„ქალის მხრიდან მამაკაცის მისამართით სილის გაწვნა არამც და არამც არ შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდასხმა. მზია ამაღლობელის ქმედება იყო არა თავდასხმა, არამედ ქმედება, რომელიც მან განახორციელა მოძალადე პოლიციელის მიმართ. ეს უფრო პროტესტის გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში ჯდება,“ – მიიჩნევს იურისტი ლია მუხაშავრია, რომელიც საქართველოდან ევროსასამართლოს საქმეებზე მუშაობს.
ადვოკატი, რომელიც წლებია სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე მუშაობს, დარწმუნებულია, რომ მზია ამაღლობელი ამ საქმეს ევროსასამართლოში მოიგებს.
უფლებადამცველისთვის „მზია ამაღლობელის საქმე“ „ქართული ოცნების“ სისუსტეს აჩვენებს:
„მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება ძალიან უხეში, დაუფარავი გამოვლინებაა ამ ხელისუფლების სისუსტის. ეს ხელისუფლების უკიდურესი შიშის გამოვლინებაა, რადგან „ოცნებამ“ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა…
„მზია ამაღლობელის საქმე“ სანიმუშოდ გათვლილია მედიის დატერორების და შემდეგ საზოგადოების დატერორებისთვის,“ – გვითხრა ლია მუხაშავრიამ.
„ბათუმელებმა“ ადვოკატ ლია მუხაშავრიასთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ქალბატონო ლია, თქვენი მოსაზრება გვითხარით – რატომ არის თქვენთვის მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარი? მას მოსამართლემ პატიმრობა, მაგალითად, გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდა, პროკურატურა სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავება…
ჩემი აზრით, არამხოლოდ ქართველ იურისტებს, უცხოელ იურისტებსაც არ გაუჭირდებათ იმ დასკვნის გაკეთება ამ საქმეში, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია და ეს პოლიტიკური მოტივით შეთითხნილი საქმეა.
სისხლის სამართლის საქმეში პროცესუალურ დარღვევებს უნდა მოჰყვეს საქმის შეწყვეტა და ბრალდებულის ბრალდებისგან გათავისუფლება. პროცესუალურ დარღვევაში იგულისხმება ის, რომ პროცესუალური დოკუმენტები თუ შეცდომებს მოიცავს, ან არ მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებს, ან კიდევ აყალბებს თუნდაც მცირედით რაიმე ფაქტს, მაგალითად, დაკავების წუთი არასწორადაა მითითებული, ეს უკვე დარღვევაა.
მზია ამაღლობელის საქმეში კი, მთელი კასკადია დაკავების ოქმის სიყალბის. ეს გარემოება საკმარისია იმისთვის, ვთქვათ, რომ საქმე შეთითხნილია, როგორც ამას ვამბობდით ჯერ კიდევ კომუნისტების დროს.
ამას ემატება კონტექსტი: აქტიური, დაუღალავი, ღია დევნა მიმდინარეობს მედიის, ჟურნალისტების მიმართ. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ პერსონა, ვის მიმართ არის ეს გამოძიება და ვინ არიან ამ საქმეში მოწმეები.
- უზენაესი სასამართლოს აქამდე არსებული პრაქტიკით, სილის გაწვნა არ შეიძლება აღვიქვათ, როგორც თავდასხმა. რას გვეტყვით ევროსასამართლოს მიდგომაზე?
მნიშვნელოვანია, რომ თავად სიტყვა არის ამა თუ იმ ქმედების აღმწერი. ქალის მხრიდან მამაკაცის მისამართით სილის გაწვნა არამც და არამც არ შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდასხმა.
მზია ამაღლობელის ქმედება იყო არა თავდასხმა, არამედ ქმედება, რომელიც მან განახორციელა მოძალადე პოლიციელის მიმართ. ეს უფრო პროტესტის გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში ჯდება.
- დამოუკიდებელი იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სილის გაწვნა შეიძლება შეფასდეს მხოლოდ პოლიციელის შეურაცხყოფად, რაც სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. თქვენი მტკიცებით, სილის გაწვნა ჯდებოდა ევროკონვენციით დაცული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რადგან ეს იყო პროტესტი პოლიციელის მოქმედებაზე, რომელიც კანონს უხეშად არღვევს?
მნიშვნელოვანია, სად მოხდა ეს ამბავი: პოლიციის ტერიტორიაზე, სადაც უამრავი პოლიციელი იყო და სხვა ადამიანი.
თავდასხმის ობიექტი ვინ იყო? თუ პოლიციელი ასეთი სუსტია, რომ ქალის ხელის გარტყმა ტკივილს აყენებს და ამას აღიქვამს, როგორც მის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ასეთმა პოლიციელმა როგორ უნდა დაგვიცვას მართლა კრიმინალისგან, დამნაშავისგან, რეალური თავდამსხმელისგან?
ყველა ეს გარემოება არ ქმნის, ცხადია, თავდასხმის კვალიფიკაციას. ჩანს, რომ ამ საქმეში არსებობს პოლიტიკური მოტივი და ხელისუფლების ზეწოლა: სურთ, რომ მედიის დევნის სამაგალითო საქმე შეიქმნას, განსაკუთრებით კი, ისეთი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მედიასაშუალების მიმართ, როგორიცაა „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“. ეს პოლიტიკური მოტივი მიემართება სწორედ ამ მედიასაშუალების დამფუძნებელს, ხელმძღვანელს და მენეჯერს.
ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ სამართალთან მიახლოებული შეიძლება ყოფილიყო ამ საქმეში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენა. ვთქვათ, ეს არის შეურაცხყოფა, თუმცა ესეც სირცხვილია. სირცხვილია, როცა ამხელა პოლიციის უფროსი ამბობს, რომ თურმე ტკივილი იგრძნო მაშინ, როცა მისი ქმედებები, ასე ვთქვათ, დახურულ კარს მიღმა სრულიად ამაზრზენი და მიუღებელია. ჩემთვის რთულია ვიმსჯელო კვალიფიკაციაზე, რამდენად იყო ეს სამართალდარღვევა, მაგრამ თუნდაც ეს ყოფილიყო, ეს მაინც პოლიტიკური დევნის ნიმუშია.
მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება ძალიან უხეში, დაუფარავი გამოვლინებაა ამ ხელისუფლების სისუსტის. ეს ხელისუფლების უკიდურესი შიშის გამოვლინებაა, რადგან „ოცნებამ“ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა.
- თქვენთვის უდავოა ის, რომ მზია ამაღლობელი იდევნება თავისი პროფესიული საქმიანობის გამო?
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მზია ამაღლობელი იდევნება პოლიტიკური მოტივით, იმის გამო იდევნება, რომ იგი არის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იშვიათად დამოუკიდებელი და ისეთი მიუკერძოებელი მედიასაშუალებების, როგორიც არის „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“. თქვენ რომ არ იყოთ, დიდი ხნის წინ უკვე მძიმე დიქტატორული პირობები გვექნებოდა.
ჩემი აზრით, „მზია ამაღლობელის საქმე“ სანიმუშოდ გათვლილია მედიის დატერორების და შემდეგ საზოგადოების დატერორებისთვის. ეს არის სრულიად სამარცხვინო ფაქტი და ვფიქრობ, კვალიფიციური ანალიზი, დასკვნების და განსჯის წარმოდგენა ზედმეტია, იმდენად ცხადია, რასთანაც გვაქვს საქმე.
ვფიქრობ, ყველას ერთნაირად ესმის ამ საქმით რის მიღწევასაც ცდილობს ხელისუფლება. სოციალურ ქსელებში ვინმე განსხვავებულად თუ ბჟუტურებს – ბჟუტურს დავარქმევდი მხოლოდ ამას – ყველა ეს ადამიანი მოქმედებს დავალებით. დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში ისინი არ ფიქრობენ, რომ მზია ამაღლობელმა დანაშაული ჩაიდინა.
ამ საქმით გამოვლინდა ჩვენი ვაი მართლმსაჯულების და ვაი პროკურატურის, ვაი გამოძიების სახე და იმავდროულად გამოვლინდა მედიის მართლაც თავგანწირული ბრძოლა – თავდადება პროფესიული საქმიანობის მიმართ.
დარწმუნებული ვარ, რომ მზია ამაღლობელი ჩვენი დროის გმირია და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ახლა თქვენ გესაუბრებით. ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიყავი განწყობილი თქვენი მედიასაშუალების მიმართ. მე მინდა ხაზი გავუსვა განსაკუთრებულ პატივისცემას პერსონალურად ქალბატონი მზიას მიმართ, რომელმაც გამოავლინა ძალიან დიდი შემართება და თავდადება, ეს ძალიან ბევრისთვის შეუძლებელია, მათ შორის, მამაკაცებისთვის. ეს შემართება აღმაფრთოვანებელია.
ამიტომაც, ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. მეტი სიფრთხილე გვმართებს ჩვენ ყველას, ვისაც გვინდა უკეთეს საქართველოში ცხოვრება. ჟურნალისტების და მედიის გარეშე კი, კარგი ცხოვრება არ გვექნება. პირველ რიგში, დემოკრატიის საფუძველი დამოუკიდებელი მედიაა.
- თქვენ მუშაობთ ევროსასამართლოს საქმეებზე. თქვენი აზრით, რამდენად აქვს მზია ამაღლობელს საქმის მოგების შანსი სტრასბურგის სასამართლოში?
მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ევროსასამართლოს აქვს ასეთი შეფასება გაკეთებული, რომ მედია არის ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედი, დემოკრატიის საფუძველი. ეს რიგითი ჟურნალისტის საქმეც რომ იყო, საქმეში ისეთი უხეში დარღვევებია, თავისთავად ამაზე სასამართლოს ექნებოდა შესაბამისი რეაგირება. ამ შემთხვევაში კი, ვსაუბრობთ მზია ამაღლობელზე, რომელიც ფლაგმანი მედიასაშუალების დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.
ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, კვალიფიციურად მოამზადებენ საჩივარს. მე მინდა იმის თქმა, რომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მარტივად და გასაგებად დადონ ეს ფაქტები – ჩვენ უკვე შევეჩვიეთ საშინელებებს, რაც აქ ხდება, ევროპელი მოსამართლეების, თუ აპარატში მომუშავე იურისტებისთვის კი, ძნელად წარმოსადგენია, ზოგჯერ დაუჯერებელიც კია, ასეთ ფაქტებს თუ შეიძლება ადგილი ჰქონდეს მართლმსაჯულების სისტემაში. მე ამას ვითვალისწინებ მუდმივად, რომ როცა ჩემს ჩანაწერს კითხულობს ევროპელი ადამიანი, მას ვერ წარმოუდგენია, რომ ასეთი აშკარა შეიძლება იყოს რეჟიმის სახის გამოვლინება, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლების მიმართ.
ეს საქმე უნდა მოიგოს ქალბატონმა მზიამ და მისმა ადვოკატებმა ევროსასამართლოში.
- სასამართლო პროცესებზე გამოჩნდა, რომ პოლიციელები ცრუ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს, მაგალითად, ირაკლი დგებუაძის ერთმა მოადგილემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, მეორე მოადგილის ჩვენებით კი, მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს. პოლიციელების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია. ეს რას აჩვენებს თქვენთვის?
ეს აჩვენებს იმას, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და შორს ვერ მიდის. სასამართლოში გამოწვლილვით ხდება ფაქტების გადამოწმება. სხვა უბედურებაა ის, რომ მოსამართლე ამ ფაქტებს, სავარაუდოდ, იგნორირებას გაუკეთებს.
ფაქტების ასეთი დამახინჯება და მათი არასწორად ასახვა პროცესუალურ დოკუმენტებში აცამტვერებს სისხლის სამართლის საქმეს. ბრალდება თუ განაჩენი უნდა დაეყრდნოს მტკიცებულებებს, რომელიც ფაქტებს ასახავს. ამ შემთხვევაში ეს დოკუმენტები პროცესუალური დარღვევებით არის შედგენილი.
- რა შეგიძლიათ თქვათ მოსამართლე სალიხ შაინიძის შესახებ, რომელმაც დადასტურებულად მიიჩნია, რომ მაგალითად, გრიგოლ ბესელია აკავებს ადმინისტრაციული წესით მზია ამაღლობელს, ოქმებში კი, სხვა რამ წერია. ამ სიყალბის მიუხედავად, მოსამართლემ მზია ამაღლობელი მიიჩნია სამართალდამრღვევად.
ვფიქრობ, რომ ჩემი პატივცემული კოლეგები კარგად გამოიყენებენ ამ შემთხვევას. სისხლის სამართლის საქმეში გარკვეულწილად პრეიუდიციული ძალა აქვს ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, თუ იქ ფაქტები არის სწორად დაფიქსირებული და ადეკვატურად ასახავს მომხდარს. თუ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეები სხვა ჩვენებებს აძლევენ და სხვა ვითარება იკვეთება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება ამ შემთხვევაში.
ჩვენს ქვეყანაში უსამართლობის ჩამდენ პირებს ერთმანეთთან კოორდინაცია უჭირთ, ან ეს პრაქტიკულად არ შეუძლიათ, რადგან ბოროტება და სიცრუე ვერ თანამშრომლობენ, საბედნიეროდ. ვფიქრობ, რომ ეს ის შემთხვევაა სწორედ.
- რამდენად შეიძლება ევროსასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს სასამართლოს მიუკერძოებლობის საკითხი? მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს მიიღებს მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელსაც სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს და სანქცირებულია „მზია ამაღლობელის საქმის“ გამო.
ეს აშკარად არის ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, რომელიც ღაღადებს, რომ საქმის განმხილველი ტრიბუნალი – ასეთ ტერმინია გამოყენებული – უნდა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. მართალია, მოსამართლის კვალიფიკაცია ცალკე არ არის ნახსენები, მაგრამ ნაგულისხმევია ის, რომ არ უნდა არსებობდეს შანსიც კი, რომ არაკვალიფიციურმა მოსამართლემ განიხილოს საქმე. გამოუცდელი ქალბატონი [მოსამართლე ნინო სახელაშვილი] თავად აღიარებს, რომ სისხლის სამართლის მიმართულებით მას გამოცდაც კი არ აქვს ჩაბარებული.
საქართველოდან შესულ არაერთ საქმეზე დაადგინა ევროსასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. ამ შემთხვევაში მე-6 მუხლის დარღვევა აშკარად გამოკვეთილია.
ვნახოთ, ჯერ კიდევ მიმდინარეობს პროცესი. არ არის ხოლმე მიზანშეწონილი, მიმდინარე საქმეზე გავაკეთოთ კომენტარი, როცა არ ხართ ჩართული საქმეში და საქმის მასალებს ზედმიწევნით კარგად არ იცნობ, მაგრამ ამ საქმეში ბევრი გარემოებაა, რაც აჩვენებს პოლიტიკურ მოტივს, იმას, რომ საქმე შეთითხნილია.
ვიცი, რომ ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ძალიან ავტორიტეტულმა ადამიანებმა გაუგზავნეს წერილი საქართველოს მთავრობას, რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ არ მოხდეს მზიას ამაღლობელის დასჯა. ვფიქრობ, სხვა რომ არაფერი მომხდარიყო ქვეყანაში არსებული ბოლო წინააღმდეგობის დროს, ვგულისხმობ ძალადობას პოლიციელების მხრიდან და საშინელ დარბევებს, მხოლოდ მზია ამაღლობელის საქმე საკმარისია იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას დაერქვას ის სახელი, რომელსაც იმსახურებს: ავტორიტარული ხელისუფლება, რომელიც მიისწრაფვის დიქტატურისკენ.
ამ თემაზე:
ორმაგი სტანდარტი? – პოლიციელმა 20 წლის გოგოს თმაზე მოქაჩა, თუმცა გამოძიება არ იწყება