მთავარი,სიახლეები

„არ არსებობს მიზეზი, რაც ამ ქმედებას გაამართლებს“ – გამოსახლება და მშობლების დაკავება ბავშვების თვალწინ

31.07.2025 •
„არ არსებობს მიზეზი, რაც ამ ქმედებას გაამართლებს“ – გამოსახლება და მშობლების დაკავება ბავშვების თვალწინ

„წარმოიდგინეთ, ბავშვს აქვს განცდა, რომ სახლიდან გამოაგდეს, ქუჩაში დარჩა. თან ხედავს, რომ არავინ იბრძვის იმისთვის, რომ ის დაიცვას. როგორ მოჰყვება ამას მომავალში? ნამდვილად დაამახსოვრდება, როგორც ერთ-ერთი მძიმე ისტორია მის ცხოვრებაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სოფიკო მენაბდიშვილი.

რა უფლებები დაარღვია სახელმწიფომ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩიდან იძულებით გამოსახლებული 150 ოჯახის და მათი მცირეწლოვანი შვილების შემთხვევაში? რა უნდა გაეკეთებინა ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს და არ გააკეთა? რატომ დატოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ძალადობრივ გარემოში ბავშვები, სადაც მათ მშობლების დაკავება და მათი სახლების ჩამონგრევა აყურებინეს? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ სოფიკო მენაბდიშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტს.

ბავშვიანი ოჯახების გამოსახლება თვალჭრელიძის ქუჩიდან.
ფოტო: ქეთი ხუციშვილი/ნეტგაზეთი

  • ქალბატონო სოფიკო, ყველამ ვნახეთ 24 ივლისს, თვალჭრელიძის ქუჩაზე იძულებით გამოსახლების კადრები. ვნახეთ, როგორ აყურებინეს ბავშვებს მათი ერთადერთი საცხოვრებლის დანგრევა. ვნახეთ მათი შიშით სავსე თვალები. შემდეგ კი ვნახეთ, როგორ ეძინათ ღია ცის ქვეშ ამ ბავშვებს ქუჩაში გამოყრილ ავეჯზე. ბავშვების რა უფლებები დაარღვია ამ დღეს „ოცნების“ ხელისუფლებამ?

პირველი, უნდა ითქვას ის, რომ ჩვენ გვაქვს ბავშვთა დაცვის როგორც ეროვნული მექანიზმი, ასევე საერთაშორისო – ვგულისხმობ ბავშვის უფლებათა კოდექსს და გაეროს კონვენციას ბავშვის უფლებების შესახებ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ გამოსახლების პროცესში ბავშვები გამოყარეს ქუჩაში და გარდა იმისა, რომ გამოყარეს, ბავშვებს აყურებინეს ეს პროცესი. ბავშვები თავიდან ბოლომდე ხედავდნენ ამ პროცესს. ამ ბავშვების ტრავმირებას ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს. ვერანაირი გადაწყვეტილება, თუნდაც სასამართლოსი, ვერ იქნება იმაზე აღმატებული და მნიშვნელოვანი, ვიდრე ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა.

  • აღსრულების პოლიცია ამბობდა, რომ ისინი კერძო მესაკუთრეების ინტერესებს იცავდნენ.

შესაძლოა არსებობდეს იგივე კერძო მესაკუთრის ინტერესები, ასევე არსებობდეს სასამართლო გადაწყვეტილებები, რაც ამ ოჯახების იმ შენობებში ცხოვრებას ხელს არ უწყობდა, მაგრამ ბავშვების ტრავმირება არ უნდა ხდებოდეს, ისე უნდა წარიმართოს ეს პროცესი, რომ არ დაზიანდნენ ბავშვები.

შესაბამისად, ვერც სასამართლოსი და ვერც სხვა რაიმე ტიპის აღსრულება ვერ იქნება კანონიერი, თუ ეს არღვევს ბავშვის უფლებას.

სამართალში არის ასეთი პრინციპი, რომ როდესაც საკითხი ეხება ბავშვს, მისი უფლებები უნდა იყოს უპირატესად დაცული.

სახელმწიფოა ვალდებულია ბავშვს შეუქმნას ღირსეული საცხოვრებელი პირობები – ბავშვიან ოჯახებს. თუნდაც საუბარი იყოს კერძო საკუთრებაზე. ბავშვების ქუჩაში გაგდება და ქუჩაში დატოვება კერძო საკუთრების დაცვის ალტერნატივა ვერ იქნება.

კერძო საკუთრება ნამდვილად კონსტიტუციით დაცული უფლებაა და თუ სახელმწიფომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ დაიცავს კერძო საკუთრების უფლება, აი, ამ პროცესში, არ უნდა დაგავიწყდეს ის, რომ ბავშვების ქუჩაში დატოვება აღსრულების პროცესში, არის დამატებით ერთი დიდი უკანონობა.

თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებული ბავშვები. ფოტო: ქეთი ხუციშვილი/ნეტგაზეთი

თუ აუცილებლად უნდა დაცლილიყო ეს შენობა, სახელმწიფოს უნდა შეეთავაზებინა ამ ოჯახებისთვის ალტერნატიული, ღირსეული საცხოვრებელი. მეტიც, ჩვენ გვაქვს ბავშვის უფლებათა კოდექსის 47-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სათანადო სტანდარტს, თუ როგორი უნდა იყოს ბავშვის გარემო.

სულ მცირე, გარემო უნდა იყოს საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის, უბედური შემთხვევისგან დაცვის საბაზისო ინფორმაციით და 46-ე მუხლით. ეს კოდექსი სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ სტანდარტი უნდა არსებობდეს – როგორ უნდა იცხოვროს ბავშვმა, მისი ფიზიკური, გონებრივი, მორალური, იგივე სოციალური განვითარების საჭიროებები უნდა იყოს დაცული, რომ არ დავარღვიოთ ბავშვის უფლება.

რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ძალიან რთული სანახავი ნამდვილად, ყურებზე ხელს იფარებდნენ ბავშვები, რომ არ გაეგონათ კარებზე ბრახუნის ხმა. წარმომიდგენია, რა მდგომარეობაში იყვნენ ბავშვები.

იქ იყო კადრები, თუ როგორ გამოჰქონდათ ამ ბავშვების ნივთები, როგორ ყრიდნენ ამ ნივთებს, შემდეგ როგორ ისხდნენ ეს ბავშვები ამ ნივთებით ქუჩაში. იქ იყო კადრი, როცა ფეხსაცმელები ელაგა დივანზე და ისე ეძინა ღია ცის ქვეშ ბავშვს.

ეს იყო ბავშვის უფლებების ნამდვილად მძიმე დარღვევა.

გამოსახლებული ბავშვი თვალჭრელიძის ქუჩიდან. ფოტო: ლევან ზაზაძე

იმ პროცესში აუცილებელი იყო ბავშვებს ჰქონოდათ იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების სერვისები. ამის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს.

სახელმწიფოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მშობლების მხრიდან გამოსახლებას შესაძლოა მოჰყოლოდა პროტესტი და გაპროტესტების შემთხვევაში ბავშვებს შესაძლოა მიეღოთ ტრავმა. ამიტომ ერთი მხრივ, უსაფრთხო გარემო უნდა ყოფილიყო და მეორე, ამ ბავშვებს თეორიულად ტრავმის მიღების შემთხვევაში უნდა ჰქონოდათ ფსიქოლოგიური დახმარების შესაძლებლობა.

ჩვენ ისეთი კადრები ვნახეთ, რომ ბავშვზე ზრუნვის სისტემა წესით ფეხზე უნდა იდგეს, თითოეული ბავშვი შეფასებული უნდა ჰყავდეს, არკვევდეს მათ საცხოვრებელ პირობებს, სად წავიდნენ ბავშვიანი ოჯახები, ნაწილი ვიცით, რომ ისევ ქუჩაში ათენებს ღამეს და მეშვიდე დღეა წარმოდგენა არ გვაქვს, იღებენ თუ არა რაიმე იურიდიულ ან ფსიქოლოგიურ სერვისს ან შესთავაზეს თუ არა ამ ოჯახებს რაიმე ალტერნატიული საცხოვრებელი.

  •  ჩვენ ვნახეთ კადრი, როცა მამა ეუბნებოდა პოლიციას, შვილმა დამირეკა და მისი სათამაშოების გადარჩენა მთხოვაო. ამ დროს კი ათამდე პოლიციელი აკავებს მას ძალით, უხეშად და ამ ყველაფერს უყურებენ ბავშვები. რა შეგიძლიათ ამაზე თქვათ, როცა სახელმწიფო იჭერს მშობელს და ამას აყურებინებს ბავშვებს?

ესეც ტრავმის შემადგენელი ნაწილია, რადგან ისე არასწორად მოხდა გამოსახლების პროცესის წარმოება, რომ არავინ გაითვალისწინა, მაგალითად, იქ მაცხოვრებელი პირების მდგომარეობა.

პროცესი იყო ძალიან არასწორად დაგეგმილი და განხორციელებული: ყველამ იცოდა, რომ იქ ბავშვები ცხოვრობდნენ. იცოდნენ, რომ ეს პროტესტი, შესაძლოა, იმ ბავშვებს დაენახათ. შესაბამისად, როდესაც პოლიცია უყურებს ამ პროცესს, ის უნდა უყურებდეს ბევრი მიმართულებით.

საპროტესტო აქციებზე პოლიცია თავს იმართლებდა იმით, არ ვიცოდი ეს ადამიანი არასრულწლოვანი თუ იყოო. არ იცოდა კი არა, სულ ამ სტანდარტით უნდა მუშაობდეს. იმ სოციუმში არიან ბავშვები, შშმ პირები, ქალები… ანუ მოწყვლადი ჯგუფები, რომლებზეც კიდევ ორმაგად და სამმაგად შეიძლება იქონიოს მძიმე შედეგი იმან, რაც დაანახეს. შესაბამისად, ეს პროცესი ისე უნდა დაეგეგმათ, რომ არ ყოფილიყო ზიანის მომტანი არც ზრდასრულებისთვის და არც მათი შვილებისთვის.

მშობლებმაც ვერ შეძლეს, რომ ბავშვები ამ ზიანისგან დაეცვათ და თავისთავად, ეს სახელმწიფომაც არ უზრუნველყო.

ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სააგენტო მთელი დღე ხედავდა გამოსახლების ამ პროცესს და ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვების უსაფრთხოებაზე, იმაზე, რომ დაიცვას ბავშვთა უფლებები, არაფერი მოიმოქმედა.

არცერთი სოციალური მუშაკი არ გვინახავს იქ, რომელსაც შეიძლება შეესწავლა ბავშვების მდგომარეობა. ან ამ 7 დღის განმავლობაში მივიდა თუ არა ვინმე იმ ოჯახებთან და დაელაპარაკა… თუ ეს ბავშვები კიდევ ქუჩაში არიან, ეს საერთოდ კატასტროფაა.

  • როგორც ვიცი, არც სახალხო დამცველს გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით განცხადება.

ველოდებოდი მისგან შეფასებაც, მაგრამ არ შემხვედრია ეს განცხადება.

  • როგორც ვიცით, იმ კორპუსებში დევნილი ოჯახები და მათი შვილებიც ცხოვრობდნენ. სახელმწიფოს კი ამ შემთხვევაში აქვს ორმაგი ვალდებულება ამ ბავშვების მიმართ.

რასაკვირველია.

დევნილობის შემთხვევაში დამატებითი ვალდებულებები შემოდის. რაც უფრო მოწყვლადია ჯგუფი, მით უფრო მეტი ჩართულობა და მხარდაჭერა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. მათ შორის, როცა საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება, რიგ შემთხვევაში დევნილთა სააგენტოს მიერ, ყოველთვის არის გათვალისწინებული ბავშვები, მათ შორის რაოდენობა. საცხოვრებლით ისეთი ოჯახების დაკმაყოფილება უნდა იყოს უპირატესი, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი ბავშვები.

შესაბამისად, ეს ვალდებულება სახელმწიფოს ორმაგად ჰქონდა დევნილი ოჯახების მიმართ, ვინც გამოასახლეს იმ მომენტში თვალჭრელიძის ქუჩიდან.

  • პოლიტიკური პროტესტის დროს, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ხშირად აპელირებენ თავიანთი შვილების უფლებებზე და ამბობენ, რომ მოქალაქეების პროტესტმა არ უნდა დაარღვიოს მათი შვილების სიმშვიდე. როგორ ფიქრობთ, ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, როცა სხვისი შვილების ტრავმირებაზე საერთოდ არ რეაგირებენ?

რა თქმა უნდა.

ბავშვთა უფლებებთან კავშირი არ აქვს არც პოლიტიკას, არც პოლიტიკურ გემოვნებას, არც რომელიმე პარტიაში ყოფნას ან არყოფნას, არც თანამდებობას. ბავშვის უფლებები უნდა იყოს დაცული ქვეყანაში ყველა მიმართულებით და ყველა ბავშვის უფლება უნდა იყოს დაცული.

გნებავთ ეს იყოს პოლიტიკოსის შვილი, გნებავთ დევნილის შვილი, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვი თუ სხვა.

  • ამ ბავშვების უფლებების დარღვევაზე განცხადება არ მოგვისმენია არც „ოცნების“ პარლამენტარების მხრიდან. მაგალითად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისგან. მაშინ, როცა ამ კომიტეტის თავმჯდომარემ ორი ადამიანი გაუშვა ციხეში, მისი შვილებისთვის „დისკომფორტის შექმნის გამო.

საერთოდ არ ესმის მაშინ ბავშვის უფლებების სტანდარტი, თუ ამის შესახებ განცხადებას არ აკეთებს. გამოსახლება იქნება ეს თუ პოლიტიკოსის ოჯახზე საუბარი, ბავშვის უფლება არის ბავშვის უფლება.

ამ შემთხვევაში, გამოსახლების პროცესში არავინ შეისწავლა ბავშვების საჭიროებები. ისე იღებენ გადაწყვეტილებებს და ისე ასახლებენ ამ ბავშვიან ოჯახებს სხვადასხვა შენობიდან, რომ საერთოდ არ სწავლობენ და არც კი გეგმავენ, რა უყონ ბავშვიან ოჯახებს, სად წაიყვანონ. არავინ არ სწავლობს მათ რეალურ საჭიროებებს და თუ დეპუტატების შვილების შემთხვევაში ასეთი მოქნილია მართლმსაჯულება, ყველა ბავშვის შემთხვევაშიც ასეთი მოქნილი უნდა იყოს.

ბავშვიანი ოჯახების გამოსახლება/თბილისი, თვალჭრელიძის ქუჩა. ფოტო: ქეთი ხუციშვილი/ნეტგაზეთი

სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს სახეზე ნამდვილად არ გვაქვს.

ჩვენ არ ვიცით, სად არიან ეს ბავშვები, სად წაიღეს თავიანთი ნივთები, სად ცხოვრობენ, არის თუ არა მათი სამედიცინო საჭიროებები შესწავლილი – არავის ამაზე განცხადება არ გაუკეთებია. ეს ნამდვილად არის ორმაგი სტანდარტი სახელმწიფოს მხრიდან.

ასე რომ, დღეს სახეზე გვაქვს მთელი რიგი უფლებების დარღვევა ამ ბავშვებთან მიმართებით.

პირველ რიგში დარღვეულია ამ ბავშვების საუკეთესო ინტერესი.

მეორე უფლება, რაც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ღირსეული საცხოვრებელი პირობები, რაც ამ შემთხვევაში არ არის შექმნილი, მათ შორის გამოსახლებისგან დაცვასაც გულისხმობს.

არ არის დაცული ბავშვის უსაფრთხოება, არის დაზიანებული მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და წარმოდგენა არ გვაქვს პერსპექტივაში რა გავლენას მოახდენს ამ ბავშვების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ეს პროცესი, რაც მათ გაიარეს.

  • ჩვენ არაერთი ადამიანის ისტორია მოგვისმენია, მათ შორის დევნილების, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლების და ვიცით, როგორ მტკივნეულად იხსენებენ ეს ადამიანები ბავშვობაში მიყენებულ ტრავმებს. შესაძლოა იგივე ემოციები ჰქონდეთ ამ ბავშვებსაც წლების შემდეგ?

ამიტომ ვამბობ, რომ ის, რაც ნახეს ამ ბავშვებმა, ამას ვერ გაამართლებს ვერაფერი.

რ არსებობს ბუნებაში მიზეზი, რაც ამ ქმედებას გაამართლებს ბავშვებთან მიმართებით.

ამ ბავშვებს შეუძლიათ უჩივლონ კიდეც სახელმწიფოს ამ ტრავმების გამო, რადგან ერთია, როგორც მოექცნენ ამ ბავშვებს გამოსახლების დროს, რა აყურებინეს, რა ანახეს და მეორე ის, თუ რატომ არ შეწყვიტეს გამოსახლების პროცესი, როდესაც დაინახეს, რომ ამდენი ბავშვი ქუჩაში ამ მდგომარეობაში იყო.

  • იმ დღეს ხუთი შვილის დედა დააკავეს და მამაც ორ შვილთან ერთად…

ამ ყველაფრის შემდეგ, რა ბედი ეწია ამ ოჯახებს, ამის შესახებაც არ აცნობეს საზოგადოებას.

წარმოიდგინეთ, ბავშვს აქვს განცდა, რომ სახლიდან გამოაგდეს, ქუჩაში დარჩა და თან ხედავს, რომ არავინ იბრძვის მის დასაცავად. როგორ მოჰყვება ამას მომავალში? ნამდვილად დაამახსოვრდება, როგორც ერთ-ერთი მძიმე მომენტი მის ცხოვრებაში.

სოფიკო მენაბდიშვილი/„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: