კვირის ამბები,მთავარი

პარტია „ახალი საქართველოს“ ახალი სახეები ბათუმიდან

07.08.2016 • 2881
პარტია „ახალი საქართველოს“ ახალი სახეები ბათუმიდან

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ისევ არ იცის ვის აირჩევს, თუკი საერთოდ არჩევნებზე მივა. „განაწყენებული“ და გაურკვევლობაში მყოფი ამომრჩეველი გარკვეული პირობაა ახალი პოლიტიკური ძალების შესაქმნელად. ერთ-ერთი ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიქმნა, პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოა“. მისი ლიდერი გიორგი ვაშაძეა, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი სახე და იმდროინდელი იუსტიციის მინისტრი. პარტიის ბათუმის ოფისში შეკრებილებს ჩვენ პარტიის ხედვებზე ვესაუბრეთ.

„აქამდე არასდროს მქონია ინტერესი, ვყოფილიყავი პოლიტიკაში…“ – გვითხრა ნინო ტავლალაშვილმა, რომელიც ჩვენი მისვლის დროს თანამოაზრეებთან ერთად ქალაქის პრობლემებით ავსებდა ცარიელ დაფას. ის აქამდე, წლების განმავლობაში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო. ნინო ამბობს, რომ რკინის ფარდა უნდა გაირღვეს და უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც ხალხს მოუსმენს: „დადგა ეს ეტაპი, როცა დამკვირვებლობიდან და რეკომენდაციების გაცემის ნაცვლად, უშუალოდ პროცესის შიგნით მინდა ვიყო ჩართული. დაკვირვებამ მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ასე უფრო ეფექტურად შეიძლება შეცვალო გარემო“.

კითხვაზე, რატომ მიიჩნევთ, რომ საზოგადოებრივი სიკეთის მისაღწევად პარტიაში ყოფნა უფრო ეფექტურია, ვიდრე სამოქალაქო აქტიურობა, ნინო ტავლალაშვილმა კონკრეტულად არ გვიპასუხა. ის და პარტიის სხვა წევრებიც აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ახალი სახეები არიან და თან სუფთა პოლიტიკური წარსულით: „ხშირად ერთი და იგივე სახეები მოძრაობენ სხვადასხვა პარტიაში, შეუსრულებელი რჩება დაპირებები და საბოლოო ჯამში ქვეყანა მიდის კრიზისამდე. ამ პარტიაში ნებისმიერ ადამიანს ვაძლევთ საშუალებას, შემოგვთავაზოს იდეები და იბრძოლოს იდეებისთვის ჩვენთან ერთად“, – ამბობს ნინო ტავლალაშვილი.

„ადამიანებს უნდა გავუჩინოთ სწორი ხედვები, რა მოითხოვონ სწორად, რომ მიიღონ ის,“ – ეს „ახალი საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის კიდევ ერთმა სახემ, რეზო შავაძემ გვითხრა. ასე წარმოუდგენია მას პარტიის როლი, თუკი სახელისუფლებო ძალაუფლებას ვერ მოიპოვებს. რეზო შავაძეც სამოქალაქო სექტორიდან მოვიდა პოლიტიკაში. ის მოქმედი ადვოკატია და ამბობს, რომ იბრძოლებს შეიქმნას ისეთი სასამართლო სისტემა, სადაც ერთგვაროვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული: „სასამართლო პრაქტიკა იქნება უმთავრესი და ქვეყანაში მივიღებთ შერეული სამართლის ქვეყანას… პროკურორებიც უნდა დარწმუნდნენ, რომ ცუდად იქცევიან”. კითხვაზე, რატომ არის საჭირო ამ მიზნისთვის ბრძოლა უშუალოდ პოლიტიკური ტრიბუნიდან, გვპასუხობს: „სამწუხაროდ ვერ შევძელი ადვოკატის პოზიციიდან დამერწმუნებინა რომელიმე პროკურორი, რომ ის ცუდად იქცეოდა. პროკურორს მე კი არ დავარწმუნებ, რომ ცუდად იქცევა, სისტემა დაარწმუნებს, რომელსაც ჩვენ კანონის მიხედვით შევქმნით. ეს ჩემი პირადი ხედვებია ჯერჯერობით. ჩვენ ვეძებთ თანამოაზრეებს. მთავარი ფაქტორი, რის გამოც თანამოაზრეები აღმოვჩნდით აქ შეკრებილები, თავისუფლებაა. გვინდა, ადამიანები უფრო თავისუფლები ვიყოთ და ასატანი გავხადოთ ერთმანეთისთვის ცხოვრება. თვითმიზანი არ არის პარლამენტში ან უმაღლეს საბჭოში მოხვედრა“.

„ახალი საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის კიდევ ერთი სახე მალხაზ ნაკაშიძეა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და აკადემიური საბჭოს წევრი. ის 2007-2008 წლებში უნივერსიტეტის კანცლერი იყო. ამბობს, რომ „კანონების წერა“ იცის და „შემთხვევითი ადამიანი“ არ იქნება პოლიტიკაში. არჩევის შემთხვევაში პირველი საკანონმდებლო ინიციატივა აჭარის კონსტიტუციაზე ექნება და ავტონომიის სტატუსის შეცვლაზე: „ჩემი პირადი აზრია, რომ 2004 წელს აჭარის სტატუსის შეზღუდვა გამოწვეული იყო იმ დროს არსებული რეალობით, რაც დღეს გადახედვას საჭიროებს. მექნება ინიციატივა, რომ აჭარის ხელისუფლების კომპეტენციები გაიზარდოს საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში და ადგილობრივი ხელისუფლება უფრო გადაწყვეტილებაუნარიანი გახდეს“.

პარტიის წარმომადგენლების ხედვების გასაგებად, მალხაზ ნაკაშიძეს ქობულეთის მედრესეს ინციდენტზე და ბათუმში მეჩეთის აშენებაზეც ვკითხეთ. მან გვითხრა, რომ ღორის თავის მიჭედება სრულიად მიუღებელია, ხოლო მეჩეთის აშენება ბათუმში მოსახლეობამ საჯარო განხილვის გზით უნდა გადაწყვიტოს. „საკითხი უნდა განიხილოს მუსლიმმა მრევლმა. დისკუსია უნდა გაიმართოს თემის გარეთაც, მაგრამ თუკი მეჩეთის საჭიროება არსებობს, მუსლიმ თემს ამაში ხელი არ უნდა შეუშალონ“.

მართვის კუთხით პარტიაში ლიდერის გიორგი ვაშაძის მაგალითი მოჰყავთ: „როცა აკეთებ არჩევანს, ყოველთვის იხსენებ, როგორი იყო იგი წარსულში. მე იშვიათად მახსენდება ისეთი წარმატებული პროექტი, როგორიც იყო იუსტიციის სახლები. ამას მიაღწია გიორგი ვაშაძემ,“ – ამბობს ნინო ტავლალაშვილი.

გადასახადების შემცირებას სოფლის მეურნეობაში აპირებს რეზო შავაძე. მისი ხედვით, დაბეგვრისგან უნდა გათავისუფლდეს არა მხოლოდ პირველადი წარმოება, არამედ გადამუშავებაც. ფიქრობს, რომ ეს სოფლის მეურნეობის ბიზნესში რისკებს შეამცირებს. რის საფუძველზე მიიჩნიეს პარტიაში, რომ ამ გზით რისკები სოფლის მეურნეობაში შემცირდება, ან რა ჩაანაცვლებს ბიუჯეტში სოფლის მეურნეობიდან მიღებულ გადასახადებს? – „ახლა სოფლის მეურნეობიდან ბიუჯეტში ხვედრითი წილი არის მინიმალური… უახლოეს პერიოდში შევჯერდებით ამაზე და დეტალურად გავაცნობთ ჩვენს შეთავაზებას საზოგადოებას,“ – გვიპასუხა რეზო შავაძემ. გადასახადების შემცირებას ტურიზმის სექტორში აპირებს მალხაზ ნაკაშიძეც, თუმცა ეკონომიკური გათვლები მისგანაც ვერ მოვისმინეთ.

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველო“ მემარჯვენე-ლიბერალურ პოლიტიკურ ძალად მოიაზრებს საკუთარ თავს, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ ბაზარზე და ინოვაციურ მიდგომებზე, საგარეო მიმართულებით კი, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე. კითხვაზე, რას ეტყვით ამომრჩევლის იმ ნაწილს, ვინც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ემხრობა, პარტიის წევრი და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატი, რეზო შავაძე გვპასუხობს: „ჩვენი ამომრჩეველი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს. არ ვყოფთ ამომრჩეველს პრორუსად, პრომედასავლეთელად და ასე შემდეგ. ჩვენი ამომრჩეველი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ეს მიწა უყვარს, ვისაც სამშობლო უყვარს, მეზობელი და საკუთარი ოჯახის წევრი უყვარს. ეს სადღეგრძელოსავით ჟღერს, მაგრამ ქართველები ასე ვიმარჯვებთ ყოველთვის. ჩვენ დოგმატურად არ ვაზროვნებთ…“

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველო“ კანდიდატების დასახელებას და კონკრეტული პროგრამის წარდგენას ოფიციალურად 25 აგვისტოს აპირებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: