დღეს, 31 ივლისს, ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე ისევ არ მივიდა.
საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ამის გამო კრიტიკული კომენტარები გააკეთეს. მათი აზრით, მერის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებულია ერთხელ მაინც დაესწროს სხდომას, საკრებულოს ვადის ამოწურვამდე.
გიორგი მურვანიძე ბათუმის ვიცე-მერად 14 მაისს დანიშნეს. ის ამავე დროს მერის მოვალეობასაც ასრულებს, თუმცა ამ პოსტზე დანიშვნიდან დღემდე ის საკრებულოს არცერთ სხდომას არ დასწრებია.

აკაკი გვიანიძე
„სამწუხაროა, რომ დღესაც ვერ ვხედავთ მერის მოვალეობის შემსრულებელს. უკვე სამი სხდომა გავიდა და კიდევ არ გამოჩნდა. ეტყობა ავ თვალს, ანუ ოპოზიციის თვალს არ ენახება და ამიტომ არ მოდის. არადა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი მოდიოდეს და მინიმუმ მის ხედვებს გვაცნობდეს.
თუმცა, მისი სხვადასხვა ინტერვიუთი დადასტურდა ის, რომ რასაც ამ ოთხი წლის განმავლობაში საუბრობდა ოპოზიცია, არ ცდებოდა და ეს დაადასტურა მერის მოვალეობის შემსრულებელმაც და დაადასტურა დღის წესრიგმაც, იმ საკითხებმაც, რაც შემოდის.
ვამბობდით, რომ არ შეიძლება, ქალაქისთვის საზიანოა ამდენი K2 გადაჭარბებული მშენებლობები და როგორც გავიგეთ, თურმე ისიც იზიარებს ამ მოსაზრებას.
ვსაუბრობდით კორუფციაზე, რისკებზე, უამრავ გადაცდომაზე და თურმე აქაც მართლები ვყოფილვართ, რადგან მთელ ქვეყანაში კამპანია პრაქტიკულად დაწყებული და დღე არ გავა, ვინმე არ მოხსნან, ვინმე არ დაიჭირონ“, – განაცხადა აკაკი გვიანიძემ საკრებულოს სხდომაზე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა.
მისი თქმით, ამ ოთხი წლის განმავლობაში საკრებულოს უფრო მჭიდროდ რომ ემუშავა ოპოზიციასთან და გაეთვალისწინებინა მათი შენიშვნები და წინადადებები, უკეთ წავიდოდა ყველაფერი.
მისი თქმით, უკვე სრულდება საკრებულოს ამ მოწვევის მანდატი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკრებულომ შეაფასოს განვლილი ოთხი წელი.
„ამიტომ გთავაზობთ, რომ შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის იმ პროექტებს, რომელიც იყო დაანონსებული, შევაფასებთ პროგრესს ან რეგრესს გარკვეული მიმართულებით, რომ ახალ საკრებულოს ჰქონდეს ჩვენგან ეს შემუშავებული დოკუმენტი დატოვებული“, – განაცხადა აკაკი გვიანიძემ.
გვიანიძე შეეხეო დოკუმენტებიდან ტერმინ „გენდერის“ ამოღების საკითხსაც. „ქალი და კაცი ჩაგიწერიათ და აქამდე გენდერი რომ ეწერა, ამით რას ვაშავებდით? თუმცა, რაც გვაქვს ამ რეგლამენტში, ამის ნახევარიც არ შეგვისრულებია, ვითხოვდი ღია კარის შეხვედრებს და არც ეს შეგვისრულებია. იმაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს, რომ ამ დარბაზში ვუსმენდეთ ჩვენს მოქალაქეებს. ერთხელ მაინც ჩავატაროთ ღია კარის სხდომა“, – განაცხადა გვიანიძემ.

ვაჟა დარჩია
ამავე სხდომაზე საკრებულოს წევრი პარტია „ლელოდან“, ვაჟა დარჩიაც შეეხო გიორგი მურვანიძის არ მისვლას საკრებულოს სხდომაზე.
„იმედი მაქვს, ისე არ ამოწურავს ეს საკრებულო ვადას, რომ ბატონი გიორგი არ დაესწრება სხდომას და არ გამოხატავს საჯაროდ თავის მოსაზრებებს. მნიშვნელოვანია, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელი ერთხელ მაინც დაესწროს საკრებულოს სხდომას და მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში“, – განაცხადა ვაჟა დარჩიამ.
ის ამავე სხდომაზე აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დაჭრის ფაქტსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგაც კი, არც საკრებულოს და არც აჭარის მთავრობას კითხვები არ დაუსვამს, თუ რა მოხდა რეალურად საგარეჯოში.
„აქ არიან მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც თორნიკე რიჟვაძეს საჯარო პოსტებიდანაც კი რაღაც მესიად, ღმერთად თვლიდნენ და მათთანაც მაქვს კითხვები, ერთხელ მაინც, ამ ერთი თვის განმავლობაში არანაირი განცხადება რომ გაუკეთებიათ.
სახელმწიფოს არ უთქვამს არაფერი, რა მოხდა საგარეჯოში. გარდა იმისა, რომ ის წერილი გაავრცელეს, რომელთან დაკავშირებითაც კითხვები არსებობს. ერთი თვე აჭარის მთავრობას, ბათუმის თვითმმართველობას, იმ ადამიანებს, რომელთა ლიდერიც იყო ერთ დროს თორნიკე რიჟვაძე, ერთი განცხადება არ გაუკეთებია იმისთვის, რომ რაიმე პასუხი მიეღო სახელმწიფოსგან.
მაგალითად, გამოძიება რა ეტაპზეა, რა მოხდა, ამ დონის კითხვებზეა საუბარი და ეს კითხვებიც კი გახდა პრობლემა“, – განაცხადა ვაჟა დარჩიამ სხდომაზე.
______________
მთავარ ფოტოზე: გიორგი მურვანიძე/ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი.






