„სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ კავშირი მომჩივნის შვილის სიკვდილსა და პოლიციის მიერ მის დევნას შორის აშკარა იყო,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს მიერ 2024 წელს მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საქმეზე „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.
საუბარია თბილისში 2016 წელს 37 წლის ზურა ელიბაშვილის დაღუპვაზე – მისი ცხედარი მტკვარში იპოვეს. გამოძიება მაშინ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით [სსკ-ის 115] დაიწყო, საგამოძიებო მოქმედებები კი, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველომ აწარმოვა, რომელსაც 2016 წელს სულხან თამაზაშვილი ხელმძღვანელობდა. სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეში სამართლიანი და ეფექტური გამოძიების უფლების დარღვევაზე საუბრობს, თუმცა სულხან თამაზაშვილი სკანდალური საქმის შემდეგ ჯერ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გახდა, ახლა კი, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეა.
- რა მოხდა?
2016 წლის პირველ აგვისტოს ზურა ელიბაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავტომანქანით მიდიოდა საფრანგეთიდან მომავალი დედის და ძმის დასახვედრად.
თუმცა ზურა აეროპორტში არ გამოჩნდა. იმავე ღამეს ზურა ელიბაშვილის ავტომანქანა საჯარიმოზე გადაყვანილი იპოვეს, ზურას ცხედარი კი, 2016 წლის 3 აგვისტოს იპოვეს მტკვარში მეთევზეებმა.
„იმ ღამეს აეროპორტში უნდა დაგვხვედროდა, მაგრამ ზურა აღარ გამოჩნდა – გვიყვება მანანა ელიბაშვილი, ზურა ელიბაშვილის დედა. მან დღემდე არ იცის ზუსტი მიზეზი, რას ემსხვერპლა მისი შვილი – ახლაც ემიგრაციაში ვარ შვილთან, პავლესთან ერთად, რომელიც შშმ პირია.
ზურა 13 წელი ცხოვრობდა საფრანგეთში, სატვირთო მანქანაზე მუშაობდა…
2015 წლის ოქტომბერში დაბრუნდა თბილისში და ბინის კეთილმოწყობაზე ზრუნავდა… ჩემი მეუღლე ზურას ამბავს გადაჰყვა. გამანადგურეს, დამიქციეს ოჯახი,“ – გვითხრა მანანა ელიბაშვილმა.
ზურა ელიბაშვილის ოჯახს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აეროპორტისკენ მიმავალ ზურაბს პოლიციელები დაედევნნენ და ზურას შელაპარაკება უშუალოდ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსთან, სულხან თამაზაშვილთან ჰქონდა.
ამ საქმეში სულხან თამაზაშვილის უშუალო მონაწილეობა არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, თუმცა სტრასბურგის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს არაერთ გარემოებაზე, რაც მკაფიოდ აჩვენებს იმას, რომ გამოძიებამ ყველაფერი გააკეთა მტკიცებულებების გასაქრობად.
„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე არსებული რეგულაციებით პოლიციის თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება პროკურატურას უნდა ეწარმოებინა, ამ საქმის გამოძიება პოლიციას დაევალა.
პროკურატურამ მხოლოდ 15 თვის შემდეგ დაიწყო გამოძიება,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ზურაბ ელიბაშვილი
გამოძიების ვერსიით, ზურაბ ელიბაშვილი მაღალი სისწრაფით მიდიოდა აეროპორტისკენ და მას პოლიციის ეკიპაჟი დაედევნა. ზურაბი ელიბაშვილი აეროპორტამდე აღარ მიდის და უკან ბრუნდება. ზურაბი რომ მანქანას აჩერებს და გარბის მტკვრის ხეობისკენ, ეს კადრი თავად საპატრულო პოლიციის მანქანას ვიდეო-სათვალთვალო კამერას გადაუღია. ამ კადრში ჩანს ორი პოლიციელი, რომელიც ზურაბს ფეხით უკან მისდევს, თუმცა მალევე ორივე პოლიციელი უკან ბრუნდება.
რამდენიმე საეჭვო გარემოებები, რის გამოც „ოცნებამ“ საქმე სტრასბურგის სასამართლოში წააგო:
- პოლიციამ დაგვიანებით – კადრების განადგურების შემდეგ, გამოითხოვა ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რითაც სავარაუდოდ დადგინდებოდა, რეალურად რას გაურბოდა ზურაბ ელიბაშვილი.
- პოლიციელები მტკვრის ხევისკენ გაქცეული მოქალაქის ბედით არ დაინტერესებულან. იმ ღამით არც სამაშველო ოპერაცია ჩატარდა.
- დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს პოლიციის [ამ პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო სულხან თამაზაშვილი 2016 წელს] თანამშრომლებმა კუჭაძემ და ხაზალიამ [ეს პოლიციელები ჩანან თავად პოლიციის ავტომანქანის ვიდეო-კადრში] გამოძიებას გამოკითხვისას უთხრეს, რომ ვერ დაინახეს, მტკვრის სანაპიროზე თუ იყო ვინმე, ერთ-ერთმა პოლიციელმა კი თქვა, რომ არ იცოდა იმ ტერიტორიაზე [თავის სამოქმედო კვადრატში] თუ მდინარე მტკვარი იყო
- ეს პოლიციელები ზურაბ ელიბაშვილის მიერ მიტოვებულ ავტომანქანას აფორმებენ, როგორც „უცნობი პირის“ ავტომანქანას ისე, რომ ავტომანქანის დათვალიერების ოქმსაც არ ადგენენ. ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ყურადღებას ამახვილებს ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე: მძღოლის გვერდით სავარძელზე ზურაბს საკუთარი პირადობის მოწმობა ედო მართვის მოწმობასთან ერთად.
2020 წელს პროკურატურამ თვითმკვლელობის მუხლს სამსახურებრივი გულგრილობის მუხლიც დაუმატა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია [სსკ–ს 342-ე მუხლი]. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი, საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
- რაზე ამახვილებს ყურადღებას ევროსასამართლო?
„პოლიციელები პირველად გამოიკითხნენ თითქმის ოთხი თვის დაგვიანებით, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი ახსნა-განმარტება, სასამართლო თვლის, რომ ასეთი დაყოვნება გაუმართლებელი იყო…“, – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.
როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აღნიშნავენ, სასამართლომ სახელმწიფოსგან ვერ მიიღო ინფორმაცია, თუ რატომ ვერ იყო საგზაო შემთხვევის თავდაპირველ ანგარიშში ინციდენტის სრული აღწერა. ამგვარად, საერთოდ გამოტოვებული იყო მოხსენებაში ის ფაქტი, რომ მომჩივნის ვაჟს პოლიცია აედევნა ფეხით, სანამ სიბნელეში გაუჩინარდებოდა, ასევე – სხვა პოლიციის ოფიცრების სავარაუდო ჩართულობა ჩხრეკაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეოთვალთვალის კადრები შეიძლება წარმოადგენდეს მტკიცებულებას, რომელიც მნიშვნელოვანია შესაბამისი მოვლენების გარემოებების დასადგენად. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში ვიდეომტკიცებულებების შეგროვებისა და დამუშავების წესი არადამაკმაყოფილებელი იყო. როგორც ჩანს, მოთხოვნათა უმეტესი ნაწილი საგზაო მოძრაობის ან კერძო სათვალთვალო კამერების ვიდეოკადრების ამოღებისა და მოპოვების შესახებ დაგვიანებით იყო გაკეთებული, რის გამოც პოტენციურად მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაიკარგა ან წაიშალა.
„გამოძიების ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი ჩატარდა იმ ორგანოს მიერ, რომელსაც არ ჰქონდა საკმარისი დამოუკიდებლობა პოლიციის თანამშრომლებისგან, რომელთა პასუხისმგებლობაც შესაძლოა, გამოკვეთილიყო აღნიშნულ ინციდენტში. უფრო მეტიც, გამოძიების რამდენიმე ძირითადი ხარვეზი პირდაპირ კავშირშია ამ ფაზასთან,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ევროსასამართლომ ამ საქმეზე კონვენციის მეორე მუხლის [სიცოცხლის უფლება] დარღვევა დაადგინა. სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის.
ამ საქმით ევროსასამართლოს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2021 წელს მიმართა, გადაწყვეტილება კი, ევროსასამართლომ 2024 წელს მიიღო.
ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პოლიციის სამმართველოს არ უნდა დაეწყო ამ საქმის გამოძიება, ხოლო პროკურატურას საქმის მასალები დაგვიანებით გადაეცა.
- რა შეიცვალა ამ საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ?
ადვოკატი ნესტან ლონდარიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაკისრებული თანხის გადახდის გარდა, არაფერი შეცვლილა და სამართალი ვერც დაღუპული 37 წლის კაცის ოჯახმა იპოვა.
„როგორც ვიცი, ბრალი მომზადებული იყო ამ ორი პოლიციელის მიმართ, ამიტომაც შეუცვალეს საქმეს კვალიფიკაცია, მაგრამ თითქოს რაღაც მოხდაო, „ფარული ხელი“ ჩაერია ისევ და ბრალი არავისთვის არ წარუდგენიათ.
ჩვენ გვქონდა შეხვედრა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მაგრამ ბრალი ისევ არავის მიმართ არ არის წარდგენილი… ის ორი პოლიციელიც, ჩემი ინფორმაციით, პოლიციაშია ისევ.
ერთი რამა ცნობილი: განზრახ არ წაიყვანეს საგამოძიებო მოქმედებები ისე, რომ რეალური სურათი დადებულიყო. ფაქტია, რომ ზედამხედველობა გამოძიებაზე განხორციელდა არაეფექტურად,“ – გვითხრა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ, როცა მას ვკითხეთ: ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რამდენად იკვეთება სულხან თამაზაშვილის პასუხისმგებლობა?
სულხან თამაზაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსი 2017 წლის 10 აგვისტომდე იყო. ზურაბ ელიბაშვილის დედამ, მანანა ელიბაშვილმა გვითხრა, რომ ამ პერიოდში მან სულხან თამაზაშვილთან შეხვედრაც სცადა:
„მანამდე სულხან თამაზაშვილს მივწერე, თქვენ პოლიციის კი არა, ბანდიტების ხელმძღვანელი ხართ-მეთქი.
რა თქმა უნდა, არ მიპასუხა. მერე მივედი მასთან კაბინეტში, მაგრამ მითხრეს, გასულიაო და ველოდებოდი. მერე მითხრეს, დაგირეკავთ, როცა მოვაო და წამოვედი. ტაქსიში ვიჯექი, როცა დამირეკეს, იცით რა, შვებულებაში გასულაო…
წარმოიდგინეთ, ეს არის პოლიციელი? მაგის მერე კიდევ დააწინაურეს, ნომერ პირველი პოლიციელი გახდა.
ჩემი ზურა კი, სულ შრომაში იყო, ერთხელაც არ უთქვამს, დავიღალეო. რისთვის მომიკლეს? ზურას ერთი შვილი, მარიამი უკვე 25 წლისაა, გიორგი 20-ის გახდება მალე. მათ ვუყურებ და ვიცი, რომ არასდროს ვაპატიებ სულხან თამაზაშვილს ამას, ვიდრე ვარსებობ დედამიწაზე,“ – გვითხრა მანანა ელიბაშვილმა.