„თქვენ ბრალად გედებათ განზრახ მკვლელობა“ – მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 15 ივნისს, ბრალდებულ გოგი ბარამიძეს.
36 წლის გოგი ბარამიძეს პროკურატურა ხელვაჩაურში ბესიკ ბოლქვაძის განზრახ მკვლელობაში სდებს ბრალს.

გოგი ბარამიძე
ბესიკ [ბესო] ბოლქვაძე 4 ივნისს ჩაცხრილეს საკუთარ ავტომანქანაში და ავტომანქანა მდინარეში გადააგდეს.
გოგი ბარამიძე 14 ივნისს დააკავეს კიდევ ერთ პირთან, თამაზ შარაძესთან ერთად, რომელსაც პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
დღეს, 15 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სწორედ ბესიკ ბოლქვაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილა.
სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ამ ეტაპზე პროკურატურის მთავარი მტკიცებულება არის მოწმე, ნოშრევან პაქსაძე, ე.წ. ხოჯა – პროკურატურის ვერსიით, სწორედ ამ პირს მიაწოდა თამაზ შარაძემ ინფორმაცია ბესიკ ბოლქვაძის მკვლელის ვინაობის შესახებ. ჩატარებულა საგამოძიებო ექსპერიმენტიც, რომელიც, როგორც სასამართლო სხდომაზე ითქვა, ფიქსირებულია ფოტომასალით. მკვლელობა ჩადენილია ამ დრომდე დაუდგენელი ცეცხლსასროლი იარაღით.
პროკურატურის ამ ვერსიასთან დაკავშირებით დღეს ბრალდებულების ადვოკატებს არაერთი შეკითხვა ჰქონდათ, თუმცა სანამ დაცვის მხარეს მოუსმენდა, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულებს ჰკითხა, ხომ არ ყოფილა მათზე ფიზიკური ზეწოლა დაკავების შემდეგ, რასაც ბრალდებულების მღელვარე რეაქცია მოჰყვა.
ორივე ბრალდებული მომენტალურად წამოიჭრა ფეხზე, მათ მაისურები გაიხადეს და მოსამართლისთვის სხეულზე ჩალურჯებების ჩვენება სცადეს იმის დასადასტურებლად, რომ დაკავების შემდეგ პოლიციელებმა სცემეს. „ნეკნები აქვთ ჩამტვრეული“ – გაისმა შეძახილები სასამართლო დარბაზში.
„მცემეს… ფურცელს და პასტას ვერ გამაგდებინებთ ხელიდან, მე არ მომიკლავს“, – აღელვებული ყვიროდა მკვლელობაში ბრალდებული გოგი ბარამიძე. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა იგი დარბაზიდან გააძევა.
გოგი ბარამიძე პოლიციამ გაიყვანა დარბაზიდან.

თამაზ შარაძე
„ბატონმა ბარამიძემ საკუთარ თავს წაართვა შესაძლებლობა ესაუბრა“, – თქვა მოსამართლემ. მან თამაზ შარაძეს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ფიზიკურ ძალადობას ადგილი.
„გამლახეს, წიხლქვეშ გამიგდო ათმა კაცმა, აჭარის პოლიციის უფროსი იყო იქ, იქ ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ხელმძღვანელობა, შეგიძლიათ მომიტანოთ ფოტოები და ამოვიცნობ“, – მიმართა მოსამართლეს თამაზ შარაძემ.
„მე ვერაფერს ვერ მოგიტანთ“ – უპასუხა მას მოსამართლემ.
„სკამზე ვიჯექი, ხელებს მიკავებდნენ…“ – ხმა აუკანკალდა ბრალდებულს.
„გასაგებია. ანუ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი არაერთხელ“, – დააზუსტა მოსამართლემ. მან აღნიშნა, რომ ეს ოქმში დაფიქსირდება.
„შეიძლება, რომ გაჩვენოთ, წელი რა დღეში მაქვს?“ – მიმართა მოსამართლეს თამაზ შარაძემ.
„ვნახე ბატონო, ყველამ დავინახეთ უკვე“, – უპასუხა მას მოსამართლემ.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი
ბრალდებულმა თამაზ შარაძემ მოკლე სიტყვაში აღნიშნა, რომ მას არაფერი უთქვამს მკვლელობის შესახებ ამ საქმის მთავარი მოწმისთვის, ნოშრევან პაქსაძისთვის, მისგან კი გამომძიებლები აღიარებას ითხოვდნენ.
პროკურატურის მოწმესთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ დაკავებულების ადვოკატებს.
კერძოდ, მკვლელობაში ბრალდებულის, გოგი ბარამიძის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ სასამართლოს უთხრა, რომ მოწმე, რომელიც მკვლელობის ფაქტის შემდეგ, 5 ივნისს დაკითხეს, ჩვენებაში ამბობდა, რომ თამაზ შარაძემ მას სოციალური ქსელით გაუგზავნა მკვლელობის შესახებ ვიდეო, ინფორმაცია, რომელიც გაშუქებული იყო მედიაში, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა და ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი.
რამინ პაპიძემ ხაზი გაუსვა, რომ 5 ივნისს მიცემულ ჩვენებაში მოწმე პაქსაძე კითხვაზე, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული, ამბობდა, რომ არ იცოდა ამის შესახებ. 13 ივნისს კი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ვითარებაში, მან თქვა, რომ თითქოს თამაზ შარაძემ უთხრა მას, რომ გოგი ბარამიძემ მოკლა ბესიკ ბოლქვაძე.
ბრალდებულის ადვოკატს, რამინ პაპიძეს სწორედ საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები. ადვოკატი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას მოხდა ფოტო და არა ვიდეოგადაღება, რაც, შესაძლოა, ბევრად ეფექტური ყოფილიყო და სხვა გარემოებებისთვის მოეფინა ნათელი.
„ბატონო პროკურორო, რატომ არ მოახდინეთ საგამოძიებო ექსპერიმენტის ვიდეოფიქსაცია?“ – ჰკითხა ადვოკატმა პროკურორ პაატა ცეცხლაძეს.
პროკურორმა მას უპასუხა, რომ ეს გადაწყვეტილება ადგილზე მიიღება კონკრეტული პირების მიერ.
„გქონდათ თუ არა სურვილი, მომხდარიყო ვიდეოგადაღება?“ – დაუბრუნა მას კითხვა რამინ პაპიძემ.
„ეს შეკითხვა შეგიძლიათ დაუსვათ გამომძიებელს“ – უპასუხა მას პროკურორმა ცეცხლაძემ.
„ვერ მიპასუხებს თქვენს სურვილებზე გამომძიებელი“ – გამოეპასუხა მას პაპიძე და დასძინა, რომ ეს არის „გაყალბებული ექსპერიმენტი“.
რამინ პაპიძე ასევე აპელირებდა იმაზე, თუ რატომ დააკავეს ბრალდებულები მოსამართლის განჩინების გარეშე, მაშინ, როცა შემთხვევა 4 ივნისს მოხდა და მკვლელობიდან ამდენი დღე იყო გასული.
პროკურორმა მას უპასუხა, რომ მოწმის ჩვენებიდან გამომდინარე არსებობდა დაკავების საფუძველი.
პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობა მოითხოვა. ორივე ბრალდებულის შემთხვევაში მან ხაზი გაუსვა, რომ ისინი წარსულში ნასამართლევი პირები არიან, არის ხელახალი დანაშაულის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.
პროკურორს არ დაეთანხმნენ ბრალდებულის ადვოკატები. მათ გირაო მოითხოვეს.
„გოგი ბარამიძე 4 ივნისის [მკვლელობის] შემდეგ საქართველოშია, არ შეუცვლია ლოკაცია. არანაირი ინფორმაცია არაა იმის შესახებ, რომ ბილეთები იქნა შეძენილი [ბრალდებულების მიერ], საზღვარს მიუახლოვდნენ გადასაკვეთად, რომ სავარაუდო მოწმეებზე ზემოქმედებას შეეცადნენ… არც ერთი მტკიცებულება არ არის ამ საქმეში ბარამიძის წინააღმდეგ, არც სისხლის კვალი, არც მკვლელობის იარაღი… გთხოვთ, გირაო გამოიყენოთ, გირაოს თანხა თქვენ განსაზღვრეთ“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა რამინ პაპიძემ.
ბრალდებულ თამაზ შარაძის ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ კი ხაზი გაუსვა, რომ ბრალდებული თამაზ შარაძე 3 მცირეწლოვანი შვილის მამაა, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და გარდა ამისა, დაირღვა მისი დაცვის უფლება, დაკავების შემდეგ დაზიანდა მისი ჯანმრთელობა და 4-ჯერ გახდა საჭირო სასწრაფოს გამოძახება მის დასახმარებლად.
მან სასამართლოს 10 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ორივე ბრალდებულს აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გოგი ბარამიძეს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით [განზრახ მკვლელობა], 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით [ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება] ედავება, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თამაზ შარაძეს კი ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით [განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა] გაასამართლებენ, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სხდომის დასრულების შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ხელვაჩაურში მოკლული ახალგაზრდის, ბესიკ ბოლქვაძის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
„მძინარე ადამიანი როგორ მოკლა!“ – ისმოდა სასამართლოსთან მოკლული ბესიკ ბოლქვაძის ოჯახის წევრის შეძახილი.
ადგილზე ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული.
ბესიკ ბოლქვაძის მკვლელობის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 30 ივლისს ჩაინიშნა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო