100 დღეა სპეციალური საგამოძიებო სამსახური დგებუაძის საკითხს [არ] იძიებს

დღეს, 22 აპრილს, 100 დღე გავიდა, რაც ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროს, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და მასზე იწევდა ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. ბათუმის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს არ აძლევდა წყლის დალევის, ასევე ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.

დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობის შესახებ პირველი ინფორმაცია მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიაწოდა, რადგან მასთან ადვოკატებს არ უშვებდნენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, დაკავებულისადმი ასეთი მოპყრობა – სახეში შეფურთხება, გინება, წყალზე და საპირფარეშოთი სარგებლობაზე უარის თქმა, ფასდება, როგორც დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობა.

დგებუაძე რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ აგინებდა და სისხლის სამართლის მუხლით დაჭერით ემუქრებოდა, ეს „ბათუმელების“ ვიდეომასალაშიცაა ასახული.

„სისხლით… ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ… ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“ – ისმის დგებუაძის გინება მზია ამაღლობელის დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებში.

მზია ამაღლობელის დაკავებიდან მალევე ორმა ორგანიზაციამ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, მოითხოვა ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერება და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს, თუმცა დგებუაძე ისევ დაკავებულ თანამდებობაზეა.

ასევე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით დაიწყო და არა „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.

სანამ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური დგებუაძის საკითხს ჯერ ისევ იძიებს.

„ბათუმელებმა“ დღესაც, 22 აპრილს, მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ჰკითხა – დაასრულეს თუ არა გამოძიება ირაკლი დგებუაძის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და, ასევე, მზია ამაღლობელის მიმართ დაკავების შემდეგ დამამცირებელი და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტზე, თუმცა აღნიშნულ სამსახურში სტანდარტული პასუხი გაგვცეს – „მიმდინარეობს გამოძიება“.

დაცვის მხარე ასევე მოითხოვდა მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, რაც ასევე არ დაკმაყოფილებულა.

მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება უკვე შეიძლება შეფასდეს როგორც არაეფექტური, რადგან, მისივე თქმით, „საგამოძიებო სამსახური არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“.

„გამოძიება არ მიმდინარეობს სრულად და ობიექტურად.

მთავარი მაინც არის ის, რომ საქმეში გამოკითხული არიან მხოლოდ პოლიციელები, ის პირები, რომლებიც სუბიექტური და მიკერძოებულები არიან და ინტერესი აქვთ ამ საქმის შედეგის მიმართ. ობიექტური პირები, რომლებიც შეიძლება შემსწრე არიან კონკრეტული ფაქტის, არცერთი პირი არ ჰყავთ გამოკითხული. გამოძიება ამ ადამიანებით არ დაინტერესებულა იმის მიუხედავად, რომ ყველამ კარგად ვიცით, უამრავი ადამიანი იყო იმ მომენტში აქციაზე.

გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც გაგზავნეს, კვლავ არ მოსულა. მიუხედავად იმისა, რომ გასულია სამ თვეზე მეტი.

არ არის ამოღებული ვიდეოკამერები. მხოლოდ და მხოლოდ ორი ვიდეოჩანაწერია საქმეში რომლითაც იღებენ იმ შესასვლელს, საიდანაც მზია ამაღლობელი არ შეუყვანიათ და ყველა ამბობს, რომ ამ შესასვლელიდან მზია ამაღლობელი არ შეუყვანიათ.

ერთ-ერთი კამერა დამონტაჟებულია პოლიციის დეპარტამენტის საგუშაგოსთან, თუმცა ამ კამერის ჩანაწერები მერიამ არ მიაწოდა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური არც კი დაინტერესდა რატომ, რა იყო მიზეზი და ის მიზეზი, რომელიც მერიამ შემდეგ მოიყვანა, რომ ეს კამერა მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ დაამონტაჟეს, არც კი გადაამოწმა და არც კი მოითხოვა დამატებითი დოკუმენტაცია.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ერთ-ერთი პირველი შეხვდა მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ და რომელსაც შეატყობინა მისი უფლებების დარღვევის შესახებ მზია ამაღლობელმა და ოქმშიც აქვს ეს ყველაფერი ასახული, ჯერ-ჯერობით არ გამოუკითხავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რაც აბათილებს პოლიციელების ჩვენებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ ადვოკატები არ შევიდნენ, მზია ამაღლობელი არ საუბრობდა უფლებების დარღვევებზე.

არ არიან ადვოკატები გამოკითხული, რომლებსაც საათების განმავლობაში არ უშვებდნენ დაკავებულთან“ – ამბობს ჯუბა ქათამაძე.

მისი თქმით, რეალურად რომ მიმდინარეობდეს გამოძიება, მაშინ ყველა ეს საგამოძიებო მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა ჩატარებულიყო.

„რა თქმა უნდა, ფორმალურად მიმდინარეობს ეს გამოძიება, როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ინტერესი არსებობს გამოძიებების მიმართ“ – ამბობს ჯუბა ქათამაძე.

რაც შეეხება მზია ამაღლობელისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, როგორც ადვოკატი ამბობს, ეს პროცედურები სისხლის სამართლის კანონმდებლობით არის გაწერილი.

„პირველ რიგში პროკურორს უნდა მიენიჭებინა ყოველგვარი მიმართვის გარეშე ეს სტატუსი, თუმცა მან ეს არ გააკეთა. შემდგომში ჩვენ საქმის ზედამხედველ პროკურორს მივმართეთ, რომელმაც თავი აარიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და საერთოდ არ გვიპასუხა.

ჩვენ პასუხის არგაცემა მივიღეთ როგორც უარი და ეს უარი გავასაჩივრეთ ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომმა პროკურორმაც არანაირი პასუხი არ გაგვცა, მიუხედავად იმისა, რომ მასაც ავალდებულებს კანონი, რომ დაასაბუთოს უარი.

მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურორსაც, თუმცა, პროკურატურამ მთლიანად აირიდა თავიდან ამაზე პასუხის გაცემა.

ჩვენ ეს ყველაფერი გავასაჩივრეთ სასამართლოში და სასამართლოს მხრიდან მივიღეთ პასუხი – საქმის მასალები არ გვაძლევს იმის საშუალებას, გავაკეთოთ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მზია ამაღლობელი არის დაზარალებული, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ ვანიჭებთ მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსსო.

ეს შესაძლოა სასამართლოს მხრიდან იყოს სუბიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილება, მაგრამ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მართლაც არ აწარმოებს გამოძიებას და არ დებს საქმეში მტკიცებულებებს, რომლის ჩადებაც დღესვე შეუძლია, თუკი მოუნდება“ – ამბობს ადვოკატი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 10 აპრილს, ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების ფარგლებში, ოთხ ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა კარლო კაციტაძეც, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

 

ბათუმში მოხუცთა თავშესაფრის ადგილზე „გუმბათი“კომპლექსის აშენებას გეგმავს

ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების გეგმის კონცეფცია, რომელიც მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, #39/41/41ბ/43-ში.

განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აქ 150 მეტრი სიმაღლის, 33-სართულიან შენობას ააშენებენ. პროექტი შვიდ საკადასტრო ერთეულს მოიცავს, მათ შორის 6 შპს „გუმბათი დაუნთაუნმა“ უკვე გამოისყიდა. ერთი კი, ყველაზე დიდი ზომის ნაკვეთი, 4097 კვ.მეტრი, ჯერ ისევ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საკუთრებაა.

ამ შენობაში მოხუცთა თავშესაფარი ფუნქციონირებს.

მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია. აქ აშენებული კორპუსიდან ზღვა გამოჩნდება, რაც ბინების სარფიანად გაყიდვას შეუწყობს ხელს.

საკრებულოსთვის წარდგენილ განკარგულების პროექტსა და განმარტებით ბარათში არაფერი წერია იმაზე, სად გადავლენ მოხუცები და კონკრეტულად რა შეთანხმება არსებობს შპს „გუმბათი დაუნთაუნსა“ და ეკლესიას შორის, რომლის პატრონაჟის ქვეშაა მოხუცთა თავშესაფარი.

საზოგადოებამ მხოლოდ ის იცის, რაც 2024 წლის ნოემბერში ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა. მაშინ ეპარქია წერდა, „გუმბათი ჯგუფის“ დირექტორთან შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც კომპანია ეპარქიას ახალი თავშესაფრის აშენებას და მის აღჭურვას დაჰპირდა:

„საქართველოს საპატრიარქოს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისა და შპს „გუმბათი ჯგუფის“ თანადამფუძნებელსა და დირექტორს – ლაშა ბალაძეს შორის გაფორმდა მემორანდუმი აშენდეს ახალი მოხუცებულთა თავშესაფარი 24-საათიანი მომსახურებით 150 მოხუცზე. მოხუცებულთა დღის ცენტრი 50 ბენეფიციარზე და საბავშვო ბაღი – 150 აღსაზრდელზე. შპს „გუმბათი ჯგუფი“ იღებს ვალდებულებას 20 თვის ვადაში საქართველოს საპატრიარქოს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისთვის მულტიფუნქციური თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობის აშენების თაობაზე, ასევე უზრუნველყოფს ავეჯით აღჭურვას. ეზოს კეთილმოწყობას და გამწვანებას“ – წერია ეპარქიის განცხადებაში.

პარალელურად გავრცელდა ახალი თავშესაფრის პროექტის პრეზენტაციის ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ღონისძიებას აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანიც დაესწრნენ.

პროექტის პრეზენტაცია – ფოტო ეპარქიის ფეისბუქის გვერდიდან
შეთანხმების გაფორმება – ფოტო ეპარქიის ფეისბუქის გვერდიდან

ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ახალი თავშესაფრის მისამართი არ არის დასახელებული, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით კომპანია თავშესაფრის მშენებლობას ადლიის დასახელებაში გეგმავს.

არც ბათუმის საკრებულოს სხდომაზე უთქვამთ და არც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი იმაზე, თუ სად გადაიყვანენ თავშესაფარში მცხოვრებთ, ვიდრე ახალი შენობის მშენებლობა დასრულდება. ასევე, თავშესაფრის გარდა, მიიღებს თუ არა ეპარქია რაიმე ფართობს ახალაშენებულ კორპუსში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე.

ბათუმის საკრებულომ 31 მარტის სხდომაზე დაამტკიცა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების კონცეფცია, შემდეგ ეტაპზე კომპანიამ განაშენიანების დეტალური გეგმა[გდგ] უნდა წარადგინოს. დამტკიცებული გდგ სამშენებლო ნებართვის გაცემის წინაპირობაა.

კომპანია „გუმბათის“ დირექტორის, ლაშა ბალაძის ინფორმაციით, კომპანია საპატრიარქოს ადლიაში 11 000 კვ.მეტრ გარემონტებულ შენობას გადასცემს ავეჯით და საჭირო ტექნიკით აღჭურვილს. მიწის ნაკვეთი კი, რომელზეც შენობას ააშენებენ, 5600 კვ. მეტრია.

სამშენებლო ნებართვები ჯერ არ მიუღიათ, თუმცა კომპანია ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობს. კომპანიას ნებართვის მიღების შემდეგ მშენებლობისა და რემონტისთვის 30 თვე დასჭირდება.

ლაშა ბალაძემ გვითხრა ისიც, რომ პროექტს განიხილავს, როგორც საქველმოქმედოს და მისი საინვესტიციო ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია. მისი თქმით, თავშესაფრის ტერიტორიაზე მოაწყობენ გამწვანებულ ეზოს და საბავშვო ბაღს – მიმდებარედ.

ისევე, როგორც შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ზღვასთან ახლოსაა ადლიის დასახლებაში მდებარე ნაკვეთიც, სადაც ახალი თავშესაფარი უნდა ააშენონ, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ აქ 150 მეტრი სიმაღლის შენობას ვერ აშენდება, რადგან ახლოს არის აეროპორტი, რაც ერთგვარი ხელშემშლელი ფაქტორია მშენებლებისთვის.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით კომპანიამ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტისთვის კ2 კოეფიციენტის გაზრდაც მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო საკრებულოსგან.

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე სამშენებლო მიწის ნაკვეთების ერთი ნაწილი, კერძოდ 607 კვ.მეტრი მოქმედი თავშესაფრის მიმდებარედ „გუმბათი დაუნთაუნმა“ ბათუმის მერიის ელექტრონულ აუქციონზე 2025 წლის 19 მარტს ერთი ბიჯით, კონკურენციის გარეშე იყიდა, კომპანიამ ამ ნაკვეთში 1 მილიონ 82 000 ლარი გადაიხადა.

რუსეთმა ზაპოროჟიეს დაარტყა – დაიღუპა ქალი, დაშავდა 23 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები

დღეს, 22 აპრილს, შუადღისას, რუსეთის ჯარები უკრაინაში თავს დაესხნენ ზაპოროჟიეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 19 ზრდასრული და 4 ბავშვი, დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა და ცეცხლი წაეკიდა მანქანებს. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ცნობით, დაიღუპა 69 წლის ქალი – „ექიმებმა სცადეს რეანიმაცია, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს“, – წერს სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი ივან ფედოროვი ტელეგრამზე.

მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ თავდასხმის შედეგად დაიჭრა ორი ბავშვი – 14 და 4 წლის.

რუსეთის თავდასხმა ზაპოროჟიეზე
ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

რომელი ქვეყნის ვიზით შეუძლია უცხოელს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა – ცვლილება

ავღანეთი, ბანგლადეში, პაკისტანი, სომალი და სირია იმ 17 ქვეყნის ჩამონათვალში შედის, რომელთა მოქალაქეებსაც „ოცნების“ მთავრობამ საქართველოში ზოგიერთი სხვა ქვეყნის ვიზის საფუძველზე შემოსვლის გარკვეული პირობა დაუწესა. შესაბამისი დადგენილება 2025 წლის 16 მაისიდან ამოქმედდება.

ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებს იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, საუდის არაბეთის, კატარის, ქუვეითის ან ომანის მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოვიდნენ, ოღონდ, საქართველოში შემოსვლის [საზღვრის გადაკვეთის] დღისთვის, ზემოთ აღნიშნული მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.

მაგალითისთვის: თუ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს აქვს, ვთქვათ, ქუვეითის მრავალჯერადი ვიზა და ამ ვიზას საქართველოში შემოსვლის დროისთვის აქვს მოქმედების არანაკლებ 1 წლის ვადა, მაშინ ავღანეთის მოქალაქეს საქართველოში შეუძლია უვიზოდ შემოვიდეს.

იმ 17 ქვეყნის ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების საფუძველზე შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით:

წყარო: მთავრობის 2025 წლის 17 აპრილის დადგენილება

საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წლიდან დადგენილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, თუ ეს ვიზები და ნებართვები საქართველოში შემოსვლის დროისთვის არის მოქმედი.

ზოგადად, საქართველოს კანონმდებლობით, უცხოელებს, რომლებსაც აქვთ მთავრობის შესაბამის დადგენილებაში მითითებული რომელიმე ქვეყნის [ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ] ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, 90 კალენდარული დღის ვადით.

ამასთან, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის მიზნით, შესაბამისი ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა მოქმედი უნდა იყოს საქართველოში შემოსვლის [საზღვრის გადაკვეთის] დღისთვის, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა  ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით [საქართველოს მთავრობის 2015 წლის ივნისის დადგენილებით ასეთი სულ 50 ქვეყანაა]:

ამავე თემაზე:

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ

 

მთავარი ფოტო: სარფი / „ბათუმელების“ არქივიდან

 

„მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“ – პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობის 100 დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აახლებს კამპანიას, რომელიც მისი გათავისუფლების მოთხოვნით წამოიწყო.

„დღეს მეასე დღეა, რაც პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის წევრი მზია ამაღლობელი, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, დამფუძნებელი და დირექტორი გამოცემებისა „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“, პატიმრობაში იმყოფება.მზიას დაკავება აშკარა მცდელობაა საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ჩაახშონ კრიტიკული ხმები, დააშინონ დამოუკიდებელი ჟურნალისტები და გაანადგურონ, რაც პრესის თავისუფლებისგან დარჩა საქართველოში.მიუხედავად ამ თავდასხმისა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ქართველი ჟურნალისტები, მზიას ჩათვლით, ბრძოლას აგრძელებენ.

კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და ურყევად გამოვხატავთ ჩვენს სრულ სოლიდარობას მისი ოჯახისა და კოლეგების მიმართ.

შემოგვიერთდით და მოითხოვეთ ჩვენთან ერთად მზიას გათავისუფლება“, — ნათქვამია IPI-ს განცხადებაში.

კამპანიის ტექსტი, რომელზეც ბმულით გადადიხართ, ხაზს უსვამს, რომ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს აქვს წაყენებული, სასჯელი, რაც მას ელოდება, სრულიად შეუსაბამო და არაადეკვატურია იმ ეპიზოდისა, რის გამოც დააკავეს იგი.

„მთელი თავისი კარიერის მანძილზე, მზია ავლენდა სამაგალითო გამბედაობას და სიმტკიცეს დემოკრატიული ღირებულებების, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტების დასაცავად. მზიას დაკავება ნაწილია იმ მხეცური ზეწოლისა, რასაც დემოკრატიულ პროტესტსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ახორციელებენ.

დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, მოეხსნას შეუსაბამო ბრალდებები, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო. ჩვენ ვდგავართ მზია ამაღლობელის, „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთში“ მისი კოლეგების, ყველა დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის გვერდით“, — ნათქვამია კამპანიის ტექსტში, რომელიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.

კამპანია IPI-მ წამოიწყო და მას უერთდებიან მედია-მენეჯერები, ჟურნალისტები, რედაქტორები მთელი მსოფლიოდან.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

მზია ამაღლობელის საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ განაწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მტკიცებულებების დიდი ნაწილი ამ საქმიდან მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა.  „მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეოჩანაწერებში ჩანს.

საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასევე აპირებენ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ევროსასამართლოს მიმართონ.

აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრი: საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა, რუსულ პროპაგანდისტულ მედია Tass-თან განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ხელი მოაწეროს შეთანხმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

„საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ მათ სურთ გააჯანსაღონ ურთიერთობები მთავარ მეზობლებთან – აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის ფედერაციასთან – არ რჩება ჩვენი ყურადღების მიღმა, მაგრამ ამავდროულად საჭიროა პრაქტიკული დადასტურებები და რეალური ნაბიჯები.

ჩემი აზრით, ასეთი [ნაბიჯი] შეიძლება იყოს რამდენიმე, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება, რომელიც ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ვერც დროის გამოცდას, ჩვენ უნდა ვიაზრებდეთ თუ რა მიმდინარე რეალობაში ვიმყოფებით დღეს.

მეორე – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამაზე გავამახვილებთ ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებების ყველა ჩვენი კოლეგის ყურადღებას – ეს არის სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შეთანხმების ხელმოწერა. ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი კიდევ სხვა რამეზე“, – თქვა ბარციცმა, რომელმაც სერგეი შამბა 18 აპრილს ჩაანაცვლა.

 

სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება მზია ამაღლობელის 100-დღიან უკანონო პატიმრობას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის 100-დღიან უკანონო პატიმრობას პლატფორმა X-ზე ეხმიანება.

„100 დღე გავიდა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონო დაპატიმრებიდან.

ის თავისუფალი პრესის სიმბოლოდ იქცა იმ პირობებში, როცა რეგიონში დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა სულ უფრო ძლიერდება“ – წერს ზურაბიშვილი.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მზია ამაღლობელი რომ უკანონო პატიმარია, ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება აქვთ გაკეთებული როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მაღალი რანგის თანამდებობის პირებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, საელჩოებს და მედიის მხარდამჭერ ორგანიზაციებს, რომლებიც მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

 

22 აპრილი დედამიწის დღე: თიბისის გარემოზე ზრუნვის პოლიტიკა

თიბისი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ნერგავს გარემოსდაცვით და სოციალურ პასუხისმგებლობასა და მდგრადი განვითარების უმაღლეს სტანდარტებს. ხელმძღვანელობს მაღალი ეთიკური პრინციპებით და ძლიერი შიდა კულტურით. თიბისი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე.

22 აპრილი დედამიწის დღეა. თიბისი ყოველთვის აცნობიერებდა მის მნიშვნელოვან როლს და  დადებითი ზეგავლენის შესაძლებლობებს გარემოზე ზრუნვაში და მდგრადობის შენარჩუნებაში. შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, პირველ რიგში, შიდა ტრანსფორმაციით და ცვლილებებით იწყება. თიბისი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს გარემოსდაცვით ინიციატივებს, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე, მის გარეთ. კომპანიამ 2024 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

თიბისის აქვს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების პოლიტიკა. პოლიტიკა უზრუნველყოფს ორგანიზაციულ კულტურაში გარემოს დაცვისა და კლიმატთან დაკავშირებული საკითხების დამკვიდრებასა და ბანკის საქმიანობის ყველა სფეროში გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებების წახალისებას. აღნიშნული პოლიტიკა ყველა თანამშრომელზე ვრცელდება.

თიბისის მდგრადი პორტფელის მოცულობამ დასახულ მიზანს 23.79%-ით გადააჭარბა. 2024 წლისთვის დასახული მიზანი იყო 1.4 მილიარდი ლარი და წლის ბოლოს პორტფელის მოცულობამ შეადგინა 1.733 მილიარდი ლარი. პორტფელის დიდი ნაწილი მწვანე დაფინანსებასა და კლიმატთან არის დაკავშირებული.

თიბისიმ, გასულ წელს, მეხუთედ გაიარა ISO 14001:2015 აუდიტი, რაც იმის დასტურია, რომ ბანკის გარემოსდაცვითი მართვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად ფუნქციონირებს.

თიბისის და Visa-ს პარტნიორობის ფარგლებში, TBC WM მომხმარებლებისთვის, პირველი ეკომეგობრული, Visa Infinite საკრედიტო ბარათი შეიქმნა, რომელიც გადამუშავებული მასალისგანაა დამზადებული.

თიბისი, ასევე აქტიურად მუშაობს შიდა რესურსების დაზოგვასა და რესურსების გონივრულ მოხმარებაზე – 2300 კილოგრამზე მეტი პლასტმასა შეგროვდა და გადამუშავდა. პლასტმასის შესაგროვებელი ურნები განთავსებულია თიბისის 46 ლოკაციაზე: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

თიბისიმ ქაღალდის გადამუშავების პროცესი 2015 წელს დაიწყო და ამ დრომდე ჯამურად გადამუშავებულია 500 ტონამდე ქაღალდი. პარტნიორი კომპანიის დახმარებით გადამუშავდა 46 840 კგ ქაღალდი, რითაც მოჭრას გადაურჩა 782 ხე. ასევე, კორპორაციულმა მიმართულებამ, ელექტრონული ხელმოწერის დანერგვით, დაბეჭდილი ხელშეკრულებები ციფრული ხელშეკრულებებით შეცვალა, ამით 70,000 ფურცელი დაზოგა. 2024 წელს ერთი თანამშრომლის მიერ მოხმარებული ქაღალდის რაოდენობა 10%-ით შემცირდა. წყლის მოხმარება ერთ თანამშრომელზე წინა წელთან შედარებით კი 13%-ით შემცირდა. ჯამური წყლის მოხმარება 5,552,000 ლიტრით შევამცირეთ.

გარემოზე ზრუნვის მიზნით თიბისი არაერთი წელია სხვადასხვა მარკეტინგულ კამპანიებსაც ახორციელებს. სარეკლამო ბანერების გადამუშავების და მათგან ფუნქციური ნივთების შექმნის შემდეგ, თიბისის ინიციატივით, კომპანიამ „ტენე“ გამოუყენებელი პლასტმასა გადაამუშავა და მობილურის ეკომეგობრული საკიდები, აქსესუარებით, შექმნა.

#ერთადგავიმარჯვებთ დედამიწისთვის.

6 წლის გაბრიელს დახმარება სჭირდება – „აუცილებელია მედიკამენტი, რისთვისაც თანხა არ გვყოფნის“

6 წლის გაბრიელ მიშელაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

როგორც ბავშვის ბებია, ეკატერინა ბოს­ტან­ჯი­ე­ვა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, გაბრიელს საბერძნეთში რთული ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად მას ძვირადღირებული მედიკამენტები ესაჭიროება, რომელიც სასწრაფო და აუცილებელია დაავადების დასამარცხებლად.

„ბავშვს კისრის არეში აქვს ხრტილოვანი სიმსივნური წანაზარდები და ამაზე ჩაუტარდა ორი ოპერაცია. ახლა სჭირდება აუცილებელი მედიკამენტები (ნემსები), რომელსაც აშშ-იდან ვიწერთ და ძვირი გვიჯდება. 6 თვეა გაბრიელი გადის თერაპიულ კურსს და ამისთვის სჭირდება ეს მედიკამენტი. 2 436 ევრო ღირს ერთი ნემსი,  თანხის ნაწილი შევაგროვეთ, ახლა გვჭირდება 3 000 ლარი, რომ შევძლოთ ამ წამლის აღება.

იმისათვის, რომ მესამე ოპერაცია გაუკეთდეს, ჯერ აუცილებელია ამ მედიკამენტებით მკურნალობა“-ამბობს გაბრიელის ბებია.

მისი თქმით, საბერძნეთში მეორე შვილიც ჰყავს წაყვანილი, რომელსაც გულის ოპერაცია გაუკეთდა და ახლა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, გაბრიელის მკურნალობა ისევ გრძელდება.

„ამიტომ დაგვჭირდა ფონდების და საზოგადოების დახმარება, რადგან სახელმწიფოსგან ვერ მივიღეთ ვერანაირი დაფინანსება. მე ქალაქ კომოტინში ვარ დიდი ხანია და ვსარგებლობ აქაური დაზღვევით, ამიტომ ვცდილობ ჩემი დაზღვევა ვასარგებლო ჩემს შვილიშვილსაც. ამ დაზღვევით ჩაუტარდა გაბრიელს ოპერაციებიც, თუმცა მედიკამენტების შესაძენად გვჭირდება საზოგადოების დახმარება“-ამბობს ეკატერინა ბოს­ტან­ჯი­ე­ვა.

გაბრიელის დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

თი­ბი­სი ბან­კი: GE50TB7397345061100100

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE97BG0000000127397700

ლი­ბერ­თი ბან­კი: GE08LB0711179063120000

კრე­დო ბან­კი: GE77CD0360000038942832

მიმღები – ბოს­ტან­ჯი­ე­ვა ეკა­ტე­რი­ნა (ბებია)

ასევე, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ პირადი ნომრის მეშვეობითაც – 10001012274

 

 

მერაბ ტურავას, საკონსტიტუციოს ყოფილ თავმჯდომარეს დაცვა დაუნიშნეს

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს.

„ქართული ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ 2025 წლის 17 აპრილს გამოცემული განკარგულებაში აღნიშნულია: „მერაბ ტურავას დაენიშნოს/გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე, საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.“

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2020 – 2025 წლებში.

2025 წლის 16 აპრილიდან ამ თანამდებობას რევაზ ნადარაია იკავებს. მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწერა.

  • რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე, როცა მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო

მერაბ ტურავას თავმჯდომარეობის დროს საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა განეხილა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და პარლამენტის 34 ოპოზიციონერი დეპუტატის სარჩელი, რომელიც შეეხებოდა 2024 წელს გაყალბებული არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ მერაბ ტურავას თავმჯდომარეობით არც რუსული კანონის მოქმედება შეაჩერა. სარჩელი რუსული კანონის კონსტიტუციურობაზე კი, ამ დრომდე არ განუხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს.

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, სადაც საკონსტიტუციო სასმართლოს შეეძლო კონსტიტუციის დაცვა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის გადარჩენა, „ფარული მოსმენების საქმეა“. ამ საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წელს დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია.

მერაბ ტურავამ ამ საქმეზე „ბათუმელებს“ 2024 წლის 29 ივლისს უთხრა, გადაწყვეტილება მალე გვექნებაო, თუმცა მან ისე დატოვა პოსტი, რომ ვერც ეს პირობა შეასრულა.

„ამ საქმეში 600 გვერდია მხოლოდ ოქმი, ასევე მთელი კანონმდებლობა და სისტემაა გასაანალიზებელი, რომ საკითხი უშეცდომოდ და ძირფესვიანად იქნას გადაწყვეტილი. ეს საქმე [ფარული მოსმენები] დასრულებულია და მალე გვექნება გადაწყვეტილება,“ –გვითხრა 2024 წლის ივლისში მერაბ ტურავამ.

„ყველანაირი გრანტი მაქვს მიღებული“ – საკონსტიტუციოს თავმჯდომარე რუსულ კანონზე

„მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა“ – მედიაკოალიცია

დღეს, 22 აპრილს, ასი დღე შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას ეხმაურება და წერს, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა.

„მზია ამაღლობელის საქმეში „დაზარალებულ” პოლიციელებს მხარდამჭერად ცრუ მოწმეები და გაყალბებული ვიდეომასალა მოჰყავთ.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, საზოგადოებას დაუკარგოს რწმენა საერთო კეთილდღეობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის მიმართ.

საზოგადოება იდგება სიმართლის მხარეს, ისევე, როგორც მზია ამაღლობელი, რომელმაც, როგორც ჟურნალისტმა, სიმართლის ძიება და მისი გახმოვანება პროფესიად და ცხოვრების წესად აირჩია“- ნათქვამია მედიაკოალიციის განცხადებაში.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას ედავებიან.

მზია ამაღლობელი რომ უკანონო პატიმარია, ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება აქვთ გაკეთებული როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მაღალი რანგის თანამდებობის პირებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, საელჩოებს და მედიის მხარდამჭერ ორგანიზაციებს, რომლებიც მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

ამავე თემაზე: 

ირაკლი კობახიძე არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას – ადვოკატი

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 აპრილის 21 საათიდან 23 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 24 და 25 აპრილს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 943 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
  • ტანკი – 10 683 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 22 296 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 26 689 ერთეული [+26]
  • MLRS – 1 367 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 140 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 33 388 ერთეული [+118]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 148 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 45 458 ერთეული [+134]
  • სპეცტექნიკა – 3 859 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 661 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 52 935 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 604 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 970 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 544 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 916 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 389 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ამას სულხან თამაზაშვილს არასდროს ვაპატიებ“ – შვილმკვდარი დედა, რომელმაც საქმე სტრასბურგში მოიგო

„სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ კავშირი მომჩივნის შვილის სიკვდილსა და პოლიციის მიერ მის დევნას შორის აშკარა იყო,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს მიერ 2024 წელს მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საქმეზე „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.

საუბარია თბილისში 2016 წელს 37 წლის ზურა ელიბაშვილის დაღუპვაზე – მისი ცხედარი მტკვარში იპოვეს. გამოძიება მაშინ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით [სსკ-ის 115] დაიწყო, საგამოძიებო მოქმედებები კი, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველომ აწარმოვა, რომელსაც 2016 წელს სულხან თამაზაშვილი ხელმძღვანელობდა. სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეში სამართლიანი და ეფექტური გამოძიების უფლების დარღვევაზე საუბრობს, თუმცა სულხან თამაზაშვილი სკანდალური საქმის შემდეგ ჯერ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გახდა, ახლა კი, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეა.

  • რა მოხდა? 

2016 წლის პირველ აგვისტოს ზურა ელიბაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავტომანქანით მიდიოდა საფრანგეთიდან მომავალი დედის და ძმის დასახვედრად.

თუმცა ზურა აეროპორტში არ გამოჩნდა. იმავე ღამეს ზურა ელიბაშვილის ავტომანქანა საჯარიმოზე გადაყვანილი იპოვეს, ზურას ცხედარი კი, 2016 წლის 3 აგვისტოს იპოვეს მტკვარში მეთევზეებმა.

„იმ ღამეს აეროპორტში უნდა დაგვხვედროდა, მაგრამ ზურა აღარ გამოჩნდა – გვიყვება მანანა ელიბაშვილი, ზურა ელიბაშვილის დედა. მან დღემდე არ იცის ზუსტი მიზეზი, რას ემსხვერპლა მისი შვილი – ახლაც ემიგრაციაში ვარ შვილთან, პავლესთან ერთად, რომელიც შშმ პირია.

ზურა 13 წელი ცხოვრობდა საფრანგეთში, სატვირთო მანქანაზე მუშაობდა…

2015 წლის ოქტომბერში დაბრუნდა თბილისში და ბინის კეთილმოწყობაზე ზრუნავდა… ჩემი მეუღლე ზურას ამბავს გადაჰყვა. გამანადგურეს, დამიქციეს ოჯახი,“ – გვითხრა მანანა ელიბაშვილმა.

ზურა ელიბაშვილის ოჯახს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აეროპორტისკენ მიმავალ ზურაბს პოლიციელები დაედევნნენ და ზურას შელაპარაკება უშუალოდ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსთან, სულხან თამაზაშვილთან ჰქონდა.

ამ საქმეში სულხან თამაზაშვილის უშუალო მონაწილეობა არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, თუმცა სტრასბურგის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს არაერთ გარემოებაზე, რაც მკაფიოდ აჩვენებს იმას, რომ გამოძიებამ ყველაფერი გააკეთა მტკიცებულებების გასაქრობად.

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე არსებული რეგულაციებით პოლიციის თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება პროკურატურას უნდა ეწარმოებინა, ამ საქმის გამოძიება პოლიციას დაევალა.

პროკურატურამ მხოლოდ 15 თვის შემდეგ დაიწყო გამოძიება,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ზურაბ ელიბაშვილი

გამოძიების ვერსიით, ზურაბ ელიბაშვილი მაღალი სისწრაფით მიდიოდა აეროპორტისკენ და მას პოლიციის ეკიპაჟი დაედევნა. ზურაბი ელიბაშვილი აეროპორტამდე აღარ მიდის და უკან ბრუნდება. ზურაბი რომ მანქანას აჩერებს და გარბის მტკვრის ხეობისკენ, ეს კადრი თავად საპატრულო პოლიციის მანქანას ვიდეო-სათვალთვალო კამერას გადაუღია. ამ კადრში ჩანს ორი პოლიციელი, რომელიც ზურაბს ფეხით უკან მისდევს, თუმცა მალევე ორივე პოლიციელი უკან ბრუნდება.

რამდენიმე საეჭვო გარემოებები, რის გამოც „ოცნებამ“ საქმე სტრასბურგის სასამართლოში წააგო:

  • პოლიციამ დაგვიანებით – კადრების განადგურების შემდეგ, გამოითხოვა ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რითაც სავარაუდოდ დადგინდებოდა, რეალურად რას გაურბოდა ზურაბ ელიბაშვილი.
  • პოლიციელები მტკვრის ხევისკენ გაქცეული მოქალაქის ბედით არ დაინტერესებულან. იმ ღამით არც სამაშველო ოპერაცია ჩატარდა.
  • დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს პოლიციის [ამ პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო სულხან თამაზაშვილი 2016 წელს] თანამშრომლებმა კუჭაძემ და ხაზალიამ [ეს პოლიციელები ჩანან თავად პოლიციის ავტომანქანის ვიდეო-კადრში] გამოძიებას გამოკითხვისას უთხრეს, რომ ვერ დაინახეს, მტკვრის სანაპიროზე თუ იყო ვინმე, ერთ-ერთმა პოლიციელმა კი თქვა, რომ არ იცოდა იმ ტერიტორიაზე [თავის სამოქმედო კვადრატში] თუ მდინარე მტკვარი იყო
  • ეს პოლიციელები ზურაბ ელიბაშვილის მიერ მიტოვებულ ავტომანქანას აფორმებენ, როგორც „უცნობი პირის“ ავტომანქანას ისე, რომ ავტომანქანის დათვალიერების ოქმსაც არ ადგენენ. ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ყურადღებას ამახვილებს ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე: მძღოლის გვერდით სავარძელზე ზურაბს საკუთარი პირადობის მოწმობა ედო მართვის მოწმობასთან ერთად.

2020 წელს პროკურატურამ თვითმკვლელობის მუხლს სამსახურებრივი გულგრილობის მუხლიც დაუმატა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია [სსკ–ს 342-ე მუხლი]. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი, საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

  • რაზე ამახვილებს ყურადღებას ევროსასამართლო?

„პოლიციელები პირველად გამოიკითხნენ თითქმის ოთხი თვის დაგვიანებით, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი ახსნა-განმარტება, სასამართლო თვლის, რომ ასეთი დაყოვნება გაუმართლებელი იყო…“, – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აღნიშნავენ, სასამართლომ სახელმწიფოსგან ვერ მიიღო ინფორმაცია, თუ რატომ ვერ იყო საგზაო შემთხვევის თავდაპირველ ანგარიშში ინციდენტის სრული აღწერა. ამგვარად, საერთოდ გამოტოვებული იყო მოხსენებაში ის ფაქტი, რომ მომჩივნის ვაჟს პოლიცია აედევნა ფეხით, სანამ სიბნელეში გაუჩინარდებოდა, ასევე – სხვა პოლიციის ოფიცრების სავარაუდო ჩართულობა ჩხრეკაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეოთვალთვალის კადრები შეიძლება წარმოადგენდეს მტკიცებულებას, რომელიც მნიშვნელოვანია შესაბამისი მოვლენების გარემოებების დასადგენად. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში ვიდეომტკიცებულებების შეგროვებისა და დამუშავების წესი არადამაკმაყოფილებელი იყო. როგორც ჩანს, მოთხოვნათა უმეტესი ნაწილი საგზაო მოძრაობის ან კერძო სათვალთვალო კამერების ვიდეოკადრების ამოღებისა და მოპოვების შესახებ დაგვიანებით იყო გაკეთებული, რის გამოც პოტენციურად მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაიკარგა ან წაიშალა.

„გამოძიების ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი ჩატარდა იმ ორგანოს მიერ, რომელსაც არ ჰქონდა საკმარისი დამოუკიდებლობა პოლიციის თანამშრომლებისგან, რომელთა პასუხისმგებლობაც შესაძლოა, გამოკვეთილიყო აღნიშნულ ინციდენტში. უფრო მეტიც, გამოძიების რამდენიმე ძირითადი ხარვეზი პირდაპირ კავშირშია ამ ფაზასთან,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ევროსასამართლომ ამ საქმეზე კონვენციის მეორე მუხლის [სიცოცხლის უფლება] დარღვევა დაადგინა. სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ 12 ათასი ევროს გადახდა  დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის.

ამ საქმით ევროსასამართლოს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2021 წელს მიმართა, გადაწყვეტილება კი, ევროსასამართლომ 2024 წელს მიიღო.

„სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარება. სასამართლომ მიუთითა გამოძიების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე და ფაქტობრივად, გამოძიების არაეფექტურობასთან დაკავშირებით განმცხადებლების ყველა არგუმენტი გაიზიარა. ხოლო მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები დაუშვებლად მიიჩნია,“ – ამბობს ნესტან ლონდარიძე, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი. ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე, რომელიც პოლიციამ განზრახ, დაგვიანებით ამოიღო.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პოლიციის სამმართველოს არ უნდა დაეწყო ამ საქმის გამოძიება, ხოლო პროკურატურას საქმის მასალები დაგვიანებით გადაეცა.

  • რა შეიცვალა ამ საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ? 

ადვოკატი ნესტან ლონდარიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაკისრებული თანხის გადახდის გარდა, არაფერი შეცვლილა და სამართალი ვერც დაღუპული 37 წლის კაცის ოჯახმა იპოვა.

„როგორც ვიცი, ბრალი მომზადებული იყო ამ ორი პოლიციელის მიმართ, ამიტომაც შეუცვალეს საქმეს კვალიფიკაცია, მაგრამ თითქოს რაღაც მოხდაო, „ფარული ხელი“ ჩაერია ისევ და ბრალი არავისთვის არ წარუდგენიათ.

ჩვენ გვქონდა შეხვედრა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მაგრამ ბრალი ისევ არავის მიმართ არ არის წარდგენილი… ის ორი პოლიციელიც, ჩემი ინფორმაციით, პოლიციაშია ისევ.

ერთი რამა ცნობილი: განზრახ არ წაიყვანეს საგამოძიებო მოქმედებები ისე, რომ რეალური სურათი დადებულიყო. ფაქტია, რომ ზედამხედველობა გამოძიებაზე განხორციელდა არაეფექტურად,“ – გვითხრა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ, როცა მას ვკითხეთ: ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რამდენად იკვეთება სულხან თამაზაშვილის პასუხისმგებლობა?

სულხან თამაზაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსი 2017 წლის 10 აგვისტომდე იყო. ზურაბ ელიბაშვილის დედამ, მანანა ელიბაშვილმა გვითხრა, რომ ამ პერიოდში მან სულხან თამაზაშვილთან შეხვედრაც სცადა:

„მანამდე სულხან თამაზაშვილს მივწერე, თქვენ პოლიციის კი არა, ბანდიტების ხელმძღვანელი ხართ-მეთქი.

რა თქმა უნდა, არ მიპასუხა. მერე მივედი მასთან კაბინეტში, მაგრამ მითხრეს, გასულიაო და ველოდებოდი. მერე მითხრეს, დაგირეკავთ, როცა მოვაო და წამოვედი. ტაქსიში ვიჯექი, როცა დამირეკეს, იცით რა, შვებულებაში გასულაო…

წარმოიდგინეთ, ეს არის პოლიციელი? მაგის მერე კიდევ დააწინაურეს, ნომერ პირველი პოლიციელი გახდა.

ჩემი ზურა კი, სულ შრომაში იყო, ერთხელაც არ უთქვამს, დავიღალეო. რისთვის მომიკლეს? ზურას ერთი შვილი, მარიამი უკვე 25 წლისაა, გიორგი 20-ის გახდება მალე. მათ ვუყურებ და ვიცი, რომ არასდროს ვაპატიებ სულხან თამაზაშვილს ამას, ვიდრე ვარსებობ დედამიწაზე,“ – გვითხრა მანანა ელიბაშვილმა.

რუსეთში სკოლის მოსწავლეები დირექტორმა ჯარის დისკრედიტაციისთვის დაასმინა, მათ 2.5 წელი მიუსაჯეს 

ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლომ, რუსეთის ჯარის დისკრედიტაციაში ბრალდებულ ორ სკოლის მოსწავლეს, სასჯელის სახით 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსწავლეები პოლიციაში სკოლის დირექტორმა დაასმინა.

2023 წლის შემოდგომაზე, ლიცეუმის დირექტორმა ნინა გოვოროვამ პოლიციას შეატყობინა, რომ მისი სკოლის ორმა მოსწავლემ რუსული არმიის შესახებ გადაიღო ვიდეო „ფეიკებით“ [სიყალბეებით]. სკოლის მოსწავლეების წინააღმდეგ მაშინვე აღიძრა ადმინისტრაციული საქმე, რომელიც სასჯელის სახით 50 000 რუბლამდე ჯარიმას ითვალისწინებდა. მაგრამ როდესაც მოსწავლეებს 18 წელი შეუსრულდათ – 2024 წლის აგვისტოში, ამ „ფეიკებისთვის“ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.

საქმე განიხილეს და 2025 წლის 10 აპრილს სასამართლო მათ დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. მოზარდებს სასჯელს კოლონიაში მოიხდიან.

ნიჟნი ნოვგოროდის საინფორმაციო გვერდის „Reporter-NN“ ცნობით, სკოლის დირექტორმა ძალოვნებს განუცხადა, რომ სკოლის ელექტრონულ მისამართზე მიღო წერილი ვიდეოსთან ერთად, რომელშიც ლიცეუმის ორი უფროსკლასელი, სამზარეულოში განიხილავდნენ უკრაინასთან ომს, „მას არ მოეწონა ის ფაქტი, რომ ვიდეოში მოსწავლეები თითქოს აკრიტიკებდნენ რუსეთის არმიას“, – წერს გამოცემა.

ახალგაზრდების წინააღმდეგ საქმე აღიძრა Youtube-ს პლატფორმაზე გამოქვეყნებული და შემდეგ Telegram-ის არხზე გაზიარებული ვიდეოსთვის, რომელსაც 26 გამომწერი ჰყავს. ვიდეომ სულ 35 ნახვა დააგროვა.

სასამართლოზე ერთ-ერთი ბრალდებული იგორ სტარშინოვი ჰყვება, რომ ვიდეოს ჩაწერა ისტორიის გაკვეთილის შემდეგ გადაწყვიტეს. „მას შემდეგ, რაც მე ადმინისტრაციული ჯარიმა დამეკისრა, გამოვიტანე ჩემთვის დასკვნები და გამოსწორების გზას გავდექი. ბევრჯერ მოვინანიე ჩემი, მშობლების და ასევე მასწავლებლების წინაშე“, – ამბობს ის.

„მე ჩემი ქმედებებისთვის პასუხისგებაში მიცემული ვიყავი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახით, აღრიცხვაზე ვიყავი არასრულწლოვანთა საქმეების კომისიაში, რეგულარულად ვესწრებოდი შეხვედრებს… მაშინაც მოვინანიე“, – ამბობს მეორე მოსწავლე, კირილ სმირნოვი. – „მე მაინც ვფიქრობ, რომ სასჯელი სიტყვებისთვის უნდა იყოს გაცილებით უფრო მსუბუქი, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ არავინ გაგვიძარცვავს, არავინ დაგვიზიანებია ფიზიკურად“.

კირილ სმირნოვის დედა ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის სკოლაში არც არავის აუხსნია, რომ ამ საქციელზე, კანონი ასეთ სერიოზულ სასჯელს ითვალისწინებს: „დირექტორს რა თქმა უნდა შეეძლო არ შეეტყობინებინა, ეს მისთვის არ იყო სავალდებულო, მას შეეძლო გვერდზე გადაედო რაღაც პირადი წყენები და უბრალოდ დაენდო ისინი…“.


მთავარ ფოტოზე: იგორ სტარშინოვი და კირილ სმირნოვი სასამართლოში. სქრინი გადაცემა „Кстати-ს” ვიდეორეპორტაჟიდან

 

ქობულეთში დაზიანებული გზა 4 თვეა ვერ შეაკეთეს – „გზა იყო, სანამ სარემონტო სამუშაოებს დაიწყებდნენ“

ქობულეთის სოფელ აჭყვისთავში უგზოობაზე წუხან. იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ სოფლებში გზების მოწესრიგებაზე საუბრობს, ამ სოფელში გზა უკვე 4 თვეა ვერ გააკეთეს.

სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები კახა ნოღაიდელი ამბობს, რომ გზაზე ავტომანქანით გავლა 2024 წლის დეკემბრიდან გახდა შეუძლებელი, მას შემდეგ, როცა იქ ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა კომპანიამ სარემონტო სამუშაოები დაიწყო. დეკემბრის შემდეგ აქ არ გამოჩენილანო, გვიყვება მოქალაქე, ქობულეთის მერიის პრესცენტრის განმარტებით კი, სამუშაოები „ამინდების გამო ვერ დასრულდა“.

დამეწყრილი გზა ქობულეთის სოფელ აჭყვისთავში

„გასული წლის ოქტომბერში გაჩნდა ნაპრალი, ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა გზა, სანამ სარემონტო სამუშაოებს დაიწყებდნენ, მერე მოვიდნენ და მთლად ჩამოშალეს მოშვებული გრუნტი,“ – – გვიყვება კახა ნოღაიდელი.

ამ გზით სოფელ აჭყვისთავში მინიმუმ 20 ოჯახი სარგებლობს. პრობლემას ართულებს ისიც, რომ ამ სოფლის სკოლაში სარემონტო სამუშაოებია. ბავშვები მეზობელი სოფლის – ალამბრის სკოლაში დადიან, ტრანსპორტი კი, რომელსაც მოსწავლეები სკოლამდე მიჰყავს, ყველა ბავშვის სახლამდე ვერ მიდის.

„სკოლის მარშუტკაც ვერ ადის და ბავშვები ფეხით გადმოდიან,“ – ამბობს კახა ნოღაიდელი და განმარტავს, რომ ბავშვები უკვე თვეებია ფეხით გადმოდიან იმ ადგილამდე, სადაც სკოლის ავტობუსი მიდის.

რამ შეუშალა ხელი სოფლის შიდა გზის მოწყობაში ქობულეთის მერიას? – ქობულეთის მერიის პრესცენტრში განმარტეს, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მუშაობს ამ გზაზე და უახლოეს დღეებში გაგრძელდება სამუშაო. „ამინდების გამო ვერ დასრულდა ამ დრომდე,“ – გვითხრეს ქობულეთის მერიის პრესცენტრში.

რაც შეეხება აჭარის გზების დეპარტამენტს, აქ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ მიგვიღია. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

განახლება: „აღნიშნულ მიმართულებაზე საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. უკვე დასრულდა ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა, ხოლო დარჩენილი სამუშაოები უახლოეს რამდენიმე დღეში დამთავრდება“ – მოგვწერეს აჭარის გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან.

“10 საათისთვის აღდგება” – რომელ ქუჩებს შეუწყდა წყლის მიწოდება ბათუმში

ბათუმში ვაჟა-ფშაველას, ზურაბ გორგილაძის, დავით კლდიაშვილის, 26 მაისისა და მემედ აბაშიძის ქუჩების ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა.

“ავარიული დაზიანებაა და საღამოს 10 საათისათვის აღდგება მიწოდება,” – უთხრეს “ბათუმელებს” კომპანია “ბათუმის წყლის” ცხელ ხაზზე.

ასევე გუშინ, 20 აპრილს,  წყალი არ მიეწოდებოდა ფრიდონ ხალვაშის გამზირის მცხოვრებლებს.

მიზეზი ამ შემთხვევაშიც ავარიულად დაზიანებულ მილზე მიმდინარე სამუშაოები იყო.

რატომ აღარ დადის ბათუმში N4 ავტობუსი ფიროსმანის ქუჩის დასაწყისში

თითქმის ერთი კვირაა რაც ბათუმში N4 მუნიციპალური ავტობუსი უკუმიმართულებისას გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში არ უხვევს და ფიროსმანის ქუჩის დასაწყისში არ შედის. ავტობუსი გორგილაძის ქუჩაზე, „ბათუმი მოლიდან“ პირდაპირ აგრძელებს გზას იუსტიციის სახლამდე, ბრუნდება და შემდეგ შარტავას ქუჩით გადადის ფიროსმანის ქუჩაზე.

მარშრუტის ცვლილების შესახებ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ზოგიერთი მძღოლის თქმით  კი, მარშრუტის ცვლილების მიზეზი ფიროსმანის ქუჩაზე მოწყობილი სამშენებლო ღობეა, რის გამოც სავალი ნაწილი დავიწროვდა და ავტობუსებს მოძრაობა უჭირთ.

ბათუმში 4 ნომერი ავტობუსის შეცვლილი გრაფიკი – [ქალაქიდან „ხოფის ბაზრობის“ მიმართულებით ავტობუსი ჩვეული მარშრუტით [აღნიშნულია მწვანე ხაზით] აღარ მოძრაობს და ის გორგილაძის ქუჩიდან ფიროსმანზე შარტავას გამზირის გავლით გადადის [აღნიშნულია წითელი ხაზით]

„დროებითაა. ხვალიდან [22 აპრილიდან] დაუბრუნდება ჩვეულებრივ მარშრუტს“ – მოგვწერეს „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“, თუმცა რა მიზეზით არის შეცვლილი მარშრუტი, ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს.

კომპანიის ცხელ ხაზზე კი გვითხრეს, რომ მიღებული აქვთ შეტყობინება „ალბათ მერიიდან, რომ ქუჩაა სავარაუდოდ გადათხრილი და 4 ნომერი ავტობუსი უკუმიმართულებისას ფიროსმანის ქუჩას [ჯავახიშვილსა და შარტავას მონაკვეთში] არ გამოივლის. ქალაქის მიმართულებით მოძრაობისას კი ამ მონაკვეთს ჩვეულებრივ გადის“.

ქუჩა გადათხრილი არაა. თუ ავტობუსის მძღოლების ინფორმაციას დავეყრდნობით, სამშენებლო ღობის გამო გზის სავალი ნაწილი ფიროსმანის ქუჩის 10 ნომერში მართლაც დავიწროებულია. აქ ძველი საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი მიმდინარეობს, ღობით კი მთლიანად გადაკეტილია ტროტუარი და ქვეითებისთვის დროებითი და არაადაპტირებული სავალი ნაწილი ავტომანქანების გზაზეა მოწყობილი.

ამ სავალი ნაწილის გასწვრივ კი ავტომანქანებიცაა დაპარკინგებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობას კიდევ უფრო ართულებს.

სამშენებლო ღობით ტროტუარი ფიროსმანის 10 ნომერთან მთლიანად გადაკეტილია / 21.04.2025
სამშენებლო ღობე და ქვეითებისთვის მოწყობილი სავალი ნაწილი ფიროსმანის ქუჩაზე / 21.04.2025

აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრეები, საჯარო რეესტრის მიხედვით არიან: ამხანაგობა „ტაო“ და შპს „ცენტრალ სითი ლაინი“. „ბათუმელები“ აღნიშნულ კომპანიას ვერ დაუკავშირდა.

ღობეზე არ არის განთავსებული საინფორმაციო დაფა. აქ მხოლოდ უსაფრთხოების დაფაა გაკრული.

შემოღობილ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტი ბათუმის მერმა 2024 წლის აგვისტოში შეითანხმა.

სამშენებლო ღობე და ქვეითებისთვის მოწყობილი სავალი ნაწილი ფიროსმანის ქუჩაზე [მარჯვნივ] / 21.04.2025
სამშენებლო ღობე ფიროსმანის ქუჩაზე / 21.04.2025

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით „ცენტრალ სითი ლაინმა“ აქ 45-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა ააშენოს, რომელშიც დაპროექტებულია ჯამში 480 ბინა.

„შენობა ფუნქციურად შედგება სამი ნაწილისგან: სარდაფში და მიწისზეწდა IV დონეზე ავტოპარკინგია განლაგებული. I სართულზე კომერციული სივრცეებია განლაგებული, 6-45 სართულებზე განლაგებულია აპარტამენტები“ – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

„დავუდგეთ მხარში თბილისს“ – ბათუმში დაკავებებს აპროტესტებენ

„გამოდით ბათუმელებო, ქუდზე კაცია საჭირო, გამოვიდეთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ, თქვენს გარეშე ეს არ გამოვა“, – ამბობს ანი გობაძე, სტუდენტი, რომელიც გიორგი გურულთან ერთად დგას ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ და აპროტესტებს თბილისში, პოლიციელების მიერ მოქალაქეების დაკავებას.

პოლიციამ თბილისში აღდგომის ღამეს ორი ადამიანი დააკავა, დღეს, 21 აპრილს კი კიდევ სამი ადამიანი დააკავეს.

„ადამიანი დააკავეს იმის გამო, რომ „ქრისტე აღსდგა“ ეუბნებოდა პოლიციელს. რეჟიმს არ ერიდება აღდგომის ღამესაც ადამიანების დაკავების. იმ ადამიანების, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისა და სიმართლისთვის.

ამიტომ, ბათუმელებო, გამოდით გარეთ და ერთად დავუდგეთ მხარში თბილისს“, – ამბობს ანი გობაძე.

ანის თქმით, პროევროპულ აქციებზე ის პოლიციელებიც ძალადობენ, რომლებიც მასთან ერთად სწავლობდნენ სკოლაში.

„გვირტყამენ პოლიციის ფორმაში ჩაცმული ისეთი ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ ჩემი სკოლის მეგობრები. აქ, აქციებზე დავინახე 1-2 ასეთი ადამიანი და ვნახე სასამართლოშიც, რომლებიც არც ისე კარგად სწავლობდნენ სკოლაში, რომ დღეს პოლიციელის ფორმა ეცვათ.

ამ აქციებზე ბსუ-ს დაცვის თანამშრომლებიც დავინახე, რომლებიც გამოდიან, იცვამენ ფორმას, იკეთებენ ნიღაბს და გვარბევენ, გვაკავებენ, მარტო იმის გამო, რომ ვიბრძვით სიმართლისთვის“, – ამბობს ანი გობაძე.

ანისთან ერთად დგას გიორგი გურულიც მთავრობის შენობის წინ და ასევე მოუწოდებს ბათუმელებს ერთიანობისკენ.

„არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც აღდგომის დღეებშიც არ ერიდება დაპატიმრებებს, ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა, ვაჩვენოთ ჩვენი ძალა, რომ ბათუმი ამ ბრძოლაში იქნება თბილისთან ერთად და ვერ შეძლებენ, რომ დაგვამარცხონ და ჩვენი პროტესტი ჩაახშონ.

გელოდებით ყველას საკონსტიტუციო სასამართლოსთან“, – ამბობს გიორგი გურული, „ძლიერი საქართველოს“ აქტივისტი.

ვიდეო:

__________________

მთავარ ფოტოზე: ანი გობაძე და გიორგი გურული.

3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს ქობულეთის შემოვლით გზაზე, დაშავდა 2 ადამიანი

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.

შსს-დან დაზუსტებული ინფორმაციის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.

სასწრაფო-სამედიცინო  დახმარების სამსახურის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, ერთი დაშავებული გადაყვანილია ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, მეორე კი ქობულეთის ევექსის კლინიკაში.

 

„სააღდგომო ზავის“ შემდეგ რუსეთმა უკრაინას ასამდე დრონით დაარტყა

21 აპრილს, გამთენიისას, რუსეთი უკრაინის რეგიონებს 96 დრონითა და სამი სხვადასხვა ტიპის რაკეტით დაესხა თავს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

აღდგომის წინა დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე „ყველა სამხედრო ოპერაციის შეჩერების“ შესახებ, იმ პირობით თუ მას უკრაინის მხარეც დაიცავდა. კიევში პუტინის განცხადებას სკეპტიციზმით შეხვდნენ, მაგრამ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის არმია „სიჩუმეს“ „სარკისებურად“, ანუ სიჩუმით უპასუხებდა.

თუმცა, მხოლოდ 20 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, უკრაინაში დაფიქსირდა რუსების მიერ „ცეცხლის შეწყვეტის“ 2000-ზე მეტი დარღვევა – წერს უკრაინული მედია „ჰრომადსკე“.

გარდა ამისა, უკრაინული მედიის ცნობით, რომ რუსებმა ყირიმიდან ხერსონის მიმართულებით გაუშვეს ხომალდსაწინააღმდეგო საკრუიზო რაკეტა „ონიქსი“, ხოლო ნიკოლაევის რეგიონში შავი ზღვიდან ორი Kh-31P სარადარო რაკეტა. ასევე, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა ნიკოლაევზე ღამით სარაკეტო დარტყმის შესახებ. მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

რომის პაპი გარდაიცვალა – ვატიკანი

რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა – ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.

რომის პაპი გარდაიცვალა აღდგომის ორშაბათს, 2025 წლის 21 აპრილს, 88 წლის ასაკში, ვატიკანის რეზიდენციაში.

რომის პაპს 2025 წლის თებერვალში დაუსვეს ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი. ვატიკანის ცნობით, იგი კლინიკაში 38 დღის განმავლობაში იყოფებოდა, შემდეგ კი პაპი დაბრუნდა ვატიკანის რეზიდენციაში, კაზა სანტა მარტაში, სადაც ის გარდაიცვალა.

პაპის დაკრძალვის წესი რომის პაპმა ცოტა ხნის წინ შეცვალა ისე, რომ ცერემონია ნაკლებად რთული ყოფილიყო.

ცნობილია, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ საკუთარი დაკრძალვისთვის აარჩია თუთიით დაფარული უბრალო ხის კუბო.

 

ომის პროპაგანდა ღმერთის სახელით – სამხედრო დროშა ქრისტეს გამოსახულებით რუსული კოსმოსური ხომალდიდან 

რუსმა კოსმონავტებმა კოსმოსში გაშალეს რუსული არმიის ძველი საბრძოლო დროშა ქრისტეს გამოსახულებით, რომელიც დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ რუს სამხედროებს გადაეცემათ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია, მათ შორის კრემლის მთავარი პროპაგანდისტი ვლადიმერ სალავიოვი, საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

„ჩვენ რუსები ვართ, ღმერთი ჩვენთანაა! გამარჯვება ჩვენი იქნება!“ ციტირებს რუსული პროპაგანდა „როსკოსმოსის“ კოსმონავტების სერგეი რიჟიკოვის, ალექსეი ოვჩინინის და ივან ვაგნერის სიტყვებს.

„დედამიწიდან 407 კილომეტრის სიმაღლეზე. ჩვენთან ერთად ფრიალებს პირველი რუსული დროშა [стяг]. იგი საჩუქარია საქველმოქმედო პროექტის მხატვრებისგან – „მშვიდობისთვის ჩვენი გამარჯვების შემდეგ“. მათ შეავსეს ქრისტეს გამოსახულება ალექსანდრე სუვოროვის [რუსი მხედართმთავარი] სიტყვებით და ციტატით პატრიარქის [კირილი] მშვიდობის ლოცვიდან…

ეს დროშა აკურთხებს ჩვენს მეომრებს მე-12 საუკუნიდან, ანდრეი ბოგოლიუბსკის დროიდან… ახლა დროშა, როგორც გამარჯვების სიმბოლო, ამაღლდა მთელ დედამიწაზე. მალე იგი ფრონტის ხაზზე მყოფ ჩვენს ჯარისკაცებს გადაეცემათ“ – ციტირებს რუსული მედია კოსმონავტებს.

რუსული მედია ასევე იუწყება, რომ ეს დროშა ერთი წლის წინ, სევასტოპოლის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში აკურთხეს, სადღესასწაულო ლოცვის შემდეგ, რომელშიც რუსეთის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

ეს ლოზუნგი რუსული ჯარის და მათ მიერ გაჩაღებული ომის პროპაგანდის ნაწილია. მას ხშირად იყენებენ რუსი ჩინოვნიკები და სხვა პროპაგანდისტები, რუსეთის აგრესიის გასამართლებლად და ზოგადად, კრემლის „მტრების“ გასაშავებლად. „ჩვენ რუსები ვართ. ღმერთი ჩვენთანაა! რა გამოდის, ვინ არის თქვენთან?“ – წერდა დუგინი იანვრის თვეში.

დამოუკიდებელი რუსული მედია გამოცემა „მედუზა“ ამავე ლოზუნგის შესახებ მომზადებულ პოდკასტში იუწყება, რომ „ჩვენ რუსები ვართ, ღმერთი ჩვენთანაა“ ფართოდ გავრცელდა ორიათასიან წლებში, რუსული ნაციონალისტური მოძრაობების გაძლიერებასთან ერთად.

მაშინ ციტატა უმეტესად ჩნდებოდა რუსეთის იმპერიის 1858-1883 წლების, შავი, ყვითელი და თეთრი ფერის დროშაზე. „ლოზუნგი ძირითადად ჩნდებოდა ნაციონალისტების დემონსტრაციებზე ისეთი ლოზუნგების გვერდით, როგორიცაა „რუსეთი რუსებისთვის“ და „კმარა კავკასიელების კვება“.

ეს კადრები 2025 წლის მარტის თვეში გამოქვეყნებული მუსიკალური კლიპიდანაა, რომლის ტექსტშიც რუსი ჯარისკაცების ღირსებასა და სიმამაცეზე მღერიან, იქვე სამშობლოს სიყვარულში ეჯიბრებიან დასავლეთს: „არ იტირო ამერიკა და ევროკავშირო, ჩვენი ბიჭები ყველაფერს გასწავლიან“.

კადრი ვიდეოდან – „ჩვენ რუსები ვართ, ღმერთი ჩვენთანაა“

8 აპრილს, რუსული პროგრამით კოსმოსში გაფრენილი კოსმოსური ხომალდი „Союз МС-27“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გასულ კვირას დაეშვა. „Союз МС-27“ ეკიპაჟის წევრებს შორის არის ალექსეი ზუბრიცკი, რომელიც წარმოშობით ზაპოროჟიეს რეგიონიდანაა და უკრაინული მედიის ცნობით, იგი უკრაინაში სამშობლოს ღალატისთვის არის გასამართლებული – ვინიცის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ყირიმის ანექსიამდე ზუბრიცკი უკრაინის საავიაციო ქვედანაყოფში პილოტად მსახურობდა.

„2014 წლის მარტიდან მაისის პერიოდში, სევასტოპოლში ყოფნისას, განზრახ, ეგოისტური მიზეზების გამო გადავიდა მტერთან, რითაც ჩაიდინა სახელმწიფო ღალატი, ანუ ქმედებები უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის, თავდაცვისუნარიანობის, სახელმწიფოებრიობის, ეკონომიკური და ინფორმაციული უსაფრთხოების საზიანოდ“, – ნათქვამია სასამართლოს განაჩენში, რომელსაც უკრაინული მედია „უნიანი“ ავრცელებს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 941 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +670]
  • ტანკი – 10 679 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 22 273 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 26 659 ერთეული [+10]
  • MLRS – 1 368 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 139 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 33 270 ერთეული [+30]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 148 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 45 324 ერთეული [+50]
  • სპეცტექნიკა – 3 859 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 661 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 52 831 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 604 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 967 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 544 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 913 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 387 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„სააღდგომო ზავის“ შემდეგ რუსეთმა უკრაინას ასამდე დრონით დაარტყა

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო 45 ძირ ხეს მოჭრიან

ბათუმში, ზღვაში მშენებარე ხელოვნური კუნძულის გამო ბარცხანის პლაჟი უკვე გაქრა, პლაჟთან მდებარე მრავალწლოვანი ხეები კი გაჩეხის მოლოდინშია.

ტყეკაფის პასპორტის მიხედვით, მოსაჭრელად 45 ძირი ხეა აღრიცხული. აქედან მხოლოდ ერთი ძირია ზეხმელი, დანარჩენი – ჯანსაღია.

ამავე დოკუმენტის მიხედვით: „ტყითმოსარგებლე“ არის შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“; ჭრის სახედ მითითებულია – „სპეციალური“; ტყეკაფის გახსნის [ათვისების] თარიღის გასწვრივ კი გრაფა ცარიელია.

ბათუმი, ბარცხანა / ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე ეს ხეები „ტყეკაფშია“ აღრიცხული და დანომრილია. მარჯვნივ – ხელოვნური კუნძულის მშენებლობა / 18.04.2024

ტერიტორია, სადაც „ტყითმოსარგებლედ“ კომპანია „ამბასადორია“ მითითებული, საჯარო რეესტრის მიხედვით, ჯერ კიდევ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

„ტყეკაფის“ 3 120 კვადრატულ მეტრ ფართობზე აღრიცხული და დანომრილია სხვადასხვა სახეობის ხეები: 8 ძირი კაკალი [მანჯურიის], 23 ძირი აკაცია; 2 ძირი თუთა, 1 ძირი პალმა [მარაოსებრი], 5 ძირი ცრუ ქაფური; 5 ძირი ჭადარი და 1 ძირი ალვის ხე.

ტყეკაფში დანომრილი ხეები / წყარო: ტყეკაფის აღრიცხვის მასალები

„ტყეკაფი“ / სატელიტის ფოტო [„ტყეკაფის“ მიმდებარედ ზღვა ხელოვნური ნახევარკუნძულისთვის ხრეშითაა ამოვსებული]
დოკუმენტების მიხედვით, ხეების აღსარიცხად აჭარის სატყეო სააგენტოსთვის „ამბასადორს“ 2024 წლის 13 თებერვალს მიუმართავს. ხეები კი ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციამ იმავე წლის 15 თებერვალს აღრიცხა.

„ტყეკაფი“ მშენებარე ხელოვნური ნახევარკუნძულის მიმდებარედ / ბათუმი, ბარცხანა / 18.04.2025

„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ბათუმში ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი კუნძული უნდა ააშენოს. აღნიშნული პროექტისთვის მთავრობამ კომპანიას ზღვაში 1 443 223 კვადრატული მეტრი ფართობი გადასცა აღნაგობის უფლებით.

„ტყეკაფის“ მიმდებარედ ხელოვნურად მოწყობილი 194 457 კვადრატული მეტრი ნაკვეთი კი, საქართველოს მთავრობამ ამბასადორს 1 ლარად საკუთრებაში უკვე გადასცა.

აღნიშნული ნაკვეთი იმ ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძულის ნაწილია, რომელსაც „ამბასადორი“ აშენებს. 1 ლარად გადაცემული ტერიტორია საჯარო რეესტრში ამ დრომდე არ არის რეგისტრირებული ცალკე საკადასტრო ერთეულად.

ტყეკაფის პასპორტში ეს ჭადარიც დანომრილია [N28] / მარცხნივ ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა და გამქრალი ბარცხანის პლაჟი / ბათუმი, 18.04.2025
„ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 10 აპრილის განკარგულებით „ამბასადორი“ კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან.

ამ განკარგულებით კომპანიას მისცეს უფლება ერთი წლის განმავლობაში მოიპოვოს 287 200 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეული [ქვიშა-ხრეში] ხელვაჩაურის ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარე ტერიტორიაზე [ჯამში 14 ჰექტარზე].

ამასთან, „ამბასადორი“ ვალდებულია „ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს 374 ათას 609 ლარი“.

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბოლოს ლიცენზიისგან 2024 წლის დეკემბერშიც გაათავისუფლეს და კომპანიას 371 100 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლება მისცეს.

ამ თემაზე:

ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს „ამბასადორი“ ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

 

 

 

ადრეული გაფრთხილების სისტემები არაეფექტურია – აუდიტი სტიქიის მართვაში არსებულ პრობლემებზე

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, საქართველოში არ არსებობს „ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ მონაცემებზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების შეტყობინებების რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობამდე მიღწევის გამართული და საიმედო პროცესი“.

აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად აუდიტი ქვეყანაში შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობას ასახელებს, რომელიც განსაზღვრავდა გაფრთხილების მომზადების და გავრცელების პროცესებს და ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების პასუხისმგებლობებს.„ აღნიშნული პროცესის არარსებობა კი ამცირებს მზადყოფნისა და დროული რეაგირების შესაძლებლობებს“.

ამასთან, არ არის მკაფიოდ განსაზღვრული ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირებაზე, ანალიზსა და შეფასებაზე პასუხისმგებელი უწყება; არ არსებობს ბუნებრივი კატასტროფების, საფრთხეებისა და რისკების შეფასების საინფორმაციო ბაზა.

„სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის მოქმედი ვერსია საჭიროებს განახლებას, რადგან დოკუმენტში უფლებამოსილებები გაწერილია ისეთ ორგანიზაციებზე, რომლებიც ან გაუქმებულია, ან სხვა სახელწოდებით და სტრუქტურით აგრძელებენ საქმიანობას. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს ეროვნული სისტემის სუბიექტებს შორის სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში, არაეფექტიანი თანამშრომლობა და საგანგებო სიტუაციების არასათანადო მართვა.“ – წერია აუდიტის დასკვნაში.

ამავე დასკვნის მიხედვით საქართველოში მუნიციპალიტეტებს არ აქვთ შემუშავებული და დამტკიცებული საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმები.

„გაუმართავია ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს შორის კომუნიკაცია და კოორდინაცია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით. ამასთანავე, შეზღუდულია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა ადრეული გაფრთხილების პროცესებში. მუნიციპალიტეტებში არ არსებობს ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების გამოყენების ფორმალიზებული და თანმიმდევრული პრაქტიკა, რაც განაპირობებს ბუნებრივი კატასტროფების რისკების არასათანადო შეფასებას და არაინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას.“ – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტებს, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, უწყებათაშორისი თანამშრომლობის მომწესრიგებელი დოკუმენტები [კომუნიკაციის სტრატეგიები, პროტოკოლები, მემორანდუმები], რომლებიც განსაზღვრავს ინფორმაციის მიმოცვლის პროცესებს, არ აქვთ.

ასევე, არ არსებობს სამეცნიერო და ტექნიკურ ექსპერტებთან მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის [ბუნებრივი კატასტროფების რისკის შესახებ მონაცემების და ინფორმაციის სიზუსტით შეფასებისთვის] განმსაზღვრელი დოკუმენტაცია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილებებისთვის გამოყენების ეფექტიანობის ანგარიში“ 2024 წლის დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა და ის 2025 წლის 11 აპრილს გამოაქვეყნა.

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „უკანასკნელ ათწლეულებში, საქართველოს ტერიტორიაზე შეინიშნება სტიქიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის ტენდენცია, რასაც ეკონომიკურ ზარალთან ერთად, ხშირად ადამიანური მსხვერპლიც მოსდევს… ყველაზე მთავარ პრობლემად კი გახშირებული სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეებისა და რისკების მართვაში არსებული ხარვეზები განისაზღვრა.“

აუდიტი რეკომენდაციას აძლევს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს, უზრუნველყოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია, ასევე ადრეული გაფრთხილების სისტემის ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი ჩარჩო დოკუმენტის შემუშავება, რომელიც, მათ შორის, განსაზღვრავს სისტემის მონაწილე სუბიექტების როლებს, პასუხისმგებლობებს, უწყებებს შორის თანამშრომლობის და კოორდინირების მექანიზმებს.“

აუდიტი აცხადებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ადრეული გაფრთხილების სისტემების [EWS] შექმნისა და ფუნქციონირების პროცესებში, რათა იცოდნენ სწორედ იმ საფრთხეებისა და მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ, რომელიც მათ მოწყვლადს ხდის. ამასთანავე, მათ უნდა შეეძლოთ ზომების მიღება ზიანის მინიმიზაციისათვის.

აუდიტი იშველიებს საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც „მეტეოროლოგია და გარემოზე დაკვირვების სისტემა საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება“ და რომ „ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ“.

აუდიტი ასევე ხაზს უსვამს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში. კერძოდ, თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების პრევენციას, მათთვის მზადებას და მათზე რეაგირებას.

„მთავრობა პასუხისმგებელია ხელი შეუწყოს ადრეული გაფრთხილებისა და სხვა ტექნიკური სისტემების განვითარებას. ადრეული გაფრთხილების შესაძლებლობების გაძლიერებისა და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად, მთავრობა უნდა თანამშრომლობდეს რეგიონულ და საერთაშორისო მთავრობებთან და სააგენტოებთან. მთავრობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა ასევე მნიშვნელოვანია მათი საოპერაციო შესაძლებლობების განსავითარებლად.“ – წერს აუდიტი დასკვნაში.

ამავე დასკვნის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით მოწონებულია ქვეყნის მიერ შესასრულებელი ამოცანები, მათ შორის „კლიმატთან დაკავშირებული ექსტრემალური შემთხვევების და გარემოსთან დაკავშირებული სტრესებისა და კატასტროფების პროგნოზირების და ადრეული გაფრთხილების უზრუნველყოფა“, თუმცა, „ამ ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებელ წამყვან უწყებად განსაზღვრულია სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, რომელიც ამ სახელწოდებით არ არსებობს… აუდიტის შედეგად ვერ დგინდება აღნიშნული ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი“.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რელიეფი, ჰიდროგრაფიული ქსელი, მეტეოროლოგიური პირობები და გარემოზე მაღალი ანთროპოგენური ზეწოლა ქმნის პირობებს ისეთი კატასტროფების განვითარებისთვის, როგორებიცაა: ზვავი, მეწყერი, მდინარის მიერ ნაპირების გარეცხვა, წყალდიდობა, გვალვა, სეტყვა, ეროზია, ძლიერი ქარი, ბუნებრივი ხანძრები და სხვ. ამ კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შემცირების უზრუნველსაყოფად კი „მნიშვნელოვანია ადრეული გაფრთხილებების გამართული სისტემის არსებობა და ამ მიზნით ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ეფექტიანი გამოყენება.“

„ქვეყანაში არ არის შემუშავებული/განახლებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტები: ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი; უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები.

ამ დოკუმენტების არარსებობა/განუახლებლობა წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს EWS-ის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, ასევე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობისთვის.“ – ასკვნის აუდიტი.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

 

ლელობურთზე „ურსას“ კონცერტში ლანჩხუთის ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი დაიხარჯება

დღეს, 20 აპრილს, ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი იმართება. სოფელ შუხუთში ყოველი წლის აღდგომას ერთმანეთს ქვემო და ზემო შუხუთის მცხოვრებლები ეჯიბრებიან. პარალელურად იმართება სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ჯგუფ „ურსას“ კონცერტი, რაშიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათას ლარს ხარჯავს.

ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ „ურსას“ კონცერტისთვის 25 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 2025 წლის 14 აპრილს მიიღო.

კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება თანხას ინდივიდუალურ მეწარმე მანანა ნასიძეს გადაუხდის, რომელმაც 20 აპრილს ჯგუფი „ურსა“-ს სოლო კონცერტის ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

უცნობია, რა თანხას მიიღებს ამ კონცერტიდან უშუალოდ „ურსა“, ვინაიდან ჯგუფსა და მანანა ნასიძეს შორის 10 აპრილს დადებულია შეთანხმება, რომელშიც აღნიშნულია:

„მუსიკოს შემსრულებელსა და კომპანიას [ამ შემთხვევაში მანანა ნასიძეს] შორის ფინანსური ანგარიშსწორების საკითხი საჭიროებისამებრ დარეგულირდეს დამატებითი, კონფიდენციალური ხელშეკრულების საფუძველზე.

შეთანხმების ყველა პირობა არის კონფიდენციალური, მხარეები ვალდებული არიან არ გაახმაურონ მისი პირობები და სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდება წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში ან მასთან დაკავშირებით.“

„ურსას“ კონცერტი შუხუთში უკვე მიმდინარეობს, რაც შეეხება უშუალოდ ლელობურთს, შეჯიბრი დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყება.

„ჯგუფი“ ურსა შუხუთში / 20.04.2025 / ფოტო: „ბათუმელები“
  • 2019 წლის მარტში, ლელობურთის ტრადიციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა:

ლელობურთი გურიაში [ფოტორეპორტაჟი]

დაანებეთ ჩინურს თავი, ქართული ასწავლეთ თურქეთში, ირანში მცხოვრებ დიასპორის ბავშვებს – ქათამაძე „ოცნებას“

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე ციხიდან [მიგრაციის ცენტრიდან] მორიგ წერილს ავრცელებს და „ივანიშვილის რუსულ რეჟიმს“ მოუწოდებს „თავი დაანებოს ჩინური ენის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში შემოტანას“ და ქართული დიასპორის ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლების მიზნით გადადგას ნაბიჯი.

„ივანიშვილის რუსული ოცნების რეჟიმმა თავი დაანებოს ჩინური ენის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში შემოტანას! და თუკი ეროვნული რამე განცდა დარჩენილი აქვთ და ნამდვილი ქართული საქმის გაკეთება სურთ, მაშ თურქეთში, ირანში და აზერბაიჯანში მცხოვრები ისტორიული ქართული დიასპორის წარმომადგენლობის ბავშვებისთვის ქართული მშობლიური ენის სწავლის პროექტების განხორციელების ნაბიჯი გადადგას დაუყოვნებლივ!

წინააღმდეგ შემთხვევაში, 80 წლის შემდეგ აღნიშნულ ქვეყნებში ქართული ენის მოლაპარაკე ისტორიული ქართული დიასპორის ვინმე წარმომადგენელი აღარ უნდა დარჩეს!“ – წერს 18 აპრილის წერილში თემურ ქათამაძე:

თემურ ქათამაძის წერილი მიგრაციის ცენტრიდან

თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი შსს-მ მისი საქართველოდან გაძევება მოითხოვა.

თემურ ქათამაძეს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობა, იგი თურქეთის მოქალაქეა. მის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

დაკავების დროს, როგორც თემურ ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე სასამართლოსგან ითხოვს რამდენიმე საათით გათავისუფლებას რელიგიური ქორწინებისთვის. მისი თქმით, მიგრაციის დეპარტამენტმა ამ რიტუალის ცენტრში ჩატარების შესაძლებლობა არ მისცა.

ვრცლად: თემურ ქათამაძე სასამართლოს რამდენიმე საათით გათავისუფლებას სთხოვს ქორწინებისთვის

რაც შეეხება ჩინური ენის სწავლებას – „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლებას აპირებენ. მან ამის შესახებ 16 აპრილს, განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

ამ თემაზე:

„ოცნება“ საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლებას აპირებს

 

 

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 აპრილის 21 საათიდან 21 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ყველგან, დღისით კი ზოგან ხანმოკლე წვიმა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 22 და 23 აპრილს ღამისა და დილის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში დღეს, 20 აპრილს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებს თელავივი-ბათუმის რეისს, პირველ მცდელობაზე ვერ დაჯდა.

თვითმფრინავი ამ წუთებში [11:40 სთ] ზღვის თავზე მანევრირებს.

ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავიც [ 11:49 სთ].

ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით მიზეზი ცუდი ხილვადობაა [ნისლია], რის გამოც თელევივი-ბათუმის თვითმფრინავი შესაძლოა ალტერნატიურ აეროპორტში გაფრინდეს, მოსკოვი-ბათუმის რეისზე მოძრავ თვითმფრინავს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ამ წუთებში [12:10 სთ] ბათუმის აეროპორტში დაჯდომას ცდილობს კიდევ ერთი თვითმფრინავი [ISR885], რომელიც ასევე თელავივი-ბათუმის რეისს ასრულებს [ეს თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაჯდა, დაახლოებით 12:14 სთ].

ამ დროისთვის [12:16 სთ] ზღვის თავზე ტრიალებენ თელავივი-ბათუმის [ISR889] და მოსკოვი-ბათუმის[RWZ553] თვითმფრინავები.

განახლებული ინფორმაცია:

მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავი აეროპორტში დაახლოებით 12:24 საათზე დაჯდა.

თელავივი-ბათუმის [ISR889] თვითმფრინავი კი მეორე მცდელობაზეც [დაახლოებით 12:32 სთ] ვერ დაჯდა და ისევ ზღვის თავზე ტრიალებს. თვითმფრინავი დაახლოებით 12:47 საათზე დაჯდა ბათუმის აეროპორტში.

ამ დროისთვის [12:16 სთ] ზღვის თავზე ტრიალებს თელავივი-ბათუმის და მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავები
თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა / 20.04.2025
მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა / 20.04.2025
მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 941 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950]
  • ტანკი – 10 677 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 22 271 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 26 649 ერთეული [+49]
  • MLRS – 1 368 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 139 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 33 240 ერთეული [+64]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 148 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 45 274 ერთეული [+112]
  • სპეცტექნიკა – 3 859 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 661 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 52 831 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 604 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 967 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 544 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 913 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 387 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

19 აპრილს, წინასააღდგომოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ 600-ზე მეტი რელიგიური ნაგებობა განადგურდა.
„მილიონობით უკრაინელისთვის აღდგომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მილიონობით ადამიანი წავა ეკლესიებში. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი დღეს დაზიანებულია,“ – თქვა ზელენსკიმ.

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ახლა დროა მხოლოდ რეჟიმის ტყვეებს მოვუსმინოთ“ – ემიგრანტი შვედეთიდან

„ემიგრაცია ბევრნაირია და ყველა ემიგრანტის გამოცდილება – განსხვავებული, თუმცა საბოლოოდ ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი განმარტება აქვს – იძულებული ხარ წახვიდე“ – უთხრა „ბათუმელებს“ 32 წლის სოფო შუბითიძემ. ის ბოლო სამი წელია შვედეთში ცხოვრობს, შვედურ ენას სწავლობს და ცდილობს დასაქმდეს.

სოფომ გვიამბო იმ გამოცდილებაზე, რამაც ემიგრაციაში წასვლა გადააწყვეტინა, იმაზე, თუ როგორ მოახერხა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება და მოსაზრებებიც გაგვიზიარა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე.

  • სოფო, პირველ რიგში, თქვენზე რომ მოგვიყვეთ: რა პროფესია გაქვს, რატომ და როდის გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა?

პროფესიით ვარ პოლიტიკის მეცნიერი, თუმცა სოციოლოგიის მიმართულებითაც მაქვს მიღებული ნაწილობრივ განათლება. საქართველოდან წავედი 2022 წელს ლუნდის უნივერსიტეტში სწავლის მიზნით, თუმცა თავიდანვე ვფიქრობდი სწავლის შემდეგ სამუშაოს მოძიებას შვედეთში და დარჩენის პერსპექტივის შექმნას, ამიტომ ენის შესწავლა ჩასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ დავიწყე.

იქამდე, 2017-დან 2019 წლამდე, პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი სამაგისტროზე, მაგრამ პროგრამის დასრულების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. თბილისში სამწლიანი ყოფნის პერიოდში დავასკვენი, რომ შესაძლოა მცდარი ყოფილიყო ჩემი გადაწყვეტილება უკან დაბრუნების, რადგან ვერანაირად ვერ განვვითარდი, მხოლოდ შემოსავალი არ არის წინსვლის ინდიკატორი.

2022 წელს ჩემი ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მრავალი ფაქტორი – პროფესიულ, პიროვნულ განვითარებასთან დაკავშირებული და, ასევე, არსებობისთვის შეუსაბამო პირობები საქართველოში: კორუფცია, ნეპოტიზმი, ურთიერთ შეურიგებლობა, ურბანული გარემო, რომელიც შეუძლებელს ხდის ცხოვრების მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილებას (გადაადგილება, ჯანსაღი კვება, სუნთქვა და ა.შ.). ჩემს ეთიკურ პრინციპებს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი.

ერთადერთი გამოსავალი ჩემთვის სამოქალაქო სექტორში მუშაობა იყო, სადაც წლები ვიმუშავე, თუმცა 2022 წელს უკვე ვხვდებოდი, რომ სამოქალაქო სექტორიც მალე შეიძლებოდა იმდენად დასუსტებულიყო, რომ გაქრობის საფრთხის წინაშე დამდგარიყო. ვერ ვხედავდი ვერანაირ კავშირს საზოგადოებასა და სამოქალაქო სექტორს შორის, აღნიშნულ სექტორში მომუშავე პირები და ორგანიზაციები მეტწილად არ განსხვავდებოდნენ მათგან, ვისაც მე პოლიტიკაში ვაკრიტიკებდი, პირდაპირ რომ ვთქვა – გაუსაძლისი პირობები იყო. ეს ყველაფერი ჩემს ჯანმრთელობაზეც აისახა.

არა მხოლოდ უკეთესი პერსპექტივის საძიებლად, არამედ ჩემთვის, პირადად, აუტანელი საარსებო გარემოს გამოც მომიწია ქვეყანა დამეტოვებინა. აქ მხოლოდ ფინანსურ ფაქტორს არ ვგულისხმობ, არამედ კომპლექსურად ყველაფერს, რაც მე, როგორც ადამიანს, მოქალაქეს და დასაქმებულს ხელს მიშლიდა ცხოვრებაში, განვითარებასა და წინსვლაში.

  • რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ და რამდენი ხანია?

ვცხოვრობ შვედეთში უკვე მესამე წელია. ამჟამად – მალმოში.

სოფო შუბითიძე
  • მეოთხე თვეა საქართველოში უწყვეტი პროტესტი გვაქვს. თუ იზიარებთ ამ პროტესტს და უერთდებით მის მოთხოვნებს: ქვეყანაში ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გაათავისუფლონ რეჟიმის ტყვეები?

რა თქმა უნდა, სრულად ვიზიარებ ახალი არჩევნებისა და ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნებს და ამაზე ორი აზრი არ არსებობს ჩემთვის. სამწუხაროდ, არც 2023 წელს და არც 2024 წელს, როცა რუსული კანონი მეორედ მოაბრუნეს არ ვიყავი ქვეყანაში, რომ მონაწილეობა მიმეღო საპროტესტო მოძრაობაში.

რომ დავთვალო, ასობით საათი მექნება გატარებული ეკრანთან, რათა მენახა, რა ხდებოდა ქვეყანაში. ვღელავდი და ვფიქრობდი იქ მყოფ ჩემს მეგობრებზე.

  • როგორი ფორმა აქვს თქვენს ჩართულობას ამ პროტესტში ემიგრაციიდან და როგორ აისახება ეს თქვენზე?

მე ვფიქრობ, რომ მოვლენებზე დისტანციურად თვალყურის დევნებამ ბევრი რამე უკეთ დამანახა. უნდა ვაღიარო, რომ პირველი მომენტი, შემოტრიალების წერტილი დაიკარგა 2024 წლის მაისში (როცა რუსული კანონი დაამტკიცეს პარლამენტში), შემდეგ კი 2024 წლის დეკემბერში, როცა ევროინტეგრაციაზე ფაქტობრივად უარი თქვა ხელისუფლებამ. ეს ორი მომენტი უკეთ ვერ გამოვიყენეთ მოქალაქეებმა.

მგონია, რომ მიმდინარე პროცესები ფსიქოლოგიურად უარყოფითად აისახება, რადგან დიდ დროს ვუთმობ პოლიტიკური მოვლენების გაცნობას: ვუსმენ პოლიტიკურ გადაცემებს და ვეცნობი სიახლეებს. ფაქტობრივად, დილით და ჩემი საქმეების დასრულების მერე, იმავეს ვაკეთებ – ვეცნობი, რა ხდება საქართველოში.

ჩემი ჩართულობის ფორმები, ძირითადად, ცხადია, სოციალური მედიაა, თუმცა ბოლო პერიოდში ვერიდები კრიტიკული მოსაზრების გამოთქმას, რომელიც ეხება პროტესტის ფორმებისა და შინაარსის ცვლილებას, ემიგრაციიდან კრიტიკა აღიზიანებს პროტესტანტებს, მათ შორის, მეგობრებს.

  • გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში თუ მოახერხეთ მონაწილეობის მიღება?

დიახ, არჩევნებზე ვიყავი ხმის მისაცემად. ამისათვის სტოკჰოლმში წავედი, დაახლოებით 600 კილომეტრის დაშორებით მალმოდან. თითქმის არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებდა და ამ გამარჯვებას „ქართული ოცნება“ აღიარებდა. ხმის მიცემის გარდა, თანამოქალაქეებსაც ვეხმარებოდი შვედეთში, რომ საელჩოში აღრიცხვაზე დარეგისტრირებულიყვნენ და არ დაეკარგათ ხმის მიცემის უფლება.

  • გქონდათ ამ არჩევნების შედეგად ცვლილების მოლოდინი?

როგორც უკვე ვთქვი, მეტწილად პოზიტიური მოლოდინი მქონდა ოპოზიციის საერთო გამარჯვებასთან დაკავშირებით, როგორც ჩემს მეგობრებს. ამას მოწმობს ისიც, რომ უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საზღვარგარეთის უბნებზე, მათ შორის სტოკჰოლმშიც.

შვედეთში, გაყალბების გარეშე, „ოცნებამ“ 12,8% მიიღო, რაც ამომრჩევლის განწყობაზე ზედმიწევნით კარგად მეტყველებს.

მქონდა ცვლილების დიდი მოლოდინი. იმედგაცრუების პერიოდმა ჩაიარა, პირველი თვე გამოირჩეოდა შოკისა და იმედგაცრუების ნაზავი გრძნობებით, ოქტომბერში და ნოემბერში ვფიქრობდით, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ორგანიზებულად დაირაზმებოდა და წართმეულ არჩევნებს დავიბრუნებდით, ახლა ეს იმედგაცრუება უკვე ჩემთვის სხვა გრძნობაში გადაიზარდა, მაგრამ არ ვიცი ეს რა არის, არ მინდა და ვფრთხილობ ამას ნორმალიზაცია დავარქვა, ეს უფრო მკვდარი იმედების გაცოცხლების მოლოდინის გრძნობასავითაა, პროტესტმა ახალი ძალა უნდა მოიკრიბოს და ვექტორები იცვალოს. ისევ ხელახლა დაბადებაა საჭირო.

ცხადია მძიმედ განვიცდი. დეკემბერი იყო უმძიმესი თვე, როცა ამდენი ადამიანის დასახიჩრების კადრებს ყოველდღე ვუყურებდი და არაფრის გაკეთება არ შემეძლო, იქაც არავის შეეძლო – საქართველოში.

პირადი მიზეზების გამო, მე ჯერ არ შემიძლია საქართველოში ჩამოსვლა, ეს კიდევ უფრო ამძაფრებდა და ამძაფრებს ყველაფერს.

სიმართლე ითქვას, ეს ყველაფერი უკვე სპექტაკლს დაემსგავსა, მარიონეტების თეატრს, ცუდი შესრულებით. სასამართლოს სიუჟეტებს უკვე აღარ ვუყურებ, არაფერი მიკვირს და ოდნავი მოლოდინიც არ მაქვს, რომ რომელიმე მოსამართლე კეთილსინდისიერად და სამართლიანად მოიქცევა. თავიდან თითქოს მქონდა და იმედს ვებღაუჭებოდი, ახლა – არა. ეს უბრალოდ განგრძობითი სპექტაკლია, რომელშიც ჩაგვითრიეს მონაწილეებად, სამწუხაროდ.

ჩვენ ვეღარ ვქმნით დღის წესრიგს და ყველაზე მეტად თანავუგრძნობ რეჟიმის ტყვეებს და მათ ოჯახებს. ახლა დროა მხოლოდ მათ მოვუსმინოთ და მათ გავყვეთ. მათ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს და ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს.

  • ალბათ რთულია ამ კითხვას ერთი პასუხი მოუძებნო, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, რა არის ყველაზე რთული ემიგრანტისთვის?

ყველაზე რთული იმის გაანალიზება და აღიარებაა, რომ შენს ქვეყანას არ ჭირდები და სამშობლოში შექმნილი გარემო შენ გავიწროებს ყველა მხრიდან. ავიწროებს შენს განათლებას, ენერგიას, მოტივაციას. ეს ყველაფერი მათთვის არაფერია, უაზროა და საზღვარგარეთ იძულებით წასვლა არ ნიშნავს, რომ შენს აუხდენელ ოცნებებს სხვა ქვეყანაში აიხდენ. ვიცი, ბევრს ეს არ ესმის და ეს გულსატკენია.

ტრანზაქციის ხარჯი დიდია, როცა უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი მაღალკვალიფიციური სამუშაოს საძებნად მიდიხარ საზღვარგარეთ და არა სერვისის სექტორში დასასაქმებლად, სადაც კვალიფიკაცია არაა აუცილებელი.

აქ გასართობად არავინ არ არის და არავინ იცის, რამდენ წინააღმდეგობას უკავშირდება ემიგრაცია. ეს მართლაც ხელახლა დაბადებაა და ჩვენ ყველაფერს თავიდან გავდივართ, ენის სწავლას თავიდან ვიწყებთ, პირადობის ნომერს თავიდან ვიღებთ, ბინადრობის უფლების და არსებობის უფლების დამტკიცება თავიდან გვიწევს, მეგობრების შეძენას თავიდან ვიწყებთ, სამუშაოს პოვნაზე არ ვსაუბრობ, ეთნიკური წარმომავლობის გამოც კი უამრავი ბარიერია, რომ დასაქმდე. ვისაც არ გამოუცდია, ალბათ ვერ გაიგებს.

მოუსმინეთ ხმას: 

  • სოფო შუბითიძე | ემიგრანტი შვედეთიდან

 

  • ამავე თემაზე:

ყოფილი პოლიციელი ემიგრაციაში – „ქვეყანა კატასტროფული სიჩქარით მიექანება რუსეთისკენ“

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 940 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
  • ტანკი – 10 676 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 22 266 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 26 600 ერთეული [+70]
  • MLRS – 1 368 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 139 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 33 176 ერთეული [+111]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 148 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 45 162 ერთეული [+208]
  • სპეცტექნიკა – 3 858 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 661 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 52 592 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 603 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 920 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 541 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 820 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 317 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინაში „აზოვს“ ახალი მეთაური ჰყავს

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

2,8 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს ცესკო ვერიფიკაციის აპარატების შეძენა-შემოწმებაში

ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] ადგილობრივი არჩევნების სამზადისშია. ცესკოს ინფორმაციით, „საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების არსებული ბაზის შემოწმება უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, რადგან ამ მოცულობის სამუშაოების ჩასატარებლად ფიზიკურად აღარ არსებობს დრო წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ბიზნეს-პროცესებიდან გამომდინარე“.

საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო 2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს.

„საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობები იმყოფებოდა დალუქულ მდგომარეობაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ და საარჩევნო ადმინისტრაციას არ გააჩნდა მათზე წვდომა, რათა დროულად დაეწყო საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების შემოწმება და არჩევნებისთვის მომზადება.

საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 8 აპრილის წერილით საარჩევნო ადმინისტრაციას მიეცა მუშაობის განახლების შესაძლებლობა და აღდგა წვდომა ელექტრონულ მოწყობილობებზე“, – აცხადებს ცესკო.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ნოემბერში პროკურატურამ ვერიფიკაციის აპარატები „არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ დალუქა, 2025 წლის იანვარში კი განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბება ვერ დაადგინა.

ცესკო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ ახალი/დამატებითი საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების მიღება და ტესტირება დაგეგმილია 2025 წლის ივლისში, ვინაიდან „მათი მიღება უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში მიზანშეუწონელია, რადგან მათი მომზადება მოითხოვს დიდ დროს, რისი შესაძლებლობაც შემდეგში აღარ არსებობს.

ლოგისტიკის პროგრამის დანერგვა უნდა მოხდეს არჩევნებამდე გაცილებით ადრე, რადგან უნდა განხორციელდეს პერსონალის ტრენინგები, ხოლო შემდგომში საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების მოძრაობის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს აღნიშნული პროგრამის მეშვეობით.“

ცესკო შემოწმებული საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით არჩევნების სიმულაციის ჩატარებასაც გეგმავს.

„სატენდერო პროცედურების მეშვებით აღნიშნული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა მათი სპეციფიკიდან გამომდინარე გაახანგრძლივებს შესყიდვების პროცედურებს და შექმნის რისკებს, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ორგანიზებული იყოს სათანადო დონეზე“, – აცხადებს ცესკო.

შესყიდვების სააგენტოში გადაგზავნილი დოკუმენტების მიხედვით, ცესკო გეგმავს სხვადასხვა მოწყობილობისა და მომსახურების შესყიდვას. მათ შორის:

  • ვერიფიკაციის აპარატი – 450 ცალი; თერმული ქაღალდი – 38 140 ცალი; უსაფრთხოების ლუქი – 19 370 ცალი; მეხსიერების ბარათი – 16 411 ცალი; როუტერი – 950 ცალი; ქსელის კაბელი – 4853 ცალი; ლიცენზია – 450 ცალი;
  • ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი – 450 ცალი; საარჩევნო ყუთი [თავსახურით] – 450 ცალი; მარკირების კალამი – 156 594 ცალი; SD ბარათი – 16 849 ცალი; უსაფრთხოებისთვის პლომბი/ლუქი – 80 373 ცალი; თერმული ქაღალდი – 9362 ცალი; უსაფრთხოების ბეჭედი/გასაღები – 3467 ცალი; მეხსიერების ბარათი – 5329 ცალი; ქსელის კაბელი – 3303 ცალი;
  • PCOS Ballot Box Lid – 100 ცალი; გასაწმენდი ფურცლები 1 / Cleaning sheets Level 1 – 33 932 ცალი; გასაწმენდი ფურცლები 2 / Cleaning sheets Level 2 – 33 932 ცალი; ლიცენზია – 450 ცალი;
  • მიმწოდებელი კომპანიის სერვისი/მომსახურება კერძოდ, ვენდორი კომპანიის წარმომადგენელთა ჩამოსვლა, ექსპერტთა მხარდაჭერა ადგილზე, ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების ტექნიკური შემოწმება, ხარვეზების აღმოფხვრა, საბოლოო ტესტირება და გამოსაყენებლად გამზადება.
  • პროგრამული უზრუნველყოფა – სმარტმატიკის ლოგისტიკის პროგრამა WPMS / Smartmatics Logistics Software WPMS and Helpdesk.

2025 წლის 15 აპრილით დათარიღებულ წერილში კომპანია Smartmatic-ი მადლობას უხდის ცესკოს მათი გუნდის ნდობისთვის და პროდუქტების მიწოდებასთან ერთად უდასტურებს „უწყვეტ ვალდებულებას მხარი დაუჭიროს ცესკოს 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიულეტენების დათვლისა და ამომრჩეველთა გადამოწმების სისტემის წარმატებით გამოყენებაში.“

წყარო: შესყიდვების პორტალი

თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პარალელურად, ხელისუფლება/ცესკო ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არჩევნები იმაზე უარეს გარემოში ჩაატარონ, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები ჩაატარეს.

ამ თემაზე: ცესკოს ცვლილებებით არჩევნებზე „კარუსელის“ აღმოჩენას ვეღარ შეძლებენ – დოლიძე

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ რუსულ სპეცოპერაციად შეაფასა და პარლამენტში არ შევიდა. ოპოზიცია ასევე აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს და ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას – ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

ამ თემაზე: რა წერია ეუთო/ოდირის მიერ საპარლამენტო არჩევნების შეფასებაში

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, V-Dem-ის (Varieties of Democracy) დემოკრატიის ანგარიშის თანახმად, საქართველო საარჩევნო ავტოკრატია გახდა. 2024 წელს საქართველოსთან ერთად საარჩევნო ავტოკრატიად იქცნენ ინდონეზია და სალვადორის რესპუბლიკა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კი დაარეგისტრირა საიას საჩივარი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხება:

ვრცლად: სტრასბურგმა დაარეგისტრირა საიას საჩივარი არჩევნებზე ფარულობის მასობრივ დარღვევაზე

  • რა ხდება

ახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი 142-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.

პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.

პოლიციამ და სპეცრაზმმა რამდენჯერმე სასტიკი ძალადობით დაარბია აქცია. მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 500-ზე მეტი ადამიანი, აქედან სისხლის სამართლის კოდექსით 50-ზე მეტი მოქალაქე. მათ შორის უკანონოდაა დაკავებული ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე 28 აპრილს არის ჩანიშნული.

ამავე თემაზე:

ირაკლი კობახიძე არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას – ადვოკატი

 

მთავარი ფოტო: არჩევნები 2024 / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

„ეს არაა უბედური შემთხვევები, ეს არის სისტემური ჩავარდნა“ – „ოცნების“ გულგრილობას შეწირული ბავშვები

13 წლის მოზარდს ბათუმში, ბარცხანაში, მატარებელი დაეჯახა. მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა 2025 წლის 8 აპრილს მოხდა.

მას შემდეგ მოსახლეობა წერს წერილებს, მიმართავს მერიას, „საქართველოს რკინიგზას“, რომ მოაწესრიგონ ლიანდაგზე უსაფრთხოების საკითხი, თუმცა ორივე უწყება დუმს.

მოსახლეობამ 14 აპრილს რადიკალურ ზომასაც მიმართა – გადაკეტა რკინიგზა და არ გაატარა მატარებელი, თუმცა ადგილზე პოლიცია მოვიდა და გაათავისუფლა გზა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში, როგორც ბარცხანაში ამბობენ, 17-მდე ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანა და შეიწირა რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე.

2025 წლის 11 აპრილს, ორთაბათუმში, სკოლის წინ, 8 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი დაიღუპა.

12 აპრილს თბილისში, ავჭალაში დაიღუპა 13 წლის მოზარდი – ის ავარიული კორპუსის შახტში ჩავარდა.

2025 წლის 15 თებერვალს, უსაფრთხოების ნორმების არარსებობას შეეწირა ორი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ბათუმში, „ოცნების ქალაქში“. წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ 4 და 6 წლის ბიჭები, რომლებიც რამდენიმე საათიანი ძებნის იპოვეს, თუმცა მათი გარჩენა ვერ მოხერხდა.

„ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

ბავშვების დაღუპვამდე ამ დასახლებაში „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი კობახიძე იმყოფებოდა. მისი მოსვლისთვის ტერიტორია მოაწესრიგეს, შემოღობეს და ასე იზრუნეს „ოცნების“ მთავრობის წევრების უსაფრთხოებაზე. ამისთვის საგანგებოდ 200 ათასი ლარიც დახარჯეს ბიუჯეტიდან. თუმცა, მათი წასვლიდან რამდენიმე დღეში, თხრილში ბავშვები ჩავარდნენ. თხრილი არავის შემოუღობავს. აქ არც გამაფრთხილებელი წარწერა ყოფილა.

2025 წლის იანვარში წყლით სავსე თხრილში ჩავარდნის გამო 16 წლის მოზარდი დაიღუპა თბილისში, რიყის დოქებთან. არც ამ ადგილას იყო განთავსებული უსაფრთხოების ნიშნულები.

კიდევ უფრო ადრე, 2023 წელს, ასევე ბათუმში, ბულვარში, ბატუტზე მყოფი ბავშვი დაიღუპა.  ამავე ადგილზე დაშავდა კიდევ ერთი, 3 წლის ბავშვი. „ბათუმელები“ რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდა მიეღო პასუხი მერიიდან – როდის შეამოწმეს ბულვარში ატრაქციონების უსაფრთხოება ან საერთოდ ამოწმებენ თუ არა, თუმცა, ამაოდ – ეს შეკითხვა უპასუხოდ დარჩა.

უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას ემსხვერპლა 2022 წელს 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე თბილისში. ის აუზში 2 მოზარდის დასახმარებლად შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა.

მარიტა მეფარიშვილი

ეს ბოლო წლებში მომხდარი ტრაგედიების მოკლე ჩამონათვალია, ძირითადად, გახმაურებული შემთხვევები. ყველა ეს შემთხვევა საჯარო სივრცეში მოხდა.

ხშირ შემთხვევაში, როცა ბავშვები და მოზარდები სახიფათო გარემოს ეწირებიან, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან ან ბრალდებები ისმის დაღუპულების ოჯახის წევრების მისამართით, ან გვესმის მშრალი ფრაზები – „მიმდინარეობს გამოძიება“.

როცა ამდენი ტრაგედია ხდება საჯარო სივრცეებში უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, რაზე მეტყველებს ეს? ვინ არის პასუხისმგებელი? რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ტრაგედიების თავიდან აცილებას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტს, სალომე შუბლაძეს ესაუბრა.

„ძალიან დიდი პრობლემაა საჯარო სივრცეებში უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა. ბოლო პერიოდში, მართლაც ბევრი ტრაგიკული შემთხვევა დაგროვდა და ჩვენ, როგორც სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია, ამას ვუყურებთ სოციალური ვალდებულებების ჭრილში.

ეს არ არის უბედური შემთხვევები, ეს არის სისტემური ჩავარდნა, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობას.

რა ვალდებულებებია ეს?! – ეს არის ძალიან საბაზისო – სიცოცხლის უფლება, რადგან როცა ადამიანის უფლებებზე ვლაპარაკობთ, აქ პირველ რიგში მოვიაზრებთ სიცოცხლის უფლებას. შემდეგ სხვა უფლებებიც შემოდის, მაგალითად, საცხოვრისზე უფლება და ასე შემდეგ.

სიცოცხლის უფლება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მაგალითად პოლიციელმა არ ესროლოს მოქალაქეს უსაფუძვლოდ. ეს სახელმწიფოს ავალებს, რომ მან შექმნას ისეთი სისტემა, ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლის დაცვას.

საჯარო სივრცეებზე სახელმწიფოს აქვს პირდაპირი პასუხისმგებლობა, რადგან ესაა მისი იურისდიქციის და კონტროლის სფერო. ამიტომ ვერაფერი გაამართლებს იმას, რაც მოხდა თუნდაც „ოცნების ქალაქში“ – ამბობს სალომე შუბლაძე.

მისი თქმით, საჯარო უწყებების მხრიდან ხშირად არის ხოლმე პასუხისმგებლობების არიდების მცდელობა და ასეთ შემთხვევებში საზოგადოება ხედავს, რომ თანამდებობის პირები საერთოდ ვერ იაზრებენ ამ პასუხისმგებლობას.

„სულ რაღაც თავის მართლების რეჟიმში დგებიან. განა ის, რომ ჩავარდნაა, ან „გამოვასწორებთ“… და ის, რომ სახელმწიფოს არ აქვს ეს პასუხისმგებლობა გააზრებული, სამწუხაროდ, ხდება ახალი ტრაგედიების წინაპირობა“- ამბობს სალომე შუბლაძე.

ხშირად, ტრაგიკული ფაქტების შემდეგ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები ბრალდებას აქეთ უყენებენ მოქალაქეებს და შვილების უყურადღებობაში ბავშვების მშობლებს ადანაშაულებენ.

„სად იყვნენ მშობლები?“, „ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე“- ხშირად ისმის ეს ფრაზა თანამდებობის პირების მხრიდან. სალომე შუბლაძეს ამის შესახებაც ვკითხეთ.

„გარდა იმისა, რომ მშობლებს ადანაშაულებენ ტრაგედიაში, მედიასაც უშლიან ხელს, რომ გააშუქონ ფაქტები და დასვან კითხვები უსაფრთხოებაზე. გვახსოვს ის შემთხვევაც, როცა „ოცნების ქალაქში“ ბავშვების დაღუპვის დღეს, როგორ უშლიდნენ ხელს ჟურნალისტებს მუშაობაში.

ამ შემთხვევაში მოქმედებს არა სახელმწიფო, არამედ პარტიულ კონტროლს დაქვემდებარებული ინსტიტუციები, რომლებიც მარტო იმაზე ფიქრობენ, რომ არ გამოჩნდეს მათი ბრალეულობა. თავდაცვის საუკეთესო გზა, თავდასხმააო, რომ ამბობენ, ამ პრინციპით მოქმედებენ და აქეთ გადმოდიან შეტევაზე.

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. თითქოს ყველაფერი არის ან კრიტიკული მედიის ან მშობლის ბრალი და არა ის, რომ მაგალითად ვაკის პარკში ვიღაცებმა ჩაიდინეს კორუფციული დანაშაული.

ის ადამიანი, ვინც მშობლების ბრალეულობაზე საუბრობდა, განათლების მინისტრადაც დაინიშნა. არავითარი პასუხისმგებლობა, არც პოლიტიკური არც სხვაგვარი, რაც ასეთ უტიფარ განცხადებებს უნდა მოჰყვეს ხოლმე.

ეს პოლიტიკური ძალა („ქართული ოცნება) ჩამოყალიბდა მორალისგან დაცლილ ძალად, რომელიც მხოლოდ ელექტორალური საზომებით აზროვნებს“ – ამბობს სალომე შუბლაძე.

სალომე შუბლაძე

მისი თქმით, ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმების მოშლა და ამაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდება ახასიათებთ ისეთ ხელისუფლებებს, რომლებიც თავს ვერ ართმევენ დაკისრებულ მოვალეობებს.

„ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ რეჟიმის მთელი ძალისხმევა მიმართულია კრიტიკული აზრის დევნაზე და იმდენად, რომ მისი პირველადი ფუნქცია რაც არის, როგორც ადგილზე, ასევე რეგიონებში და რაც უკავშირდება სწორედ უსაფრთხოების სისტემების გამართვას, არ არის მათთვის პრიორიტეტული და არც საშუალო რგოლის ჩინოვნიკებს სთხოვენ ამ ყველაფერზე პასუხს.

ერთადერთი საზომი ხდება ის, თუ ვინ რამდენ ხმას მოიტანს არჩევნებზე და ვინ რამდენ ამომრჩეველს მოისყიდის.

და თუ ვინმე რაიმეს იტყვის, საჯარო სამსახურიდან ათავისუფლებენ და ამაზე მეტყველებს ბოლო პერიოდის ტენდენციაც“ – ამბობს სალომე შუბლაძე.

მსგავს პირობებში რა ბერკეტი რჩება მოსახლეობას დაიცვას ბავშვების უსაფრთხოება და სიცოცხლე?

სალომე შუბლაძის თქმით, დღეს სამწუხაროდ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც აბსოლუტურ უსამართლობას ეჯახებიან ადამიანები და ხელისუფლების არცერთი რგოლი არ თვლის თავს ვალდებულად რაიმე პასუხი გასცენ მოქალაქეებს.

ბავშვების სასრიალო ლიანდაგთან. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

„ეს ჩინოვნიკები არ გრძნობენ ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე, რადგან მათი პოსტზე ყოფნა დამოკიდებულია არა ხალხზე, არამედ ერთ კაცზე (ივანიშვილზე). ეს ნიშნავს, რომ მათთვის ხალხის ფაქტორი არ არის ანგარიშგასაწევი. ამას მივყავართ უმძიმეს შედეგებამდე და ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა გავიხსენო ჭიათურა, რადგან ის რაც იქ ხდება, ამის კარგი მაგალითია.

ადამიანები შიმშილობის ზღვარზე არიან უკვე. 3500 ადამიანი სმს-ით გაათავისუფლა კომპანიამ სამუშაოდან და ისინი რასაც ითხოვენ, არის რომ „ვინმე შეგვხვდეს, დაგველაპარაკოს სახელმწიფოდან“, რომ ოჯახები შიმშილით არ დაგვეხოცოს.

ასეთ დროს რა რჩება ადამიანს? ჩვენ არაერთხელ გვინახავს რადიკალური პროტესტის ფორმები – შიმშილობა, პირის ამოკერვა, თვალის ამოკერვა, როცა ადამიანი ამდენ უსამართლობას ეჩეხება, დგამს ასეთ ნაბიჯებს.

მარტო „ოცნების ქალაქი“ არ არის ბავშვებისთვის მძიმე საცხოვრისი, არის გორის, ორხევის საცხოვრისი, რომელზეც დასკვნები არსებობს, რომ არ არის უსაფრთხო. წლებია ვიხვეწებით, გვაქვს სასამართლო დავაც, რომ ადამიანები გაიყვანონ ამ საცხოვრისებიდან, თუმცა ჯერ შედეგი არ არის.

ორხევის საცხოვრისი

რომ ჩამოინგრეს ეს საცხოვრისი, დიდი უბედურება იქნება. მერე გამოვლენ „ოცნების“ წარმომადგენლები და იტყვიან რომ „რაღაც ტრაგედია მოხდა“ და „ტრაგედიაზე ხელს ნუ მოითბობთ“, – ასეთი ფრაზები აქვთ ხოლმე.

ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრებას და ამ ყველაფრის მიმართ შემგუებლობის ნორმალიზებას ახდენენ“- ამბობს სალომე შუბლაძე.

მისი თქმით, ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ომის საშიშროებაზე და მოჩვენებით მშვიდობაზეა აგებული და „აშკარაა, რომ ამ მშვიდობაში არ მოიაზრებენ სამოქალაქო უსაფრთხოებას და სოციალურ მშვიდობას“.

მისი შეფასებით, ახლა „ჩვენ ყველაფერი გვაქვს სოციალური მშვიდობის გარდა“:

„ამ ქვეყანაში მოსახლეობისთვის ცხოვრება აღარ არის უსაფრთხო, აღარაფერს ვამბობ პოლიციის მხრიდან ძალადობაზე და ასე შემდეგ. ამიტომ „ოცნებისთვის“ ომზე საუბარი არის მხოლოდ პროპაგანდის გზა და სხვა მხრივ, ის არაფერს აკეთებს, რომ რეალურად დაიცვას მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი სიცოცხლე ამ ქვეყანაში“ – მიიჩნევს სალომე შუბლაძე.

რუსეთმა ხარკოვს ისკანდერებით დაარტყა და რაკეტა ჰაერში ააფეთქა მეტი ზიანის გამოსაწვევად

18 აპრილს, დილით, რუსეთმა უკრაინაში ქალაქ ხარკოვს „ისკანდერის“ 3 რაკეტებით დაარტყა. უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთმა სულ მცირე ერთი რაკეტა ააფეთქა ჰაერში, რათა რაც შეიძლება მეტი ზიანი გამოეწვიათ.

„უკვე დადგენილია, რომ რაკეტა ჰაერში აფეთქდა იმ მიზნით, რომ დაზიანებულიყო რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო სამიზნე, ობიექტი“ – იუწყება ხარკოვის პროკურატურის წარმომადგენელი.

გამოძიების თანახმად, რუსებმა ხარკოვს დაარტყეს დილის 5:10 საათზე.

„დარტყმები დაფიქსირდა საცხოვრებელ უბანში, მრავალსართულიან კორპუსებს შორის. კიდევ ერთი რაკეტა მოხვდა სამოქალაქო საწარმოს, რამაც ხანძარი გამოიწვია”, – აცხადებენ ხარკოვის პროკურატურაში.

დაბომბვის დროს დაიღუპა 79 წლის კაცი, რომელიც საკუთარ ბინაში იმყოფებოდა. დაშავებულთა შორის არიან ბავშვები: 3, 4, 14 და 16 წლის ოთხი გოგონა, ასევე, 17 წლის ბიჭი.

დილის 11 საათისთვის ხარკოვზე შეტევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა.

ასევე, დღეს, 18 აპრილს, გამთენიას, რუსეთმა „შაჰედებით“ დაარტყა ქალაქ სუმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსული დრონი საკონდიტრო ქარხანას მოხვდა, სადაც სააღდგომო პასკებს აწარმოებდნენ. თავდასხმის შედეგად დაიღუპა სააღდგომო პროდუქციის საყიდლად სუმში ჩასული ბიზნესმენი. დაშავდა ერთი ადამიანი.

Exit mobile version