პარასკევს, პირველ აგვისტოს, დღის პირველი საათიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება.
მოსამართლე ნინო სახელაშვილი სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს. მოსამართლემ, შესაძლოა, განაჩენი პირველ აგვისტოს გამოიტანოს, ან მისი გამოცხადება გადადოს.
21 ივლისის სასამართლო სხდომაზე სასამართლომ უკვე მოისმინა პროკურატურის დასკვნითი სიტყვა – პროკურორმა მზია ამაღლობელს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება შესთავაზა, რაც ბრალის აღიარების სანაცვლოდ კონკრეტული შეღავათების მიღებას გულისხმობს.
ვრცლად ამ თემაზე ნახეთ აქ: აღიარე, რომ გვირაბს თხრიდი ბომბეიმდე და ვიფიქრებთ საპროცესოზეო – მზია ამაღლობელის ადვოკატი
14 ივლისის პროცესზე კი სასამართლოს მზია ამაღლობელმა მისცა ჩვენება. მისი თქმით, იგი დაკავების შემდეგ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, მას ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა, ასევე, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას, დაკავების დროს კი, ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს აგინა და დაემუქრა, რაც ვიდეოჩანაწერით დასტურდება.
ამ საქმეს დღემდე არ იძიებს პროკურატურა.
- რას ედავებიან მზია ამაღლობელს?
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 7 თვე უკანონო პატიმრობაშია – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
ამ თემაზე:
თუ პოლიციელს ქალისგან სილა ტკივილს აყენებს, კრიმინალისგან როგორ დაგვიცავს? – ინტერვიუ






