მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელი წინასწარი პატიმრობიდან სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ – ადამიანის უფლებათა კომისარი

26.03.2025
მზია ამაღლობელი წინასწარი პატიმრობიდან სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ – ადამიანის უფლებათა კომისარი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ დღეს, 26 მარტს, გამოაქვეყნა მემორანდუმი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ.

ადამიანის უფლებათა კომისარი წერს, რომ საქართველოში ყოფნისას ციხეში მოინახულა ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი.

„მისი გახანგრძლივებული წინასწარი პატიმრობა გაუმართლებელია“, – აცხადებს მაიკლ ო’ფლაჰერტი.

რეკომენდაციებში ადამიანის უფლებათა კომისარი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად და უზრუნველყოს მისი ყველა უფლება სამართალწარმოებასა და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე.

მემორანდუმს წინ უძღოდა კომისრის ვიზიტი საქართველოში 2025 წლის 21-23 იანვარს.

კომისარი აღნიშნავს, რომ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის სარწმუნო ცნობების მიუხედავად, არც ერთი სამართალდამცველი არ იქნა პასუხისგებაში მიცემული მაშინ, როდესაც პროტესტის მონაწილეების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

კომისარი ხაზს უსვამს ნიღბიანი პოლიციელების სათანადო იდენტიფიკაციის გამოწვევას, როგორც ანგარიშვალდებულების დაბრკოლებას. მისი რეკომენდაციაა, ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად ყველა სამართალდამცველმა ატაროს განმასხვავებელი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი. კომისარი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ზომა მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერების გზით.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოს კანონებში შეკრების თავისუფლების მარეგულირებელი ბოლო ცვლილებების გამო, რომლებიც აწესებს არასათანადო შეზღუდვებს მომიტინგეებისთვის, აფართოებს სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებებს და აწესებს უფრო მკაცრ ჯარიმებს პროტესტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.

„საკანონმდებლო ცვლილებებიდან უმეტესობა შეუთავსებელია კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან“, — აცხადებს კომისარი და რეკომენდაციას უწევს აღნიშნული კანონების ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

კომისარი შეშფოთებულია ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის გამო, რაც გამოიხატა საპროტესტო აქციების დროს შევიწროებაში, ძალადობასა და დაშინებაში.

კომისარი ასევე გამოხატავს შეშფოთებას სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შემცირების გამო, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ გაჩაღებული რიტორიკისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის ნაკლებობის გამო. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს.

კომისარი გამოთქვამს შეშფოთებას ლგბტი ადამიანების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის დონეზე.

„ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ლგბტი ადამიანების ყოველგვარი სტიგმატიზაცია და უზრუნველყოს შევიწროებისა და ძალადობის ყველა შემთხვევის ეფექტიანად გამოძიება. ხელისუფლებამ ასევე უნდა გააუქმოს კანონი ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ლგბტი ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს და განახორციელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ლგბტი ადამიანების უფლებებთან დაკავშირებით“, — აცხადებს კომისარი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: