მთავარი,სიახლეები

„წვრთნები ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ” – საელჩო

29.07.2025
„წვრთნები ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ” – საელჩო

„პარტნიორობის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობა“ – ასე ეხმაურება აშშ-ს საელჩო საქართველოში „მტკიცე სულის“ ფარგლებში ჩატარებულ წვრთნებს.

„ცოტა ხნის წინ, Agile Spirit 2025 წვრთნების ფარგლებში, აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 91-ე კავალერიის პოლკის პირველი ასეულის სამხედროებმა ქართველ კოლეგებთან ერთად კონვოირების ოპერაცია განახორციელეს.

კონვოირება სენაკის სასწავლო პოლიგონიდან ვაზიანის სასწავლო პოლიგონამდე განხორციელდა.

აღნიშნული წვრთნები ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას,“ – ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფეისბუქ პოსტში.

მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული – Agile Spirit 2025“   საქართველოში 25 ივლისს დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწავლებაში ჩართული ამერიკული მანქანები ფოთის პორტში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან ბორნით შემოვიდა, ფოთის პორტში გადმოიტვირთა და სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში განლაგდა.

ხოლო შემდეგ, ამერიკული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილ ჯავშანმანქანებთან ერთად, სენაკიდან ვაზიანში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გავლით ჩავიდა.

ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი დაკომპლექტებული იყო ამერიკული მაღალმობილური, მრავალმიზნობრივი ჯავშანმანქანებით და საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანმანქანებით – ქართული წარმოების „დიდგორი“ და „კობრა“.

მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) 6 აგვისტოს ოფიციალურად დაიხურება.

სწავლებას საქართველო მეთორმეტედ მასპინძლობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Agile Spirit 2025 მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: