„ნატოს შეუტიოს კი არა, ტორეცკი ვერ აუღია რუსეთს ამ დრომდე“, – მოკლე, მაგრამ მკაფიო პასუხი აქვს გადამდგარ გენერალს იმ შეხედულებაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი – თუ იგი საკმარისად არ დაასუსტეს – შესაძლოა ნატოს წევრ ქვეყანასაც თავს დაესხას.
სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთ-უკრაინის ომის ბედი დასავლეთის მხარდაჭერის უწყვეტობაზეა დამოკიდებული, თუმცა გადამდგარ გენერალს ეჭვი არ ეპარება, რომ დახმარების შეწყვეტის შემთხვევაშიც, უკრაინელები მაინც არ დანებდებიან და რუსეთს ევროპის ავღანეთი ექნება.
გადამდგარი გენერალი იმ ამბავს გვიყვება, როგორ ჩამოაგდეს უკრაინელებმა რუსული თვითმფრინავი ისე, რომ „მფრინავი აზრზეც არ იყო“.
„ამჯერად უკრაინელებმა F-16 გამოიყენეს შვედური თვითმფრინავ „სააბისთან“ წყვილში – ეს შორეული დაზვერვის და მიზანმიმართვის თვითმფრინავია. ამით აღმოაჩინეს რუსული გამანადგურებელი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 70-80 კმ-ზე, გადასცეს კოორდინატები და მიმართეს რაკეტა. F16-ს ფაქტობრივად რადარი არ ჩაურთავს. ამ დროს რუსული თვითმფრინავის პილოტმა არც კი იცოდა, რომ დამიზნებული იყო რაკეტები. ისე ჩამოაგდეს თვითმფრინავი, მფრინავი აზრზე არ იყო, რომ მის წინააღმდეგ რაკეტა მოქმედებდა. მფრინავმა კატაპულტირება შეძლო, თვითმფრინავი – დაეცა რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე,“ – გვიყვება ვახტანგ კაპანაძე.
გადამდგარ გენერალს ერთი შეკითხვა აქვს პუტინთან: სად წავიდა ის 650 ათასი მოხალისე, რომლის შესახებ ყოველწლიურად გვიყვებოდა თავად პუტინი?
„სად არის ეს ხალხი და საფლავებშია. ეს ხალხი დაჯგუფებას კი არ აძლიერებს, არამედ ამით დანაკარგებს ავსებენ. ციხეები ფაქტობრივად დაცარიელდა რუსეთში: აქამდე თუ ნებაყოფლობით მიდიოდნენ ომში, ახლა ციხის ადმინისტრაციების გადაწყვეტილებით უშვებენ პატიმრებს ომში,“ – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, რა ხდება ფრონტის ხაზზე, როგორია ბოლო მონაცემები?
მნიშვნელოვანი გარდატეხა ფრონტის ხაზზე არცერთ მხარეს და არც მეორე მხარეს არაა.
სუმის ოლქშია ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ასე თუ ისე, ამ მიმართულებით წარმატება აქვთ რუსებს. ეს გარკვეული ტაქტიკური წინსვლაა დიდი დანაკარგების მიუხედავად. მიუხედავად ამისა, პოკროვსკი მაინც რჩება ძირითად მიმართულებად.
აქ რუსები ძალიან მიუახლოვდნენ ადმინისტრაციულ საზღვარს, თუმცა უკრაინელები ჯერჯერობით ახერხებენ მათ შეკავებას. ამ მიმართულებაზე სხვა მიმართულებების ხარჯზე მნიშვნელოვნად გაიზარდა პლანირებადი ბომბებით დარტყმები. ხდება ყველა ცალკეული სანგრის თუ ბლინდაჟის აქტიური საჰაერო დამუშავება და მიწასთან გასწორება, თუმცა ბოლოს მაინც ქვეითების საჭიროება ჩნდება და აქ იღებენ მძიმე დანაკარგებს. ზოგადი სურათი შემდეგია – ცდილობენ შემოუარონ ჩრდილო-დასავლეთიდან პოკროვსკს, რათა თავიდან აიცილონ ქალაქში ბრძოლა. ასევე, კუპიანსკის მიმართულებაზე, მდ. ასკოლის შორ ნაპირზე ცდილობენ პლაცდარმის გაფართოებას.
- რა მასშტაბისაა რუსების ეს წინსვლა?
დაახლოებით 10 კილომეტრით არიან წინ წაწეულები, ეს არის და ეს. რუსებმა მთლიანობაში 2025 წელს 1200 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, რაც მნიშვნელოვანი ტერიტორიაა – ზოგადად თუ ავიღებთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფრონტის ხაზი 2 ათასი კილომეტრია – ეს დიდი სიღრმე არ გამოდის.
რუსებს განსაკუთრებით ბოლო თვეებში აქვთ შედარებით წინსვლა, ვინაიდან გარკვეული ხარვეზი ჰქონდა ამერიკის სამხედრო მიწოდებას უკრაინაში, ასევე, უკრაინაში იმ ტემპით ვერ ხერხდება მობილიზაცია, როგორც ამას ახერხებს რუსეთი.
თუმცა საუბარია რუსეთის ტაქტიკურ წარმატებაზე და არა ოპერატიულ, ან ოპერატიულ-სტრატეგიული დონის გარღვევაზე.
ამავდროულად, რუსეთის სისტემებთან შედარებით უფრო და უფრო იზრდება დასავლური, თუნდაც წინა თაობის შეიარაღების და სისტემების უპირატესობა, რაც აქვთ უკრაინელებს. აღმოჩნდა, რომ არა მარტო საჰაერო თავდაცვისა თუ სარაკეტო სისტემებში ჩამორჩება რუსული შეიარაღება დასავლურ წინა თაობის სისტემებს, არამედ საჰაერო შესაძლებლობებშიც. ამის კარგი მაგალითია ბოლო შემთხვევა კურსკის რაიონში:
უკრაინელებმა SU-35 ჩამოაგდეს. ეს არის უახლესი, მაღალტექნოლოგიური გამანადგურებელი. რუსები ამბობდნენ, რომ მხოლოდ F-35 თუ შეებრძოლებოდა მას.
ამჯერად უკრაინელებმა F-16 გამოიყენეს შვედურ თვითმფრინავ „სააბისთან“ წყვილში – ეს შორეული დაზვერვის და მიზანმიმართვის თვითმფრინავია. ამით აღმოაჩინეს რუსული გამანადგურებელი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 70-80 კმ-ზე, გადასცეს კოორდინატები და მიმართეს რაკეტა. F 16-ს ფაქტობრივად რადარი არ ჩაურთავს.
ამ დროს რუსული თვითმფრინავის პილოტმა არც კი იცოდა, რომ დამიზნებული იყო რაკეტები. ისე ჩამოაგდეს თვითმფრინავი, მფრინავი აზრზე არ იყო, რომ მის წინააღმდეგ რაკეტა მოქმედებდა. ეს არ არის ახალი დასავლეთში, მაგრამ ამჯერად ქსელური-ცენტრული, ტაქტიკური მეთოდით ჩამოაგდეს უკანასკნელი მოდიფიკაციის რუსული თვითმფრინავი: მფრინავმა კატაპულტირება შეძლო, თვითმფრინავი – დაეცა რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ შვედური ავაქსის ტიპის მოდიფიკაციის თვითმფრინავის ტიპის საფრენი აპარატი ა-50 რუსებს დარჩენილი ჰქონდათ მხოლოდ 7 ერთეული, აქედან 2 გაუნადგურეს უკრაინელებმა „აბლაბუდას ოპერაციის“ დროს. რაც დარჩათ, არავინ იცის, იქიდან რამდენია მოქმედი და რამდენს შეუძლია ფრენა. რუსეთს ამ თვითმფრინავების წარმოება აღარ შეუძლია.
ეს არის საბჭოთა კავშირის წარმოება, არადა, თანამედროვე საბრძოლო ველის მართვისთვის უმნიშვნელოვანესია სრული სურათის დანახვა რეალურ რეჟიმში, რისი შესაძლებლობებიც რუსეთს თანდათან ეწურებათ.
- რა ხდება ყირიმში, სადაც რამდენიმე დღის წინ უკრაინელებმა ხიდი დააზიანეს? ყირიმის ოლქში ისევ ისმის აფეთქებების ხმა.
ხიდი დააზიანეს და ახლა უკვე ენგელსის აეროდრომში იწვის საავიაციო საწვავის საცავი. მეხუთე დღეა იწვის ეს საცავი. დღეს კიდევ ერთ საცავს გაუჩნდა ცეცხლი. უკრაინელებმა აქ ეშელონიც გაანადგურეს და ასი ერთეული ჯავშანტექნიკაც. როგორც გავიგე, იქ გაჩერებული სატვირთო შემადგენლობიდან ამოფრინდნენ უკრაინული დრონები.
ქერჩის ხიდზე კი, დიდი ალბათობით უკრაინელებმა „მარიშკა“ გამოიყენეს. ეს წყალქვეშა დრონია მრავალმხრივი გამოყენების. მისი სიგრძე 6 მეტრია. მისი საშუალებით გადაიტანეს 1100 კგ-მდე ასაფეთქებელი მუხტები ფარულად. როგორც ჩანს, საბრძოლო მყვინთავებმა ასაფეთქებელი მასალა ხიდის საყრდენზე დააწყვეს, მის წყალქვეშა ნაწილზე. წყლის სიღრმე სულ 10 მეტრია. შემდეგ, სავარაუდოდ, მიაწოდეს შესაბამისი ინიციირება და ააფეთქეს.
ამ აფეთქებამ ხიდის საყრდენი ვერ დაშალა – შიგნიდან უნდა აფეთქდეს, რადგან საყრდენი გათვლილია ფსკერის გამორეცხვაზე, ყინულის მოძრაობასა და წყალქვეშა დინებებზე. ასე რომ, ამ ხიდის საყრდენი საკმაოდ ძლიერია. ის მარტივად ვერ აფეთქდება, თუმცა ამ აფეთქებამ გამოიწვია პლატფორმის ზედა ნაწილის დეფორმაცია, რომლის აღდგენაც დაახლოებით სამ-ნახევარი მილიონი დოლარი, მნიშვნელოვანი თანხა დაჯდება, რომ არაფერი ვთქვათ შეფერხებულ მოძრაობაზე. ფსიქოლოგიური ფაქტორის გარდა, რუსეთს ეს დარტყმა ეკონომიკურადაც ძვირი უჯდება.
- მსგავსი ოპერაციები აჩენს იმის პირობას, რომ უკრაინამ შესაძლოა უფრო დიდი მასშტაბის წარმატებას მიაღწიოს ყირიმში?
ბოლო ოპერაციით, რაც უკრაინელებმა განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის ბირთვული ტრიადის მნიშვნელოვან საჰაერო კომპონენტს მიადგა სერიოზული ზარალი. ეს იყო მნიშვნელოვანი დარტყმა დასავლეთის ბირთვული შესაძლებლობების პარიტეტის საკითხთან მიმართებით, მაგალითად, რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების რაოდენობა 34 %-ით შემცირდა.
ასე რომ, რაც უნდა წერტილოვანი იყოს ეს დარტყმები, ის ძალიან მტკივნეულია რუსეთისთვის. თანაც, მოსკოვში ხდება უკვე აფეთქებები. უკრაინელებმა შექმნეს ბალისტიკური რაკეტა, ასევე დრონი „პალიანიცა“, რომელიც 1000-კმ-ზე მეტ სიღრმეში დაფრინავს. უკრაინა ავითარებს სამხედრო შესაძლებლობებს დასავლეთის აქტიური მხარდაჭერით. რუსეთის რაოდენობრივი რესურსი ქმნის დისბალანსს, რასაც უკრაინა უპირისპირებს მოწინავე ტექნიკას და ტექნოლოგიებს.
- რა ჩანს რუსეთის რეაქციაში? „კიევის რეჟიმის ტერორისტულ შეტევებზე“ პასუხი უწოდა მოსკოვმა 9 ივნისს განხორციელებულ მასირებულ იერიშს უკრაინაზე.
უკრანის დარტყმა რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ტერორიზმია და რუსეთის მოქმედება კონვენციური? ეს არის რუსეთის ლოგიკა, რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. რუსებმა გააქტიურეს დარტყმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე, მაგრამ რა ვნახეთ ამით? რამე განსხვავებული ვნახეთ ინტენსივობის გაზრდის გარდა? არაფერი ახალი რუსებს არ გამოუყენებიათ: ისევ „კალიბრი“, „შაჰიდი“, „გერანი“. რუსები „გერბერას“ იყენებენ აქტიურად, რომელიც დრონის იმიტატორია – მისი გამოყენების დროს რადარის ეკრანზე გაზრდილი სილუეტი ჩნდება და რაკეტებს იყენებენ ფაქტობრივად ცრუ სამიზნეების წინააღმდეგ.
ეს არის და ეს. რუსეთმა რით დასაჯა უკრაინელები, რომ სამი მეხანძრე მოკლა, თუ იმით, რომ რომელიღაც ქალაქში ჩვილი და მოზარდები მოკლეს? ეს არის სულ რუსეთის პასუხი. მას მეტი არაფერი შეუძლია.
სამაგიეროდ, რუსეთში, როგორც პუტინი აცხადებდა, ყოველწლიურად 650 ათასამდე მოხალისე გროვდებოდა. ჩემი მონაცემებით, დღეში დაახლოებით 1000 კაცი მიდის გასაწვევ პუნქტებში. სად წავიდა ეს ხალხი? 650 ათასი გავამრავლოთ სამ წელიწადზე. ამ მონაცემებით, რუსეთს სულ მცირე 2-მილიონიანი შეიარაღებული ძალები უნდა ჰყავდეს.
სად არის ეს ხალხი და საფლავებშია. ეს ხალხი დაჯგუფებას კი არ აძლიერებს, არამედ ამით დანაკარგებს ავსებენ. ციხეები ფაქტობრივად დაცარიელდა რუსეთში: აქამდე თუ ნებაყოფლობით მიდიოდნენ ომში, ახლა ციხის ადმინისტრაციების გადაწყვეტილებით უშვებენ პატიმრებს ომში.
- მედიაში გავრცელებული მონაცემებით, 2025 წელს 22 %-ით მეტ ადამიანს გაუფორმეს რუსეთში კონტრაქტი, ვიდრე გასულ წელს – პირველ კვარტალში 90 ათასი კაციო.
ეს იმიტომ, რომ როცა მოლაპარაკებები დაიწყო, ილუზია გაჩნდა, ცეცხლი შეწყდება, ომი არ მოგვიწევს და ფულს ავიღებთო.
რუსეთში მოხალისეები ადგილობრივი ალკოჰოლიკების და უსახლკაროების გარდა, ძირითადად ხდებიან ტაჯიკები, უზბეკები, ინდუსები, აფრიკიდან ჩაყვანილი ხალხი… რუსეთს ცოცხალი ძალის რაოდენობაში პრობლემა არ გააჩნია, მაგრამ პრობლემაა მათი კვალიფიკაცია: კვირა-ნახევრიანი მომზადებით უშვებენ ფრონტზე.
- თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ: არსებობს ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების პირობა? ტრამპს „დიდი შეთანხმება“ ჯერ კიდევ რეალურად მიაჩნია.
ვერ გეტყვით. ირანთანაც გამოჩნდა ტრამპის შესაძლებლობები – ისრაელი არც დაეკითხა და ახლა იძახის, ამ დარტყმების შემდეგ ირანი ჩემთან მოლაპარაკებას დათანხმდებაო. ტრამპის ეს პროექტიც ჩავარდა ფაქტობრივად.
მაინც მგონია, რომ ცეცხლის შეწყვეტის საკითხი აქტუალური იქნება წლის ბოლომდე და მგონია, რომ მიღწეული იქნება ცეცხლის შეწყვეტა გარკვეული პერიოდით.
- ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ირანზე, სამიზნე თეირანის ბირთვული პროგრამის შენობები გახდა. როგორ აისახება ეს რუსეთ-უკრაინის ომზე?
რუსეთს და ირანს ურთიერთდახმარების ხელშეკრულება ჰქონდათ, მაგრამ რუსეთმა დღეს განაცხადა, ჩვენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში ვართ პარტნიორები და არა სამხედრო საკითხებშიო.
ეს იმას ნიშნავს, რომ ირანს ექნება მომზადებული გარკვეული პასუხი და ეს დაეტყობა ირანიდან რუსეთისთვის გაწეულ დახმარებას. ახლა ირანს თავად სჭირდება თავისი სამხედრო შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება.
შესაბამისად, კიდევ ერთი მოკავშირე შეიძლება ჩამოსცილდეს რუსეთს.
- ტრამპი პუტინს სანქციების გამკაცრებით ემუქრება, თუმცა ამ დრომდე ეს ბერკეტი არ ამოქმედებულა. თქვენი დაკვირვებით, რა გათვლით მოქმედებს ტრამპი, როცა ის ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთმა იმედი გაუცრუა, მაგრამ უკრაინითაც იმედგაცრუებულია?
ფაქტია, ტრამპი ცდილობს პუტინის გათეთრებას. მას იმედი ჰქონდა, რომ რუსეთს გამოიყენებდა ირანთან მოლაპარაკებაში, მაგრამ ეს ვარიანტიც ჩაუვარდა. ტრამპს ჯერჯერობით არაფერი გამოსდის.
- ხედავთ რისკს, რომ აშშ-მ დახმარება უკრაინას შეიძლება შეუწყვიტოს და გავიდეს ამ პროცესიდან?
აშშ-მ 20 ათასზე მეტი რაკეტა უკვე გადაამისამართა. აშშ-ის უკრაინის არსებულ დახმარებაშიც შეფერხებებია.
ჩემი აზრით, რაც უფრო სწრაფად გავა, თუ გასვლას აპირებს აშშ ამ პროცესებიდან და გაარკვევს დასავლეთი აშშ-ს როლს, მით უკეთესი იქნება უკრაინისთვის და ევროპისთვისაც.
ევროპა აძლიერებს სამხედრო პოტენციალს. დიდმა ბრიტანეთმა უკვე 16-ჯერ გაზარდა სამხედრო წამოება, მარტო 6 წყალქვეშა ნავის პროექტი ჩაუშვეს, გერმანიამ მშპ-ს 5 %-მდე ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს, რომლის ნაწილი მოხმარდება უკრაინას და უკრაინის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას, ასევე სამხედრო მრეწველობის განვითარებას.
- უკრაინის წარმატება დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერის უწყვეტობაზე?
რა თქმა უნდა, ამ ომის ბედი დამოკიდებულია დასავლეთის აქტიურ მხარდაჭერაზე.
თუ არ იქნება დასავლეთის მხარდაჭერა, რუსეთს ექნება ევროპის ავღანეთი – უკრაინელები მაინც არ დანებდებიან და ისევ გააგრძელებენ ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ.
- თქვენი აზრით, რამდენად არსებობს საფრთხე, რომ თუ დასავლეთი უკრაინას არ დაეხმარება, რუსეთი ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას?
ეს შეუძლებელია. დახედეთ რუკას და დაინახავთ: როგორ შეიძლება, რუსეთს აქვე ჰქონდეს ამხელა ბომბი უკრაინის სახით და ნატოს შეუტიოს? ნატოს შეუტიოს კი არა, ტორეცკი ვერ აუღია ამ დრომდე.
რასაც ვისმენთ ნატოზე თავდასხმის კუთხით, ეს უფრო პოლიტიკური განცხადებებია, რომ მოსახლეობა იყოს მობილიზებული: როცა თავდაცვის ხარჯები იზრდება, ეს რაღაცას აკლდება. ამისთვის უნდა იყოს მოსახლეობა მზად, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული მეთოდების გამოყენების გააქტიურებას ნატოს სახელმწიფოების მიმართ. ეს სუსტი რგოლი, პირველ რიგში, ესტონეთი და ლატვიაა.
- ამ დროს რუსეთს რის იმედი აქვს?
რუსეთს იმის იმედი აქვს, რომ უკრაინაში ხალხი გატყდება, მოლაპარაკებებს დათანხმდებიან და ეს მოლაპარაკება მისთვის სასარგებლოდ დასრულდება. სხვანაირად რუსეთი ვეღარ გამოდის ამ ომიდან. პუტინმა იცის, რომ ბრძოლის ამ მოცემულობაში შეწყვეტა მას ცუდად შემოუტრიალდება და პრობლემები ექნება შიდა პოლიტიკაში, ამიტომაც ცდილობს, რომ ომი გააგრძელოს და აიძულოს უკრაინა, ისეთი ხელშეკრულება დაიდოს, რომელსაც შიდა აუდიტორიისთვის მაინც გაასაღებს წარმატებად, თავად კი, უძლეველი გამოჩნდება.