46 წლის გიორგი მურვანიძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის 14 მაისს წარადგინეს. აქამდე მისი საქმიანობა არ უკავშირდებოდა თვითმმართველობას.
გიორგი მურვანიძე პროფესიით იურისტია, სადოქტორო ხარისხი კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აქვს დაცული.
ღია წყაროების თანახმად, მისი სამუშაო გამოცდილება ათვლას იწყებს 2004 წლიდან, როცა ის საქართველოს პროკურატურაში უფროს გამომძიებლად დასაქმდა და იმუშავა 2006 წლამდე.
2007 წელს, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, ის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, აჭარის რეგიონული დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს და თანამდებობა 2014 წლამდე შეინარჩუნა.
შემდეგ გიორგი მურვანიძე ამავე უწყებაში დაწინაურდა და გახდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე. ის ამ თანამდებობას 2025 წლამდე იკავებდა.
გიორგი მურვანიძეს ორ სამეცნიერო კონფერენციაში აქვს მონაწილეობა მიღებული და აქედან ერთ-ერთი ადამიანის უფლებებს და ევროპული ინტეგრაციის საკითხებს შეეხებოდა. მეორე კი სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის საკითხებს.
ამავე წლის მაისიდან კი, როცა ბათუმის ყოფილმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ფეისბუქ-პოსტით დატოვა თანამდებობა, ის უცებ მოიყვანეს ბათუმის მერიაში და ჯერ ვიცე-მერად დანიშნეს, შემდეგ კი მერის მოვალეობის შემსრულებლად.
„ოცნებას“ ჯერჯერობით, ოფიციალურად არ გაუჟღერებია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე გიორგი მურვანიძე მერობის კანდიდატი იქნება მათი პარტიიდან, თუმცა ყველაფერი მიუთითებს, რომ ის ამ ნიშნით პოზიციონირებს.
გიორგი მურვანიძე ჯერ მხოლოდ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად არხებზე ჩანს და თითქმის არსად გვხვდება მისი შეფასებები ან კომენტარები მაგალითად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობაზე, მასობრივ პროტესტზე, სინდისის პატიმრებზე და ასე შემდეგ.
ერთადერთი სიუჟეტი, სადაც გიორგი მურვანიძე ბათუმზე, მის ბავშვობასა და ქალაქზე საუბრობს, აჭარის ტელევიზიას აქვს მომზადებული.
გიორგი მურვანიძის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც მისი წინამორბედი მერების – ოფიციალური შეხვედრების ამსახველი ფოტოები, რომელზეც მიმდინარე პროექტების მასალებთან თავდახრილი მურვანიძეა ასახული, კონცერტებზე და სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების ამსახველი კადრები, რასაც, პერიოდულად, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის ფოტოები ენაცვლება.
მისი ხედვა ქალაქის განვითარებაზე, საცობებზე, კორპუსებისგან დაკარგულ სივრცეებზე და თითქმის გამქრალ რეკრეაციულ ზონებზე, ჯერ საჯაროდ არ მოგვისმენია.
გიორგი მურვანიძე ბათუმშია დაბადებული.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელსაც ის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე ავსებდა, გიორგი მურვანიძემ, 2015 წელს საჩუქრად მიიღო 600 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში, რომელიც გაყიდა. 2017 წელს, ამავე ადგილას, ასევე 600კვ/მეტრი მიწა შეიძინა 42 ათას დოლარად და წამოიწყო სახლის მშენებლობა, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 80 000 დოლარი დაუჯდა.
2017 წელს გიორგი მურვანიძეს ასევე შეუძენია მიწა კასპის რაიონში, 4 315 კვ/მეტრი, რომელსაც მის გარდა კიდევ ჰყავს სამი მეწილე.
სხვა ქონება გიორგი მურვანიძეს ქონებრივ დეკლარაციაში ჯერჯერობით არ იძებნება, მათ შორის, არ ჩანს რა საკუთრება აქვს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს ბათუმში და აქვს თუ არა საკუთარი ბინა ან სახლი.
2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი მურვანიძის წლიური ხელფასი ექსპერტიზის ბიუროში უფროსის მოადგილის პოსტზე 96 248 ლარი იყო. ამავე პერიოდში მას ასევე უფიქსირდება შემოსავალი ტექნიკური უნივერსიტეტიდან 4 655 ლარის ოდენობით.
გიორგი მურვანიძის მეუღლე, ნარი შალიკაშვილი კერძო კლინიკაშია დასაქმებული მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელად და მისი წლიური ხელფასი ამ თანამდებობაზე 27 269 ლარს შეადგენდა 2024 წლისთვის.
2024 წელს გიორგი მურვანიძეს უფიქსირდებოდა ორი სესხი. ერთი 140 000-ლარიანი, ფიზიკური პირისგან და გასავლის სახით წელიწადში იხდიდა 14 000 ლარს, ხოლო მეორე სესხი საქართველოს ბანკიდან – 149 890 ლარის ოდენობით, რომლის გასავალშიც მითითებულია 140 203 ლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ მურვანიძემ, ეს სესხი ფაქტობრივად დაფარა.
მერის მოვალეობის შემსრულებელი ასევე იხდის 3 400 დოლარს სწავლის საფასურს შვილის განათლებაში, რაც სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ გიორგი მურვანიძის შვილი არ სწავლობს საჯარო სკოლაში.
გიორგი მურვანიძის მშობლები მისი ქონებრივი დეკლარაციიდან 2019 წლის შემდეგ აღარ იძებნებიან. ბოლოს, 2024 და 2025 წლების ქონებრივ დეკლარაციებში მხოლოდ მეუღლე და არასრულწლოვანი შვილია დაფიქსირებული.
გიორგი მურვანიძის მამის, მიხეილ მურვანიძის სახელზე არც ბათუმში და არც სხვაგან, ქონება არ ფიქსირდება. წლების წინ შევსებულ დეკლარაციებში კი ფიქსირდებოდა მხოლოდ დედის სახელზე არსებული ქონება – მემკვიდრეობით მიღებული მიწა და სახლი გურიაში, ასევე ორი ბინა ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე, თუმცა ბოლო წლების დეკლარაციაში არც დედა და არც მის სახელზე არსებული ქონება აღარ ჩანს.
ამიტომ უცნობია, სად ცხოვრობს ამჟამად ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი და რატომ არ აქვს ასახული დეკლარაციაში ეს ინფორმაცია.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გიორგი მურვანიძეს საკუთრებაში არ აქვს კერძო ავტომობილი.






