საქართველოს რკინიგზაზე ტვირთბრუნვა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით შემცირებულია. ამასთან, საქართველოს რკინიგზით ყველაზე მეტი ტვირთი შემოტანილია რუსეთიდან და ასევე, ყველაზე მეტი ტვირთი გატანილია რუსეთში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით:
- „2025 წლის I კვარტალში საქართველოს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 51 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 23.2 პროცენტის გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო [ჯამურად 25.8 პროცენტი].
- ამავე პერიოდში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 12.8 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 9.1 პროცენტისას – სომხეთი, 8.0 პროცენტისას – ყაზახეთი, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო [ჯამურად 70.1 პროცენტი].“
„2025 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 6.8 პროცენტით ნაკლები, სულ 3 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 8.4 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.6 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე [არ მოიცავს ტრანზიტს], ხოლო 58 პროცენტი – ტრანზიტზე“ – წერს საქსტატი.
ამასთან, საქართველოს რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 34.5 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 20.6 პროცენტი – ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების, რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; ხოლო 17.8 პროცენტი – ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.
საქსტატის მონაცემებით საქართველოს რკინიგზაზე მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში შემცირდა მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელიც.
„2025 წლის I კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 348.8 ათასი მგზავრი, რაც 25.1 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აქედან ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 345.8 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 99.1 პროცენტს შეადგენს და 25.2 პროცენტით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3 ათასი მგზავრი, რაც 21.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 61.0 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 39 პროცენტი [2025 წლის I კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა]“ – წერს საქსტატი.