იარე ნელა! – რას ითვალისწინებს შსს-ს ახალი სტრატეგია

საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კამპანია – „მართე ფრთხილად!“, „იარე ნელა!“, „იცოდე შენი სიჩქარე – ნუ მოისწრაფებ სიცოცხლეს“ და ა.შ. – სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. აქედან ერთ-ერთი, ცნობილი მორაგბის მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ავტოკატასტროფის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე დასახელდა. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი სტრატეგია, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება, ავტოკატასტროფების რიცხვს 50 პროცენტით შეამცირებს.

1 389 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საქართველოში 2015 წლის მონაცემებით, აქედან ყველაზე მეტი წილი – 53,4 პროცენტი მსუბუქ ავტომანქანაზე შეჯახება მოდის. მიმდინარე წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, როგორც ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გვეუბნება, 10-15 პროცენტით არის გაზრდილი. დაზუსტებულ მონაცემებს შს სამინისტრო ყოველი წლის ბოლოს აქვეყნებს.

საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ მალე ამოქმედდება თანამედროვე ვიდეოანალიტიკური სისტემა, რომელიც ავტოკატასტროფების პრევენციას შეძლებს: „ახალი ვიდეოანალიტიკური სისტემა გამოცდილია ლიტვაში, რის შედეგადაც სამართალდარღვევათა რიცხვი 50 პროცენტით შემცირდა. ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტთა პაკეტი, რომ მხოლოდ არსებული რესურსებით არ გვებრძოლა ამ პრობლემის წინააღმდეგ და შემოგვეტანა ახალი მეთოდოლოგია, ინოვაციური მიდგომები. თუმცა პარლამენტმა ისე დაასრულა მუშაობა, რომ ვერ მოასწრო ამ კანონპროექტის მიღება, ამიტომ სექტემბერში, როცა განახლდება სესიები, მისი განხილვა მოხდება.“

შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ახალი, თანამედროვე ვიდეოანალიტიკის სისტემის ტესტირება, რომელიც აფიქსირებს როგორც სიჩქარეს, შუქნიშნის დარღვევას, ზოლის გადაკვეთას, რადარსა და რადარს შორის  განხორციელებულ სიჩქარეს, ასევე ბევრ სხვა დეტალს.

„ამ სისტემას დიდი შესაძლებლობები აქვს და ყველა დეტალზე პრეზენტაციის დროს ვისაუბრებთ, რომელიც სექტემბრის ბოლოს გვაქვს დაგეგმილი. ვიდეოანალიტიკური სისტემა თბილისში რამდენიმე ადგილზე არის დანერგილი სატესტო რეჟიმში, ამიტომ ჯერ მისით ადმინისტრირებას არ ვახორციელებთ. როცა ტესტირება დასრულდება, დაინერგება ყველგან. შემოდგომიდან ბათუმიც აღიჭურვება ახალი ვიდეოანალიტიკური სისტემით,“ – გვეუბნება ის.

შალვა ხუციშვილის თქმით, ვიდეოანალიტიკური სისტემით ავტოკატასტროფის პრევენცია შესაძლებელია, რადგან როცა კამერა ან რადარი აფიქსირებს სიჩქარის გადაჭარბებას, რადარი ავტომატურად იძლევა  განგაშის სიგნალს, რასაც მოჰყვება რეაგირება პატრულის მხრიდან. „სისტემა ითვალისწინებს პოლიციელების სპეციალურ მომზადებას. მთლიანად იცვლება მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა მოახდინონ რეაგირება და მათი ქმედება გახდება უფრო ქმედითი. ფაქტობრივად, მთელი სისტემა იცვლება. გარდა ამისა, ინერგება ქულათა სისტემა, რომელიც მართვის მოწმობის სარგებლობის დღეს მოქმედ სისტემას ჩაანაცვლებს. მართვის მოწმობაზე ირიცხება ქულათა რაოდენობა, რომელიც ყოველ სამართალდარღვევაზე ჩამოიჭრება და ესეც კარგად იმუშავებს პრევენციაზე.“ მისი თქმით, პირველ რიგში ვიდეოანალიტიკური სისტემები ყველაზე კრიტიკულ ადგილებში დაინერგება, მათ შორის მუნიციპალურ გზებზე, სადაც ყველაზე სახიფათოა მოძრაობა.

ახალი სისტემის დანერგვამდე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგია, რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროა.

სტრატეგიის მიხედვით, სამინისტროებისგან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სფეროს მიხედვით აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას საგზაო უსაფრთხოების ამაღლებაზე.

„სტრატეგია გულისხმობს როგორც გზების ინფრასტრუქტურის გამართვას, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას ავტოპარკინგების მოწესრიგებაზე, 2017 წლიდან ამოქმედდება ახალი პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“, რომლის შემუშავება მიმდინარეობს და რაც მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება,“ – გვეუბნება შალვა ხუციშვილი. მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში – „უსაფრთხო ქალაქი“ შეირჩა 30 საჯარო სკოლა, სადაც დაინერგება საგზაო უსაფრთხოების ინოვაციური სწავლება: „ჩვენ ვაკეთებთ პატარა ქალაქს, სადაც დაინერგება სიმულაციური სწავლება, ბავშვები მოვლენ  და ისწავლიან საგზაო მოძრაობის წესებს იმისათვის, რომ მათ ფსიქოლოგიაზე სწორი გავლენა მოვახდინოთ და თავიანთ მშობლებსაც ვუთხრათ, რომ არ დაარღვიონ წესები“.

პროექტის – „მეგობრული გზების“ ავტორი დაორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ გარდა სისტემური ცვლილებებისა, ავტოავარიების შესამცირებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალიზაციასაც, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში მიმართავენ. დიდი ზომის ბილბორდების დამონტაჟება გამაფრთხილებელი ტექსტითა და შესაბამისი ფოტოებით ისეთ ადგილებში, სადაც მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

„ადამიანებს საკუთარი თვალით უნდა ვაჩვენოთ, რა შეიძლება მოჰყვეს გადაჭარბებულ სიჩქარეს, ამიტომ აქვს გარკვეული ეფექტი გზებზე ბილბორდების განთავსებას. ამ პრაქტიკას ბევრი ქვეყანა იყენებს და ჩვენც შეგვიძლია გამოვიყენოთ კლიპებთან ერთად“ – ამბობს გელა კვაშილავა.

ის მიიჩნევს, რომ სისტემურ ცვლილებებთან ერთად მნიშვნელოვანია საზოგადოების მენტალური ცვლილება: „საზოგადოება არ უნდა იყოს ინდიფერენტული და „ეს მე არ დამემართება“ – მსგავსი მიდგომა უნდა შეიცვალოს“.

ასლან აბაშიძეს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

“ასლან აბაშიძის საქმის” განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას და კიდევ ხუთ მაღალჩინოსანს სისხლის სამართლის კოდექსის 16 მუხლის დარღვევაში ჰქონდათ ბრალი წაყენებული. ასლან აბაშიძეს ბრალად ედებოდა ნოდარ იმნაძის მკვლელობაც. ამ ნაწილში მოსამართლემ პროკურატურის კვალიფიკაცია შეცვალა და ასლან აბაშიძეს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადამეტებისთვის 2,5 წელი მიუსაჯა.

ადვოკატ პაატა ბოლქვაძის თქმით, ასლან აბაშიძეს ასევე დაეკისრა 100 ათასი ლარის გადახდა ნოდარ იმნაძის ოჯახის სასარგებლოდ, ხოლოდ 30 ათასი ლარის გადახდა იმ დროისთვის უკანონო პატიმრობაში მყოფი  –  თენგიზ ასანიძის სასარგებლოდ. სისხლის სამართლებრივი დავის პარალელურად, სამოქალაქო წესით სასამართლოსთვის დაზარალებულების ოჯახის წევრებს ჰქონდათ სარჩელი შეტანილი.

ამავე საქმეში ბრალი ჰქონდა წაყენებული ასლან აბაშიძის მთავრობის უშიშროების მინისტრს – იოსებ გოგიტიძეს. მას სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ნაწილობრივ გამართლა მაშინდელი უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი – ამირან კურცხალიძე. მას მხოლოდ სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაეკისრა 6 თვით პატიმრობა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა დავით ხალვაშს, იგივე „ქელფეთას“. ის ასლან აბაშიძის პირადი დაცვის უფროსად მუშაობდა და ერთადერთია ამ საქმეში, ვინც სასჯელს უკვე იხდის.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ სასჯელი არ შეუფარდა აბაშიძის მთავრობის კიდევ ორ მაღალჩინოსანს – ჯემალ გოგიტიძეს და ელგუჯა  ჯინჭარაძეს. ისინი “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოსკოვში გარდაიცვალნენ.

ადვოკატ პაატა ბოლქვაძის თქმით, განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ ასლან აბაშიძე, ამირან კურცხალიძე და დავით ხალვაში.

პარაშუტი, დელტაპლანი, იახტა თუ დაივინგი? ექსტრემალური გართობის ფასი ბათუმში

„ბათუმში ყველაზე ექსტრემალური გასართობი ბატუტია. დიდი ადრენალინია, როცა ადიხარ დიდ სიმაღლეზე და შემდეგ ეშვები. განსაკუთრებით ზღვაშია კარგი, შეგიძლია მაღლა ახვიდე და წყალში ჩახტე. ეს ექსტრემალებისთვის ძალიან მაგარია“, – ამბობს ინდირა ევგენიძე და წყლის ბატუტს უბრუნდება. ის ამ გართობისთვის საათში 15 ლარს იხდის, თუმცა ამბობს, რომ განცდილი ამად ღირს.

ბათუმში დასასვენებლად ჩამოსულ ექსტრემალებსა და აქტიური დასვენების მოყვარულებს სანაპიროზე სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ. სახეობები და ფასები განსხვავებულია, შეგიძლიათ ექსტრემალურობის დონეც თავად განსაზღვროთ, ხანგრძლივობაც და სახეობაც. ძირითადად გასართობი საშუალებების არჩევა საჰაეროსა და საზღვაოს შორის მოგიწევთ.

სერვისების დიდ ნაწილს სანაპიროზე ბათუმის იახტკლუბი სთავაზობს დამსვენებლებს. თუმცა არიან კერძო პირებიც, რომლებმაც დამოუკიდებლად შემოიტანეს სიახლეები სანაპირო გართობის ბაზარზე.

ბათუმის იახტკლუბს წელს ჰიდროდელტა პარაპლანების სახით სიახლე აქვს. აპარატის ნახვისას თვალწინ წარმოგიდგებათ ძველი ფილმები პირველ საფრენ აპარატებსა და მფრინავებზე, რომლებიც სპეციალური სათვალით და კომბინიზონით მართავდნენ პაწაწინა, ორფრთიან საფრენ აპარატს. ბათუმის იახტკლუბიდან აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიამდე შეგიძლიათ დელტა პარაპლანით შვიდი წუთის მანძილზე იფრინოთ და ბათუმის სანაპიროს ზემოდან დააკვირდეთ. ასე გართობა 100 ლარი დაგიჯდებათ. კომპანიაში ამბობენ, რომ უსაფრთხოება გარანტირებულია და მსურველს გამოცდილი მფრინავი მიჰყვება.

ზღვაზე კიდევ ერთი საფრენი საშუალება პარაშუტია. პარაშუტი კატერზეა ჩაბმული, რომელიც თქვენი ფრენის სიჩქარესა და მიმართულებას განსაზღვრავს. ასე გასეირნებისთვის 15 წუთში 80 ლარი უნდა გადაიხადოთ.

თუ კი გსურთ ფრენა და ამის კადრებზე ასახვა, დიდი თავგადასავლის მოწყობა საკუთარი თავისათვის და ხედებით ტკბობა, მაშინ მოემზადეთ და გეზი გონიოს ციხისკენ აიღეთ. მოტოპარაპლანი განსხვავებული საფრენი მოწყობილობაა, თუმცა არანაკლებად ექსტრემალური. 20 წუთის განმავლობაში ფრენა სანაპიროს თავზე და ვიდეოგადაღება 300 ლარი ღირს. კომპანიაში ამბობენ, რომ შეგიძლიათ დრო და მასთან ერთად ფასიც შეამციროთ.

რაც შეეხება წყალქვეშა სამყაროს, აქ მთავარი გასართობი დაივინგია. როგორც დაივინგჯგუფში თქვეს, დარეკვის შემთხვევაში ისინი ადგილზე მოგაკითხავენ და ავტომობილით კვარიათში წაგიყვანენ,  სადაც წყალი უფრო სუფთაა. კვარიათის წყალქვეშა სამყაროს დათვალიერებისთვის 150 ლარი უნდა გადაიხადოთ, ხოლო თუ გადაწყვეტთ, რომ კვარიათამდე საზღვაო ტრანსპორტით მიხვიდეთ, ამ შემთხვევაში 150 დოლარი დაგჭირდებათ.

ცისა და წყალქვეშა სამყაროს მონახულების შემდეგ შეგიძლიათ წყლის ზედაპირზე გაერთოთ და ცოტაც დაისვენოთ. ხვიჩა ფანცხავას გემი ერთ-ერთია იმ გემებს შორის, რომლებიც მსგავს სერვისს სთავაზობენ დამსვენებლებს. გემზე კაფე, მუსიკა და გასართობი შოუებია. საერთო გასეირნების შემთხვევაში ერთ ადამიანზე 10 ლარის გადახდა მოგიწევთ. გემი იახტკლუბიდან სასტუმრო ჰილტონის მიმდებარე ტერიტორიამდე ჩადის და შემდეგ უკან ბრუნდება. თუმცა თუ მეგობრებთან ერთად გსურთ გასეირნება, მაშინ შეგიძლიათ გემი იქირაოთ სამი სხვადასხვა: გონიოს, ქობულეთის ან მწვანე კონცხის მიმართულებით. ტური ორსაათიანია და ზაფხულის სეზონზე ერთი საათი 400-500 ლარი ჯდება, სხვა დროს კი, როგორც ხვიჩა ფანცხავა ამბობს, შესაძლოა კიდევ უფრო დაბალ ფასად გასეირნება. მისი გემი 75-80 ადამიანს იტევს.

იახტკლუბში შესაძლებელია მაქსიმუმ ას ადამიანზე გათვლილი გემის დაქირავებაც, რაც საათში 600 ლარი ღირს.

წყალზე მცურავ საშუალებებს შორის შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი იახტა ბათუმის იახტკლუბში შეარჩიოთ. იახტით გასეირნება ხუთი ადამიანისთვის საშუალოდ საათში 60 ლარი ჯდება, ხოლო VIP იახტის ფასი, რომელიც 15-20 ადამიანზეა გათვლილი, საათში 700-900 დოლარია.

რაც შეეხება კატერით გასეირნებას, ეს სერვისი რვა ადამიანისთვის საათში 350 ლარი ღირს, სკუტერი/ჰიდროციკლი ერთი ადამიანისთვის წუთში – 6 ლარი, წყლის ზედაპირზე ბანანით გასეირნება კი 15 წუთით 5 ლარი დაგიჯდებათ.

წყლის ჭავლით ჰაერში გადაადგილება თუ გაინტერესებთ, ფლაიბორდი ისაა, რაც უნდა გამოსცადოთ. ეს 5 წუთით 50 ლარი დაგიჯდებათ. დროის ზრდასთან ერთად მოქმედებს ფასდაკლებაც, მაგალითად, 15 წუთში 150-ის ნაცვლად 130 ლარს გადაიხდით.

იახტკლუბის დირექტორის, დავით ფირცხალაიშვილის თქმით, ყველაზე მოთხოვნადი გასართობი სანაპიროზე ამ ეტაპისთვის, გემით გასეირნება და  დელტა პარაპლანებია, თუმცა გასართობთა უმეტესობა სეზონურია და სანამ ზაფხული გრძელდება, შეგიძლიათ გაფრინდეთ, ჩაყვინთოთ, წყლის ჭავლით გადაადგილდეთ, ყველაფერი ეს „აუცილებლად მოსასწრებთა“ სიაში თუ არ გაქვთ, დროა სია შეასწოროთ.

ზემოთ ჩამოთვლილი გასართობი სერვისების უმრავლესობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სპეციალურ ვებგვერდზე: www.gobatumi.com

ჩამოთვლილთაგან წყლის ექსტრემალური პარკი, ბატუტებითა და სხვა გასართობით მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ სანაპიროზე მდებარეობს, მოტოპარაპლანებით გონიოს ციხის ტერიტორიაზე მოგემსახურებიან, დანარჩენი სერვისები კი ბათუმის იახტკლუბში უნდა იკითხოთ.

იახტკლუბი / ფოტო: თორნიკე თავაძე
იახტკლუბი / ფოტო: თორნიკე თავაძე

როგორ აარიდა თავი სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას „საქართველოს ფოსტამ“

„საქართველოს ფოსტას“ სასამართლოში საქმე ბათუმიდან ათმა ყოფილმა თანამშრომელმა მოუგო. ათივე მათგანმა ხელახლა უჩივლა ფოსტას. ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ, „საქართველოს ფოსტამ“ ბათუმის ნაცვლად აჭარის და გურიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღადგინა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, „საქართველოს ფოსტამ“ ამ გზით აარიდა თავი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და დასაქმებულები არაადამიანურ პირობებში ჩააყენა. ფოსტის 100-პროცენტიანი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის. ფოსტის უკანონო გადაწყვეტილებებს, რაშიც საზოგადოებამ დაახლოებით ნახევარი მილიონი უნდა გადაიხადოს, წლების განმავლობაში ხელისუფლება რეაქციის გარეშე ტოვებს.

„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლების შეხვედრა პროფკავშირებთან
„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლების შეხვედრა პროფკავშირებთან

ბოლო თანამშრომელი, ვინც „საქართველოს ფოსტას“ სასამართლო მოუგო, ლელა რაზმაძე იყო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლელა რაზმაძის გათავისუფლება იყო უკანონო, ის უნდა აღედგინათ სამსახურში და მიეცათ განაცდური. ბათუმელი ლელა რაზმაძე „საქართველოს ფოსტამ“ ხულოს სერვისცენტრში აღადგინა. „ხელშეკრულების მიხედვით, ხულოს სერვისცენტრში უნდა ვყოფილიყავი ყოველ დილით 9 საათზე, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთ დღეს ავედი მხოლოდ ბათუმიდან და შევინახე მგზავრობის ბილეთები. ორივე მიმართულებით გზა დღეში 10 ლარი ღირს. „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ გამოვართვი ცნობა, რომლის მიხედვითაც, დილით, ყველაზე ადრე, 8 საათზე გადის ბათუმიდან მიკროავტობუსი ხულოსკენ. ცნობაში წერია ისიც, რომ მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2.5 საათს შეადგენს,“ – გვიყვება ლელა რაზმაძე. მას ხელახლა გათავისუფლების ბრძანება 29 ივლისს უკვე ჩააბარეს. მიზეზი მარტივია – „სამსახურში უმიზეზოდ გამოუცხადებლობა“.

თუკი ლელა რაზმაძე ხულოს სერვისცენტრში ივლიდა სამუშაოდ, ანაზღაურების სახით ხელზე 625 ლარს აიღებდა. ის „საქართველოს ფოსტის“ ბათუმის სერვისცენტრში მუშაობდა 2004 წლიდან ეკონომისტის, მოგვიანებით საორგანიზაციო ჯგუფის ოპერატორის პოზიციაზე. 2012 წლის 27 ნოემბერს მასაც, ისევე, როგორც ფოსტის ყველა თანამშრომელს, ვადიანი ხელშეკრულება გაუფორმეს და უთხრეს, რომ რეორგანიზაცია იყო დაგეგმილი და ტესტირება ჩატარდებოდა. 2013 წელს ლელამ ტესტირებაში 250 მაქსიმალური ქულიდან 237 აიღო. წარმატებული შედეგის მიუხედავად, ლელა რაზმაძეს ფოსტის ადმინისტრაციამ ვადიანი ხელშეკრულება 2014 წლის დეკემბერში შეუწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი „საქართველოს ფოსტას“ გათავისუფლებული თანამშრომლისთვის არ განუმარტავს.

„საქართველიოს ფოსტამ“ 2013 წლიდან 130 თანამშრომელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს გაათავისუფლა. ფოსტის გაერთიანებული პროფესიული კომიტეტის ხელმძღვანელი, მარინა რაზმაძე მიიჩნევს, რომ ეს ადმინისტრაციის სტრატეგია იყო – „პროტესტის დასაკარგავად“. გათავისუფლებული თანამშრომლებიდან სასამართლოს მხოლოდ 57-მა მიმართა. ამათგან 22-მა სასამართლო დავა მოიგო. დანარჩენი საქმეები ჯერ კიდევ სასამართლო განხილვის სხვადასხვა სტადიაზეა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ფოსტის ბათუმის სერვისცენტრში არავინ აღუდგენიათ. თანამშრომლების ნაწილი ფოსტის ადმინისტრაციამ ხულოში გაუშვა, ზოგიერთი შუახევში, ზოგიც – ოზურგეთში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ხულოს სერვისცენტრში აქამდე მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობდა, ფოსტამ კი ამჯერად ოთხი საშტატო ერთეული მოულოდნელად დაამატა.

„უფრო საინტერესო შემთხვევას გეტყვით. თბილისის აეროპორტის სერვისცენტრიდან გათავისუფლებული კაცი ქუთაისში აღადგინეს. სასამართლოს ხელახლა მიმართავს ნუნუ ჯიბლაძეც, რომელიც, მართალია, იმავე მისამართზე აღადგინეს, სადაც მუშაობდა, მაგრამ მხოლოდ სამთვიანი ხელშეკრულება შესთავაზეს,“ – გვიყვება მარინა რაზმაძე, „საქართველოს ფოსტის“ გაერთიანებული პროფესიული კომიტეტის თავმჯდომარე.

„საქართველოს ფოსტიდან“ თანამშრომლების უკანონო გათავისუფლება მოხვდა სახალხო დამცველის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშებში. მწვავე შეფასებების შემდეგ „საქართველოს ფოსტას~ სასამართლომაც თავისი გადაწყვეტილებებით არაერთხელ უთხრა, რომ ამ გზით თანამშრომლების გათავისუფლება არის უკანონო. ფოსტის პროფესიული კავშირის დაანგარიშებით, ამ დროისთვის სამსახურში აღდგენილი თანამშრომლებისთვის გადასახდელი თანხა დაახლოებით 440 ათას ლარს შეადგენს.

„საქართველოს ფოსტა“ ცდილობს, რომ დაღალოს ხალხი,“ – მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ნიკა დუმბაძე. ორგანიზაცია ფოსტიდან ხელახლა გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეებს სწავლობს და სასამართლოში მათი ინტერესების დაცვას აპირებს: „სასამართლომ განმარტა, რომ ეს ადამიანები უნდა აღდგნენ ტოლფასს თანამდებობაზე. ტოლფასობა ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ გათავისუფლებამდე არსებული ანაზღაურება მიიღო ისევ, არამედ ეს გულისხმობს აღდგენას ისეთ თანამდებობაზე, სადაც გექნება ანალოგიური დატვირთვა. ფოსტამ სპეციალურად შექმნა ისეთი პირობა, რომ ადამიანებს უნებურად დაერღვიათ შინაგანაწესი სამსახურში გამოუცხადებლობით და გათავისუფლების პირობა შექმნილიყო. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა.“

იურისტის განმარტებით, დამსაქმებელს აღდგენამდე მინიმუმ წინასწარ წერილობით უნდა მიემართა აღდგენილი თანამშრომლისთვის და ეკითხა, იყო თუ არა ვინმე თანახმა, მაგალითად, ბათუმიდან ოზურგეთში ემუშავა. შრომის კოდექსის მიხედვით, სამუშაო ადგილამდე მგზავრობის ხანგრძლივობა ორივე მხარეს არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.

რატომ არ ახდენს რეაგირებას ფოსტის უკანონო გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო? – შეკითხვას ვერ უპასუხეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. პრესსამსახურის უფროსმა თეა ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ პასუხი თავად ფოსტის დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ უნდა გაგვცეს. ეკონომიკის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა კითხვა – რაში გამოიხატება ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებლობა, როცა უკანონო გადაწყვეტილების გამო არავინ ისჯება და ფოსტის პასუხისმგებელი პირების თვითნებობის გამო დაახლოებით ნახევარი მილიონით ზარალდება საზოგადოება?

„ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქართველოს ფოსტამ შეასრულა იგი,“ – გვითხრა ლევან ჩიკვაიძემ, „საქართველოს ფოსტის“ დირექტორმა სატელეფონო საუბრის დროს. კითხვაზე, რა იგულისხმება გადაწყვეტილების შესრულებაში, როცა ადამიანს ასაქმებ ბათუმიდან ხულოში? ლევან ჩიკვაიძემ გვითხრა, რომ თანამშრომლების ნაწილი აღადგინეს ხელვაჩაურშიც, რომელიც ბათუმთან ახლოსაა. ლევან ჩიკვაიძემ ტელეფონი მას შემდეგ გამორთო, როცა შევახსენეთ, რომ ხელვაჩაურში არავინ აღუდგენიათ. მას ვთხოვეთ, გვესაუბრა საქმიანად და ნუ ცდილობდა ჩვენს მოტყუებას: „გატყუებთ? … კარგად ბრძანდებოდეთ.“

ვინ არის ვალდებული ფული დაგვიხურდავოს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი ლარის ბანკნოტების გადაცვლაზე სხვა ნომინალის ლარის ბანკნოტებზე უარს ამბობს.

ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ბათუმში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელმა 50- ლარიანის წვრილ კუპიურებად დაშლაზე უარი განუცხადა და უთხრა, რომ ამას შიდაგანაწესი უკრძალავდა.

“მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ აქვთ ვალდებულება ფულის გადაცვლაზე, კომერციულ ბანკებს – კი,”- უთხრეს “ბათუმელებს” საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახურში.

ბანკისგან მიღებულ წერილში ვკითხულობთ:  „დადგენილი წესი არ ავალდებულებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ლარის ბანკნოტების გამოცვლას და ეს დამოკიდებულია თითოეული საფინანსო ორგანიზაციის შიდა პროცედურაზე. ამასთან, „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის“ თანახმად, კომერციული ბანკი ვალდებულია ყოველგვარი შეფერხებისა და საზღაურის გარეშე უზრუნველყოს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გამოცვლა, ან გადაცვლა სხვა ნომინალის ლარის ბანკნოტებზე ან მონეტებზე (გარდა ყალბი ან/და გადასახდელად უვარგისი ლარის ბანკნოტების და მონეტებისა). გასათვალისწინებელია, რომ ეროვნული ბანკის მიერ არ არის დადგენილი რაიმე აკრძალვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გადაცვლის აკრძალვასთან დაკავშირებით.“

საია უსკოს სასამართლოში უჩივის

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” [საია] სარჩელი. ადმინისტრაციული წესით საია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას [უსკო] ედავება. საჩივრის მიზეზი საიას განცხადებაა, რომელიც უსკომ განუხილველი დატოვა.

საუბარია 31 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პარტიული ოფისის წინ შეკრებილებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა.  “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, ეს ვიდეომიმართვა წინასაარჩევნო აგიტაცია იყო, რაც უცხოეთის მოქალაქეს საქართველოში ეკრძალება.

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ საიას განცხადების განხილვაზე უარი თქვა, რის მიზეზადაც შესაბამისი უფლებამოსილების არქონა დაასახელა. უსკოს შეფასებით, საკითხი ცესკომ უნდა განიხილოს.

„ვფიქრობთ, რომ ეს პასუხი იყო უკანონო. საჩივრის განხილვა არის მნიშვნელოვანი იმისთვისაც, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევაზე იქნას გადაწყვეტილება მიღებული,” – უთხრა “ბათუმელებს” გიორგი ხიმშიაშვილმა, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ.

საიას სარჩელის მოთხოვნაა სასამართლოში უმაღლესი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უსკოს ასევე მოუწევს სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციის შემთხვევაზე გადაწყვეტილების მიღება.

ბულვარი ველოსიპედის გაქირავების წინააღმდეგ

ზურაბ ზანდარაძე ბათუმის ბულვარის სამართალდარღვევათა ოქმის გასაჩივრებას აპირებს, რომლითაც ის 500 ლარით დაჯარიმდა. ჯარიმის კანონიერება ბათუმის საქალაქო სასამართლომაც დაადასტურა. ზურაბ ზანდარაძე მეოთხე წელია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ველოსიპედებს აქირავებს.

“თუკი დარღვევაა, აქამდე რატომ არ მოვიდა ვინმე? ჩემი დაც აქირავებს ველოსიპედებს მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისში. ის ადგილი ქალაქის მერიას ეკუთვნის და ყოველთვიურად იხდის გადასახადს, დაახლოებით 40 ლარს. მეც მივედი მერიაში და ნებართვა მოვითხოვე, გადასახადსაც გადავიხდიდი, მაგრამ უარი მითხრეს. განმიმარტეს, რომ ადგილი, სადაც ველოსიპედს ვაქირავებ, ანბანის კოშკს ეკუთვნის,” – გვიყვება ზურაბ ზანდარაძე.

“დარღვევა დაფიქსირდა მონიტორინგის შედეგად და შევადგინეთ სამართალდარღვევის ოქმი. თუკი ზურაბ ზანდარაძე თვლის, რომ მისი კანონიერი ინტერესი შეილახა, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს,”- აცხადებს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, გიორგი წიკლაური. მან დაგვიდასტურა, რომ ზურაბ ზანდარაძეს სხვა ადგილს ბულვარის ადმინისტრაცია ვერ შესთავაზებს. მიზეზი ასეთია – აუქციონი ველოსიპედების გაქირავების ადგილის მოსაწყობად არ ცხადდება.

გიორგი წიკლაურმა ვერ გვიპასუხა, რის გამო არ ცხადდება აუქციონი ველოსიპედების მფლობელებისთვის. “მარკეტინგის სამსახური მუშაობს ამაზე და ის განსაზღვრავს მიზანშეწონილობას. ალბათ, იმიტომ არ ცხადდება, რომ გადატვირთულია ველობილიკები,” – ამბობს გიორგი წიკლაური.

ბულვარის ადმინისტრაციის უფროსმა, ცისკარი გოგიტიძემ “ბათუმელებს” იმავე შეკითხვაზე უთხრა, რომ ამ ველოსიპედების გვერდით ელექტრომობილები ქირავდება: “ხელი ეშლება იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენ მიერ გამოცხადებული აუქციონი მოიგო. მას დაახლოებით 4 ათასი ლარი აქვს გადახდილი 6 თვისთვის”.

რატომ არ ახდენდა ბულვარის ადმინისტრაცია რეაგირებას აქამდე ზურაბ ზანდარაძის ველოსიპედებზე? – ცისკარი გოგიტიძემ გვითხრა, რომ ის ახალი თანამშრომელია ადმინისტრაციის და ამ შეკითხვას ვერ უპასუხებს. გიორგი წიკლაურის თქმით კი, გასულ წელს მონიტორინგის სამსახურს იმავე ადგილზე ველოსიპედების გაქირავება არ დაუფიქსირებია.

IMG_0022

„ბეშუმობის ინციდენტზე“ ენმ უწყებათშორის კომისიას მიმართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უწყებათშორის კომისიას და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მიმართავს და ბეშუმის ინცინდენტის შესწავლას მოითხოვს. პარტიის განცხადებით, საუბარია 6 აგვისტოს, ბეშუმში გამართულ სახალხო დღესასწაულზე, სადაც ტრიბუნაზე გამოსვლის შესაძლებლობა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს არ მისცეს.

„მოვისმინეთ, რომ იქ გაჟღერდა პოლიტიკური შინაარსის დაპირებები „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან. წინასაარჩევნო პერიოდში თანაბრად უნდა ჰქონდეს ნებისმიერ პარტიას საშუალება, მიმართოს ხალხს. ეს უფლება ბეშუმობაზე ლევან ვარშალომიძის შემთხვევაში დაირღვა,“ – ამბობს პეტრე ზამბახიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი შეფასებით, სახალხო ზეიმზე ტრიბუნის გამოყენება პოლიტიკოების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად არ უნდა ჩაითვალოს.

„სახალხო ზეიმი ეწყობა ბიუჯეტის ხარჯზე და ამ დროს ტრიბუნის გამოყენების საშუალება აგიტაციისთვის არც ერთ პოლიტიკოსს არ უნდა მიეცეს, – ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი, მადონა ბერიძე – ჩვენ ვიკვლევთ ამ ფაქტს. როგორც გავიგეთ, ზეიმის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათთვის წინასწარ არ მიუმართავს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ღონისძიების განრიგში ჩაესვათ ლევან ვარშალომიძის გამოსვლა. პარტიაში საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. ამის დადასტურება ამ ეტაპზე რთულია”.

მადონა ბერიძის შეფასებით, ბეშუმობაზე სახალხო ზეიმისთვის განკუთვნილი ტრიბუნა არც „ქართულ ოცნებას“ გამოუყენებია აგიტაციისთვის: „იქ იყო ზოგადი ხასიათის დაპირებები, არ ყოფილა მოწოდებები. ეს ვერ ჩაითვლება წინასაარჩევნო აგიტაციად“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტულ პოლიციელს ასახელებს, ვინც ლევან ვარშალომიძეს ხალხისთვის მიმართვის საშუალება არ მისცა: „ეს იყო ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი ზაზა დიასამიძე. ჩვენ მივმართავთ ხულოს გამგეობასაც, რადგან ამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო საქმიანობაზე ხელშეშლა,“ – ამბობს პეტრე ზამბახიძე.

„სმარტი“ ბათუმში კიდევ ერთი წელი არ გაიხსნება

ტბელ აბუსერიძის ქუჩის მიმდებარედ, ტერიტორიაზე, სადაც სუპერმარკეტ „სმარტის“ მშენებლობა მიმდინარეობს, სამშენებლო მოედნის დამცავი ღობე აიღეს.

მშენებელი კომპანიის, „ველაჯიო დეველოპმენტის“ წარმომადგენლის, ზურაბ ოდილავაძის განცხადებით, ღობის აღება მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება – ტერიტორიაზე უნდა დაიგოს ბეტონის საფარი.

13931509_1143946882345170_461582519_o
მშენებარე ობიექტი / ფოტო: როინ გუნდაძე

ობიექტი 2013 წელს უნდა ჩაბარებულიყო, შემდეგ ვადა 2015 წლამდე გადაიწია. შენობის [სუპერმარკეტის] გახსნის თარიღი კომპანიისთვის ამ ეტაპზეც უცნობია. მშენებლების თქმით კი, ობიექტზე დარჩენილია სამუშაოები, რომელთა დამთავრებას კიდევ ერთი წელი დასჭირდება.

13977946_1143951962344662_468631171_o
მშენებარე ობიექტი / ფოტო: როინ გუნდაძე

ობიექტი „ვისოლ ჯგუფს“ ეკუთვნის. აქ, როგორც გასულ წელს „ბათუმელებთან“, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, „სმარტი“, „ვენდი“ და „დანკინ დონატსი“ უნდა განთავსდეს. ობიექტის გახსნის ზუსტი თარიღი მაშინ ვერც სოსო ფხაკაძემ დაასახელა: „გაძლევთ გარანტიას, რომ ბათუმში კარგ და თბილ სამ ბრენდს მოვიყვანთ ძალიან მალე.“

რას ჰპირდება „გირჩი“ მდიდრებსა და ღარიბებს

სწრაფად გამდიდრება – ეს ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ მთავარი გზავნილია. „გირჩის“ ბათუმის ოფისში არ მალავენ, რომ ბიზნესია მათი მთავარი აქცენტი, შემდეგ კი: „კაპიტალისტები, ვის ხელშიც მოიყრის ფული, დაეხმარებიან ღარიბებს“, – გვითხრა ჯემალ ბერიძემ, „გირჩის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა. ახალი პოლიტიკური ცენტრის ბათუმის ოფისში შეკრებილების ხედვებს „ბათუმელები“ მანამდე გაეცნო, ვიდრე „გირჩი“ გიორგი ვაშაძის „ახალ საქართველოსთან“ და პარტია „ახალ მემარჯვენეებთან“ ერთად საერთო საარჩევნო ბლოკში გაერთიანდებოდა.

„მოვედი, რადგან მომწონს ბიუროკრატიის 40 პროცენტით შემცირების იდეა. არ გვჭირდება ამდენი საჯარო მოხელე,“ – გვითხრა გოჩა შაინიძემ, რომელიც „გირჩის“ ერთ-ერთი აქტივისტია. რატომ იქნება ეფექტური საჯარო მოხელეების რაოდენობის შემცირება და კონკრეტულად რომელ უწყებებს უნდა შეეხოს შემცირებები? – გოჩამ ამ კითხვაზე კონკრეტულად ვერ გვიპასუხა. მას ლიდერების გამოცდილების სჯერა: „ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ყოველთვის მქონდა სიმპათია. ის ყოველთვის ხალხის კეთილდღეობისთვის ზრუნავს… ამ ლიდერებს ეკუთვნით წარმატებული პოლიციის რეფორმა, იუსტიციის სახლი და კიდევ ბევრი სხვა“. კითხვაზე, რატომ არ შეარჩია „ნაციონალური მოძრაობა“, თუკი წინა ხელისუფლების რეფორმები მოსწონს, მან გვითხრა, რომ „აგრესიული პოლიტიკის დრო უნდა დასრულდეს“. გოჩა შაინიძე „ნაციონალურ მოძრაობის“ ყოფილი აქტივისტია.

„მთავარი შეცდომა წინა ხელისუფლების დროს იყო ფსევდოდემოკრატია ყველაფერში. მე ელჩი ვიყავი და სადღაც უკვე 2005 წლიდან აშკარად ჩანდა, რომ ყველაფერი ფსევდო იყო…“ –  ამბობს ტარიელ ლებანიძე. ის „გირჩის“ ბათუმის ოფისის აღმასრულებელი მდივანია და ყოფილი ელჩი თურქეთში, ასევე ბოსნია-ჰერცოგოვინაში. „რატომ ენდობით ადამიანებს, ვინც თქვენთვის „ფსევდოდემოკრატიას“ ქმნიდნენ?“ – ამ კითხვაზე ტარიელ ლებანიძემ გვითხრა, რომ მისთვის მისაღებია ადამიანები, ვინც შეცდომებს გულღიად აღიარებენ, გარდა ამისა: „ზურაბ ჯაფარიძე თუ პავლე კუბლაშვილი არ იყვნენ ლიდერები. ისინი პარტიის წევრი იყვნენ. მე არ მახსოვს პავლე კუბლაშვილი პარტიის სახე ყოფილიყო… მათ არ შეუქმნიათ ფსევდოდემოკრატია“.

„გადასახადების გაუქმებით ჩვენ ვუმსუბუქებთ ბიზნესს არსებობას“, – გვითხრა ჯემალ ბერიძემ, „გირჩის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა. მას პოლიტიკური წარსული არ აქვს. ჰქონდა სამშენებლო ბიზნესი და მუშაობდა არჩილ ხაბაძის მთავრობის აპარატის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსად. 2014 წელს მთავრობამ დეპარტამენტი გააუქმა. მაშინ ჯემალ ბერიძემ საჯაროდ თქვა, რომ გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად მურმან დუმბაძის პოლიტიკური გუნდის წევრობა დაუსახელეს: „მურმან დუმბაძემ შემახვედრა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ამას დაუკავშირდა მოსაზრება, რომ მურმან დუმბაძის გუნდის წევრი ვიყავი.“

„გირჩი“ ეტაპობრივად, სამ წელიწადში აპირებს სრულად გააუქმოს საშემოსავლო, მოგებისა და ქონების გადასახადი. „კაპიტალისტური მოდელია ჩვენი შეთავაზება. სხვა გზა არ არსებობს. დავარქვათ ამას თუნდაც „შოკური თერაპია“ ან ბენდუქიძის მოდელი… ბენდუქიძის მოდელმა ვერ იმუშავა, გეთანხმებით, რადგან მთავრობა რაღაც ეტაპზე აყვა მოსახლეობის უკმაყოფილების ტალღას და უკან დაიხია. ბოლომდე პრინციპული რომ ყოფილიყო მაშინდელი მთავრობა, ახლა მოსახლეობა კმაყოფილი იქნებოდა,“ – ამბობს ჯემალ ბერიძე.

კახა ბენდუქიძის მსგავსად, იქნება თუ არა „გირჩიც“ აქცენტირებული მსხვილ ბიზნესზე? – ჯემალ ბერიძე ამბობს, რომ არა, თუმცა პარტიის პროგრამებში არ გვხვდება კონკრეტული შეთავაზებები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში მთავარი ეკონომიკური დოვლათის შემქმნელია. ჯემალ ბერიძემ გვითხრა ის, რასაც „ოცნება“ ამბობდა წინა არჩევნებზე და ვერ შეასრულა: „მთავრობა იქნება მთავარი გარანტიორი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხის მიღების დროს. ფაქტია, რომ საშუალო ბიზნესია განვითარებული ქვეყნის ხერხემალი. ამჯერადაც მსხვილი ვითარდება, რადგან ბანკი არ მოდის მხოლოდ მთავრობის ზეპირ დაპირებებზე. მან უნდა დაინახოს რეალური ინტერესი მცირე ბიზნესის მიმართ. ჯერჯერობით ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი მცირე ბიზნესი ვერ გახდა“.

„ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას მოვითხოვთ იმიტომ, რომ შემთხვევით დამალა ბიზნესმენმა გადასახადი თუ სპეციალურად, ამის დადგენა რთული აღმოჩნდა,“ – ამ არგუმენტით ცდილობს ჯემალ ბერიძე ბიზნესისთვის კიდევ ერთი შეღავათის დაწესების გამართლებას. ამბობს, რომ ბიზნესმენს მთავრობის არ უნდა ეშინოდეს და „ეკონომიკური დანაშაულის“ გამო ხშირად ბიზნესმენები წნეხის ქვეშ ექცეოდნენ, თუმცა მან ვერ აგვიხსნა, რატომაა ეს იმის მიზეზი, რომ, მაგალითად, გადასახადების დამალვა დანაშაულად აღარ მიიჩნეოდეს და ბიზნესმენის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დგებოდეს.

„გირჩის“ ბათუმის ოფისი
„გირჩის“ ბათუმის ოფისი

„როცა ამდენს სთავაზობთ მდიდრებს, რას სთავაზობთ ღარიბებს?“ – კითხვაზე ჯემალ ბერიძემ გვიპასუხა, რომ კაპიტალისტებს ხელისუფლება სთხოვს და მდიდარი ოჯახები დაეხმარებიან ღარიბებს. „გირჩში“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს გაჭირვებულებს და არა – ყველას. ჯემალ ბერიძე ფიქრობს, რომ საბიუჯეტო ფული ბიუროკრატიის ხელში არ უნდა რჩებოდეს, რაც სოციალური ფონის გაუმჯობესების მთავარი პირობა გახდება: „ბიზნესის განვითარება თავისთავად ნიშნავს ბევრ სამუშაო ადგილს. ასევე ვაპირებთ ვაუჩერიზაციის პრინციპის ამოქმედებას, მაგალითად, ხომ ვთანხმდებით იმაზე, რომ ანბანის კოშკი ბიუჯეტის გასაკეთებელი არ იყო? ჩვენ ამ ტრასნფერებს, რაც ცენტრიდან რეგიონებს უბრუნდება, მივცემთ მოქალაქეებს და ისინი გადაწყვეტენ, რაში დახარჯონ ფული. მათ შეეძლებათ სხვადასხვა აქციის მფლობელები გახდნენ და განავითარონ ბიზნესი. ანალოგიური მიდგომა გვექნება სახელმწიფო ქონებაზეც, რომელიც გაიყიდება და ფული, თუნდაც მინიმალური რაოდენობით, მოქალაქეებს დაურიგდებათ“.

„გირჩში“ უფიქრიათ საზღვაო ფლოტზეც. მიაჩნიათ, რომ თუკი სახელმწიფო იქნება გარანტორი, შესაძლებელია რამდენიმე გემის შეძენა მოახერხოს სანაოსნომ: „თურქეთში, მაგალითად, სახელმწიფო გარანტორია არა მხოლოდ სანაოსნოს, იქ კერძო კომპანიებსაც უდგება თავდებად სახელმწიფო. ამ რესურსის გამოუყენებლობა საქართველოში დანაშაულია,“ – მიაჩნია „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, ჯემალ ბერიძეს.

5 აგვისტოს „გირჩი“, „ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. პარტიის ლიდერებმა ახალი პოლიტიკური ბლოკის პრეზენტაციაზე აღნიშნეს, რომ მათ აქვთ განსხვავებული მოსაზრებები წარსულის შეფასებასთან დაკავშირებით, მაგრამ აქვთ ერთიანი ხედვა მომავალთან მიმართებაში, რაც გახდა გაერთიანების მიზეზი.

ახალი ბულვარი ტურისტებისა და კონცეფციის გარეშე

აგვისტოში, ტურისტული სეზონის პიკზე, განსაკუთრებული დატვირთვით სანაპირო ზოლი და ბულვარი გამოირჩევა. თუმცა ბულვარის ახალი და ძველი ნაწილი კონტრასტულ სურათს ქმნის. მაშინ, როდესაც ძველ ბულვარში სიცოცხლე დუღს, ახალ ბულვარში ადამიანები კანტიკუნტად დადიან.

დღის განმავლობაში ძველ ბულვარში შესამჩნევი ხალხმრავლობაა. სკამებზე, მინდვრებსა და ხეივანში დასასვენებლად გამოსულ უამრავ ადამიანს შენიშნავთ. დიდი დატვირთვით მუშაობს სხვადასხვა კვების ობიექტი, ჯიხური თუ მაღაზია. ხშირად შეხვდებით ქუჩის მუსიკოსებს, მხატვრებს, ფოტოგრაფებს, ხელნაკეთი სუვენირების გამყიდველებს, რომლებიც თქვენს თვალწინ ამზადებენ ნივთებს.

სულ სხვა ვითარებაა ახალ ბულვარში. სეირნობისთვის ეს ადგილი არც ისე შესაფერისია, რადგან სიცხე აჭერს და ჩრდილის პოვნა რთულია. აქ ხალხი პლაჟზე გადმოსვლისა და გადასვლის დროს თუ გაივლის, არც ბევრი სავაჭრო ცენტრი და გასართობია. ახალ ბულვარში მდებარე საბავშვო-გასართობ პარკში საღამოს საათებში თუ ნახავთ ბავშვებს, ისიც, ძირითადად, ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსებიდან. ძველ და ახალ ბულვარს შორის მსგავსი კონტრასტი არც ღამის საათებში იცვლება. ახალ ბულვარში მხოლოდ ერთი კლუბია, რომლის კლიენტებიც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზემოთ აღნიშნულ სურათს ვერ ცვლიან.

IMG_20160807_164858
ახალი ბულვარი

ბათუმელი სტუდენტი, ელზა გელაძე ამბობს, რომ ახალ ბულვარში იშვიათად დადის. „თავიდან, როდესაც გაიხსნა, რამდენიმე კონცერტი იყო, საღამოობით გამოვდიოდით მეგობრები. ვერთობოდით. ახლა ძირითადად კონცერტებიც ძველ ბულვარშია გადატანილი. დღისით ცხელა, ღამით გასართობი არ არის, თან ცენტრისგან მოშორებითაა, ამიტომ აქ იშვიათად თუ გამოვალ, საღამოობით თუ მშვიდად სეირნობა მინდა, მაგალითად“, – ამბობს ელზა და დასძენს, რომ მასთან სტუმრად ჩამოსული მეგობრებიც არ დაინტერესებულან ბულვარის ამ ნაწილის მეორედ მონახულებით.

ახალი ბულვარი
ახალი ბულვარი

ბათუმის შვიდი კილომეტრი სიგრძის ბულვარში, 1200 მეტრი ე.წ. ახალ ბულვარს უკავია. ბულვარის ეს ნაწილი 2009 წელს ესპანელი არქიტექტორის დაპროექტებით გაშენდა და როგორც ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამინდელი მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძე ამბობს, ახალი ბულვარის დანიშნულება ძველი ბულვარის განტვირთვა უნდა ყოფილიყო:

„კლუბები და ხმაურის გამომწვევი გასართობი დაწესებულებები უნდა გადასულიყო ახალ ბულვარში და ძველი ბულვარი დასასვენებელ, წყნარ ნაწილად დარჩენილიყო. მაშინ იქ ორი დიდი კლუბი – „ბამბა რუმსი“ და „აჭარა მიუზიქჰოლი“ გადავიდა, იმართებოდა კონცერტებიც და რომ გაგრძელებულიყო მისი განვითარების ტენდენცია იმავე ტემპებით, ამ დროისათვის უკვე  ხალხმრავალი და ხმაურიანი ადგილი იქნებოდა“, – ამბობს ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და აღნიშნავს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებით გარკვეული შეზღუდვები დაწესდა ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ხოლო ახალ ბულვარს ეს შეზღუდვები სპეციალურად არ შეეხო.

ახალი ბულვარი
ახალი ბულვარი

გიორგი კირთაძის მიერ დასახელებულ კლუბებს, რომლებიც 2010 წელს ახალ ბულვარში გადავიდა, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მარკეტინგის სამსახურის უფროსი, დავით გამრეკელაშვილიც იხსენებს. მისი თქმით, ერთი წლის მუშაობის შემდეგ კლუბებს აღარ გაუჩნდათ იმ ტერიტორიაზე მუშაობის სურვილი.

„დღემდე არაერთხელ გამოვაცხადეთ ტენდერები, მაგრამ ბიზნესმენები არ არიან დაინტერესებულები. ამ დროისათვის მუშაობს ერთი დიდი კლუბი და რამდენიმე მცირე კვების ობიექტი, ჯიხურების სტილში. ფასების შეღავათიც აქვთ – ძველ ბულვართან შედარებით ახალ ბულვარში თითქმის სამჯერ დაბალ ფასებს ვთავაზობთ, მაგრამ არ არის დაინტერესება“, – აღნიშნავს დავით გამრეკელაშვილი. მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ხალხი არ დადის აღნიშნულ ტერიტორიაზე.

„ნარგავები პატარაა და შესაბამისად მთელ ახალ ბულვარში არ არის ჩრდილი. ასეთ პირობებში ზაფხულის სიცხის დროს, რა თქმა უნდა, არც ადგილობრივები და არც დამსვენებლები იქ არ წავლენ, თორემ ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, არის ბავშვთა გასართობი პარკიც“, – ამბობს ბულვარის ადმინისტრაციის მარკეტინგის სამსახურის უფროსი.

შეკითხვას, როგორ გეგმავს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ახალი ბულვარის განვითარებას და აქვს თუ არა კონკრეტული სტრატეგია შემუშავებული, დავით გამრეკელაშვილი პაუხობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები იქ რამდენიმე კონცერტის ჩასატარებლად. კონცერტები ამ სეზონზე იგეგმება, ხოლო დანარჩენი, კონკრეტული საკითხები, რომლებზეც იმუშავებს ბულვარის ადმინისტრაცია, ამ დროისათვის განსაზღვრული არ არის: „მომავალი წლიდან ალბათ უკვე გამოკვეთილი გვექნება გეგმაც და საკითხებიც, როგორ უნდა განვითარდეს ახალი ბულვარი. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით“.

ახალი ბულვარი
ახალი ბულვარი

საკონსტიტუციო სარჩელი უმაღლესი საბჭოს ბიურომ მომზადებულად ჩათვალა

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია უმაღლესი საბჭოს წევრის პეტრე ზამბახიძის მიერ წარდგენილმა პროექტმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის თაობაზე“. პროექტს ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს 5 წევრი.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 1 ივლისის განკარგულების გაბათილებას ითხოვს. ამ განკარგულებით პრეზიდენტმა აჭარის მთავრობა გადააყენა და იმავდროულად დანიშნა პრზიდენტის რწმუნებული აჭარაში.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით უხეშად დაირღვა საქართველოს საკონსტიტუციო კანონი „აჭარის სტატუსის შესახებ“.

საკითხის ინიციატორებმა პროექტს თან დაურთეს შესაბამისი საკონსტიტუციო სარჩელიც, რომელიც აღნიშნული საკითხის კანონიერების დადგენას ისახავს მიზნად.

აღნიშნული საკითხი ბიუროზე განხილულად და მომზადებულად ჩაითვალა. იქნება თუ არა აღნიშნული საკითხი იმ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მოიწვევს, უცნობია. თუ არ იქნება, მაშინ რიგგარეშე სხდომის მოწვევა აღნიშნულ საკითხზე 7 დეპუტატს შეუძლია, რისი რესურსიც ოპოზიციას უმაღლეს საბჭოში აქვს.

„პატრიოტთა ალიანსი“ უსკოს გადაწყვეტილებაზე

პატრიოტთა ალიანსის ბათუმის ოფისი, საიას საჩივართან დაკავშირებით უსკოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.  „ჩვენ არ ვეთანხმებით უსკოს გადაწყვეტილებას,  საიას საჩივართან დაკავშირებით, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიას ცალსახად  შეეძლო ან სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა, ან კიდევ ფულადი ჯარიმა გამოეწერა უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისადმი, რომელიც ერევა აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა ბრიფინგზე პატრიოტთა ალიანსის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა ირაკლი ბარამიძემ.  მისივე თქმით, ალიანსი აპირებს ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებას: „ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ასეთი ფაქტები აღკვეთილი იქნას.“

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ [საია] საჩივარი არ განიხილა. საია, პირველ აგვისტოსმათ მიერ უსკოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას და სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა. საუბარია, 2016 წლის 31 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-ჩანაწერის ჩვენებაზე.

 

უსკომ საიას საჩივარი არ განიხილა

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ [საია] საჩივარი არ განიხილა. საია ბათუმის N-79-ე ოლქის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, უსკოში მათ მიერ პირველ აგვისტოს წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას და სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა.

საუბარია, 2016 წლის 31 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-ჩანაწერის ჩვენებაზე.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად წინასაარჩევნო აგიტაციის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ორგანიზაციას. აქედან გამომდინარე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ უსკოს პირველ აგვისტოს მიმართა განცხადებით და ადმინისტრაციული წარმოების დაწყება მოითხოვა.

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ განცხადება განსახილველად ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიას გადაუგზავნა. ოლქის გადაწყვეტილებით საიას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ფაქტობრივად შეუძლებელია პირზე, თუ ის არ იმყოფება საქართველოში.

რაც შეეხება უსკოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, კომისია განმარტავს, რომ უმაღლესი საარჩევნო კომისია არ არის უფლებამოსილი განიხილოს შესაბამისი საჩივარი, რადგანაც კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი სუბიექტთა წრე, ვინც უფლებამოსილია განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება ამ სახის სამართალდარღვევებზე: „საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებს. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები. უმაღლესი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, ერთი დღის ვადაში, შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში“.

უსკოს წევრებმა საიას საჩივარზე დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს.

ოპოთეკით დაზარალებულებმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს

იპოთეკით დაზარალებულები დღეს, 9 აგვისტოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის მოთხოვნით  შეიკრიბნენ. მათი სურვილია უშუალოდ გიორგი პაპუაშვილისგან მოისმინონ პასუხი კითხვაზე, რატომ მიიღო სასამართლომ წარმოებაში სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ოჯახების გამოსახლების უფლება ისევ პოლიციას ექნება.

„სარჩელის ავტორი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებიც იპოთეკარების ანუ გამსესხებლების ინტერესებს იცავენ. მათ სურთ გაუქმდეს პარლამენტის მიერ 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის ბრძანება გაუქმდა. პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ადამიანის გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამაზ ბაკურიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დღეს ოპეთეკით დაზარალებულებს არ შეხვდა. სასამართლოს პრესსამსახურის განმარტებით, მოსამართლე არ ხვდება მხარეებს, ხოლო სარჩელი, რასაც დაზარალებულები აპროტესტებენ, ჯერ-ჯერობით მხოლოდ დარეგისტრირებულია და მისი დასაშვებობის საკითხი სასამართლოს არ განუხილავს.

თამაზ ბაკურიძემ აქცია მომავალი კვირის სამშაბათს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დააანონსა. მისი თქმით, საერთო სასამართლოები არ იზიარებენ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას: „უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე თქვა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს გამოსახლების შესახებ მოთხოვნა, თუკი არ იქნება გამორკვეული გარემოებებიო. პოლიციას დღეს აღარ შეუძლია პირდაპირ გამოასახლოს ვინმე, მაგრამ სასამართლო აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას დეტალური შესწავლის გარეშე და მოცემულობა მაინც არ შეცვლილა.“

სარფში 50 აბი “ექსტაზი” ამოიღეს

სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული ნ. შ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 7,4071 გრ ნარკოტიკულ საშუალება „მდმა“-ს შეიცავს. შსს-ს იფორმაციით ნ. შ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

მათივე ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ვინ შეძლებს ბათუმში ბინის იაფად ყიდვას

ბათუმის მერიის პროგრამას, რომელსაც ბათუმში „იაფი სახლის“ სახელით იცნობენ, რამდენიმე წელია ათასობით ბათუმელი ელოდება. პროგრამამ სახელი შეიცვალა, ახლა მას „ხელმისაწვდომი სახცოვრისი“ ჰქვია, გაირკვა ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში აგებულ კორპუსებში ბინის შეძენას არა სოციალურად დაუცველები, არამედ გადახდის უნარის მქონე ადამიანები შეძლებენ, რომელთაც ხელფასი იმდენი არ აქვთ, რომ ახალი ბინა იყიდონ, თუმცა შეუძლიათ მინიმალური ყოველთვიური შენატანი უზრუნველყონ. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომ პროგრამით ისარგებლოს? – ამ საკითხზე შერეულმა კომისიამ დოკუმენტი უკვე მოამზადა და საკრებულოს გადასცა დასამტკიცებლად. დოკუმენტში გაწერილ კრიტერიუმებთან დაკავშირებით  „ბათუმელები“ კომისიის წევრს, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტების მენეჯერს, ტიტე აროშიძეს ესაუბრა.

ბატონო ტიტე, ვისთვის არის გათვალისწინებული ხელმისაწვდომი საცხოვრისი? რა არის მთავარი კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომ ამ პროგრამით ისარგებლოს?

მთავარი კრიტერიუმია ის, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი მაინც უნდა იყოს ბათუმელი [მინიმუმ ერთი წელი ცხოვრობდეს ბათუმში] და უნდა ჰქონდეს შემოსავალი, იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ეს არის ბინის თვითღირებულებით გადაცემა და თუ ადამიანს ყოველთვიური შემოსავალი არ აქვს, ის ვერ შეძლებს თანხის გადახდას. მინიმალური შემოსავალი ერთ სულზე უნდა იყოს 400 ლარი, მაქსიმალური [ხუთ და მეტსულიანი ოჯახის შემთხვევაში] – 3000 ლარი.  თუ ამაზე მეტი შემოსავალი აქვს ოჯახს, ის თავად შეძლებს ბინის შეძენას, ამიტომ განისაზღვრა ასე. შესაბამისად, გადასახდელი თანხის ნახევარი მაინც უნდა დარჩეს მას საარსებოდ. მაგალითად, თუ ადამიანს ოთხასი ლარი აქვს ხელფასი, მას 200 ლარი უნდა დარჩეს, საუბარია ერთ სულზე.

ბინების კატეგორია არის დაყოფილი სამად – არის ერთოთახიანი, ორ და სამოთახიანი ბინები.

პროგრამით მოსარგებლე პირს არ უნდა გააჩნდეს უძრავი ქონება, არ უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი, კომერციული ფართობი – 10 კვ/მ-ზე მეტი. ეს დავუშვით, რადგან თუ 10 კვ/მ კომერციული ფართობი აქვს ადამიანს, შეიძლება ეს იყოს შემოსავლის წყარო მისთვის.

თუ ადამიანს აქვს მემკვიდრეობით მიღებული სახლი სოფელში?

არ უნდა გააჩნდეს, რადგან უძრავი ქონება არის კაპიტალი, რომელიც ადამიანს შეუძლია გაყიდოს და იმ თანხით შეიძინოს ბინა ქალაქში. არც მას უნდა გააჩნდეს სახლი და არც იმ პირს, ვისთან ერთადაც აპირებს ხელმისაწვდომ საცხოვრისში ცხოვრებას. ასევე, არ უნდა ცხოვრობდეს მშობლებთან, მეუღლის ბინაში და ასე შემდეგ. ესენი არიან ოჯახის წევრები და თუ გააჩნიათ საცხოვრებელი ბინა, მათ ეკრძალებათ პროგრამაში მონაწილეობა. ასევე, პროგრამით მოსარგებლე პირს არ უნდა გააჩნდეს სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ესეც ჩვეულებრივი კაპიტალია.

ტიტე აროშიძე
ტიტე აროშიძე

უპირატესობა მიენიჭება იმ ოჯახს, რომელშიც არის შშმ პირი ან ომის ვეტერანი/ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირი, ახალდაქორწინებულ წყვილებს, მრავალშვილიან ოჯახებს და ა.შ. ასევე, უპირატესობა მიენიჭება მათ, ვინც უფრო დიდხანს ცხოვრობს ბათუმში. მაგალითად, შეიძლება იყოს ორი ოჯახი, ორივე იყოს თანაბარი პირობებით, მაგრამ ერთი იყოს ბათუმში ჩაწერილი 50 წელი, მეორე – 2 წელი. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმას, ვინც უფრო მეტ ხანს ცხოვრობს ბათუმში.

ასევე, პირს არ უნდა ჰქონდეს კრედიტორული დავალიანება ბანკებში. თუ ის ვერ არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, პროგრამიდან არ გამოირიცხება, თუმცა მისი კოეფიციენტის მნიშვნელობა მცირდება და შესაბამისად, პროგრამაში მონაწილეობის ნაკლები შანსი ექნება.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ერთი წევრი დიდი ხანია ცხოვრობს ბათუმში, მაგრამ უმუშევარია, თუმცა მუშაობს მეუღლე, რომელიც ბათუმელი არ არის? შეუძლიათ ასეთ ოჯახებს პროგრამაში მონაწილეობა?

რა თქმა უნდა. ითვლება ოჯახის შემოსავლები და არა ინდივიდუალური შემოსავალი.

ეს არის გადახდისუნარიან მოსახლეობაზე ორიენტირებული პროექტი, თუმცა არ გამორიცხავს იმას, რომ სოციალურად დაუცველმა ოჯახმაც მიიღოს მონაწილეობა. სოციალურად დაუცველის ორი კატეგორია არსებობს: ერთ კატეგორიას სახელმწიფო ეხმარება მატერიალურად, მეორე კატეგორიას – არა და ასეთ, მეორე კატეგორიას, რა თქმა უნდა, შეეძლება მონაწილეობის მიღება, თუმცა ოჯახი გადახდისუნარიანი უნდა იყოს. თუ, მაგალითად, ოჯახს 200 ლარი აქვს შემოსავალი და ეს თანხა მთლიანად გადაიხადა ბინაში, გამოდის, რომ საარსებოდ მას არაფერი რჩება.

თუ ვერ გადაიხდის მოქალაქე ყოველთვიურ შენატანს, რა მოხდება? რა მექანიზმია დოკუმენტში ჩადებული ამ შემთხვევაში?

ეს დოკუმენტი ითვალისწინებს პროგრამაში მონაწილეობის მიღებისათვის პირობებისა და კრიტერიუმების დადგენას. საჯარიმო სანქციებზე არის რამდენიმე ვერსია, ერთ-ერთი ვერსიაა, რომ ბინაში მცხოვრებისთვის, თუ ის ვერ გადაიხდის თანხას, ჯერ მოხდება პირობების გაწერის შეთავაზება, მაგალითად, გადავადება და ა.შ. ან მოხდება მისი გამოსახლება, მაგრამ თანხის დაახლოებით 70-50 პროცენტის დაბრუნებით, რომ არ დარჩეს გარეთ და არ გაუარესდეს მისი საცხოვრებელი პირობები.

რამდენი უნდა იყოს თვეში მინიმალური შენატანი? ასევე, მაქსიმუმ რა დროში უნდა შეძლოს პროგრამაში ჩართულმა ადამიანმა ბინის საფასურის დაფარვა?

დაახლოებით გეტყვით თანხას. ერთოთახიანის შემთხვევაში, 35 კვადრატამდე ფართობის ბინაში, ეს არის თვეში დაახლოებით 200-მდე ლარი, 15 წლის განმავლობაში. ოროთახიან ბინაზე – 250-270 ლარი და სამოთახიან ბინაზე – 370 ლარი. რეალურად, პროგრამით მოსარგებლე არ იხდის პროცენტს და დამატებით თანხას, ძირითადად იხდის ბინის თვითღირებულებას.

როგორ იქნება საკუთრების საკითხი განსაზღვრული?

საკუთრებაში გადასვლის საკითხებზე უფრო მერია იმსჯელებს, როგორ უნდა მოხდეს ეს, თუმცა ლოგიკურია, რომ როცა დაასრულებს მოქალაქე თანხის გადახდას, შემდეგ გადაეცეს მას ბინა საკუთრებაში.

თუ შეუძლია ერთ ადამიანს პროგრამაში მონაწილეობა?

ცხადია. ერთსულიან ოჯახსაც შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და მიიღოს ერთოთახიანი ბინა. არანაირი პრობლემა არ არის, მთავარია ჯდებოდეს იმ კრიტერიუმებში, რომლებიც მოთხოვნილია პროგრამის შესაბამისად.

რამდენ ადამიანზეა პროგრამა გათვლილი?

პირველ ეტაპზე შენდება 80-ბინიანი ოთხი კორპუსი ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოს. ეს პროგრამა გაგრძელდება და ეს იქნება შეუქცევადი პროცესი, სანამ ამ კატეგორიის ადამიანები მაქსიმალურად არ იქნებიან დაკმაყოფილებული. იყო მოსაზრება, რომ „მოდი გავაკეთოთ ისე, რომ სოციალურად დაუცველებს მივცეთ უფასოდ ან მიზერულ თანხად ბინები“. ამ შემთხვევაში დაკმაყოფილდებოდა, პირობითად, 300 ადამიანი და პროექტი შეჩერდებოდა. მსგავსი პროექტი კი იძლევა იმის საშუალებას, რომ პროგრამა გაგრძელდეს წლების განმავლობაში.

როგორც ცნობილია დოკუმენტი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. გქონდათ თუ არა კონსულტაციები საკრებულოს წევრებთან, ფრაქციებთან ამ თემაზე?

კომისიამ იმსჯელა პირობებზე, კრიტერიუმებზე და დოკუმენტი გადაეცემა საკრებულოს საბოლოო დამტკიცებისათვის, თუმცა მინდა ვთქვა, რომ დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობდნენ საკრებულოს წევრებიც, რომლებიც თავად იყვნენ კომისიაში.

ვთქვათ, არ დაამტკიცა საკრებულომ დოკუმენტი, რა მოხდება? კომისია გააგრძელებს მუშაობას?

საკრებულო რას გააკეთებს, ჩემთვის ძნელია ამის თქმა, თუმცა ამ შემთხვევაში სამართლებრივად სწორი იქნება, თუ კი შენიშვნებით მიწერს საკრებულო კომისიას, თუ რატომ არ ამტკიცებს დოკუმენტს. შეიძლება საკრებულომ მიიჩნიოს, რომ დოკუმენტში არის ხარვეზები და უზუსტობები, ასეთ შემთხვევაში ალბათ საკრებულო კომისიას დაუბრუნებს დოკუმენტს და შემდეგ უკვე კონსულტაციების საფუძველზე მოხდება საბოლოო ვერიის შეთანხმება.

ჩემი, პირადი მოსაზრებით, უნდა შეიქმნას ახალი „აიპი“ მერიაში, რადგან არ შეიძლება ამ პროგრამის რომელიმე სამსახურზე ან არსებულ „აიპზე“ მიბმა. აქ იქნება ბენეფიციარების დიდი რაოდენობა, რომელთა ფილტრაცია უნდა მოხდეს, ანკეტები უნდა შეივსოს, ბინების გადაცემის ტექნიკური მხარე იქნება მოსაგვარებელი და ალბათ დამოუკიდებელი „აიპი“ უფრო მოახერხებს ამას, ვიდრე რომელიმე სამსახურზე მიბმული პროგრამა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა.

პროექტზე მუშაობა დროში გაიწელა და მოვიდა არჩევნებამდე. ბევრი ამ პროგრამას უკავშირებს სწორედ მოახლოებულ არჩევნებს. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამას, როგორც კომისიის წვერი?

პროგრამის იდეა გაჩნდა 2012 წლის დასაწყისში. იქედან დღემდე რამდენიმე არჩევნები ჩატარდა. პროცესი გაიწელა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო დოკუმენტი ყოფილიყო კარგად მომზადებული, რადგან თავიდანვე ბევრი ხარვეზის არსებობას პროგრამაში, სჯობია, რომ პროგრამა უფრო დახვეწილი იყოს. ახლაც, დარწმუნებული ვარ, ხარვეზები იქნება და იქნება გამოსასწორებელი. ვფიქრობ, ეს არ არის არჩევნებთან დაკავშირებული.

ბათუმში საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობა შეჩერდა

„ჩემი ხელით დავანგრიე, მივშალე, მოვშალე და ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მერიაში განცხადება შემაქვს,” – უთხრა “ბათუმელებს” ინდმეწარმე თამილა თოფურიძემ. ის ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე სკვერში საზოგადოებრივ ტუალეტს აშენებდა, რაც 5 აგვისტოს “მამულიშვილთა კავშირმა” გააპროტესტა. 

თამილა თოფურიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ ის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მთლიანად მოშლას აპირებს. ხელშეკრულების მიხედვით, ბიზნესმენს წლის ბოლომდე ქალაქის 6 სხვადასხვა სკვერში უნდა აეშენებია საპირფარეშოები. მერიამ ტუალეტებისთვის ადგილები თამილა თოფურიძეს 15 წლის ვადით გადასცა, ყოველწლიურად ბიუჯეტში კი 3200 ლარი უნდა გადაეხადა.

ასევე საზოგადოებრივი პროტესტის გამო, ივლისში, თამილა თოფურიძეს საპირფარეშოს აშენების ნება აღარ მისცა მერიამ  ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერშიც. მერია აუქციონში გამარჯვებულ თოფურიძეს სხვა მისამართის შერჩევას დაჰპირდა.

“საერთოდ აღარ მინდა სადმე ავაშენო საპირფარეშო… დღეს შემაქვს მერიაში განცხადება და მოვითხოვ ხელშეკრულების მოშლას. მერე რა იქნება, ჯერ არ ვიცი. თუ ასე უნდა ხალხს, ასე იყოს, სადარბაზოებს და ეკლესიის ღობეს იყენებს ხალხი ტუალეტებად,” – ამბობს თამილა თოფურიძე.

მერიის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ მოიჯარეს მერიამ მისცა წერილობითი მითითება, შეეჩერებინა სამუშაოები ეკლესიასთან მდებარე სკვერში საზოგადოებრივი პროტეტის გამო. მოიშლება თუ არა ხელშეკრულება და ვინ ააშენებს საზოგადოებრივ ტუალეტებს ბათუმში – ჯერ უცნობია.

tualeti 1

დაჯარიმდებიან თუ არა პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე, 6 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ახლად დაქორწინებულ წყვილს – იგორ აბულაძესა და ნათია დეკანაძეს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს.

ინფორმაციას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს და ფაქტს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად აფასებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ხულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ წყვილისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გადაცემული ბეჭედი ხულოს გამგეობამ შეიძინა და ის პროგრამის მიხედვით, ახალდაქორწინებულთათვის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს უნდა გადაეცა. თუმცა, საბოლოოდ, წყვილს ბეჭედი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გადასცა.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ წყვილისათვის ბრილიანტის ბეჭდის გადაცემას, ამ ფაქტს ხულოს გამგეობა არ ადასტურებს. ,,სამართლიანმა არჩევნებმა“ მოიპოვა ფოტომასალა, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ პატარძალს, ნათია დეკანაძეს საჩუქრებს საქართველოს პრემიერ მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ცალ-ცალკე გადასცემენ.

ზურაბ პატარაძემ და გიორგი კვირიკაშვილმა ახალდაქორწინებულ წყვილებს ოქროს სამკაული გადასცეს
ზურაბ პატარაძემ და გიორგი კვირიკაშვილმა ახალდაქორწინებულ წყვილებს ოქროს სამკაული გადასცეს

ორი ბეჭდის საჩუქრად მიღებას ოჯახიც ადასტურებს. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ამომრჩევლებისათვის საჩუქრების გადაცემის ფაქტი შეიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც დამოკიდებულია საჩუქრების ღირებულებაზე.

კანონმდებლობის თანახმად, თუ პარტიის წარმომადგენლის მიერ მოქალაქისთვის გადაცემული საჩუქრის ღირებულება 100 ლარს არ აღემატება, იგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და გამოიწვევს პარტიის წარმომადგენლის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების ათმაგი ოდენობით.

იმ შემთხვევაში, თუ გადაცემული საჩუქრის ღირებულება აღემატება 100 ლარს, ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო პერიოდში, შუამთობის დღესასწაულზე ახლადდაქორწინებული წყვილისთვის პარტიული თანამდებობის პირების მიერ ფასიანი საჩუქრების გადაცემა მოხდა.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევდა, რომ 2013 წლის 11 აგვისტოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ახლად დაქორწინებული წყვილისთვის ოქროს ბეჭდის გადაცემის ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდა.

ორგანიზაცია მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე სამართლებრივი რეაგირება.

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს 8 აგვისტოს, აჭარის უმაღლესი საჭოს, მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის წევრები, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სკვერში შეიკრიბნენ. ხელისუფლებისა წარმომადგენლებთან ერთად გმირთა სკვერში იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ადლიის მე-3 ქვეთი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, შინდისის ომში დაღუპული მეომრებისა და აჭარის რეგიონის მასშატაბით ომი დაღუპულთა ოჯახის წევრები.

აჭარის მთავრობამ აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო.
აჭარის მთავრობამ აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო.

8 აგვისტოს ომში აჭარიდან 16 ჯარისკაცი დაიღუპა.

„რვა წელი გავიდა იმ მძიმე ბრძოლების შემდეგ, სადაც  ჩვენ დავკარგეთ თანამებრძოლები მათ თავიანთი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს და მე ამაყი ვარ და მადლობას ვუხდი მათ მშობლებს ასეთი ჯარისკაცების გაზრდისთვის.

სამხედროებმა აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს
სამხედროებმა აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს / როინ გუნდაძის ფოტოები

მინდა მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო“- განაცხადა პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა.

„დახატე შენი გმირი“ – ბავშვების თვალით დანახული გმირები (ვიდეო)

დღეს 8 აგვისტოს,  ბათუმში „თანამედროვე ხელოვნების ცენტრში“,  აგვისტოს ომთან დაკავშირებით აქცია გაიმართა, სახელწოდებით – „დახატე შენი გმირი“.  სხვადასხვა ასაკის ბავშვები თავიანთ საყვარელ გმირებს, ხელოვნების ცენტრის კედლებზე ხატავდნენ.

აქცია - „დახატე შენი გმირი“. თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ბათუმი.
აქცია – „დახატე შენი გმირი“. თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ბათუმი.

კედლებზე გამოსახური ბავშვების საყვარელი გმირები ჯარისკაცებიც იყვნენ, რომლებიც ბავშვების თქმით, იმიტომ არიან გმირები, რომ თავიანთ  სამშობლოს იცავენ.

კედლებზე ბავშვებმა მათი საყვარელი ნაწარმოების გმირებიც გამოსახეს.  აქცია – „დახატე შენი გმირი“ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით მოეწყო. ღონისძიებას  ჯარისკაცები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის  ზურაბ პატარაძის მეუღლეც ესწრებოდა.

„დახატე შენი გმირი“- აქცია რომელიც 8 აგვისტოს ომს მიეძღვნა
„დახატე შენი გმირი“- აქცია რომელიც 8 აგვისტოს ომს მიეძღვნა
აქცია - „დახატე შენი გმირი“ ბათუმი.
აქცია – „დახატე შენი გმირი“
ბათუმი.

ყოფილი სანატორიუმი „მზიური“ აუქციონზე არ გაიყიდა

ტერიტორია, სადაც ადრე სანატორიუმი „მზიური“ იყო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ორჯერ გაიტანა აუქციონზე, თუმცა ქონება არ გაიყიდა. არშემდგარი აუქციონებიდან პირველი, მიმდინარე წლის 17 ივნისს დასრულდა, ხოლო მეორე – 14 ივლისს.

ტერიტორია, 15 070 კვ/მ  ფართობი, ზღვის პირას, მახინჯაურის რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს. როგორც „ბათუმელებს“ იქვე მცხოვრებმა ადამიანებმა უთხრეს, ტერიტორიის დასათვალიერებლად აქ ხშირად მოდიან: „ბოლოს 10 დღის უკან იყვნენ. ხშირად ირანელები მოჰყავთ, არაბებიც იყვნენ, მაგრამ ვის მოჰყავს და რას უპირებენ ამ ადგილს, ზუსტად არ ვიცით“.

აუქციონის პირობის მიხედვით ტერიტორია 3 მილიონ ლარად იყიდება, სადაც შემსყიდველი დამატებით 38 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აქ უნდა აშენდეს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობები: სასტუმროს ტიპის დასასვენებელი სახლი, საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სარეკრიაციო ზონა, ავტოსადგომი და სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები, რომლებიც ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში უნდა ამოქმედდეს.

არშემდგარი აუქციონის პირობების მიხედვით, ახალ ობიექტში მყიდველის ან/და მესამე პირის მიერ, არანაკლებ 80 მოქალაქის დასაქმებაა აუცილებელი, რომელთა შორის არანაკლებ  90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონს, სავარაუდოდ, მესამედაც გამოაცხადებს, თუმცა თარიღი და შეიცვლება თუ არა პირობები, ჯერ უცნობია.

სანატორიუმი „მზიური“, სხვა 20 ობიექტთან ერთად, ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2006 წელს, მაშინდელმა მთავრობამ ნიდერლანდებში ერთი კვირის დარეგისტრირებულ კომპანიას „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი.“-ს მიჰყიდა. მყიდველმა 21-პროექტიდან მხოლოდ ერთი განახორციელა – „მედეას“ ადგილზე „რედისონ ბლუ“ ააშენა.

10 წლის შემდეგ კომპანიასთან გაფორმდა მორიგი შეთანხმება და სახელმწიფომ გარკვეული ქონება დაიბრუნა, მათ შორის ყოფილი „მზიურის“ ტერიტორიაც. ყოფილი სანატორიუმის შენობა კი დანგრეულია.

ყოფილი პანსიონატი „მზიური“
ყოფილი პანსიონატი „მზიურის“ ეზო / ფოტო: თედო ჯორბენაძე

ქობულეთში პარაშუტი ხეს გამოედო [ფოტო, ვიდეო]

ქობულეთში, 7 აგვისტოს, ზღვაზე პარაშუტით გასეირნებისას, პარაშუტი სანაპიროზე, თამარ მეფის ქუჩაზე, ხეებს გამოედო. თვითმხილველების თქმით, მაშველები შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მივიდა. ადამიანის დასახმარებლად „სანდასუფთავების“ მანქანა გამოიყენეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები შეტყობინების მიღებიდან 5 წუთში ინციდენტის ადგილზე იყვნენ.

13957496_1146463282062350_1623083035_n
ფოტო: ქეთი ვერულიძის ფეისბუქ გვერდიდან

 

3 ათასი ლარი აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს

აჭარიდან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს  3000 ლარი გადაეცა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „თანხა 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარების“ ფარგლებში გამოიყო.

ამავე ინფორმაციით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების წევრებს უფასო სამედიცინო მომსახურებაც გაეწიათ. „აქცია, 7 აგვისტოს აჭარის მთავრობის მხარდაჭერით  კლინიკა „მედცენტრში“ ჩატარდა“- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კითხვები და პასუხები გენდერულ თანასწორობაზე

ნაწილი პირველი
[იხ. ნაწილი მეორე]

რა არის „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანი?

უზრუნველყოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობა, სათანადო პირობების შექმნა ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, ხელი შეუწყოს დისკრიმინაციის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას.

არსებობს თუ არა გენდერული თანასწორობა შრომითი ურთიერთობისას?

კანონის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას დაუშვებელია: პირის დევნა ან/და იძულება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. ასევე, სექსუალური ხასიათის ნებისმიერ არასასურველ სიტყვიერ, არასიტყვიერ ან ფიზიკურ ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს დასაქმების თანაბარ ხელმისაწვდომობას ორივე სქესის პირთათვის. დასაქმებისას და შრომითი მოვალეობების შესრულებისას დასაშვებია სქესის ნიშნით პირთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება ან/და მათთვის უპირატესობის მინიჭება, სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან გამომდინარე.
საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისათვის შრომის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რაც გამორიცხავს მათ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან გარემოში, აგრეთვე ღამის საათებში საქმიანობას.

რა გარანტიები არსებობს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში?

კანონის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი შესაძლებლობის გათვალისწინებით პროფესიისა და სპეციალობის თავისუფლად არჩევის უფლება. ამ თანასწორობის უზრუნველყოფა ხდება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობით.
სახელმწიფო უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის მიერ ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღებაში თანასწორი პირობების შექმნას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესების განხორციელებაში მონაწილეობის ჩათვლით.

როგორ ხდება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში?

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში უზრუნველყოფილია მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა დისკრიმინაციის გარეშე.
დისკრიმინაციად არ განიხილება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის, ოჯახის დაგეგმვისა და ქალთა რეპროდუქციული უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული განსაკუთრებული ღონისძიებები, აგრეთვე ორსული ქალისა და დედობის დაცვისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, გენდერული თავისებურებების გათვალისწინებით განხორციელებული სხვა ღონისძიებები.

არსებობს თუ არა თანასწორი საარჩევნო უფლებების გარანტიები?

ყველას აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში თანასწორი პირობებით, დისკრიმინაციის გარეშე.
წარმომადგენლობით ორგანოში არჩევის უფლების რეალიზაციისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ორივე სქესის პირთა თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა.

რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
es Untitled99d6ae44-3871-48f9-9456-e5f518769249

 

რა ნიშნით არჩევენ პოლიტიკური პარტიები მაჟორიტარობის კანდიდატებს

„პროფესიონალი“, „სუფთა წარსულის მქონე“, „ავტორიტეტული უბანში“, „პარტიული“ – ეს არის იმ კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მაჟორიტარობის კანდიდატების შესარჩევად ასახელებენ. კრიტერიუმები არსებობს, კანდიდატები კი – არა. „შერჩევის პროცესში ვართ“, „გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია,“-  გვპასუხობს თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია. ამის მიუხედავად, თავიანთი კანდიდატების გამარჯვებაში ისინი დარწმუნებულნი არიან.

2016 წლის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებს ბათუმიდან სამ-სამი კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ. აჭარაში მოქმედი პარტიების უმრავლესობა `ბათუმელებთან~ საუბარში ამბობს, რომ კანდიდატებს ყველა ოლქში დაასახელებენ.

პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ბათუმში, ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ კანდიდატების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის: „კანდიდატები გვეყოლება ბათუმიდან სამივე ოლქში, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არც ერთ კანდიდატზე არ არის მიღებული.

მაქსიმუმ ათ დღეში გვეცოდინება, ოფიციალური წარდგენა გვექნება აგვისტოში.“

ირაკლი ჭეიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებად ბათუმის საკრებულოს „ოცნების“  წევრებიც ვიხილოთ.

„არის საუბარი ჩემზეც, ირაკლი მიქელაძეზეც, მაგრამ ვის რა პოზიცია გვექნება, დავრჩებით საკრებულოში თუ წავალთ, ცოტა ხანში იქნება ცნობილი,“ –  ამბობს ირაკლი ჭეიშვილი.

მთავარი კრიტერიუმი, როგორც ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, არის პარტიულობა და „სუფთა წარსული“:  „შეიძლება დასახელდეს ისეთი ადამიანიც, რომელიც უპარტიო იყოს, მაგრამ უნდა იყოს ქალაქელი, ბათუმელი, გამოჩენილი ადამიანი და წესიერი“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა იგულისხმება „სუფთა წარსულში“, ირაკლი ჭეიშვილი ამბობს: „ამაში არ იგულისხმება ის, რომ არ უნდა იყოს სხვა პარტიაში ნამყოფი, ასეთი მეც არ ვარ. ასეთი ადამიანი  – იშვიათად. სუფთა წარსულში იგულისხმება მისი წარსული პოლიტიკური მოღვაწეობიდან გამომდინარე, არ იყოს კრიმინალი და რაღაც-რაღაცებში შემჩნეული და იყოს განათლებული“.

2016 წლის არჩევნებზე ყველა ოლქში აპირებს კანდიდატების დასახელებას „ნაციონალური მოძრაობაც“.

„ესენი არიან კანდიდატები, რომლებიც მოიგებენ ამ არჩევნებს,“ –  გვეუბნება გიორგი კირთაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“  კანდიდატები უკვე ცნობილია. აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: ელგუჯა ბაგრატიონი, ნინო ჯინჭარაძე და გია აბულაძე, საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად კი გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და თემურ დუმბაძე იბრძოლებენ.

ერთადერთი პარტია, რომელიც კანდიდატების დასახელებას სტრატეგიული ნიშნით აპირებს, „რესპუბლიკური პარტიაა“. „ჩვენ ავირჩევთ სტრატეგიულ წერტილებს და იქ გადავისვრით ძალებს,“- გვეუბნება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი,  „რესპუბლიკელი“  გიორგი მასალკინი, რომელიც 2016 წლის არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატია ისევ უმაღლეს საბჭოში.

13931430_10210706515245703_1276125421_o

თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც გიორგი მასალკინი გვეუბნება, არც მათ აქვთ მიღებული: „აჭარის უმაღლეს საბჭოში დავასახელებთ სამ კანდიდატს, ჩემი და დავით ბერძენიშვილის კანდიდატურები გადაწყვეტილია, საქართველოს პარლამენტში კი _ ერთს ან ორს. ეს საკითხი უახლოეს კვირაში გადაწყდება,,“ –  ამბობს ის. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი ერთი კანდიდატის ვინაობა ცნობილია. სავარაუდოდ ის ხათუნა სამნიძე იქნება, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მეორე კანდიდატის დასახელების საკითხი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული ადამიანურ რესურსებთან, გიორგი მასალკინი ამბობს, რომ კი. „ბუნებრივია, ღირსეული კანდიდატების შერჩევა არის რთული. ჩვენ ძალიან მაღალი მოთხოვნები გვაქვს კანდიდატების მიმართ. დასახელება მარტივია, მთავარია ეყოფა თუ არა გამარჯვების რესურსი,“  –  ამბობს გიორგი მასალკინი.

„რესპუბლიკელებისგან“ განსხვავებით, კანდიდატების დასახელებას ყველა ოლქში აპირებს ყოფილი „ნაციონალის“ , გიორგი ვაშაძის მიერ ახალშექმნილი პარტია „ახალი საქართველო“. თუმცა ვინ იქნებიან ეს კანდიდატები, ამაზე „პარტიაში ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან“.

პარტიაში ჯერჯერობით მხოლოდ ორი კანდიდატის ვინაობაა დადასტურებული, ესენი არიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ყოფილი თანამშრომელი ნინო ტავლალაშვილი, რომელიც საქართველოს პარლამენტში იქნება წარდგენილი ბათუმის მაჟორიტარად და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იურისტი მალხაზ ნაკაშიძე, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში იქნება ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი.

„მთავარი კრიტერიუმი შერჩევისას არის პროფესიონალიზმი, პიროვნული თვისებები, ღირსებები და უნარები და წარსული. პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს,“ – ამბობს ნინო ტავლალაშვილი.

მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას ყველა ოლქში აპირებს  „ახალი პოლიტიკური ცენტრი – „გირჩიც“, თუმცა ამ ეტაპზე მაჟორიტარობის ვერც ერთ კანდიდატს ვერ ასახელებენ. „ბათუმელების“  კითხვაზე, იქნება თუ არა დასახელებული თვითონ მაჟორიტარობის კანდიდატად? _ პარტიის რეგიონალური ხელმძღვანელი ჯემალ ბერიძე ამბობს:  „არ ვიცი, შევხედავთ“.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, ჯემალ ბერიძე ამბობს, რომ მთავარი პროფესიონალიზმი და პატიოსნებაა. „აქცენტს ძირითადად ეკონომისტებზე გავაკეთებთ, არიან იურისტებიც“.

ჯემალ ბერიძე ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში, მხოლოდ მინიშნებით საუბრობს და ამბობს, რომ კანდიდატი „არასამთავრობო ორგანიზაციიდან იქნება“.

„თავისუფალი დემოკრატები“  ბათუმის მაჟორიტარად სამივე კანდიდატის დასახელებას აპირებენ როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე პარლამენტში. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე წარსადგენი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატები, ესენი არიან: ბათუმის საკრებულოს წევრი ნინო ბერაძე, ნუგზარ ვარშანიძე და სოსო ნოღაიდელი. ბათუმიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში კი მაჟორიტარობის კანდიდატებად ჯერჯერობით ბათუმის საკრებულოს წევრი კობა ჩხეიძე და ხელვაჩაურიდან იურისტი პაატა ზაქარაძე განიხილებიან.

მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას ყველა ოლქში აპირებს „პატრიოტთა ალიანსიც“, თუმცა უცნობია კანდიდატთა ვინაობა. პარტიის წარმომადგენელი მერაბ ნაგერვაძე მხოლოდ საარჩევნო სიის პირველ და მეორე ნომრებს ასახელებს: „პირველი არის დავით თედორაძე, მეორე ვარ მე. მაჟორიტარებს პრეზენტაციაზე წარვადგენთ“.

„პატრიოტთა ალიანსი“  ამბობს, რომ შერჩევისას მთავარ კრიტერიუმად კანდიდატების წარსული სახელდება: „ავტორიტეტი თავიანთ უბნებში, რაიონებში და კვალიფიკაცია“. პროფესიებიდან კი აქცენტს აკეთებენ ეკონომისტებზე, იურისტებსა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებზე.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა მაჟორიტარობის კანდიდატები უსკოსა და ცესკოში 8 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.

42 ათასი ლარი ანიმაციური ფილმების ფესტივალისთვის

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე წელს 12 სეანსი გაიმართება – 9 ბათუმში, ხოლო თითო სეანსი ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ხულოში.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ანიმაციური ფილმების ფესტივალის ორგანიზებისათვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამინისტროს ფესტივალისთვის 42 373 ლარი აქვს გამოყოფილი.

ფესტივალის ფარგლებში ანიმაციური ფილმების კონკურსი, ჩვენებები და ვორკშოფები მოეწყობა.

როგორც სატენდერო დოკუმენტში ვკითხულობთ, ფესტივალის ორგანიზატომა უნდა უზრუნველყოს, კონკურსის შესარჩევ ნაწილში, 40 ქვეყნის, არანაკლებ 200 ანიმაციური ფილმის მიღება-განხილვა. შესარჩევი ნაწილიდან საკონკურსოდ უნდა აირჩეს მინიმუმ ოცი ქვეყნის საშუალოდ 80 ფილმი, ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში. საკონკურსო ფილმები გადაღებული უნდა იყოს 2015-2016 წლებში.

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 25 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს, თუმცა დაწყების თარიღი ჯერ უცნობია. გასულ წლებში ფესტივალი, ოქტომბრის დასაწყისში ტარდებოდა.

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ ორგანიზაციებს, რომლებსაც გააჩნიათ მინიმუმ ორი საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზების გამოცდილება და თითოეული, არანაკლებ 20 უცხო ქვეყნის ანიმაციური ფილმების მონაწილეობით.

სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 24 აგვისტო.

ვანესა მეის კონცერტი ბლექ სი არენაზე [ფოტო, ვიდეო]

ბლექ სი არენა, შეკვეთილი
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
DSC_0184
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
33
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
28
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
15
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
24
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
vanessa mae
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
27
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
vanessa mae
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
vanessa mae
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
vanessa mae
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
10
ბლექ სი არენა, შეკვეთილი

პარტია „ახალი საქართველოს“ ახალი სახეები ბათუმიდან

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ისევ არ იცის ვის აირჩევს, თუკი საერთოდ არჩევნებზე მივა. „განაწყენებული“ და გაურკვევლობაში მყოფი ამომრჩეველი გარკვეული პირობაა ახალი პოლიტიკური ძალების შესაქმნელად. ერთ-ერთი ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიქმნა, პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოა“. მისი ლიდერი გიორგი ვაშაძეა, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი სახე და იმდროინდელი იუსტიციის მინისტრი. პარტიის ბათუმის ოფისში შეკრებილებს ჩვენ პარტიის ხედვებზე ვესაუბრეთ.

„აქამდე არასდროს მქონია ინტერესი, ვყოფილიყავი პოლიტიკაში…“ – გვითხრა ნინო ტავლალაშვილმა, რომელიც ჩვენი მისვლის დროს თანამოაზრეებთან ერთად ქალაქის პრობლემებით ავსებდა ცარიელ დაფას. ის აქამდე, წლების განმავლობაში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო. ნინო ამბობს, რომ რკინის ფარდა უნდა გაირღვეს და უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც ხალხს მოუსმენს: „დადგა ეს ეტაპი, როცა დამკვირვებლობიდან და რეკომენდაციების გაცემის ნაცვლად, უშუალოდ პროცესის შიგნით მინდა ვიყო ჩართული. დაკვირვებამ მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ასე უფრო ეფექტურად შეიძლება შეცვალო გარემო“.

კითხვაზე, რატომ მიიჩნევთ, რომ საზოგადოებრივი სიკეთის მისაღწევად პარტიაში ყოფნა უფრო ეფექტურია, ვიდრე სამოქალაქო აქტიურობა, ნინო ტავლალაშვილმა კონკრეტულად არ გვიპასუხა. ის და პარტიის სხვა წევრებიც აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ახალი სახეები არიან და თან სუფთა პოლიტიკური წარსულით: „ხშირად ერთი და იგივე სახეები მოძრაობენ სხვადასხვა პარტიაში, შეუსრულებელი რჩება დაპირებები და საბოლოო ჯამში ქვეყანა მიდის კრიზისამდე. ამ პარტიაში ნებისმიერ ადამიანს ვაძლევთ საშუალებას, შემოგვთავაზოს იდეები და იბრძოლოს იდეებისთვის ჩვენთან ერთად“, – ამბობს ნინო ტავლალაშვილი.

„ადამიანებს უნდა გავუჩინოთ სწორი ხედვები, რა მოითხოვონ სწორად, რომ მიიღონ ის,“ – ეს „ახალი საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის კიდევ ერთმა სახემ, რეზო შავაძემ გვითხრა. ასე წარმოუდგენია მას პარტიის როლი, თუკი სახელისუფლებო ძალაუფლებას ვერ მოიპოვებს. რეზო შავაძეც სამოქალაქო სექტორიდან მოვიდა პოლიტიკაში. ის მოქმედი ადვოკატია და ამბობს, რომ იბრძოლებს შეიქმნას ისეთი სასამართლო სისტემა, სადაც ერთგვაროვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული: „სასამართლო პრაქტიკა იქნება უმთავრესი და ქვეყანაში მივიღებთ შერეული სამართლის ქვეყანას… პროკურორებიც უნდა დარწმუნდნენ, რომ ცუდად იქცევიან”. კითხვაზე, რატომ არის საჭირო ამ მიზნისთვის ბრძოლა უშუალოდ პოლიტიკური ტრიბუნიდან, გვპასუხობს: „სამწუხაროდ ვერ შევძელი ადვოკატის პოზიციიდან დამერწმუნებინა რომელიმე პროკურორი, რომ ის ცუდად იქცეოდა. პროკურორს მე კი არ დავარწმუნებ, რომ ცუდად იქცევა, სისტემა დაარწმუნებს, რომელსაც ჩვენ კანონის მიხედვით შევქმნით. ეს ჩემი პირადი ხედვებია ჯერჯერობით. ჩვენ ვეძებთ თანამოაზრეებს. მთავარი ფაქტორი, რის გამოც თანამოაზრეები აღმოვჩნდით აქ შეკრებილები, თავისუფლებაა. გვინდა, ადამიანები უფრო თავისუფლები ვიყოთ და ასატანი გავხადოთ ერთმანეთისთვის ცხოვრება. თვითმიზანი არ არის პარლამენტში ან უმაღლეს საბჭოში მოხვედრა“.

„ახალი საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის კიდევ ერთი სახე მალხაზ ნაკაშიძეა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და აკადემიური საბჭოს წევრი. ის 2007-2008 წლებში უნივერსიტეტის კანცლერი იყო. ამბობს, რომ „კანონების წერა“ იცის და „შემთხვევითი ადამიანი“ არ იქნება პოლიტიკაში. არჩევის შემთხვევაში პირველი საკანონმდებლო ინიციატივა აჭარის კონსტიტუციაზე ექნება და ავტონომიის სტატუსის შეცვლაზე: „ჩემი პირადი აზრია, რომ 2004 წელს აჭარის სტატუსის შეზღუდვა გამოწვეული იყო იმ დროს არსებული რეალობით, რაც დღეს გადახედვას საჭიროებს. მექნება ინიციატივა, რომ აჭარის ხელისუფლების კომპეტენციები გაიზარდოს საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში და ადგილობრივი ხელისუფლება უფრო გადაწყვეტილებაუნარიანი გახდეს“.

პარტიის წარმომადგენლების ხედვების გასაგებად, მალხაზ ნაკაშიძეს ქობულეთის მედრესეს ინციდენტზე და ბათუმში მეჩეთის აშენებაზეც ვკითხეთ. მან გვითხრა, რომ ღორის თავის მიჭედება სრულიად მიუღებელია, ხოლო მეჩეთის აშენება ბათუმში მოსახლეობამ საჯარო განხილვის გზით უნდა გადაწყვიტოს. „საკითხი უნდა განიხილოს მუსლიმმა მრევლმა. დისკუსია უნდა გაიმართოს თემის გარეთაც, მაგრამ თუკი მეჩეთის საჭიროება არსებობს, მუსლიმ თემს ამაში ხელი არ უნდა შეუშალონ“.

მართვის კუთხით პარტიაში ლიდერის გიორგი ვაშაძის მაგალითი მოჰყავთ: „როცა აკეთებ არჩევანს, ყოველთვის იხსენებ, როგორი იყო იგი წარსულში. მე იშვიათად მახსენდება ისეთი წარმატებული პროექტი, როგორიც იყო იუსტიციის სახლები. ამას მიაღწია გიორგი ვაშაძემ,“ – ამბობს ნინო ტავლალაშვილი.

გადასახადების შემცირებას სოფლის მეურნეობაში აპირებს რეზო შავაძე. მისი ხედვით, დაბეგვრისგან უნდა გათავისუფლდეს არა მხოლოდ პირველადი წარმოება, არამედ გადამუშავებაც. ფიქრობს, რომ ეს სოფლის მეურნეობის ბიზნესში რისკებს შეამცირებს. რის საფუძველზე მიიჩნიეს პარტიაში, რომ ამ გზით რისკები სოფლის მეურნეობაში შემცირდება, ან რა ჩაანაცვლებს ბიუჯეტში სოფლის მეურნეობიდან მიღებულ გადასახადებს? – „ახლა სოფლის მეურნეობიდან ბიუჯეტში ხვედრითი წილი არის მინიმალური… უახლოეს პერიოდში შევჯერდებით ამაზე და დეტალურად გავაცნობთ ჩვენს შეთავაზებას საზოგადოებას,“ – გვიპასუხა რეზო შავაძემ. გადასახადების შემცირებას ტურიზმის სექტორში აპირებს მალხაზ ნაკაშიძეც, თუმცა ეკონომიკური გათვლები მისგანაც ვერ მოვისმინეთ.

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველო“ მემარჯვენე-ლიბერალურ პოლიტიკურ ძალად მოიაზრებს საკუთარ თავს, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ ბაზარზე და ინოვაციურ მიდგომებზე, საგარეო მიმართულებით კი, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე. კითხვაზე, რას ეტყვით ამომრჩევლის იმ ნაწილს, ვინც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ემხრობა, პარტიის წევრი და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატი, რეზო შავაძე გვპასუხობს: „ჩვენი ამომრჩეველი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს. არ ვყოფთ ამომრჩეველს პრორუსად, პრომედასავლეთელად და ასე შემდეგ. ჩვენი ამომრჩეველი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ეს მიწა უყვარს, ვისაც სამშობლო უყვარს, მეზობელი და საკუთარი ოჯახის წევრი უყვარს. ეს სადღეგრძელოსავით ჟღერს, მაგრამ ქართველები ასე ვიმარჯვებთ ყოველთვის. ჩვენ დოგმატურად არ ვაზროვნებთ…“

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველო“ კანდიდატების დასახელებას და კონკრეტული პროგრამის წარდგენას ოფიციალურად 25 აგვისტოს აპირებს.

შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც შეღავათს ვერ იძლევა

დაბალპროცენტიანი სესხით ფერმერები აჭარაში ნაკლებად სარგებლობენ. პროექტს – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. სახელმწიფო ამ შემთხვევაში სესხის პროცენტის ძირითად ნაწილს ფარავს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, თუ რამდენად ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეებისთვის.

არათუ დაბალპროცენტიანი, არამედ, ზოგადად, ბანკებისგან სესხის აღება სოფლის მეურნეობის დარგისთვის, ქვეყანაში პრობლემაა. ფერმერები კი სესხის სამომავლოდ აღების იმედად არიან და რთულ საბანკო პირობებზე ზოგადად, ან საერთოდ არ საუბრობენ.

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოკოტაურში მცხოვრები მურად ბერიძე ბოსტნეულს აწარმოებს. მან სასათბურე მეურნეობა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მიღებული გრანტით მოაწყო. შეღავათიანი აგროკრედიტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ბანკიდან სესხის გამოტანა თავის დროზე ვერ მოახერხა.

„ერთ-ერთ ბანკში მითხრეს, დაიწყე ბიზნესი და შემდეგ მოდიო, არადა, სესხი სწორედ ბიზნესის დასაწყებად მინდოდა. სხვა ბანკში 25%-იან სესხზე იყო საუბარი, მაგრამ პირობებს რომ გავეცანი, 30-ზე მეტი გამოდიოდა საპროცენტო განაკვეთი და არ ღირდა საქმის წამოწყება,“ – ამბობს მურად ბერიძე. ის სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ სხვა პრობლემებზეც საუბრობს, თუმცა დაბალპროცენტიანი სესხის აღებას, თუ ასეთი იქნება, თავისი ბიზნესის გასაფართოებლად არ გამორიცხავს.

„შეღავათიანი აგროკრედიტი“ სახელმწიფო პროექტია და ის დაბალპროცენტიანი სესხის გაცემას გულისხმობს სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებზე, როგორც საბრუნავი, ისე ძირითადი საშუალებებისთვის. რეგიონების მიხედვით დადგენილია პირველადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სახეობების ჩამონათვალიც. აჭარაში ეს არის: კურკოვანი, კენკროვანი, სუბტროპიკული, თესლოვანი კულტურები, ბოსტნეული და ყურძენი.

მაღალმთიანი აჭარა / მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა / მანანა ქველიაშვილის ფოტო

პროექტის ფარგლებში შეღავათიან აგროკრედიტებს გასცემენ მონაწილე კომერციული ბანკები. ამ პროექტში არ არიან ჩართულები მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

სესხი გაიცემა 20 ათასი ლარი და მეტი. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ ბანკებისთვის დაწესებულია საპროცენტო განაკვეთი – არაუმეტეს 15%. აქედან, 11%-ს ფარავს სახელმწიფო, დანარჩენს კი, იხდის თვითონ მსესხებელი.

ვისაც პროექტის ფარგლებში სესხის აღება სურს, პირველ რიგში უნდა მიმართოს პროექტში მონაწილე ბანკებს. რაც შეეხება სააგენტოს, ის არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავებისა თუ კრედიტის გაცემის პროცესში. ფაქტობრივად, ამ შემთხვევაშიც, ფერმერი, პირისპირ რჩება ბანკთან. ანუ მთავარი მოთამაშე სახელმწიფო პროექტში ბანკია.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მენეჯერი გიორგი ჯიბლაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში სესხად ბანკი საკუთარ თანხას გასცემს: „ჩვენ ძირითად ფულს არ ვიხდით, თანამონაწილეები გამოვდივართ – ბენეფიციარს ვუხდით სესხის 11%-ს. ძირი თანხა, რაც ბენეფიციარმა უნდა დააბრუნოს, ბანკის საკუთარი სახსრებია, შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს განაცხადი, თვითონ განიხილოს პროექტი და თავად მიიღოს გადაწყვეტილება მისი დამტკიცება-არდამტკიცების შესახებ. თუ კონკრეტული სესხის პირობები შეესაბამება ჩვენსა და ბანკს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ბანკი დაამტკიცებს სესხს და ჩვენ ამის შემდეგ ავტომატურად ვიწყებთ პროცენტის გადახდას. ბენეფიციარის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ მოდის ჩვენთან ინფორმაცია, როცა სესხი გაიცემა“.

ეკონომისტი დავით არძენაძე ამბობს, რომ პროექტი გარკვეულწილად საშუალებას აძლევს მეწარმეებს აგროსექტორში განახორციელონ თავიანთი იდეები: „წინგადადგმული ნაბიჯია იმ მხრივ, რომ იძლევა საშუალებას მეწარმემ შეიძინოს, როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებებიც. მაგრამ აქ არის მეორე ფაქტორი – ის, თუ რამდენად მარტივია ამ პროექტებში მონაწილეობა, რამდენად ვრცელდება ინფორმაცია. ვფიქრობ, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა არც თუ ისე მაღალია“.

დავით არძენაძე ამბობს, რომ არსებობს პროგრამები, მაგრამ ამ პროგრამების პიარისთვის ბანკები არ მუშაობენ: „ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. არის შემთხვევები, როცა რეკავ ბანკში, პროექტში მონაწილე ბანკია და ზუსტ ინფორმაციასაც ვერ გაწვდიან. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ინფორმაცია მიიღო. ჩემი აზრით, კარგი იქნება ბანკები დაავალდებულონ, რომ პროგრამის პიარი გასწიონ“.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 2013 წლიდან 2016 წლის ივნისამდე აჭარაში სულ 5,3 მილიონი ლარი და 7,4 მილიონი აშშ დოლარი სესხია გაცემული, როგორც საბრუნავ, ასევე ძირითად საშუალებებზე.

სააგენტოს მონაცემებით, ყველაზე მეტი შეღავათიანი კრედიტი ქობულეთის მუნიციპალიტეტშია გაცემული, თუმცა ბენეფიციარების ვინაობა სააგენტომ არ მოგვაწოდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარაში კრედიტი ლარში გაცემულია 62 ბენეფიციარზე, ხოლო დოლარში – 27 ბენეფიციარზე. სულ აჭარაში გაცემულია 102 სესხი, ანუ, მთლიანად ქვეყანაში გაცემული სესხების რაოდენობის 3,8%.

Untitled

საქართველოს მასშტაბით კი, 2013 წლიდან მიმდინარე წლის ივნისამდე პერიოდში, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემულია 26 300 სესხი, საერთო თანხით – 693 960 821 ლარი [24 426 სესხი] და 202 557 257 აშშ დოლარი [1 874 სესხი]. აღსანიშნავია, რომ ერთ ბენეფიციარს შეუძლია სამომხმარებლო სესხის პარალელურად აიღოს სესხი ძირითადი საშუალების შესაძენადაც. აქედან გამომდინარე, უნიკალური მომხმარებელი პროექტში 16 500 სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირია.

ნებისმიერ ბანკს სესხების, მათ შორის აგროსესხის, გაცემის პირობები და საპროცენტო განაკვეთები, სხვადასხვა აქვს. საქართველოს ეროვნულ ბანკში „ბათუმელებს~ განუცხადეს, რომ ისინი ასეთ ინფორმაციას არ აგროვებენ და „ამასთან, ეროვნული ბანკი არ ერევა კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კერძო სამართლებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, არ განუსაზღვრავს მათ გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს და აღნიშნული ორგანიზაციები სახელშეკრულებო ურთიერთობებში საპროცენტო განაკვეთებს განსაზღვრავენ დამოუკიდებლად“.

დავით არძენაძის თქმით, საბაზრო ეკონომიკაა და ბანკი, რა თქმა უნდა, იზღვევს თავს, თავისი გადასახედიდან უყურებს და აქვს თავისი შეფასების პირობები: „ზოგადად, თუ ბენეფიციარს არ აქვს გარანტირებული შემოსავლები, ბანკებს უჭირთ სესხის გაცემა, რაც ლოგიკურია. აღნიშნულ პროექტშიც ბანკებს იგივე მიდგომა აქვთ. ამასთან, პროექტში გარკვეულწილად მსხვილ თანხაზეა საუბარი – 20 ათასი ლარიდან იწყება და ასე ვთქვათ, რიგითი ფერმერისთვის რთულია ამ სესხის მიღება. მითუმეტეს, თუ ვთქვათ, 200 ათასი გჭირდება, 200 ათასის გირაო უნდა ჩადო, რაც მცირე ფერმერებისთვის რთულია და ფაქტობრივად შეუძლებელიც“.

მაღალმთიანი აჭარა / მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა / მანანა ქველიაშვილის ფოტო

რამდენი ფერმერი ითხოვს სესხს პროექტის ფარგლებში და რამდენს ეუბნება უარს ესა თუ ის ბანკი, რამდენად რეალურია უარის საფუძველი, ამის შესახებ სახელმწიფოს ინფორმაცია არ აქვს. პროექტი ასეთი მონაცემის შეგროვებას და კონტროლს ამ კუთხით, არ ითვალისწინებს. სახელმწიფო მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს იხდის და ატარებს მონიტორინგს, თუ რამდენად დანიშნულებისამებრ იყენებს მსესხებელი სესხს.

„აჭარაში აგრობიზნესი ზოგადად, ძალიან დაბალ დონეზეა განვითარებული. უმჯობესია, თუ სახელმწიფო გააკონტროლებს რამდენი ადამიანი მიმართავს ბანკებს აგროსესხის მისაღებად. ამ ინფორმაციის ქონა კარგი იქნებოდა, ვთქვათ პროგრამებისა თუ პროექტების დასახვეწად, შესაცვლელად… სახელმწიფოს კონტაქტი რომ ჰქონდეს ამ ხალხთან, კარგი იქნება,“ – აცხადებს დავით არძენაძე.

„ბათუმელებმა“ ვერ იპოვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აგროსექტორში კონკრეტული პროგრამებისა და პროექტების მონიტორინგს ახორციელებს – თუ რამდენად ეფექტურად ხარჯავს სახელმწიფო სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილ სახსრებს, როგორც ბიუჯეტიდან, ასევე უცხოური ორგანიზაციებისგან მიღებულს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს საქართველოში 21 კომერციული ბანკი და 71 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა. ბანკების უმრავლესობა ჩართულია „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს [მისო], ისინი ამ პროექტში ჩართულები არ არიან, თუმცა ეროვნულ ბანკში არსებული ინფორმაციით, 71-დან 21 მისო გასცემს სესხებს სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის დარგებზე. 2013-2015 წლებში ამ კუთხით მათ მიერ ჯამში გაცემულია 588 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროექტის – „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მიმდინარეობის პარალელურად, მარტო მისოების მიერ 251 253 სესხია გაცემული სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის დარგზე, როცა, ზემოაღნიშნულ პროექტში გაცემულია მხოლოდ 26 300 სესხი [ანუ მისოების მიერ გაცემული სესხის რაოდენობაზე თითქმის ათჯერ ნაკლები].

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ არ ჩართეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები პროექტში? – სააგენტოში გვიპასუხეს, რომ „ბანკის ფული უფრო იაფი ღირს, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ გააჩნიათ საკუთარი ფული, რომ ჩადონ ამ პროექტში. მათი აგროკრედიტების საპროცენტო განაკვეთი 20-დან იწყება და ადის ზევით, ჩვენ კი 15% გვაქვს დაწესებული“.

დავით არძენაძის თქმით, არის პროგრამები, თუმცა სტრუქტურები, სადაც ამომწურავად მიაწვდიან დაინტერესებულ პირს ინფორმაციას, არ არსებობს: „ბანკებშიც კი რთულად გიწევს ინფორმაციის მიღება. მეწარმეს დღეს, მაგალითად, შეღავათიანი კრედიტის პარალელურად, შეუძლია აიღოს გადამამუშავებელი საწარმოების გრანტი, ასევე „აწარმოე საქართველოს“ გრანტი ან სესხი და სინთეზი გააკეთოს – ანუ, რამდენიმე კომპონენტით სარგებლობ, მაგრამ რესურსი უნდა გქონდეს – ბიზნესგეგმა, შემოსავლები და თანხის მოცულობის გირაო. თუმცა, ამ რესურსის არსებობის შემთხვევაშიც კი სესხის აღება მაინც დროში გაწელილი პროცესია“.

შეკვეთილში ვანესა მეის კონცერტი იწყება

დღეს, 6 აგვისტოს, შეკვეთილში, „ბლეს სი არენაზე” ვირტუაზი მევიოლინეს, ვანესა მეის კონცერტი გაიმართება. კონცერტი 8 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა „ბლექ სი არენაზე“ ამბობენ, რომ ვანესა მეი სცენაზე სავარაუდოდ 21:30 საათზე გამოვა.

კონცერტს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

tkt.ge-ს მონაცემებით, კონცერტზე თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია.

ვანესა მეი  ბრიტანელი მუსიკოსია, რომელსაც მილიონობით ალბომი აქვს გაყიდული. 2006 წელს იგი გაერთიანებული სამეფოს ყველაზე მდიდარ ახალგაზრდად დაასახელეს. ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში მან გინესის რეკორდი დაამყარა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მევიოლინე, რომელმაც ბეთჰოვენისა და ჩაიკოვსკის კონცერტები ჩაწერა.

 

ბლექ სი არენა, შეკვეთილი
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
ბლექ სი არენა, შეკვეთილი
ბლექ სი არენა, შეკვეთილი

ეს Black Sea Arena-ს საზაფხულო სეზონის რიგით მეორე კონცერტია, კრისტინა აგილერას კონცერტის შემდეგ.

საკონცერტო დარბაზი BLACK SEA ARENA ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფმა ააშენა 200-მილიონიანი ინვესტიციით და სახელმწიფოს გადასცა.

საია ბათუმსა და თელავში მომხდარ ინციდენტებზე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს. ამჯერად გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და თელავში 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტებზე და მოვუწოდოთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, რომ გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა, ჯეროვნად შეასრულონ მათზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, სტაბილურ და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ჩატარებას“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს, 6 აგვისტოს, გაავრცელა.

საია მოუწოდებს –

პოლიტიკურ პარტიებს, მათ წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს: პატივი სცენ და დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, თავისუფლების ქარტიით დადგენილი მოთხოვნები; არ წარმოადგინონ ისეთი საარჩევნო  პროგრამა, რომელიც შეიცავს ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ მოწოდებას; უარი თქვან სიძულვილის ენის გამოყენებაზე, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებზე; თავი შეიკავონ ნებისმიერი ტიპის აგრესიული ქმედებისაგან, პროვოკაციისაგან და მსგავს ქმედებებში პარტიის აქტივისტების ჩართვისაგან; მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სახელმწიფოში არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მნიშვნელობას, რათა განვითარებულმა მოვლენებმა ზიანი არ მიაყენოს არჩევნებსა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას.

სამართალდამცავ ორგანოებს: ეფექტურად უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა; მოახდინონ შესაძლო სამართალდარღვევათა პრევენციული ღონისძიებების გატარება; სამართალდარღვევის ან/და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მოახდინონ დროული და ეფექტური რეაგირება; შესაბამისი პირების მიმართ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული ზომები.

ქუჩის თეატრის ფესტივალი ბათუმში

5 აგვისტოს ბათუმში ქუჩის თეატრის ფესტივალი გაიხსნა და 14 აგვისტომდე გაგრძელდება. ფესტივალი CheckinGeorgia-ს ფარგლებში ტარდება და სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური დასები იღებენ მონაწილეობას.

საზღვარგარეთიდან მოწვეული დასების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • სლოვაკეთი (BIG NAMES);
  • საფრანგეთი (TRANSE EXPRESS,TAMBOURS & GIANT DOLLS);
  • რუსეთი (პატარა ისტორიები – ჯამბზის შოუ);
  • ესპანეთი (CAMUT BAND);
  • დიდი ბრიტანეთი (FRANTIC, SPARK).

ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ქართული თეატრალური დასებიც.

დღეს, 6 აგვისტოს 21 საათზე, ქუჩის თეატრის ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან თელავის თეატრი წარმოადგენს „ჰორაციოს“.

ფოტო: Street Theatre Project – ქუჩის თეატრის პროექტი ფეისბუქგვერდიდან

ბეშუმში დოღზე ორი ადამიანი დაშავდა

დღეს, 6 აგვისტოს ბეშმობაზე ორი ადამიანი დაშავდა. როგორც „ბათუმელებს“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ  უთხრა, ორივე დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ, რომლებიც დოღზე ცხენებით ასპარეზობისას მიიღეს.

„ორივე მათგანი პრემიერის ვერტმფრენით გადაიყვანეს ბათუმში“, – თქვა ხულოს გამგებელმა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

Exit mobile version