მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ვის ამღერებენ 154 ათას ლარად „შუამთობაზე“

30.07.2025 •
ვის ამღერებენ 154 ათას ლარად „შუამთობაზე“

შუამთობაზე მუსიკალური ჯგუფების ჰონორარებში, ტრანსპორტირებასა და სასტუმროს მომსახურებაში აჭარის 2025 წლის ბიუჯეტიდან ჯამში 154 179 ლარი დაიხარჯება. აქედან 136 229 ლარი – მხოლოდ ჰონორარებში.

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ შესაბამისი ბრძანებები 29 ივლისს გამოსცა.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „სახალხო დღესასწაულები ბეშუმში, ჩირუხსა და ზორტიყელში ადგილობრივი ფოლკლორის, სპორტული სანახაობის, ეთნოგრაფიის, კულინარიისა და ტრადიციების ღია დემონსტრირებაა… დღესასწაულთან დაკავშირებით, ღონისძიების მაღალორგანიზებულად ჩატარებისთვის, მიზანშეწონილია გაიმართოს შემდეგი მუსიკალური ჯგუფების ღონისძიებები:

  • 2025 წლის 2 აგვისტოს ბეშუმში [ხულო] – მუსიკალური ჯგუფები „კახაბერი და ხანუმები“ და „ურსა“;
  • 2025 წლის 4 აგვისტოს ჩირუხში [შუახევი] – მუსიკალური ჯგუფი „ურსა“ და ანსამბლი „გორდელა“;
  • 2025 წლის 10 აგვისტოს ზორტიყელში [ხულო] – მუსიკალური ჯგუფი „ღამის შოუს ბენდი“.

სახალხო დღესასწაულის ორგანიზება უნდა განხორციელდეს სამინისტროს პროგრამის – „ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა“ პირველი პუნქტის – „ფოლკლორის სხვადასხვა მიმართულებების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა“ – ფარგლებში.

2025 წლის 29 ივლისის ბრძანებიდან

„ხსენებული ჯგუფების წევრების სატრანსპორტო და სასტუმრო ხარჯისთვის გამოყოფილ უნდა იქნეს თანხა – 17 950 ლარის ოდენობით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით“ – აღნიშნულია „ოცნების“ მინისტრის ბრძანებაში.

აღნიშნულ 154 179 ლარს აჭარის კულტურის სამინისტრო „ექსკლუზიური უფლებამოსილებისა“ და „შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობის“ გამო, ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დახარჯავს.

აჭარის კულტურის სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შეთანხმებისთვის უკვე მიმართა.

სამინისტრო თავის განაცხადში წერს, რომ „აღნიშნული დღესასწაული „შუამთობა“ აჭარის მაღალმთიანეთში, წლების განმავლობაში იმართება“, თუმცა, კითხვას, „რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი?“ – სამინისტრო პასუხობს, რომ „2025 წლის 21 ივლისს გამოიცა აჭარის მთავრობის განკარგულება, რომლითაც აჭარის კულტურის სამინისტროს დაევალა რიგი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება უმოკლეს ვადაში.“

„აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი შეფერხებით ჩატარების ან/და ჩაშლის თავიდან ასაცილებლად დადგა სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების საჭიროება“ – წერს სამინისტრო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: