კვირის ამბები,მთავარი

ვინ შეძლებს ბათუმში ბინის იაფად ყიდვას

09.08.2016 • 4290
ვინ შეძლებს ბათუმში ბინის იაფად ყიდვას

ბათუმის მერიის პროგრამას, რომელსაც ბათუმში „იაფი სახლის“ სახელით იცნობენ, რამდენიმე წელია ათასობით ბათუმელი ელოდება. პროგრამამ სახელი შეიცვალა, ახლა მას „ხელმისაწვდომი სახცოვრისი“ ჰქვია, გაირკვა ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში აგებულ კორპუსებში ბინის შეძენას არა სოციალურად დაუცველები, არამედ გადახდის უნარის მქონე ადამიანები შეძლებენ, რომელთაც ხელფასი იმდენი არ აქვთ, რომ ახალი ბინა იყიდონ, თუმცა შეუძლიათ მინიმალური ყოველთვიური შენატანი უზრუნველყონ. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომ პროგრამით ისარგებლოს? – ამ საკითხზე შერეულმა კომისიამ დოკუმენტი უკვე მოამზადა და საკრებულოს გადასცა დასამტკიცებლად. დოკუმენტში გაწერილ კრიტერიუმებთან დაკავშირებით  „ბათუმელები“ კომისიის წევრს, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტების მენეჯერს, ტიტე აროშიძეს ესაუბრა.

ბატონო ტიტე, ვისთვის არის გათვალისწინებული ხელმისაწვდომი საცხოვრისი? რა არის მთავარი კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომ ამ პროგრამით ისარგებლოს?

მთავარი კრიტერიუმია ის, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი მაინც უნდა იყოს ბათუმელი [მინიმუმ ერთი წელი ცხოვრობდეს ბათუმში] და უნდა ჰქონდეს შემოსავალი, იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ეს არის ბინის თვითღირებულებით გადაცემა და თუ ადამიანს ყოველთვიური შემოსავალი არ აქვს, ის ვერ შეძლებს თანხის გადახდას. მინიმალური შემოსავალი ერთ სულზე უნდა იყოს 400 ლარი, მაქსიმალური [ხუთ და მეტსულიანი ოჯახის შემთხვევაში] – 3000 ლარი.  თუ ამაზე მეტი შემოსავალი აქვს ოჯახს, ის თავად შეძლებს ბინის შეძენას, ამიტომ განისაზღვრა ასე. შესაბამისად, გადასახდელი თანხის ნახევარი მაინც უნდა დარჩეს მას საარსებოდ. მაგალითად, თუ ადამიანს ოთხასი ლარი აქვს ხელფასი, მას 200 ლარი უნდა დარჩეს, საუბარია ერთ სულზე.

ბინების კატეგორია არის დაყოფილი სამად – არის ერთოთახიანი, ორ და სამოთახიანი ბინები.

პროგრამით მოსარგებლე პირს არ უნდა გააჩნდეს უძრავი ქონება, არ უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი, კომერციული ფართობი – 10 კვ/მ-ზე მეტი. ეს დავუშვით, რადგან თუ 10 კვ/მ კომერციული ფართობი აქვს ადამიანს, შეიძლება ეს იყოს შემოსავლის წყარო მისთვის.

თუ ადამიანს აქვს მემკვიდრეობით მიღებული სახლი სოფელში?

არ უნდა გააჩნდეს, რადგან უძრავი ქონება არის კაპიტალი, რომელიც ადამიანს შეუძლია გაყიდოს და იმ თანხით შეიძინოს ბინა ქალაქში. არც მას უნდა გააჩნდეს სახლი და არც იმ პირს, ვისთან ერთადაც აპირებს ხელმისაწვდომ საცხოვრისში ცხოვრებას. ასევე, არ უნდა ცხოვრობდეს მშობლებთან, მეუღლის ბინაში და ასე შემდეგ. ესენი არიან ოჯახის წევრები და თუ გააჩნიათ საცხოვრებელი ბინა, მათ ეკრძალებათ პროგრამაში მონაწილეობა. ასევე, პროგრამით მოსარგებლე პირს არ უნდა გააჩნდეს სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ესეც ჩვეულებრივი კაპიტალია.

ტიტე აროშიძე

ტიტე აროშიძე

უპირატესობა მიენიჭება იმ ოჯახს, რომელშიც არის შშმ პირი ან ომის ვეტერანი/ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირი, ახალდაქორწინებულ წყვილებს, მრავალშვილიან ოჯახებს და ა.შ. ასევე, უპირატესობა მიენიჭება მათ, ვინც უფრო დიდხანს ცხოვრობს ბათუმში. მაგალითად, შეიძლება იყოს ორი ოჯახი, ორივე იყოს თანაბარი პირობებით, მაგრამ ერთი იყოს ბათუმში ჩაწერილი 50 წელი, მეორე – 2 წელი. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმას, ვინც უფრო მეტ ხანს ცხოვრობს ბათუმში.

ასევე, პირს არ უნდა ჰქონდეს კრედიტორული დავალიანება ბანკებში. თუ ის ვერ არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, პროგრამიდან არ გამოირიცხება, თუმცა მისი კოეფიციენტის მნიშვნელობა მცირდება და შესაბამისად, პროგრამაში მონაწილეობის ნაკლები შანსი ექნება.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ერთი წევრი დიდი ხანია ცხოვრობს ბათუმში, მაგრამ უმუშევარია, თუმცა მუშაობს მეუღლე, რომელიც ბათუმელი არ არის? შეუძლიათ ასეთ ოჯახებს პროგრამაში მონაწილეობა?

რა თქმა უნდა. ითვლება ოჯახის შემოსავლები და არა ინდივიდუალური შემოსავალი.

ეს არის გადახდისუნარიან მოსახლეობაზე ორიენტირებული პროექტი, თუმცა არ გამორიცხავს იმას, რომ სოციალურად დაუცველმა ოჯახმაც მიიღოს მონაწილეობა. სოციალურად დაუცველის ორი კატეგორია არსებობს: ერთ კატეგორიას სახელმწიფო ეხმარება მატერიალურად, მეორე კატეგორიას – არა და ასეთ, მეორე კატეგორიას, რა თქმა უნდა, შეეძლება მონაწილეობის მიღება, თუმცა ოჯახი გადახდისუნარიანი უნდა იყოს. თუ, მაგალითად, ოჯახს 200 ლარი აქვს შემოსავალი და ეს თანხა მთლიანად გადაიხადა ბინაში, გამოდის, რომ საარსებოდ მას არაფერი რჩება.

თუ ვერ გადაიხდის მოქალაქე ყოველთვიურ შენატანს, რა მოხდება? რა მექანიზმია დოკუმენტში ჩადებული ამ შემთხვევაში?

ეს დოკუმენტი ითვალისწინებს პროგრამაში მონაწილეობის მიღებისათვის პირობებისა და კრიტერიუმების დადგენას. საჯარიმო სანქციებზე არის რამდენიმე ვერსია, ერთ-ერთი ვერსიაა, რომ ბინაში მცხოვრებისთვის, თუ ის ვერ გადაიხდის თანხას, ჯერ მოხდება პირობების გაწერის შეთავაზება, მაგალითად, გადავადება და ა.შ. ან მოხდება მისი გამოსახლება, მაგრამ თანხის დაახლოებით 70-50 პროცენტის დაბრუნებით, რომ არ დარჩეს გარეთ და არ გაუარესდეს მისი საცხოვრებელი პირობები.

რამდენი უნდა იყოს თვეში მინიმალური შენატანი? ასევე, მაქსიმუმ რა დროში უნდა შეძლოს პროგრამაში ჩართულმა ადამიანმა ბინის საფასურის დაფარვა?

დაახლოებით გეტყვით თანხას. ერთოთახიანის შემთხვევაში, 35 კვადრატამდე ფართობის ბინაში, ეს არის თვეში დაახლოებით 200-მდე ლარი, 15 წლის განმავლობაში. ოროთახიან ბინაზე – 250-270 ლარი და სამოთახიან ბინაზე – 370 ლარი. რეალურად, პროგრამით მოსარგებლე არ იხდის პროცენტს და დამატებით თანხას, ძირითადად იხდის ბინის თვითღირებულებას.

როგორ იქნება საკუთრების საკითხი განსაზღვრული?

საკუთრებაში გადასვლის საკითხებზე უფრო მერია იმსჯელებს, როგორ უნდა მოხდეს ეს, თუმცა ლოგიკურია, რომ როცა დაასრულებს მოქალაქე თანხის გადახდას, შემდეგ გადაეცეს მას ბინა საკუთრებაში.

თუ შეუძლია ერთ ადამიანს პროგრამაში მონაწილეობა?

ცხადია. ერთსულიან ოჯახსაც შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და მიიღოს ერთოთახიანი ბინა. არანაირი პრობლემა არ არის, მთავარია ჯდებოდეს იმ კრიტერიუმებში, რომლებიც მოთხოვნილია პროგრამის შესაბამისად.

რამდენ ადამიანზეა პროგრამა გათვლილი?

პირველ ეტაპზე შენდება 80-ბინიანი ოთხი კორპუსი ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოს. ეს პროგრამა გაგრძელდება და ეს იქნება შეუქცევადი პროცესი, სანამ ამ კატეგორიის ადამიანები მაქსიმალურად არ იქნებიან დაკმაყოფილებული. იყო მოსაზრება, რომ „მოდი გავაკეთოთ ისე, რომ სოციალურად დაუცველებს მივცეთ უფასოდ ან მიზერულ თანხად ბინები“. ამ შემთხვევაში დაკმაყოფილდებოდა, პირობითად, 300 ადამიანი და პროექტი შეჩერდებოდა. მსგავსი პროექტი კი იძლევა იმის საშუალებას, რომ პროგრამა გაგრძელდეს წლების განმავლობაში.

როგორც ცნობილია დოკუმენტი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. გქონდათ თუ არა კონსულტაციები საკრებულოს წევრებთან, ფრაქციებთან ამ თემაზე?

კომისიამ იმსჯელა პირობებზე, კრიტერიუმებზე და დოკუმენტი გადაეცემა საკრებულოს საბოლოო დამტკიცებისათვის, თუმცა მინდა ვთქვა, რომ დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობდნენ საკრებულოს წევრებიც, რომლებიც თავად იყვნენ კომისიაში.

ვთქვათ, არ დაამტკიცა საკრებულომ დოკუმენტი, რა მოხდება? კომისია გააგრძელებს მუშაობას?

საკრებულო რას გააკეთებს, ჩემთვის ძნელია ამის თქმა, თუმცა ამ შემთხვევაში სამართლებრივად სწორი იქნება, თუ კი შენიშვნებით მიწერს საკრებულო კომისიას, თუ რატომ არ ამტკიცებს დოკუმენტს. შეიძლება საკრებულომ მიიჩნიოს, რომ დოკუმენტში არის ხარვეზები და უზუსტობები, ასეთ შემთხვევაში ალბათ საკრებულო კომისიას დაუბრუნებს დოკუმენტს და შემდეგ უკვე კონსულტაციების საფუძველზე მოხდება საბოლოო ვერიის შეთანხმება.

ჩემი, პირადი მოსაზრებით, უნდა შეიქმნას ახალი „აიპი“ მერიაში, რადგან არ შეიძლება ამ პროგრამის რომელიმე სამსახურზე ან არსებულ „აიპზე“ მიბმა. აქ იქნება ბენეფიციარების დიდი რაოდენობა, რომელთა ფილტრაცია უნდა მოხდეს, ანკეტები უნდა შეივსოს, ბინების გადაცემის ტექნიკური მხარე იქნება მოსაგვარებელი და ალბათ დამოუკიდებელი „აიპი“ უფრო მოახერხებს ამას, ვიდრე რომელიმე სამსახურზე მიბმული პროგრამა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა.

პროექტზე მუშაობა დროში გაიწელა და მოვიდა არჩევნებამდე. ბევრი ამ პროგრამას უკავშირებს სწორედ მოახლოებულ არჩევნებს. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამას, როგორც კომისიის წვერი?

პროგრამის იდეა გაჩნდა 2012 წლის დასაწყისში. იქედან დღემდე რამდენიმე არჩევნები ჩატარდა. პროცესი გაიწელა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო დოკუმენტი ყოფილიყო კარგად მომზადებული, რადგან თავიდანვე ბევრი ხარვეზის არსებობას პროგრამაში, სჯობია, რომ პროგრამა უფრო დახვეწილი იყოს. ახლაც, დარწმუნებული ვარ, ხარვეზები იქნება და იქნება გამოსასწორებელი. ვფიქრობ, ეს არ არის არჩევნებთან დაკავშირებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: