მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელის განაჩენით რეჟიმი თავის განაჩენსაც აწერს ხელს – დიასპორული ორგანიზაციები

30.07.2025
მზია ამაღლობელის განაჩენით რეჟიმი თავის განაჩენსაც აწერს ხელს – დიასპორული ორგანიზაციები

 დიასპორული ორგანიზაციები და ემიგრანტების გაერთიანებები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ მზია ამაღლობელის საქმის შესახებ. 

„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადებას. 

„უახლოეს დღეებში, „ქართული ოცნების“ ე.წ. სასამართლო აპირებს განაჩენი გამოუტანოს მზია ამაღლობელს და ამ განაჩენით, რეჟიმი თავის განაჩენსაც აწერს ხელს.

დიასპორული ორგანიზაციები და ემიგრანტების გაერთიანებები მივმართავთ რეპრესიულ რეჟიმს და ამ სისტემის მსახურებს – დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი!

წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დავიშურებთ დროსა და ძალისხმევას, რომ ნებისმიერი, ვინც მონაწილეობს მზიას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული, დაუსაბუთებელი და უკანონო საქმის შეთხზვაში, მასზე ძალადობაში, საზოგადოების დეზინფორმაციაში, ასევე – ვინც მოამზადებს, ხელს შეუწყობს და გამოიტანს ე.წ. სასამართლო განაჩენს – აუცილებლად, სამართლიანად აგებს პასუხს თავისუფალი და დემოკრატიული მართლმსაჯულების წინაშე.

ვპირდებით, რომ ისინი მოხვდებიან ყველაზე მკაცრი, პერსონალური სანქციების ქვეშ, ხოლო მათი სახელები და გვარები, ისტორიას სამუდამოდ დარჩება, როგორც მოღალატე და მოძალადე რეჟიმის მსახურები.

მზია ამაღლობელი არის მაღალი რეპუტაციის მქონე პროფესიონალი და სამაგალითო მოქალაქე, რომელსაც სისტემა აწამებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უარესდება უკანონო პატიმრობის გამო. მას უპირისპირდება რეპრესიული რეჟიმი და სახეზე გვაქვს სისტემური დანაშაული უკანონოდ დატყვევებული მოქალაქის მიმართ.

ქართული საზოგადოება იბრძვის რეპრესიული ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა გადის სინდისის და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებაზე, ნამდვილ, თავისუფალ, ევროპულ არჩევნებზე და ქართულ ოცნებად წოდებული რეპრესიული რეჟიმის სრულ დამარცხებაზე“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. „პლატფორმა 2025“
  2. ქართველთა საზოგადოება კვიპროსში. „ძალა ერთობაშია“
  3. ქართული დიასპორის წევრები დანიაში
  4. „ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის“
  5. ასოციაცია „თამარიელი“
  6. „თაობები საქართველოსთვის“
  7. ქართველთა სათვისტომო ავსტრიაში
  8. შტუტგარტის ჯგუფი
  9. ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი (ICGE), ბელგია
  10. „თაობები საქართველოსთვის“ იტალია
  11. „ქართველები ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში“
  12. „ცხრათვალა“
  13. ქართულ კულტურულ ორგანიზაციათა ქოლგა გაერთიანება ესტონეთში – „ქართული სახლი“
  14. ესპანეთში ქართველი ემიგრანტების ჯგუფები – მადრიდში, ბარსელონასა და ვალენსიაში
  15. საქართველოს პულსი
  16. ქართული დიასპორის წარმომადგენლები შვედეთში
  17. შტუტგარტელების ლიგა
  18. “ქართველი ქალები ესპანეთში”,
  19. ქართველი ხალხის თემი კაუნასში
  20. ქართველთა საზოგადოება პოლონეთში
  21. „კანადელი ქართველები პროგრესისთვის“
  22. GeoVoice, აშშ
  23. “საფრანგეთიდან დანახული საქართველო“
  24. „თავისუფლების ფონდი“, გაერთიანებული სამეფო
  25. დასი, შვეიცარია
  26. ქართველთა ასოციაცია ნორვეგიაში „კრება“
  27. ,,ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტი”, იტალია
  28. ქართველთა საინიციატივო ჯგუფი ჩეხეთში

მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1 აგვისტოს, 13 საათზე დაიწყება. შესაძლოა, იმავე დღეს გახდეს ცნობილი განაჩენის შესახებ.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.

მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: