მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა – განახლებადი ინფორმაცია სასამართლო დარბაზიდან

01.08.2025
მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა – განახლებადი ინფორმაცია სასამართლო დარბაზიდან

ბათუმი, 1 აგვისტო – თვალი ადევნეთ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს პირდაპირ რეჟიმში სასამართლო დარბაზიდან. ინფორმაცია ქრონოლოგიურად ახლდება პირდაპირ რეჟიმში. 

12:30 სთ – მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13 საათზე დაიწყება. პროცესის დაწყებამდე სასამართლოსთან მზია ამაღლობელის კოლეგები, მეგობრებო და მხარდამჭერები იკრიბებიან სოლიდარობის ნიშნად.

12:35 სთ – „თავისუფლება მზიას!“ – ჩაქვში გადმოკიდეს ბანერი იმ ადგილას, სადაც ჩამოივლის რუსთავის ქალთა კოლონიიიდან მომავალი სასჯელაღსრულების სისტემის მანქანა, რომლითაც მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოჰყავთ.

12: 40 სთ – მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო სხდომაზე დასასწრებად მოვიდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

12: 40 სთ – მზია ამაღლობელის დასკვნით პროცესზე დასასწრებად და სოლიდარობის ნიშნად ბათუმში ჩამოვიდნენ სინდისის პატიმრების დედები. სასამართლოსთან არიან სინდისის პატიმრების: ზვიად ცეცხლაძის, გიორგი მინდაძის, ირაკლი მიმინოშვილის, საბა სხვიტარიძის, ნიკა კაციასა და თორნიკე გოშაძის დედები.

13: 30 სთ – მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად ჩამოვიდა ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი. სხდომას ესწრებიან დიპლომატები ევროკავშირის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, შვედეთისა და პოლონეთის საელჩოებიდან.

13:37 სთ – პროცესის დაწყება გვიანდება, რადგან დასწრების მსურველი ბევრია. დამსწრეთა თხოვნით მანდატურებმა დარბაზში სკამები დაამატეს, რომ თბილისიდან ჩამოსულ სინდისის პატიმრების მშობლებს დასწრება შესძლებოდათ.

მზია ამაღლობელის შემოსვლამდე დამსწრეები ერთმანეთში თავიანთ მოლოდინებსა და ვარაუდებს ცვლიან – “როგორ ფიქრობ, დღეს იქნება განაჩენი?“

სასამართლოს დარბაზში ისმის შეძახილები აქციიდან “მზია გვიყვარხარ!” “თავისუფლება მზიას!”

14:00 სთ – მაია მწარიაშვილი, მზია ამაღლობელის ადვოკატი:

„მზიას ვთხოვე ჩვენების მიცემისას ესაუბრა თავის თავზეც, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.

მზია ამაღლობელის ცხოვრება და საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება მის მიერ დაარსებულ გამოცემებს: „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“. ბოლო 24 წელია, იგი ყველა დღე შრომობდა იმისთვის, რომ განეხორციელებინა არაერთი პროექტი, რომელიც საქართველოში აძლიერებდა მედიას, განათლებას, მხარს უჭერდა სოციალურ თანასწორობას.

ყველაფერი კი დაიწყო 24 წლის წინ, როცა 2001 წელს ბათუმში ახალგაზრდა ენთუზიასტმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა ამ პროცესზე მოწმედ დაკითხულ ეთერ თურაძესთან ერთად დააარსა ბეჭდური გამოცემა, გაზეთი „ბათუმელები“.

მზიას „ბათუმელების“ რედაქციამ მუშაობა დაიწყო ერთ პატარა ოთახში, მხოლოდ ერთი კომპიუტერით და თავისუფლებისადმი მზიას მყარი რწმენით. მზია ამაღლობელი მაშინ 26 წლის იყო და მზია 50 წლის გახდა ციხეში“.

14:20 სთ – მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სასამართლო სხდომაზე წაიკითხა „ოცნების“ ლიდერების, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის ის ციტატები, რომელშიც ისინი მზია ამაღლობელს ადანაშაულებენ.

„როგორ უნდა დაგვარწმუნოთ, თქვენ გაქვთ უნარი, რომ გაუძლებთ [ხელისუფლების] ამ ზეწოლას… შეგიძლიათ თუ არა უთხრათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ეს მძიმე დანაშაული არაა?!“ – მიმართა მაია მწარიაშვილმა მოსამართლეს და დასძინა, რომ არ სჯერა, რომ ეს მოსამართლე ნინო სახელაშვილს ან ვინმეს დღევანდელ სასამართლო სისტემაში შეუძლია და ხაზი გაუსვა, რომ ამიტომაც, დაცვის მხარე იძულებულია ამ რეალობის გათვალისწინებით დაიწყოს დასკვნითი სიტყვა.

16:00 სთ – მაია მწარიაშვილი, მზია ამაღლობელის ადვოკატი:

„სასამართლომ დაარღვია მზიას უდანაშაულობის პრეზუმფცია

სასამართლომ არ იზრუნა, რომ 5 თვე ასე არ გვეყურებინა მისთვის გისოსებს მიღმა…

5 თვეა ჭუჭრუტანით ვახერხებ მზიასთან კომუნიკაციას, დღეს რომ პირისპირ დავინახე, გამიხარდა…

მთელი ამ ხნის განმავლობაში შეუძლებელი იყო მასთან ჩვენი სრულფასოვანი და ნორმალური კომუნიკაცია, ვინაიდან თავი უნდა შეყო ჭუჭრუტანაში, რომ გაიგო, რას გეუბნება მზია ამ სივრციდან. ამის გამო, განსაკუთრებით ბრალების მოწმეთა დაკითხვისას შეუძლებელი იყო მზია ამაღლობელის დაკითხვის პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობა, ის იძულებული იყო დაეწერა რაღაცეები და მოეწოდებინა, ვინაიდან შეუძლებელია კომუნიკაცია ზურგიდან, როდესაც ვერ ხედავ და არ გესმის, რას გეუბნება შენი დაცვის ქვეშ მყოფი.

ჩვენ ვიშუამდგომლეთ სასამართლოს წინაშე მოეცა შესაძლებლობა მზია ამაღლობელისათვის პროცესზე მოთავსებულიყო მისი ადვოკატების გვერდით ვიდრე მიმდინარეობდა ბრალდების მოწმეთა დაკითხვა…

სასამართლომ არ იზრუნა იმისთვის, რომ საზოგადოებას 5 თვეზე მეტი მზია ამაღლობელისთვის გისოსებიდან არ ეცქირა…

სასამართლო მზიას ასეთი ჩვენებით აჩვენებს, რომ ეს ადამიანი თავდამსხმელი და საშიშია საზოგადოებისთვის“.

16:28 სთ – ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ სასამართლო სხდომა განახლდა შეძახილების – „თავისუფლება მზიას!“ – ფონზე.

18:35 სთ – ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 საათზე მეტია მიმდინარეობს მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა, რომელიც ამ დრომდე [18:30] გრძელდება.

დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარეს უსმენს.

ადვოკატებმა დამატებით რამდენიმე საათი მოითხოვეს დასკვნითი სიტყვისთვის, რასაც მოსამართლე დაეთანხმა.

მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი დეტალურად განიხილავს მზია ამაღლობელის საქმის ყველა დარღვევასა და ნიუანსს.

18:57 სთ – ადვოკატი მაია მწარიაშვილი მიმართავს მოსამართლესა და პროკურორს:

„სახეში გაშლილი ხელის გარტყმა არის სილა.

ჩიქობავა ავტორიტეტია თქვენთვის?

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (ა. ჩიქობავა) მიხედვით, გაშლილი ხელის სახეში დარტყმა არის ალიყური, სილაქი, გალაწუნება, ლაწანი, შემოლაწუნება, ტყლაშანი, თხლაშანი.

სილა ვერ აზიანებს ჯანმრთელობას.

…დაკითხვისას დგებუაძემ არაერთხელ მიუთითა, რომ იყო შეურაცხყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადმოცემით მას შეელახა ღირსება, რაც არ არის 3531-ე მუხლის დაცვის ობიექტი.

პროკურორი დაგვეთანხმა, რომ მზიას ქმედება არ იყო მიმართული ჯანმრთელობის დაზიანებისაკენ…

თუ სილა ვერ აზიანებს ჯანმრთელობას, რა უნდოდა მზიას? რა არ ასვენებდა?…

სახელისუფლებო კომენტარებიც სულ ამბობს, რომ ეს არის შეურაცხყოფა, მაგრამ მძიმე დანაშაულიო…

[მძიმე დანაშაულის] კვალიფიკაცია ვერ დადგება იმაზე, რომ დგებუაძის ღირსება იყო შეურაცხყოფილი… ამ ეპიზოდში მზიას სახეში რომ ეჩქმიტა, რას იტყოდა ბრალდება, თავს დაესხა და სახეზე უჩქმიტაო?“

20:40 სთ – მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დაასრულა თითქმის 8-საათიანი დასკვნითი სიტყვა.

დასკვნითი სიტყვის დასასრულს, მან ხაზი გაუსვა, რომ მზია ამაღლობელის საქმე თაობების განსახილველი საქმეა.

„მზია ამაღლობელის საქმე არის სარკე. ამ სარკეში როგორც კი ჩაიხედავ, გიჩვენებს, როგორ იყენებს ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად.

არის საქმეები, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან სხვანაირად ჩანს და ხვალინდელი გადასახედიდან – სხვაგვარად. ამის შემდეგ ბევრი წელი, მთელი საზოგადოება მოისმენს თქვენს განაჩენს, ამაში დარწმუნებული იყავით.

არის საქმეები, 20 წელი შეიძლება გავიდეს და არ კარგავს აქტუალობას, თაობების განსახილველი ხდება. ეს საქმე არის ასეთი, ესაა საქმე, რომელზეც თაობები ისაუბრებენ.

მზია ამაღლობელის გაწნული სილა არ იყო არც ხმამაღალი და არც დანაშაულებრივი. ერთსაც გვატყუებს ბრალდების მხარე და მეორესაც და ძალიან არ მინდა სასამართლომაც იგივე გაიმეოროს.

მადლობთ“ – თქვა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

მის დასკვნით სიტყვას სასამართლო დარბაზში ტაში მოჰყვა.

სასამართლო სხდომა გრძელდება.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი მოისმენს მზია ამაღლობელის სხვა ადვოკატების დასკვნით სიტყვა და ასევე, პროკურატურის რეპლიკებს.

21:43 სთ – მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომა დასასრულს უახლოვდება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულია პოლიცია.

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა დაასრულეს დასკვნითი სიტყვა. ახლა პროკურატურას მიეცა დრო რეპლიკებისთვის.

პროკურორის რეპლიკების პარალელურად სასამართლო დარბაზში ისმის შეძახილები ქუჩიდან – „თავისუფლება მზიას!“ „ცეცხლი ოლიგარქიას!“

22:15 სთ – დღეს, 1-ელ აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა, თუმცა უშუალოდ მზია ამაღლობელს დასკვნითი სიტყვის თქმის საშუალება 4 აგვისტოს, 13 საათზე ექნება.

მზია ამაღლობელმა თავად მოითხოვა დასკვნითი სიტყვის გადადება.

„სასამართლოს ვთხოვ, მომცეს საბოლოო სიტყვის უფლება, მაგრამ ამისთვის ცალკე პროცესი ჩანიშნოს.

მომზადებისთვის არა, იმისთვის, რომ ძალები ფიზიკურად აღვიდგინო და იმისთვის, რომ რისი თქმაც მინდა, აქ ხმამაღლა ვთქვა.

მინდა სასამართლომ მომცეს ამის უფლება.

მით უმეტეს, წინა სხდომაზე ბატონმა პროკურორმა მკითხა, კითხვები თუ გაქვთ, მზად ვარ მოვისმინოო. ამ საქმეზე დღესაც მაქვს კითხვები და სულ მექნება.

დღეს მოსამართლეს მარტო ერთ კითხვას დავუსვამ. თუ არ ვცდები, ბატონო პროკურორო, ვლადიმერ ჩიტაიას, დეტექტივს, რა ბედი ეწია, რა განვითარება ჰპოვა ჩიტაიას პატაკმა? მართალია, სასამართლო მოწმეების ჩამონათვალიდან ამოიღეთ ჩიტაია, მაგრამ ჩემი ტელეფონი ხომ გამოძიებას აქვს, მაინტერესებს, რა დადგინდა.

მართლა მაინტერესებს, რა დადგინდა… რა ვიცი, იპოვეს თუ არა დიფ სთეითი, გაიგეთ თუ არა სადაა, რომელ კონტინენტზე გლობალური ომის პარტია, რომელზეც კობახიძე საუბრობს და მართლა სირცხვილია, ისეთი შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი… ეს ხაზი განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია არამარტო ჩემთვის, თქვენთვისაც და ზოგადად ქვეყნისთვის“ – თქვა მზია ამაღლობელმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: