„დასავლეთის მთავრობებს არანაირი “დიფ სთეითი” არ აკონტროლებს. ის უბრალოდ არ არსებობს,” – ასე პასუხობს გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი, “ქართული ოცნების” ნარატივს, რომლითაც “ოცნების” ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციას და მათი რეკომენდაციების იგნორირებას ცდილობს.
30 ივლისს, მზია ამაღლობელის საქმის დასკვნით სასამართლო სხდომამდე ორი დღით ადრე, ბრიტანეთის ელჩმა მოინახულა „ბათუმელების“ რედაქცია – დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია, რომელიც მზიამ 24 წლის წინ დაარსა. “ბათუმელებმა” მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
- დასაწყისისთვის გვითხარით, რა მიზნით იმყოფებით ბათუმში?
პირველად ვსტუმრობ „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“, თუმცა ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი ბათუმში – ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მეოთხედ ვარ აქ. ძალიან საინტერესო ქალაქია და ვფიქრობ, დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობისთვის.
ამჯერად, პირველ რიგში, საზღვაო აკადემიას ვეწვიე, რადგან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს ხანგრძლივი თანამშრომლობა აქვთ განათლების სფეროში. მე ყოველთვის მსიამოვნებს ახალგაზრდებთან შეხვედრა, მათი იმედებისა და სამომავლო გეგმების მოსმენა.
ასევე შეხვედრები მქონდა ბიზნესწრეებთან – ვისაუბრეთ ტურიზმზე, ინფრასტრუქტურაზე, რადგან გაერთიანებულ სამეფოს სურს, საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს და ქვეყანამ შეინარჩუნოს კავშირი დასავლურ და ევროპულ ეკონომიკებთან.
დიდ ბრიტანეთს აქ დიდი ინვესტიციები აქვს, თანდათან იზრდება ბრიტანელი ტურისტების რაოდენობაც. იმედი მაქვს, ჩემი ვიზიტი ხელს შეუწყობს ბრიტანელი ტურისტების მოზიდვას არა მხოლოდ თბილისსა და კახეთში, არამედ აჭარასა და ბათუმშიც.
- ამჯერად თქვენი ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქალაქისა და რეგიონისთვის მთავარი ამბავი მზია ამაღლობელია, ჟურნალისტი და დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებელი – ის თითქმის 7 თვეა პატიმრობაშია. თქვენ უკვე გააკეთეთ განცხადება ამ საკითხზე, ისევე როგორც არაერთი სხვა ქვეყნის ელჩმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ორ დღეში სავარაუდოდ მის საქმეზე განაჩენი დადგება. თქვენი აზრით, იმ ადამიანებმა, ვინც მიიჩნევს, რომ მზია პოლიტიკური პატიმარია, სინდისის პატიმარია, რა უნდა გააკეთონ მისი გათავისუფლების მისაღწევად?
როგორც თქვენ ამბობთ, გაერთიანებული სამეფოს პოზიცია ამ საკითხზე თავიდანვე მკაფიო იყო – ჯერ კიდევ იანვარში, “მედიის თავისუფლების კოალიციის” ფარგლებში 14-მა ქვეყანამ ერთად გავაჟღერეთ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი დაკავება გაუმართლებელი იყო და ის უნდა გათავისუფლდეს. ეს ჯერ კიდევ მაშინ, იანვარშივე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმაც თქვა.
შემდეგ, აპრილში, OSCE-ს ფარგლებში 37-მა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, კვლავ გამოხატა შეშფოთება საქართველოში მედიის თავისუფლების კლებისა და ჟურნალისტების მიმართ მზარდი მტრული დამოკიდებულების გამო. კვლავ მოვითხოვეთ მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
და სულ ახლახან, მიმდინარე თვეში, დაახლოებით 20-მდე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრშიდამა კიდევ ერთხელ მიუთითა საქართველოში თვითნებური დაკავებებისა და პოლიტიზებული სასამართლო პროცესების პრობლემებზე, მათ შორის ჟურნალისტებთან მიმართებით და მოითხოვეს ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება.
ასე რომ, ჩვენი პოზიცია სრულიად ნათელია. ვფიქრობ, ყველა, ვისაც საქართველო უყვარს და სურს დემოკრატიის წარმატება – მათ შორის ჩვენ, გაერთიანებულ სამეფოში – სწორედ ეს უნდა გააკეთოს: ვილაპარაკოთ იმ საკითხებზე, რაც გვაშფოთებს.
ესაა საერთაშორისო საზოგადოების როლი – მიაპყროს ყურადღება ასეთ საქმეებს. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი შეშფოთება ყურად იქნება მიღებული.
- დღეს „ოცნების“ ხელისუფლებას დაახლოებით 60 პოლიტპატიმარი ჰყავს და თუ გადავხედავთ სასამართლო პროცესებს, ჩანს, რომ რეჟიმი არ აპირებს მათ გათავისუფლებას. გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დააწესა იმ პირთა მიმართ, ვინც ადამიანის უფლებები სერიოზულად დაარღვია ან/და ვერ უზრუნველყო ამ დარღვევების სათანადო გამოძიება. საინტერესოა, რომ თითქმის ყველა ის პირი, ვისაც გაერთიანებული სამეფოს სანქციები შეეხო, „ოცნებამ“ უკვე თანამდებობიდან გადააყენა. სწორედ ამიტომ ბევრ ქართველს სჯერა და აქვს განცდა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ სანქცირებულთა სია უნდა გააფართოოს, რადგან იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებათადარღვევებს, კანონის უზენაესობისა და სამართლის ხელის შეშლაში. თქვენი ინფორმაციით, უნდა ველოდოთ ახალ სანქციებს? და თუ კი – როდის?
დიახ, მართალია – დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესა ორი დამოუკიდებელი რეჟიმის ფარგლებში: ერთია ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული სანქციები – განსაკუთრებით აქციების დროს ძალადობის გამოყენებაზე; მეორე კი ანტიკორუფციული რეჟიმია, რაც შეეხება სასამართლოში კორუმპირებულ დანიშვნებს.
ეს სანქციები საჯაროდ არის ცნობილი და ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ კვლავაც ძალიან შეშფოთებულები ვართ; როგორც ევროპის ირგვლივ არაერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე თქვა, თუ “ქართული ოცნება,” ქართველი მაღალჩინოსნები გააგრძელებს დემოკრატიისგან დაშორებას, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რაც ჩვენს ურთიერთობაში არსებობს, რათა გადავხედოთ ამ ურთიერთობას.
თუმცა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის პოლიტიკაა, რომ სანქციებზე წინასწარ კომენტარს არ ვაკეთებთ. შესაბამისად, არ შემიძლია დეტალებზე საუბარი მომავალი გადაწყვეტილებების შესახებ.
- როგორ ფიქრობთ, უკვე დაწესებულმა სანქციებმა იმუშავა?
ვიტყოდი, რომ ჯერაც არ არსებობს არც ერთი შემთხვევა, როცა პოლიციის მხრიდან ძალადობა გამოიძიეს. ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რასაც ჩვენ ვაყენებთ. შესაბამისად, კვლავ მოვითხოვთ იმ სამართალდამცველთა პასუხისმგებლობასა და გამოძიებას, ვინც იმ სისასტიკეში იყო ჩართული.
- როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნებს შორის პარტნიორობაზე, ვხედავთ, რომ „ოცნების“ ხელისუფლება თითქმის ყველა ევროპელ ლიდერს აკრიტიკებს. ირაკლი კობახიძემ ისიც კი თქვა, რომ ალბანეთში გამართულ ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე – ვციტირებ: „თავი არ აუწევია, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რადგან არ სიამოვნებდა იმ ფაქტებზე საუბარი, რაც პირდაპირ მეტყველებს უსამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ.“„ოცნება“ ამტკიცებს, რომ ევროპულ ქვეყნებში მთავრობებს „დიფ სთეითი“ მართავს, რომელიც თითქოს საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. როგორც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი დასავლელი პარტნიორის – გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, რა ფენომენია ეს „დიფ სთეითი?“
შემიძლია ძალიან მკაფიოდ გითხრათ: არ არსებობს არანაირი „დიფ სთეითი“, რომელიც დასავლურ მთავრობებს მართავს – ეს უბრალოდ არ არის სიმართლე.
ასევე, არ არსებობს არანაირი „გლობალური ომის პარტია“, რომელიც ცდილობს საქართველო ჩართოს ომში ან მეორე ფრონტი გახსნას. ეს არაა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, – პირიქით.
ჩვენ საქართველოში არც უცხოური, ლიბერალური ღირებულებების შემოტანას ვცდილობთ. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი – ეს დიდ ბრიტანეთისთვის, პირველ რიგში, ნიშნავს ნატოში ინტეგრაციას, აქტიურ მონაწილეობას ეუთოსა და ევროპის საბჭოს საქმიანობაში.
რა თქმა უნდა, საქართველოს ასევე მნიშვნელოვანი ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ძალიან სამწუხარო და საზიანოა, როდესაც მსგავსი ნარატივები და დეზინფორმაცია გამოიყენება დასავლეთის თითქოს ცუდი ზრახვების წარმოსაჩენად. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით – ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის კურსს და კვლავ დაუბრუნდება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
- თქვენ ხართ დიპლომატი დიდი გამოცდილებით, „დიფ სთეითი“ კი ნამდვილად არ არის ქართული ფენომენი. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპულ გზას და უარი თქვას შეთხზული „დიფ სთეითის“ შიშზე, სად არის ახლა და საიდან უნდა დაბრუნდეს?
რა თქმა უნდა, მე ახლოს ვთანამშრომლობ ჩემს ევროპელ კოლეგებთან და სულ რამდენიმე დღის წინ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა გაავრცელა განცხადება დეზინფორმაციის საფრთხეებზე.
ვფიქრობ ეს ასევე ის თემაა, რასაც გაერთიანებული სამეფო სრულიად მოაწერდა ხელს. ჩვენ ვიცით, რომ მის-ინფორმაცია მიზანმიმართულად გამოიყენება ევროპის წინააღმდეგ. ჰიბრიდული საფრთხეები მოდის რუსეთის მხრიდან ევროპის წინააღმდეგ – ცდილობს დააზიანოს ჩვენი დემოკრატია და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოება.
ჩვენ გვინდა, საქართველოსთან ერთად ვიმუშაოთ, რათა ერთად ვიყოთ უფრო მედეგნი ამ საფრთხეების, მათ შორის დეზინფორმაციის წინააღმდეგ.






