ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიას გმირთა ხეივნის საპირფარეშოები აუქციონზე გააქვს

31.07.2025 •
ბათუმის მერიას გმირთა ხეივნის საპირფარეშოები აუქციონზე გააქვს

ბათუმის მერიამ განსაზღვრა აუქციონით სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ფასები იმ ქონებისთვის, რომელიც თითქმის 1 წელია უპატრონოდაა მიტოვებული და ნადგურდება.

ამ ქონების ჩამონათვალშია კომერციული ფართობები და საპირფარეშოები, რომლებიც ჟიული შარტავას გამზირზე არსებულ ხეივანში, საფეხმავლო ხიდების ქვეშ მოაწყვეს. ხეივნის და ხიდების მოწყობაში ქვეყნის ბიუჯეტიდან მთლიანობაში 25 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„ბათუმელებს“ 30 ივლისს ქალაქის მერიაში აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით უთხრეს, რომ მათი საკუთრება არ არის. არადა, ამ დროს საწყისი ფასების დასადგენად მერიას პროექტი საკრებულოში შეტანილი ჰქონდა. ქონება ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია საჯარო რეესტრის მონაცემებითაც.

ეს ფოტო შუშიდან არის გადაღებული, რადგან კომერციული ფართობი შარტავას გამზირზე მდებარე ხიდის ქვეშ საგულდაგულოდ არის ჩაკეტილი. 30.07.2025

ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე მდებარე 11 კომერციული ფართობის და 3 საპირფარეშოს საწყისი წლიური სარგებლობის საფასური, ბათუმის საკრებულომ დღეს, 31 ივლისს დაამტკიცა:

ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტიდან

დოკუმენტების მიხედვით, შარტავას გამზირზე სამი სხვადასხვა ფართობის საპირფარეშოა და მათი აუქციონით სარგებლობაში გასაცემი წლიური საწყისი ფასებიც განსხვავებულია: 10 005 ლარი, 8 800 ლარი და 8 400 ლარი.

ამავე დოკუმენტების მიხედვით, ფასები განისაზღვრა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ 2025 წლის შეფასებიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია, რომ „სამხარაული“ ქონებით სარგებლობის წლიურ თანხას ალბათ ამ ქონების ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე დაადგენდა. იქნებოდა თუ არა განსხვავებული ფასი, თუნდაც ერთი წლის წინ, როცა ეს ფართობები ახალმოწყობილი იყო, არ ვიცით, თუმცა „ბათუმელებს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს, რომ მშენებელ კომპანიას საგარანტიო ვადაში ხარვეზების გამოსწორების ვალდებულება აქვს.

იმას კი, რაც მოუვლელობით და უპატრონობით დაზიანდა, კომპანია ალბათ „ხარვეზად“ არ ჩათვლის და არც გამოასწორებს.

საპირფარეშო შარტავას გამზირზე მდებარე საფეხმავლო ხიდის ქვეშ. გმირთა ხეივანში საპირფარეშოები მიუწყვიათ, თუმცა ყველა დაკეტილია, შესვლას ვერ შეძლებთ. გამჭვირვალე შუშიდან თუ შეიხედავთ, ალბათ იფიქრებთ, რომ კარგად მოქცეულან, რომ ჩაუკეტიათ, რადგან საპირფარეშოები სავალალო მდგომარეობაშია. 30.07.2025

ნიშანდობლივია, რომ ქალაქში [და მთლიანად, ქვეყანაში] რომელსაც ტურისტულ პოტენციალზე პრეტენზია აქვს და უამრავი უცხოელი თუ შიდა ტურისტი ჩამოდის, საზოგადოებრივი საპირფარეშოების დეფიციტია. ამ დროს კი ბათუმში ახალმოწყობილი საპირფარეშოები უფუნქციო და დაკეტილია.

ეს ინფრასტრუქტურა, მათ შორის საპირფარეშოებიც, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მოეწყო. მშენებლობის ხარისხზე რომ არაფერი ვთქვათ, უფუნქციოდ და უპატრონოდ დატოვებულ საპირფარეშოებზე, როგორც ჩანს, პასუხისმგებლობას არავინ იღებს.

სხვათა შორის, მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში 100 საზოგადოებრივი საპირფარეშოს აშენებასაც გეგმავს და ამ ეტაპზე ფასების დასადგენად ბაზარს სწავლობს – ამ პროცედურას სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„გმირთა ხეივანი“ ბათუმში ამ დროისთვის მეორე მრავალმილიონიანი პროექტია, რომელსაც დასრულების შემდეგ არავინ პატრონობს. კიდევ ერთი პროექტი ამ ფონდმა ბათუმის ახალ ბულვართან ზღვის პირას განახორციელა. 56 მილიონი ლარი დაიხარჯა ნაპირდამცავ ნაგებობაში, რომლის მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელ უწყებას „ბათუმელებმა“ ბოლო 4 წლის განმავლობაში ვერ მიაგნო.

ვრცლად ამ თემაზე: ბათუმის მერი 56-მილიონიან ობიექტს არ იბარებს

კიდევ ერთი კომერციული ფართობი საფეხმავლო ხიდის ქვეშ / 30.07.2025

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე რეაბილიტირებული ხეივანი პომპეზურად, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით გახსნეს, 2025 წლის ზაფხულში კი ხეივნის ინფრასტრუქტურა უკვე მწყობრიდან გამოსულია.

ამ თემაზე:

გმირთა ხეივანი, რომლის მოწყობაზე 25 მილიონი დაიხარჯა, მწყობრიდან გამოსულია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: