მთავარი,სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა

03.12.2024
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის და წინა მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელს არ განიხილავს. სარჩელის მოთხოვნა იყო არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება და მისი ბათილად ცნობა.

საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება მიუღია 29 ნოემბერს. ეს განჩინება დღეს, 3 დეკემებრს გამოქვეყნდა.

„არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის წევრების (თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და სხვები (სულ 30 წევრი)) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ“),“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დღეს, 3 დეკემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.

განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

9 მოსამართლიდან ორმა – გიორგი კვერეჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა განსხვავებული აზრი დააფიქსირეს. გადაწყვეტილება ამ მოსამართლეებმა მიიღეს: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი.

——————————-

საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე მოქმედი პარლამენტის 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ამ სარჩელების დასაშვებობის საკითხს სასამართლო დღეს, 21 ნოემბერს განიხილავს.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელებს წარმოებაში მიიღებს, საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. კონსტიტუციონალისტები, ასევე საია-ს ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, რომ ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, პარლამენტის ახალი მოწვევას დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის უფლება არ აქვს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით: „პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში“. 

მთავარი ფოტო: როინ გუნდაძე/ბათუმელები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: