რატომ უნდა ვერიდოთ ალკოჰოლს ზაფხულში

ზაფხულში ალკოჰოლური სასმელის მიღება ჯანმრთელობისთვის გაცილებით უფრო საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე წელიწადის სხვა დროს. ამ პერიოდში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ალბათობა იზრდება და ორგანიზმს განსაკუთრებით უჭირს ალკოჰოლურ თრობასთან გამკლავებაც. რომელ ალკოჰოლურ სასმელებს უნდა ვერიდოთ ზაფხულში და რატომ არის საშიში ალკოჰოლით ინტოქსიკაცია ზაფხულში? – ამ თემაზე „ბათუმელებს“ ტოქსიკოლოგი ვოვა მგელაძე ესაუბრა, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ექიმი.

რატომ არის უფრო საშიში ალკოჰოლით ინტოქსკაცია ზაფხულში?

ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის პირობებში, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა გაძლიერებულია, ამიტომ ალკოჰოლით ინტოქსიკაცია შედარებით უფრო დიდ ზიანს აყენებს ადამიანს, ვიდრე ცივ პერიოდში. მაღალი ტემპერატურის დროს ეთანოლი უფრო ადვილად შეიწოვება ლორწოვანი გარსის მიერ, ამ დროს ორგანიზმში მაქსიმალურად გაფართოებულია სისხლძარღვები, შესაბამისად, ალკოჰოლი უფრო სწრაფად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. გარდა ამისა, ხდება ორგანიზმის გამოშრობა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი იღებს სითხეს, რადგან ალკოჰოლისა და მაღალი ტემპერატურის გავლენით ოფლდენა გაძლიერებულია. მაგალითად ლუდს, რომელიც ზაფხულში პოპულარული სასმელია, გააჩნია შარდმდენი თვისებები. ორგანიზმის ტოტალური გამოშრობის დროს კი ძლიერდება თავის ტკივილი და ინტოქსიკაციის სიმპტომები, რაც, ძირითადად, სწორედ ორგანიზმის გამოშრობას უკავშირდება.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ალკოჰოლით ინტოქსიკაციას ზაფხულში?

განსაკუთრებით მძიმდება სიტუაცია, თუ ადამიანს აწუხებს ქრონიკული დაავადება: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და ა.შ. ასეთ დროს რისკი ორმაგდება. მარტივად რომ ვთქვათ, როცა სისხლძარღვები გაფართოებულია, უფრო მეტი სამუშაოს შესრულება უწევს გულს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. ასეთ დროს ალკოჰოლით ინტოქსიკაციისას ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება დადგეს და სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს.

რომელი ალკოჰოლური სასმელისგან თავშეკავებას ურჩევდით სიცხეში ადამიანებს?

ყველაზე საშიშია მაღალალკოჰოლური სასმელი, ოჯახის პირობებში დამზადებული ჭაჭის არაყი, იგივე ქარხნულად წარმოებული არაყი, რომელიც 40 პროცენტამდე ალკოჰოლს შეიცავს, ასევე კონიაკი, ვისკი, მაღალპროცენტიანი ალკოჰოლის შემცველი კოქტეილები. ლუდი შედარებით მსუბუქია, მაგრამ ცუდი აქვს ის, რომ ბევრს იღებს ადამიანი და ლუდში არის ნივთიერებები, რომლებიც ძალიან უარყოფითად მოქმედებენ ღვიძლზე.

ამ პერიოდში თუ იზრდება ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შემთხვევები?

დიახ, გაცილებით უფრო მაღალია მომართვიანობა. ბოლო ოცი დღის განმავლობაში საავადმყოფოში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შემთხვევა გვქონდა იმდენი, რამდენიც იყო ბოლო ორი თვის მანძილზე ჯამში.

რამდენად სწორია მოსაზრება, რომ ზაფხულში ალკოჰოლით ინტოქსიკაცია განსაკუთრებით საშიშია შუა ხნის მამაკაცებისთვის?

აქვს ამ მოსაზრებას საფუძველი, იმდენად რამდენადაც შუა ხნის ასაკში ქრონიკული დაავადებების რისკი მეტია, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტს ქრონიკული დაავადება აქვს, ორგანიზმი უფრო დაძაბუნებულია, შხამის გაუვნებელყოფა ნაკლებად ხდება ღვიძლის მიერ და შედეგები, რა თქმა უნდა, უფრო სავალალო შეიძლება იყოს.

ალკოჰოლის მიღების მეორე დღეს, ე.წ. ნაბახუსევის დროს, რა რეკომენდაციები არსებობს?

მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასეთ დროს ადამიანი უნდა ერიდოს. უნდა მიიღოს ბევრი სითხე, მაგრამ უნდა მოხდეს სითხის გამოყოფაც, შარდის, ოფლის გზით, რომ თავიდან იქნეს აცილებული გადამეტებული სითხის მიღება.

სამუშაოები პუშკინის ქუჩაზე

„მოსახლეობას აქვს წყლისა და სანიაღვრე სისტემის, ასევე გზის პრობლემა, რომელიც ძალიან მალე მოგვარდება და ვფიქრობ, ბათუმელები მოხარულები ვიქნებით ახალი ინფრასტრუქტურით,“  – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, რომელიც დღეს, 2 აგვისტოს, ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან ერთად, პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ ქუჩების რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიას ხელშეკრულება კომპანია „ზიმო 7“-თან აქვს გაფორმებული. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და ის მინიმუმ 2 წელი კიდევ გაგრძელდება. 2018 წლის ნოემბრამდე მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ „ჭაობის“ დასახლებაში 25 ქუჩაზე 18,9 მილიონზე მეტი ლარის სამუშაოები უნდა შეასრულოს [სანიაღვრე სისტემები, ტროტუარები, მოასფალტება].

ამავე თემაზე:

პუშკინის ქუჩა – ხაფანგი მძღოლებისთვის

DSCN1036
ბათუმი, პუშკინის ქუჩა / 2.08.2016 / როინ გუნდაძის ფოტო

მერიის გაფრთხილება: მოქალაქეებმა 3 აგვისტოს, 14:00 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების 6 მაისის პარკში გასეირნებისგან

ბათუმის მერიის განცხადებით, „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ 6 მაისის პარკში ხე-მცენარეთა შხამ-ქიმიკატებით შეწამვლას განახორციელებს. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, მოსახლეობას მოვუწოდებთ, ხვალ, 3 აგვისტოს, 14:00 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების პარკში გასეირნებისგან“.

ვინ უმკურნალებს ცხოველებს? – „საქართველოში ვეტერინარები აღარ გვეყოლება“

„მთაში ყოფნისას იყო შემთხვევა, როდესაც სხვა სოფლიდან ღამე გამომიძახეს, პირუტყვი ავად გაუხდათ. ღამე ფეხით ვერ წავედი, ტრანსპორტი არ იყო. დილით უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. თუმცა, რომ დავათვალიერე, დროული დახმარების შემთხვევაში მისი გადარჩენა შეიძლებოდა,“ – დანანებით ამბობს 57 წლის ბადრი შავაძე, რომელიც 33 წელია ხულოს მუნიციპალიტეტის 8 სოფლის ერთადერთი ვეტექიმია. მთლიანობაში ხულოს მუნიციპალიტეტის 80-მდე სოფელს სულ 7-8 ვეტექიმი და ოცამდე ფერშალი [ვეტექიმის დამხმარე/ექთანი] ემსახურება.

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც მესაქონლეობა აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტადაა განვითარებული, დაახლოებით 31-32 ათასი პირუტყვია აღრიცხული. სპეციალისტები რომ საკმარისი არ არის, ამას ვეტექიმებიც ამბობენ და გლეხებიც. ვეტექიმის მომსახურება ფასიანია, სახელმწიფო მხოლოდ რამდენიმე გადამდები დაავადების საწინააღმდეგო აცრების პროგრამას ახორციელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ სამმართველოში ამ დროისათვის კონტრაქტით 3 ვეტექიმი და 11 ფერშალი მუშაობს. მათი სამუშაო დროებითია და ასევე, ამ დაავადებათა აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობაც სამმართველოს მიერ დაქირავებული ვეტერინარების საქმეში შედის.

„ჩვენ მხოლოდ აცრებზე ვმუშაობთ, ახლა რომ დარეკონ, ძროხას გართულებული მშობიარობა აქვს ან რაიმე სხვაო, ჩვენი სამსახური ვერ დაეხმარება… ჩვენ ადგილზე გავალთ, მხოლოდ გადამდებ დაავადებათა საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ავიღებთ სინჯებს და გადავგზავნით ბათუმში [ლაბორატორია მუნიციპალიტეტში არ არის]“, – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხულოს ინპექტორი, პროფესიით ვეტექიმი თენგიზ ირემაძე. ის ამბობს, რომ რადგან სახელმწიფო მხოლოდ ამ მიმართულებით აფინანსებს ვეტერინარიას, ვეტექიმის ორი მუდმივი შტატი საკმარისია. თუმცა აღნიშნავს, რომ გადამდებ დაავადებებზე მეტად მოსახლეობას არაგადამდები დაავადებები და ცხოველთა სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები აზარალებს:

„ყოველწლიურად არის პირუტყვის დაღუპვის შემთხვევები, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტში არსებული ვეტერინარების რესურსი, რომლებიც კერძო საქმიანობას ეწევიან, არასაკმარისია, მაგრამ აქ ვერც ვეტმომსახურების კერძო სერვისცენტრი იმუშავებდა, რადგან, მაგალითად, ცენტრიდან ხიხაძირში რომ ავიდეს გამოძახებაზე ექიმი, მისი ხარჯები მომსახურების ფასს გაზრდის, რასაც გლეხი ვერ გადაიხდის. თემებში სახელმწიფო თუ გახსნიდა მსგავს ცენტრებს, იქნებოდა უფრო ეფექტური, რადგან ბიზნესისთვის არამომგებიანი იქნება ესეც“, – ამბობს თენგიზ ირემაძე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეტერინარიის პროგრამა არ არის. ერთიანი ეროვნული გამოცდების აბიტურიენტთა წლევანდელ ცნობარში სულ სამ უნივერსიტეტს აქვს მიღება ვეტერინარიაზე. ადგილების რაოდენობა 400-ს მცირედით აჭარბებს, თუმცა აღნიშნული რაოდენობის მოთხოვნა არ არსებობს.

„უკვე ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ საქართველოში ვეტერინარები აღარ გვეყოლება. ვეტერინართა უმრავლესობა 50 წელსაა გადაცილებული, ახალგაზრდებში კი დაინტერესება არ არის. ჩვენ მართალია, სამეცნიერო ბაზა არ გვაქვს, მაგრამ არც ერთი სტუდენტი არ დაინტერესებულა, მოხალისედ მოსულიყო და დაკვირვებოდა ცხოველებს, შეესწავლა ეს საქმე,“ – დანანებით ამბობს ბათუმის ზოოკუთხის დირექტორი ამირან მურვანიძე.

ქვეყენაში რომ ვეტერინარები ძირითადად ხანდაზმული ადამიანები არიან და შესაბამისი განათლების მიღება რომ პრობლემაა, ამას სახელმწიფოც აღიარებს. დოკუმენტში – „საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა 2016-2020 და ცხოველთა ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმა“ – გასული წლის [2015] სიტუაციის სტრატეგიული ანალიზის სუსტ მხარეებში მითითებულთაგან ორი, ხანდაზმული ვეტერინარების დიდი პროპორცია და არაშესაფერისი ვეტერინარული განათლება, აკრედიტაცია და განგრძობითი განათლებაა. დოკუმენტში საუბარია მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ მდგომარეობაზე.

თუმცა არიან გამონაკლისებიც. მაგალითად, გიორგი კალანდაძე 30 წლის ვეტერინარი ექიმია. როგორც თავად ამბობს, აჭარაში მისი ასაკის მხოლოდ ხუთ ვეტერინარ ექიმს იცნობს: „რეგიონში ვეტერინართა საშუალო ასაკი 63 წელია, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა“, – ამბობს ის. გიორგის ეს პროფესია ჯერ კიდევ სკოლაში მისვლამდე მოსწონდა და მისი საბოლოო არჩევანიც ვეტერინარიაზე შეჩერდა.

„არის გამოთქმა: ექიმი კურნავს ადამიანს, ვეტერინარი ექიმი კი – მთელ კაცობრიობას, ამით ნათქვამია ამ პროფესიის მნიშვნელობაზე. ვეტექიმობა დიდი პასუხისმგებლობაა, ერთი შეცდომით შეიძლება არამარტო ცხოველი, არამედ, უამრავი ადამიანი აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე“, – ამბობს გიორგი. ის აღნიშნავს, რომ ეს პროფესია საკმაოდ შემოსავლიანიცაა და არ იზიარებს შეხედულებას, რომ ვეტექიმებს უჭირთ საკუთარი პროფესიით თავის შენახვა.

როგორც ახალგაზრდა ვეტექიმი ამბობს, მისი აზრით, პროფესიის პოპულარიზაციის შემთხვევაში ვეტერინარიაზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება.

„საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა 2016-2020 და ცხოველთა ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმაში“ განხილულია ვეტერინარული განათლების მოდერნიზების საჭიროება. დოკუმენტში დასახელებულ ძირითად პრობლემას წარმოადგენს დარგში მასწავლებლებისა და პროფესორების ნაკლებობა, რომლებმაც უნდა მიაწოდონ სტუდენტებს სათანადო განათლება და პროფესიული კურსები, რაც ვეტერინარიულ ფაკულტეტზე ჩაბარების დაბალ მოტივაციას განაპირობებს. ამ მიმართულებით „სამუშაო ადგილები წლების მანძილზე შემცირდა. აგრეთვე უნივერსიტეტებში იგრძნობა ინტერესის ნაკლებობა, რომ სტუდენტებს მიაწოდონ საერთაშორისოსთან შესაბამისი ვეტერინარული განათლება, ხოლო ძირითადად ამჟამინდელი კურიკულუმები მომართულია ვეტერინარ-ტექნიკოსების მოსამზადებლად. საბოლოოდ, ვეტერინარია როგორც პროფესია, გამოაკლდა საქართველოში რეგულირებული პროფესიების ჩამონათვალს. ასე, რომ სახელმწიფო მოთხოვნები არ ითვალისწინებს ვეტერინარიულ განათლებას“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

საზაფხულო ბანაკში მონაწილეობისთვის სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყო

 აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი „ახალგაზრდულ საზაფხულო ბანაკში” მონაწილეობის მსურველებისთვის მიღებას აცხადებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, კონკურსის სახით სულ 50 სტუდენტი შეირჩევა,  რომლებიც 13 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით ბანაკში გაემგზავრებიან.

ბანაკის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული, გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ხასიათის აქტივობები ჩატარდება, მათ შორის ტრენინგ-სემინარები შემდეგ თემბზე: პროექტის წერა, დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, მოხალისეობა, არაფორმალური განათლება, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა, ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივიზმი და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აჭარაში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

მსურველებმა სამოტივაციო წერილთან ერთად, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე (youth@dsy.gov.ge) უნდა გააგზავნონ თავიანთი სახელი, გვარი, მისამართი, უმაღლესი სასწავლებლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია

რეგისტრაცია გრძელდება 11 აგვისტოს ჩათვლით.

ბათუმელმა ექიმებმა პოლონეთში გადამზადების კურსი გაიარეს

აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე დღეს, 2 აგვისტოს პოლონეთიდან დაბრუნებულ ექიმებს შეხვდა.
აჭარის მთავრობისა და სილეზიის სავოევოდოს [პოლონეთი] მარშალის ოფისს შორის თანამშრომლობის, 2015-2016 წლების სამუშაო პროგრამის ფარგლებში აჭარის ონკოლოგიური ცენტრის სამი ექიმი სპეციალიზებული ტრენინგკურსის გასავლელად პოლონეთში იმყოფებოდა.

აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის თქიმით, ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა.

ქიმიოთერაპევტი ხათუნა შოთაძე პოლონეთში ვიზიტის დადებით მხარეებზე გაგვესაუბრა.

„ჩვენი პოლონეთში გამგზავრების მიზანი უმთავრესად იყო პოლონელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება. ორი კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდით მარია სკლადოვსკაია კიურის ონკოლოგიურ ცენტრში, რომელიც ემსახურება არამარტო პოლონეთის მოსახლეობას, არამედ პაციენტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ასე რომ პაციენტების ნაკადი იყო ძალიან დიდი. გვქონდა საშუალება თვალი გვედევნებინა პაციენტების მკურნალობის ტაქტიკაზე, ასევე გაგვეცნო პაციენტების მართვის სერვისი“ – ამბობს ხათუნა შოთაძე.
ხათუნა შოთაძე აღნიშნავს, რომ მათ კლინიკაში, ბათუმში, პაციენტების მკურნალობა მიმდინარეობს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუმცა მიუხედავად იმისა, პოლონეთში ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება შეიძინა, რასაც მომავალში აუცილებლად გამოიყენებს პროფესიულ საქმიანობაში.

პოლონეთში იმყოფებოდა კლინიკა „მედცენტრის“ მთავარი ექთანი გულო აბაშიძეც.

„მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენი რეგიონის ექიმებისთვის იყო აუცილებელი. ბევრი რამ ვნახეთ, მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. აღნიშნული კლინიკა ბევრად ვერაფრით განსხვავდება ქართულისგან, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არის უფრო ფართომასშტაბიანი, იქ უფრო მეტი მუშაობაა“ – აცხადებს გულო აბაშიძე.

„აღნიშნული პროექტი პოლონეთში დაიწყო 2013 წლიდან. შევხვდით ადგილობრივ ხელისუფლებას, დავათვალიერეთ ის სამედიცინო ცენტრები, რომლებიც ჩვენს ინტერესს წარმოადგენდა, ერთ-ერთი იყო მარია სკლადოვსკა კიურის სახელობის ონკოლოგიური ცენტრი. ამ უკანასკნელში ყველა თანამედროვე აღჭურვილობაა, თანამედროვე ტექნოლოგიები, ამიტომ ჩვენ მათთან დავიწყეთ თანამშრომლობა“- განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ.

აგვისტოში აჭარიდან კიდევ ორი ექიმი გაემგზავრება პოლონეთში.

შეხვედრა ექიმებთან. ნაზი ბერიძის ფოტო
შეხვედრა ექიმებთან. ნაზი ბერიძის ფოტო

150 წლის ყაბალახი და 10 ათასი წლის წინანდელი თოხი – რას ნახავთ მაღალმთიანი აჭარის მუზეუმებში

აჭარის მაღალმთიანეთში ტურისტს შესაძლებლობა აქვს ნახოს როგორც ისტორიული, ასევე არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ცნობილი საზოგადო მოღვაწეების სახლ- მუზეუმები. აქ სულ რვა მუზეუმი ფუნქციონირებს – სამი შუახევში, სამი ხულოში და ორიც ქედაში.

აჭარის მთიანეთის უძველესი ყოფის ამსახველ ექსპონატებს ქედის ისტორიული მუზეუმი ინახავს. აქ ვიზიტორი 8-10 ათასი წლის წინანდელი ქვის თოხსა თუ შურდულის ქვებს ნახავს, რომლებსაც, როგორც ისტორიული წყაროებით დასტურდება, ჩვენი წინაპრები მიწის დასამუშავებლად და მტაცებელი ცხოველებისგან თავის დასაცავად იყენებდნენ. 17 წლის ისტორიის მქონე ქედის ისტორიულ მუზეუმში ამ დროისთვის 4000-ზე მეტი ექსპონატია დაცული, მათ შორისაა როგორც ვერცხლისა და ბრინჯაოსგან ასეული წლის წინ დამზადებული ხელნაკეთი სამკაულები, ასევე თიხისა თუ რკინისგან დამზადებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭელიც.

როგორც მუზეუმის დირექტორმა ვაჟა ფარტენაძემ აგვიხსნა, მუზეუმში დაცული ექსპონატების ნაწილი ქედის სოფლებშია შეგროვებული, ზოგი მუზეუმმა შეისყიდა, ზოგიც კი მუზეუმის მიერ განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების დროსაა აღმოჩენილი.

მუზეუმში არის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული კუთხეები. ასევე, ვიზიტორს შეუძლია ნახოს როგორც ძველი, ასევე თანამედროვე დროის ხეზე კვეთის ნიმუშები. მუზეუმშია აჭარული კუთხეც, სადაც აქაური ყოფის ამსახველი ნივთები თუ სამოსია გამოფენილი.

ვაჟა ფარტენაძე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუზეუმში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა:

„დამთვალიერებლისთვის ექსპონატის ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა უხსნი, რომ ერთი, კონკრეტული ექსპონატი უძველესია, უკვირს, ასეული წლების წინ ასეთი ნივთების დამზადება როგორ შეეძლოთ ჩვენს წინაპრებს, მაგრამ თუ ვიზიტორი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი ან არქეოლოგია, მისთვის აქ დაცულ ექსპონატებს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს. მეზეუმში ყოველწლიურად იზრდება ექსპონატების რიცხვი, ამასთანავე იზრდება მნახველთა რაოდენობაც. წელს, გასულ წელთან შედარებით, მეტი ვიზიტორი გვყავს, გასულ წელს წინა წლებთან შედარებით მეტი იყო,“ – ამბობს მუზეუმის დირექტორი.

ისტორიული მუზეუმის გარდა ქედაში ასულ ტურისტს ასევე შეუძლია სოფელ გეგელიძეებში მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმის დათვალიერებაც, სადაც ფრიდონ ხალვაშის პირადი ნივთები და ფოტომასალაა გამოფენილი.
შუახევში სამი მუზეუმია, მათგან ერთი, სოფელ კვიახიძეებში მდებარე მუზეუმი საუკუნე-ნახევრის წინანდელ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მასალებს ინახავს. აქ დაცული ექსპონატები მუზეუმის თანამშრომელმა ვიქტორ ფუტკარაძემ შუბნისა და უჩამბის სოფლებში შეაგროვა და ერთ საგამოფენო სივრცეში პირველად 20 წლის წინ გამოფინა.

სოფელ კვიახიძეების მუზეუმში 1400-მდე ექსპონატია. აქ ყველაზე ძველი ნივთი ყაბალახია, რომელიც 150 წლისაა. აქვეა სადედოფლო კაბაც, რომელსაც საუკუნე-ნახევრის წინ სოფელ კვიახიძეებში პატარძლები იცვამდნენ. აქ არის ყავის საფრქვავი წისქვილიც, რომელიც სოფელში მცხოვრებ ოჯახს სტამბულიდან 1880 წელს გამოუგზავნეს.

„მუზეუმის დამთვალიერებელს შორის უცხოელი მნხაველი სჭარბობს. თურქეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები გვსტუმრობენ. ყველაზე მეტად აჭარული სამოსით ინტერესდებიან,“ – ამბობს ვიქტორ ფუტკარაძე.
კვიახიძეების გარდა შუახევში ტურისტს შესაძლებლობა აქვს სოფელ ნიგაზეულში ხიმშიაშვილების სახელობის სახლ-მუზეუმი და ოლადაურში ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიეროს.

სახლმუზეუმი სოფელ ნიგაზეულში 2003 წელს გაიხსნა 105 ექსპონატით. ახლა აქ 356 ექსპონატია დაცული.

„რაც გახსნის შემდეგ შეემატა მუზეუმს, მე თვითონ შევაგროვე სოფლებში. ძირითადად ფოტო და წერილობითი მასალა სჭარბობს. ყველაზე ძველი სადურგლო იარაღებია: „შარაშინი~, „რანდა~… ვიზიტორების დიდი ნაწილი ზაფხულში მოდის, გასულ წელს 2560-მდე მნახველი ჰყავდა მუზეუმს, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია სოფელში არსებული მუზეუმისთვის. აქვე გვაქვს ჩანაწერთა წიგნი, არაერთი საინტერესო ჩანაწერი დაუტოვებიათ მნახველებს,“ –  ამბობს სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუზეუმის თანამშრომელი ელგუჯა ხიმშიაშვილი.

სამი მუზეუმის დათვალიერება შეუძლია ხულოში ასულ ტურისტს. ერთ-ერთი მათგანი დაბა ხულოში არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმია, სადაც 590-მდე ექსპონატია დაცული. „არის ეთნოგრაფიული ექსპონატები და ძველი ფოტომასალა, გრაფიკული ნამუშევრები, ნუმიზმატიკური და არქეოლოგიური მასალები,“ – ამბობს მუზეუმის დირექტორი ნანა შანთაძე.

ხულოს მუზეუმი
ხულოს მუზეუმი

სხალთაში ასულ ტურისტს შეუძლია დაათვალიეროს სელიმ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი, სადაც სელიმ ხიმშიაშვილის პირად ნივთებთან ერთად საოჯახო ნივთებია გამოფენილი, ფაიფურის, სპილენძისა თუ ვერცხლის ჭურჭელი, ე.წ „კუზნეცოვის“ სახელით ცნობილი თეფშები, უძველესი ფორტეპიანო, მოჩუქურთმებული სარკე და ფოტომასალა, სულ 600-მდე, ძირითადად მე-19 საუკუნით დათარიღებული ექსპონატი. არის ჩანაწერები, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის 300-წლიან ბატონობასთან დაკავშირებით ინფორმაციას შეიცავს, და ასევე, ჩანაწერები ხიმშიაშვილთა გმირობაზე.

სხალთის გარდა ხულოში მუზეუმია სოფელ თხილვანაში, რომელსაც ეთნოგრაფიული დატვირთვა აქვს. „აქ არის მე-12 საუკუნით დათარიღებული ექსპონატები, უძველესი ფოტომასალები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ყველაზე მეტად რითაც ინტერესდებიან დამთვალიერებლები, ეს არის ტრადიციული უძველესი აჭარული აკვანი. 800-მდე ექსპონატია დაცული, არის უძველესი ხმალი, დანები, ღვინის თასი… უმეტესად გვაქვს ფოტომასალა, რომელიც ხეობაში შემორჩენილ ისტორიას ინახავს,“ – ამბობს თხილვანის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ლაშა ბოლქვაძე.

მაღალმთიანი აჭარის მუზეუმებში ვიზიტორთა სტატისტიკას არ აწარმოებენ, შესაბამისად, მუზეუმში დამთვალიერებელთა ზუსტ რაოდენობას აქ ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ სტატისტიკა, მათი დაკვირვებით, მზარდია, განსაკუთრებით ზაფხულში. ყველა ამ მუზეუმის დათვალიერება უფასოდაა შესაძლებელი.

რა ხდება ქალთა საპატიმროებში

ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“, იმის დასადგენად, თუ რამდენად არის გათვალისწინებული ქალთა გენდერსპეციფიკური ფაქტორები და საჭიროებები სისხლის სამართლის სისტემაში, კვლევა ჩაატარა, რომელიც სისტემის ყველა ეტაპს მოიცავს –  დაკავების მომენტს, სასამართლო განხილვას და შემდეგ უკვე სასჯელის აღსრულებას, როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო კუთხით. კვლევის ავტორის, ტატო ქელბაქიანის თქმით, ფოკუსჯგუფებთან, ყოფილ პატიმრებთან, პროკურორებთან, მოსამართლეებთან და სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინტერვიუებისას, პრობლემები სისტემის ყველა ეტაპზე გამოიკვეთა. კვლევა 2013-2015 წლებს მოიცავს.

 ბატონო ტატო, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან რომ დავიწყოთ, რა ხარვეზები აღმოჩნდა ამ ნაწილში?

ყველაზე მეტი პრობლემა რეგიონებში იკვეთება. გარდა იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში, ამ დაწესებულებებში არ არის სრულყოფილი ვინტილაცია და განათება, პრობლემაა ისიც, რომ მიღებისას ხშირ შემთხვევაში არ ჰყავთ ქალი პერსონალი და თუ ქალს, მაგალითად, ჰიგიენური საშუალების თხოვნა უნდა, რაც ცოტა დელიკატური საკითხია, უნდა მივიდეს და სთხოვოს კაცს. ცალკე საკითხია ის, რომ ამას სჭირდება დირექტორის ნებართვა. მაშინ განმარტებული უნდა იყოს კანონში, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ეთქვას უარი დაკავებულ ქალს გარედან ჰიგიენური საშუალების შემოტანაზე.

გარდა ამისა, საკნებში არსებობს პრივატულობის პრობლემაც – ხშირ შემთხვევაში საკნებში ისე არის სველი წერტილები კონსტრუირებული, რომ ღიობიდან შეხედვისას იგი სრულად ჩანს. შეხედვა კი სავალდებულოა თვითდაზიანებისა თუ სუიციდის პრევენციის მიზნით. ზოგიერთმა ინტერვიუსას განაცხადა, რომ როდესაც ვაპირებდით ტუალეტით სარგებლობას, ვაფრთხილებდით პერსონალს, რომ არ შემოეხედათო. პრობლემები გამოიკვეთა კვებასთან დაკავშირებითაც – ხშირად ქალებს ძალიან მშრალი საკვები მიეწოდებათ და იმ შემთხვევაში, თუ დროებითი დაკავების იზოლატორში ორსული ან მეძუძური დედა მოხვდება, მათთვის არ არის გათვალისწინებული სპეციფიკური საკვები, ისინიც იმავე საკვებს მიიღებენ, რასაც სხვა. რეგიონებში ხშირ შემთხვევაში ჭურჭელიც კი არ ჰქონდათ და ზოგიერთმა აღნიშნა, რომ თაბახის ფურცელზე უდებდნენ საკვებს და ისე აწვდიდნენ. ასევე, საერთაშორისო სტანდარტებით, როცა ასეთ დახურულ სისტემაშია ადამიანი მოთავსებული, დღეში მინიმუმ ერთი საათი სუფთა ჰაერზე უნდა გაისეირნოს, თუმცა თითქმის არსად არ გამოკვეთილა ასეთი პრაქტიკა საქართველოში. რიგ შემთხვევებში იყო პრობლემები შხაპის მიღებასთან დაკავშირებითაც.

საჭიროების შემთხვევაში რამდენად ხელმისაწვდომია ფსიქოლოგის კონსულტაცია დაკავების პირველ ეტაპზე?

თანამშრომლების ნაწილი გადამზადებულია სუიციდის ნიშნების ამოცნობაზე, მაგრამ საქმე ის არის, რომ სუიციდის ყველაზე დიდი რისკი დაკავებიდან სწორედ პირველ 24 საათშია, ანუ მაშინ როცა სტრესულ/შოკურ მგდომარეობაშია ადამიანი, აქ კი ცალკე ფსიქოლოგის სამსახური არ არსებობს, რაც აუცილებელია და ამის საჭიროება არის თითქმის ყველგან.

სასამართლოზე განხილვის პროცესთან დაკავშირებით რა სურათია და რა რეკომენდაციები გაქვთ?

მოგეხსენებათ ჩვენთან საკმაოდ გავრცელებული და აქტუალური პრობლემაა ფემიციდი და ოჯახში ძალადობა, შესაბამისად საინტერესოა, თუ რამდენად ითვალისწინებს მოსამართლე „ხანგრძლივი მსხვერპლის სინდრომის“ ფაქტორს, როგორც ერთგვარ შემამსუბუქებელს – ანუ როცა ქალი, რომელიც არის ხანგრძლივი ძალადობის მსხვერპლი, ჩადის დანაშაულს. ჩვენთან ამის პრაქტიკაში გათვალისწინება არ ხდება. აფექტს ეძახიან, მაგრამ აფექტის დადასტურება ფაქტობრივად შეუძლებელია. ჩვენი რეკომენდაციაა, მომზადდეს სასამართლოში წინა სასამართლო ანგარიშები, მათ საფუძველზე ხდება ადამიანის ბიოსოციალური პორტრეტის შედგენა და ეს უფრო მრავალმხრივ ინფორმაციას აწვდის მოსამართლეს აღნიშნულ საქმეზე, იმიტომ, რომ ხშირად ადვოკატი ვერ არკვევს და ვერ აძლევს იმ ინფორმაციას, რაც შეიძლება დაცვისთვის ძალიან საჭირო იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ არ არის შესაბამისად კვალიფიციური. ასეთი ინფორმაციის გარეშე საბოლოო გადაწყვეტილებები არის ძალიან მშრალი და შაბლონური.

საჭიროა „ხანგრძლივი ძალადობის მსხვერპლის სინდრომი“ გამოიკვეთოს შეფასების მომენტში და ერთგვარად ქვაკუთხედი დაინახოს მოსამართლემ, რათა ასეთ დროს აქცენტი გაკეთდეს უფრო ალტერნატიულ, არასაპატიმრო სასჯელებზე, ვიდრე საპატიმროზე. პრობლემაა ისიც, რომ მწირია აღმკვეთი ღონისძიებების ჩამონათვალი, ძირითადად ეს არის – გირაო ან პატიმრობა. ხშირად, როცა ქალი ოჯახში ხანგრძლივი ძალადობის მსხვერპლია და ჩადის დანაშაულს, მას არ აქვს გირაოს თანხა, რადგან იშვიათად აქვთ საკუთარი შემოსავალი, ძირითადად დამოკიდებულები არიან მეუღლეებზე და ალტერნატივად რჩება მხოლოდ პატიმრობა. მართალია, არის კიდევ პირადი თავდებობა, მაგრამ საამისოდ სანდო ადამიანის გამოჩენა და შერჩევა რთულია, ამიტომ, ფაქტობრივად, ის არ გამოიყენება.

რა მდგომარეობაა ქალთა თავისუფლების აღმკვეთ დაწესებულებებში განთავსებასთან დაკავშირებით?

არსებობს დახურული და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებები, ღია ტიპის დაწესებულებაში დილით იღება კარი და ქალ პატიმრებს საღამომდე შეუძლიათ გადაადგილება. დახურული ტიპის აღმკვეთ დაწესებულებებში ქალები სხედან საკანში და შესაძლებლობა აქვთ ერთი საათით გავიდნენ სუფთა ჰაერზე. დახურული ტიპის დაწესებულებაში კანონით უნდა განთავსდეს უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პატიმარი, ეს არ არის ნორმა, მაგრამ პრაქტიკა ასეთია. ვფიქრობ, შესაძლებელია მათ მოიხადონ სასჯელი დახურული ტიპის დაწესებულებაში რაღაც პერიოდი, მაგრამ არა მუდმივად ამ პირობებში.

მეორე პრობლემა ეხება შემოწმების მეთოდს. ქართული კანონმდებლობით დაშვებულია ორი ტიპის შემოწმება – სრული და არასრული. არასრული არის გარეგნულად შემოწმება და შეიძლება შეხების გარეშეც მოხდეს. მეორე არის სრული, ანუ გაშიშვლებით შემოწმება. საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს მესამე ფორმის შემოწმებაც – ინვაზიური ანუ სხეულის იმ ნაწილების შემოწმება, რომელთა გამოყენებაც პატიმარს შეუძლია რაიმეს სამალავად. პრაქტიკა საქართველოში არის ასეთი, პატიმრებს სთავაზობენ ან ბუქნებს (რაც საერთაშორისო სტანდარტებით, ღირსების შემლახველ ქმედებად ითვლება), ან ინვაზიურ, ანუ გინეკოლოგის მიერ შემოწმებას. კანონი მოითხოვს სრულ შემოწმებას და ხშირად სრული შემოწმება ჰგონიათ ინვაზიური შემოწმება, სინამდვილეში ეს არ არის ასე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხეულის ნაწილების შემოწმებას. ინვაზიური ტიპის შემოწმებას აუცილებლად აკეთებს სამედიცინო პერსონალი, მაგრამ ამის პროცედურა ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. იმის გამო, რომ ციხეში ხშირია სხეულის ნაწილების სამალავად გამოყენების პრაქტიკა, შემოწმება აუცილებელია, მაგრამ არსებობს ბევრად უკეთესი ალტერნატიული ფორმები, იმავე სკანერებით შემოწმება, რომელზეც უნდა გადავიდნენ სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები ეტაპობრივად.

რა მდგომარეობაა თავისუფლების აღმკვეთ დაწესებულებებში ჰიგიენის მხრივ?

გამოიკვეთა, რომ ციხეში არ არის ჰიგიენური საშუალებები საკმარისი რაოდენობით, თუმცა დროებითი მოთავსების იზოლატორთან შედარებით, ამ მხრივ ბევრად უკეთესი პირობებია.

ფოტოზე ტატო ქელბაქიანი. ფოტო: „ლიბერალი”

საავადმყოფოები დონეების მიხედვით – რა უნდა იცოდეს ორსულმა

აჭარა პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის პროექტში ჩაერთო, რაც იმ სამედიცინო დაწესებულებების დონეებად დაყოფას გულისხმობს, რომლებიც დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობენ პაციენტებს. ამჟამად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯგუფი აჭარაში სამედიცინო დაწესებულებებს სწავლობს.

ბათუმის სამშობიარო სახლი, რეფერალური საავადმყოფო, კლინიკა „მედინა“, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი – ეს ბათუმში მდებარე იმ სამედიცინო დაწესებულებების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის პროექტში პირველ, მეორე ან მესამე დონეს მიიღებენ. პროექტის მიზანი დედათა და ჩვილ ბავშვთა მოვლის ხარისხის გაუმჯობესებაა.

„პროექტის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი ორსულისა და ახალშობილისთვის არსებობდეს არამარტო ბაზისური სამეანო-ნეონატალური სერვისი, რომელიც მხოლოდ ფიზიოლოგიურ ორსულობას და მშობიარობას გაუმკლავდება, არამედ სერვისი, რომელიც სხვადასხვა ტიპის გართულებების მართვასაც შეძლებს,“ – განმარტავს ნინო ბერძული, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2014 წელს ქვეყნის მასშტაბით 96 დაწესებულება შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ სამედიცინო დაწესებულებათა 80 პროცენტზე მეტი მხოლოდ ბაზისურ დონეს აკმაყოფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ კლინიკებში ექიმებს მხოლოდ ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობა და მშობიარობა შეეძლოთ ემართათ ხარისხის შესაბამისად და არა გართულებები. მინისტრის მოადგილის განმარტებით, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სამედიცინო დაწესებულებების დონეებად დაყოფა.

შესწავლის შედეგად აჭარაში ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ორსულთა, მშობიარეთა და ჩვილ ბავშვთა მართვა ხორციელდება, სამ დონედ დაიყოფა. პირველი დონე საბაზისოა, მეორე დონეს მიიღებს სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც აქვს უფრო მაღალი ხარისხის სერვისი და პირველ დონეზე მაღალი სამედიცინო მომსახურების სტანდარტი, ხოლო მესამე, ყველაზე მაღალ დონეს მიიღებს სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს ორსულთა, დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობის მძიმე და უკიდურესად მძიმე შემთხვევებს.

პირველ ეტაპზე, სამინისტროსთან არსებული ჯგუფი შედის დაწესებულებაში და მდგომარეობა ფასდება დაწესებულების მოთხოვნის შესაბამისად. თუ, მაგალითად, დაწესებულება ითხოვს პირველ დონეს, იგი შესაბამისი ინსტრუმენტით ფასდება და ეძლევა რეკომენდაცია, აკმაყოფილებს თუ არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ დონეს. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ დონეს, მას ეძლევა შესაძლებლობა სამი თვის განმავლობაში აღმოფხვრას ხარვეზები და ხდება განმეორებითი შეფასება, როდესაც უკვე ენიჭება დონე.

„დონეებად დაყოფა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ დაწესებულებამაც უნდა იცოდეს, რისი კომპეტენცია აქვს მას, რა გართულების მართვის შესაძლებლობა აქვს ფუნქციური, ადამიანური რესურსიდან გამომდინარე და რისი უფლება არ აქვს, რა სცდება მის კომპეტენციას, რომ დროულად გადაამისამართოს პაციენტი მეორე ან მესამე დონის სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტსაც ეცოდინება, რომ თუ მას გარკვეული გართულებები აქვს, ის უნდა მივიდეს არა საბაზისო დონის, არამედ უფრო მაღალი დონის დაწესებულებაში, რომ იქ გარანტირებულად მიიღოს მაღალი ხარისხის სერვისი. ეს არის ძირითადი პრინციპი,“ – ამბობს ნინო ბერძული.

სამედიცინო დაწესებულებების შეფასების ინსტრუმენტი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებითაა დამტკიცებული. ნინო ბერძულის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მიიღებს მისი დონისთვის შეუსაბამო პაციენტს, სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გაწეული მომსახურების საფასურს არ აუნაზღაურებს. კითხვაზე, საიდან ექნება პაციენტს ინფორმაცია, რომელ დონეს აკმაყოფილებს ესა თუ ის სამედიცინო დაწესებულება, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სამედიცინო დაწესებულებას ეკისრება:

„აქ მარტო დაფინანსებაზე კი არა არის საქმე, ქალისა და ბავშვის სიცოცხლეზეა ლაპარაკი. დაწესებულებამ იმ გართულების მართვის პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს, რასაც ის თავს ვერ გაართმევს, ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური თუ ადამიანური რესურსის თვალსაზრისით. ამიტომ არის პერინატალური რეგიონალიზაციის მოდელი მიჩნეული ერთ-ერთ საუკეთესოდ იმისათვის, რომ მოხდეს დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირება.“

პირველი, მეორე ან მესამე დონე სამედიცინო დაწესებულებას ერთი წლით ენიჭება. ნინო ბერძული ამბობს, რომ ერთ წელიწადში მონიტორინგი ისევ შედგება და დონე განახლდება.

„ჩვენ ამ სერტიფიკატს საბოლოოდ არ ვაძლევთ დაწესებულებას. მიიღო ერთხელ და ამით დასრულდა ყველაფერი – ასე არ არის, რადგან სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლოა გაუმჯობესდეს ან გაუარესდეს მდგომარეობა.“

პროექტი ეტაპობრივად მიმდინარეობს და აქამდე იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში განხორციელდა. ნინო ბერძული ამბობს, რომ შედეგები „საკმაოდ კარგია“:

„მოხდა პაციენტების ნაკადების გადანაწილება სწორად. თუ კი აქამდე ყველა პაციენტი, ორსული ქაოტურად მიდიოდა რომელ დაწესებულებაშიც უნდოდა, მიუხედავად იმისა, იმ დაწესებულებას ჰქონდა თუ არა კომპეტენცია ემართა კონკრეტული ორსული ან მისი გართულება, დღეს, ამ რეგიონებში ეს გადანაწილებულია სწორად. როცა ფიზიოლოგიურად ნორმალურად მიმდინარეობს ორსულობა და მშობიარობა – პაციენტი მიდის პირველი დონის დაწესებულებაში, ვისაც გარკვეული დონის გართულებები აქვს – მეორე დონეზე და ყველაზე მძიმე პაციენტების გადანაწილება, განსაკუთრებით 34 კვირამდე მშობიარობების გადანაწილება ხდება მესამე დონეზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ მშობიარობა, განსაკუთრებით 34 კვირაზე ქვემოთ, საჭიროებს ინტენსიურ მოვლას. დაწესებულება აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი, ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი და სჯობს პირდაპირ ასეთ ადგილას მივიდეს ორსული, ვიდრე იმშობიაროს მეორე ან პირველ დონეზე და შემდეგ მანქანით მოხდეს გადაყვანა.“

რა დონეებს მიიღებენ სამედიცინო დაწესებულებები აჭარაში, ეს სამი თვის შემდეგ გახდება ცნობილი. იმერეთში პირველი დონე მხოლოდ ერთმა დაწესებულებამ დააკმაყოფილა, ოთხმა სამედიცინო დაწესებულებამ კი ამ რეგიონში ვერც საბაზისო, პირველი დონე დააკმაყოფილა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს მოდელი განვითარებულ ქვეყნებში წარმატებით მუშაობს და მნიშვნელოვნად ამცირებს ორსულთა და ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს. ნინო ბერძულის თქმით, დონეებად დაყოფის პირველი რეკომენდაცია საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან დაახლოებით 20 წლის წინ მიიღო, თუმცა პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა.

როგორ აისახება თურქეთის „საგანგებო რეჟიმი“ საქართველოზე

„დემოკრატიის დასაცავად“ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თქვა, რომ ამ პერიოდში თურქეთის ჯარს „ვირუსებისგან გაწმენდს“, რადგან სამხედრო გადატრიალების მცდელობის პროცესი შესაძლოა დასრულებული ჯერ კიდევ არ იყოს. ექსპერტების შეფასებებით, „დემოკრატიის დაცვის“ სახელით, შეიძლება თურქეთის პოლიტიკური პრიორიტეტები შეიცვალოს.

თურქეთში მიმდინარე პროცესი ეკონომიკურად ბათუმში უკვე ძირითადად თურქულ რესტორნებზე, ღამის კლუბებსა და სასტუმროებზე აისახა. კომერციული ობიექტების თურქი მესაკუთრეები კლიენტების ნაკლებობაზე ჩივიან. თითოეული მათგანი დარწმუნებულია, რომ კრიზისი მაქსიმუმ ერთ თვეს შეიძლება გაგრძელდეს.

„ადრე წვიმაშიც ხალხით სავსე იყო რესტორანი. სასტუმროც მაქვს, კიდევ – ჩაიხანა, არსად არაა ხალხი. როგორც ვიცი, დღის განმავლობაში დაახლოებით 5-10 კაცი თუ გადმოდის თურქეთიდან. ათი წელია აქ ვმუშაობ და ასეთი გაჭირვება ჯერ არ მქონია. ერთ თვეში დასრულდება ეს არეულობა და ყველაფერი დალაგდება. ასე გვეუბნებიან“, – გვიყვება რეჯებ აიდილი ქუთაისის ქუჩიდან.

იაშა ერჯენი: „სასტუმრო დღეს დატოვა ოთხმა კაცმა და აღარავინ მიმიღია. სულ ხუთი ნომერი მაქვს, ყველა ცარიელია. თურქეთში გადასვლა არ მიცდია, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობა მაქვს და როგორც ვიცი, ჩემთვის არ იქნება პრობლემა საზღვრის გადაკვეთა. მაქსიმუმ ერთ თვეში დასრულდება ეს შეზღუდვები…“

„ერდოღანის პირველი რიგის ამოცანა იქნება ვაჭრობა არ ჩავარდეს. ეს მას საკუთარი თავის გადარჩენისთვის სჭირდება. საგანგებო რეჟიმი ყოველთვის აზარალებს თავისუფალ ვაჭრობას, მაგრამ არ მგონია, რომ ამას ექნება კატასტროფული ხასიათი. ერდოღანის პოლიტიკური სტაბილურობა თურქეთში პირველ რიგში დგას ეკონომიკაზე,“ – ამბობს პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია.

შსს-ს საზღვრის პოლიცია ამ ეტაპზე არ ამხელს, რამდენი თურქი ტურისტი გადმოვიდა 15 ივლისიდან დღემდე საქართველოში, მას შემდეგ, რაც თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაფიქსირდა და შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, თურქეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 29 პროცენტით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2015 წელს ბათუმში ჩამოსული ტურისტების ყველაზე დიდ ნაწილს თურქი ტურისტები შეადგენდნენ – 265 492 უცხოელი ტურისტიდან – 78 633.

საგანგებო მდგომარეობა თურქეთში ქვეყნის დატოვებას პირდაპირ არ კრძალავს, თუმცა ის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. თურქეთში მყოფ პირებს შეიძლება აეკრძალოთ გარკვეული პერიოდით ქვეყნიდან გასვლა, ან უკან დაბრუნება, ქუჩაში გასვლა და გადაადგილება, ხოლო სამართალდამცველებს უფლება აქვთ მათი პირადი შემოწმება, სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნივთების შემოწმება, ჩამორთმევა და მათი მტკიცებულების სახით კონფისკაცია. საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის თურქული მონაკვეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები [სარფი, ვალე, კარწახი] მუშაობენ საგანგებო რეჟიმში.

თურქეთში საგანგებო ვითარების გამოცხადებამდე წინა დღით ანკარაში ხუთ ხელშეკრულებას, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ეგიდით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა ხელი, ასევე დაფუძნდა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო.

ანა ბეროშვილი, „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სავაჭრო თანამშრომლობას საფრთხე არ დაემუქრება: „მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, საგანგებო ვითარება იქონიებს ნეგატიურ გავლენას, შემცირდება ტურისტების რაოდენობა, შესაძლოა, პრობლემა შეექმნათ იმ თურქ ბიზნესმენებს, ვისაც ბიზნესი საქართველოში აქვთ, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. ყოველ შემთხვევაში, დღეს ეს საფრთხე არ ჩანს. თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. მარტო მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის საერთო ბრუნვის მონაცემებით, თურქეთის წილი ექსპორტში შეადგენს 11 პროცენტს, ხოლო იმპორტში დაახლოებით 14 პროცენტს. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია“.

პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თურქეთის მთავარი საფრთხე ეკონომიკაზე მეტად ამჯერად დემოკრატიას ემუქრება, რადგან გაურკვეველია, რა პოლიტიკური რეჟიმის მქონე ქვეყანას მივიღებთ მეზობლად: „არ გამოვრიცხავ რეალურად საგანგებო ვითარება სამ თვეზე მეტი ხნით გაგრძელდეს და „დემოკრატიის დაცვის“ სახელით საბოლოოდ განადგურდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. რეალურად ერდოღანი დემოკრატიის მტერია. ის ძალაუფლებაში მოსვლის დღიდანვე ცდილობდა გაეუქმებია საპარლამენტო რესპუბლიკა და გზა გაეხსნა იმპერიული პრეზიდენტობისთვის. იგი არის ნეოოტომანური დღის წესრიგის მქონე პოლიტიკოსი“.

საგანგებო ვითარება – სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის, თუ პოლიტიკური კონცეფციის შესაცვლელად? – ეს შეკითხვა გაუჩნდა მოვლენების ანალიზის დროს პოლიტიკურ მიმომხილველს, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წევრს, ირაკლი მჭედლიშვილს. მისი შეფასებით, თურქეთში მიმდინარე პროცესი არ არის კარგი ნატოსთვის: „მასობრივი გათავისუფლებები, დაპატიმრებები და ადამიანის უფლებების შეზღუდვა, რა თქმა უნდა, ასუსტებს ალიანსის ნდობას თურქეთის, როგორც პარტნიორის მიმართ. თურქეთმა ამ პროცესში უნდა უპასუხოს კითხვას, რამდენად ადეკვატურია მასობრივი კონტრზომები, რასაც ის სამხედრო გადატრიალების მცდელობის დასასჯელად იყენებს. რეაგირების ფორმები, რასაც თურქეთის მთავრობა მიმართავს, აჩენს ეჭვს, რომ თურქეთს პოლიტიკური კონცეფციის შეცვლა სურს.“

პოლიტიკური მიმომხილველის შეფასებით, თუკი თურქეთი არ იქნება ნატოს მყარი წევრი, ეს გააძლიერებს რუსეთის პოზიციებს რეგიონში. გარდა ამისა, თურქეთი საქართველოსთვის დასავლეთთან ურთიერთობაში არის ერთგვარი კარიბჭე, რომლის დანგრევაც კომუნიკაციას გაართულებს: „ასე პირდაპირ ნატოდან თურქეთის გასვლის საკითხი არ დადგება, მაგრამ თუკი ის არ იქნება საიმედო პარტნიორი ალიანსისთვის, დასავლეთი ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. ადრეც იყო გარკვეული წინააღმდეგობები ნატოსა და თურქეთს შორის“.

„თუ თურქეთი გავა ნატოდან, ეს იქნება დიდი დარტყმა საქართველოსთვის. ჩვენ აღმოვჩნდებით ძალიან ცუდ ანკლავში, სადაც რუსეთი შეეცდება წარმოაჩინოს თავი, როგორც სტაბილურობის გარანტი. ამ შემთხვევაში, უნდა ველოდოთ პრორუსული ძალებისგან რუსეთის მითოლოგიის გააქტიურებას… მე პირადად პრორუსული დისკურსის გამარჯვებას რეგიონში არ ველოდები,“ – აცხადებს პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია.

სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში 15 ივლისს დაიწყო და წარუმატებლად დასრულდა. ამბოხებას დაახლოებით 265 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღეების განმავლობაში თურქეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა აკადემიური წრის ათასობით წარმომადგენელი, ასევე მოსამართლეები და საჯარო მოხელეები. 19 ივლისს აკადემიურ პერსონალს ქვეყნის დროებით დატოვებაც აეკრძალა. თურქეთის მთავრობის განცხადებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან ყოფილი იმამი, მუსლიმი კლერკი ფეტულა გულენი და მისი მიმდევრები იდგნენ. მისი ექტსრადაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს თურქეთმა 18 ივლისს მოსთხოვა. 21 ივლისს თურქეთის რესპუბლიკამ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაცია დროებით შეაჩერა. თურქეთის ვიცე-პრემიერმა და მთავრობის სპიკერმა ნემა ქურთულმუსმა ამის მიზეზად საგანგებო მდგომარეობა დაასახელა, რომელიც თურქეთში სამი თვით გამოცხადდა.

რა იწვევს ფუტკრის ოჯახების განადგურებას

აჭარის სოფლებში მეფუტკრეები ამბობენ, რომ ფუტკრის ოჯახები ეღუპებათ. ანალოგიური სიტუაციაა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ზოგიერთი მეფუტკრე მიიჩნევს, რომ ფუტკარს ის შხამ-ქიმიკატები ანადგურებს, რასაც სოფლის მეურნეობაში ერთწლოვანი თუ მრავალწლოვანი კულტურების შესაწამლად იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ფუტკრის ასობით ოჯახი განადგურდა, სახელმწიფოს პრევენციული ზომებისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრეებს შხამ-ქიმიკატების ეტიკეტის ყურადღებით შესწავლას ურჩევენ, პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციაში კი მიაჩნიათ, რომ ფუტკარი დაავადებულია საშიში, მომაკვდინებელი დაავადებით, რომლის ლაბორატორიულად დადასტურება საქართველოში შესაბამისი კადრებისა და ლაბორატორიის არარსებობის გამო ვერ ხერხდება.

ფუტკარი

„46 წელია ჩემი ოჯახი მეფუტკრეობას მისდევს, პირადად მე 26 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. თუმცა ფუტკრის ასე მასიური განადგურება, როგორც წელს იყო, არ მახსოვს. ფუტკრის 60 ოჯახიდან მხოლოდ შვიდი შემომრჩა. ჩემი აზრით, ფუტკარს ის შხამ-ქიმიკატები კლავს, რომელიც სოფლის მეურნეობაში ბოსტნეულისა თუ მრავალწლოვანი კულტურების შესაწამლად გამოიყენება. მას შემდეგ, რაც ასე მასიურად გამინადგურდა, შევიძინე 10 სკა და ფუტკრები სახლიდან 18 კილომეტრის მოშორებით, მთაში გადავიყვანე, იქ, მიმდებარე ტერიტორიაზე შხამ-ქიმიკატები არ გამოიყენება. მართალია, მეფუტკრეობა მომგებიანია, მაგრამ შორს ფუტკრის მოვლა დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული, კვირის განმავლობაში მინიმუმ 2-3-ჯერ მაინც უნდა ავიდე,“ – გვიყვება ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში მცხოვრები რეზო გოგუაძე.

მცენარეების შესაწამლად გამოყენებული შხამ-ქიმიკატები სოფლის მეურნეობაში ყველაზე მომგებიან დარგს რომ აზარალებს, ამაზე სხვა მეფუტკრეებიც საუბრობენ. ისინი პრობლემის გადაჭრის გზას იმ შხამ-ქიმიკატების რეალიზაციიდან ამოღებაში ხედავენ, რომლებიც ფუტკარს მასიურად ანადგურებს.

„წელს ძალიან დავზარალდით. შხამ-ქიმიკატებმა თითქმის ფუტკრის მეურნეობა გაგვინადგურა, სულ რომ არ დავზარალებულიყავით, ფუტკარი მთაში გადავიყვანეთ და იქ ვუვლით. სოფელში ძნელია ფუტკრის გადარჩენა, რადგან წამალი, რითაც ჩემი მეზობლები ბოსტნეულს წამლავენ, ფუტკარს კლავს. ვთქვათ, ჩემს სოფელში არ გამოიყენებენ, მაგრამ სხვაგან ხომ გამოიყენებენ ამ პრეპარატებს და მაინც დავზარალდები. ხომ ვერ დაამწყვდევ ფუტკარს? გამოსავალი მხოლოდ ერთია, სამინისტრომ უნდა იზრუნოს ჩვენი პრობლემის მოგვარებაზე და არსებული პრეპარატები, რაც ფუტკარს კლავს, სხვა პრეპარატებით ჩაანაცვლოს. ხელისუფლებას ვთხოვთ, ჩვენი თხოვნა დროულად გაითვალისწინოს,“ – ამბობს სოფელ კოლოტაურში მცხოვრები ნანული ბოლქვაძე.

არსებული პრობლემის მიუხედავად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ აჭარაში, მით უმეტეს ქედის მუნიციპალიტეტში, ფუტკარი მასიურად არ განადგურებულა. სამინისტროში ისიც თქვეს, რომ პრობლემის შესახებ მოსახლეობას სამინისტროსთვის  რომ მიემართა, ვითარებას შეისწავლიდნენ.

„ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც მცენარეების დასაცავად გამოიყენება, გარკვეულწილად მოქმედებს ფუტკრების ჯანმრთელობაზე, ზოგჯერ ფუტკრის განადგურებასაც იწვევს, თუმცა მსგავსი პრობლემით ჩვენთვის არავის მოუმართავს. თუ მოგვმართავენ, ვითარებას შევისწავლით. შესწავლის გარეშე კი ძნელია თქმა, რა გახდა კონკრეტულ შემთხვევაში ფუტკრის განადგურების მიზეზი,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ზურაბ ვარშანიძე.

მისივე თქმით, ყველა პრეპარატის ინსტრუქციაში წერია რომელია ფუტკრისთვის საშიში და რომლის გამოყენება შეიძლება ფუტკრებთან ახლოს: `არის პრეპარატები, რომელთა მოქმედების ხანგრძლივობა ერთი დღეა, ზოგი მოქმედია სამი დღის განმავლობაში, მაგალითად, „კონფიდორს“, რომლითაც კარტოფილის ხოჭოს წამლავენ, 72-საათიანი მოქმედება აქვს“.

„ერთხელ მაჭახლის ხეობიდან მოგვმართეს. მაშინ ჩვენ მოვიწვიეთ სპეციალისტები სურსათის ეროვნული სააგენტოდან, ავიღეთ ანალიზები, თუმცა ინტოქსიკაცია არ დადასტურდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტკიპის დაავადება გამოვლინდა. პრეპარატების მოქმედებით მხოლოდ გარკვეული შემთხვევებია,“ – ამბობს ზურაბ ვარშანიძე.

მეფუტკრეების მოთხოვნა – რეალიზაციაში არსებული ფუტკრების მომაკვდინებელი შხამ-ქიმიკატების აკრძალვასა და სხვა პრეპარატებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით,  უსაფუძვლოდ მიაჩნიათ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ ლიპარტია განმარტავს, რომ თუ რეალიზაციაში არსებული პესტიციდები მწერების საწინააღმდეგო სხვა პესტიციდებით ჩანაცვლდება, ვითარება არ შეიცვლება, რადგან მწერების საწინააღმდეგო ნებისმიერი დასახელების პრეპარატი ფუტკრისთვის მომაკვდინებელია. ის პესტიციდების მომხმარებლებს ურჩევს, პრეპარატების გამოყენებისას წინასწარ მეფუტკრეებს აცნობონ, ხოლო მეფუტკრეებმა, თავის მხრივ, პრეპარატის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის შესაბამისად ფუტკრის სკიდან გასვლის პროცესი გააკონტროლონ:

„ყველა პრეპარატს მისი გამოყენების წესი ეტიკეტზე აქვს დატანილი, ასევე, ეტიკეტზე მითითებულია რომელი პრეპარატია ფუტკრეებისთვის სახიფათო, რა პერიოდსა და რა მანძილზე. ყველა პრეპარატი, რაც მწერების საწინააღმდეგოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, უარყოფითად მოქმედებს ფუტკარზე, ყველაზე მეტად კი მაშინ არის ფუტკრისთვის საშიში, როდესაც მცენარე ყვავილობს და ამ ყვავილს ფუტკარი ეტანება. წალენჯიხიდან მოგვმართა მოსახლეობამ ერთობლივი განცხადებით, რომ ფუტკრები იხოცება… ამ შემთხვევაში გამოსავალი ერთადერთია – მოხდეს კონტროლი და ვინც მწერების საწინააღმდეგო პრეპარატს იყენებს, გამოყენების დრო უნდა აცნობოს მეფუტკრეებს, რომ ფუტკარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გაუშვან, ან საერთოდ მთაში გაიყვანონ“.

აჭარაში ფუტკრის მასიურ განადგურებაზე საუბრობს აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე როლანდ კეჟერაძეც. ის ამბობს, რომ პრეპარატების შედეგად  აჭარის სოფლებში თითქმის ფუტკრის 70% განადგურებული.

ფუტკარი 1

„ჩვენს ასოციაციაში 50-ზე მეტი მეფუტკრეა გაწევრიანებული. ფუტკრის მასიური განადგურების პრობლემა კი ყველა მათგანს აწუხებს. ყველა დააზარალა სოფლის მეურნეობაში ხშირად გამოყენებადმა პრეპარატებმა. ვერ ვიტყვი ფუტკარი დაავადდა და ამან გამოიწვია ის შედეგი, რაც ახლა გვაქვს, რადგან ფუტკარი დაავადებული არ არის. ხუთივე მუნიციპალიტეტშია ეს პრობლემა, თუმცა რეგიონის მასშტაბით საკითხი უფრო რთულად დაბლობშია. აჭარის მთიანეთში მეფუტკრეების ნაწილმა ფუტკრის მთაში გადაყვანა დაიწყო, რამაც შეიძლება გადაარჩინოს დარჩენილი ფუტკრის ოჯახები, მაგრამ ფუტკრის განადგურების პროცესი ასე თუ გაგრძელდა, აჭარის სოფლებში ფუტკარი აღარ იქნება. არსებული პრობლემის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც ვაცნობეთ და ხელისუფლებასაც, თუმცა პრობლემის მოგვარებისთვის ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებიათ“, – ამბობს როლანდ კეჟერაძე.

„ბათუმელები“ მეფუტკრეებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაუკავშირდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენტეხში მცხოვრები მეფუტკრე დემურ ლიპარტელიანი, რომელიც ამავდროულად მეფუტკრეთა კოოპერატივ „ალპური ნექტარის“ თავმჯდომარეა, ამბობს, რომ მის კოოპერატივში გაერთიანებულ მეფუტკრეებს ფუტკარი შხამ-ქიმიკატებისგან გასულ წელს გაუნადგურდა: „გაზაფხულზე, როდესაც აკაცია ყვავილობას იწყებს, ფუტკარი ცაგერში აკაციის ყვავილისთვის გადაგვყავს, იქ კი ვაზი ხშირადაა გავრცელებული და მოსახლეობა მის შესაწამლად შხამ-ქიმიკატებს აქტიურად იყენებს. ვერ ვიტყვი ფუტკრის განადგურება გასულ წელს იმ შხამ-ქიმიკატებმა გამოიწვია, რომლითაც ვაზს წამლავდნენ, მაგრამ კოოპერატივის ერთ წევრს 50 სკა ფუტკარი დაეხოცა, მეორეს – 25, მესამეს – 15, მეც მნიშვნელოვნად დავზარალდი. წელს ცაგერში ფუტკარი აღარ გადაგვიყვანია, აქ, ჩვენთან, ლენტეხში კი, შხამ-ქიმიკატებს მოსახლეობა თითქმის არ იყენებს და მცენარეები არ იწამლება“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბორჯომში მცხოვრები ალექსანდრე ჩადუნელი ამბობს, რომ 70 სკა ფუტკარი ჰყავს, წელს ზაფხულში სკაში ფუტკრების რაოდენობამ იკლო: `ვერ გეტყვით რა გახდა ამის მიზეზი, მეფუტკრეობას 25 წელია ვეწევი და ასე მასობრივად ფუტკრების კლება არ მახსენდება“.

„პრეპარატებმა და პესტიციდებმა რომ არ გაანადგუროს ფუტკარი, თაფლში მაინც შეიტანს შხამს და ხარისხს დაუკარგავს თაფლს, მე ახალბედა მეფუტკრე ვარ და სულ რამდენიმე სკა ფუტკარი მყავს, არიან ჩემს მეზობლად მეფუტკრეები, რომლებიც ფუტკრის განადგურებაზე ჩივიან, არ კონტროლდება შხამ-ქიმიკატების გამოყენება და ეს მნიშვნელოვნად გვაზარალებს მეფუტკრეებს,“ – ამბობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები დათო მუკბანიანი.

ფუტკრის დახოცვის მიზეზად შხამ-ქიმიკატების გამოყენებას არ მიიჩნევს საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი თემურ ღოღობერიძე. იგი ფუტკრის დაავადებაზე საუბრობს:

„დღეს მოქმედი და გამოყენებადი შხამ-ქიმიკატები ნაკლებ ტოქსიკურია ფუტკრების მიმართ. თანაც აჭარაში ისეთი დიდი ფართობები არ იწამლება, რომ ფუტკრის ოჯახზე იმოქმედოს. შხამ-ქიმიკატებს ხმარობენ ლოკალურად. კომუნისტების დროს,  როცა დიდი ფართობები იწამლებოდა გორის მიდამოებში, იქ იხოცებოდა შხამ-ქიმიკატებით ფუტკარი, თუმცა მთელი ოჯახები არ იღუპებოდა. დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ ფუტკრის ოჯახების დაღუპვა შხამ-ქიმიკატებით არ არის გამოწვეული. არავინ უყურებს იმას, რომ ახლა შემოსულია დაავადება ნოზემა ცერანა, რომლის შესახებაც, ფაქტობრივად, არაფერი იციან. ამ დაავადებით ძალიან სწრაფად იღუპება ფუტკარი. ეს დაავადება ისევე შემოიჭრა, როგორც თავის დროზე ვარუა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თემურ ღოღობერიძემ.

მისივე თქმით, ნოზემა ცერანა, ეს არის შორეულ აღმოსავლეთში გავრცელებული ერთ-ერთი ფუტკრის სახეობის დაავადება.

`2003-2005 წლებში ახსენეს პირველად ნოზემა ცერანა, როცა ესპანეთში დაიღუპა დიდი რაოდენობით ფუტკრის ოჯახები. ეს საშიში დაავადება დაფიქსირდა თურქეთშიც, რომელიც მეხუთე ადგილზეა თაფლის ექსპორტით მსოფლიოში. ეს იყო 6 წლის წინ, მარმარისის მიდამოებში. 2 წლის წინ კი ჩვენთან ახლოს, ტრაპიზონის მიდამოებშიც დაფიქსირდა, რაც გამოკვლევებითაც დადასტურდა. ის, რომ საქართველოში გავრცელებულია დაავადება ნოზემა, ვიცით, მაგრამ დღეს არის თუ არა ნოზემა ცერანა, ეს გამოკვლევით უნდა დადასტურდეს, რაც საქართველოში ვერ ხერხდება. ამ დღეებში უნდა გავაგზავნოთ ნიმუშები ლატვიაში, რიგაში. ჯერ არ ვიცით ფასი, მაგრამ რაც არ უნდა ღირდეს, მაინც ვაპირებ რამდენიმე ნიმუშის გაგზავნას, რის შემდეგაც გვექნება დადასტურებული პასუხი – ნამდვილად არის ნოზემა ცერანა ჩვენთან თუ არ არის. კლინიკური ნიშნების მიხედვით არის,“ – აცხადებს თემურ ღოღობერიძე.

მისი თქმით, დაავადება ნოზემა, რომლის საწინააღმდეგო პრეპარატებიც შემოტანილია ქვეყანაში, მკურნალობის შემდეგ ფაქტობრივად გაქრა ორი წლის წინ. ამჯერად კი ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოში უკვე ნოზემა ცერანა გავრცელდა, ან კიდევ, ნოზემა აპი, რომელიც ასევე კლავს ფუტკარს. ასოციაციაში იმასაც ამბობენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში 150 ფუტკრის ოჯახიდან ზოგს არც ერთი აღარ დარჩა ცოცხალი, ზოგს კი მხოლოდ 10-15 ოჯახი გადაურჩა.

თემურ ღოღობერიძე ამბობს, რომ შესაძლოა ფუტკრის ერთეული ოჯახები ფუტკრის სიდამპლით ან კიდევ ვარვატოზისგანაც იხოცებოდეს, რადგან ფუტკარს ვერ მკურნალობენ დროულად: `თუმცა დღეს ოჯახების მასობრივად დაღუპვა ნოზემა ცერანას ან ნოზემა აპის მიზეზით უნდა იყოს. საქართველოში ნოზემა ცერანას საწინააღმდეგო პრეპარატებიც უკვე შემოტანილია“.

ასოციაციის პრეზიდენტი ქვეყანაში სპეციალისტებისა და შესაბამისი ლაბორატორიის არარსებობაზეც საუბრობს: „უნდა გქონდეს მიკროსკოპი და მასში ჩამხედავი სპეციალისტიც გყავდეს, თუმცა მარტო მიკროსკოპში ჩახედვითაც არ ჩანს ნოზემა ცერანაა თუ ნოზემა აპი. ამას უჯრედის, დნმ-ის დონეზე სწავლობენ და შემდეგ იძლევიან პასუხს, თუ რომელ ნოზემასთან გვაქვს საქმე კონკრეტულ შემთხვევაში“.

აღსანიშნავია, საქართველოს ლაბორატორიებში სრულყოფილად უშუალოდ თაფლის ხარისხის გამოკვლევაც ვერ ხერხდება. ასეთი კვლევა კი თაფლის ევროკავშირში ექსპორტის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წელს მათ თაფლის სრულყოფილ კვლევას ლატვიაში მოქმედი ლაბორატორია „ბიორი“ სთავაზობს, ვისთანაც სააგენტო ამ კუთხით ბოლო სამი წელია თანამშრომლობს.  საუბარია თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების ლაბორატორიულ კვლევაზე.

 

უსკოს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე

დღეს, 1 აგვისტოს, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში  წარმოდგენილ იქნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  განცხადება, რომელიც  უცხო ქვეყნის მოქალაქის  წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდო მონაწილეობას ეხება.

საქმე ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას, რომელიც გუშინ, 31 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პრეზენტაციაზე განხორციელდა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პარმენ ჯალაღონიას განმარტებით, უსკო კანონით დადგენილი ფორმით განიხილავს შესაბამის საჩივარს  და დაიწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას. „კანონის თანახმად, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“.

როგორც პარმენ ჯალაღონია განმარტავს, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად,  თუკი დადასტურდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში, პირი  2000 ლარით დაჯარიმდება.

რაც შეეხება უსკოს მიერ ადმინისტრაციულ წარმოებას, როგორც პარმენ ჯალაღონია აცხადებს, მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კითხვაზე, თუ ვინ უნდა დაჯარიმდეს ამ შემთხვევაში – პირი თუ პარტია? პასუხისგან თავი შეიკავა, რადგან მისი თქმით, ეს საკითხი ბევრ ნიუანსს ითვალისწინებს.

„ჯერ უნდა გაირკვეს, ვიდეომიმართვის გავრცელება ჩაეთვლება თუ არა  პირს ან პარტიას წინასააჩევნო აგიტაციაში. ამასთანავე, არის თუ არა ამ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქე სამართალდარღვევის სუბიექტი.

გარდა ამისა, ჩვენ გვექნება ურთიერთობა  და კონსულტაციები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. მნიშვნელოვანია ისიც, აქვს თუ არა უმაღლეს საარჩევნო კომისიას მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისი საჩივრის (განცხადების) განხილვის უფლება.  შესაძლებელია საჩივარი  გადაეცეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ – აცხადებს პარმენ ჯალაღონია.

პარმენ ჯალაღონიამ  ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას ამ საკითხების შეფასების შემდეგ  გააჟღერებს.

პატიმრის ადვოკატი საქართველოს პროკურორს მიმართავს

დღეს, 1 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადვოკატმა ირაკლი ზაქარიაძემ გამართა ბრიფინგი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ლევან არახამიას საქმის დეტალებზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

ირაკლი ზაქარიაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ლევან არახამია 2015 წლის 22 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის ნომერ მესამე დაწესებულებაში ისე, რომ მისი დაკავების ოქმი არ შემდგარა და მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა: „ამ სამი დღის განმავლობაში პოლიციის თანამშრომლები და გამომძიებელი ჯემალ ცეცხლაძე აიძულებდნენ მას სამი ქურდობის აღიარებას, იმ შემთხვევაში თუ ბრალს არ აღიარებდა, პოლიცია მას ოჯახის წევრებისა და მეგობრების დაჭერით ემუქრებოდა“  – ამბობს ადვოკატი.  იგი ასევე დასძენს, რომ პოლიციის უფროსი არახამიას იარაღისა და ნარკოტიკების ჩადებით დაემუქრა, ამიტომაც მან დანაშაული აღიარა.

არახამიას სასამართლოში სახაზინო ადვოკატი იცავდა. 2016 წლის 17 მარტს მას  6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სისხლის სამართლის კოდექსის #177-მუხლის მეორე ნაწილითა და 178 პირველი ნაწილით – ქურდობა და ძარცვა.

„2015 წლის 24 ნოემბერს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ლევან არახამიამ დახმარების თხოვნით,  განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, ასევე საქართველოს იმჟამინდელ  მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს. მისი განცხადება პრეზიდენტის და მთავარი პროკურატურის სახელზე   შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელს გიორგი კვარაკვახიძეს, რომელიც  ზედაპირულად მიუდგა საქმეს და შეგნებულად არ დაიწყო გამოძიება, რათა მიჩქმალულიყო პოლიციის მიერ ჩადენილი ზეწოლა და მუქარა“ – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.

ადვოკატი ირაკლი ზაქარიაძე არახამიას უფლებებს 2016 წლის აპრილიდან იცავს.

„2016 წლის აპრილში მივმართეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოვითხოვეთ ახალი გარემოებებით შუამდგომლობა მოწმეთა გამოკითხვის შესახებ.  სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ არ დააკმაყოფილა ჩემი შუამდგომლობა და არ გამოკითხა მოწმეები“ – აცხადებს ადვოკატი. ის ამბობს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძე მიკერძოებულია და ცდილობს პროკურატურისა და პოლიციის ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვას.

ადვოკატი ირაკლი ზაქარიაძე საქართველოს მთავარ  პროკურორს  სთხოვს კანონის შესაბამისად  გაატარდეს სამართლებრივი ღონიძიებები  ქალაქ ბათუმის პროკურატურის გამომძიებლის გიორგი კვარაკვახიძის მიმართ და მთავარმა პროკურორმა  პირად კონტროლზე აიყვანოს საქმეზე შემდგომი რეაგირება.

 

საკრებულოს გადაწყვეტილება, რომელიც ბაღის თანამშრომლებს არ აცნობეს

ბათუმის საკრებულოს წევრის, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის, ნინო ბერაძის განცხადებით, საკრებულოს მიერ სამი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის 50-პროცენტიან მგზავრობის შეღავათს ითვალისწინებს,  ამ დრომდე ადრესატამდე არ მისულა. საკრებულომ  საშეღავათო ტარიფით სარგებლობის შესახებ დადგენილება 2016  წლის 20 აპრილს მიიღო.

„ეს ინიციატივა იყო „თავისუფალი დემოკარტების“, რომელიც გაითვალისწინა საკრებულომ და საბავშვო ბაღების  თანამშრომლებს  შესაძლებლობა მიეცათ,  არსებული ტარიფის ნაცვლად, შეღავათიან ფასად, 15 თეთრად იმგზავრონ მუნიციპალური ტრანსპორტით“ – განაცხადა ნინო ბერაძემ.

მისი ინფორმაციით,  ამ დადგენილების შემდეგ ბიუჯეტში 65 400 ლარი გამოიყო: „მერიის  ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების  განყოფილებას აქვს სპეციალური პროგრამა, სადაც  შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლეთა ორი კატეგორიაა განსაზღვრული, პირველი  კატეგორია, რომელიც 100-პროცენტიან დაფინანსებას იღებს, მეორე კატეგორია – კი 50-პროცენტიანს.  საბავშვო ბაღის თანამშრომლები სწორედ მეორე კატეგორიაში შევიდნენ. თუმცა, ეს ინფორმაცია მათთვის ამ ხნის განმავლობაში, არც  საკრებულოს და არც მერიის შესაბამის უწყებებს არ უცნობებიათ“.

„ჩვენ ვესაუბრეთ საბავშვო ბაღის გამგეებს, თანამშრომლებს  არ ჰქონდათ ინფორმაცია, ძალიან მცირე ნაწილს კი ბუნდოვანი ინფორმაცია აქვს“ –  ამბობს საკრებულოს წევრი.

საკრებულოს იურისტის, სულიკო შვენთიძის განმარტებით, ბიუჯეტის ცვლილების პროექტი მერიამ წარმოადგინა: „მერიაში არსებობს განათლების განყოფილება, რომელსაც უნდა ეცნობებინა დადგენილების შესახებ საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციისთვის, იმას კი, თავის მხრივ, ინფორმაცია ბაღის თანმშრომლებზე უნდა მიეწოდებინა“.

საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის კომენტარს „ბათუმელები“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

პოლიციის შენობაში მოქალაქის სავარაუდო ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გამოძიება დაიწყო

ირაკლი ქაჯაიას საქმეზე, „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა გამოძიება დაიწყო. გამომძიებელი დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს, პირველ აგვისტოს, დაკითხავს ირაკლი ქაჯაიას, რომელმაც ” ბათუმელებს” იზოლატორში მოთავსებამდე უთხრა, რომ 26 ივლისს პოლიციის მე-6 განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დღესვე “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ საქმის მასალები გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურაში გადააგზავნა. 26 ივლისიდან დღემდე პროკურატურამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ. ირაკლი ქაჯაიას საქმეზე გამოძიების დაწყება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა, პაატა დიასამიძემ დაგვიდასტურა, რომელმაც დღეს მოინახულა იზოლატორში ირაკლი ქაჯაია.

საიას იურისტმა დროებითი მოთავსების იზოლატორის ადმინისტრაციას უკვე მიწერა წერილი და მოითხოვა სამართალმდამრღვევად ცნობილი ირაკლი ქაჯაის საავადამყოფოში გადაყვანა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ადმინისტრაციას მოთხოვნაზე პასუხი ჯერ არ გაუცია. გუშინ, იზოლატორში მოთავსებიდან რამდენიმე საათში, ირაკლი ქაჯაია სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, ციალა ქათამიძემ მოინახულა და თქვა, რომ ქაჯაიას მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს.

“ბათუმელებმა” ირაკლი ქაჯაიას შესახებ სტატია დღეს, პირველ აგვისტოს გამოაქვეყნა. სტატიაში ასახულია დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ირაკლი ქაჯაია პოლიციის შენობაში ფიზიკური დაზიანებების გარეშე შევიდა. სამართალდამცველების მიერვე გაფორმებული ოქმებით დგინდება, რომ ირაკლი ქაჯაია პოლიციის შენობიდან პირდაპირ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ნეკნის მოტეხილობა დაუდგინეს. საავადმყოფოდან ირაკლი ქაჯაია დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს. გუშინ, 31 ივლისს, ირაკლი ქაჯაიას 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე სალიხ შაინიძემ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო.

ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატები ხულოსა და ქობულეთში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ხულოდან ირაკლი ჯორბენაძე და ნუგზარ ამაღლობელი იქნებიან. მათი წარდგენა დღეს, პირველ აგვისტოს მოხდა.  ნუგზარ ამაღლობელი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში იყრის კენჭს, ირაკლი  ჯორბენაძე კი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს,  საღამოს რვა საათზე,  მაჟორიტარობის კანდიდატებს ქობულეთშიც წარადგენს. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯანიკო ჯინჭარაძე იქნება, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – მამული სურმანიძე.

 

რატომ არ ასრულებენ მეთევზეები მერიის მითითებებს

ნურიგელის ტბასთან გამოკრული  დიდი ტრაფარეტი მოქალაქეებს აფრთხილებს,  რომ ტბაში თევზაობა აკრძალულია. აკრძალვის მიზეზი  ტბაში მომწამვლელი წყალმცენარეების გაჩენა გახდა.  მერიის ინფორმაციით, სანამ ტბის გაწმენდის პროცესი არ დასრულდება, მანამდე  ტბაში თევზჭერა შეზღუდული იქნება. ამის მიუხედავად, მეთევზეები მერიის რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ და თევზაობენ.

„არ არის აკრძალული, რომ იყოს აქ არ გაგვაჩერებდნენ“ – გვეუბნება დავით არძენაძე. მის თქმით, თევზი მომწავლელი არ არის, ლაბორატორიის მიერააა შემოწმებული.

ტბასთან თევზაობს  გრიგორ ტონიანიც: „მომწამვლელი ყვავილი ტბაში წელიწადში ერთხელ ყვავის, ეს პერიოდი გავლილია, ამიტომ თევზაობა  უკვე შესაძლებელია“.

 

აკრძალვის მიუხედავად, მეტევზეები ტბაში მაინც თევზაობენ.
აკრძალვის მიუხედავად, მეტევზეები ტბაში მაინც თევზაობენ.

მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით,  ტბაში თევზჭერაზე  შეზღუდვები არ მოხსნილა.

„ბანერი გამოკრულია, სიტყვიერადაც  ვაფრთხილებთ მაგრამ ჩვენს რეკომენდაციებს მაინც არ ითვალისწინებენ.  ჩვენ ველოდებით სურსათის უვნებლობის სამსახურის დასკვნას, რომ ნამდვილად საზიანოა ამ ტბაში დაჭერილი თევზის საკვებად გამოყენება თუ არა, რადგან ტოქსინების მაღალი მაჩვენებელია ტბაში და შესაძლოა  აქ დაჭერილმა თევზმა გამოიწვიოს  მოწამვლა, სხვადასხვა ალერგიები, ასთმური პრობლემები და ა.შ. როცა დასკვნა ოფიციალურად გვექნება, ამ ინფორმაცისაც  განვათავსებთ ტბასთან და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა სამართალდამცავებიც ჩავრიოთ“ – გვეუბნება ის.

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო ტბის ხელოვნური აერაციისთვის სპეციალური სისტემის შეძენასაც აპირებს.  

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

დღეს 1 აგვისტოს, ბათუმში, ზღვისპირა კოლინადებთან ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის FAB LAB BSU და „სტუდენტური ასოციაცია“  სტუდენტების ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვას აწყობს.

გამოფენა საღამოს 18:00 საათიდან 22:00 საათამდე გაიმართება.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიება საქველმოქმედოა და შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება ,,წარმატებულ და სოციალურად დაუცველ სტუდენტთა მხადაჭერის ფონდში“.

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ბათუმში
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ბათუმში

მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა და სახელმწიფო

„პირველად პრობლემა ათი წლის ასაკში შეექმნა. თანაკლასელებთან ვეღარ ურთიერთობდა. ერთი მასწავლებელი ამოიჩემა და სთხოვდა, ჩემი დედა იყავიო, ჩემთან ურთიერთობა არ უნდოდა. სახლიდან გაიქცა და ჰქონდა სუიციდის მცდელობები,“ –  გვეუბნება 14 წლის გოგონას დედა, რომელიც გამოსავალს ეძებს. სისტემა, რომელიც მოზარდის ფსიქიკურ პრობლემებზე სრულფასოვნად იმუშავებს, ქვეყანას არ გააჩნია.  „ხავსს ვარ ჩაჭიდებული, იქნებ ჩემი შვილი გადავარჩინო, მაგრამ გადავარჩენ კი?“ –  კითხულობს მოზარდის დედა.

ქცევითი და ემოციური შერეული აშლილობები [F92] – ეს დიაგნოზი 14 წლის ნინოს [სახელი შეცვლილია] თბილისში, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში ფსიქიატრმა დაუსვა.

დედის მონათხრობის მიხედვით, გოგონას ფსიქოლოგიური პრობლემები გარდატეხის ასაკში კიდევ უფრო გაურთულდა. დედამ შვილი თავდაპირველად ფსიქოლოგთან მიიყვანა, თუმცა დღეს ამბობს, რომ მკურნალობამ სასიკეთო შედეგი არ გამოიღო.

„ვფიქრობ, რომ არაეფექტურია მისი მიდგომები, რადგან მკურნალობის დაწყების შემდეგ ბავშვმა სკოლა მიატოვა, ვერც სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაეხმარა წამლები. ფსიქოლოგის მიმართ კი მიჯაჭულობა განუვითარდა და მის გარეშე ვეღარ ძლებდა, დედაჩემიაო – ამბობდა“.

ნინოს დედა ამბობს, რომ გოგონას ქცევას ფსიქოლოგები ვერ მართავენ, რის გამოც ხშირად უწევს ახალი სპეციალისტების მოძებნა. „ერთი-ორი სეანსის შემდეგ სხვასთან გვამისამართებენ, მასთან ურთიერთობა ყველას უჭირს.“

მას შემდეგ, რაც პრობლემის წინაშე მარტო დარჩა, დედამ დასახმარებლად საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანის“  ხელმძღვანელს მიმართა, რომელმაც საქმეში სოციალური მუშაკი ჩართო.  „სოციალური მომსახურების სააგენტოს იმ მიზნით დავუკავშირდი, რომ დედას სპეციალისტის მოძიებაში დახმარებოდნენ. სააგენტოს მიმართვის საფუძველზე ჩვენ მოზარდი გადავიყვანეთ თბილისში, თემქაზე #5  საავადმყოფოს ბავშვთა ფსიქიატრიულ  განყოფილებაში. იქ გვითხრეს, რომ მოზარდს ჰქონდა შიზოფრენიის საწყისი ფორმა, მაგრამ  მხოლოდ ათი დღე გააჩერეს.“

აქედან თვენახევრის შემდეგ, როგორც დედა და „იალქანის“  ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე გვეუბნება, გოგონა ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში წაიყვანეს. სადაც დაუსვეს დიაგნოზი. „ფსიქიატრმა გვითხრა, რომ დაგვიანებული მკურნალობის გამო დაავადება უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებულია და მისი მართვა მხოლოდ მკურნალობითაა შესაძლებელი,“- ამბობს თიკო აბაშიძე.

დედის თქმით, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ გოგონა წამლების მიღებაზე უარს ამბობს. „რადგან ბავშვი არ მემორჩილება და ჩემ მიმართ აქვს აგრესია, იყო საუბარი იმაზეც, რომ ბავშვი მინდობით აღზრდაში, სხვა ოჯახში გადაეცათ, თუმცა მე ამის წინააღმდეგ წავედი. სხვის ოჯახში რომ რაიმე მოსვლოდა ჩემს შვილს, ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი? მე დედა ვარ და ძვლივს ვთოკავ თავს და უცხო ოჯახი როგორ გაუგებს…

ბავშვზე ზეწოლა არ შეიძლება, ვერ უყვირებ, ვერ აიძულებ. რა გავაკეთო, როგორ გავაგებინო რომ წამლების დალევა განაგრძოს,“ – გვეუბნება დედა. მისი თქმით, მოზარდი ვერ ეგუება წინააღმდეგობას.

„მე და ჩემი შვილი ყოველდღე ვეძებთ გამოსავალს. ცოტა ხნის წინ ჩემმა შვილმა ფეისბუკზე გაიცნო ერთი თბილისელი ფსიქოლოგი და იმასთან გვინდა შეხვედრა. ფაქტობრივად, ხავსს ვეჭიდები,“-  ამბობს ნინოს დედა.

ნინო ორი წლის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა, თუმცა გამოცდების ექსტერნად ჩაბარება შეძლო და მეცხრე კლასში გადავიდა. ექიმს, რომელიც მის დამხარებას შეძლებს, ნინო თავადაც ეძებს.

„ცუდად ხდებოდა, ამიტომ იშვიათად დადიოდა სკოლაში. ერთხელ სკოლიდან გამოვიდა და თბილისში წავიდა ფსიქიატრის მოსაძებნად. ექვს საათამდე ჩემი შვილის ჩანთა კლასში იდო და არავინ მოიკითხა სად იყო ბავშვი, მათ შორის არც მანდატურის სამსახურმა. სად არ ვეძებე ჩემი შვილი გამწარებულმა“ –  გვიყვება დედა. მისი თქმით, ერთადერთი, რაც სკოლამ მოზარდის დასახმარებლად გააკეთა, ის იყო, რომ მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიურ ცენტრში სიარული შესთავაზა. თუმცა ეს წინადადება ოჯახმა არ მიიღო. „ჩემს შვილს მხოლოდ ფსიქოლოგი ვერ დაეხმარება, პროფესიონალი ფსიქიატრიც სჭირდება. თანმიმდევრული, ზუსტი მკურნალობაა აუცილებელი, რადგან დაავადება პროგრესირებს და ამას ჩემი შვილიც განიცდის“.

ფსიქიატრთა ასოციაციის თავმჯდომარე, ეკა ჭყონია  გვეუბნება, რომ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრია ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაშია. ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები არ არსებობდა, მხოლოდ წელს შეიტანეს სახელმწიფო პროგრამაში ფსიქიატრია და ისიც მხოლოდ ბავშვთა ფსიქიატრიის მიმართულებით. „მოზარდთა ფსიქიატრიაში ეს ნაბიჯი ჯერ გადადგმული არ არის, რადგან აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მულტიდისციპლინურ მუშაობას, რომელიც გულისხმობს რამდენიმე კვალიფიციური სპეციალისტის, მათ შორის თერაპევტების, ფსიქოთერაპევტების შეთანხმებულ მუშაობას. მოზარდის ფსიქოლოგიური პრობლემების შემთხვევაში დიაგნოზის დასმა კომისიურად უნდა მოხდეს და მკურნალობაც სრულფასოვანი იყოს.“

ეკა ჭყონია, რომელიც ამავე დროს ფსიქოთერაპევტიცაა, გვეუბნება, რომ მოზარდთა ფსიქიატრიაში მულტიდისციპლინური მიდგომები არ არის.

„აქ არის ასაკობრივი კრიზისი, სოციალური პრობლემები და სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემა –  იქნება ეს მშობელთან ურთიერთობა, სქესთან იდენტიფიცირების თუ სხვა ტიპის საკითხები, რომელთა დაშრევება ხდება და სწორედ ამისთვის არის საჭირო შესაბამისი, სპეციფიკური ცოდნა საჭირო.  პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში ფსიქოთერაპევტი არ არის რეგულირებადი პროფესია, ამიტომ ადამიანი, რომელიც ფსიქოლოგიას ამთავრებს, ის არ არის სპეციფიკურად მოზარდთა ფსიქოთერაპევტი. ამ მიმართულების სპეციალისტების დეფიციტია დღეს ქვეყანაში“.

ის, რომ მოზარდთა ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი სისტემა და დაწესებულებებში არ მიმდინარეობს მულტიდისციპლინარული მუშაობა, ამის თაობაზე საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველიც თავის ანგარიშშიც, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნდა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბავშვებსა და მოზარდებს ესაჭიროებათ სტაბილურობა და ზრუნვის უწყვეტობა, რასაც დღეს ვერ სთავაზობს მათ სახელმწიფო.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ფარმაკოთერაპიის გარდა #5 საავადმყოფოში ბავშვთა ფსიქიატრიული განყოფილება ვერ სთავაზობს პაციენტს სხვა ტიპის დახმარებას, „მაშინ, როდესაც ფსიქო-სოციალური ჩარევების, კორექციისა და აბილიტაცია-რეაბილიტაციის არარსებობა ახანგრძლივებს და ართულებს გამოჯანმრთელების პროცესს და ზრდის დაწესებულებაში დიდი ხნით დაყოვნების საფრთხეს“.

გარდა იმისა, რომ სახელმწიფო მოზარდებს  სრულფასოვან ფსიქოთერაპიულ მკურნალობას ვერ სთავაზობს, ბავშვთა ფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო ოთახიც კი ვერ აკმაყოფილებს აბილიტაცია-რეაბილიტაციის  თანამედროვე სტანდარტებს. „ოთახში არ დგას მაგიდა, სკამები, მხოლოდ პლასტმასის სასრიალო და პატარა სახლია, გასაშლელი დივანი და მრგვალი პუფები, რაც მხოლოდ წინასასკოლო ასაკის ბავშვებისთვის არის გათვალისწინებული“.

სახალხო დამცველი სხვა ტიპის დარღვევებზეც ამახვილებს ყურადღებას: „ბავშვთა სამედიცინო დოკუმენტაციის დათვალიერებისას დადგინდა რომ, არც ერთ სამედიცინო ბარათში არ დევს ფსიქოლოგის კონსულტაციის ფურცელი“.

ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა განყოფილებაში მიმდინარე თერაპიული პროცესი არ შეესაბამება ჩარევის საერთაშორისო გაიდლაინებს, ასამაღლებელია პერსონალის კომპეტენცია.

„სპეციალური ჯგუფი შეშფოთებულია არასრულწლოვანი პაციენტების მოზრდილთა სტაციონარში მოთავსების ფაქტით და რეკომენდაციას აძლევს დაწესებულებების პერსონალს, რომ არ დაუშვან ასეთი პრაქტიკა“.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ყველა ზომა მიიღოს მოზარდთა ფსიქიკური აშლილობების ეფექტურად მართვის მიზნით და ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში შეიქმნას 16-იდან 18 წლამდე მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებები გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.

ანგარიშის მომზადების დროს ბავშვთა ფსიქიატრიულ განყოფილებაში რვა, 1-იდან 16 წლამდე პაციენტი იმყოფებოდა. „უმეტესობა, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელია“.

გაითვალისწინა თუ არა ჯანდაცვის სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები და რა შეიცვალა ამ შენიშვნებიდან ერთი წლის შემდეგ მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გასაუმჯობესებლად?, – ამ კითხვაზე ჯანდაცვის სამინისტროში პასუხი არ აქვთ. „ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი უცხოეთში მივლინებაში იმყოფება, სხვა პირი, ვინც მოზარდთა ფსიქიკური პრობლემების დაძლევის პოლიტიკაზე ისაუბრებს, სამინისტროში არ არის“ – გვითხრეს პრესსამსახურში.

დროულად იზრუნეთ მხედველობაზე

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ოფთალმოლოგიის მიმართულების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. თუ თქვენ მხედველობის პრობლემა გაწუხებთ, მიმართეთ ჰოსპიტალს, სადაც თქვენზე პროფესიონალები იზრუნებენ. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ოფთალმოგოლიური სერვისების, უფასო აქციებისა და სიახლეების შესახებ ჰოსპიტლის ექიმმა, თამარ გოგიტიძემ ისაუბრა.

თამარ გოგიტიძე, ექიმი ოფთალმოლოგი

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი იწყებს სოციალურ აქციას. ჰოსპიტალი ოფთალმოლოგის უფასო სამედიცინო კონსულტაციასა და გამოკვლევებს სთავაზობს 60 წელს გადაცილებულ და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ნებისმიერი ასაკის ადამიანს.

სამიზნე ჯგუფი არ არის შემთხვევით შერჩეული. ოფთალმოლოგიური დაავადებები ხშირად ხანშიშესულ ადამიანებს აწუხებთ, როცა აუცილებელი ხდება არა მარტო ოფთალმოლოგთან ვიზიტი, არამედ მაღალტექნოლოგიური აპარატურით გასინჯვაც, რითაც დღეს ბევრი კლინიკა ვერ არის უზრუნველყოფილი. მინდა გითხრათ, რომ ოფთალმოლოგიური კვლევები ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ტარდება უახლესი, თანამედროვე აპარატურის გამოყენებით.

ასევე, საყურადღებოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა სკრინინგის აუცილებლობა ნებისმიერ ასაკში, ეს იქნება პირველი თუ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი. როგორც წესი, დიაბეტური რეტინოპათიის ანუ თვალის ბადურის გარსის დაზიანება არ არის პირდაპირ კავშირში მხედველობის სიმახვილესთან და დიაბეტის განვითარების ხანგრძლივობასთან. ასეთ დროს პაციენტი არ უჩივის მხედველობას, მაგრამ დიაბეტური რეტინოპათიის კლინიკური სურათი სახეზეა. ასეთი შემთხვევა ბევრჯერ გვქონია პრაქტიკაში, ამიტომაც პროფილაქტიკური გასინჯვა აუცილებელია, მიუხედავად იმისა, პაციენტი უჩივის თუ არა მხედველობას. ყველაზე ხშირად ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ოფთალმოლოგიურ განყოფილებას პაციენტები სწორედ შაქრიანი დიაბეტის შედეგად დაზიანებული მხედველობის პრობლემებით მომართავენ, ეს ხშირად უკვე შორს წასული ფორმებია, ამიტომ არის აუცილებელი პროფილაქტიკური გასინჯვა მხედველობის შესანარჩუნებლად.

ბოლო წელია გასინჯვის ახალი მეთოდი დამკვიდრდა. პაციენტი აუცილებლად უნდა გაისინჯოს გაფართოებულ გუგაზე, არაპირდაპირი ოფთალმოსკოპიით, კონტაქტური ან არაკონტაქტური ლინზის მეშვეობით. გასინჯვის ეს მეთოდი – არაპირდაპირი ოფთალმოსკოპია – ბოლო ხანია დამკვიდრდა მედიცინაში და ამ მეთოდს ექიმის სპეციალური უნარ-ჩვევა სჭირდება. შაქრიანი დიაბეტის დროს ჩვეულებრივი ოფთალმოსკოპით შეიძლება გამოგეპაროს პრობლემა, ვერ დასვა დიაგნოზი, მაგრამ ამ მეთოდით გასინჯვის შემთხვევაში ცდომილება გამორიცხულია.
თუ გასინჯვის შედეგად საჭირო გახდება ჩარევა, ეს იქნება თვალშიდა ინექციები, ლაზერული თუ ოპერაციული მკურნალობა.

ჩვენს კლინიკაში მოქმედებს ყველა სახის, კერძო და სახელმწიფო დაზღვევა. ოპერაციული მკურნალობა ტარდება თანამედროვე, ცნობილი ამერიკული ბრენდების მიერ წარმოებული აპარატურით, მსოფლიო გაიდლაინებით და ამერიკის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციის, FDA-ს მიერ აღიარებული თვალშიდა ინექციებით.

სიახლეა ისიც, რომ ჩვენს კლინიკაში რეგულარულად ატარებს ოპერაციებს ოფთალმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, ცნობილი ოფთალმოლოგი მიშა ომიაძე. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, აკეთებს ოპერაციებს ანესთეზიის გარეშე, მხოლოდ წვეთებით, ჰყავს ბევრი პაციენტი აჭარიდანაც და ასეთი დონის სპეციალისტი უკვე ბათუმშიც, ჩვენს ჰოსპიტალში მოემსახურება პაციენტებს.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ასევე არის იაგ-ლაზერი, რომლითაც ხდება მეორადი კატარაქტების მკურნალობა. მოგეხსენებათ, კატარაქტის ოპერაციის შემდეგ ხშირად ვითარდება უკანა კაფსულის შემღვრევა, რაც გამოწვეულია ან უხარისხო ლინზის ინპლანტირებით, ან სხვადასხვა მიზეზების გამო. ამ შემთხვევაში ხდება უკანა კაფსულის ლაზერით გაწმენდა და პაციენტი ისევე კარგად ხედავს, როგორც პირველად, ოპერაციის შემდგომ. ჩვენთან ეს პროცესი დაახლოებით ერთი წუთის მანძილზე მიმდინარეობს, ანესთეზიის გარეშე და არის სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხო.

ჩვენი მიზანია, რომ მაღალი დონის, პროფესიონალური, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ოფთალმოლოგიური სერვისი მივაწოდოთ ყველა პაციენტს, ვისაც ეს სჭირდება და ასევე, გავზარდოთ მოსახლეობაში ოფთალმოლოგიური დაავადებების შესახებ ცოდნის დონე.

საზღვარგარეთ მოსახლეობის ინფორმირებულობა იმ დაავადების შესახებ, რაც მათ აწუხებთ, გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენთან. არ ვიცი, ჩვენს ქვეყანაში ეს ექიმის და პაციენტის ურთიერთობის ნაკლია თუ რაიმე სხვა მიზეზი არსებობს, მაგრამ ჩვენ სურვილი გვაქვს, ეს სიტუაცია გამოსწორდეს, რადგან ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა ყოველთვის წარმატებული მკურნალობის საწინდარია.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჰოსპიტლის ლოგომისამართი: ბათუმი, გენერალ
ასლან აბაშიძის ქუჩა #14
ტელეფონი: 0422 21 33 33
ელფოსტა: info@bih.ge;
ვებგვერდი:www.bih.ge

მოქალაქეს პოლიციის შენობაში ნეკნი ჩაუმტვრიეს

„…გულმკერდის მარჯვნივ აღენიშნება მე-8 ნეკნის მოტეხილობა. მოყვანილია პოლიციის თანხლებით, უჩივის ტკივილს მარჯვენა გვერდში, რომელიც ძლიერდება მოძრაობის დროს. პაციენტის გადმოცემით, ის სცემეს…“ – ეს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მიერ გაცემულ ჯანმრთელობის ცნობაში წერია. ცნობა ირაკლი ქაჯაიას მისცეს, რომელიც საავადმყოფოში პირდაპირ პოლიციის განყოფილებიდან მიიყვანეს. პოლიციაში რომ ირაკლი ქაჯაია ჯანმრთელი შეიყვანეს, ეს პოლიციელების მიერ გაფორმებული ოქმით დასტურდება. ირაკლი ქაჯაიას 31 ივლისს 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე სალიხ შაინიძემ. შემთხვევას სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

23 წლის ირაკლი ქაჯაია 26 ივლისს, დილის ოთხის ნახევარზე დააკავეს ბულვარში, ერთ-ერთ ღამის კლუბთან. მას გამოძიება წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

დაკავებული პოლიციის მე-6 განყოფილების შენობაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, ავთანდილ ბერულავას მიუყვანია.

პოლიციის მეექვსე განყოფილება ბათუმში
პოლიციის მეექვსე განყოფილება ბათუმში

დაკავების ოქმში აღნიშნულია, რომ ვიზუალური დათვალიერებით დაკავებულს რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა.
გათენებამდე, ზუსტად დილის 5 საათზე, ირაკლი ქაჯაია პოლიციის შენობიდან პოლიციელების თანხლებით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში თქვეს და ოფიციალურადაც აღნიშნეს, რომ დაკავებულს ჩამტვრეული ჰქონდა ნეკნი და გახეთქილი ჰქონდა წარბი. გრაფაში „ავადმყოფობის მიმდინარეობა“ მინიშნებულია – „მწვავე“.

სამედიცინო დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ ირაკლი ქაჯაიას ნეკნი აქვს გატეხილი
სამედიცინო დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ ირაკლი ქაჯაიას ნეკნი აქვს გატეხილი

პოლიციის შენობიდან საავადმყოფოში დაკავებულის გადაყვანამდე პოლიციელებმა ოქმში ჩაწერეს: „დაკავებულმა პოლიციის ადმინისტრაციის შენობაში თავისით იატაკს დაარტყა თავი და მიიღო დაზიანება წარბის არეში. მან ოქმისთვის ხელის მოწერაზე უარი განაცხადა…~ ოქმში არაფერია ნათქვამი ჩამტვრეული ნეკნის შესახებ. საავადმყოფოს მიერ გაცემული დოკუმენტაციის მიხედვით, ირაკლი ქაჯაიას ჩაუტარდა დიაგნოსტიკური კვლევები, გულმკერდის რენტგენოგრაფია და კლინიკიდან იგი დილის 6 საათსა და 20 წუთზე გაწერეს.

კლინიკიდან გამოწერილი ქაჯაია 07:08 საათზე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. აქ შევსებულ ოქმში აღნიშნულია, რომ დაკავებულ ირაკლი ქაჯაიას დათვალიერების დროს აღენიშნებოდა დაზიანებები და დაკავებულის თქმით, მას ეს დაზიანებები პოლიციის მე-6 განყოფილების შენობაში პოლიციელებმა მიაყენეს. ოქმს ხელს აჭარის და გურიის რეგიონული დროებითი მოთავსების იზოლატორის ინსპექტორი, რამინ ხიმშიაშვილი აწერს. მას ოქმშივე აღნიშნული აქვს, რომ დაკავებულის პრეტენზიის შესახებ აცნობა იზოლატორის ზედამხედველ პროკურორს, მიქაელ ქობულაძეს.

„ჩვენ ყოველთვის ვახდენთ მყისიერ რეაგირებას. ამ შემთხვევაში, რა მოხდა, დაგირეკავთ ცოტა ხანში და გეტყვით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პროკურორმა მიქაელ ქობულაძემ. მოგვიანებით პროკურორმა გვითხრა, რომ ეს საქმე მას არ აწერია და არც ის იცის, დაიწყო თუ არა გამოძიება: „თუკი იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, სავარაუდოდ დაიწყებოდა გამოძიება, ზუსტად არ ვიცი“, – გვითხრა მიქაელ ქობულაძემ.

დაწყებულია თუ არა გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ, ან დაინტერესდა თუ არა ამ შემთხვევით გენერალური ინსპექცია? – ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

ირაკლი ქაჯაიას დედა, ნინო დუმბაძე „ბათუმელებს“ კვირას ესაუბრა, მას შემდეგ, როცა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო: „მანამდე თავი შევიკავე, როგორც თქვენთან, ასევე საიასთან კომუნიკაციაზე, რომელსაც 26 ივლისს დახმარება ვთხოვე. ოჯახის ახლობელმა პოლიციელმა გვნახა და გვირჩია, საჯარო განცხადებებისგან თავი შეგვეკავებინა. მიმანიშნა, რომ მყავდა მეორე ბიჭიც…“ – გვიყვება ირაკლი ქაჯაიას დედა.

ნინო დუმბაძემ „ბათუმელებს“ ახლობელი პოლიციელის ვინაობა არ გაუმხილა. მან გვითხრა ისიც, რომ ოჯახში იმყოფებოდნენ შსს-ს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები, რომლებიც ირაკლისაც გაესაუბრნენ. ნინო დუმბაძე ამბობს, რომ მას ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ მიუღია გამოძიების დაწყების შესახებ. „26 ივლისიდან ირაკლი თავის ტვინის შერყევით იწვა და ექიმმა გვირჩია, არ იმოძრაოსო. სასამართლო დარბაზიდან იგი პირდაპირ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც არ ვიცი, რა სამედიცინო დახმარებას გაუწევენ,“ – ამბობს ნინო დუმბაძე.

ირაკლი ქაჯაიას სასამართლო პროცესმა ისე ჩაიარა, რომ მას ადვოკატიც კი არ დასწრებია. ირაკლი ქაჯაიას დედა ამბობს, რომ ეს მისი სტრატეგია იყო, რომელიც ახლობელი პოლიციელის რჩევით მიიღო და ახლა ძალიან ნანობს, რომ სასამართლო პროცესის შესახებ საიას და ჟურნალისტებს არ აცნობა.

დროებითი მოთავსების იზოლატორში ირაკლი ქაჯაია, სადაც მან ადმინისტრაციული პატიმრობა უნდა მოიხადოს, მოინახულა სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამართველოს უფროსმა, ციალა ქათამიძემ. მისი თქმით, ქაჯაიას ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი პაატა დიასამიძე კი ამბობს, რომ თუკი იზოლატორი საჭირო სამედიცინო მომსახურებას ვერ უზრუნველყოფს, მაშინ ქაჯაია საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ. ორგანიზაცია ირაკლი ქაჯაიას ინტერესებს დაიცავს.

ორგანიზაციის იურისტმა, პაატა დიასამიძემ 26 ივლისს საკუთარი თვალით ნახა ფეხსაცმლის კვალი ირაკლი ქაჯაიას პერანგის იმ ნაწილზე, სადაც მას ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული:

ირაკლი ქაჯაია
ირაკლი ქაჯაია

„ვნახე, მაგრამ ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს, რა ხარისხის დაზიანებები აქვს მას მიყენებული და რა საგნის ზემოქმედების შედეგად. გამოძიების კომპეტენციაა ამის სამართლებრივი შეფასება და კვალიფიკაციის მინიჭება. პოლიციის შიდა ბრძანებების მიხედვით, პოლიციის განყოფილებაში მოთავსების დროს უნდა ხდებოდეს ადამიანის ვიზუალური დათვალიერება და თუ აღენიშნება რაიმე დაზიანება, უნდა გამოიძახონ პროფესიონალი. ამ შემთხვევაში, დაკავებული პირდაპირ პოლიციის განყოფილების შენობიდან გადაიყვანეს საავადმყოფოში. თუ პოლიციელებმა გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებას, მაშინ ზოგადი წესით უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი. უნდა დაიკითხონ ის პირები, ვინც ამ დროს იმყოფებოდნენ პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ უნდა ჩატარდეს ამოცნობა. ქაჯაიამ არ იცის იმ პოლიციელების ვინაობა, ვინც მისი თქმით, ფიზიკურად გაუსწორდა, მაგრამ ამბობს, რომ მათი ამოცნობა შეუძლია. თუკი ამ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებული არ არის, ეს პირდაპირ კანონის დარღვევაა“ – ამბობს იურისტი.

ირაკლი ქაჯაიამ 26 ივლისს მიმართა სახალხო დამცველის აპარატსაც. რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი ციალა ქათამიძე ამბობს, რომ ვიზუალური დათვალიერებით აშკარად აღენიშნებოდა ქაჯაიას ფიზიკური დაზიანებები. ომბუდსმენის აპარატმა აღნიშნული საქმის წარმოება უკვე დაიწყო: „ჩვენ ვეცდებით დავადგინოთ ამ დაზიანებების მიზეზები, დრო, ადგილი. ამას დავადგენთ დოკუმენტაციის მიხედვით, რაც საქმეში იქნება“, – ამბობს ციალა ქათამიძე.

„სამართლის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება“ – საიას იურისტი, პაატა დიასამიძე ამ შედეგს მოელის, თუკი პოლიციელების მხრიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქის ფიზიკური ანგარიშსწორება დადასტურდება: „ეს შეამცირებს ნდობას სამართალმდაცველების მიმართ და მოქალაქეებს აღარ ექნებათ სურვილი, მიმართონ პოლიციელებს. ეს სერიოზული რისკია“.

პოლიტიკური პარტიების ზეპირი საარჩევნო პროგრამა

არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი, პოლიტიკური სუბიექტები კი თავიანთ პრიორიტეტებზე ჯერ მხოლოდ ზეპირად საუბრობენ. „პროგრამა იწერება და თვის ბოლომდე იქნება“ –  ასე გვიპასუხეს იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც აჭარის უმაღლესი საბჭოს და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ. ვის რა მიაჩნია მნიშვნელოვნად რეგიონის და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შემთხვევაში და რატომ ჰგავს პოლიტიკური პარტიების დაპირებები ერთმანეთს?

ერთადერთი პოლიტიკური პარტია აჭარაში, რომლისგანაც „ბათუმელებმა“  მთელი კვირის მანძილზე ვერ მიიღო პასუხი, მმართველი პარტიაა. „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ჭეიშვილმა პროგრამაზე სასაუბროდ ვერ მოიცალა და ვერც პარტიის სხვა წევრთან ვერ გადაგვამისამართა. რას ჰპირდება „ოცნება“  ამ არჩევნებზე მოსახლეობას და რა მთავარი გზავნილები აქვს პროგრამაში, ამ თემაზე საუბარი მმართველ პარტიასთან ვერ შედგა.

„თავისუფალი დემოკრატების“ პირველი ნომერი აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში, კობა ჩხეიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ველზე დღეს ის პოლიტიკური პარტიები უფრო ჩანან, რომლებიც აგრესიულ კამპანიას მიმართავენ. „ამას ემატება ისიც, რომ ცალკეული მედიასაშუალებები ძირითადად ორ პოლიტიკურ ძალაზე მუშაობენ, რომელსაც კეთილ ან ბოროტ ძალად წარმოაჩენენ. ჩვენ კი ველოდებით სატელევიზიო დებატებს, რომელიც რატომღაც არ იწყება,“ –  გვეუბნება ის.

კობა ჩხეიძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ ამ არჩევნებზე მთავარ აქცენტს ეკონომიკაზე აკეთებენ.

„საკანონმდებლო საქმიანობის მეტი წილი საპარლამენტო საქმიანობაზე გვაქვს გათვლილი. მთავარი აქცენტი ეკონომიკაზე კეთდება, ძირითადად ესტონურ მოდელზეა საუბარი, საპენსიო ფონდის შექმნისა და მის მართვასთან დაკავშირებული საკითხები გვექნება წინ წამოწეული“.

კობა ჩხეიძე ამბობს, რომ სწორედ საპენსიო ფონდის სწორი მართვით და მასში აკუმულირებული თანხის მეშვეობით განხორციელდება ექვს თვეში ერთხელ პენსიის მომატება.

კითხვაზე, რამდენად ეფექტური იქნება საპენსიო ფონდის შექმნა იმ ვითარებაში, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია, დასაქმებულები კი ხელფასს ვერ ზოგავენ, კობა ჩხეიძე პასუხობს, რომ გადახდა უნდა მოხდეს საათობრივად და მინიმალური ანაზღაურება ერთ საათში 3 ლარი უნდა გახდეს.

„თავისუფალი დემოკრატების“  ძირითადი გზავნილი რეგიონის მოსახლეობისთვის საკუთრების უფლებაა. „ადამიანებს, რომლებიც წლებია ცხოვრობენ ბინაში, მაგრამ ვერ ახერხებენ მის საკუთრებაში დარეგისტრირებას, ჩვენ ამის შესაძლებლობას მივცემთ. გარდა ამისა, უნდა განხორციელდეს მიწის რეფორმა, რომელსაც წლებია ელოდება აჭარის მოსახლეობა“.

„თავისუფალი დემოკრატები“, როგორც მათი წარმომადგენელი გვეუბნება, ბრძოლას აპირებს ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ, რისთვისაც სახელმწიფოს დამატებითი სოციალური პაკეტების შემუშავება მოუწევს.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ოფისში საარჩევნო პროგრამა არ დევს, თუმცა აქ ამბობენ, რომ პარტიის მთავარი გზავნილები მათ ბუკლეტებშია. ამ ბუკლეტის მიხედვით, უნდა გაუქმდეს საშემოსავლო, მოგებისა და ქონების გადასახადი. სწრაფად გამდიდრების პუნქტში შეტანილია ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და კერძო არბიტრაჟის შემოღება. „ბათუმელების“  კითხვაზე, თუკი გაუქმდება ზემოთ ჩამოთვლილი სამი სახის გადასახადი, რა შემოსავლებით უნდა შეივსოს სახელმწიფო ბიუჯეტი? პარტიის წარმომადგენელი ბათუმში, ჯემალ ბერიძე გვეუბნება, რომ ბიუჯეტი ბიუროკრატიული აპარატის შემცირების ხარჯზე შეივსება.

„ჩვენი აზრით, სახელმწიფო აპარატი 40 პროცენტით უნდა შემცირდეს. ეს უნდა მოხდეს ახალი ხელისუფლების არჩევიდან ერთი წლის განმავლობაში, ამ ხნის მანძილზე აპარატში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გადაკვალიფიცირდნენ და ახალი სამუშაო მოძებნონ“.

თითქმის ყველა პარტია სოციალური ბინების მშენებლობაზე საუბრობს. მათ შორის „გირჩიც“. ჯემალ ბერიძე ასევე სახელმწიფო ქონებისა და წიაღისეულის კერძო საკუთრებაში გადაცემაზე ამახვილებს ყურადღებას. „ბათუმელების“  კითხვაზე, რა წიაღისეულს ფლობს დღეს სახელმწიფო, რომელიც კერძო საკუთრებაში უნდა გადავიდეს? ჯემალ ბერიძემ პაუზის შემდეგ უპასუხა: „ოქროს საბადო სახელმწიფოს საკუთრებაშია ხომ? კიდევ არის სოფლების დონეზე“.

სოციალურ პროექტებს რაც შეეხება, „გირჩი“  მიიჩნევს, რომ საყოველთაო დაზღვევის პაკეტით ყველა მოქალაქე არ უნდა სარგებლობდეს. „ოჯახის შემოსავლების მიხედვით უნდა მოხდეს სარგებლობა,“  – ამბობს ის. რეგიონში კი „გირჩი“  მთავარ პრიორიტეტად ქართული სავაჭრო ფლოტის აღდგენას მიიჩნევს.

„გვქონდა კონტაქტები სამხრეთ კორეის გემთმშენებელ ქარხანასთან, რომელიც სახელმწიფო გარანტიების შემთხვევაში რამდენიმე ტანკერს გაგვიკეთებს. ამით დასაქმდებიან მეზღვაურები და ეკონომიკაც გაძლიერდება“.

ჯემალ ბერიძის თქმით, მნიშვნელოვანია ინდუსტრიული ზონის შექმნაც, რომელიც ჭოროხისპირას უნდა გაშენდეს: „90 ჰექტარი არის ასათვისებელი, კომუნიკაციებია შესაყვანი, რომ გადაეცეს ბიზნესმენებს. ჩვენ ვფიქრობთ, აქ სამშენებლო მასალების ქარხნები უნდა გაკეთდეს“.

ჭოროხისპირზე ინდუსტრიული ზონის იდეაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. „ინდუსტრიული ზონის მშენებლობა ჩვენ დავიწყეთ და ამ ხელისუფლებამ გააჩერა,“  –  ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“  წევრი ბათუმის საკრებულოში, გიორგი კირთაძე.

„ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც სხვა პარტიები, ამ არჩევნებზე მთავარ აქცენტს სოციალური სახლების მშენებლობაზე აკეთებენ. `საარჩევნო პროგრამა მალე დასრულდება და იქ ყველაფერი გვაქვს გათვლილი,“ –  გვეუბნება გიორგი კირთაძე. მათი გეგმის მიხედვით, სოციალური სახლები სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა აშენდეს, სულ 2 800 ბინა, რისთვისაც 120 მილიონი ლარი, ანუ აჭარის ბიუჯეტის ნახევარია საჭირო.

„პროგრამა ოთხ წელზეა გაწერილი, ეს ბინები ბარაკებში მცხოვრებ ოჯახებს და სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას უნდა გადაეცეს,“ –  ამბობს კირთაძე.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამ მიმართულებით მხოლოდ დაპირებას არ დასჯერდა და ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებაც დაიწყო მოსახლეობასთან, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა  – საქართველომ“ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნად შეაფასა.

გარდა სოციალური სახლებისა, „ნაციონალები“ ამბობენ, რომ ამ საარჩევნოდ პროგრამაში შევა საკანონმდებლო ცვლილებებიც.  „კერძოდ, იქნება ლიბერალიზაცია საგადასახადო და ეკონომიკური დანაშაულის კუთხით. ცვლილებები გვაქვს დაგეგმილი სისხლის სამართლის კოდექსშიც, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა სისტემის გაფართოებასა და მოწმის დაკითხვის ინსტიტუტზე, ასევე, დაგეგმილი გვაქვს, გაუქმდეს წინასწარი პატიმრობა, რომელიც მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში იქნება გამოყენებული,“  – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“  წევრი პეტრე ზამბახიძე.

საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში ამბობენ, რომ მათი საარჩევნო პროგრამა ახლა იწერება და დაახლოებით 10 დღეში მას სრული სახით წარუდგენენ ამომრჩევლებს.

მიუხედავად ამისა, „რესპუბლიკელები“ როგორც პარლამენტის, ასევე  უმაღლესი საბჭოს ამომრჩევლებისთვის პარტიის მთავარ გზავნილებს აჟღერებენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, გიორგი მასალკინი ამბობს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიის პროგრამაში მთავარი აქცენტი მცირე და საშუალო ბიზნესის მაქსიმალურ ხელშეწყობაზე გაკეთდება: „ეს გააძლიერებს ზოგადად საზოგადოებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების კიდევ უფრო გაძლიერებას… მეორე, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებებია და მესამე, ეს არის  ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზება, რაც დღემდე ვერ მოხერხდა“.

საარჩევნო პროგრამა დასრულებული სახით არც „ბურჯანაძე – გაერთიანებული დემოკრატების“ ოფისში აქვთ. პარტიის წარმომადგენელი, გიორგი ცინცქილაძე გვეუბნება, რომ პროგრამა ორ კვირაში იქნება მზად. მისი თქმით, ძალაში რჩება ის პრიორიტეტები, რაც ნინო ბურჯანაძის პარტიას საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰქონდა დეკლარირებული.

„პირველი, ეს არის სამართლიანობის აღდგენა, თუ ეს არ მოხდა, არაფერი გამოვა,“ – გვეუბნება გიორგი ცინცქილაძე. სამართლიანობის აღდგენაში ცინცქილაძე იმ გამოუძიებელი საქმეების გამოძიებას გულისხმობს, რომელიც, მისი თქმით, `ხელისუფლებამ თაროზე შემოდო. მათ შორის როინ შავაძის საქმე“.

ბურჯანაძის პარტია, ისევე როგორც სხვები, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე და თავისუფალი ინდუსტრიული ბაზრის შექმნის აუცილებლობაზე ზეპირად, პროგრამის გარეშე საუბრობს.

„ამისთვის საჭიროა სახელმწიფომ დააფინანსოს პატარა საწარმოები ისე, როგორც ეს თურქეთში მოხდა თავის დროზე. უნდა დავიბრუნოთ რუსეთის ბაზარი და დავიწყოთ მოლაპარაკებები რუსეთთან და აფხაზეთთან,“ – გვეუბნება გიორგი ცინცქილაძე. თუმცა დასძენს, რომ ამ იდეების განხორციელება მხოლოდ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაშია შესაძლებელი.

„ჩვენ გვაქვს ფრაქციები მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, ბათუმის საკრებულოშიც ვართ, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებთ. ვერც უმაღლეს საბჭოში გააკეთებ რაიმეს, თუ უმრავლესობით არ მოხვალ,“ –  ამბობს გიორგი ცინცქილაძე.

როგორც პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ბათუმში ირაკლი ბარამიძე გვეუბნება, საარჩევნო პროგრამა ამ დროისთვის არც მათ აქვთ დასრულებული – „ახლა ვადგენთ.“

ბარამიძის თქმით, პარტიის ძირითადი პრიორიტეტი სამართლიანობის აღდგენა იქნება: „ყველა ის ადამიანი ციხეში, ვინც დანაშაულს ჩადიოდა. რეგიონზე მთავარი აქცენტები გვექნება ავტონომიურობაზე, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ დამოუკიდებლად და თბილისზე არ ვიყოთ დამოკიდებული, ავტონომიის გაძლიერება რომ მოხდეს“.

საარჩევნო პროგრამა  დასრულები სახით არც პაატა ბურჭულაძის პარტიაში აქვთ. „მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის“  რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელი რაულ ფატლაძე ამბობს, რომ  პარტიის მთავარი პრიორიტეტი ლიბერალური საგადასახადო სისტემა იქნება.   „ეკონომიკური პლატფორმა ალბათ უფრო ესტონური, პრიბალტიკური დანარჩენზე ვმუშაობთ“-გვეუბნება ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რას შეცვლის ესპონური  მოდელი მოსახლეობის სოციალური თვალსაზრისით?  პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ   დეტალებზე  მუშაობენ.

პარტიის წარმომადგენლის ნაზი ქობულაძის თქმით, სოციალური პროექტების მხრივ.  „სოციალურად დაუცველის სტატუსი ოჯახს მიენიჭება ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა, ეს სტატუსი არ შეუზღუდავს მოქალაქეებს მუშაობის უფლებას. თუ ამ ხნის განმავლობაში ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება სტატუსის შეჩერება“-გვეუბნება ის.

პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ მოკლე გზავნილების დონეზე უფრო მოქმედებენ, ვიდრე საარჩევნო პროგრამით –  მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, „ნიდერლანდის ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“  წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. პოლიტოლოგი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის, საზოგადოებისა და პოლიტიკური პროცესისთვის უმჯობესია, არა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, არამედ ბევრად უფრო ადრე.

„რამდენიმე პარტიას აქვს უფრო დეტალურად ჩამოყალიბებული საკუთარი ხედვები, თუმცა, საარჩევნო დინამიკა ირევა საარჩევნო პროგრამების ფორმირებაში და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს უყურებენ, ვინ რას ეტყვის ამომრჩეველს, რომ შემდეგ თვითონ უპასუხოს, რაც არასწორი მიდგომაა, რადგან პოლიტიკური პარტია მისი წევრების და მხარდამჭერების პოზიციას უნდა ასახავდეს,“ –  ამბობს ლევან ცუცქირიძე.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ დღეს საარჩევნო პროგრამები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო.

„პოლიტიკური პარტიები პროგრამებს ძირითადად საკუთარი ლიდერებისა და ექსპერტების მონაწილეობით ქმნიან, რაც არ არის მაინც და მაინც სწორი მიდგომა. ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიის წევრები უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართული პროგრამების შემუშავებაში,“-  ამბობს ის.

ლევან ცუცქირიძე პარტიების მხრიდან მსგავსი გზავნილების შესახებაც საუბრობს, რომელიც ძირითადად სოციალურ საკითხებს შეეხება:

„სოციალური პოპულიზმი არ არის სიცოცხლისუნარიანი და ამაში მნიშვნელოვანია ამომრჩევლის პასუხისმგებლობაც, რას სთხოვს ის პოლიტიკურ პარტიებს, რა დაპირებებზე გაყვება და რაზე –  არა, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ეს დაამახინჯებს პოლიტიკურ პროცესს და ჩვენ მივიღებთ ვითარებას, როცა ამომრჩეველი მხარს დაუჭერს იმას, ვისაც აქვს მეტი ფული. ამის გამო პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები უკავშირდება ხოლმე წინასაარჩევნო ბრძოლის ტაქტიკას და არა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებისა და წევრების საერთო ფასეულობების ასახვას იმაში, რასაც ჰქვია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა განათლების თუ სოციალური სისტემის მოწყობაში.“

 

საია მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციაზე

„უკრაინის მოქალაქემ, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაცია”, – აცხადებენ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”. საუბარია ბათუმში, 31 ივლისს, მემედ აბაშიძის ქუჩაზე შეკრებილებთან მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვაზე, სადაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიული ოფისის წინ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განცხადებას აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დღეს შეიტანს. განცხადებაში აღნიშნულია: “საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს.”

საიას განცხადებაში  ასევე ნათქვამია, რომ კანონის მოთხოვნათა დარღვევით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

„ორბი ჯგუფის“ პროექტმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა

„ორბი თვინ თაუერი“ – „ორბი ჯგუფის“ ახალი გრანდიოზული პროექტია 4 500 ნომრით, რომელიც ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე შენდება და მსოფლიოში სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ მეექვსე ადგილს იკავებს. ამ პროექტმა პანამაში „2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო პროექტის“ ტიტული მიიღო და კომპანია „ორბი ჯგუფს“ „ოსკარიც“ გადაეცა უძრავი ქონების სფეროში.
პროექტზე, პრიზზე და მის მნიშვნელობაზე უფრო ვრცლად კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს, ირაკლი კვერღელიძეს ვესაუბრეთ.

ბატონო ირაკლი, „ორბი ჯგუფმა“ ბათუმში მსოფლიო მნიშვნელობის პროექტის მშენებლობა დაიწყო. რას ნიშნავს მსოფლიოში სიდიდით მე-6 სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა კომპანიისათვის და როგორია მსოფლიოს პირველი ათეული?

მსოფლიოს პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ლას-ვეგასი – The Palazzo Resort Hotel & Casino -8108 ნომერი

  2. მოსკოვი – იზმაილოვოს სასტუმრო კომპლექსი – 7500 ნომერი

  3. ლას ვეგასი – The Signature at MGM Grand – 6772 ნომერი

  4. მალაიზია – First World Hotel – 6118 ნომერი

  5. ლას-ვეგასი – Encore Las Vegas – 4570 ნომერი

  6. ბათუმი – ORBI Twin Tower – 4 500 ნომერი

  7. ლას-ვეგასი – Luxor Hotel&Casino – 4 400 ნომერი

  8. ლას-ვეგასი – Mandalay bay – 4337 ნომერი

  9. ტაილანდი – Ambassador City – 4210 ნომერი

  10. ლას-ვეგასი – The Venetian – 4027 ნომერი.

„ორბი ჯგუფისათვის“ ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ მსოფლიოში სიდიდით მეექვსე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ეს პროექტი სცილდება რეგიონულ მნიშვნელობას და კომპანიას, ბათუმს, როგორც ტურისტულ ქალაქს, მსოფლიოში სხვა დატვირთვას ანიჭებს. „ორბი თვინ თაუერის“ შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე: www.orbigroup.net

ბატონო ირაკლი, თქვენ ახლახან დაბრუნდით პანამიდან, სადაც „ორბი ჯგუფის“ პროექტმა „ორბი თვინ თაუერმა“, მსოფლიო დონის აღიარება მიიღო. რამდენად მნიშვნელოვანია FIABCI Prix d’Excellence ქვეყნისთვის?

კარგი შეკითხვაა. როდესაც კომპანიის მიერ წარდგენილ პროექტს მსოფლიოში საუკეთესო საინვესტიციო პროექტად აღიარებენ, როგორც ეს მოხდა „ორბი თვინ თაუერის“ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ კომპანიის გამარჯვება არ არის, ეს ქვეყნის გამარჯვებაა.

რაც შეეხება თავად FIABCI Prix d’Excellence-ს, ის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. ეს იგივე „ოსკარია“. მსოფლიოში ამაზე დიდი ჯილდო უძრავი ქონების სფეროში არ არსებობს. „ფიაბსი“, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციაა, რომელიც პარიზში, 1948 წელს ევროპის, ამერიკის წამყვანმა დეველოპერებმა და უძრავი ქონების სპეციალისტებმა დააფუძნეს. 1954 წელს „ფიაბსის“ გაეროს სოციალურ-ეკონომიკურ საბჭოში მიენიჭა ოფიციალური კონსულტანტის სტატუსი. ეს ერთადერთი ორგანიზაციაა უძრავი ქონების სფეროში, რომელიც გაეროს ტრიბუნაზე სიტყვით გამოდიოდა.

„ფიაბსის“ პრიზ „ექსელენსის“ მფლობელები სხვადასხვა დროს გახდნენ ისეთი პროექტები, როგორიცაა: „ტრამპ-თაუერი“ ნიუ იორკში, „გუგენჰეიმის მუზეუმი“ ბილბაოში, „პეტრონასის თაუერი“ კუალა-ლუმპურში, პარიზის „დისნეი ლენდი“, „მილენიუმ პარკი“ ჩიკაგოში, REPUBLIK PLAZA – სინგაპურში, THE PALACE – ტაივანში, SINAR MAS LAND PLAZA – ინდონეზიაში, NORWEST BUSINESS PARK  – სიდნეიში და ბევრი სხვა ცნობილი არქიტექტურული და უძრავი ქონების წარმატებული პროექტი. ეს ჯილდო იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს კომპანია ამით ამაყობს და ეს აღიარება გახდა ამ კომპანიების წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველი.

ირაკლი კვერღელიძე
ირაკლი კვერღელიძე

გარდა „ორბი ჯგუფისა“, ამ დრომდე აღნიშნული პრიზის მოპოვება პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ვერც ერთმა კომპანიამ ვერ შეძლო. კონკურსზე წარმოდგენილი იყვნენ მეგაკომპანიები ამერიკიდან, ჩინეთიდან, სინგაპურიდან, დუბაიდან, მალაიზიიდან, იაპონიიდან და ევროპის ქვეყნებიდან, რომელთა ბიუჯეტი, არამარტო ჩვენი კომპანიის, არამედ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს 15-ჯერ, 20-ჯერ აღემატება. სწორედ ამ მეგაკომპანიების მიერ წარმოდგენილ პროექტებს შორის, მსოფლიოს 40 ქვეყნის ყველაზე კომპეტენტური და საერთაშორისო დონის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა 70 წევრიანმა ჟიურიმ, რომელიც 6 თვის განმავლობაში სწავლობდა კომპანია „ორბი ჯგუფს“ და მის პროექტს, „ორბი თვინ თაუერი“ 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო პროექტად ერთხმად აღიარა. „ფიაბსის“ ისტორიაში ჟიურის მიერ ასე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების პრეცედენტი არ არსებობს, რასაც დაჯილდოების ცერემონიალზე განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი თავად „ფიაბსის“ პრეზიდენტმა.

„ორბი თვინ თაუერში“ კომპანია „ორბი ჯგუფი“ აპარტამენტების რეალიზაციას ახორციელებს. რითი განსხვავდება აპარტამენტი ჩვეულებრივი ბინისგან?

აპარტამენტი, ისევე როგორც საცხოვრებელი ბინა, მყიდველის კერძო საკუთრებაა. იგი საკუთრების უფლებით აღირიცხება მყიდველზე საჯარო რეესტრში და იურიდიულად, საკუთრების უფლების კუთხით არანაირი სხვაობა საცხოვრებელ ბინასა და აპარტამენტს შორის არ არის. აპარტამენტის სტატუსი გამომდინარეობს იქედან, რომ იგი განთავსებულია მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსში, რომელიც მოიცავს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს დონის სრულ ინფრასტრუქტურას და მომსახურებას, როგორიცაა: რეცეფცია, კონსიერჟსერვისი, რუმს სერვისი, დაცვა, ტექნიკური მომსახურება, კაზინო, სპა ცენტრი, ღია და დახურული აუზები, კაფეები, რესტორნები, სავაჭრო ზონები, საბავშვო მოედნები, სამედიცინო ცენტრი, და ა.შ.

მესაკუთრე არ არის შეზღუდული იცხოვროს საკუთარ აპარტამენტში. ის თავადვე განსაზღვრავს როდის გამოიყენებს აპარტამენტს ცხოვრებისთვის, როდის – დასვენებისთვის, როდის გააქირავებს. მესაკუთრის სურვილის შემთხვევაში „ორბი ჯგუფი“ უზრუნველყოფს აპარტამენტის გაქირავებას, რითაც აპარტამენტის მფლობელს სტაბილური შემოსავლის წყარო უჩნდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს დონის ინფრასტრუქტურის და მომსახურების არსებობა ძალიან დიდ მოთხოვნას აჩენს მის დაქირავებაზე და ეს გარემოება იძლევა ამ აპარტამენტების მაღალ ფასად და მაღალი დატვირთვით გაქირავების შესაძლებლობას.

ძალიან საინტერესოა – როგორ შეიძლება დაინტერესებულმა პირმა შეიძინოს აპარტამენტები „ორბი თვინ თაუერში“, რა პირობებით და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს მას ამ შენაძენიდან?

„ორბი თვინ თაუერს“ უნიკალური არქიტექტურა და ადგილმდებარეობა აქვს, იგი ზღვიდან 50 მეტრში, მოცეკვავე შადრევნებთან შენდება. ამასთან, ყველა აპარტამენტს შესანიშნავი ზღვის ხედი აქვს.

„ორბი თვინ თაუერში“ აქციაა, ასეთია „ორბი ჯგუფის“ ტრადიცია ყველა პროექტის დაწყების დროს. შესაბამისად, აქციის პერიოდში საუკეთესო ფასად არის შესაძლებელი აპარტამენტების შეძენა. აქციის ფარგლებში, რომელიც 2016 წლის 1 სექტემბრამდე გრძელდება, „ორბი თვინ თაუერში“ აპარტამენტის ღირებულება 17 500 აშშ დოლარია. პირველადი შენატანი 1 700 აშშ დოლარია, ხოლო ყოველთვიური შენატანი 250 აშშ დოლარს შეადგენს. მყიდველს შეუძლია აპარტამენტები იტალიური ავეჯით, ევროპული სტანდარტის რემონტით და ტექნიკით შეიძინოს.

კომპლექსში არსებობს როგორც სტანდარტული, ასევე ლუქსის და უფრო მაღალი სტანდარტის აპარტამენტები. არის ისეთი ტიპის აპარტამენტებიც, სადაც თითოეული აპარტამენტის ღირებულება ხუთასი ათას, ერთ მილიონ და მილიონ-ნახევარ აშშ დოლარსაც აღწევს.

რაც შეეხება სარგებელს შენაძენიდან – მინდა აღვნიშნო, რომ უძრავი ქონების შეძენისას, ინვესტირებისას ორი ძირითადი ფაქტორია გასათვალისწინებელი: რა სტაბილურ შემოსავალს მოგცემს შეძენილი უძრავი ქონების გაქირავება? როგორ გაიზრდება შეძენილ უძრავ ქონებაზე ფასი შეძენის შემდეგ?

სტანდარტული აპარტამენტის გაქირავების შედეგად ყოველწლიური სტაბილური შემოსავალი საორიენტაციოდ 5-6 ათასი აშშ დოლარია. რაც შეეხება შეძენილი აპარტამენტის ფასის ზრდას, მშენებლობის დაწყებიდან მშენებლობის დასრულებამდე აპარტამენტის ღირებულება მინიმუმ 2-ჯერ იზრდება. „ორბი თვინ თაუერის“ მშენებლობის ხანგრძლივობა 24 თვეს შეადგენს.

„ორბი თვინ თაუერი“ 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო პროექტად იქნა აღიარებული. ზღვიდან 50 მეტრში, ბათუმში, საუკეთესო ადგილზე შენდება, კომპლექსში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს დონის ინფრასტრუქტურა, ხელმისაწვდომი ფასი და ძალიან მოქნილი გადახდის სისტემაა. მომხიბვლელი პირობებია და ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი იქნება დაინტერესება. რამდენად აქტიურად ყიდულობენ საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები აპარტამენტებს თქვენს პროექტებში და როგორია ქვეყნის გარეთ გაყიდვების დინამიკა?

„ორბი ჯგუფმა“ შეძლო შეექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც საინტერესო იქნებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის. სწორედ ამიტომ, „ორბი ჯგუფს“ დღეისთვის მსოფლიოს 7 ქვეყანაში 30-მდე ოფისი აქვს, 2016 წლის ბოლომდე კი, უცხოეთში დამატებით გაიხსნება კომპანიის კიდევ 50 წარმომადგენლობა.

„ორბი ჯგუფის“ მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსებში შეძენილი აპარტამენტი მხოლოდ უძრავი ქონება არაა, ის ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყაროა.

„ორბი ჯგუფში“ აპარტამენტის შეძენის ძალიან მოქნილი და მარტივი სისტემაა, შესაბამისად, საქართველოში მცხოვრები პირებისთვისაც, ვისაც პირველადი შენატანის სახით 1 700 აშშ დოლარის შესაძლებლობა აქვს, ხოლო ყოველთვიურად 250 დოლარამდე გადაიხდის, „ორბი ჯგუფში“ აპარტამენტის შეძენა შეუძლია.

ამის გათვალისწინებით, ჩვენი თანამოქალაქეები საკმაო აქტიურობით გამოირჩევიან და შესაბამისად, მყიდველიც ბევრი გვყავს, როგორც ქალაქებიდან, ისე საქართველოს თითქმის ყველა რაიონიდან.

გარდა ამისა, ხშირია შემთხვევა, როცა საქართველოდან წასული პირები ყიდულობენ აპარტამენტებს იმ მიზნით, რომ საქართველოში მცხოვრებ მშობლებს, ოჯახის სხვა წევრებს, სტაბილური შემოსავლის წყარო გაუჩინონ. ამასთან, დასვენების პერიოდში აპარტამენტებში თავადაც ისვენებენ.

აპარტამენტები საინტერესოა იმ პირთათვის, ვინც დაქირავებული მუშახელია, მუშაობს პროფესიით (მაგალითად: იურისტები, ბუღალტრები, აუდიტორები, ექიმები და .ა.შ.) და ბიზნესის დამოუკიდებლად წარმოების შესაძლებლობა არ გააჩნიათ, მოქნილი გადახდის პირობებით აპარტამენტების შეძენით, სტაბილური შემოსავლის წყაროს იჩენენ და არც მათ პროფესიულ საქმიანობაში ეშლებათ ხელი. როგორც აღვნიშნე, გაქირავებას და აპარტამენტის ოპერირებას „ორბი ჯგუფი“ უზრუნველყოფს და მყიდველს საკუთარ ანგარიშზე ყოველთვიურად ერიცხება გაქირავებიდან მიღებული თანხა.

დაინტერესება ძალიან მაღალია ქვეყნის გარეთაც, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: გერმანია, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა, ლატვია, ლიტვა, ყაზახეთი, ბელარუსი, ისრაელი, ამერიკა, დუბაი, ყატარი და ა.შ.

მას შემდეგ, რაც „ორბი თვინ თაუერი“  2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო პროექტად იქნა აღიარებული, კიდევ უფრო მეტად გაიზარდა დაინტერესება უცხოეთში. დღეის მდგომარეობით მსოფლიოს 35 ქვეყნიდან გვყავს მყიდველი.

თუ შეგიძლიათ გვიამბეთ „ორბი ჯგუფის“  სამომავლო გეგმების შესახებ…

„ორბი ჯგუფი“ ახლო მომავალში თბილისში იწყებს მასშტაბურ პროექტს. გარდა ამისა, „ორბი ჯგუფი“ პირველი იქნება ქართულ კომპანიებს შორის, რომელიც მომავალი წლიდან ქვეყნის გარეთ დაიწყებს რამდენიმე პროექტის განხორციელებას. კომპანია ბევრი სხვა, ახალი პროექტისა და მიმართულებების განვითარებას გეგმავს.

აპარტამენტის შეძენის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ :
ტელეფონი: 0 800 100 115; ზარი უფასოა;
+995 555 33 00 00,
+995 555 32 00 00,
+995 555 35 00 00;
ელ.ფოსტა: batumi@orbi.ge
ვებგვერდი: www.orbigroup.net

ორბი ჯგუფი

ვინ შეარჩია “ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარობის კანდიდატებად ბათუმში

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორირატი დეპუტატობის კანდიდატები ბათუმის სამივე საარჩევნო ოლქში დაასახელა, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს, ასევე პარლამენტის მანდატების მოსაპოვებლად.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატია ელგუჯა ბაგრატიონი. იგი ამჟამად ქობულეთის საკრებულოს წევრია და პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2010 წლიდან 2014 წლამდე ელგუჯა ბაგრატიონი ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატია გია აბულაძეც. იგი ლევან ვარშალომიძის მთავრობაში ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი იყო, მოგვიანებით – განათლების მინისტრი.

კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ჯინჭარაძეა. მან ახლახანს დაასრულა უნივერსიტეტი და პარტიის ახალი სახეა.

პარლამენტის დეპუტატობისთვის ემზადება გიორგი კირთაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე 2008 წლიდან. 2013 წლიდან იგი საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა.

მაჟორიტარობის კანდიდატია თემურ დუმბაძეც, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის გამგებელი იყო.

პარტიის კიდევ ერთი სახეა და კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი მირდატ ქამადაძე. იგი აქამდე საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.

nacionalebi 1

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმში

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ასახელებს. ამ წუთებში კანდიდატების წარდგენა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პარტიის ბათუმის ოფისის წინ გრძელდება. შეკრებილებს ოდესიდან პარტიის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” უმაღლესი საბჭოს კანდიდატები იქნებიან: ელგუჯა ბაგრატიონი, ნინო ჯინჭარაძე და გია აბულაძე. საქართველოს პარლამენტის მანდატების მოპოვებას კი შეეცდებიან: მირდატ ქამადაძე, გიორგი კირთაძე და თემურ დუმბაძე.

კანდიდატები პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან ერთად, პარტიის ლიდერებმა წარუდგინეს საზოგადოებას.

დღეს, 31 ივლისს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატებიც დაასახელა. ამ მუნიციპალიტეტიდან უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის ქენან დოლიძე, ხოლო პარლამენტარობისთვის მიხეილ ბოლქვაძე იბრძოლებენ. ორივე კანდიდატი ხელვჩაურის საკრებულოს წევრია.

„ნაციონალიური მოძრაობა“ აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარობის კანდიდატებს ხვალ, პირველ აგვისტოს დაასახელებს.

nacionalebi 2

nacionalebi 3

 

2000 ფერადი ქოლგა მემედ აბაშიძის გამზირზე – „ბათუმობა 2016“

,,ბათუმობა 2016“-ის ფარგლებში ქუჩების სადღესასწაულოდ მორთვის ორგანიზებისთვის, ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის მაქსიმალური თანხა 55 000 ლარია. ღონისძიება 2016 წლის 3-4 სექტემბერს ჩატარდება.

სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად გამარჯვებულმა სხვადსხვა სამუშაოები უნდა შეასრულოს. მათ შორის დაგეგმილია:

ყვავილების თაღიმემედ აბაშიძის ქუჩის მორთვა ქოლგებით – ბოძებზე უნდა გაიჭიმოს ე.წ. ,,მეტალის ტროსები”და მათზე მოხდეს 2000 ფერადი ქოლგის მონტაჟი; ყვავილების თაღის დამზადება – წარწერით ბათუმობა 2016; ყოველ ქუჩის კვეთაში ფერადი წარწერა სტენსილი – BATUMOBA ბათუმობა 2016, სულ დასახატია 48 სტენსილი – სასურველია სტენსილი იყოს 3D-სთან მიახლოებული ნახატი.

ევროპის მოედნის განათების ბოძების მორთვა – სულ 16 ბოძი, თითოზე 4 დასაკიდი საშუალებით, სადაც ყვავილის ქოთანი უნდა ჩამოიკიდოს დარგული, ცოცხალი ყვავილებით და თითოს თავზე, გრძელ თოკზე დამაგრებული 30 ჰელიუმიანი ფერადი ბუშტი დამაგრდეს.

საჰაერო განათებადუმბაძის ქუჩის მორთვა – ქუჩის “საჰაერო” განათება – 150 ცალი ხელნაკეთი სანათის დამზადება; ყველა სახლის ამონათება სხვადასხვა ფერის განათებით; ქუჩის სავალი გზის მოხატვა ყვავილებით – გზაზე დახატულ ყვავილებს უნდა ჰქონდეს იგივე დიზაინი და ფერები რაც ჰაერში დაკიდულ სანათებს; ყველა აივანზე დაიკიდოს ცოცხალი ყვავილებით გადავსებული ქოთნები; 2-სართულიანი სახლის ყვავილებით მორთვა; სხვადასხვა კრეატიული მრავალფეროვანი კლუმბის დადგმა დუმბაძის ქუჩაზე; დეკორატიული ხის კიბეები – მათზე სანთლებისა და ყვავილების დეკორაციები;

ყვავილების ტაშტი“ყვავილების ტაშტი” – მცურავი სანთლებითა და ყვავილებით უზრუნველყოფა; დუმბაძის №3 სახლის კედელზე ბათუმობა/BATUMOBA კრეატიული ინსტალაციის (ნახატის) გაკეთება; ყვავილების ინსტალაციის დამზადება დუმბაძის ქუჩის ერთ კედლზე.

ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ასევე იუნკერების სასაფლაოსა და ილიას ძეგლთან სარიტუალო “კალათას” მოწყობა ყვავილებით; 30 სასაჩუქრე ბუკეტის დამზადება დამკვეთთან შეთანხმებული დიზაინის მიხედვით. 3 სექტემბერს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში და 4 სექტემბერს ანბანის კოშკთან საკონცერტო სცენის მორთვა ყვავილებითა და ბუშტებით – 10 ინსტალაცია.

ქოლგები
ფოტოები სატენდერო დოკუმენტაციიდან

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა პირველი აგვისტოდან დაიწყება

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2016 წლის საშემოდგომო გაწვევა პირველი აგვისტოდან დაიწყება და 2016 წლის 31 დეკემბრამდე გასტანს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1250-ით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში [პენიტენციურ დეპარტამენტში] კი მაქსიმუმ 1103 წვევამდელს გაიწვევენ.

რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ის მიმდინარე წლის 27 ივნისიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მოთხოვნას აღარ ახორციელებს.

„ჩვენ ვთქვით, რომ 2017 წლიდან აღარ იქნებიან შეიარაღებულ ძალებში წვევამდელები. ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი. პირველი, შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ძალით მოყვანილი სამხედრო მოსამსახურე, შეიარაღებულ ძალებზე არის ძალიან მაღალი მოთხოვნა, შეიარაღებულ ძალებში სამსახური პრესტიჟულია საქართველოში და არავის არ სჭირდება დაძალება, რომ გახდეს თავისი ქვეყნის ჯარისკაცი…“ – განაცხადა მაშინ თავდაცვის მინისტრმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 10 აგვისტომდე უნდა განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კი კოორდინაცია უნდა გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელვაჩაურში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში.

პარლამენტარის მანდატისთვის “ნაციონალური მოძრაობიდან” მიხეილ ბოლქვაძე იბრძოლებს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატობისთვის – ქენან კახიძე. ორივე კანდიდატი დღემდე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქენან დოლიძე “ნაციონალური მოძრაობის” სახელით საკრებულოს მაჟორიტარი წევრი გახდა, მიხეილ ბოლქვაძე კი პარტიული სიით შევიდა საკრებულოში.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს საღამოს დაასახელებს. გუშინ პარტიამ კანდიდატების დასახელება, როგორც პარტიაში განაცხადეს, მოსალოდნელი უამინდობის გამო გადადო. “ნაციონალური მოძრაობა” აჭარის სხვა საარჩევნო ოლქების მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების დასახელებას ხვალ, პირველ აგვისტოს  აპირებს.

ადრეული ქორწინების პრობლემაზე საჯარო ლექცია გაიმართა

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ადრეული ქორწინების პრობლემებზე იმსჯელეს. ლექციას კითხულობდნენ ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თამარ გურჩიანი და ნორთვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი ბრიჯიდ არიმონდი. შეხვედრაზე განიხილეს როგორც ქართული, ასევე ამერიკული კანონმდებლობა ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე პრობლემებიც განიხილეს, რომლებიც თან სდევს ნაადრევ ქორწინებას – პირველ რიგში ჯანმრთელობის პრობლემები 18-წლამდე დაფეხმძიმების გამო; აღინიშნა განათლების პრობლემა – ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში გოგონები, რომლებიც ნაადრევად ქმნიან ოჯახს, თავს ანებებენ სწავლას; ამასთან, არასრულწლოვნები ქორწინების შემთხვევაში  ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი, ვინაიდან ისინი კარგავენ თავისუფალ ნებასა და უფლებებს.

ბრიჯიდ არიმონდი განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში  50 შტატიდან 48 შტატში  ქორწინება დასაშვებია 18 წლის ასაკიდან. ხოლო იმისთვის, რომ მოიპოვო ქორწინების უფლება უნდა მიმართო ადგილობრივ მთავრობას ქორწინების ლიცენზიის [ან უფლების] მისაღებად. უნდა  შეავსო აპლიკაცია და უპასუხო დასმულ  შეკითხვებს [მაგალითად: ყოფილხარ თუ არა დაოჯახებული ადრე და ა.შ.] ამასთანავე, უნდა წარადგინო შენი პირადობის ან მართვის მოწმობა, რათა დადგინდეს რომ ნამდვილად  ხარ 18 წლის. ბრიჯიდ არიმონდის თქმით,  სამწუხაროა, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში არის შტატები მაგალითად მისისიპი, სადაც ქორწინდებიან 18 წელზე უფრო ადრეულ ასაკში. ეს ხდება მხოლოდ მშობლების თანხმობით, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც  გასცემს ნებართვას ქორწინების თაობაზე.

თამარ გურჩიანის ინფორმაციით, ბავშვების ქორწინებას საქართველოში იშვიათად, მაგრამ მაინც ვხვდებით. საქართველოში ნაადრევ ქორწინებაში, ძირითადად, გოგონები იმყოფებიან. „ეს გამოწვეულია იმ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობითა და მენტალობით – „ჩავაბარო პატრონს“, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. თითქოს ქორწინება გამოსავალია არსებული პრობლემების დასაძლევად“ – აღნიშნა თამარ გურჩიანმა.

თამარ გურჩიანი ყურადღებას ამახვილებს 2015 წლის დეკემბრიდან ქართულ კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, საქორწინო ასაკი 18 წელი განისაზღვრა. თუმცა, გარდამავალ პერიოდში (2017 წლის პირველ იანვრამდე) 17-დან 18-წლამდე გოგონას შეუძლია დაარეგისტრიროს ქორწინება, თუკი ბავშვს ელოდება და მოსამართლის თანხმობა აქვს.

„ეს კარგი ცვლილებაა და შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან. მაგრამ პრაქტიკაში არასრულწლოვნების, როგორც რეგისტრირებული, ასევე არარეგისტრირებული ქორწინება  მაინც გვხდება. დიდია არასრულწლოვნი  მშობლების რიცხვიც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით 16 წლამდე ასაკის ბავშვთან სექსუალური კავშირი არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რეალობაში ფაქტები მაინც ხშირია. მონაცემების შეგროვება რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ სახელმწიფო უწყებები ამას ნელ-ნელა ახერხებენ. ეს პრობლემა ფართომასშტაბიანია და სერიოზულ ხასიათს ატარებს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. შესაბამისად, აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად მრავალმხრივი მუშაობაა საჭირო, როგორც საზოგადოების, აგრეთვე სახელმწიფო უწყებების მხრიდან“ – განაცხადა თამარ გურჩიანმა.

საჯარო ლექცია ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, 30 ივლისს გაიმართა.

DSCN0855

 

შსს-მ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1967 წელს დაბადებული გელა ქ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 130 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, გელა ქ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით].

„მე უკვე მჯერა საკუთარი თავის“ – ოჯახში 13-წლიანი ძალადობის მსხვერპლის ისტორია 

ხულოდან წალკაში მაშინ გადავსახლდით, როცა ზვავმა დაგვინგრია სახლ-კარი. მაშინ მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი. მამაჩემი სოფელში სკოლის დირექტორად დანიშნეს. მე კარგად ვსწავლობდი, სულ წიგნთან მინდოდა ყოფნა. დედაჩემი მიშლიდა, არაა ეგ ქალის საქმე, გათხოვდები, საქმე არ გეცოდინება და მე შემაგინებენო, ასე მეუბნებოდა. გვიან გავაცნობიერე, რომ ძალადობით დაიწყო ჩემი ცხოვრება.

14 წლის ვიყავი, „ელჩები“ როცა მოგვადგნენ. ასე ეძახდნენ მაშინ შუამავლებს. მამაჩემმა მერაბი შეარჩია და მისცა თანხმობა ჩემს მითხოვებაზე, 25 წლის ჩამოყალიბებული კაციაო. დედაჩემი მეუბნებოდა, ქმარს დაუჯერებ და კარგად გაგზრდისო… მერაბი ჩვენ მეზობლად ცხოვრობდა.

ნიშნობის საღამო  მალე შედგა. ეს იმას ნიშნავდა, რომ სხვაზე ვეღარასდროს გავთხოვდებოდი. მამაჩემმა ნიშნობაზე მერაბის მშობლებს უთხრა, გოგოს ვერ წაიყვანთ, ვიდრე სკოლას არ დაამთავრებს და უნივერსიტეტის პირველ კურსსო. მერაბი თავიდან მომეწონა, კანფეტები მოჰქონდა და სიხარულით აღარ ვიცოდი, რა მექნა. ვერ ვხდებოდი, რასთან მქონდა საქმე. მერე შიში ჩამომიყალიბდა მის მიმართ – სკოლაში ამითვალწუნა, სამხედროს მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და შეგნებულად მაღიზიანებდა, დაბალ ნიშნებს მიწერდა, მაკონტროლებდა, საჯაროდ შენიშვნებს მაძლევდა. მახსოვს, პირველად რომ შარვლით მივედი სკოლაში, ეგ რა გაცვიაო, ყვირილი დაიწყო. სკოლის დამთავრებამდე ვუთხარი, რომ ცოლად არ გავყვებოდი და ჩემს ოჯახში დატოვებული ნიშანიც, სამკაული და ტანსაცმელი, ეზოში გამოვუდგი, გავიქეცი და ჩემს ოთახში ჩავიკეტე.

დედამ ამაზე ძალიან ინერვიულა, მამაშენმა ეგ რომ გაიგოს, არ გაცოცხლებს, ეს როგორ გაბედეო. კითხვა და მეცადინეობა ამიკრძალა და საოჯახო საქმის კეთებას მაიძულებდა. მამას არ უნდა გაეგო ეს ამბავი. მამაჩემის შინ მოსვლა დღესასწაული იყო ჩემი. მასთან ერთად როცა ვიყავი, დედაჩემი ვერაფერს მიბედავდა.

სკოლა რამდენიმე დღის დამთავრებული მქონდა, როცა მერაბმა მომიტაცა. მანქანაში მეხუმრებოდა, აქ არ იყვირო, ახალქალაქში ჩავალთ და იყვირე რამდენიც გინდა, იქ ბევრ პოლიციელს ვიცნობო. როგორც კი მანქანის ფანჯარა ჩამოწიეს, კივილი დავიწყე. პოლიციამ დაგვაფიქსირა. მერაბს ბიძია ახლდა. დამიფიცა, ოთხი შვილის საფლავი მენახოს, ჩვენი თავი არ დააჭერინო და მართლა სახლში წაგიყვანო… წამოვედით თუ არა, სიცილი განაგრძეს: რა გინდა, პირობა შეგისრულეთ, სახლში ნამდვილად მივალთო. მერაბის ახლობელთან მივედით… მამაჩემის დეიდაშვილმა მოგვინახულა, იმ დროს წალკის პოლიციის უფროსი იყო. მითხრა, რა გინდა, დანიშნული გოგო წამოგიყვანა, ეგ ტრადიციაა, არაა დანაშაულიო, ამ ბიჭთან უნდა დარჩეო, რომ დაბრუნდე, მამაშენი და შენი ოჯახი დაიჩაგრება, არავის უნდა ოჯახში მიბრუნებული ქალიო. მივხვდი, ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა. მამაჩემი როცა მოვიდა, თვალებში აღარ შემიხედავს. ვუთხარი, რომ ჩემი ნებით გავთხოვდი.

ფეხმძიმე ვიყავი, როცა ქმარმა გამარტყა სახეში პირველად: რატომ ამოიჩემე ექიმთან კონსულტაცია, არაფერი გჭირსო. ცხვირიდან სისხლი მდიოდა. მეზობლის ქალებმა დამამშვიდეს, უკან მიბრუნება უარესია, ბავშვით სად უნდა წახვიდეო. მანამდეც ხშირად მაგინებდა და ხმამაღლა მიყვიროდა. როცა ვკითხე, ამას რატომ აკეთებ, რა დაგიშავე-მეთქი, მიპასუხა, დედ-მამას სიამოვნებს, ქალს რომ ვმართავ და მეზობლებში ძლიერი კაცის სახელი მექნებაო, შენ დაიკიდეო და გაიცინა.  ძალადობა 13 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ხან ფსიქოლოგიური, ხანაც – ფიზიკური. ჩემი ორი შვილიც ხედავდა ამას. ხშირად მეუბნებოდა ქმარი, აბა, შეხედე ერთი, რა მახინჯი ხარო. ისე მამცირებდა, ავტობუსში როცა ავდიოდი, სულ უკან ვჯდებოდი. საკუთარი თავი მართლა მახინჯი მეგონა.

ერთ დღესაც მამაჩემი მოვიდა, შვილს უნივერსიტეტში უნდა ვაბარებინო და უმისოდ არ წავალო. გამიშვეს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის სპეციალობაზე ჩავირიცხე და დაუსწრებელ განყოფილებაზე ვსწავლობდი. ამ დროს მულიც თბილისში იყო და მასთან ვრჩებოდი.

უნივერსიტეტის შემდეგ ისევ წალკაში დავბრუნდი და სკოლაში დავიწყე მუშაობა. მალე სერტიფიცირებული მასწავლებელიც გავხდი. ერთ-ერთ კონფერენციაზე თემა მქონდა – „არა ნაადრევ ქორწინებას“. ისევ ძალადობის მსხვერპლი რომ ვიყავი, ამაზე ვერაფერს ვამბობდი. სამოქალაქო განათლების საათებიც მომცეს სკოლაში. როცა მოსწავლეებს უფლებებზე ვესაუბრებოდი, მრცხვენოდა, თავად რომ არ ვეწინააღმდეგებოდი ჩემზე ძალადობას და ვდუმდი.

მალე ჩემი ქმარი უმუშევარი დარჩა და ძირითადად ოჯახი ჩემზე იყო დამოკიდებული ფინანსურად. საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ქალთა კოოპერატივშიც ჩავები, მეფუტკრე გავხდი. მერაბი მეუბნებოდა, კარგად რომ მიაღწევ წარმატებებს, მერე გამოგიშლი კიბესო. ფორმალური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა: საჭმელს ვუმზადებდი, ტანსაცმელს ვუწესრიგებდი, საერთოდ არ ვსაუბრობდით. როცა სვამდა, ჩხუბს მიწყებდა და ხანდახან ფიზიკურადაც ძალადობდა. ეს კვირაში ორჯერ მაინც ხდებოდა. მეუბნებოდა, ცხვირს და ყურებს მოგაჭრი, თუ გაბედავ გაშორებასო.

ერთ დილასაც მერაბს ვუთხარი, რომ მივდიოდი და ბავშვებიც თან მიმყავდა. ჩანთები უკვე ჩალაგებული მქონდა. ვერ წახვალ, ჩემს მიტოვებას ვერ შეძლებო, ასე მითხრა. წამოვედი. ახლა უკვე ბათუმში ვარ, დედ-მამის ოჯახში. მათ წალკიდან დაბრუნება მოახერხეს ბათუმში. მერაბმა რამდენიმე დღეში ჩამომაკითხა. იფიცა, დაჩოქილი მოვუხდი ყველაფრისთვის ბოდიშს, ქალბატონად ვაცხოვრებ, ოღონდ დაბრუნდესო. მასთან ლაპარაკის თავი აღარ მქონდა. ცემა დამიწყო. პოლიცია გამოიძახეს…

ახლა მერაბის საქმე სასამართლოშია, შემაკავებელი ორდერი უკვე შეუფარდა მოსამართლემ, ჩემთან მოახლოებაც კი აკრძალული აქვს… თუმცა ვინ იცის, შესაძლოა ახლაც მოვიდეს. ტელეფონზე შეტყობინებები მომდის, მარტო არ გახვიდე სადმე, მერაბი ამბობს, მოვკლავ და თავსაც არ ვიცოცხლებო. საერთო ახლობლებს ახლაც ხვდება და უმტკიცებს, რომ ვუყვარვარ და უჩემოდ ვერ იცოცხლებს.

სასამართლოში განქორწინებაზეც შევიტანე მოთხოვნა. გუშინ ჩემმა ბიჭმა დამირეკა წალკიდან, მამასთანაა, ბათუმში როცა იყო მერაბი, თან წაიყვანა. ტელეფონში მითხრა შვილმა, მამიკო რატო არ გეცოდება, დაიჭერენო, ჩემი ხათრით მაინც შეურიგდიო. ბიჭი უკვე 12 წლისაა, გოგონა ექვსის გახდება მალე და ჩემთანაა. აქამდე შვილების გამო ვიკავებდი თავს. გვიან მივხვდი, სისულელეს ვაკეთებდი, ბავშვები სიძულვილით სავსე გარემოში იზრდებოდნენ.

დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვრო. ამისთვის უკვე მზად ვარ. ბათუმში ერთ-ერთ კერძო სკოლაში მივედი და სამუშაოს დამპირდნენ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ სკოლა დაცულია, უსაფრთხოდ ვიგრძნობ თავს. ის შესაძლოა ყველგან გამოჩნდეს… მაგრამ მე უკვე მჯერა საკუთარი თავის.

რატომ ემუქრება მიდიებს გადაშენება

საქართველოში შავი ზღვის ეკოსისტემას საფრთხეს სხვა ზღვებიდან შემოჭრილი ინვაზიური სახეობები უქმნიან. ეს ის მცენარეები, ცხოველები თუ ბაქტერიებია, რომლებიც თავიანთ საარსებო გარემოს მოწყდნენ და ახალ ეკოსისტემაში აღმოჩენილნი იქაურ მკვიდრ ორგანიზმებს ემუქრებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ინვაზიური სახეობის – მოლუსკი რაპანას გამო საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკვე გადაშენდა ხამანწკა. ახლა საფრთხის წინაშე მიდიებია, რომელთა რაოდენობაც მკვეთრად შემცირებულია.

სპეციალისტების თქმით, რაპანა შავ ზღვაში 50-იან წლებში, იაპონიიდან შემომავალი გემების ბალასტურ წყლებს შემოყვა და მისთვის ხელსაყრელი პირობების გამო გამრავლდა. როგორც თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, ბოლო კვლევების მიხედვით, რაპანების რაოდენობა საქართველოს სანაპირო ზოლზე კიდევ უფრო მომატებულია:

„ჩვენი დაკვირვებით, ბოლო პერიოდში რაპანის ზომები მკვეთრად არის შემცირებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათი რიცხვოვნობა ძალიან მაღალია. ეს კანონზომიერებაა ეკოსისტემაში, როცა გაძლიერებულია საკვებზე კონკურენცია, ანუ მათ გართულებული აქვთ წვდომა საკვებ მასასთან, მათი ზომები მცირდება.“

არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, რაპანა ორსაგდულიანი მოლუსკებით (მიდიები, ხამანწკები და 200-ზე მეტი სხვა სახეობით) იკვებება, რომლებიც ზღვის ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებენ.

„ორსაგდულიანი მოლუსკების კვება ხდება წყლის ფილტრაციით და ამით მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ზღვის წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და ზღვაში, ზოგადად, ბიოლოგიური ბალანსის ფორმირებაში,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე. რაპანას აქტივობის გამო შავ ზღვაში დღეს ორჯერ ნაკლები სახეობის ორსაგდულიანი მოლუსკია, ხამანწკა გადაშენდა, ხოლო მიდია, ზღვის სავარცხელა და სხვა –  გადაშენების ზღვარზე არიან. ორსაგდულიანი მოლუსკების შემცირებით ღარიბდება თევზების საკვები ბაზაც. გარდა ამისა, რაპანა ამცირებს ფსკერული თევზებისა და სხვა ორგანიზმების რაოდენობას, მათ მიერ დადებული ქვირითის განადგურების შედეგად.

ერთი მოზრდილი რაპანა დღეში საშუალოდ ერთ ორსაგდულიან მოლუსკს (მაგალითად, მიდიას ანადგურებს). ერთი ორსაგდულიანი მოლუსკი კი დღეში საშუალოდ 30 ლიტრ წყალს (მიდია საშუალოდ 60 ლიტრ წყალს) ფილტრავს.

თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ბიოლოგიის დოქტორის, ეთერ მიქაშავიძის თქმით, შავ ზღვაში თითქმის სრულად გადაშენებული ხამანწკების შემდეგ მთავარი საფრთხის წინაშე მიდიის კლასიკური ფორმაა:

„საუბარია მიდიების იმ ფორმაზე, რომელიც შლამშია ჩაფლული. მიდიების მეორე ფორმას კი, რომელიც წყალში არსებულ ქვებს, კლდეების ნატეხებსა თუ ნაგებობებს ემაგრება, ჯერჯერობით რაპანა ვერ ერევა,“ – ამბობს ის. მიდიასთან ახლომდგომი ეს მეორე ფორმა ვიზუალურად არ განსხვავდება კლასიკური ფორმის მიდიისგან, თუმცა მას უფრო სხვა მოყვანილობის, უფრო სქელი ნიჟარა აქვს და ხორცის რბილობის მასაც უფრო ნაკლებია მასში.

კიდევ ერთი ინვაზიური სახეობა, რომელიც დღემდე მნიშვნელოვან ზიანს აყენებს შავი ზღვის ეკოსისტემას, უხერხემლო მტაცებელი მნემიოფსისია (სავარცხლურა). იგი 90-იანი წლების დასაწყისში ატლანტის ოკეანიდან შემოიჭრა შავ ზღვაში. არჩილ გუჩმანიძის თქმით, იგი დღემდე გვხვდება შავი ზღვის მთლიან აკვატორიაში. ახლახან შავი ზღვის ყველაზე მასშტაბური კვლევის (EMBLAS) ფარგლებში აღებული სინჯებით, მნემიოფსისის ლავრები და მისი მოზარდი/სქესმწიფე ფორმები საქართველოს 15-ვე სადამკვირვებლო სადგურზე აღმოაჩინეს.

ეს ინვაზიური ფორმა, თევზების ლავრებით, ქვირითით და მათი ძირითადი საკვებით – ზოოპლანქტონით იკვებება.

`სავარცხელურამ შავ ზღვას არა მარტო ეკოლოგიური, არამედ ეკონომიკური ზიანიც მიაყენა. მისი სიმრავლის გამო შავი ზღვის ქვეყნებში ზღვაში თევზის დაბალ მარაგს აფიქსირებენ.

საქართველო ამ პრობლემის გამო ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს კარგავს, რადგან იგი ამცირებს საქართველოს წყლებში ქაფშიას მარაგს, რომელიც, მოგეხსენებათ, ჩვენი მთლიანი ჭერილის 95%-ია,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

მნემიოფსისის რაოდენობა შავ ზღვაში 90-იან წლებში კიდევ ერთმა ინვაზიურმა სახეობამ – ბეროე ოვატამ დაარეგულირა, მისი რაოდენობა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დამაკმაყოფილებელია. თუმცა სპეციალისტების თქმით, პრობლემა კვლავ აქტუალურია. საქმე ის არის, რომ ამ ორი ფორმის განვითარების ციკლები ერთმანეთს არ ემთხვევა, მნეოფსისი გაზაფხულ-ზაფხულში ვითარდება, ბეროე კი ცოტა მოგვიანებით, რის გამოც ქაფშიის პოპულაციაზე წნეხი კვლავ გრძელდება.

რაც შეეხება რაპანას – მას საკვებად შავი ზღვის არც ერთი ცოცხალი ორგანიზმი არ იყენებს და მისი რიცხვოვნობის დარეგულირება მხოლოდ ადამიანს შეუძლია. ასოციაცია „ფლორა და ფაუნამ“ რამდენიმე წლის წინ სარფი-კვარიათის, მწვანე კონცხის, ციხისძირისა და ბათუმის 20-მდე მეთევზე დაატრენინგა ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდით, აკვალანგებით რაპანების შეგროვებაში. შეიძინეს რაპანის შეგროვებისთვის საჭირო აკვალანგის 8 კომპლექტი, ნავი და მაღალი წნევის კომპრესორი – ბალონების ჟანგბადით შესავსებად. მოსახლეობის დაინტერესების მიზნით, გამოსცეს რაპანების კერძების რეცეპტებიც, მაგრამ მათი დაინტერესება, მაინც ვერ მოხერხდა.

„რაპანას მოპოვება ყველაზე უსაფრთხოდ და ეფექტურად დაივინგით – წყალქვეშა ყვინთვითაა შესაძლებელი, მაის-ივნისში. მაგრამ დაივინგი გარკვეულ სივრცეებში შეზღუდულია, წყლის გამჭვირვალობა უნდა იყოს შესაბამისი, ასეთი ადგილები კი საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია. სამწუხაროდ დაივერების რაოდენობა და კვალიფიკაციაც არ არის ჩვენთან მაღალი,“- ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

ეთერ მიქაშავიძის თქმით, ალტერნატივის სახით მეთევზეებს სპეციალური მახეებიც (ბადე-იარაღები) შესთავაზეს და მიუხედავად მათი ეფექტურობისა, არც ამან გამოიღო შედეგი.

2014-2015 წლებში მეთევზეებმა დრაგირების მეთოდით 200 ტონამდე რაპანა ამოიღეს ზღვიდან, მაგრამ ეთერ მიქაშავიძის განმარტებით, ამ მეთოდის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ამ დროს ფსკერზე თევზების ქვირითიც იღუპება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ შავი ზღვის სხვა ქვეყნებმა რაპანას რესურსი კარგად აითვისეს, მაგრამ საქართველოში რაპანას რეწვა ფინანსური თუ სხვა მიზეზების გამო ვერ აეწყო. მაგალითად, რუმინეთსა და ბულგარეთში მოპოვებული რაპანის ნაწილს საკვებად მოიხმარენ, ძირითადად კი ექსპორტზე გააქვთ იაპონიაში, ტაივანსა და აზიის სხვა ქვეყნებში. ეთერ მიქაშავიძე მიიჩნევს, რომ რაპანასთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მათი რესურსის ქართულ სამზარეულოში გამოყენებაა – `ამისთვის საზოგადოების ინფორმირება და სათანადო რეკლამაა საჭირო. რეალურად მიდიიის ხორციც კი ვერ აითვისა ადგილობრივმა მოსახლეობამ, ამის კულტურის დამკვიდრებასაც დრო დასჭირდება.“

არჩილ გუჩმანიძე კი მიიჩნევს, რომ გამოსავალი  სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის წამახალისებელი პროგრამების დაფინანსება და რაპანების, როგორც ძვირფასი ეკონომიკური ღირებულების მქონე რესურსის, ათვისება იქნება.

ჯარისკაცები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს კიდევ ერთი დაპირება შეუსრულა. თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით, ჯარისკაცს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში საცხოვრებელი ადგილიდან შორ მანძილზე მსახურობს და პირველი კონტრაქტიც დამთავრებული აქვს, კონკრეტული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მსახურობის შესაძლებლობა ეძლევა.

ეს დაპირება ბათუმში დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე თვის წინ მისცა.

„ბუნებრივია, ყველა სამხედრო მოსამსახურეს თანაბარი ანაზღაურება აქვს. ეს ანაზღაურება არათანაბრად ნაწილდება მგზავრობის დროს, რადგან სამხედროს, რომელიც მოშორებით ცხოვრობს, მნიშვნელოვნად მეტი ეხარჯება. გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომელთაც ჩვეულებრივი ოჯახური პრობლემები აქვთ – ზოგს მშობლები ჰყავს ავად, ზოგი კი მრავალშვილიანია. ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ ბიჭებს შევპირდით, რომ კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც ძალიან კონკრეტული პრობლემა ჰქონდათ და, პრაქტიკულად, თვეების განმავლობაში ვერ ნახულობდნენ საკუთარ ოჯახებს, დავეხმარებოდით.

ორმოცდათორმეტივე სამხედრო მოსამსახურე უკვე გადანიშნულია საკუთარ საცხოვრებელ ადგილთან უფრო ახლოს“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარში სამსახური არ უნდა იყოს დაკავშირებული იმ ტიპის მსხვერპლის გაღებასთან, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი და არ ემსახურება არც სამხედრო მოსამსახურის მოტივაციის ამაღლებას და არც საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებას. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პირველი კონტრაქტის დამთავრების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები, კონკრეტული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, არჩევანის მიხედვით საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ. „როცა ადამიანი ერთი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ჯარში რჩება, ეს ნიშნავს, რომ მან ზუსტად იცის მისი უფლება-მოვალეობები და ზუსტად აქვს გაცნობიერებული, რატომ უნდა ქვეყნის სამსახური სამხედრო ფორმაში. ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ მათ ხელოვნური ბარიერების მოხსნაში და არ დავაშოროთ ოჯახებს არასაჭირო ვითარებაში, არასაჭირო გარემოებების გამო“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

გფგარეთთ (2)

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

თავდაცვის სამინისტროს ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის შედეგად ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები ათობით კომპანიაში მნიშვნელოვანი შეღავათით ისარგებლებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა პროექტ ARMY CARD-ში ჩართულ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ახალი სახელფასო ბარათები გადასცა. ბარათები პირველ ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ბრიგადის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლებს დაურიგდათ. უახლოეს პერიოდში ARMY CARD უწყების ყველა წარმომადგენლისთვის დამზადდება.

ღონისძიება 2016 წლის 26 ივლისს, ვაზიანის მე-IV ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა,

რომელსაც პროექტ ARMY CARD-ის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა პროექტში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებრივი აქტიურობისთვის თითოეულ მათგანს პერსონალური მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მივმართეთ ყველას, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გვერდით დადგომოდნენ შეიარაღებულ ძალებს, მათ ოჯახებს, განსაკუთრებით კი დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ოჯახებს. მათზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გუშინ, დღეს, ხვალ ჩვენი ქვეყნისა და შვილების უკეთესი მომავლისთვის საკუთარ სიცოცხლეს წირავენ. უკვე 26 კომპანია მონაწილეობს ამ პროექტში და ყველა მათგანს დიდი მადლობა უნდა ვუთხრა. ვფიქრობ, ნებისმიერი კომპანიისთვის საამაყო უნდა იყოს, თუ მათ კარზე იქნება სტიკერი, რომელიც ჩვენ დავამზადეთ და რომელსაც ჰქვია „მადლობა ერთგულებისთვის“, – შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნის ერთგულებისთვის. ნატოს წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ნახავთ კომპანიებს, რომელსაც აწერია – აქ გმირები მსახურობენ. ეს არის სოლიდარობა, რომელსაც საზოგადოება სამხედროების მიმართ იჩენს. მინდა, მივმართო ყველას, ვინც ჯერ არ არის პროექტში ჩართული, თუნდაც მცირე წვლილი გაიღოს იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე მყოფმა სამხედრო მოსამსახურემ იცოდეს, რომ მისი ოჯახი დაცულია“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მნიშვნელოვანია, რომ ARMY CARD სამხედრო მოსამსახურეებს ეტაპობრივად დაურიგდებათ. თავდაცვის სამინისტროს, „საქართველოს ბანკსა“ და კერძო კომპანიებს შორის თანამშრომლობის შედეგად თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები ათობით კომპანიაში მნიშვნელოვანი შეღავათით ისარგებლებენ.

„ეს არის თავდაცვის სამინისტროს პროექტი, რომელიც გამიზნულია შეიარაღებული ძალების თანამშრომლების, მათი ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის. „საქართველოს ბანკი“ არჩეული იქნა კონკურსში. ჩვენ შევთავაზეთ საინტერესო მიდგომები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ პარტნიორ მერჩანტებთან ერთად უზრუნველვყოთ ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სპეციალური ფასდაკლებები. მათ ამ ბარათით სარგებლობისას სხვადასხვა სახის ბენეფიტები და მგზავრობისას შეღავათები ექნებათ“, – განაცხადა საქართველოს ბანკის დირექტორმა მურთაზ კიკორიამ“.

სამხედროებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეთავაზება აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადებით, თავდაცვის უწყების თანამშრომლებსა და მათ შვილებს საშუალება ექნებათ, საბაკალავრო პროგრამებსა და ტრენინგკურსებზე დაწესებული სწავლის საფასურის მხოლოდ 50% გადაიხადონ. საინტერესო შეთავაზებები აქვთ პროექტში მონაწილე სხვა კომპანიებსაც.

„გვაქვს პატივი მცირე წვლილი შევიტანოთ ქვეყნის სამსახურში მყოფი პირების მხარდასაჭერად და ამით ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადოთ მათ. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ პროექტში, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სიხარულით ჩაერთო. იმედს გამოვთქვამთ, რომ თავდაცვის უწყების თანამშრომლების შვილებს, ხელს შევუწყობთ განათლების მიღებაში და ამით ერთობლივად ვემსახურებით საქართველოს”, – განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ.

„კლინიკა ხერხემალი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს კონსულტაციასა და კომპლექსურ მკურნალობაზე სთავაზობს 10%-იან ფასდაკლებას. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სამოქალაქო მოვალეობა“, – კლინიკა „ხერხემალის“ დამფუძნებელი, ნინო ფალიანი-კაციტაძე.

ARMY CARD სადებეტო პლასტიკური ბარათია. მის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელში, ბენზინგასამართ სადგურზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლონ. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი გადახდისას მომხმარებელს გარკვეული თანხა ე.წ. Cash Back-ის სახით უკან დაუბრუნდება. ARMY CARD ექსკლუზიურად სამხედრო თემატიკაზე შეიქმნა და უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. ბარათის მოქმედების ვადა 4 წელია და ის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და მათ მეუღლეებს უფასოდ გადაეცემათ.

„მადლობა სამსახურისთვის“ – ეს პროექტ ARMY CARD-ის მთავარი გზავნილია. პროექტის მთავარი მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ საზოგადოების დანარჩენი ნაწილის მხრიდან მეტი ყურადღების გამოხატვაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კი პროექტში ჩართულ თითოეულ ორგანიზაციას კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ერთგულებისთვის.

IMG_6865

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge
Exit mobile version