მთავარი,სიახლეები

საქართველოში ბოლო სამ თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

30.07.2025
საქართველოში ბოლო სამ თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

2025 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 309.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.4 პროცენტს შეადგენს.

მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 10.8%-იანი წილით.

ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] აქვეყნებს.

ამასთან, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის [361.8 ათასი], თურქეთისა [308.3 ათასი] და სომხეთის [210.0 ათასი] მოქალაქეების მიერ.

საქსტატის ინფორმაციით ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, შესაბამისად, 928.3 ათასი და 629.8 ათასი ვიზიტი.

2025 წლის II კვარტალში [აპრილი, მაისი, ივნისი] საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.8 მილიონი შემოსვლა, რაც 6.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.2 პროცენტი კი განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.6 მილიონი შეადგინა, რაც 7.0 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 80.1 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.2 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

საქსტატი სტატისტიკურ მონაცემებს რამდენიმე განმარტებას ურთავს:

მოგზაური – ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით.

ვიზიტორი 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით [გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით ჩამოსულები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს).

ვიზიტი ვიზიტორების გადაადგილება.

ტურისტი ვიზიტორი, რომელმაც ღამე გაათენა საქართველოს ტერიტორიაზე.

ექსკურსანტი არის ვიზიტორი, რომელიც ღამეს არ ათენებს საქართველოს ტერიტორიაზე.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 0.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, თუმცა ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 6.0 პროცენტით შემცირდა და 2 116.8 ლარი შეადგინა.

ფოტოზე: 2022 წლის სექტემბერი, ლარსი. ფოტო: ზურაბ ქურციკიძე/ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA-EFE

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: