„ყველანაირი გრანტი მაქვს მინაღები, ყველანაირი დაფინანსება და მხარდაჭერა…“ – გვითხრა მერაბ ტურავამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რუსულ კანონზე, რომლის წინააღმდეგაც დღეს, 29 ივლისს, უკვე მესამე სარჩელი საკონსტიტუციოში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეიტანეს.
პოლიტიკოსები რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვენ მანამ, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ გზავნილი გაგვიმეორა. „სხვა ქვეყნის კარგი ინტერესების გატარება საქართველოში არ არის ცუდი,“ – გვითხრა მერაბ ტურავამ.
„თქვენც უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარი გამოდიხართ, მოგწონთ ეს სტატუსი? დარეგისტრირდებოდით აგენტების რეესტრში?“ – ვკითხეთ ჟურნალისტებმა მერაბ ტურავას მას შემდეგ, რაც მან გვითხრა, რომ ევროპიდან დაფინანსებას ისიც ხშირად იღებდა.
„მე ვიყავი პირველი იურისტებში, რომელიც ევროპაში წავედი 1989 წელს, ყველანაირი გრანტები მაქვს მინაღები, ყველანაირი დაფინანსება და მხარდაჭერა… წლების მანძილზე ვიყავი სტიპენდიატი, მქონდა პრემიაც და სხვადასხვა უცხოური დაფინანსება… იურისტებმა ჩემ შემდეგ დაიწყეს 90-იანი წლების დასაწყისში ვიზიტები, დაფინანსებები და ასე შემდეგ.
მე რუსული სამართლის იდეებს კი არ ვატარებდი, არამედ ევროპული სამართლის იდეებს ვატარებდი. სხვა ქვეყნის ინტერესი იყო ის, რომ საქართველო გამხდარიყო დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო.
მე ვატარებდი იმ ინტერესებს, რომ იმ ქვეყნის სამართლებრივი იდეები ჩემს ქვეყანაში დამენერგა. ესა თუ ის პიროვნება და ორგანიზაცია, როცა სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებული იდეების დანერგვას ახდენს თავის ქვეყანაში, ეს სწორია,“ – გვიპასუხა მერაბ ტურავამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
მას პირდაპირ არ უთქვამს, რომ რუსულ კანონში ანტიკონსტიტუციურს ვერაფერს ხედავს, თუმცა ირიბად ის თქვა, რასაც „ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, უცხო ქვეყნის ინტერესის გატარებაში დასამალი არაფერიაო.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სარჩელამდე საკონსტიტუციოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა მიმართეს. მერაბ ტურავა ამბობს, რომ დიდი ალბათობით სამივე სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანდება.
თამარ კორძაიას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სარჩელის ერთ-ერთი ავტორის პოზიციით, საკონსტიტუციო სასამართლომ მაქსიმუმ 3 სექტემბრამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რუსული კანონის შეჩერებაზე, ვიდრე რუსული კანონი სრული ძალით ამოქმედდება და გამოუსწორებელი ზიანი დადგება.
სასამართლოს თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას, ჟურნალისტებმა ვკითხეთ: შეაჩერებს თუ არა სასამართლო რუსული კანონის მოქმედებას მანამ, სანამ მოსამართლეები ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ?
„შეჩერება პირველ ორ სარჩელში არის და მესამეშიც იგივე მოთხოვნა იქნება, დარწმუნებული ვარ.
პირველ რიგში, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი: არის თუ არა ეს სამი სარჩელი დასაბუთებული და რა ნაწილშია მისაღები წარმოებაში? ეს შეკითხვა როცა იქნება პასუხგაცემული, ამის შემდეგ მეორე საკითხია: იმ ნაწილში, რაში საკონსტიტუციომ საქმე მიიღო, ამ ნაწილში, ან ნაწილებში შესაჩერებელია თუ არა კანონი? მოგეხსენებათ, კანონის შეჩერება არის განმწესრიგებელი სხდომის შემადგენელი ნაწილი. ამ სხდომაზე წყდება წარმოებაში მიღება-არმიღების საკითხი, მეორე საკითხად კი, დგება შუამდგომლობის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების საკითხი.
რაც შეეხება თარიღს, თარიღი განისაზღვრება მოსამართლეების მიერ ერთობლივად, როცა ჩვენ შევიკრიბებით და როცა ყველა მოსამართლე იტყვის, რომ უკვე აზრი აქვთ ჩამოყალიბებული. მე უფლებამოსილი არ ვარ, კონკრეტული თარიღი გითხრათ, რადგან არ ვიცი ჩემი კოლეგების პოზიცია,“ – გვიპასუხა მერაბ ტურავამ.
დაიცავს თუ არა კანონს ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. მერაბ ტურავას შევახსენეთ, რომ რეზონანსულ და განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლო ხშირად არღვევს ვადებს.
მაგალითად, ფარული მოსმენების საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვის დასრულებიდან უკვე 5 წელია არ იღებს გადაწყვეტილებას, „უვადოდ მოსამართლეების გამწესების საქმეზე“ კი, სარჩელის შეტანიდან 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაიწყო საქმის არსებითი განხილვა.
კანონით გათვალისწინებულია კონკრეტული ვადა, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი უნდა განიხილოს. სარჩელის რეგისტრაციიდან სასამართლომ 9 თვეში უნდა განიხილოს საქმე. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ეს ვადა შესაძლოა 2 თვით გახანგრძლივდეს. კანონით არაა განსაზღვრული, საქმის განხილვის დასრულებიდან რა ვადაში უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება.
„ვადები არ არის განსაზღვრული გადაწყვეტილების გამოცხადების, ისე, როგორც სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას აცხადებს მაშინ, როცა მზადაა გამოსაცხადებლად… გონივრული ვადა ნიშნავს იმას, რომ არ დაზიანდეს ინტერესები,“ – აღნიშნა მერაბ ტურავამ.
„მეტი რა უნდა დაზიანდეს, წლებია უკანონოდ გვისმენენ ყველას და თქვენ 5 წელი არ იღებთ გადაწყვეტილებას ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე. „სუსის ფაილებიც“ ამას აჩვენებს, რომ უსმენენ ყველას, ვისაც სუსი ჩათვლის საჭიროდ,“ – ვუთხარით მერაბ ტურავას.
„ამ საქმეში 600 გვერდია მხოლოდ ოქმი, ასევე მთელი კანონმდებლობა და სისტემაა გასაანალიზებელი, რომ საკითხი უშეცდომოდ და ძირფესვიანად იქნას გადაწყვეტილი. ეს საქმე [ფარული მოსმენები] დასრულებულია და მალე გვექნება გადაწყვეტილება,“ – კონკრეტული თარიღი ისევ ვერ დაგვისახელა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, თუმცა რუსულ კანონზე დასძინა.
„გადაწყვეტილება იქნება გონივრულ ვადაში მიღებული… გვესმის საზოგადოების ვნებათაღელვა, გვესმის პოლიტიკური გამოსვლების… არ ვაპირებთ იმას, რომ სარჩელი ერთობლიობაში გონივრულ ვადაში არ იქნეს განხილული,“ – თქვა მერაბ ტურავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ რადგან სარჩელი უკვე შევიდა საკონსტიტუციოში რუსული კანონის წინააღმდეგ, ის ამ კანონს ვერ შეაფასებს.
„რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასება თქვენთვის, როგორიც ვენეციის კომისიაა? ვენეციის კომისიამაც ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ მიიჩნია რუსული კანონი“ – „ბათუმელებმა“ ესეც ჰკითხა მერაბ ტურავას.
„თუნდაც ევროპელი პოლიტიკოსების გამონათქვამების, მათ შორის, ვენეციის კომისიის დასკვნის, ამ ეტაპზე კომენტირება არ შემიძლია, რადგან რომელიმე მათგანი, ან ყველა, მათ შორის, ვენეციის კომისიის დასკვნა, ჩვენი ანალიზის საფუძველი შეიძლება გახდეს.
მთავარი ის კი არ არის, რას ვფიქრობ მე, არამედ ის, თუ სარჩელში რა წარმოადგინეს მხარეებმა, რას ითხოვენ ისინი, რის გაუქმება უნდათ….“ – აღნიშნა მერაბ ტურავამ და ჟურნალისტებს ისიც გვითხრა, რომ რუსული კანონი წაკითხული აქვს.
„გაანალიზებულიც მაქვს და მოსაზრებებიც ჩამოყალიბებული მაქვს, მაგრამ ამის გამოხატვა წერილობით, ან ზეპირი ფორმით ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესებს“, – აღნიშნა მერაბ ტურავამ.
ჟურნალისტებმა მერაბ ტურავას ჰკითხეს, რუსული კანონის რუსულ ანალოგსაც თუ იცნობდა. ამ ნაწილშიც მერაბ ტურავას პასუხი „ქართული ოცნების“ ლიდერების გზავნილს დაემთხვა:
„ყველანაირი ვერსია წაკითხული მაქვს. შედარებითი სამართლებრივი ანალიზია, უნდა შევაჯეროთ და ვნახოთ არამარტო რუსული, არამედ ყველა ის სხვა ანალოგი კანონი, რომელიც მხარის და მხარეების პოზიციით…“ – სიტყვა ისევ გააწყვეტინეს მერაბ ტურავას, თუმცა ევროპელი პარტნიორების მკაფიო განცხადებებით, არავითარი ანალოგი რუსულ კანონს რომელიმე ევროპულ ქვეყანაში არ აქვს – რუსული კანონის ანალოგი მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა ორბანმა მიიღო და ის მალევე გააუქმა ლუქსემბურგის სასამართლომ.
„…ჩვენ მივდივართ და კონსტიტუციაშიც გვაქვს დაფიქსირებული, საითაც არის ჩვენი ვექტორი, დანარჩენს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს,“ – დაგვემშვიდობა მერაბ ტურავა.