ერთ-ერთი საქმის მიხედვით, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება უკვე უზენაეს სასამართლოსაც აქვს მიღებული, კაცი, რომელმაც პარტნიორ ქალს ავტომანქანის კარი ჩაუკეტა, დანით თმა მოაჭრა, შარვალი შემოახია და სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, 1 წლით გაუშვეს ციხეში.
ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა რომ პოლიციელ ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა ერთჯერადად, ხომ ყველას გახსოვთ? – სილის ერთჯერადად გაწვნისთვის, რასაც ექსპერტიზის დასკვნით არავითარი დაზიანება არ მოჰყოლია, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
უზენაეს სასამართლოს პრაქტიკაში არაერთი საქმეა, სადაც ძალადობის მართლაც მძიმე შემთხვევებია აღწერილი, თუმცა სასჯელის სახით გამოყენებულია 1 ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ან საერთოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. მაგალითად, კაცი ცოლს მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ახრჩობდა, პროკურატურის მტკიცებით, მანამდე იგი ცოლზე სისტემატურად ძალადობდა და ტელეფონის აპარატიც კი ჩაარტყა თავში, რასაც სისხლდენა მოჰყვა. ამ შემთხვევაში კაცი 2 წლით დააპატიმრეს.
უზენაესი სასამართლოს საქმეებიდან რამდენიმე საქმეს გაგაცნობთ, რომლებიც აჩვენებს, ისევ ქართული მართლმსაჯულების პრაქტიკის გათვალისწინებით რამდენად შეუსაბამოა სილის გაწვნა ჯერ თავდასხმად შეაფასო, ხოლო შემდეგ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასაჯო.
საქმე პირველი: ქალს ავტომანქანის კარები ჩაუკეტა, დანით თმა მოაჭრა, შარვალი შემოახია… კაცი 1 წლით გაუშვეს ციხეში
ამბავი თბილისში მოხდა. კაცს პარტნიორი ქალი ერთ დღეს ავტომანქანაში გამოუკეტავს.
„…თბილისში, ავტომანქანაში ყოფნის დროს, ლევანმა [სტატიაში სახელები შეცვლილია] თავის ინტიმურ პარტნიორს ავტომანქანის კარები ჩაუკეტა, შემდეგ კი, „დამცირებისა და შეურაცხყოფის მიზნით გაშლილი დანით მოაჭრა თმა და შემოახია შარვალი, რითაც რ. გ-ი დაამცირა და არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა, რამაც მისი ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა გამოიწვია…
სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი… გაშლილი დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც რ. გ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,“ – აღნიშნულია განჩინებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისთვის წარდგენილი მუხლებიდან ყველაზე მძიმე სასჯელს 144 პრიმა სამი მუხლი ითვალისწინებდა, რაც გულისხმობს დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას. ის დამნაშავედ მიიჩნიეს ძალადობის ნაწილშიც, თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი შთანთქა უფრო მკაცრმა სასჯელმა.
ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა ასე მკაცრად არ უნდა დასჯილიყო და მას 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად 3 000 ლარით ჯარიმა შეუფარდეს.
საბოლოოდ, ლევან ბ.-ს ძალადობის და მუქარის გამო მიუსაჯეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
„საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ბ-ისათვის განსაზღვრული სასჯელები კანონიერია, სამართლიანია და არ არსებობს მათი დამძიმების ან/და შემსუბუქების საფუძველი,“ – აღნიშნულია განჩინებაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ 2023 წელს მიიღო [საქმე №882აპ-23].
საქმე მეორე: კაცმა ადამიანს რამდენჯერმე სცემა – არც ერთი დღე პატიმრობა
165 დღით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დასაჯეს კაცი, რომელმაც რამდენჯერმე სცემა დაზარალებულს. ამ საქმეზე თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს განაჩენი 2021 წლის 8 ივნისს მიუღია.
„…მარჯვენა ხელის მარცხენა ლოყაში ერთხელ დარტყმისა და მარცხენა მხარში 3-ჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალადა ც.წ.-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ამ შემთხვევიდან ერთი თვეში ლევანმა ისევ იძალადა დაზარალებულზე: „მარჯვენა გაშლილი ხელის მარცხენა ლოყაში ორჯერ დარტყმისა და თმის მოქაჩვით ფიზიკურად იძალადა ც. წ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
ლევან წ. ძალადობის მუხლით გაასამართლეს [სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი].
მრავალჯერადი ძალადობის მიუხედავად მსჯავრდებულს პატიმრობაში არც ერთი დღე არ გაუტარებია. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომ – განჩინება 2022 წელს მიუღიათ [#საქმე №78აპ.-22].
სილის ერთჯერადად გაწვნისთვის, რასაც ექსპერტიზის დასკვნით არავითარი დაზიანება არ მოჰყოლია, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.






