საქართველო-რუსეთის საზღვარზე, კერძოდ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირების განთავსებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.
სამუშაოებისთვის 300 ათასამდე ლარია გამოყოფილი, რაც „გადაუდებელი აუცილებლობით“ ტენდერის გარეშე დაიხარჯება. შესაბამისი თანხმობის მისაღებად შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
სასაზღვრო პოლიციის განმარტებით, ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნას 2025 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, „რაც გულისხმობს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს საზღვარზე განხილვის შესაძლებლობას, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე.
შესაბამისად, საზღვრის პროცედურის ფარგლებში, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი უნდა განთავსდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში… ამასთან, შსს-მ უნდა უზრუნველყოს უცხოელის ან მოქალაქეობის არ მქონე პირის განთავსებისთვის ღირსეული პირობების შექმნა“ – წერს სასაზღვრო პოლიცია.
რადგან აღნიშნული კანონი 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს, რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობა?
სასაზღვრო პოლიციის განმარტებით, გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა გამოწვეული იქნა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ:
„საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებულ საზღვარზე, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „დარიალი“ ერთადერთი მოქმედი სასაზღვრო გამტარი პუნქტია, სადაც ბოლო პერიოდში, დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან მომავალი პირები, ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით.
ისინი აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იხდიდნენ სასჯელს, სისხლისსამართლებრივი დანაშაულისთვის, მათ შორის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ, სასჯელის მოხდა დაასრულეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში.
სასჯელის მოხდის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მიერ ხდება აღნიშნული პირების ე.წ. „დეპორტაცია“ საქართველოს აღნიშნულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან…“
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ზემოთ აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2025 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.
- რა ხდება?
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ქართულ გამშვებ პუნქტ „დარიალსა“ და რუსულ გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსს“ შორის ათობით უკრაინელი გაუსაძლის პირობებში იმყოფება. ისინი რუსეთმა ჯერ დაადეპორტა, შემდეგ კი საქართველოს საზღვართან მიიყვანა და იქ დატოვა.
რუსეთმა ათობით უკრაინელი საქართველოს საზღვართან მოიყვანა და დატოვა
სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალის“ უფროსის მოადგილემ, ლუკა პაატაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დაახლოებით 80 ადამიანია საზღვართან.
მისივე თქმით, მათ ნაწილს საერთოდ არ აქვს საკმარისი დოკუმენტაცია და დადასტურებით იმის თქმაც უჭირს, არიან თუ არა ისინი უკრაინის მოქალაქეები. პაატაშვილის კომენტარი „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.
საქართველო-რუსეთის საზღვარზე ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფმა უკრაინელმა თავი დაიზიანა
„დარიალზე“ თითქმის ანალოგიური პრობლემები იყო 2023 წელსაც.
საგარეო ლარსის გამშვებ პუნქთან მყოფ უკრაინის მოქალაქეებზე განცხადებას ავრცელებს
______________________
მთავარი ფოტო: BBC






