ნეტგაზეთი • RU

როდის გაიხსნება “დანკინ დონატსი” ბათუმში

 

„სმარტი“, „ვენდი“ და „დანკინ დონატსი“ ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტში განთავსდება. მშენებლობას „ვისოლ ჯგუფი“ ახორციელებს. „ბათუმელების“ შეკითხვებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ უპასუხა.  

 

 

სოსო ფხაკაძე
სოსო ფხაკაძე

ბატონო სოსო, ბათუმში სავაჭრო ცენტრი „სმარტი“ 2013 წელს უნდა გახსნილიყო. რატომ დაგვიანდა? 

 

დავიწყოთ იმით, რომ ძალიან საინტერესო ობიექტს ვხსნით, ეს მარტო “სმარტი” არ არის, ეს არის სავაჭრო ცენტრი საკმაოდ დიდი ზომის, თითქმის 7 ათასი კვ/მ. ჩვენი ჯგუფი დღეს წარმოადგენს ჰოლდინგს, სადაც გაერთიანებულია რამდენიმე პროექტი. საწყის ეტაპზე როდესაც დავიწყეთ აქ მშენებლობა, მოლაპარაკებას ვაწარმოებდით კომპანია „ვენდისთან“. თავიდანვე გვინდოდა, რომ მაქ მხოლოდ სუპერმარკეტი არ გვქონოდა.

 

ანუ სხვა ბრენდებიც შემოგყავთ?

 

 დიახ, “სმარტის” გამო კი ავირჩიეთ ეს ადგილი ბათუმში, მაგრამ თავიდანვე გვინდოდა მარტო „სმარტი” არ ყოფილიყო წარმოდგენილი. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და დავიწყეთ „ვენდის“ რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში. „ვენდის“ პირობებიდან გამომდინარე, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს უნდოდათ, რაღაც პერიოდი ჯერ თბილისში განვვითარებულიყავით და შემდეგ გავსულიყავით დედაქალაქის გარეთ. წარმატებული განვითარების ისტორია უნდა გქონდეს თბილისში, რომ რეგიონებში გახვიდე.

 

გამოდის, კიდევ გადაიდება ბათუმში ცენტრის გახსნა?

 

ფორსირებას ვეღარ ვაკეთებთ, ანუ ვერ დავაჩქარებთ მაქ მშენებლობას… იმიტომ, რომ ჩვენ ჩამოვიდეთ ახლა და იქ ავაშენოთ მარტო „სმარტი“ და „ვენდი“, შემდეგ ორ წელიწადში გავხსნათ, არ იქნება სწორი. „ვენდის“ მაქ მთელი ფართობის 20% უკავია – თავისი დრაივით, დაბადების დღისა თუ სათამაშო ზონებით, ყავის ცენტრით და ა.შ. ეს ისეთი ობიექტი იქნება, რომ ყველა ბათუმელს გაუხარდება.

 

ეს არ არის მარტივი პროცესი. წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა „ვენდის“ შემოსაყვანად. შემდეგ, შარშან, წლის ბოლოს მივიღეთ თანხმობა, რომ გაკეთდეს „ვენდი“ ბათუმში. მეორე საკითხი – შარშან წლის ბოლოს, სადღაც ნოემბერში, ხელი მოვაწერეთ ახალ კომპანიასთან ხელშეკრულებას – ეს არის „დანკინ დონატსი“.

 

 „დანკინ დონატსის“ ბათუმშიც გახსნით?

 

დღეს არის „დანკინ დონატსის“ სამი რესტორანი საქართველოში და იქნება 35. წლის ბოლომდე თბილისში გვექნება 15. წელს, იანვარში დავაყენე საკითხი, რომ ბათუმშიც გავაკეთოთ, მაგრამ იგივე მითხრეს – მოდი, ჯერ თბილისში განვვითარდეთ, ფეხი მოვიკიდოთ… ამერიკული მხარე თუ არ მოგცემს სერტიფიცირებას ადგილისას, ვერ გახსნი ობიექტს. ამერიკაში იგზავნება სპეციალური პაკეტი, სხვადასხვა პარამეტრები, მაგალითად, რამდენი ავტომანქანა, რამდენი ადამიანი დადის და ა.შ. და ისინი ამის საფუძველზე იძლევიან ნებართვას გახსნაზე.

 

დღეს გვაქვს ასეთი სიტუაცია, „დანკინ დონატსი“ გვეუბნება – კიდევ ორი რესტორანი გახსენით (რაც მოხდება ორ კვირაში ზუსტად, თბილისში), ამის შემდეგ, ხუთი რესტორანი რომ გექნებათ, დავაკვირდეთ სამი თვე გაყიდვებს, შევხედოთ როგორ განვითარდება პროცესი და შემდეგ მოგცემთ საშუალებას, გახვიდეთ თბილისს გარეთ.

 

გადაწყვეტილი გვაქვს, რომ „სმარტი“ მარტო აღარ იყოს, ის ყოველთვის წავა „ვენდისთან“ და „დანკინ დონატსთან“ ერთად.
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურთან იხსნება პირველი დრაივის ტიპის რესტორანი 13 მაისს. ამერიკის ელჩი და ქალაქის მერი გახსნიან ამ ობიექტს. ყველა ბრენდს ერთმანეთს ვუკავშირებთ. რაც შეეხება ბათუმს, მანდ „ვისოლი“ არ იხსნება ხედავთ, მაგრამ იქნება „სმარტი“, „ვენდი“ დიდი ფორმატის და „დანკინ დონატსი“ ერთ შენობაში და ეს იქნება ხელით საჩვენებელი ობიექტი ბათუმელებისთვის.

 

მაინც რა დრო დაგჭირდებათ დაახლოებით?

 

ამას სოსო ფხაკაძე და ჩემი ჯგუფი არ წყვეტს, ეს არის ევოლუციური პროცესი, პარტნიორობა ამერიკულ მხარესთან. მოგეხსენებათ, „ვენდი“ – 45, „დანკინ დონატსი“ კი – 65 წლის კომპანიაა. ამიტომ მე მანდ ვერ დავაჩქარებ, არის ობიექტური გარემოებები და ამ გარემოებების გათვალისწინებით გვაქვს ძალიან თბილი დამოკიდებულება ორივე ბრენდთან. დარწმუნებული ვარ, როგორც კი, ხუთი რესტორანი გვექნება „დანკინ დონატსის“ თბილისში, ამის შემდეგ გავა 2-3 თვე და ვეტყვით, აი, რა გავაკეთეთ და ისინიც გვეტყვიან, კარგი პარტნიორები ხართ და გადით თბილისს გარეთო. თბილისში კი, მაისის ბოლომდე გვექნება ეს ხუთი რესტორანი.

 

ბათუმში მშენებლობის ნებართვა კომპანია „ველაჯიოზე“ გაიცა და ობიექტი 2013 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო (ამჯერად „ველაჯიოს“ შვილობილი „ველაჯიო დეველოპმენტი“ აგრძელებს მშენებლობას). რატომ ვერ ჩაბარდა ობიექტი დროულად?

 

„ველაჯიო“ ჩვენი კომპანიაა 100%-ით. ბათუმის მერიას მივმართეთ, ვთანამშრომლობთ ეფექტურად. ავუხსენით ის ობიექტური გარემოებები, თუ რის გამო ვერ ვხსნიდით სავაჭრო ცენტრს. ისინიც დაუდგნენ ბიზნესს გვერდით ძალიან ადამიანურად, პროფესიონალურად, სხვას არც მოველოდით და გადაავადეს ცენტრის გახსნა.

 

 მერიაში გვითხრეს, რომ ვადა 2015 წლის 29 აგვისტომდე მოგცეს. გამოდის, კიდევ გადაავადებენ?

 

კი, ამ ზაფხულამდე არის ვადა, მაგრამ ამაზე ხელის ჩაკიდება არ გამოვა. ჩვენ სიკეთეს ვაკეთებთ, შეიძლება გადავადდეს, რადგან ჩვენ უნდა მივიღოთ კარგი პროდუქტი. მე შემიძლია მოვიდე ხვალ და მარტო „სმარტი“ გავხსნა, მაგრამ რატომ, რა აზრი აქვს. იყოს ყველაფერი ერთად ჰარმონიაში. შენობის ერთი ნაწილი გავხსნათ და დანარჩენი არა, ეს არ გამოვა, ჩვენ გვინდა მაქ სამივე ბრენდი ერთად გავაკეთოთ.

 

 რამდენი ადამიანის დასაქმებას აპირებთ?

 

 მინიმუმ 220 ადამიანი დასაქმდება ცენტრში. ამას დაემატება კიდევ გასაქირავებელი ფართობები, დაახლოებით 2200 კვ/მ. იქ განთავსდება სხვადასხვა მაღაზია და ობიექტი – აფთიაქი, ბანკი და ისინი კიდევ დაასაქმებენ ხალხს. 10 ან 12 მაღაზია იქნება, ალბათ – ტანსაცმლის, პარფიუმერიის… ეს იქნება ძალიან ცივილური სავაჭრო ცენტრი, მაღალი სტანდარტის. მაქ „ვენდის“ დრაივიც ექნება ერთ კუთხეში, პარკირებაც გაკეთდება.

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 13 მილიონი დოლარის სესხი გაქვთ აღებული. ეს ბათუმში მშენებარე ობიექტთან არის რაიმე კავშირში?

 

ევრობანკისგან საკრედიტო რესურსი ჩვენ ავიღეთ სამი წლის წინ, დავამატეთ ჩვენი სახსრებიც და ავაშენეთ უკვე რამდენიმე ცენტრი. სექტემბერში გლდანში გაიხსნება დიდი სავაჭრო ცენტრი. რა მიზანიც გვქონდა – ვასრულებთ ჩვეულებრივად. ბათუმის ცენტრის გახსნა ხომ არ იყო შეთანხმებული ბანკთან? – ასე თუ ისმის კითხვა, ეს არის ბანკი, რომელთანაც გვაქვს კარგი პარტნიორული ურთიერთობა. ბანკთან ერთი დღე დაგვჭირდა იმ ობიექტური მიზეზების ასახსნელად, თუ რატომ არ გაიხსნება ჯერ ბათუმის ცენტრი. ეს მოტივირებულია ბიზნესგადაწყვეტილებით და ბანკსაც ის უნდა, რომ შენ წარმატებული საქმე აკეთო, სადაც ამდენი ბრენდი იქნება და ეს იქნება ცოტა მოგვიანებით, ამაზე არავითარი პრობლემა არ არის.

 

 „ველაჯიო დეველოპმენტის“ 49% წილიც გაასხვისეთ ბულგარეთში რეგისტრირებულ კომპანია „ჯი სთარზე“. ეს რით იყო განპირობებული?

 

 ეს კომპანიაც ჩვენი პარტნიორია. საქართველოში დიდი უძრავი ქონების კომპანიის შექმნა გვინდა და ამიტომ შემოვიყვანეთ. „ჯი სტარს“ სოლიდური გამოცდილება აქვს ამ კუთხით. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბიზნესი გამსხვილდეს. თუ გვინდოდა, ვთქვათ, ჩვენი ძალებით 10 ცენტრის გაკეთება, ახლა პარტნიორთან ერთად გავაკეთებთ, ვთქვათ, 30-ს. ბიზნესში ასე ხდება – რაღაც ეტაპს მიაღწევ, შემდეგ პარტნიორი გჭირდება შემოიყვანო, რომ უფრო დიდი ბიზნესი შექმნა.

 

 და ბოლოს, ამ ყველაფრის ფონზე, „სმარტი“ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე დახურეთ. მიზეზი?

 

 ჩვენ ბიზნესმენები ვართ და როცა ვაკეთებთ ბიზნესს, უნდა მივიღოთ ეკონომიკური მოგება. იმ ადგილმა არ გაამართლა და ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ტვირთი არ ყოფილიყო ეს ობიექტი, ამიტომ დავხურეთ. ასე იქცევა ყველა დიდი ბრენდი მსოფლიოში… ხდება ისე, რომ ზოგიერთი კომპანია ვერ იღებს გადაწყვეტილებას დახუროს და არიგებს მოგებას ამა თუ იმ მაღაზიაში, თუ სავაჭრო ობიექტში, ესაა ცუდი. ჩვენ ეგეთი ბიზნესმენები არ ვართ _ თუ არ მუშაობს, არ ამართლებს, ჯობს დავხუროთ, სხვა რამე გავაკეთოთ ან გავაქირაოთ. მითუმეტეს, ახლა გვაქვს სხვა ბრენდებიც. მაგალითად, „დანკინ დონატს“ 4-ჯერ ნაკლები პერსონალი სჭირდება ოპერირებისთვის, ვიდრე სჭირდება „სმარტს“. არ ვადასტურებ, თუმცა არც გამოვრიცხავ, რომ მაგ ადგილზე გავხსნათ „დანკინ დონატსი“. 

 

გაძლევთ გარანტიას, რომ ბათუმში კარგ და თბილ სამ ბრენდს მოვიყვანთ ძალიან მალე. „სმარტი“ რაც იყო და არის, პატარა ფორმატში იყო. „სმარტი“ ამ ახალ ცენტრში იქნება წარმოდგენილი სრულად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე