მთავარი,სიახლეები

„ასლან აბაშიძის საქმის“ განხილვა დასკვნით ეტაპზე

27.04.2016 •
„ასლან აბაშიძის საქმის“ განხილვა დასკვნით ეტაპზე

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს „ასლან აბაშიძის საქმეზე“ პროკურატურის საბოლოო სიტყვა მოისმინა. პროკურორები რამაზ შავაძე და მიქაელ ქობულაძე რამდენიმე საათის განმავლობაში დეტალურად აღწერდნენ შემთხვევებს, რის გამოც სისხლის სამართლის კოდექსის 16 მუხლის დარღვევაში ედება ბრალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ხელმძღვანელს – ასლან აბაშიძეს. აბაშიძესთან ერთად გამოძიება კიდევ ხუთ პირს ედავება სხვადასხვა მუხლებით, მათ შორის, ყველასთვის საერთო და მძიმე ბრალდება – უკანონო შეიარაღებული ჯგუფის ფორმირებაა. ერთ-ერთი ბრალდებული, ასლან აბაშიძის პირადი დაცვის უფროსი – დავით ხალვაშია, იგივე „ქელფეთა“. ის ბრალდებულისთვის განკუთვნილი კუთხიდან ისმენდა დღეს პროკურორების გამოსვლას [დავით ხალვაში 2004 წლიდან 2014 წლის 22 აპრილამდე იძებნებოდა. ამჟამად იგი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის გამო იხდის სასჯელს].

IMG_0004

პროკურორი მიქაელ ქობულაძე და ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილი სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს

პროკურორებმა მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დღევანდელ სხდომაზე დეტალურად აღწერეს ჩოლოქის ხიდის აფეთქება, ასევე ნაღმზე აფეთქებები ჩაქვში, რომლითაც რამდენიმე პირმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ბრალდების მხარემ ასევე დაწვრილებით მოყვა თენგიზ ასანიძის ისტორია, სადაც მათი თქმით ასლან აბაშიძესთან ერთად, სხვა მაღალჩინოსნებიც იყვნენ ჩართულები. ბრალდების მხარემ ასევე აღწერა ჟურნალისტებზე სატელეფონო მიყურადების და თავდასხმის ფაქტები.

სასამართლო განაჩენს ელოდება ასევე იოსებ გოგიტიძე და ამირან კურცხალიძე. ამ საქმეში კიდევ ორი ბრალდებული ჯემალ გოგიტიძე და ელგუჯა ჯინჭარაძე არიან, რომლებიც მოსკოვში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გარდაიცვალნენ.

სასამართლო მორიგ სხდომებზე მოისმენს რამდენიმე დაზარალებულის ჩვენებას, ასევე დაცვის მხარის და თავად ბრალდებულების საბოლოო სიტყვას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: