუხლით ასამართლებს. სინდისის პატიმრებს შორის არიან სტუდენტები, მათ შორისა მათე დევიძეც, რომელსაც 21 წელი ტყვეობაში შეუსრულდა და რომელსაც 12 ივნისს 4.6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მათე დევიძეს 21 წელი ციხეში შეუსრულდა. „მივდივარ სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“ – ამ სიტყვებით დაემშვიდობა მათე სასამართლო დარბაზში მოსულ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
„მათი შვილები შვილები არიან და ჩვენი შვილები შვილები არ არიან?
ექვსი თვეა პროტესტის მონაწილე, დაპატიმრებული სტუდენტი შვილის, ზვიად ცეცხლაძის უფლებების დასაცავად იბრძვის ნარგიზ დავითაძე – დედა, რომელსაც „ოცნების“ მხარდამჭერმა 9 აპრილს აქციაზე მიაძახა– „შენი ნაძირალა შვილი“.
„ჩემი შვილი ნაძირალა არ არის! სტუდენტია, სწავლა უყვარს, სამშობლო უყვარს და მის დასაცავად იბრძვის. დღეს ჩემი შვილი გამოცდებს უნდა აბარებდეს, აუდიტორიაში უნდა იჯდეს, მაგრამ 8 კვადრატშია გამოკეტილი. როგორ შეიძლება ზვიადს ნაძირალა უწოდო ან იმ სხვა ბიჭებს, რომლებიც არასდროს ყოფილან ნასამართლევი. ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა.
მარიამ ლაშხმა მისი შვილები გამოიყენა იმისთვის, რომ სხვისი შვილები გამოეკეტა. მაშინ, როცა სახელმწიფო უნდა გიცავდეს და სახელმწიფოს იმედი უნდა გვქონდეს, ვერავინ გვიცავს. ძალიან გულგატეხილი და შეურაცხყოფილი ვარ“, – ამბობს ნარგიზ დავითაძე, 20 წლის ზვიად ცეცხლაძის დედა.
ნარგიზ დავითაძე ექვსი თვეა დადის და უყვება ყველას, როგორ უსამართლოდ ექცევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მის შვილს და სხვა სინდისის პატიმრებს.
„ხომ იცის კობახიძემ, როგორია ზვიადი, მისი სტუდენტი იყო, ან მას როგორ სძინავს ღამე ან მის დედას. გაოგნებული ვარ, ეს დეპუტატებიც ხომ არიან დედები? თანამდებობის პირები როგორც თავიანთ შვილებს იცავენ, ისე უნდა დაიცვან სხვისი შვილებიც უსამართლობისგან. ზოგჯერ ვზივარ და ვტირი, როგორ შეიძლება ასე გაწირო 19-20 წლის ბიჭები.
მათი შვილები წამოძახილმა შეაწუხა და ჩვენს შვილებს რომ 7 თვეა მზე ენატრებათ და მიწაზე ფეხის დადგმა, ეს რომელ სტანდარტს მივაკეროთ? თუ სამართალია, იყოს ორივესთვის, ეს უსამართლობა ბუმერანგივით დაუბრუნდებათ, აუცილებლად“, – ამბობს ნარგიზ დავითაძე „ბათუმელებთან“.
ზვიად ცეცხლაძის დედა ნარგიზ დავითაძე. ირაკლი მიმინოშვილის დედა სასამართლო პროცესზე.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა კანონი საკუთარ თავზე მოირგო.
„მათ ფული აქვთ, შვილებიც კომფორტში ჰყავთ, განათლებას ევროპაში აძლევენ, ჩემი შვილი კი, რომელსაც ასე უყვარს განათლება, 4 კედელში გამომიკეტეს.
ადამიანებს სიღარიბის შიში აჩუმებთ ხოლმე. ეგუებიან უსამართლობას, თუნდაც იმიტომ, რომ სამსახური არ დაკარგონ. მაგრამ მე სამსახურიც დავკარგე, შვილიც ციხეში მყავს, 17 ჯარიმაც მაქვს 5-ათასლარიანი, მაგრამ როცა შვილები და ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი, ყველა ერთად უნდა დავდგეთ.
ცოტა მოგვშივდეს, ცოტა დისკომფორტი შევიქმნათ და უსამართლობას არ მივცეთ ადგილი. „ომი გინდა?“, „ჯარიმები?“ – ამით აშინებენ ხალხს. განა ომი არ არის ის, რაც ახლა გვჭირს. მე ომში ვარ. ყველანაირად გვანადგურებენ, მაგრამ სანამ ვარ, ბოლომდე ვიბრძოლებ“, – გვეუბნება ნარგიზ დავითაძე.
„დედებს დაუბრუნეთ შვილები“ – აქცია თბილისში
„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები უკვე ყველას ემუქრებიან მათი გინებისთვისაც. სასამართლოში უჩივიან ჟურნალისტებს, აქტივისტებს, უფლებადამცველებს ფეისბუქზე შეურაცხყოფისთვის“. ზოგს აპატიმრებენ, ზოგს – ჯარიმებით სჯიან.
„ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ კრიტიკული კომენტარები მათ „შვილებს სტრესავს“, ამის ფონზე კი შვილების უსაფრთხოებით ემუქრებიან ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, თინა ბოკუჩავას.
„ჩემი ქმარი 8 საათის განმავლობაში გატაცებული ჰყავდათ. უსახელებდნენ ჩვენი 10 წლის შვილის სკოლის და ორ-წლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ 9 ივნისს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ამ ფორმით მისი, როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაშინებას ცდილობს.
სინდისის პატიმარი, ანდრო ჭიჭინაძე შვილთან ერთად/სინდისის პატიმრის, ინსაფ ალიევის მცირეწლოვანი შვილი მამის სასამართლო პროცესზე.
„ქართულ ოცნებას“ არც მაშინ გახსენებია სხვისი შვილების უფლებები, როცა ოპოზიციური პარტიების ლიდერების საცხოვრებელ სახლებთან, ჯერ კიდევ 2024 წლის არჩევნების წინ, სისხლიანი ბანერები გააკრა.
„ჩემი სადარბაზოს წინ ყველა არჩევნებზე სისხლიანი ბანერებია გამოფენილი, რომელსაც ჩემი პატარა შვილები უყურებენ ყოველდღე“, – თქვა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა გირჩი ჯაფარიძემ დაკავებამდე. ჯაფარიძე მხოლოდ იმიტომ ჩასვეს ციხეში, რომ წულუკიანის ე.წ. კომისიაზე არ გამოცხადდა.
როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ არც სინდისის პატიმრების: ინსაფ ალიევის ერთ წლამდე შვილზე უფიქრია, არც ანდრო ჭიჭინაძის სამი წლის შვილზე, რომლებიც დედებს სასამართლო სხდომებზე დაჰყავთ, პატიმარმა მამებმა ასე მაინც რომ მოჰკრან თვალი საკუთარ შვილებს.
„ოცნების“ მთავრობას არც ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მცირეწლოვანი შვილის უფლება გახსენებია, რომელიც მამის დაკავებას ტელევიზორში უყურებდა.
„ბავშვი შემეცოდა ძალიან, სანდრო. ხვალ უნდა დაეჭირათ და დღეს რატომ დაიჭირესო“, – თქვა ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ ჟურნალისტებთან, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ. ნიკა მელიაც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააკავეს.
„ოცნებას“ არც მაშინ უფიქრია ბავშვებზე, როცა აქტივისტ ორსულ ქალთან დილის რვა საათზე, მოტყუებით შევიდა პოლიცია სახლის გასაჩხრეკად.
29 აპრილს 6 თვის ფეხმძიმე მარიამ ბაჯელიძესთან, რომელიც სახლში 7 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები დილის ცხრის წუთებზე სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს.
არც მაშინ, როცა ასევე დილაუთენია შეიჭრა პოლიცია ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში, სადაც ასევე არასრულწლოვანი იმყოფებოდა.
„ოცნების“ დეპუტატები იმაზეც კი აღშფოთდნენ, როცა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საპარლამენტო ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ პოლიციამ სცემა საპროტესტო აქციაზე ხალხს, მათ შორის ბავშვებსა და ახალგაზრდებს.
თეა წულუკიანმა ომბუდსმენს უსაყვედურა, რომ ის „ოცნების“ დეპუტატებსა და მათ შვილებს არ იცავს.
„მე არ მაქვს პირადად იმის მოლოდინი, რომ თქვენ მე დამიცავთ. ქალ დეპუტატებზე და მათზე თავდასხმაზე რატომ არ ისაუბრეთ? ბავშვებზე რომ ისაუბრეთ, მარიამ ლაშხის შვილებზე რატომ არაფერი თქვით?“ – უთხრა მან ლევან იოსელიანს, რომელსაც წულუკიანისთვის იმის შეხსენებაც კი მოუწია, რომ სახალხო დამცველის მანდატი ითვალისწინებს არა ხელისუფლების წარმომადგენლების დაცვას, არამედ იმ მოქალაქეების, რომლებიც დაჩაგრა სახელმწიფო სისტემამ.
„ქართულ ოცნებას“ თავისი შვილებისთვის არაფერი ენანება. მაგალითად, „ოცნების“ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვილი, რომელიც საუკეთესო ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სასწავლებლად სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.
ღარიბაშვილმა შვილი სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა სასწავლებლად.
„მე არ ვარ ჩვეულებრივი ტურისტი“ – ასე ეუბნებოდა „ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, რუსული კანონის მხარდამჭერი ბექა ოდიშარიას 22 წლის შვილი ჰამბურგის პოლიციას 2024 წლის ოქტომბერში, როცა ის ქუჩაში გააჩერეს. აქვე იყო „ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატის, რუსული კანონის მხარდამჭერი ვასილ ჩიგოგიძის შვილიც. დეპუტატების შვილები ფეხბურთის საყურებლად იმყოფებოდნენ გერმანიაში.
როგორია „ჩვეულებრივი“ ბავშვების ცხოვრება ქვეყანაში, რომელსაც 13 წელია ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია მართავს?
„მე და ჩემი მეუღლე ქეთი, ხშირად გავდივართ აქციებზე, რადგან ამ ბოლო დროს ყველა ჩვენმა მიზანმა თითქოს რუსთაველზე მოიყარა თავი. რისთვისაც აქამდე გვიბრძოლია, იქ ყველა ბრძოლა შეერთდა“, – ამბობს დათო სიმონია, გრაფიკული დიზაინერი, რომელიც შვილების მომავლის დაცვის გამო 5 ათასი ლარით დააჯარიმეს.
„ვინც დამაჯარიმა, ალბათ არ იცის, რომ ორსული ცოლი და მცირეწლოვანი ბავშვი მყავს. მაგრამ ხომ ზეიმობენ „ოჯახის სიწმინდის დღეს“? ხომ ამბობენ, რომ „დედა წმინდაა“, ხომ ამბობენ, რომ ოჯახზე ზრუნვის პოლიტიკა აქვთ?! მაშინ რატომ არ არიან უფრო ახლოს ხალხთან?!
პირიქით, აჯარიმებენ და აღარიბებენ ოჯახებს, რადგან იციან, რომ სიღარიბე დიქტატურის საუკეთესო მოკავშირეა, რომ ღარიბ ადამიანს აღარ შეუძლია თავისი უფლებებისთვის ბრძოლა, რადგან ხელ-ფეხი შეკრული აქვს.
როგორც ჩანს, ეს გეგმა აქვთ, რომ ჩემნაირი ადამიანები შებოჭონ, გაანეიტრალონ ფინანსური წნეხით, მერე პარალელურად იძახონ, რომ ოჯახებზე ზრუნავენ. მაგრამ პატარა ქვეყანა ვართ და ბევრმა გაიგო მათი ფარისევლობა.
მათი მომხრეებიც კი შეცბუნდნენ, როცა გაიგეს, რომ პატარა ბავშვების მამა დამაჯარიმეს. რიტორიკა, რასაც გვაჩრიან ცხვირ-პირში, არის სიყალბე და არაფერი ზრუნვასთან, მოქალაქეების კეთილდღეობასთან, ოჯახების გაძლიერებასთან და ბავშვების ზრუნვასთან საერთო არ აქვს“, – ამბობს დათო სიმონია.
დათო სიმონია
მისი აზრით, ვისაც შვილები ჰყავს, ყველა ხვდება, რომ გარემო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, ნეგატიურად აისახება ბავშვებზეც.
„დაძაბული და აგრესიულები გახდნენ.
არაფერს ვამბობ გიორგი ოკმელაშვილის შვილზე, რომელსაც აქციაზე ვხედავ ხოლმე. ვერ გაიგო, სად წაიყვანეს მამა და როგორ გაქრა მისი ცხოვრებიდან.
ეს დაუცველობა და დაძაბულობა იგრძნობა ყველგან – ქუჩაში თუ სკვერში.
ახალ სიცოცხლეს აშენებდე იქ, სადაც დასასრული ბავშვებს ხან შადრევნებში ელოდება, ხან – პარკებში, ხან – ორმოებში, ადვილი არაა. მე და ქეთი ერთმანეთს გამოვტყდომივართ, რომ პარკში როცა გაგვყავს ბავშვი სათამაშოდ, ორივენი უცნაურად დაძაბული ვართ, როცა, მაგალითად, სინათლის ბოძს ეხება ბავშვი ან საკანალიზაციო ჭას უახლოვდება, რადგან გვახსოვს, რამდენი ბავშვი შეეწირა მიუხედავ ინფრასტრუქტურას.
უნდობლობა გვაქვს იმ გარემოს მიმართ, სადაც ბავშვებს ვზრდით. მინიმუმ იმას მაინც გვინდა მივაღწიოთ, რომ ჩვენი შვილები კორუფციით დაუნაღმავ პარკებსა და სივრცეებში გავასეირნოთ.
ყველა ადგილისთვის და ნაწილისთვის გვინდა ვიბრძოლოთ. „ნამახვან ჰესის“ პროტესტის გამოც, ამიტომ ჩავედი ტვიშში, ამიტომ დავრგეთ მაკა სულაძის ეზოში ვაზი ჯიუტად, იმის ნიშნად, რომ არ მოკვდება ეს ადგილი, აყვავდება და ვენახიც გაიზრდება.
თუმცა მომავლის ეს გაურკვევლობის შეგრძნება, რომელიც არა მხოლოდ მშობლებს, ნებისმიერ ადამიანს გვაქვს უკვე ამ ქვეყანაში, ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის მტერია.
ბაღსაც კი როცა ვარჩევთ ჩვენი შვილისთვის, იმდენად დიდი უნდობლობა გვაქვს სახელმწიფო სისტემების მიმართ, ვფიქრობთ, იქ რომ რამე მოხდეს და სასამართლო დაგვჭირდეს, რა უნდა ვქნათ? ასეთი სერვისებიც კი არ გვიმაგრებს ზურგს, როგორც მშობელს და როგორც მოქალაქეს. პოლიციის სტანდარტები ისე დაწიეს, ახლა საკუთარი თავებიღა შეგვრჩა მხოლოდ იმედად“, – გვეუბნება დათო სიმონია.
მისი აზრით, ხალხს და „ქართულ ოცნებას“ იმდენად განსხვავებული ინტერესები აქვთ ამ ქვეყნის მიმართ, რომ ეს სეგრეგაციაც თითქოს ბუნებრივად ხდება.
„დასასვენებლადაც კი სხვა ქვეყნებში დადიან და დაჰყავთ შვილები. საერთოდ, სხვა ქვეყნებში უნდათ რომ იცხოვრონ. ქართული მიწა, ეს რესურსები მათთვის ბიზნესაქტივია, რომელიც უნდათ გამოიყენონ. მე მგონი, ასე არ უყურებს ეს ხალხი საქართველოს, რომ „ჩვენი ქვეყანაა“, რომ აქ შექმნილი გარემო, ეკოლოგია შვილებს უნდა გადავაბაროთ.
ჩვენ იმდენად განსხვავებული ინტერესები გვაქვს და იმდენად განსხვავებული ადამიანები ვართ, უნებურად გვმიჯნავენ. სინამდვილეში, ჩვენ თუ კონტექსტს გადავხედავთ, შეურაცხყოფა, გინება და ასეთი არაჯანსაღი ფორმები, რომელიც არც მე მომწონს, მათი დამკვიდრებულია. ამიტომ იმ სტუდენტების უფრო მესმის, თურმე ლაშხის შვილები ცუდ მდგომარეობაში რომ ჩააყენეს, რადგან ის გარემო, რაშიც ამ მცირეწლოვან ბავშვებს მოუწიათ აღმოჩენა, არის მათი დედის – ლაშხის და მისი თანაგუნდელების შექმნილი.
თუ ვინმეს გინება აწუხებდა, მაშინ უნდა ჰქონოდათ რეაქცია, როცა პარლამენტარები აგინებდნენ მოქალაქეებს და ამკვიდრებდნენ ასეთ სტანდარტს. თუ ბავშვების ბედი მართლა გვაწუხებს, მათზე ზრუნვა კაფეში კი არ უნდა წყდებოდეს, არამედ იმ გარემოდან, სადაც ვცხოვრობთ და სადაც ჩვენი შვილები ჩვენდა უნებურად აღმოჩნდებიან.
არც ერთი ბავშვი არ იმსახურებს იმის ყურებას, თუ როგორ უყვირიან მის მშობელს. ასეთ გარემოში არავის შვილი არ იქნება დაცული და უსაფრთხოდ, ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი ჩემთვის“, – გვითხრა დათო სიმონიამ.
„სოფლები დღითიდღე იცლება, ცარიელდება მერხები“
„ის, ვინც უნდა იცავდეს ჩვენი შვილების უფლებებსა და უსაფრთხოებას, გვამუნათებს, რომ მათი შვილების გვერდით არც კი მოვიხსენიოთ. სწორედ ეს უთანასწორობა არ უნდოდათ ამ „რადიკალებს“.
ჩვენთვის უნდათ რუსული სინამდვილე, სიღარიბე, რომ ვიყოთ სოციალური დახმარების ხარჯზე, საარჩევნოდ გადმოგდებული კარტოფილის შემყურენი და თვითონ იყვნენ ძვირფას სკოლებში, კარგ ქვეყნებში იარონ, ისეირნონ და თურმე არც უნდა ვახსენოთ ჩვენი შვილები მათთან, რომლებიც რუსული მომავლისთვის ემეტებათ.
თვითონ საყიდლებზეც კი ევროპაში უნდა იარონ“, – ამბობს სოფო გოგოხია, ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი.
მისი შეფასებით, ეს მიზანმიმართული პოლიტიკა „იმ ყველაფრის დაგვირგვინებაა, რისთვისაც მოვიდა „ოცნება“ ხელისუფლებაში“.
„ლაშხიც რუსულ საქმეს აკეთებს, ეს მისი დავალებაა, მაგრამ მათ პროპაგანდას არ უნდა წამოეგონ სხვა ადამიანები. ახლა მაინც დაინახონ, ვის უნდა ჩვენი შვილების მონობა, რომ ვერასდროს ამოისუნთქონ, რომ მონური მენტალიტეტით იცხოვრონ.
ჩვენს სამყაროში, სადაც ჩრდილოეთ კორეა არსებობს, ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ შეიძლება ჩვენც დავემსგავსოთ ასეთ ქვეყანას, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ბევრი ადამიანი უნდა აცნობიერებდეს იმას, რომ „დღეს მე არ მეხება“, „მოდი, ჩუმად ვიქნები“, „სხვა გამოვიდეს“, „სხვისი საქმეა“, – ასე არ არის.
ყველას შეეხება ერთ დღეს, ყველას შვილს შეეხება, ყველას შვილიშვილს, ყველას მოსწავლეს, ყველას ნათესავს მიადგება ერთხელ ზიანი და მერე გვიანი რომ არ იყოს ხმის ამოღება და ხმის ამომღებიც რომ არ დარჩეს ისედაც დაცარიელებულ ქვეყანაში, სადაც ერთი ოჯახის წევრი მინიმუმ ყველა ბავშვს ენატრება, მანამ უნდა ვიმოქმედოთ.
ეს მაინც როგორ არ აბრაზებს ადამიანებს, რომ ვიღაც ლაშხი ამბობდეს, „რადიკალების“ გვერდით ჩემი შვილები არ ახსენონო. საერთოდ როგორ შეიძლება ასეთი რამე ხმამაღლა თქვას ადამიანმა. ამდენს რომ ბედავს, ესე იგი, საკუთარი ბოსტანი ჰგონია ეს ქვეყანა.
დედაზე გვესაუბრებიან, როცა სილის გაწვნის გამო ქალს ასამართლებენ. აქეთ ახალგაზრდებს ურტყამენ წიხლებს, ათრევენ ქალებს, გოგოებს, ბავშვებს და პარალელურად, ამბობენ, რომ უწმაწური სიტყვები უნდა აიკრძალოს.
აბსურდის მწერალს შეშურდებოდა ის, რაშიც გვაცხოვრებენ“, – ამბობს სოფო გოგოხია.
სოფო გოგოხია
მისი თქმით, ქვეყანა, სადაც სოფლები დღითიდღე იცლება და ცარიელდება მერხები, „ხელისუფლებად“ წოდებული პარტია ბავშვების დახარისხებას ცდილობს.
სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს მოსწავლის სტატუსი 10 800 ბავშვს შეუჩერდა. უცხოეთში წავიდა 3 900 მოსწავლე.
„წელს, მაგალითად, პირველკლასელების მიღების მხრივ ძალიან კრიზისული ვითარებაა. სოფლის სკოლებში ძალიან ცოტა ბავშვია. ბავშვებისგან დაცლილია სკოლები, სოფლები, ქუჩები, ბებია-ბაბუების ამარად დატოვებული ბავშვები ხომ თავის მძიმე შედეგებს გამოიღებს მომავალში? ნარკომანია ყვავის, იზრდება წამალდამოკიდებული ახალგაზრდების რიცხვი. ეს არ ყოფილა პრობლემა და ამ დროს, იმის მტკიცებაში უნდა ვხარჯავდეთ დროს, რომ ყველა ბავშვი თანასწორია და ყველას უფლება ერთნაირად უნდა დავიცვათ.
არც ჩვენ და არც ჩვენს შვილებს დაუმსახურებიათ ის, რომ ექიმი, წამალი და განათლება სანატრელი გვქონდეს. მათ არ დაუმსახურებიათ რუსული რეჟიმის საქართველო, მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფალი ქვეყანა“, – ამბობს სოფო გოგოხია.
მისი აზრით, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ წაართვან საკუთარ მოქალაქეებს მომავალი, „კიდეც დასანქცირდებიან, კიდეც დაისჯებიან, რადგან 21-ე საუკუნეა, არ დარჩება მათი არც ერთი განცხადება, ფოტო თუ ვიდეო შთამომავლობას გაუშიფრავი და დღესაც ჩანს და მომავალში უკეთ გამოჩნდება, ვინ არის რადიკალი და ვისი შვილისთვის ვის რა მომავალი უნდა“.
„არა მარტო ბავშვები, მათი უფლებადამცველებიც საფრთხის ქვეშ ვართ“
ბავშვთა უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამარ გაბოძე გვიყვება, რა უარესდება ბავშვების ცხოვრებაში „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკით.
თამარი ამბობს, რომ რეპრესიული კანონების მიღების შემდეგ, საქართველოში არა მხოლოდ ბავშვები არიან საფრთხის ქვეშ, არამედ მათი უფლებადამცველებიც, რადგან „ოცნების“ ხელისუფლება უფლებადამცველ ორგანიზაციებს უცხო ქვეყნის აგენტებად მოიხსენიებს.
„ბოლო პერიოდში არაერთხელ გავხდი კრიტიკის სამიზნე მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვების უფლებების გაუარესებასა და საფრთხეებზე ვწერდი ფეისბუქში. მაგალითად, მაისში, მსგავსი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ხუთ წუთში დამირეკა ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა და ბავშვებთან შეხვედრა გამიუქმა.
ვფიქრობ, ეს იყო შეთანხმებული გადაწყვეტილება, რადგან უკანასკნელ პერიოდში გართულდა ღონისძიებების ორგანიზება, რაც მანამდე პრობლემა არ ყოფილა“, – გვიტხრა თამარ გაბოძემ.
მისი თქმით, თუ მათ მსგავსი შეხვედრების შესაძლებლობა აღარ ექნებათ ბავშვებთან, მეტი ბავშვი დარჩება ინფორმაციის გარეშე.
„მნიშვნელოვანია ასწავლო ბავშვებს თავიანთი უფლებები და ასწავლო მათი პრაქტიკაში გამოყენებაც, რადგან ბევრი კვლევით არის დადასტურებული, რომ საფრთხეში მყოფი ბავშვები არიან მარტო და სწორედ ასეთ დროს უნდა იყვნენ ისინი ინფორმაციით აღჭურვილნი, რომ როგორმე არ დაექვემდებარონ ძალადობას და შემცირდეს ეს გამოწვევა“, – ამბობს თამარ გაბოძე.
თამარ გაბოძე
მისი თქმით, ბავშვები მოკლებულნი არიან შესაძლებლობებს, მარტო, დახმარების გარეშე იდავონ თავიანთი უფლებების დასაცავად.
„ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა ასამდე საქმე ბავშვების უფლებების დარღვევის.
ბევრი საქმე იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი: შშმ ბავშვის სკოლიდან გაგდების საკითხი, რომელმაც ჩვენი დახმარებით მოიგო სასამართლო და სკოლას 10 ათასი ლარი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა; ფსიქიატრიულიდან ბავშვების ოჯახში გადაყვანის საკითხი; სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვის საკითხი და ასე შემდეგ. ყველა ეს ბავშვი იქნება კიდევ უფრო დაუცველი.
ბოლო ხუთი თვის განმავლობაში სისხლის სამართლის წესით 500-ზე მეტი ბავშვი იქნა დაზარალებულად ცნობილი. რეალურად კი გაცილებით მეტი ბავშვია ყოველდღიურად უფლებების დარღვევის და ძალადობის მსხვერპლი. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს გაეძლიერებინა ბავშვები და მათი უფლებადამცველები, არაერთი რისკის ქვეშ დაგვაყენა“ – ამბობს თამარ გაბოძე.
ის საუბრობს სოციალურ უთანასწორობაზეც, რასაც არაერთი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
„შვიდი ბავშვი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ სახელმწიფომ გადაუჭრა დენი, გაზი და მოუწიათ სანთლის ანთება. ეს არ არის მხოლოდ ტრაგედია, ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ უთანასწორო მდგომარეობაში არიან ბავშვები. მაღალჩინოსნების შვილები არასდროს ჩავარდებიან ასეთ მდგომარეობაში, რომ ელექტროენერგია გაუთიშონ, სანთელი აანთონ და ჩაიგდონ თავი საფრთხეში.
ის, რომ „ოცნების“ დეპუტატი ამბობს – „ჩემს შვილს თქვენსას ვერ შეადარებ“ – არის უდიდესი ტრაგედია. არ შეიძლება ასეთი დეპუტატი საერთოდ გააკარო ბავშვებს, ბავშვის უფლებებს, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ კი, ჩემი ბავშვის უფლება იქნება დაცული, თქვენის – არა“, – ამბობს თამარ გაბოძე.
ომბუდსმენის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში 144 გოგო და 11 ბიჭი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ამავე პერიოდში, 44-მა ბავშვმა „შექმნა ოჯახი“.
„დღემდე პრობლემაა ბავშვებისთვის სათანადო სქესობრივი განათლება, რომელიც ბავშვების ძალადობისგან დაცვის ყველაზე კარგი შესაძლებლობაა.
ის, რაც სტატისტიკაში ხვდება, უბრალოდ შემთხვევითი გამოვლენაა, როცა უკვე მძიმე შედეგები დგება, სახელმწიფო კი არ იჩენს სათანადო ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ამგვარი შემთხვევების გამოვლენას ან პრევენციას“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი, იურისტი.
მისი თქმით, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გამწვავება უკავშირდება ეფექტური პოლიტიკის არარსებობას და თავად მმართველი ძალის დღის წესრიგიდან ბავშვთა საკითხების გაქრობას.
„ამ ყველაფერს ემატება კიდევ ერთი პრობლემა, – ძალადობის საქმეებზე გამოძიების გაჭიანურება, რაც ბავშვებს ტოვებს დაცვის მექანიზმების მიღმა.
პრობლემად რჩება სპეციალისტების ნაკლებობა, რომლებიც ვალდებულნი არიან, დროულად ამოიცნონ ძალადობის ნიშნები და დროულად გადაამისამართონ ბავშვები სოციალურ მუშაკთან და პოლიციასთან.
პრობლემაა მოძველებული, დისკრიმინაციული კანონმდებლობა სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით, რაც აზარალებს ბავშვებსაც“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
მისი შეფასებით, ის ფონი, რომელიც „ოცნებამ“ შექმნა ქვეყანაში, ყველა სფეროზე ახდენს გავლენას: „ფარას“ რეპრესიული კანონით არასამთავრობოების გაუქმება სერიოზული დანაკლისი იქნება, რადგან სწორედ ეს ორგანიზაციები იცავდნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების უფლებებს უსასყიდლოდ.
„არ მახსენდება ტრენინგი ბავშვთა უფლებებზე, ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, რომელიც საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე ჩატარდა. შესაბამისად, ასეთი ცოდნაც შეიზღუდება.
ისეთი მნიშვნელოვანი ცენტრი, როგორიცაა, მაგალითად, „ბარნაჰუსი“, ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის, სწორედ საერთაშორისო მხარდაჭერით შეიქმნა და ასეთი სერვისი უნდა გახსნილიყო რეგიონებშიც, მაგრამ ახლა ამასაც საფრთხე ემუქრება“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
გოგა ხატიაშვილი
მისი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებაც, რომელიც საკმაოდ ეფექტურად იძიებდა სექსუალურ დანაშაულებთან, პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, ასევე შეასუსტებს ბავშვების დაცვას მსგავსი დანაშაულისგან.
მისი თქმით, მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და უსამართლო სასამართლოს ფონზე, გაიზარდა კრიმინალური სუბკულტურისადმი მიმართვიანობაც, რაც, ასევე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებაა.
„2024 წელს ჩატარდა კვლევა, რომელიც ეხებოდა კრიმინალური სუბკულტურის გავლენას საზოგადოებაზე და გამოკითხულთა 30% ამბობდა, რომ მოზარდებში გაიზარდა ამ სუბკულტურისადმი ნდობა. ხოლო 21%-მა თქვა, რომ მის მიმართ ჩაგვრისა და უსამართლობის მოსაგვარებლად არა პოლიციას, არამედ კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა.
ეს ყველაფერი გამოწვეულია მართლმსაჯულების ორგანოების მიმართ სრული უნდობლობით“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
_______________
მთავარ ფოტოზე: „ოცნების“ პარლამენტარები – მარიამ ლაშხი და ნინო წილოსანი/21 წლის სინდისის პატიმრის, მათე დევიძის ბებია და და მას შემდეგ, რაც მათეს 4,6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
„ნატოს შეუტიოს კი არა, ტორეცკი ვერ აუღია რუსეთს ამ დრომდე“, – მოკლე, მაგრამ მკაფიო პასუხი აქვს გადამდგარ გენერალს იმ შეხედულებაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი – თუ იგი საკმარისად არ დაასუსტეს – შესაძლოა ნატოს წევრ ქვეყანასაც თავს დაესხას.
სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთ-უკრაინის ომის ბედი დასავლეთის მხარდაჭერის უწყვეტობაზეა დამოკიდებული, თუმცა გადამდგარ გენერალს ეჭვი არ ეპარება, რომ დახმარების შეწყვეტის შემთხვევაშიც, უკრაინელები მაინც არ დანებდებიან და რუსეთს ევროპის ავღანეთი ექნება.
გადამდგარი გენერალი იმ ამბავს გვიყვება, როგორ ჩამოაგდეს უკრაინელებმა რუსული თვითმფრინავი ისე, რომ „მფრინავი აზრზეც არ იყო“.
„ამჯერად უკრაინელებმა F-16 გამოიყენეს შვედური თვითმფრინავ „სააბისთან“ წყვილში – ეს შორეული დაზვერვის და მიზანმიმართვის თვითმფრინავია. ამით აღმოაჩინეს რუსული გამანადგურებელი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 70-80 კმ-ზე, გადასცეს კოორდინატები და მიმართეს რაკეტა. F16-ს ფაქტობრივად რადარი არ ჩაურთავს. ამ დროს რუსული თვითმფრინავის პილოტმა არც კი იცოდა, რომ დამიზნებული იყო რაკეტები. ისე ჩამოაგდეს თვითმფრინავი, მფრინავი აზრზე არ იყო, რომ მის წინააღმდეგ რაკეტა მოქმედებდა. მფრინავმა კატაპულტირება შეძლო, თვითმფრინავი – დაეცა რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე,“ – გვიყვება ვახტანგ კაპანაძე.
გადამდგარ გენერალს ერთი შეკითხვა აქვს პუტინთან: სად წავიდა ის 650 ათასი მოხალისე, რომლის შესახებ ყოველწლიურად გვიყვებოდა თავად პუტინი?
„სად არის ეს ხალხი და საფლავებშია. ეს ხალხი დაჯგუფებას კი არ აძლიერებს, არამედ ამით დანაკარგებს ავსებენ. ციხეები ფაქტობრივად დაცარიელდა რუსეთში: აქამდე თუ ნებაყოფლობით მიდიოდნენ ომში, ახლა ციხის ადმინისტრაციების გადაწყვეტილებით უშვებენ პატიმრებს ომში,“ – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, რა ხდება ფრონტის ხაზზე, როგორია ბოლო მონაცემები?
მნიშვნელოვანი გარდატეხა ფრონტის ხაზზე არცერთ მხარეს და არც მეორე მხარეს არაა.
სუმის ოლქშია ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ასე თუ ისე, ამ მიმართულებით წარმატება აქვთ რუსებს. ეს გარკვეული ტაქტიკური წინსვლაა დიდი დანაკარგების მიუხედავად. მიუხედავად ამისა, პოკროვსკი მაინც რჩება ძირითად მიმართულებად.
აქ რუსები ძალიან მიუახლოვდნენ ადმინისტრაციულ საზღვარს, თუმცა უკრაინელები ჯერჯერობით ახერხებენ მათ შეკავებას. ამ მიმართულებაზე სხვა მიმართულებების ხარჯზე მნიშვნელოვნად გაიზარდა პლანირებადი ბომბებით დარტყმები. ხდება ყველა ცალკეული სანგრის თუ ბლინდაჟის აქტიური საჰაერო დამუშავება და მიწასთან გასწორება, თუმცა ბოლოს მაინც ქვეითების საჭიროება ჩნდება და აქ იღებენ მძიმე დანაკარგებს. ზოგადი სურათი შემდეგია – ცდილობენ შემოუარონ ჩრდილო-დასავლეთიდან პოკროვსკს, რათა თავიდან აიცილონ ქალაქში ბრძოლა. ასევე, კუპიანსკის მიმართულებაზე, მდ. ასკოლის შორ ნაპირზე ცდილობენ პლაცდარმის გაფართოებას.
რა მასშტაბისაა რუსების ეს წინსვლა?
დაახლოებით 10 კილომეტრით არიან წინ წაწეულები, ეს არის და ეს. რუსებმა მთლიანობაში 2025 წელს 1200 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, რაც მნიშვნელოვანი ტერიტორიაა – ზოგადად თუ ავიღებთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფრონტის ხაზი 2 ათასი კილომეტრია – ეს დიდი სიღრმე არ გამოდის.
რუსებს განსაკუთრებით ბოლო თვეებში აქვთ შედარებით წინსვლა, ვინაიდან გარკვეული ხარვეზი ჰქონდა ამერიკის სამხედრო მიწოდებას უკრაინაში, ასევე, უკრაინაში იმ ტემპით ვერ ხერხდება მობილიზაცია, როგორც ამას ახერხებს რუსეთი.
თუმცა საუბარია რუსეთის ტაქტიკურ წარმატებაზე და არა ოპერატიულ, ან ოპერატიულ-სტრატეგიული დონის გარღვევაზე.
ამავდროულად, რუსეთის სისტემებთან შედარებით უფრო და უფრო იზრდება დასავლური, თუნდაც წინა თაობის შეიარაღების და სისტემების უპირატესობა, რაც აქვთ უკრაინელებს. აღმოჩნდა, რომ არა მარტო საჰაერო თავდაცვისა თუ სარაკეტო სისტემებში ჩამორჩება რუსული შეიარაღება დასავლურ წინა თაობის სისტემებს, არამედ საჰაერო შესაძლებლობებშიც. ამის კარგი მაგალითია ბოლო შემთხვევა კურსკის რაიონში:
უკრაინელებმა SU-35 ჩამოაგდეს. ეს არის უახლესი, მაღალტექნოლოგიური გამანადგურებელი. რუსები ამბობდნენ, რომ მხოლოდ F-35 თუ შეებრძოლებოდა მას.
ამჯერად უკრაინელებმა F-16 გამოიყენეს შვედურ თვითმფრინავ „სააბისთან“ წყვილში – ეს შორეული დაზვერვის და მიზანმიმართვის თვითმფრინავია. ამით აღმოაჩინეს რუსული გამანადგურებელი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 70-80 კმ-ზე, გადასცეს კოორდინატები და მიმართეს რაკეტა. F 16-ს ფაქტობრივად რადარი არ ჩაურთავს.
ამ დროს რუსული თვითმფრინავის პილოტმა არც კი იცოდა, რომ დამიზნებული იყო რაკეტები. ისე ჩამოაგდეს თვითმფრინავი, მფრინავი აზრზე არ იყო, რომ მის წინააღმდეგ რაკეტა მოქმედებდა. ეს არ არის ახალი დასავლეთში, მაგრამ ამჯერად ქსელური-ცენტრული, ტაქტიკური მეთოდით ჩამოაგდეს უკანასკნელი მოდიფიკაციის რუსული თვითმფრინავი: მფრინავმა კატაპულტირება შეძლო, თვითმფრინავი – დაეცა რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ შვედური ავაქსის ტიპის მოდიფიკაციის თვითმფრინავის ტიპის საფრენი აპარატი ა-50 რუსებს დარჩენილი ჰქონდათ მხოლოდ 7 ერთეული, აქედან 2 გაუნადგურეს უკრაინელებმა „აბლაბუდას ოპერაციის“ დროს. რაც დარჩათ, არავინ იცის, იქიდან რამდენია მოქმედი და რამდენს შეუძლია ფრენა. რუსეთს ამ თვითმფრინავების წარმოება აღარ შეუძლია.
ეს არის საბჭოთა კავშირის წარმოება, არადა, თანამედროვე საბრძოლო ველის მართვისთვის უმნიშვნელოვანესია სრული სურათის დანახვა რეალურ რეჟიმში, რისი შესაძლებლობებიც რუსეთს თანდათან ეწურებათ.
რა ხდება ყირიმში, სადაც რამდენიმე დღის წინ უკრაინელებმა ხიდი დააზიანეს? ყირიმის ოლქში ისევ ისმის აფეთქებების ხმა.
ხიდი დააზიანეს და ახლა უკვე ენგელსის აეროდრომში იწვის საავიაციო საწვავის საცავი. მეხუთე დღეა იწვის ეს საცავი. დღეს კიდევ ერთ საცავს გაუჩნდა ცეცხლი. უკრაინელებმა აქ ეშელონიც გაანადგურეს და ასი ერთეული ჯავშანტექნიკაც. როგორც გავიგე, იქ გაჩერებული სატვირთო შემადგენლობიდან ამოფრინდნენ უკრაინული დრონები.
ქერჩის ხიდზე კი, დიდი ალბათობით უკრაინელებმა „მარიშკა“ გამოიყენეს. ეს წყალქვეშა დრონია მრავალმხრივი გამოყენების. მისი სიგრძე 6 მეტრია. მისი საშუალებით გადაიტანეს 1100 კგ-მდე ასაფეთქებელი მუხტები ფარულად. როგორც ჩანს, საბრძოლო მყვინთავებმა ასაფეთქებელი მასალა ხიდის საყრდენზე დააწყვეს, მის წყალქვეშა ნაწილზე. წყლის სიღრმე სულ 10 მეტრია. შემდეგ, სავარაუდოდ, მიაწოდეს შესაბამისი ინიციირება და ააფეთქეს.
ამ აფეთქებამ ხიდის საყრდენი ვერ დაშალა – შიგნიდან უნდა აფეთქდეს, რადგან საყრდენი გათვლილია ფსკერის გამორეცხვაზე, ყინულის მოძრაობასა და წყალქვეშა დინებებზე. ასე რომ, ამ ხიდის საყრდენი საკმაოდ ძლიერია. ის მარტივად ვერ აფეთქდება, თუმცა ამ აფეთქებამ გამოიწვია პლატფორმის ზედა ნაწილის დეფორმაცია, რომლის აღდგენაც დაახლოებით სამ-ნახევარი მილიონი დოლარი, მნიშვნელოვანი თანხა დაჯდება, რომ არაფერი ვთქვათ შეფერხებულ მოძრაობაზე. ფსიქოლოგიური ფაქტორის გარდა, რუსეთს ეს დარტყმა ეკონომიკურადაც ძვირი უჯდება.
მსგავსი ოპერაციები აჩენს იმის პირობას, რომ უკრაინამ შესაძლოა უფრო დიდი მასშტაბის წარმატებას მიაღწიოს ყირიმში?
ბოლო ოპერაციით, რაც უკრაინელებმა განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის ბირთვული ტრიადის მნიშვნელოვან საჰაერო კომპონენტს მიადგა სერიოზული ზარალი. ეს იყო მნიშვნელოვანი დარტყმა დასავლეთის ბირთვული შესაძლებლობების პარიტეტის საკითხთან მიმართებით, მაგალითად, რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების რაოდენობა 34 %-ით შემცირდა.
ასე რომ, რაც უნდა წერტილოვანი იყოს ეს დარტყმები, ის ძალიან მტკივნეულია რუსეთისთვის. თანაც, მოსკოვში ხდება უკვე აფეთქებები. უკრაინელებმა შექმნეს ბალისტიკური რაკეტა, ასევე დრონი „პალიანიცა“, რომელიც 1000-კმ-ზე მეტ სიღრმეში დაფრინავს. უკრაინა ავითარებს სამხედრო შესაძლებლობებს დასავლეთის აქტიური მხარდაჭერით. რუსეთის რაოდენობრივი რესურსი ქმნის დისბალანსს, რასაც უკრაინა უპირისპირებს მოწინავე ტექნიკას და ტექნოლოგიებს.
რა ჩანს რუსეთის რეაქციაში? „კიევის რეჟიმის ტერორისტულ შეტევებზე“ პასუხი უწოდა მოსკოვმა 9 ივნისს განხორციელებულ მასირებულ იერიშს უკრაინაზე.
უკრანის დარტყმა რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ტერორიზმია და რუსეთის მოქმედება კონვენციური? ეს არის რუსეთის ლოგიკა, რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. რუსებმა გააქტიურეს დარტყმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე, მაგრამ რა ვნახეთ ამით? რამე განსხვავებული ვნახეთ ინტენსივობის გაზრდის გარდა? არაფერი ახალი რუსებს არ გამოუყენებიათ: ისევ „კალიბრი“, „შაჰიდი“, „გერანი“. რუსები „გერბერას“ იყენებენ აქტიურად, რომელიც დრონის იმიტატორია – მისი გამოყენების დროს რადარის ეკრანზე გაზრდილი სილუეტი ჩნდება და რაკეტებს იყენებენ ფაქტობრივად ცრუ სამიზნეების წინააღმდეგ.
ეს არის და ეს. რუსეთმა რით დასაჯა უკრაინელები, რომ სამი მეხანძრე მოკლა, თუ იმით, რომ რომელიღაც ქალაქში ჩვილი და მოზარდები მოკლეს? ეს არის სულ რუსეთის პასუხი. მას მეტი არაფერი შეუძლია.
სამაგიეროდ, რუსეთში, როგორც პუტინი აცხადებდა, ყოველწლიურად 650 ათასამდე მოხალისე გროვდებოდა. ჩემი მონაცემებით, დღეში დაახლოებით 1000 კაცი მიდის გასაწვევ პუნქტებში. სად წავიდა ეს ხალხი? 650 ათასი გავამრავლოთ სამ წელიწადზე. ამ მონაცემებით, რუსეთს სულ მცირე 2-მილიონიანი შეიარაღებული ძალები უნდა ჰყავდეს.
სად არის ეს ხალხი და საფლავებშია. ეს ხალხი დაჯგუფებას კი არ აძლიერებს, არამედ ამით დანაკარგებს ავსებენ. ციხეები ფაქტობრივად დაცარიელდა რუსეთში: აქამდე თუ ნებაყოფლობით მიდიოდნენ ომში, ახლა ციხის ადმინისტრაციების გადაწყვეტილებით უშვებენ პატიმრებს ომში.
მედიაში გავრცელებული მონაცემებით, 2025 წელს 22 %-ით მეტ ადამიანს გაუფორმეს რუსეთში კონტრაქტი, ვიდრე გასულ წელს – პირველ კვარტალში 90 ათასი კაციო.
ეს იმიტომ, რომ როცა მოლაპარაკებები დაიწყო, ილუზია გაჩნდა, ცეცხლი შეწყდება, ომი არ მოგვიწევს და ფულს ავიღებთო.
რუსეთში მოხალისეები ადგილობრივი ალკოჰოლიკების და უსახლკაროების გარდა, ძირითადად ხდებიან ტაჯიკები, უზბეკები, ინდუსები, აფრიკიდან ჩაყვანილი ხალხი… რუსეთს ცოცხალი ძალის რაოდენობაში პრობლემა არ გააჩნია, მაგრამ პრობლემაა მათი კვალიფიკაცია: კვირა-ნახევრიანი მომზადებით უშვებენ ფრონტზე.
თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ: არსებობს ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების პირობა? ტრამპს „დიდი შეთანხმება“ ჯერ კიდევ რეალურად მიაჩნია.
ვერ გეტყვით. ირანთანაც გამოჩნდა ტრამპის შესაძლებლობები – ისრაელი არც დაეკითხა და ახლა იძახის, ამ დარტყმების შემდეგ ირანი ჩემთან მოლაპარაკებას დათანხმდებაო. ტრამპის ეს პროექტიც ჩავარდა ფაქტობრივად.
მაინც მგონია, რომ ცეცხლის შეწყვეტის საკითხი აქტუალური იქნება წლის ბოლომდე და მგონია, რომ მიღწეული იქნება ცეცხლის შეწყვეტა გარკვეული პერიოდით.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ირანზე, სამიზნე თეირანის ბირთვული პროგრამის შენობები გახდა. როგორ აისახება ეს რუსეთ-უკრაინის ომზე?
რუსეთს და ირანს ურთიერთდახმარების ხელშეკრულება ჰქონდათ, მაგრამ რუსეთმა დღეს განაცხადა, ჩვენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში ვართ პარტნიორები და არა სამხედრო საკითხებშიო.
ეს იმას ნიშნავს, რომ ირანს ექნება მომზადებული გარკვეული პასუხი და ეს დაეტყობა ირანიდან რუსეთისთვის გაწეულ დახმარებას. ახლა ირანს თავად სჭირდება თავისი სამხედრო შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება.
შესაბამისად, კიდევ ერთი მოკავშირე შეიძლება ჩამოსცილდეს რუსეთს.
ტრამპი პუტინს სანქციების გამკაცრებით ემუქრება, თუმცა ამ დრომდე ეს ბერკეტი არ ამოქმედებულა. თქვენი დაკვირვებით, რა გათვლით მოქმედებს ტრამპი, როცა ის ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთმა იმედი გაუცრუა, მაგრამ უკრაინითაც იმედგაცრუებულია?
ფაქტია, ტრამპი ცდილობს პუტინის გათეთრებას. მას იმედი ჰქონდა, რომ რუსეთს გამოიყენებდა ირანთან მოლაპარაკებაში, მაგრამ ეს ვარიანტიც ჩაუვარდა. ტრამპს ჯერჯერობით არაფერი გამოსდის.
ხედავთ რისკს, რომ აშშ-მ დახმარება უკრაინას შეიძლება შეუწყვიტოს და გავიდეს ამ პროცესიდან?
აშშ-მ 20 ათასზე მეტი რაკეტა უკვე გადაამისამართა. აშშ-ის უკრაინის არსებულ დახმარებაშიც შეფერხებებია.
ჩემი აზრით, რაც უფრო სწრაფად გავა, თუ გასვლას აპირებს აშშ ამ პროცესებიდან და გაარკვევს დასავლეთი აშშ-ს როლს, მით უკეთესი იქნება უკრაინისთვის და ევროპისთვისაც.
ევროპა აძლიერებს სამხედრო პოტენციალს. დიდმა ბრიტანეთმა უკვე 16-ჯერ გაზარდა სამხედრო წამოება, მარტო 6 წყალქვეშა ნავის პროექტი ჩაუშვეს, გერმანიამ მშპ-ს 5 %-მდე ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს, რომლის ნაწილი მოხმარდება უკრაინას და უკრაინის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას, ასევე სამხედრო მრეწველობის განვითარებას.
უკრაინის წარმატება დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერის უწყვეტობაზე?
რა თქმა უნდა, ამ ომის ბედი დამოკიდებულია დასავლეთის აქტიურ მხარდაჭერაზე.
თუ არ იქნება დასავლეთის მხარდაჭერა, რუსეთს ექნება ევროპის ავღანეთი – უკრაინელები მაინც არ დანებდებიან და ისევ გააგრძელებენ ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ.
თქვენი აზრით, რამდენად არსებობს საფრთხე, რომ თუ დასავლეთი უკრაინას არ დაეხმარება, რუსეთი ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას?
ეს შეუძლებელია. დახედეთ რუკას და დაინახავთ: როგორ შეიძლება, რუსეთს აქვე ჰქონდეს ამხელა ბომბი უკრაინის სახით და ნატოს შეუტიოს? ნატოს შეუტიოს კი არა, ტორეცკი ვერ აუღია ამ დრომდე.
რასაც ვისმენთ ნატოზე თავდასხმის კუთხით, ეს უფრო პოლიტიკური განცხადებებია, რომ მოსახლეობა იყოს მობილიზებული: როცა თავდაცვის ხარჯები იზრდება, ეს რაღაცას აკლდება. ამისთვის უნდა იყოს მოსახლეობა მზად, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული მეთოდების გამოყენების გააქტიურებას ნატოს სახელმწიფოების მიმართ. ეს სუსტი რგოლი, პირველ რიგში, ესტონეთი და ლატვიაა.
ამ დროს რუსეთს რის იმედი აქვს?
რუსეთს იმის იმედი აქვს, რომ უკრაინაში ხალხი გატყდება, მოლაპარაკებებს დათანხმდებიან და ეს მოლაპარაკება მისთვის სასარგებლოდ დასრულდება. სხვანაირად რუსეთი ვეღარ გამოდის ამ ომიდან. პუტინმა იცის, რომ ბრძოლის ამ მოცემულობაში შეწყვეტა მას ცუდად შემოუტრიალდება და პრობლემები ექნება შიდა პოლიტიკაში, ამიტომაც ცდილობს, რომ ომი გააგრძელოს და აიძულოს უკრაინა, ისეთი ხელშეკრულება დაიდოს, რომელსაც შიდა აუდიტორიისთვის მაინც გაასაღებს წარმატებად, თავად კი, უძლეველი გამოჩნდება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის ტაძრის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც საჭიროა პროექტირება და სხვადასხვა სამუშაოები, მათ შორის დროებითი გადახურვის მოწყობა.
სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მარტში სვეტიცხოვლის ინტერიერში წყალმა გაჟონა. მიუხედავად იმისა, რომ „ტაძარში წყლის ჩადინების საფრთხე დროებით აღმოიფხვრა, საჭიროა გადახურვის სრული კვლევა და დაზიანებული ლორფინის გადაწყობა/ახლით ჩანაცვლება“. წინააღმდეგ შემთხვევაში „არსებობს წყლის განმეორებითი გაჟონვის საფრთხე“.
„ძეგლზე ამჟამად შექმნილი ვითარებისა და წინა წლებში ჩატარებული კვლევების გათვალისწინებით, აუცილებელია დაიწყოს სვეტიცხოვლის ტაძრის სრული, კომპლექსური რეაბილიტაცია. ამ მიზნით, პირველ ეტაპზე აუცილებელია ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ ჩატარდეს ტაძრის ექსტერიერისა და ინტერიერის სრულყოფილი შესწავლა და საპროექტო/კვლევითი დოკუმენტაციის მომზადება“ – წერს სააგენტო.
სააგენტო „ტაძრის საპროექტო/კვლევითი დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობის მიზნით“ ამ ეტაპზე 762 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი განაცხადით ეროვნულმა სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
სვეტიცხოველი / 23.03.2025
სააგენტოს განაცხადის მიხედვით 652 000 ლარი დაიხარჯება შემდეგი საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე:
„ტაძრის ინტერიერის და სხვენის 3D სკანირება; კედლის მხატვრობის ფოტოფიქსაცია და 3D სკანირება; გეოლოგიური/გეოდეზიური და სტრუქტურული კვლევა; სახურავის და სხვენის თერმოგრაფიული კვლევა; სახურავის, კამარების და აგურის კედლების სტრუქტურული კვლევა; ბზარების მონიტორინგის სისტემის განახლება და ახალი სენსორების შეძენა/მოწყობა; ტაძრის სრულ პერიმეტრზე მოსაწყობი ახალი ხარაჩოს ტექნიკური დოკუმენტაციის და პროექტის მომზადება; ტაძრის დროებითი გადახურვის პროექტის მომზადება; პროექტირების ეტაპზე ინტერიერში და ექსტერიერზე დროებით განსათავსებელი ხარაჩოს მოწყობის პროექტის მომზადება; ამწე კალათის ქირავნობა განსახორციელებელი სამუშაოებისთვის“.
სააგენტო წერს, რომ აღნიშნული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდება ეტაპობრივად, 2025 წლის განმავლობაში.
ცალკე 110 000 ლარი დაიხარჯება „ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვის მოწყობის სამუშაოების პროექტირების ეტაპზე ინტერიერში და ექსტერიერზე დროებით განსათავსებელი ხარაჩოს მოწყობის და დაშლის სამუშაოებში“.
„საპროექტო/კვლევითი მომსახურება, საფუძვლად დაედება ტაძრის სრული სარეაბილიტაციო დოკუმენტაციის შედგენასა და მის საფუძველზე ფიზიკური სამუშაოების დაწყებას, რომლის ფარგლებშიც სხვა სამუშაოებთან ერთად მოხდება ტაძრის არსებული საბურველის [ლორფინის] მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლა, ტაძრის სტრუქტურული გამაგრება, წყალამრიდი სისტემის მოწყობა და სხვა.“ – აღნიშნულია სააგენტოს განაცხადში.
„2025 წლის 22 მარტს უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის ტაძრის ინტერიერში, კერძოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა წყლის ინფილტრაცია. აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე, სააგენტომ უზრუნველყო საჭირო ღონისძიებების განხორციელება, რის შედეგადაც ჩატარდა პირველადი გადაუდებელი და მოკლევადიანი საკონსერვაციო სამუშაოები…
სააგენტომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს აპრილის თვეში მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მიმდინარე წლის 22 მარტიდან ძეგლზე გამოვლენილი დაზიანებების, მისი საკონსერვაციო მდგომარეობისა და ჩატარებული გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოების თაობაზე. მხარეებს შორის გაიმართა ონლაინ შეხვედრა, სადაც მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების [ICOMOS; ICCROM] მხრიდან გამოითქვა სრული მზადყოფნა მიმდინარე და სამომავლო სამუშაოებში მათი ჩართულობისა და რეკომენდაციების მოწოდების თაობაზე.
შეხვედრაზე მრჩეველთა ორგანოების მხრიდან მოწონებულ იქნა განხორციელებული პირველადი გადაუდებელი და პრევენციული საკონსერვაციო სამუშაოების მეთოდოლოგია, ასევე, ხაზი გაესვა კომპლექსური, მულტიდისციპლინური და გრძელვადიანი საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების გადაუდებელ აუცილებლობას.“ – წერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.
სააგენტო ასევე წერს, რომ „სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი 1994 წლიდან სამთავროს მონასტერსა და ჯვრის მონასტერთან ერთად შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, სახელწოდებით „მცხეთის ისტორიული ძეგლები“.
2009 წელს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 33-ე სესიაზე, მცხეთის ისტორიული ძეგლები გადატანილ იქნა საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში, ხოლო 2016 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესიის გადაწყვეტილებით, მცხეთის ისტორიული ძეგლები დაბრუნებულ იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.
2018 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 42-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, შეასრულოს 2018 წლის თებერვალში განხორციელებული მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის /ICOMOS/ICCROM-ის ერთობლივი რეაქტიული მონიტორინგის მისიის მიერ მცხეთის ისტორიული ძეგლების, მათ შორის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის, საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე მიღებული რეკომენდაციები“.
სვეტიცხოველი / უკან ფონზე ჯვრის მონასტერი / 23.03.2025
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლის, გელათის ტაძრის რეაბილიტაცია 2018 წელს დაიწყო, თუმცა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ძეგლს სერიოზული პრობლემები შეექმნა.
„მშენებლობიდან გადმოვარდა პატარა ქვა, მომხვდა და დავეცი, ფეხი დავიზიანე,“ – ამბობს ბათუმში, არქეოლოგიურ მუზეუმთან მცხოვრები თამარ თეზუაშვილი, რომელიც ძველ იტალიურ ეზოში ცხოვრობს და ვის მეზობლადაც მრავალსართულიანი კორპუსი შენდება. თამარ თეზუაშვილის თქმით, მშენებლობის ზედამხედველმა უთხრა, რომ „მალე გაუვლის“.
ჭავჭავაძის 77-ში მდებარე იტალიურ ეზოში, ავარიულ, ბარაკული ტიპის სახლებში ამ დრომდე 18-მდე ოჯახი ცხოვრობს. იტალიურ ეზოში მცხოვრებ ადამიანებს – მათ მეზობლად დაუცველი მშენებლობის გამო – საკუთარ ეზოში გავლა აშინებთ. ისინი გვიყვებიან, ბავშვებს ვდარაჯობთ, მანქანასაც დაეცა მშენებლობიდან გადმოვარდნილი ძელიო.
მეორე მხრიდან კი, ამ ეზოს მეზობელი არქეოლოგიური მუზეუმია. წლების წინ საერთო ეზოში მცხოვრებ ადამიანებს, რომელთა იურიდიული მისამართი მელიქიშვილის #36 იყო, მისამართი შეუცვალეს არაფერი უკითხავთ და მუზეუმის ეზოსთან გააერთიანეს.
საკუთრების გამიჯვნაზე ამ დრომდე „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა მოქალაქეებს პასუხსაც კი არ სცემს. ამ ეზოშიც ინვესტორის შემოყვანა სურთ, თუმცა იმის გამო, რომ კერძო საკუთრება სახელმწიფოსგან [არქეოლოგიური მუზეუმის საკუთრება] გამიჯნული არ არის, ინვესტორთან შეთანხმება ვერ ხერხდება.
იტალიური ეზო ჭავჭავაძის ქუჩაზე
იტალიურ ეზოში მცხოვრები ადამიანები ჰყვებიან, რომ გაუსაძლისი გახდა ცხოვრება შუა ქალაქში, მუზეუმის გვერდით: ძველ სახლებში გააქტიურებული მშენებლობების პარალელურად კედლებზე ბზარებმა იმატა, რამდენიმე სახლში იატაკი ჩავარდა იმის გამო, რომ ბარაკული ტიპის სახლები ძველი და ავარიულია, აქ გაზის შეყვანაზეც უარი უთხრეს. მუზეუმის გვერდით მდებარე სახლებში ზამთარში ამ დრომდე შეშის ღუმელზე თბებიან.
„ეს ცხოვრებაა, ჩვენ რომ ვცხოვრობთ? მთავრობაში ვინც მუშაობს, 5 და 6 ბინა აქვთ, ჩვენ ერთი ბინა ვერ გავაკეთეთ,“ – ამბობს თამარ თეზუაშვილი და თან მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ქვის შედეგად დაზიანებულ ფეხს გვაჩვენებს. ეზოში გამოსული მეზობლები დასძენენ, ქვაც აგერაა, არ გადაგვიგდია, სამხარაულის ექსპერტიზა უნდა მოვიყვანოთო.
ვენერა პატარაია იმ ქვას გვაჩვენებს, რომელიც მის მეზობელს მოხვდა
„სულცვივა ქვები, ფიცრები, რკინები, ამას რომ ჩამოიღებენ, მერე უნდა ნახო, რა ხმაურია. მეშინია ამ მხარეს სიარულის, როდის რა იქნება, არ იცი,“ – გვითხრა ვენერა პატარაიამ.
„პატარა ბავშვები გვყავს, გვეშინია, სულ ვდარაჯობ, რამე არ ჩამოვარდეს, ხომ ხედავთ, რომ უსაფრთხოება არ არის…,“ – გვიყვება გია ლურსმანაშვილი.
„როგორ დაუშვეს ეს, თან არქეოლოგიური მუზეუმის გვერდით და მოსახლეობის შუაში? მათ რომ სჭირდებათ, ყველაფერს აკეთებენ. ჩვენ რომ გასაჭირი გვაქვს, არავინ გვეხმარება,“ – ამბობს თამარ არველაძე და იქვე გვაჩვენებს, ეზოში შემოვლითი გზით როგორ შედის, თან გვიყვება, ბათუმის უკვე ყოფილ მერს, არჩილ ჩიქოვანსაც შევხვდით, მაგრამ არც უსაფრთხოების პრობლემა მოგვარდა და მიწის გამიჯვნაშიც არცერთი სახელმწიფო უწყება არ გვეხმარებაო.
მოქალაქეების თქმით, მთავრობამ არც ის გაითვალისწინა, რომ არქეოლოგიური მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კრძალავს ისეთ მშენებლობას, რომელიც დაჩრდილავს ძეგლს.
იტალიურ ეზოში გვიყვებიან, რომ თავდაპირველად მათ მეზობლად 10, 15 და 18 სართულიანი კორპუსები უნდა აშენებულიყო, ახლა კი, 28 სართული შენდება.
იტალიური ეზოს მეზობლად კორპუსს კომპანია „ბმ ჯგუფი“ აშენებს. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცულია, რაც პერიოდულად მოწმდება შესაბამისი სამსახურების მიერ. მათი თქმით, მშენებლობიდან იტალიურ ეზოში არაფერი ჩავარდნილა.
კომპანია „ბმ ჯგუფში“ განმარტეს, რომ თავდაპირველად კომპანია იტალიური ეზოს ტერიტორიაზეც აპირებდა მშენებლობას და ამ ოჯახებთან ხელშეკრულებები გაფორმდა, თუმცა საბოლოოდ არქეოლოგიურ მუზეუმთან მიწის გამიჯვნა ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება სართულების დამატებას – კომპანია „ბმ ჯგუფში“ გვითხრეს, რომ საცხოვრებელი კორპუსი ძველი პროექტით შენდება, რაც თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, 18 სართულის აშენებას გულისხმობდა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათ ბათუმის მერიას მიმართეს და სართულების დამატება ითხოვეს, თუმცა ჯერ უცნობია, ბათუმის მერია ამ მისამართზე რამდენი სართულის დამატებას დათანხმდება.
„როგორც იცით, ამ ობიექტს ვიდრე ჩვენ ავიღებდით, არ შესრულდა პირობა და 14 წელი გაჩერებული იყო, ტბა დადგა და ხალხი თევზაობდა უკვე… ჩვენ რომ ავიღეთ ეს ობიექტი, ბინები უკვე გაყიდული იყო, 5 ათასი კვადრატი დამრჩა მე გასაყიდი. თავის დროზე იმ პირობით ავიღეთ, რომ სართულს დაგვიმატებდნენ, თუმცა ჯერ-ჯერობით ძველი პროექტით ვაშენებთ.
გვესმის ამ ადამიანების გაღიზიანება – გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, მაგრამ მათი გაღიზიანების საფუძველი ისაა, რომ მიწის გაყოფა ვერ მოხდა, რა იყო ინტერესი, არ ვიცით“, – უთხრეს „ბათუმელებს“ შპს „ბმ ჯგუფში“.
რატომ ვერ ხერხდება თანასაკუთრების გამიჯვნა სახელმწიფოსთან? – „ბათუმელებს“ ქონების მართვის სააგენტოს პრესცენტრში უთხრეს, რომ ინფორმაციას მესამე პირების შესახებ ვერ გასცემენ და თუ საჭიროდ ჩათვლიან, თავად გაავრცელებენ ინფორმაციას.
„ბათუმელები“ ბათუმის მერიასაც დაუკავშირდა – რას აკეთებს მერია ამ იტალიურ ეზოში მცხოვრები ოჯახების პრობლემების გადასაჭრელად? ბათუმის მერიისგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.
ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა ფეისბუქზე ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.
„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ლაშა უჩავას ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ტექსტს:
„თქვენ ექიმები ხართ, თქვენი საქმე აკეთეთ!“
არ არსებობს პროფესია, რომელიც გავალდებულებს, ჩუმად იყო, როცა უყურებ უსამართლობას. როცა მშვიდობიან ახალგაზრდებს სცემენ, როცა უსამართლოდ ასამართლებენ და ციხეში სვამენ, როცა მედიას ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევენ, როცა სამოქალაქო პროტესტს ახშობენ — ეს აღარ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი. ეს არის ბრძოლა ადამიანობაზე, ეს არის ბრძოლა თავისუფლებაზე
როგორც ექიმს, ჩემი საქმე მხოლოდ სხეულის კი არა, ადამიანობის დაცვაც არის.
როცა სხეულებს ცემით ანგრევენ და გონებას შიშით მართავენ — ეს ჩემს საქმესაც ეხება.
როცა სისტემა არა ავადმყოფობას, არამედ თავისუფალ აზრს ებრძვის — ყველა მოქალაქემ უნდა ამოიღოს ხმა, თუნდაც თეთრი ხალათით და ეს სურვილი კი არა ვალდებულებაა
ვინც ამბობს, „ყველამ თქვენი საქმე აკეთეთ“, უნდა იცოდეს — ჩემი საქმეა დავიცვა სიცოცხლე, სამართლიანობა და თავისუფლება, ისევე, როგორც ნებისმიერი სახელმწიფოსი, რასაც კონსტიტუცია ავალდებულებს და ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანის, რასაც მისი მოქალაქეობრივი ვალი ავალდებულებს.
თითქმის ყველა ფაკულტეტზე და მათ შორის მედიცინის ფაკულტეტზე ისწავლებოდა სამოქალაქო თავდაცვა, სადაც გვასწავლიდნენ საკუთარი თავის და სხვის დაცვას, რეპრესიებისგან, საფრთხეებისგან და ასე შემდეგ. დიახ, სწორედ ამიტომ არ ვარ ჩუმად და არ შეიძლება იყო ჩუმად, რადგან დღეს – ისინი, ხვალ – ჩვენ და ზეგ თქვენ იქნებით სისტემის მსხვერპლი.
არის მომენტები, როცა ექიმის პროფესია არ მთავრდება კლინიკაში, არ მთავრდება დუმილით და „ნეიტრალობით“.
„თქვენ ექიმები ხართ, თქვენი საქმე აკეთეთ!“
მიპასუხეთ, როცა ქუჩაში, ჩემი პაციენტი უსამართლოდ ცემით მიჰყავთ – ჩემი საქმე სად მთავრდება?
როცა ციხეში ხვდება ახალგაზრდა, რომელსაც გუშინ რჩევას ვაძლევდი – ჩემი საქმე ამ დროს რას მეუბნება?
როცა მჩაგვრელ ხელისუფლებას მხოლოდ სიჩუმე აძლიერებს – ექიმი უნდა გაჩუმდეს?
ვინც მართლა საკუთარი საქმის კეთებას გვისურვებთ — უნდა იცოდეთ:
სწორედ ამ საქმის ნაწილია და ზოგადად ადამიანობის ნაწილია — ადამიანის უფლებების დაცვა და სხვის ჩაგვრაზე ხმის ამოღება, მანამ, სანამ მჩაგვრელი შენთან მოვა“.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ კიდევ ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
სასამართლო პროცესს ნიკა გვარამია არ დასწრებია, სასამართლოში მისი ადვოკატები იმყოფებოდნენ. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან წავიდა.
ნიკა გვარამია ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. პროკურატურა მას „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას ედავება. კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანია.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურამ მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დააკმაყოფილა.
აღნიშნული ბრალდებით უკვე დააკავეს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ორი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მელია. ამავე ბრალდებით ასევე დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი.
„მე ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას და არა „ქართული ოცნების“ კონსტიტუციას. ამისთვის თუ პატიმრობა უნდა გადავიხადო, კი ბატონო, გადავიხდი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ მისთვის პატიმრობის შეფარდებამდე ცოტა ხნით ადრე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 ივნისის 21 საათიდან 14 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგან, დღისით უმეტეს რაიონში ელვა-ჭექა და წვიმა;
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში:
დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო
ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა – 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 15 და 16 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია ელვა-ჭექა და წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 001 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220]
ტანკი – 10 934 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 22 791 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 29 105 ერთეული [+42]
MLRS – 1 416 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 184 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 40 507 ერთეული [+72]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 337 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 51 821 ერთეული [+106]
სპეცტექნიკა – 3 914 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
663 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
63 105 უპილოტო საფრენი აპარატი
611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
23 874 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
26 088 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
36 763 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების მონაწილეს, 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
პროკურატურა მას ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
განაჩენის გამოცხადებას მათე დევიძე არ დასწრებია. მან მოკლე სიტყვით მიმართა დარბაზში მსხდომებსა და საზოგადოებას, შემდეგ კი დარბაზი დატოვა.
„სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“ – ასე გამოსძახა დარბაზში მსხდომებს მათე დევიძემ მაშინ, როცა ხელბორკილებით გაჰყავდათ.
გთავაზობთ მათე დევიძის დასკვნით სიტყვას სრულად:
„სალამი თანამებრძოლებო!
ეს სიტყვა ჩემთვის ყოველთვის ასოცირდებოდა შუა საუკუნეებთან, მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს არსებობს ისეთი გარემოება, რომ თანამებრძოლები უნდა ვიყოთ ერთმანეთის.
იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენს სანახავად მოვდიოდი და დღეს ალბათ ბოლო დღეც იქნება. ვფიქრობ, დიდი ხანი ვეღარ გნახავთ. მეც მაქვს პატარა იმედი, მაგრამ, რაღაცა იქნება, რა …
იცით ყველამ, რომ თელავიდან ჩამოვდიოდი თბილისში აქციებზე… – ბოდიში, ვნერვიულობ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს – …ჩამოვდიოდი აქციებზე, რადგან თანამოაზრეებთან ერთად გამეპროტესტებინა მშვიდობიანი პროტესტით ევროკავშირის კურსიდან გადახვევა.
19 ნოემბრის გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე როცა დაიწყო ფორმიანმა დაჯგუფებამ იმ პატარა ლამაზი სამყაროს დანგრევა, მაგ დროს ორი დღის უძილო ვიყავი. ძალიან, ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა.
როცა დაიწყეს ჩვენზე გადამეტებული ძალის გამოყენება, მე მოვყევი ამ შეხლა-შემოხლაში. ვეცადე გავრიდებოდი, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე. იცით, შემდეგ რაც მოხდა.
[რამდენიმე წუთით გაჩუმდა და ფიქრობს. მოსამართლემ შესთავაზა დაჯდომა, მაგრამ უარი უთხრა და საუბარი ფეხზე მდგომმა გააგრძელა.]
მაშინ, როცა ამდენი ჟურნალისტი და ახალგაზრდა დასისხლიანებული იყო, ვინმე პოლიციელი არის თუ არა პასუხისგებაში მიცემული?! თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ შედარება ჩვენსა და მათ შორის.
ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებასა და ფულს ამოფარებული და ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც სისხლს დავუდექით პირისპირ. ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს შეუსრულოთ ბრძანება.
მაპატიეთ, მეგობრებო, მაგრამ მე უნდა დავტოვო დარბაზი. იმიტომ, რომ არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა. მაპატიეთ, მაგრამ ვტოვებ თქვენს ბინძურ სამფლობელოს და იმედი მაქვს, თქვენ სახეს აღარასდროს ვნახავ [მიმართავს მოსამართლეს]“, – თქვა მათე დევიძემ.
„სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკული შეზღუდვა განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, საჯარო მოსამსახურეებთან ერთად, მრავალი წელია, ჩართულნი არიან შეურაცხმყოფელ და სიძულვილის კამპანიაში ხელისუფლების კრიტიკოსებისა და მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ.
ამასთან ერთად, ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკით, საჯარო მოსამსახურეები უმეტესად პასუხს არ აგებენ სოციალური მედიით საარჩევნო კამპანიაში უკანონოდ ჩართვის გამო,“ – „სამართლიანი არჩევნები“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონს.
„სამართლიანი არჩევნები“ საგანგაშოდ მიიჩნევს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების მიერ შსს-ში შეტანილ საჩივრებს, რომლებიც აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგაა მიმართული, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სოციალურ ქსელებში საჯარო პირების მიმართ კრიტიკული აზრი ამ პირებისთვის მიუღებელი ფორმით გამოთქვეს.
„მსგავსი პრაქტიკა წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მიერ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ სახიფათო ნაბიჯს,“ – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.
გუშინ, 11 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებმა შსს-ში უჩივლეს 17 პირს Facebook-ზე დაწერილი პოსტების გამო.
აღნიშნული საჩივრები ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის 6 თებერვალს „ქართული ოცნების“ მიერ დამატებულ 173¹⁶ მუხლს, რომლის თანახმადაც, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით იწვევს პირის დაჯარიმებას 1,500 ლარიდან 4,000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
„სამართლიანი არჩევნები“ წერს, რომ ამ ცვლილებების მიღების შემდეგ არაერთი მოქალაქის წინააღმდეგ იქნა საჩივარი წარდგენილი, რაც მეტწილად, მათ მიერ პოლიტიკური თანამდებობის პირებთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის (მათ შორის სოციალური მედიით) გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ისახავდა მიზნად.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და მათი პრაქტიკული იმპლემენტაცია ქმნის გამოხატვის თავისუფლების თვითნებური და კონსტიტუციის/საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ მისი შეზღუდვის რისკებს.
საქართველოს კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას.
გამოხატვის თავისუფლების სულისკვეთება ისეთი იდეებისა თუ შეხედულებების გავრცელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომელიც, არსებითად, დაკავშირებულია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეხედულებათა მრავალფეროვნებასთან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლებით დაცულია კრიტიკული შეხედულებების გავრცელება.
გარდა ამისა, პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და საჯარო მოსამსახურეებს, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით მაღალი ვალდებულება აქვთ, ვიდრე კერძო პირებს. საზოგადოების ნაწილისთვის შესაძლოა ყოველთვის არ იყოს მისაღები ცალკეული ინდივიდების გამოხატვა, თუმცა აღნიშნული გარემოება გამოხატვას კონსტიტუციურ-სამართლებრივი დაცვის მიღმა მყოფად არ გადააქცევს,“ – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დააჯარიმეს 5 000 ლარით.
„აქტივისტად მოვინათლე დღეს! მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე.
იგი ჯარიმის ქვითარს აზიარებს, რომელზეც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაჯარიმებულია 5 000 ლარით, 2025 წლის 3 მარტს რუსთაველის გამზირზე „შეკრებისა და მანიფესტაციების“ კანონის დარღვევისთვის.
საიას ინფორმაციით, სამი წლის ბავშვისთვის გაწეული არასწორი, არაკვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დაევალა სამედიცინო დაწესებულებას.
სამი წლის ბავშვისა და მისი ოჯახის ინტერესებს საიას ქუთაისის ფილიალი იცავდა.
„საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, 3 წლის პაციენტი სამედიცინო დახმარებისთვის მიიყვანეს ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. ბავშვს უცხო სხეული (პლასტმასის ბურთულა) ჰქონდა ყურში მოთავსებული და საჭირო იყო მისი ამოღება.
უცხო სხეულის ამოღებისას ექიმს სამედიცინო იარაღი ჩაუტყდა ყურის სასმენ მილში, რომლის ამოღებაც ვეღარ მოხერხდა. აღნიშნულის შედეგად ბავშვს განუვითარდა სახის ასიმეტრია და დაუზიანდა სასმენი მილი. ბავშვის დიაგნოზია სმენის მეორე ხარისხის დაქვეითება მარჯვენა ყურში, რის გამოც მას მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი“, – წერს საია.
მათივე ინფორმაციით, მცირეწლოვანის კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართა „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ და სასამართლოს.
„სააგენტომ გაწეული სამედიცინო დახმარების შემოწმების შედეგად დაადგინა მთელი რიგი დარღვევები. კერძოდ, გამოიკვეთა, რომ ბავშვის მიმართ არ იქნა გათვალისწინებული პედიატრიული გადაუდებელი მდგომარეობების შემთხვევაში პაციენტის საგულდაგულო გამოკვლევის/გასინჯვის მოთხოვნები, დიაგნოსტიკური ტესტების ერთდროული გამოყენების შედეგად არ იქნა შეფასებული რისკები და განხორციელებული მკურნალობა და სხვ.
პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ სამედიცინო დახმარების განმახორციელებელი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვისას, ექიმს 6 თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და დაევალა პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვისა და ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებას მათ სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. ხსენებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ გაწეულ სამედიცინო დახმარებას შედეგად არ მოჰყვა პაციენტის გამოჯანმრთელება. მეტიც, მისი მდგომარეობა პოსტოპერაციულად გართულდა და საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბავშვი დამატებით ოპერაციულ ჩარევას და ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს“, – წერს საია.
„სასამართლომ მიუთითა, რომ არასრულწლოვნის ასეთი მდგომარეობა იწვევს განგრძობად ნეგატიურ განცდებს და სტრესს, რის გამოც აშკარა იყო მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები“.
„დღეს რასაც ივანიშვილი და მისი მსახურები აკეთებენ პროპაგანდით და რუსული ტყუილებით, ასევე განსხვავებული აზრის გამო მოქალაქეების ამგვარი დევნით, არის საზოგადოების პროვოცირება, რომ ადამიანები ერთმანეთს კიდევ უფრო დაუპირისპირდნენ. ეს განუკითხაობა და უტიფრობა პოლიტიკური ელიტის მხრიდან იმდენად გამაღიზიანებელია, რომ ადამიანებისთვის ამის გაძლება ძალიან რთულია“, – „საქართველოს საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „ქართული ოცნების“ რეპრესიებს ეხმაურება.
ეკა გიგაური აქცენტს აკეთებს „ქართული ოცნების“ ქცევაზე, რომ მათ პროპაგანდის საშუალებით ხალხს დააჯერეს, რომ ყველაფერი, რაც მიუღებელია, სინამდვილეში მისაღებია.
„რამდენი წელია აღვივებენ შუღლს ყველა იმ პირის/ჯგუფის მიმართ, ვისაც მათგან განსახვავებული აზრი აქვთ. აჯერებენ საკუთარ მომხრეებს, რომ განსხვავებული აზრის გამო ადამიანის ცემა და ფიზიკურად განადგურება მოსულა! ამას აკეთებენ და დგანან, ხელს სხვებისკენ იშვერენ, თვითონ კი სეირს უყურებენ.
ოჯახები დაიყო, ადამიანები დააპირისპირეს ერთმანეთს და თვითონ ამ დროს ბიუჯეტს ქურდავენ და მდიდრდებიან.
საკუთარ მომხრეებს პროპაგანდით ისიც დააჯერეს, რომ პოლიციაში ქალების გაშიშვლება და გაუპატიურობით დაშინება ნორმალურია, ახალგაზრდების წამება და ცემით სიკვდილამდე მიყვანა კი მისაღები.
ეს არის ქართული საქმე?
არ ჩაყვეთ ივანიშვილს ამაში, ის წავა და თქვენი მეგობარი, მეზობელი, ოჯახის წევრი მუდმივად გეყოლებათ გვერდით! იყავით სოლიდარულები თქვენი ახლობლების მიმართ, ვისაც უსამართლოდ დევნიან და ციხეში უშვებენ! საქართველომ უნდა გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში და არა ვიღაცა რუსმა ოლიგარქმა,“ – წერს ეკა გიგაური.
დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 პოლიტიკოსი, აქტივისტი და ჟურნალისტია დაბარებული. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
მხოლოდ იანვრიდან მაისის ჩათვლით, 2025 წელს, პროკურატურამ საქართველოში ზუსტად 70 პირს წარუდგინა ბრალდება „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისთვის [„სისხლის სამართლის კოდექსში“ სამი მუხლი ეხება „ქურდულ სამყაროს“].
ამ 70-დან 46 კაცს ბრალი უშუალოდ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის მუხლით წარუდგინეს. – რას აჩვენებს ეს?
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხშირად გვხდება გამოძიების ვერსია: ფინანსური დავების მოგვარების მოტივით, მოქალაქეები და, მათ შორის, ბიზნესმენები სასამართლოს ნაცვლად „ქურდულ სამყაროს“ მიმართავენ.
მაგალითად, პროკურატურის ბოლო ახალი ამბავი „ქურდულ სამყაროზე“ 2025 წლის 16 მაისს გავრცელდა. პროკურატურამ მაშინ 11 პირს ერთდროულად დასდო ბრალი „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულის ჩადენაში – 4 პირს კი, უშუალოდ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვას ედავებიან.
„…ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტის მიზნით, მოდავე მხარეებმა „ქურდული სამყაროს“ წევრებს და ,,კანონიერ ქურდს“ მიმართეს, რომლებმაც არაერთი „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს და ერთ-ერთ მხარეს თანხის გადახდა მოსთხოვეს… საზღვარგარეთ მყოფმა ,,კანონიერმა ქურდმა“ მის მიერ მართულ „ქურდული სამყაროს“ წევრსა და მხარდამჭერებს დაავალა მოდავე მხარეებთან მოეწყოთ „ქურდული გარჩევები“. „ქურდული სამყაროს“ წევრები, მათი მხარდამჭერების მეშვეობით დაუკავშირდნენ მოდავე მხარეებს და მოაწყვეს ,,ქურდული გარჩევები“, – აცხადებდა პროკურატურა.
რას აჩვენებს პროკურატურის ოფიციალური მონაცემები, როცა მხოლოდ 2025 წლის პირველ 5 თვეში 70 ბრალდებულია „ქურდული სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულის ჩადენაში?
„როდესაც სახელმწიფო შენ თვალწინ ინგრევა და ხელისუფლების შტოები აღარ ფუნქციონირებს, როცა ხელისუფლება თავად გაძლევს მაგალითს – კანონის გვერდის ავლით, უკანონოდ მოაგვარო ყველაფერი, ბუნებრივია, ეს ადამიანებს უჩენს ორიენტაციას: მათაც არასახელმწიფოებრივი, არასამართლებრივი მეთოდები გამოიყენონ,“ – მიიჩნევს ადვოკატი ლია მუხაშავრია. ის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს საქმეებზე მუშაობს საქართველოდან.
ლია მუხაშავრია
ლია მუხაშავრიას აზრით, „ქართული ოცნების“ უკანონო მოქმედებები პირდაპირ კარნახობს მოქალაქეს, როგორ უნდა მოაგვარონ საკუთარი პრობლემები, თუმცა ამის მიუხედავად, იურისტის აზრით, მოქალაქეები საქართველოში მაინც გაცილებით უფრო პასუხისმგებლიანად უდგებიან საქმეს:
„ჩვენ ვცხოვრობთ ტოტალურად არასტაბილურ სიტუაციაში. ამღვრეულია წყალი, კანონი არ კანონობს და მიიღეს კანონები, რომლებიც სამართალს და სამართლიანობის პრინციპებს ძირეულად ანგრევენ.
ასეთ დროს ადამიანებს შესაძლოა გაუჩნდეთ სურვილი: თუ მაღალი თანამდებობის პირი ყველაფრის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, რიგითი მოქალაქე რატომაა გამონაკლისი? ადამიანები ფიქრობენ, რომ პრაგმატულად მოაგვარონ საკითხები, როგორც ეს მოუხერხდებათ, თუმცა მე მაინც მჯერა, რომ ამას არ აქვს ტოტალური და სოციალური ხასიათი. ეს მაინც ცალკეული შემთხვევაა,“ – უთხრა ლია მუხაშავრიამ „ბათუმელებს“.
ლია მუხაშავრიას დაკვირვებით, საზოგადოება დიდი ხანია არ ენდობა სასამართლოს და ეს არაა ახალი ამბავი. მისი აზრით, რაიმე ახალ ტენდენციასთან არ გვაქვს საქმე. უფლებადამცველის აზრით, „ოცნების“ ხელისუფლება სათავისოდ იყენებს „ქურდული სამყაროს“ საქმეებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ.
„ჩემი აზრით, ეს მოტივი არ მუშაობს ხალხში, რომ ეს გზა მიაჩნდეთ რეალური აღსრულების მექანიზმად… უფრო მუშაობს ის, რომ ხელისუფლება ცდილობს ყველა და ყველაფერი გამოიყენოს საარჩევნოდ თავის სასარგებლოდ. ამით უნდათ, რომ ე.წ. შავი სამყაროს მიწვდნენ და სამსახურში ჩაიყენონ. ეს ადამიანები ქვეყნიდან ძირითადად გასულები არიან და აკრძალული აქვთ შემოსვლა არაოფიციალურად. როცა იგებ, რომ შენი გულისთვის ადამიანი დაიჭირეს, ცდილობ, უშველო. ჩემი ინფორმაციით, ამ რესურსის გამოყენებას აქტიურად ცდილობს ხელისუფლება, როგორც საპატიმრო დაწესებულებებში, ისე უცხოეთში.
ეს მუხლი იმდენად საშიში მუხლია, ისე არის შესაძლებელი მისი ბოროტად გამოყენება და ინტერპრეტირება, მარტივად შეიძლება, ვიღაც მოიკითხო და კავშირი დაგაბრალონ.
ჩემი აზრით, ჩვენი საზოგადოება სასამართლო რეფორმის დასაწყისშივე მკვეთრად გაემიჯნა ე.წ. ქურდულ გარჩევებს. საზოგადოებამ თქვა: მირჩევნია, სასამართლო ხელისუფლება არსებობდეს. ამიტომაც, მე მაინც მგონია, რომ ეს მოცემულობა არაა იმით გამოწვეული, რომ საზოგადოებამ შეცვალა ორიენტაცია და „ქურდული სამყაროსკენ“ მიტრიალდა დავების გადასაწყვეტად.
უფრო მგონია, რომ ამას ერთი რამისთვის აკეთებენ – ე.წ. ქურდული სამყარო წევრების გავლენა გამოიყენონ სარჩევნო პერიოდში საზოგადოებაზე ზეწოლისთვის. მე ასე ვუყურებ ამას,“ – გვითხრა ლია მუხაშავრიამ.
ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩა – მემედ აბაშიძისა და გორგილაძის ქუჩებს შორის მონაკვეთში – გადაკეტილია.
აქ ქვაფენილი აყარეს და ასფალტი უნდა დააგონ.
მემედ აბაშიძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთა, ბათუმი / 12.06.2025
რუსთაველისა და მემედ აბაშიძის ქუჩებიდან მომავალი მანქანები კი გორგილაძის ქუჩაზე შემდეგი მარშრუტით გადავლენ: თავდადებულისა და აბაშიძის კვეთიდან – აბაშიძის ქუჩით ევროპის მოედნამდე და იქიდან მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩით გააგრძელებენ.
ქუჩის გადაკეტვის გამო დროებით შეიცვალა 7, 7ა და 11 ნომრით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტიც.
მემედ აბაშიძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთა, ბათუმი / 12.06.2025
ქალაქის მერიის ინფორმაციით თავდადებულის ქუჩა აღნიშნულ მონაკვეთში 14 ივნისამდე იქნება გადაკეტილი.
დემეტრე თავდადებულის ქუჩა, ბათუმი / 12.06.2025
ბათუმში ქვაფენილი აყარეს რუსთაველის ქუჩის ნაწილზე. ქვაფენილის აყრა რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე ოქტომბრიდან გაგრძელდება.
ზურაბ გორგილაძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთა, ბათუმი / 12.06.2025
რომელი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სამუშაოები თავდადებულის ქუჩაზე? აყრიან თუ არა ქვაფენილს ლუკა ასათიანის [გორგილაძიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში], ასევე მარჯანიშვილის ქუჩებზე და როდის? – ამ კითხვით „ბათუმელები“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაუკავშირდა.
სამმართველოს ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთში ქვაფენილის აყრას და ასფალტის დაგებას მერია პერიოდული შეკეთების ფარგლებში ახორციელებს და სამუშაოებს კომპანია „ბონდი-2009“ ასრულებს.
„რაც შეეხება სანიაღვრე ქსელს, ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში სამუშაოები „ბათუმის წყალმა“ შეასრულა. ლუკა ასათიანისა და მიმდებარე ქუჩებზე ქვაფენილების აყრა კი, ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილი არ არის“ – გვითხრეს მერიის სამმართველოში.
დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტია დაბარებული. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
სასამართლოში დაბარებულნი არიან:
ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი;
დეა მამისეიშვილი – ჟურნალისტი;
ეკა მიშველაძე – ჟურნალისტი;
ვახო სანაია – ჟურნალისტი;
ვიკა ბუკია – ჟურნალისტი;
მიშა მშვილდაძე – ჟურნალისტი;
თამარ ჩერგოლეიშვილი – პოლიტიკოსი;
ელენე ხოშტარია – პოლიტიკოსი;
ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი;
ალეკო ელისაშვილი – პოლიტიკოსი;
გიორგი ქადაგიძე – აქტივისტი;
გიორგი ტუმასიანი – აქტივისტი;
ქეთი მოლაშვილი – აქტივისტი;
მარიამ გეგუჩაძე – აქტივისტი;
ბაია პატარაია – აქტივისტი;
ანა სუბელიანი – აქტივისტი;
დავით ქაცარავა – აქტივისტი.
ირკვევა, რომ მოქალაქეების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიერ სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების შესახებ საჩივარი „ქართულ ოცნებას“ 6 ივნისს აქვს შეტანილი შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საიას განმარტებით, საჩივრების სამართლებრივი საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახლად ამოქმედებული 17316-ე მუხლი, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ისეთი ქმედებებისთვის როგორიცაა: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/ მასთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან/საქმიანობასთან დაკავშირებით.
ამ ქმედებისთვის განსაზღვრულია 1 500-დან 4 000-მდე ლარი ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა.
„საიას შეფასებით, ეს წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას, ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ ქართული ოცნების ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან.
გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფოს ავალდებულებს, თავი შეიკავოს გამოხატვის თავისუფლებაში თვითნებური ჩარევისგან, რითაც უზრუნველყოფილი იქნება იდეებისა და მოსაზრებების თავისუფალი გაცვლის შესაძლებლობა”.
ფეისბუქზე დაწერილი სტატუსების გამო დევნა „ქართულმა ოცნებამ“ 6 ივნისს დაანონსა. კერძოდ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც პარტიის აზრით შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა.
„სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას, და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც აქვთ თმენის მაღალი ვალდებულება, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება იქნება მასობრივი ცენზურის პრეცედენტი,“ – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ეხმაურება დღეს, 12 ივნისს ჩანიშნულ სასამართლო პროცესებს.
გუშინ, 11 ივნისს, ცნობილი გახდა რომ სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტების გამო სასამართლოში დაიბარეს.
მოქალაქეების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიერ სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების შესახებ „ქართულ ოცნებას“ 6 ივნისს აქვს საჩივარი შეტანილი შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საჩივრების სამართლებრივი საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახლად ამოქმედებული 17316-ე მუხლი, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ისეთი ქმედებებისთვის როგორიცაა: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/ მასთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან/საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ ქმედებისთვის განსაზღვრულია 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა.
აღნიშნული საჩივრების საფუძველზე 2025 წლის 11 ივნისს მასობრივად დაიწყო მოქალაქეების დაბარება სასამართლოში.
„საიას შეფასებით, ეს წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას, ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ ქართული ოცნების ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან.
გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფოს ავალდებულებს თავი შეიკავოს გამოხატვის თავისუფლებაში თვითნებური ჩარევისგან, რითაც უზრუნველყოფილი იქნება იდეებისა და მოსაზრებების თავისუფალი გაცვლის შესაძლებლობა.
გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფოებს ასევე პოზიტიური ვალდებულებებს უწესებს, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, ინდივიდების ან ჟურნალისტების დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნის პარალელურად, შექმნან გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა დაინტერესებული პირის საჯარო დებატებში მონაწილეობას, რაც მათ საშუალებას მისცემს შიშის გარეშე გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და იდეები, მაშინაც კი, თუ ისინი გამაღიზიანებელად ან შოკისმომგვრელად აღიქმება საჯარო ფიგურების მიერ.
გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვები კრიტიკის ფარგლები საჯარო პირების მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირების მიმართ. შესაბამისად, პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით მაღალი ვალდებულება აქვთ, ვიდრე სხვა ნებისმიერ მოქალაქეს.
ეს მსჯელობა პოლიტიკური ფიგურების მიღმა, ასევე, ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საზოგადო მოღვაწედ, კერძოდ, იმ პირებზე, რომლებიც თავიანთი ქმედებებით ან თუნდაც რაიმე სხვა ფორმით არიან საზოგადოებრივ ასპარეზზე,“ – ვკითხულობთ საიას განცხადებაში.
საია განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს პოლიტიკოსებს, ან თუნდაც საჯარო ინსტიტუციებს ისეთ სუბიექტებად, რომელიც გაძლიერებული დაცვის ქვეშ უნდა იყვნენ შეურაცხყოფის ან დაცინვისაგან.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას, და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც აქვთ თმენის მაღალი ვალდებულება, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება იქნება მასობრივი ცენზურის პრეცედენტი.
„აქვე, გარდა იმისა, რომ, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემა სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოიყენება, ხაზი უნდა გაესვას მართლმსაჯულების აღსრულების შერჩევით სტანდარტსაც.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2024 წლის აპრილი – მაისის „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციების დროს, კანონის მოწინააღმდეგეებს, აქტივისტებს, უფლებადამცველებს, მათი ოჯახების წევრებს და ჟურნალისტებს აქტიურად ურეკავდნენ უცხო ნომრებიდან, აგინებდნენ აქციაზე მონაწილეობის გამო და ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. ეს მუქარა იყო რეალური, რადგან რიგ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც.
2024 წლის 31 მაისს საჯაროდ გავრცელებული განცხადებისა და ვიდეოს შედეგად, ნათელი იყო, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე წარმოადგენდა ერთ-ერთ იმ პირს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და რუსული კანონის სხვა მოწინააღმდეგეების მიმართ ორგანიზებულ დევნას ახორციელებდა.
რაც გამოიხატებოდა კონკრეტული ჯგუფის გამორჩევასა და მის მიმართ სხვადასხვა რეპრესიული ზომის (მაგალითად, სატელეფონო ზარები, კერძო საკუთრების დაზიანება) გატარებაში.
ამ ყველაფერს კი არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია“, – წერს საია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 000 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
ტანკი – 10 933 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 22 786 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 29 063 ერთეული [+47]
MLRS – 1 413 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 184 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 40435 ერთეული [+138]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 337 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 51 715 ერთეული [+136]
სპეცტექნიკა – 3 914 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
663 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
63 105 უპილოტო საფრენი აპარატი
611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
23 874 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
26 088 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
36 763 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმის მერიის ცნობით, 12 ივნისს, 02:00 საათიდან ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე – მემედ აბაშიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთში.
მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე დაგეგმილი გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
„სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა, არსებული ქვაფენილის დემონტაჟი და ასფალტის საფარის დაგება. აღნიშნული სამუშაოები 13 ივნისის დღის ბოლომდე დასრულდება“ – აცხადებს მერია.
12 და 13 ივნისს, დროებით შეიცვლება მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემა. კერძოდ:
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა ვალერი ქოჩიაშვილი, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. ამის შესახებ თავად ვალერი ქოჩიაშვილმა ისაუბრა ტიკტოკის საკუთარ გვერდზე.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მოსამართლე სალიხ შაინიძეს განუხილავს 10 ივნისს.
„მოვიწოდებ მთავრობას, დროულად გააძევონ გერმანიის ელჩი საქართველოდან. რისთვის ვითმენთ და კიდე მე მაჯარიმებთ 1000 ლარით?!“ – ამბობს ვალერი ქოჩიაშვილი ამ თემაზე ჩაწერილ ერთ-ერთ ვიდეოში, ტიკტოკზე.
18 მაისს ქოჩიაშვილმა ბათუმში მყოფ გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს აგინა.
ვალერი ქოჩიაშვილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც გამოირჩევა ტიკტოკში აქტიურობით. ის სოციალურ ქსელში აკრიტიკებს და ლანძღავს ოპოზიციას. ამ შემთხვევას გერმანიის საელჩოც გამოეხმაურა.
„საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა“, – განაცხადაგერმანიის საელჩომ 21 მაისს.
ბათუმში გამართულ „ბათუმობა 2025“-ის ფარგლებში ქალაქის ბიუჯეტიდან ტორტში და სხვადასხვა სარესტორნო მომსახურებაში 18 ათასი ლარი დაიხარჯა. ცალკე 70 ათასი ლარია გადახდილი „შერატონში“ გამართულ ვახშამში.
გასაჯაროებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით დგინდება, რომ „ბათუმობა 2025“-სთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 335 ათასზე მეტი ლარია დახარჯული.
ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, რომ „ბათუმობა 2025“-სთვის სარესტორნო მომსახურება ბათუმის სხვადასხვა ადგილას შეუკვეთეს და ჯამში 17 369 ლარი გადაიხადეს. ცალკე 1000 ლარია გადახდილი ერთ ცალ თეთრ ტორტში.
ასევე, ინდმეწარმე გელა გოჩოლეიშვილზე გადახდილია 3 700 ლარი – „ბათუმობის“ ფარგლებში მოწვეული დელეგაციის ტრანსპორტით მომსახურებაში.
ზემოთ აღნიშნულ ხარჯებს [ჯამში 22 069 ლარს] თუ გავითვალისწინებთ, გამოდის რომ „ბათუმობა 2025“-ისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 335 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა. აქედან:
114 ათასი ლარი – ღონისძიების ორგანიზებაზე
109 ათასი ლარი – მომღერლების ჰონორარებში
70 ათასი ლარი – ვახშამში [„შერატონი“]
20 ათასი ლარი – სასტუმროს ნომრებში
„ბათუმობა“ 2025 წლის 3 და 4 მაისს გაიმართა, თუმცა, არც მერიამ და არც ბათუმის კულტურის ცენტრმა რესტორნის ხარჯების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ არ მიაწოდა. შესყიდვების პორტალზე არც ხელშეკრულებებია ატვირთული, შესაბამისად, კვლავ უცნობია რამდენი პირისთვის დაიქირავეს სასტუმროს ნომრები და ასევე, რამდენი პირი იყო მიწვეული რესტორნებსა თუ „შერატონში“ გამართულ ვახშამზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ 11 ივნისს, გამთენიისას, უკრაინულმა ჯარებმა რუსეთში დრონებით შეუტიეს ტამბოვის დენთის ქარხანას, კურსკის ოლქში მდებარე საბრძოლო მასალის საწყობსა და ვორონეჟის ოლქში, აეროდრომზე მდებარე საწყობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ტამბოვის დენთის ქარხანაში დაზიანდა ობიექტები და ხანძარი გაჩნდა. ეს საწარმო აწარმოებს დენთს სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის, არტილერიისა და სარაკეტო სისტემებისთვის.
უკრაინული დრონების თავდასხმის შესახებ ვრცელდება ცნობები რუსულ მედიაში და სოციალურ ქსელებშიც.
რუსეთის ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა ევგენი პერვიშოვმა სოციალურ ქსელებში დაწერა უკრაინული დრონების მასობრივი თავდასხმის მოგერიების შესახებ. მისი თქმით, ერთი დრონის ჩამოგდების შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც ჩააქრეს და მსხვერპლი არ ყოფილა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ასევე დაარტყეს საბრძოლო მასალის საწყობს კურსკის ოლქში.
ამ რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრ ხინშტეინმა, განაცხადა, რომ უკრაინულმა დრონებმა მშვიდობიანი მოქალაქე დააზიანეს. მან ასევე დაწერა ორი პირველადი დახმარების და სამეანო პუნქტის დაზიანების შესახებ.
რაც შეეხება ცნობას ვორონეჟის ოლქში მდებარე აეროდრომზე თავდასხმის შესახებ, რუსული მხარე, კერძოდ, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრე გუსევი ამბობს, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15-ზე მეტი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მაგრამ მსხვერპლი ან ზარალი არ ყოფილა.
ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე წერს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი მარიამ ლაშხი უჩივის სასამართლოში, იმის გამო, რომ ფეისბუქზე მონა უწოდა.
„ხვალ დამიბარეს სასამართლო პროცესზე.
მიჩივის მარიამ ლაშხი, ფეისბუქზე დაწერილი სტატუსის გამო სადაც მას მონა ვუწოდე:))
Mariam Lashkhi -მონა ხარ მარიამ. რამდენჯერაც არ უნდა იჩივლო, ამას ვერაფერი შეცვლის.
მოსამართლეა ნინო ენუქიძე.
პროცესი 15:00.
ადვოკატი მჭირდება, ვის გცალიათ?“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სტუდენტებს: ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, 2 შვილის დედას, მაგდა მამუკაშვილს კი 4 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
ლიკა ლორთქიფანიძემ და თათია აფრიამაშვილმა დღეს, 11 ივნისს დატოვეს იზოლატორი 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ.
თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] თურქეთში არ დაუკავებიათ. ინფორმაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ დაგვიდასტურეს. ეს ორგანიზაცია საიასთან ერთად თემურ ქათამაძის ინტერესებს იცავს.
წინასწარი ინფორმაციით, საქართველოდან გაძევებული თემურ ქათამაძე ორდუს საგამოძიებო ორგანოში გამოჰკითხეს და გაათავისუფლეს. ამ ეტაპზე თემურ ქათამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება. დეტალები ზუსტდება.
„მისი მეგობრისგან გავიგეთ, რომ გაუშვეს, მაგრამ რა საფუძვლით გაუშვეს, რა პროცედურებია წინ, ჯერ ეს დეტალები გადამოწმებული არ არის,“ – გვითხრეს „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“.
თემურ ქათამაძეს თურქეთის პროკურატურა, „ბათუმელებისთვის“ მიწოდებული დოკუმენტების მიხედვით, ფეტულა გიულენთან კავშირს ედავება. იმ არგუმენტით, რომ მედროშე შესაძლოა თურქეთში პოლიტიკური პატიმარი გახდეს, ადვოკატები სასამართლოში მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლოებმა საქართველოში ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვეს.
თემურ ქათამაძე საქართველოდან იძულებით გუშინ ღამით გააძევეს.
————-
ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] „ქართული ოცნების“ რეჟიმმა საქართველოდან იძულებით დღეს, 11 ივნისს გააძევა. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და ბოლო 13 წელია ბათუმში ცხოვრობს. იმის მიუხედავად, რომ თემურ ქათამაძე სრულფასოვნად საუბრობს ქართულ ენაზე, უმაღლეს ქულებზე ჩააბარა კანონით დადგენილი გამოცდები ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში, მას არც საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს, არც ბინადრობა მისცეს და ლტოლვილის სტატუსზეც უარი უთხრეს.
თემურ ქათამაძის გაძევების პროცესი „ოცნებამ“ მას შემდეგ დაიწყო, როცა იგი პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა. თემურ ქათამაძე აქციებზე ყოველდღე საქართველოს დროშით ჩნდებოდა. მას ბათუმელი მედროშე შეარქვეს.
„არ შეიძლება მშობელს უთხრა ბავშვის გასაგონად: „ამოიყვანე აუზიდან, ფულს გიბრუნებ და წადით“, „შენ არ გითქვამს, რომ ასეთი აუტისტი იყო, თორემ არ მიგიღებდით“, „არ ვარ ვალდებული აგიტანოთ“, – ამბობს 12 წლის ქეთი ლიპარტელიანის დედა, გვანცა გულიაშვილი „ბათუმელებთან“.
ქეთი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია და დედასთან ერთად სურამში უნდა დაესვენა 5 დღით, მერიისგან მიღებული ვაუჩერით. თუმცა როგორც დედა, გვანცა გულიაშვილი ამბობს, მეპატრონემ ისინი აიძულა, სასტუმრო დაეტოვებინათ.
„ხუთი დღით უნდა დაესვენა ქეთის სურამში, სასტუმრო „ლეჯიანდრო სურამის“ მფლობელს, მადონა ხაჩიძეს ერთი თვით ადრე ვესაუბრე და მან იცოდა, რომ ჩემს შვილს ჰქონდა აუტისტური სპექტრი. ის არ ყოფილა წინააღმდეგი, მის სასტუმროში რომ დაესვენა ბავშვს.
მერიას არ ჰყავს კონტრაქტორი სასტუმროები, ის უბრალოდ შშმ ბავშვებს აძლევს 800-ლარიან ვაუჩერს და სასტუმროებს თავად მშობლები არჩევენ.
ერთადერთი იმაზე ჰქონდა პრობლემა, რომ მერიის ვაუჩერი ძალიან რთული გასანაღდებელია, რადგან 2 თვე სჭირდებაო, მაგრამ კარგი, წამოვალ ამ კომპრომისზეო. მე დავუმატე თანხა და შევთანხმდით.
მოლაპარაკებული ვიყავით, რომ ოთახი უნდა ყოფილიყო აივნიანი, მაგრამ დაგვახვედრა პირველ სართულზე პატარა, ბნელი ოთახი, პატარა ფანჯრით. ამ ოთახის ფოტო სასტუმროს გვერდზეც კი არ უდევთ.
ამაზე ხმა არ ამომიღია, უბრალოდ ვთქვი, რომ მე ველოდებოდი აივნიან ოთახს, მაგრამ ერთია ის, რომ გეუბნება – „მოდი“, რადგან ბანკის ვალი აქვს და ის 800 ლარი არ უნდა გაუშვას ხელიდან და მეორეა, რეალურად რამდენად მზად არის იმისთვის, თუნდაც ცნობიერების დონეზე, რომ მიგიღოს“, – ამბობს გვანცა გულიაშვილი „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, სასტუმროში ის და ქეთი 5 დღე უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა მეპატრონემ მეორე დღესვე აიძულა ისინი, დაეტოვებინათ სასტუმრო.
„იმავე დღეს, რამდენიმე საათში, როცა ვისადილეთ და ავედით აუზზე, შემოვიდა მადონა ხაჩიძე და სხვა დამსვენებლების თანდასწრებით, საკმაოდ ემოციურად მითხრა, რომ ბავშვი ხტუნაობდა ნომერში, ნომრის ქვეშ არის სამზარეულო და მე ვერ გაგაჩერებთო.
მითხრა, შენ არ გითქვამს, რომ ასეთი მძიმე აუტისტი იყო, თორემ არ მიგიღებდიო.
მაგდებთ-მეთქი? – ვკითხე და მიპასუხა – არ ვარ ვალდებული აქ 5 დღე აგიტანოთო.
ქეთის კი აქვს რთული ქცევა, მაგრამ არა ისეთი, რომ სხვას ზიანი მიაყენოს, არც თვითდაზიანება ახასიათებს და მით უმეტეს, არ ახასიათებს სხვისი დაზიანება.
როცა ქეთიმ დაიძინა, ისევ მოვიდა სასტუმროს მეპატრონე, მომიკაკუნა კარზე და მითხრა, ვაუჩერს დაგიბრუნებ, ბე დილის 12:00 საათამდე გაქვს გადახდილი და მერე დატოვე ოთახიო“, – ამბობს გვანცა.
მეორე დღეს გვანცამ და 12 წლის ქეთიმ სასტუმრო დატოვეს.
ამ შემთხვევის შესახებ გვანცა გულიაშვილმა ფეისბუქზე დაწერა. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მას დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაცია – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.
„ანა არგანაშვილი დამიკავშირდა. როგორც იცით, ის წლებია მუშაობს შშმ ბავშვებისა და ქალთა უფლებების დაცვაზე და მათი მეშვეობით ვაპირებ მივმართო სასამართლოს, რათა მადონა ხაჩიძეს დაუდგინდეს დისკრიმინაციული მოპყრობა ჩემი შვილის მიმართ.
პარლამენტის შშმ პირთა კომიტეტიდანაც დამირეკეს და შემომთავაზეს, რომ კომიტეტი და სახალხო დამცველის აპარატი კოორდინირებულად იმუშავებდნენ, შეისწავლიდნენ ჩვენ შემთხვევას, მაგრამ ჩემი, როგორც მშობლის, მეურვის სურვილია, მივმართო სასამართლოს, რომ დადგინდეს დისკრიმინაციის ფაქტი.
ვფიქრობ, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიყოთ სოლიდარულები და ჰუმანურები ყველა განსხვავებულის მიმართ, განსაკუთრებით კი ბავშვების მიმართ“, – ამბობს გვანცა გულიაშვილი.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც „ოცნების“ ხელისუფლებამ არასამთავრობოების წინააღმდეგ რეპრესიული კანონები შემოიღო, შშმ პირების მიმართ გარემო უფრო დისკრიმინაციული გახდა და გვანცა ფიქრობს, რომ ეს სწორედ ამ რეპრესიული კანონების შედეგია.
„როცა ეს ჩვენი „ე.წ. დამცველი ზურგი“ მოიხსნა და ადამიანებს გაუჩნდათ განცდა, რომ ჩვენი დამცველი აღარავინ დარჩა, მე ვგრძნობ დაგროვილ ნიაღვარს ზიზღის.
ეს ზიზღი განსხვავებული ადამიანების მიმართ ახლა იწყებს დინებას და თუნდაც ამიტომ არ შეიძლებოდა ამ კანონების მიღება არაფრით, რომ ეს იყო ის, რაც აკავებდა ამ საზოგადოებაში აგრესიულ მიუღებლობას.
იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ საინფორმაციო კამპანია აწარმოოს, ადამიანების ყურამდე მიიტანოს რა ხდება სინამდვილეში, როგორ უნდა იმოქმედონ, ბიძგი მისცეს დისკრიმინაციის წახალისებას ამ აგრესიული კანონებით“, – ამბობს გვანცა გულიაშვილი.
მისი თქმით, 12 წლის განმავლობაში მისი შვილი არ გამხდარა ასეთი აგრესიული დისკრიმინაციის მსხვერპლი.
„სად აღარ გვივლია, სად აღარ დაგვისვენია, პოზიტიური დისკრიმინაციით არაერთხელ შევწუხებულვართ, მაგრამ ასე გაგდება, პირდაპირი მნიშვნელობით – „წადი, იმიტომ, რომ აუტისტი ხარ“ – მართლა პირველად გადავაწყდით ასეთ რამეს.
სამწუხაროა ჩემთვის ამის გააზრება, რადგან ადამიანის უფლებების სფეროში ამხელა რესურსების დახარჯვის, ტრენინგების მიუხედავად, ადამიანების გარკვეულ ნაწილში მაინც ვლინდება ცნობიერების ასეთი დაბალი დონე.
ალბათ აქამდე ის აკავებდათ ადამიანებს, რომ კარგად მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები შშმ ბავშვების უფლებების დაცვაზე და ხელოვნურად მაინც ჰქონდათ ეს მიმღებლობა, დასწავლილი ჰქონდათ, იცოდნენ, რომ ასე იყო სწორი, მაგრამ როგორც კი ეს „დაცვა“ თითქოს მოიხსნა, ისევ დავბრუნდით იმ ნიშნულთან, სადაც ხვალ ან ზეგ, შესაძლოა, ისევ გვაიძულონ, რომ სახლში გამოვკეტოთ ჩვენი განსხვავებული საჭიროების მქონე შვილები, დები თუ ძმები.
როცა ბავშვების მიმართ ასეთი აგრესიაა, წარმოიდგინეთ რა სურათი შეიძლება მივიღოთ სხვა ტიპის განსხვავებულ ადამიანებთან მიმართ“, – ამბობს გვანცა გულიაშვილი.
მისი თქმით, შესაძლოა, განსხვავებული ბავშვები და ზოგადად ადამიანები, „უკიდურესად საშიში პერსპექტივების წინაშე აღმოჩნდნენ“.
„მე ეს საშიშროება დავინახე.
აუცილებელია ადამიანებს ესმოდეთ, რას ნიშნავს დისკრიმინაცია, რომ არ შეიძლება უთხრა ბავშვის მშობელს ბავშვის გასაგონად, რომელიც აუზშია, „ამოიყვანე, ფულს გიბრუნებ უკან და წადი“- ამბობს გვანცა გულიაშვილი.
„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა სურამში არსებული სასტუმროს მფლობელს, მადონა ხაჩიძესაც.
მადონა ხაჩიძე „ბათუმელებთან“ მისი მხრიდან დისკრიმინაციას უარყოფს, თუმცა კომენტარში, როცა ის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვზე საუბრობს, არ ერიდება დისკრიმინაციული პოზიციის გაჟღერებას.
„ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ არიან ისეთი ბავშვები, უბრალოდ გულს გტკენს მათი დანახვა“ – გვითხრა მან და იმაზეც გვიამბო, რომ 12 წლის შშმ ბავშვის დედას არ მოეწონა შეთავაზებული ოთახი, რასაც მოჰყვა უთანხმოება.
„მე აივნიანი ოთახი დაჯავშნეო – მითხრა. მე ვუთხარი, ამ სართულზე არც ერთ ოთახს არ აქვს აივანი, მაგრამ შესასვლელში არის პატარა აივანი და შეგიძლიათ იქ დასხდეთ-მეთქი.
რადგან უკმაყოფილო იყო, ავიღე ის 200 ლარი, ბე რაც ჰქონდა ჩარიცხული და ვეუბნები, ძალიან ბევრი სასტუმროა სურამში და იქნებ სხვაგან მოძებნოთ-მეთქი.
არ ვიცი, გადავწყვეტო – ასე მითხრა. ამ დროს ბავშვი არ მყავს თვალით ნანახი. ბავშვი და მამა ზედა ეზოში არიან თურმე. მერე ჩამოიყვანეს ბავშვი ეზოში. ეს ბავშვი აბსოლუტურად უსაფრთხო იყო, მაგრამ დიდი გოგოა ფიზიკურად, მაღალი. უცებ გაიქცეოდა, ყვიროდა ხმამაღლა და ხელების მოძრაობას აკეთებდა. ამ პერიოდში ყველგან არიან პატარა, წიწილა ბავშვები და იმათ ხომ ვერ აუხსნი, რომ აქ სხვა პრობლემაა, არ უნდა შეგეშინდეთ, მაგრამ ბავშვები გაიკრიბნენ, შეეშინდათ“ – ამბობს მადონა ხაჩიძე.
ამის გამო უთხარით გვანცას, რომ არ იყვნენ სასურველი სტუმრები თქვენთვის? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე მადონა ხაჩიძე პირდაპირ არ პასუხობს.
„ოთახში იწვა ბავშვი, გადახვეული საბანში და ხტუნაობდა. როცა ისადილა ყველამ, 7-8 ბავშვი აუზზე ავიდა და ქეთიც აიყვანა დედამ აუზზე. ეს ბავშვი ყვირის. მე მესმის, რომ შესაძლოა ამ ყვირილით სიხარულის ემოციას გამოხატავდა ბავშვი, მაგრამ რადგან ყვიროდა, ვიფიქრე, ზემოთ ბავშვებს არ შეეშინდეთ-მეთქი. წყალში რომ ჩახტა, სირბილი, ყვირილი და ხელების ქნევა დაიწყო“ – ამბობს მადონა ხაჩიძე.
მას ჩავეკითხეთ, ვფიქრობთ საზოგადოებას აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აუტისტური სპექტრის ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული საჭიროება და ახასიათებთ ხმამაღალი ემოციებიც, ეს არ უნდა ყოფილიყო, წესით, სიახლე თქვენი სტუმრებისთვის, მით უმეტეს, თუ იღებთ ზოგადად, შშმ ბავშვებს სასტუმროში, არა?
„2-3 წლის ბავშვებმა იციან რა არის აუტიზმი?“ – კითხვითვე მოგვმართა მადონა ხაჩიძემ.
მაშინ მას ვკითხეთ, თქვენ ფიქრობთ, რომ აუტისტი ბავშვები არ უნდა გამოჩნდნენ საჯარო სივრცეებში?
„როცა დედა ხედავ, რომ იქ არიან მცირეწლოვანი ბავშვები, შენ უნდა ჩაჰყვე აუზში. სხვის შვილებს არ აქვთ უფლება?“-ამბობს მადონა ხაჩიძე.
მას ასევე ვკითხეთ, მოსთხოვა თუ არა გვანცა გულიაშვილს სხვების თანდასწრებით, დაეტოვებინა აუზი.
„მე გვანცასთან მივედი და ჩუმად ვუთხარი, ბოდიშს გიხდით, მაგრამ იქნებ ბავშვი ამოიყვანოთ და წაიყვანოთ. მინდა ავუხსნა, რომ აუზში პატარა ბავშვები მხოლოდ ერთი საათით არიან, სხვა დროს აუზი თავისუფალია და მაინცადამაინც მაშინ უნდა ჩავიდეს აუზში ბავშვი, რომელიც ვერ აკონტროლებს ჟესტიკულაციას და ხმას?“ – გვითხრა მან.
შშმ ბავშვთა უფლებები ითვალისწინებს ინკლუზიურ გარემოს შექმნას შშმ ბავშვებისთვის, რომ ისინი არ იყვნენ გარიყულნი დანარჩენი საზოგადოებისგან, თუმცა მადონა ხაჩიძე ამბობს, რომ ის არც ასეთ ინკლუზიას ცნობს და არც ბავშვის ასეთ უფლებებს. „ბათუმელების“ კითხვებს მისი გაღიზიანება მოჰყვა:
„თქვენ ნორმალურები ხართ? თუ რა სექტა ხართ?
არ დამაცალა იმის თქმა, მაშინ ამოიყვანე ბავშვი აუზზე, როცა არავინ იქნება-მეთქი და თავზე დამამხო ყველაფერი და თქვენ მეუბნებით, რომ რადგან ინკლუზიური ბავშვის დედაა, იმიტომ უნდა მოვუთმინო? სადაც სხვანაირად არის, იქ წადით“- გვითხრა მან და ტელეფონი გათიშა.
მადონა ხაჩიძემ ასევე გვითხრა, რომ სასტუმრო ბიზნესის წამოწყებამდე დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა, თუმცა შვიდი წელია, რაც ბიზნესში გადაინაცვლა.
როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამარ გაბოძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში იკვეთება შშმ ბავშვის დისკრიმინაცია, რადგან სასტუმროს მეპატრონემ სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით გამოუშვა ბავშვი სასტუმროდან.
„რომ არ ყოფილიყო ეს ნიშანი, არ გამოუშვებდა სასტუმროდან, ხომ?!
იმიტომ აძლევს სახელმწიფო ამ ვაუჩერს ბავშვს, რომ ბავშვმა ისარგებლოს გართობის, დასვენების უფლებით, ამის შესაძლებლობა ამ პირმა არ მისცა მას, სწორედ იმ ნიშნით, რომ შშმ პირია.
დღესაც შშმ ბავშვები აწყდებიან დისკრიმინაციულ მოპყრობას მომსახურებებსა და სერვისების მიღების დროს, რადგან არ არსებობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ინკლუზიური გარემოს შექმნისთვის ეფექტური და ბავშვების ინტერესებზე მორგებული მექანიზმები“ – ამბობს თამარ გაბოძე.
რა ხდება ქვეყანაში, როცა ბოლო 10 დღეში კონკრეტული ადამიანები ჰყვებიან, თუ როგორ გაიტაცეს, თვალები აუხვიეს, ემუქრებოდნენ… და რაც მთავარია, ამ ყველაფერში ისინი ხელისუფლების მონაწილეობაზე საუბრობენ.
ამავე პერიოდში ეპისკოპოსი ამბობს, მთავრობის წევრი მონაზონს ჩემ მკვლელობას აიძულებდაო.
„…რაც ამ დღეებში ვიხილეთ – კონკრეტული ადამიანების თვითნებური გატაცება, დაკავება – ეს უკვე კრიმინალური გზებით სახელმწიფოს მართვას გულისხმობს. სწორედ მსგავსი ნიშნები ახასიათებს მაფია სახელმწიფოს.
მიტაცებული და კორუფციული სახელმწიფოს მატრიციდან საქართველო მაფია სახელმწიფოს მატრიცაში გადადის,“ – გვიყვება იურისტი თამთა მიქელაძე, რომელსაც ვკითხეთ: როცა უკვე ადამიანების გატაცებების შემთხვევებზე ვსაუბრობთ, რა ტიპის სახელმწიფოდ გადავიქეცით?
„მაფია სახელმწიფოს მოდელში მოქალაქეს ანაცვლებს კლიენტი, თანასწორობისა და უფლებების დაცვის იდეას – ერთგულება. „ქართლ ოცნებას“ დღეს აქვს ლეგიტიმაციის კრიზისი და ამ კრიზისში და წინააღმდეგობაში ძალაუფლების შესანარჩუნებლად მას სჭირდება ძალის დემონსტრირება.
ასეთ რეჟიმებს არ სჭირდება თავისუფალი ადამიანების თანხმობა, მას სჭირდება მხოლოდ ლოიალობა და ეს არის მისი ლეგიტიმაციის ძირითადი წყარო… ლოგიკა მარტივია: თუ გინდა, რომ რამე მიიღო სისტემაში, ლოიალური უნდა იყო სისტემის მიმართ, ან უნდა გაჩუმდე,“ – ამბობს თამთა მიქელაძე.
„ბათუმელებმა“ თამთა მიქელაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი:
წინა წლებში აშკარად იგრძნობოდა, რომ საქმე გვქონდა სახელმწიფოს მიტაცების ტენდენციასთან და ბიძინა ივანიშვილის პირად, არაფორმალურ გავლენებთან სამთავრობო სტრუქტურაზე. გვახსოვს პერიოდი, როცა, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა, პირადი სტომატოლოგი – ჯანდაცვის მინისტრი, პირადი დაცვის უფროსი – სუსის ხელმძღვანელი, შემდეგ კი, შს მინისტრი და ასე შემდეგ. ეს მიდგომა გვაფიქრებინებდა იმას, რომ ივანიშვილი მხოლოდ პირადი ლოიალობის საფუძველზე ნიშნავდა ადამიანებს გენერალურ პოზიციებზე მთავრობაში და მათზე უპირობო კონტროლის იარაღებს ფლობდა.
ბოლო პერიოდში კი დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, ანუ ინსტიტუტების ფორმალური/კანონიერი ჩარჩოდან ამოვარდნის პროცესი და პირად და პარტიულ ინტერესს სახელმწიფო ინსტიტუტების დაქვემდებარება კულმინაციაში შევიდა. უფრო მეტიც, ახლა მმართველობამ მაფია სახელმწიფოს ფორმები და შტრიხები მიიღო, როცა მმართველობისთვის ღიად გამოიყენება ძალადობა და კრიმინალური ლოგიკა.
ბოლო თვეებია ჩვენ ვხედავთ, რომ ძალადობა არამხოლოდ პოლიციისგან მომდინარეობს, რომელიც შლის აქციას [ის უკანონოდ შლის, მაგრამ მაინც საჯარო უფლებამოსილების ქვეშ მოქმედებს], არამედ გაჩნდა ტიტუშკების სქემა და ვნახეთ, როგორ გაუმკლავდნენ ნიღბიანი, არაფორმალური, დაქირავებული ბანდფორმირებები ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს თუ აქტივისტებს.
ახლა უკვე გვაქვს კიდევ უფრო შემაშფოთებელი მაგალითები: ბაჩიაშვილის და ბოკუჩავას ქმრის გატაცება, ასევე ეპისკოპოს ჯამდელიანის განცხადება მისი მკვლელობის შესახებ.
ეს უკვე ძალიან ჰგავს მაფია სახელმწიფოს ლოგიკას. ეს პოლიტიკური კონცეფცია თავდაპირველად უფრო პოსტსაბჭოთა სივრცის კონტექსტში გამოიყენებოდა. ეს არის მოცემულობა, როცა სახელმწიფო რეალურად არა კანონის უზენაესობით და ფორმალური, რაციონალური ბიუროკრატიის გზით იმართება, არამედ კლიენტელისტური სქემებით, არაფორმალური, მათ შორის, კრიმინალური გავლენებითა და ლოგიკით. ასეთ მოდელებში ბიზნესი და ეკონომიკური სარგებლის მიღების უფლება აქვს მხოლოდ ოლიგარქიული პირამიდასთან დაახლოებულ პირებს. ამ დროს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, პირველ რიგში კი უსაფრთხოების სამსახურები და სამართალდამცავი ორგანოები ჩართულები არიან მოსახლეობის კონტროლის და საბოლოოდ, ოლიგარქიული პირამიდის ძალაუფლების შენარჩუნებაში.
თამთა მიქელაძე
ამიტომაც მგონია, რომ ამ ახალ ტენდენციებს მიტაცებული და კორუფციული სახელმწიფოს მატრიციდან საქართველო მაფია სახელმწიფოს მატრიცაში გადაჰყავს.
დასაწყისში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში, სახელმწიფოს მიტაცებას და ინსტიტუტების პოლიტიზებას, უფრო მეტად ტარგეტირებული მიზანი ჰქონდა. მაგალითად, ძალაუფლების მიტაცება ეხებოდა კონკრეტულ მაღალი მნიშვნელობის პოზიციებს და გადაწყვეტილებებს, ძირითადი მიმართულებებით კი, ბიუროკრატია აგრძელებდა მუშაობას კანონის საფუძველზე, არსებობდა რეფორმების ციკლებიც და ასე შემდეგ. თუნდაც სასამართლოში ვხედავდით აშკარა პოლიტიზებულ საქმეებს, მაგრამ სხვა შემთხვევებში გვქონდა წარმატებული საქმეებიც. თან არაერთი. ახლა კი მაქვს განცდა, რომ დეინსტიტუციონალიზაცია გახდა სისტემური და ტოტალური. დღეს სასამართლო, პროკურატურა, სამართალდამცავი სისტემა სრულად ემსახურება რეჟიმს და ძალაუფლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.
დიახ, ეს მმართველობა გახდა უფრო კონსოლიდირებული. დღეს მდგომარეობის გაუარესებას ვხედავთ არამხოლოდ პოლიტიკურ საქმეებში, არამედ ყოველდღიურობაში. ჩვეულებრივი მოქალაქეებიც ყოველდღიურობაში აწყდებიან უკვე გამოწვევებს, როცა საბაზისო სერვისებს, მხარდაჭერას, უფლებების დაცვას ლოიალობის გარეშე ვერ იღებ. დაიკარგა ნდობა პოლიციის მიმართ.
მაფია სახელმწიფოს მოდელში მოქალაქეს ანაცვლებს კლიენტი, თანასწორობისა და უფლებების დაცვის იდეას – ერთგულება. ასეთ რეჟიმს არ სჭირდება თავისუფალი ადამიანების თანხმობა, მას სჭირდება მხოლოდ ლოიალობა და ეს არის მისი ლეგიტიმაციის ძირითადი წყარო. დემოკრატიაში მთავრობა ლეგიტიმაციას მოიპოვებს კარგი მმართველობით, თანხმობითა და კმაყოფილებით, რასაც „ქართული ოცნება“ აღარც კი ესწრაფვის.
გახსოვთ ალბათ წინასაარჩევნო დაპირებები, რომელიც სხვების დასჯაზე იყო მიმართული და არა პოზიტიურ დღის წესრიგზე. დღეს „ქართულ ოცნებას” არამხოლოდ საგარეო, არამედ შიდა ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. ამიტომაც, ძალაუფლების პირამიდის თავში არსებულ ლოიალობას, რომელიც აქამდე საკვანძო პოზიციებზე მყოფ ადამიანებს ეხებოდა, ის ავრცელებს სრულ მმართველობაზე. ლოგიკა მარტივია: თუ გინდა, რომ რამე მიიღო სისტემაში, ლოიალური უნდა იყო სისტემის მიმართ, ან უნდა გაჩუმდე.
რასეუბნებაესსისტემა, ანუ „ქართულიოცნება“ ადამიანს, ვინცარგაჩუმდება?
ეს კონტროლის ძალიან ველური ფორმებია: ის, რაც ჩვენ ვიხილეთ თინა ბოკუჩავას ქმრის შემთხვევაში, სამართალში ამას ვუწოდებთ „ინკომუნიკადო დაკავებას“, როცა პირს არ აქვს რაიმე სახის კავშირი გარე სამყაროსთან, ვერ უკავშირდება ოჯახის წევრს, ადვოკატს და როცა არ არსებობს ინფორმაცია მისი დაკავების. იზოლაციის პერიოდი ზოგჯერ საათები, ზოგჯერ დღეები ან მეტი ხანგრძლივობაა. გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენცია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია „ინკომუნიკადო“ დაკავებას პრობლემურად მიიჩნევენ, რადგან ის არღვევს სამართლიანი სასამართლოს, დაცვის უფლებისა და წამების აკრძალვის პრინციპებს.
ანუ ბოლო კვირებში დეინსტიტუციონალიზაცია აღწევს კულმინაციას, ის ხდება უფრო სისტემური და ტოტალური. რაც ამ დღეებში ვიხილეთ კონკრეტული ადამიანების თვითნებური გატაცება, დაკავება – ეს უკვე კრიმინალური გზებით სახელმწიფოს მართვას გულისხმობს. სწორედ მსგავსი ნიშნები ახასიათებს მაფია სახელმწიფოს.
რა თქმა უნდა, ეს არის ძალაუფლების კონსოლიდირების და რესურსების მობილიზების გზა. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ოლიგარქიაში არა მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებია უპირატესი, არამედ ეკონომიკური – მეტი გამდიდრების, რესურსების მეტი ათვისების. „ქართლ ოცნებას“ დღეს აქვს ლეგიტიმაციის კრიზისი. ამ კრიზისსა და წინააღმდეგობაში ძალაუფლების შესანარჩუნებლად მას სჭირდება ძალის დემონსტრირება. მისი ეს ძალა სინამდვილეში სიჯიუტე და შეუვალობაა, უმოწყალობაც კი. ჩვენ ვხედავთ, რომ იმ პატიმრებსაც კი არ ათავისუფლებენ ციხიდან, ვისთანაც საპროცესო შეთანხმება გააფორმეს და აღიარებითი ჩვენებები მიიღეს.
ჩემთვის ძალიან აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ სუსტია და მას მაინც გაუჭირდება საქართველოში ბელორუსული ან აზერბაიჯანული ტიპის მყარი, დახურული ავტოკრატიის შექმნა. პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოს სუსტი და დამოკიდებული ეკონომიკა აქვს. მას არ აქვს მდიდარი რესურსები და სრულად გარე ფაქტორებზეა დამოკიდებულია. ჩვენი ეკონომიკის ეს სტრუქტურა და ერთგვარი წყევლა, საქართველოში ჩაკეტილი და აგრესიული ავტოკრატიის დაბადებას ხელს უშლის.
მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ სასტიკი და მასობრივი ძალადობის ის პრაქტიკა, რომელიც აგრესიული და მყარი ავტორიტარიზმის პირობებში ადგილობრივ რეჟიმებს სჭირდებათ, არ იქნება მისაღები ჩვენ საზოგადოებაში. ნოემბრისა და დეკემბრის სასტიკ ძალადობას – შეგახსენებთ, რომ დაკავებული პირების 80% მძიმე ძალადობის გამოცდილებაზე წერდა, დაფიქსირდა წამების შემთხვევები. განსაკუთრებით შემზარავი იყო პოლიციის ფურგონებში ძალადობის გამოცდილება, რომელიც წინასწარ კოორდინირებული და ორგანიზებული წამების პრაქტიკა იყო – „ქართული ოცნების“ მომხრეებშიც კი მძიმე გამოხმაურება ჰქონდა და მგონია, რომ სწორედ ამ სოციალური წნეხის გამო, „ოცნებამ“ ღია ფიზიკური ძალადობის სტრატეგიაზე უარი თქვა.
ამიტომ ძალაუფლების შეკავებისთვის საჭირო ის რეპრესიული პრაქტიკა, რომელსაც დახურული ავტორიტარიზმის პირობებში რეჟიმები იყენებენ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, ვფიქრობ, აქ ვერც ერთი მმართველი ვერ გამოიყენებს – ამას უფრო მეტი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა მოჰყვება. არაერთი ბოლო პერიოდის კვლევა აჩვენებს, რომ მისი ელექტორატიც გადაიღალა ამ კრიზისით და იმ მორალური დისონანსით, რომელიც მათ ექმნებათ საკუთარ ნათესავებთან, მეზობლებთან კომუნიკაციაში სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო.
კიდევ ერთი ფაქტორია ქართული ნაციონალიზმი, რომელიც ძალიან მკვეთრ ანტირუსულ, ანტიკოლონიურ განწყობებზე დგას. ეს ძალიან ძლიერი სენტიმენტია. იციან, რომ ეს ფაქტორები ძალიან გაართულებს მათ ღია მიწებებას რუსეთთან და რუსეთთან ფორმალური საგარეო პოლიტიკის ინსტიტუციონალიზებას. ეს ასევე ართულებს „ოცნებისთვის“ სრულ იზოლაციას დასავლეთისგან.
ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ რთულ რეალობაში ვართ და უფლებადამცველები საქართველოში არსებულ მდგომარეობას, როგორც ადამიანის უფლებათა კრიზისს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განადგურების გეგმად ვაფასებთ, ვსაუბრობთ ავტორიტარიზმის მზარდ კონსოლიდაციაზე, უნდა გავიაზროთ, რომ „ქართული ოცნება“ ამავდროულად მოწყვლადია.
თუნდაც ელექტორალურად რომ შევაფასოთ. აგრესიული ავტოკრატიები ფორმდება იქ, სადაც პოლიტიკური პლურალიზმი გამქრალია და რეჟიმები ახერხებენ მოსახლეობის 65% და მეტის მობილიზაციას [მაგალითად, ეს ასე ხდება რუსეთში, აზერბაიჯანში]. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კი, დაახლოებით მოსახლეობის მესამედზე მოდის. პოლიტიკური ოპოზიცია სუსტია, მაგრამ მაინც ქმედითი და მრავალფეროვანი.
იგივე პუტინის მაგალითი რომ ავიღოთ, არჩევნებს აყალბებს, მაგრამ საბოლოოდ მოსახლეობის დიდი ნაწილი – პოლიტტექნოლოგიების გამოყენებით, თუ გრძელვადიანად ტვინის გამორეცხვის გზით, სიღარიბის, იმპერიული წარსულის გამო, თუ სხვა ფაქტორების გამოყენებით, მას უჭერს მხარს და ეთანხმება. ჩვენთან ასეთ ჰეგემონიას „ქართული ოცნება“ ვერ ქმნის. ბოლო თვეებში ვნახეთ მათი მხრიდან სიმბოლური ძალაუფლების დაკარგვის არა ერთი ეპიზოდი. მათ ვერ შეძლეს ახალი წლის, შობის, აღდგომის, 9 აპრილის, 26 მაისის სათანადო აღნიშვნა.
თუმცამასობრივისაპროტესტოაქციების, მიუღებლობისპირობებში, მაგალითად, ვენესულაშიმოხერხდაავტორიტარიზმისგაძლიერება.
ვენესუელისგან განსხვავებით ჩვენ გვაქვს არათვითკმარი ეკონომიკა და რესურსების სიმწირე. ამას გარდა, ჩვენ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ნაციონალიზმი – როგორც მცირე სახელმწიფოს, ახალი მიღებული გვაქვს დამოუკიდებლობა და ძლიერია ანტიკოლონიური სენტიმენტი, პატარა საზოგადოება ვართ და მასობრივ ძალადობაზე მიმღებლობა არ არის.
სწორედ ამ ეკონომიკური და კულტურული სტრუქტურული ფაქტორების გამო, რომ დახურული, აგრესიული, აზერბაიჯანის და ბელარუსის ტიპის ავტოკრატიის დამყარება საქართველოში გაუჭირდებათ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი საქმე კარგად არის. საერთოდაც არ არის კარგად. დემოკრატიის საბოლოო დამარცხებას ძალიან მძიმე გავლენა ექნება მიგრაციაზე, სოციალურ აპათიაზე.
თუ პოლიტიკურმა, მედია და სამოქალაქო სპექტრმა ვეღარ შეძლო „ქართული ოცნების“ პროპაგანდის და ავტოკრატიზაციის შეკავება, კონტროლის და პროპაგანდის ბაცილა უფრო მეტ ადამიანს ჩაითრევს და მოიცავს.
ჩემი აზრით, „ქართლი ოცნება“ ძირითადად სარგებლობს ჩვენი სისუსტეებით: პოლიტიკური კლასის მიმართ უნდობლობით, სიღარიბით – ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობით, ომთან დაკავშირებული ტრავმებით, მრავალწლიანი ბრძოლით გამოწვეული გადაღლილობით, რაც სამოქალაქო საზოგადოებაშია.
ის სწორედ ამ სისუსტეების და ტრავმების დისკურსულ, პოლიტიკურ და პრაქტიკულ გამოყენებას ახდებს. იმისთვის, რომ ავტოკრატიზაცია შეაკავო, ამ სისუსტეების ტრანსფორმაციაზე უნდა იმუშაოს სამოქალაქო საზოგადოებამ, მედიამ, პოლიტიკურმა პარტიებმა. თვითტრანსფორმაციისა და საკუთარი სამუშაოს ტრანსფორმაციის პროცესი რთულია, მაგრამ მე, პირადად, მგონია, რომ ამის გარეშე რთულია დემოკრატიის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში.
მაფია სახელმწიფოში ძალიან რთულია მუშაობა. უფრო მეტიც, დამორჩილების, დაქვემდებარების ლოგიკა ქვემოთაც ჩავა და ნახავთ, რომ მალე ახალგაზრდებშიც გაჩნდება ამგვარი პრაქტიკები [კრიმინალური, ველური]. მით უფრო, რომ ამ კრიზისმა თუ ის არ დავძლიეთ დროულად, მძიმე პოლიტიკური და სოციალური აპათია შეიძლება გააჩინოს ახალგაზრდებში და ის დაპირება, რასაც ისინი ამდენი წელი იღებდნენ, რომ თუ კარგად ისწავლიდნენ და იშრომებდნენ წარმატებას მიიღწევდნენ, შეიძლება შეიცვალოს სხვა დაპირებით – თუ იქნები ელიტების ერთგული, ყოჩი, მჩაგვრელი – სწორედ ასე გადარჩები ამ რეალობაში.
ესტენდენციახომარიკვეთება უკვე? პროკურატურისმიერგავრცელებულინფორმაციაშიხშირადჩანს, რომბიზნესმენები, მაგალითად, ბიზნესდავისმოგვარებასსასამართლოშიკიარა, ე.წ. ქურდულავტორიტეტებთანცდილობენ. ბათუმშიახალგაზრდაკაცისავტომატითჩაცხრილვაც ერთ-ერთი ვერსიითქურდულისამყაროსგანწილისდათმობისმოთხოვნასუკავშირდება.
ზოგადად, რასაც მართებენ ჩვენს საზოგადოებას: მმართველობის სისტემას, ეკონომიკას, მოქალაქეების კონტროლს და ასე შემდეგ, ეს არის, პირველ რიგში, პოსტსაბჭოთა მმართველობის მატრიცაში დაბრუნება. დიდი ხანი არაა, რაც ამ რეალობას თავი დავაღწიეთ. ამიტომ სამწუხაროდ, ამ პრაქტიკას – მაფიოზურს, კრიმინალურს აქვს საყრდენი ჩვენს საზოგადოებაში.
კატასტროფაა ის, რაც შეიძლება დაგვემართოს, თუ მმართველობა პოლიტიკური და ეკონომიკური ბრძოლის, გადარჩენის იმ ლოგიკას გააღვიძებენ, რაც 90-იან წლებში გვქონდა. ეს აუცილებლად გამოიწვევს ამ პრაქტიკების არამხოლოდ ოლიგარქიული პირამიდის სათავეში გავრცელებას, არამედ კიდევ უფრო ქვევით ჩასვლას.
ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ბრძოლა დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობის და კანონის უზენაესობისთვის განაგრძოს.
მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა კლასმა ამ პროცესში საზოგადოებას შესთავაზოს უკეთესი ალტერნატივა და დააჯეროს, რომ მათ აქვთ ამ ალტერნატივის გატარების რეალური შესაძლებლობა, ძალა და კონსენსუსი. სამწუხაროდ, ამ დინამიკას ოპოზიცია სათანადოდ ვერ პასუხობს.
ეს ძალიან რთული საკითხია, რადგან ყველა შემთხვევა მაინც ინდივიდუალურია. ქვეყნები, რომელთა კონტექსტშიც იყენებენ ამ ტერმინს – მაფია სახელმწიფო – უკავშირდება რუსეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, უნგრეთს… უნგრეთში შედარებით არსებობს შემაკავებელი მექანიზმები, რაც ევროკავშირს უკავშირდება. ევროკავშირს იქ სასამართლო და დაფინანსების ბერკეტები აქვს და აკავებს ავტოკრატიულ მძიმე ტენდენციებს.
ჩვენს რეალობაში ალბათ ეს რომ ვინმემ იცოდეს, ახლა სხვანაირად ვიქნებოდით. პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა პროცესებმა და დისკუსიებმა უნდა შექმნას რეცეპტები და შეთანხმებები ახალ სტრატეგიებზე. ერთი შეხედვით, რაც ძალიან აშკარაა, პოლიტიკური ოპოზიცია უნდა ახერხებდეს კონსოლიდაციას და სტრატეგიულ კოორდინაციას. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს ერთ პარტიად გარდაქმნას და არჩევნებში საერთო სიის ქონას.
მნიშვნელოვანია, პოლიტიკური კლასისთვის ნდობის დაბრუნებაზე მუშაობა. მარგინალური პოლიტიკური ლიდერების უკან დახევა და ახალი ძალებისთვის სივრცის მიცემა [ძალაუფლების თვითშეზღუდვა აქეთ მხარესაც სჭირდება]. ასევე, აუცილებელია, ამ პროცესში მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის ჩართვა და მათზე ორიენტირებული დღის წესრიგის და საყოველთაო წუხილების პოლიტიკური გამოხატვა. ურბანული ცენტრებიდან გასვლა, მათ შორის, რეგიონებში, სოფლებში აქტიური მუშაობა სწორედ ნდობის დაბრუნებაზე და ახალი თანხმობის წარმოებისთვის ძალისხმევის გაწევა.
თუ ოპოზიცია კარგად იმუშავებს და ნდობის კულტივირებას შეუწყობს ხელს, თუ მას ექნება გამართული პარტიული ინფრასტრუქტურა სხვა ქალაქებსა და რეგიონებში, ასევე სტრატეგიული და ძლიერი კომუნიკაცია, არა მგონია, რომ შეუძლებელი იყოს, გაყალბების პირობებშიც კი, მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. მგონია, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არ მიუღწევია იმ დონისთვის, სადაც არჩევნების გზით შეუძლებელია ცვლილებების მიღწევა. ცხადია, ვხედავ, რომ უსამართლო პოლიტიკური კონკურენციაა, ხდება ადმინისტრაციულ აპარატის და რესურსების აგრესიული დაქვემდებარება და გამოყენება, სუს-ის მხრიდან მიკროსკოპული კონტროლი მოქალაქეების და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენი საზოგადოება დემოკრატიული რჩება ჯერ კიდევ. სწორი პოლიტიკური სტრატეგიების პირობებში, ცვლილებები შესაძლებელია.
დღეს არსებული კრიზისი უნდა უბიძგებდეს ოპოზიციას ახალი სტრატეგია და დღის წესრიგი შექმნან. მესმის, რომ არსებობს ბევრი პრობლემა – ფინანსური, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ოპოზიციონერების ნაწილი დაპატიმრებულია, აგერ უკვე ოჯახის წევრებსაც იტაცებენ და მუქარის ქვეშ არიან, პრობლემაა რეგიონული ინფრასტრუქტურა – ადგილებზე პრაქტიკული უმოქმედობა, მაგრამ მათ უნდა მოახერხონ ქმედითი სტრატეგიის შემუშავება. სხვა გზა არ აქვთ, თუ პოლიტიკაში დარჩენას აპირებენ. უფრო მეტი შრომაა საჭირო, ვიდრე ლაპარაკი.
ჩემი აზრით, ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე დღეს მხოლოდ ზედაპირულად მსჯელობენ. „ლელო“ განიხილავს არჩევნებში მონაწილეობას და ამ კუთხით დისკუსიის გამართვაზე საუბრობენ. ასევე გახარია ამბობს, რომ არჩევნების იდეას არ ეწინააღმდეგებიან; მეორე ჯგუფმა კი, გაცილებით ადრე დაიწყო არჩევნების ბოიკოტირებაზე საუბარი. ეს ერთგვარი მორალური წითელი ხაზი გახდა ზოგიერთი პარტიის, ასევე აქტივისტების ნაწილის მხრიდან. ემოციურად, მორალურად ეს თემა ჩაიკეტა თითქოს განხილვებისთვის.
მე, პირადად, პარტიებისგან უფრო მეტად ველი რაციონალურ, სტრატეგიულ მოსაზრებებს. ისინი ვერ არიან წინააღმდეგობის ავანგარდში, ვერ აფართოებენ მას, მაგრამ სტრატეგიული და რაციონალური ნაბიჯები ხომ მაინც უნდა გადადგან. ჩემი კითხვა მათთან ასეთია: მაშინ რა სტრატეგია აქვთ სხვადასხვა სცენარისთვის?
რამდენიმე პარტია ამ დღეებში საუბრობდა იმაზე, რომ ვინც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრობს, მას არ სჯერა პროტესტის და ამით ანამუსებდნენ თითქოს სხვა პარტიებს, ვინც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე ლაპარაკობს. მგონი კითხვა სხვანაირად უნდა დაისვას – რისი გაკეთება შეუძლიათ პარტიებს პროტესტის გაფართოებისთვის სინამდვილეში? რისი გაკეთება მოახერხეს პოლიტიკურმა პარტიებმა ამ დრომდე მისი გაფართოებისთვის? და თუ არაფრის და ამავდროულად თუ დღევანდელი გადმოსახედიდან არაა ცხადი პროტესტმა რა ახალი დინამიკა უნდა შეიძინოს, თუმცა მას უკვე აქვს ძალიან დიდი მიღწევები და მან შეიძლება მოულოდნელი შემობრუნებაც მიიღოს ნებისმიერ აფექტზე [ასე გვახასიათებდა და გვახასიათებს], მაშინ რა არის სხვა ალტერნატივა? რა არის სხვა სტრატეგია? ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ?
დიდი ხანია სხვადასხვა წრეში არსებობს მოსაზრება, რომ წინააღმდეგობის პარალელურად, არსებობს მეორე გზა და ეს გზა არის მოლაპარაკების გზა. ისმის კითხვა: ღირს თუ არა მოლაპარაკებებზე წასვლა რეჟიმთან იმ პირობით, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდებიან, ანტიდემოკრატიული კანონები უკან იქნება გატანილი, ევროინტეგრაციის პროცესი ნაწილობრივ მაინც აღდგება [იქამდე მაინც, რომ სრულად არ ჩავეხსნათ ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროცესებს, რაც ახლა ევროკავშირში ხდება] და ამის სანაცვლოდ ოპოზიცია იღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებზე.
ეს არის სტრატეგია, სადაც პოლიტიკური რეჟიმი გარკვეულწილად უკან იხევს და ოპოზიცია ასევე მიდის კომპრომისზე. ეს არის კომპრომისის უსიამოვნო გზა, მით უფრო, რომ წინა წლებშიც ვნახეთ „ოცნების“ მხრიდან დაპირებების შეუსრულებლობა, მაგრამ ამ პროცესში პოლიტიკური ოპოზიცია ზემოქმედების ძალას იქმნის.
სხვათა შორის, ჩვენ შეიძლება ის მომავალიც ვიხილოთ, როცა ბოიკოტირების პირობებში, ადგილობრივი არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ პატიმრებს თვითონ გაათავისუფლებს და ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ საკუთარ ნებას და გადაწყვეტილებას მიაწერს. სწორედ ამით შეეცდება ის ურთიერთობების ნორმალიზებას გარე აქტორებთან, რაც დასავლეთთან ტრანზაქციული, ინტერესზე დაფუძნებული კომუნიკაციისთვის სჭირდება.
ამგვარი კომპრომისებისთვის არსებობს თუ არა ნება, არ ვიცი. ამას ნიადაგის მოსინჯვა უნდა. ამას სათანადო მხარდაჭერა და დაცვა უნდა საერთაშორისო აქტორების მხრიდან. მე, პირადად, მგონია, რომ ამ სცენარზე ნამდვილად შესაძლებელია მსჯელობა, მაგრამ ამ მიმართულებით მსჯელობის სივრცეს სულ უფრო მეტად იხურება.
თავის მხრივ როგორი არჩევნებიც არ უნდა იყოს, არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქეების მობილიზაციის [რემობილიზაციის] და პოლიტიკური პროცესის შექმნის მცდელობაა. ესეც გასათვალისწინებელია. ის წინააღმდეგობის პროცესს არ უპირისპირდება, პირიქით, მან ხელიც კი შეუწყოს წინააღმდეგობის პროცესს, თუ მას „ოცნების“ მხრიდან შეთანხმებების დარღვევა, მოქალაქეების საარჩევნო უფლებების ჩამორთმევა და სხვა კრიზისები მოჰყვება.
ამ სტრატეგიის მოწინააღმდეგეებმა უნდა გასცენ მძიმე კითხვას პასუხი: რა არის სხვა ალტერნატივა და პოლიტიკური ცხოვრების სრული დეინსტიტუციონალიზაცია სადამდე მიიყვანს, პარტიებს და პოლიტიკურ პროცესებს? „ოცნების“ შემდგომი შეცდომების და წინააღმდეგობის ახალი კერების გაჩაღების აბსტრაქტულ მოლოდინში უნდა დარჩეს პროცესი? ამ სტრატეგიის მომხრეებმა უნდა გაიაზრონ, რომ პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაციის გარეშე, მხოლოდ რამდენიმე პარტიის გადანაცვლება ამ სტრატეგიაში ასევე არაპროდუქტიული იქნება და ოპოზიციური ელექტორატი გაიხლიჩება და დასუსტდება. ეს საკითხები საკოორდინაციო პლატფორმებში უფრო კარგად უნდა დამუშავებულიყო.
მე, პირადად, არ ვამტკიცებ, რომ პირველ ან მეორე სტრატეგიას ვუჭერ მხარს. მე ვამბობ, რომ ყველა სცენარზე უნდა ვიმსჯელოთ და გონიერები ვიყოთ. ორივე სტრატეგიას აქვს განხილვის უფლება და სიტუაციის მიხედვით უნდა ამუშავდეს შესაბამისი სტრატეგია. ჩემი აზრით, ვართ ურთულეს კრიზისში, სადაც არავინ იცის გამოსავალი. ამიტომ მნიშვნელოვანია მსჯელობა, კამათიც ცხადია. გონივრული და სწორი ნაბიჯების გადადგმა არსებითია მოკლევადიანი და გრძელვადიანი ზიანის შესამცირებლად. ახლა თითქოს სიფრთხილესა და გონიერებაზე საუბარი უხერხულია, სისუსტედაც კი აღიქმება. მაგრამ ჩვენ 90-იანებშიც და 2000-იანებშიც გვაკლდა ეს და მაშინ ბევრი შეცდომა დავუშვით.
დღეს ჩვენ არა მხოლოდ დემოკრატიის და ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებების დაცვაზე გვიწევს ფიქრი, არამედ იმაზეც, გეოპოლიტიკური ცვლილებების ამ ტურბულენტობაში საქართველო როგორ არ გაქრეს ევროპული პოლიტიკური რუკიდან. ეს, ჩვენ კი არა, თაობებს შეიძლება ძვირად დაუჯდეს და ისტორიის ახლიდან დაწყება მოუწიოთ.
თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე დასარეგისტრირებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. განაცხადების მიღება მომდევნო 5 დღის განმავლობაში, 15 ივნისამდე გაგრძელდება, პროექტის ვებ-გვერდზე – https://www.businessaward.ge/ .
ამ დრომდე, მონაწილეობის სურვილი უკვე 300-ზე მეტმა ბიზნესმა გამოთქვა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. რიგით მე-9 ბიზნესდაჯილდოებაზე, ფინალისტების და გამარჯვებულების ვინაობა დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი და მათ, სპეციალურად პროექტისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს.
წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით დაბრუნდა, მათ შორის ახალი ნომინაციით- საუკეთესო ფრილანსერი. ბიზნესებს წელს, 5 კატეგორიაში შეუძლიათ დარეგისტრირება:
საუკეთესო პროდუქტი
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
გამორჩეული როლი რეგიონში
საუკეთესო ფრილანსერი
გამარჯვებულებისთვის სამი კატეგორიის პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს ჯილდოდან ერთ-ერთი: ახალი ვებ-გვერდი; ბრენდინგი ან საკომუნიკაციო მხარდაჭერა.
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია – Visa. მხარდამჭერი – აჭარა ჯგუფი. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.
რუსეთიდან გერმანიაში იმპორტი 95%-ით შემცირდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ – წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ გერმანიის სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით.
კერძოდ, 2024 წელს რუსეთიდან გერმანიაში საქონლის იმპორტის მოცულობამ 1.8 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 95%-ით ნაკლებია უკრაინაში ომის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 33.1 მილიარდი იყო.
მნიშვნელოვნად, 71.6 პროცენტით შემცირდა ექსპორტიც გერმანიიდან რუსეთში. 2024 წელს გერმანიამ რუსეთს 7.6 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი მიჰყიდა, ხოლო 2021 წელს – 26.6 მილიარდის.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ გასულ წელს გერმანიამ რუსეთთან ყველაზე დიდი დადებითი სალდო დააფიქსირა 1991 წლის, სსრკ-ს დაშლის შემდეგ. ექსპორტი იმპორტს 5.8 მილიარდი ევროთი აჭარბებდა.
_______________
ფოტოზე: გერმანია, მანჰაიმის საკონტეინერო ტერმინალი რაინის სანაპიროზე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/RONALD WITTEK
2025 წლის 5 ივნისს, ოფიციალურად გაიხსნა ანდერსენი საქართველოს ახალი ოფისი ბათუმში. ანდერსენი საქართველო გახლავთ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც გთავაზობთ უმაღლესი დონის მომსახურებას იურიდიული, საბუღალტრო და საგადასახადო მიმართულებით. ეს ნაბიჯი წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული ბიზნესების მხარდაჭერას.
ანდერსენის ბათუმის ოფისის გახსნის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა ადგილობრივი ბიზნესწრის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იყო რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე ჩატარდა ტრენინგი შრომით-სამართლებრივ და საგადასახადო-სამართლებრივ საკითხებზე.
გიორგი სვანაძე, ანდერსენი საქართველოს პარტნიორი
“ბათუმის ოფისის გახსნა მხოლოდ გეოგრაფიული გაფართოება არ არის. ეს ნაბიჯი არის ჩვენი გრძელვადიანი გეგმის ნაწილი კვალიფიციური მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს ყველა რეგიონში. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო მონაწილეთა ჩართულობა ჩვენს ტრენინგებზე. ნათელია, რომ პრაქტიკული ცოდნისადმი დიდი ინტერესი არსებობს. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ბიზნესს ბათუმში სანდო და პრაქტიკული კონსულტაციებით,“ – განაცხადა გიორგი სვანაძემ, ანდერსენი საქართველოს პარტნიორმა.
ამიერიდან, ანდერსენი ბათუმის ოფისის მეშვეობით ადგილობრივ ბიზნესს შესთავაზებს საგადასახადო, ბუღალტრული, იურიდიული, HR და სხვა საკონსულტაციო მომსახურებების სრულ სპექტრს.
ანდერსენის ბათუმის ოფისის მისამართია რუსთაველის გამზირი N31. საკონსულტაციო კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://ge.andersen.com/
აჭარის მთავრობა 118 ათას ლარად მსუბუქი ავტომობილის შესყიდვას გეგმავს. ავტომობილი უნდა იყოს მაღალი გამავლობის, ახალი, 2025 წელს გამოშვებული, ვერცხლისფერი ან რუხი.
ავტომობილის შესყიდვაზე აჭარის მთავრობის აპარატმა ტენდერი 118 ათას 125 ლარით გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2025 წლის 17 ივნისს დაიწყება და 19 ივნისს დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებულმა მთავრობის აპარატს ავტომობილი უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში, მაგრამ არაუმეტეს 2025 წლის 20 დეკემბრისა.
ტენდერს თან ახლავს შესასყიდი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა აღნიშნულია, რომ ამ მახასიათებლებში „მითითებულია მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემოთავაზებული საქონელი. პრეტენდენტს შეუძლია გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე საქონლის შემოთავაზება“.
მახასიათებლები ავტომობილის, რომელიც აჭარის მთავრობამ უნდა შეისყიდოს / წყარო: ტენდერი
აღნიშნულ მახასიათებლებს თან ახლავს განმარტება, რომ „შემოთავაზებული ავტომობილი არის ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200 კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული.
პრეტენდენტი წინადადების ფასში ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადს, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის [შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით] ხარჯს“.
აჭარის მთავრობის აპარატმა ტენდერი დღეს, 11 ივნისს გამოაცხადა. შესყიდვების პორტალზე ატვირთულია სატენდერო კომისიის ოქმი, რომელიც ასევე 11 ივნისით არის დათარიღებული და სადაც აღნიშნულია, რომ ავტომობილის შესყიდვა შეთანხმებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და საქართველოს მთავრობასთან.
„აჭარის მთავრობის აპარატის 2025 წლის შესყიდვების წლიური გეგმით გათვალისწინებულია მთავრობის აპარატისათვის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვა… ჩატარებული იქნა ბაზრის კვლევა და წარმოდგენილია შემოთავაზებები ინვოისების სახით.
შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე აუცილებელი იყო მისი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმება, რაც განხორციელდა და უკვე მიღებულია თანხმობა. წერილში აღნიშნულია, რომ ტენდერით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა ამ ეტაპზე არ წარმოადგენს კონსოლიდირებული ტენდერებით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს.
გარდა ამისა შესყიდვების პროცედურების დაწყებამდე, 2025 წლის 4 ივნისის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წარედგინა დოკუმენტაცია შესყიდვის განხორციელების მიზნით წინასწარი თანხმობის მისაღებად. ადმინისტრაციის 9 ივნისის მომართვის თანახმად გაიცა დადებითი რეკომენდაცია მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის 118 125 ლარად ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეძენასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის აპარატის სატენდერო კომისიის 11 ივნისის ოქმში.
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს დაიწყება – ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრატობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.
ცენტრის ცნობით, გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
2025 წლის გამოცდებზე ჯამში 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.
ბათუმელი მედროშის მხარდასაჭერად დღეს, 11 ივნისს, ბათუმში სოლიდარობის მარში იგეგმება. მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ტრადიციულად, საღამოს 7 საათიდან შეიკრიბებიან. აქედან დაიწყება მსვლელობა ავტომანქანებით სარფის მიმართულებით.
„თემურ ქათამაძე არის ქართველი! 20:00 საათიდან ვიკრიბებით და გავდივართ სარფის მიმართულებით. ვისაც გყავთ მანქანა, მანქანით შემოგვიერთდით. თავისუფლება თემურ ქათამაძეს“, – აღნიშნულია ბათუმის პროევროპული აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] „ქართული ოცნების“ რეჟიმმა საქართველოდან იძულებით დღეს, 11 ივნისს გააძევა. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და ბოლო 13 წელია ბათუმში ცხოვრობს. იმის მიუხედავად, რომ თემურ ქათამაძე სრულფასოვნად საუბრობს ქართულ ენაზე, უმაღლეს ქულებზე ჩააბარა კანონით დადგენილი გამოცდები ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში, მას არც საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს, არც ბინადრობა მისცეს და ლტოლვილის სტატუსზეც უარი უთხრეს.
თემურ ქათამაძის გაძევების პროცესი „ოცნებამ“ მას შემდეგ დაიწყო, როცა იგი პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა. თემურ ქათამაძე აქციებზე ყოველდღე საქართველოს დროშით ჩნდებოდა. მას ბათუმელი მედროშე შეარქვეს.
11 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში ქალაქ ხარკოვს „შაჰედის“ ტიპის 17 დრონით შეუტიეს.
ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ბოლო ცნობებით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 60 ადამიანი კი – დაშავდა. დაშავებულებს შორის 9 ბავშვია, მათი ასაკი 2-დან 15 წლამდეა.
რუსეთის თავდასხმის შედეგად ხარკოვში დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ტროლეიბუსები და სათამაშო მოედნები.
10 ივნისის ღამიდან მოყოლებული, რუსეთმა უკრაინას „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით, 85 „შაჰედის“ და სხვადასხვა ტიპის დრონით შეუტია. უკრაინული მხარის ცნობით, 49 სამიზნის განეიტრალება შეძლეს.
______________
ფოტოზე: ხარკოვი, უკრაინელი მეხანძრეები აქრობენ რუსეთის თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/SERGEY KOZLOV
შს სამინისტროს ინფორმაციით, თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი), ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, ქვეყნიდან იძულებით გააძევეს.
„მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად.
აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს რვა სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია.
ასევე დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
გაფფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა“- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ, შს მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე დღეს, 11 ივნისს.
11 ივნისს ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე ქვეყნიდან იძულების წესით გააძევეს. როგორც მისი მეგობარი ნინო კაკულია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდა, ქათამაძის გაძევება მოხდა გვიან ღამით, ისე, რომ ამის თაობაზე არ ყოფილა ინფორმირებული არც ქათამაძის ადვოკატი და არც მისი მეგობრები.
თემურ ქათამაძე 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე დააკავეს.
ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლებული თემურ ქათამაძე, იზოლატორის ეზოშივე მეორედ დააკავეს, მას ქვეყანაში არალეგალურ ყოფნას ედავებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თემურ ქათამაძე 13 წელი საქართველოში ცხოვრობს და მან რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მთავრობას მოქალაქეობის უფლების მინიჭებაზე, თუმცა დადებითი პასუხი ვერ მიიღო.
მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში თემურ ქათამაძე პროტესტის ნიშნად შიმშილობდა. დაკავების შემდეგ ის ითხოვდა ჰუმანიტარულ და ლტოლვილის სტატუსს, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლებამ ამ სტატუსზეც უარი უთხრა.