სოციალურ ქსელ ფეისბუქში, ბათუმელი სტუდენტი, ედო მჟავანაძე ფოტოპროექტით ეხმაურება 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტს.
„არა ინდივიდუალურად, რომელიმე პოლიციელი არამედ თავად ეს სისტემაა დამნაშავე, ამ და სხვა უამრევი ადამიანის ცხოვრების დანგრევაში. მე არც ვეწევი, არც ვსვამ, მაგრამ მშვენივრად მესმის, რომ ქართული ნარკოპოლიტიკა არაადექვატურად მკაცრია. დღეს უკვე ყველამ ვიცით რომ მარიხუანას მომხამრებლისა თუ გარშემომყოფთათვის ბევრად ნაკლები ზიანი მოაქვს, ვიდრე ალკოჰოლს. ამ პირობებში ასეთი მკაცრი დევნა არააქედვატურია. გარდა ამისა ეს არის დასჯაზე დამყარებული პოლიტიკა და არასდროს იქნება შედეგის მომტანი“, – ამბობს ფოტოგრაფი ბათუმიდან.
ფოტო: ედო მჟავანაძე
ფოტოპროექტი სიმბოლურად 22 ფოტოს მოიცავს. პროექტის მონაწილეებს, ხელში აქვთ ქაღალდი, წარწერით: „დედა დარჩი მარტო მაგრამ რა ვქნა?!“. ამ სიტყვებით მთავრდებოდა დემურ სტურუას გამოსამშვიდობებელი წერილი.
ედო მჟავანაძის თქმით, მისი გზავნილი საზოგადოებისადმი არის მეტი თანაგრძნობა და იმის გაზიარება, რომ ამ სისტემამ, ხისტმა და ზედმეტად მკაცრმა მიდგომებმა, შეიძლება ნებისმიერი ადამიანი მიიყვანოს ზღვრამდე, რომლის წინაშეც დემურ სტურუა აღმოჩნდა.
ფოტო: ედო მჟავანაძე
8 აგვისტოს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში, 22 წლის დემურ სტურუამ, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო.
ამავე თემას გამოეხმაურება “თეთრი ხმაურის მოძრაობა”, რომელიც შაბათს, 20 აგვისტოს, დემურ სტურუას თვითმკვლელობისა და ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად სამტრედიის პოლიციის შენობასთან აქციას გამართავს
„გოგო და მფრინავი? ვერაფერს მიაღწევ, იქნებ, პროფესია შეიცვალო?“ – ეს და სხვა, მსგავსი, რეპლიკა 19 წლის ბათუმელ მარიამ ჯაიანს ხშირად ესმის. იგი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მარი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს სამხედრო საავიაციო ძალებში მოსახვედრად მიიღო.
მარიამი თვითმფრინავებით გატაცებული ბავშვობიდანაა. მისი სათამაშოები ძირითადად ვერტმფრენები და საფრენი აპარატების მოდელები იყო. სიმაღლე, სისწრაფე და ექსტრემალური გართობაც ყოველთვის უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ არც ოჯახში და არც სანათესაოში არავინ ჰყოლია ავიაციის სფეროში, ყოველთვის ამბობდა, რომ მფრინავობა უნდოდა. თავის სურვილში საბოლოოდ აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დარწმუნდა, როცა 12 წლისამ ოჯახს განუცხადა – სამხედრო პილოტი უნდა გამოვიდეო.
წლების გასვლის შემდეგაც რომ არ შეიცვალა გადაწყვეტილება, მშობლები აღელდნენ. როგორც მარიამი ამბობს, ამის მიზეზი შიში იყო, თუმცა საბოლოოდ მის გადაწყვეტილებას ოჯახმა მხარი დაუჭირა და ახლა ის მფრინავის პროფესიას ეუფლება.
მარი ჯაიანი / ფოტო გადაღებულია სარეკლამო კამპანიის – #ისანიკომფორტი ფარგლებში
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე მარიამმა ჯერ სამედიცინო შემოწმება გაიარა, შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მოხვდა. ამბობს, რომ კურსელთა გარკვეულმა ნაწილმა პირველი კურსის შემდეგ ფაკულტეტი შეიცვალა და ახლა თხუთმეტამდე ბიჭი და ორი გოგო სწავლობს ტექნიკურ საგნებს, რაც „თვითმფრინავზე დაჯდომის წინაპირობას წარმოადგენენ“. სტუდენტები მესამე კურსამდე უძრავი საფრენი აპარატების კაბინებში ეცნობიან თვითმფრინავს.
„რომ არა ჩემი მშობლების მხარდაჭერა, ძალიან გამიჭირდებოდა“, – ამბობს მარიამი. მიუხედავად მხარდაჭერისა, მშობლები დღემდე ნერვიულობენ და იმედს არ კარგავენ, რომ მარიამი მფრინავობას თუ არა, სამხედრო მფრინავობას მაინც გადაიფიქრებს.
მარიამი ყვება, რომ დედა ყოველ ჯერზე, როცა რაიმე ავიაკატასტროფის შესახებ გაიგებს, ურეკავს და ეკითხება ხომ არ შეუცვლია აზრი. თუმცა პასუხი ამ დრომდე უარყოფითია. მარიამი დარწმუნებულია, რომ პილოტობა არის ის, რაც ნამდვილად უნდა. ერთადერთი, რაზეც ამჟამად ორჭოფობს, განხრის არჩევაა: მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის უნდოდა და დღემდე ყველაზე მეტად სამხედრო ავიაცია აინტერესებს, მაინც ბოლომდე ვერ გადაუწყვეტია ამ უკანასკნელს აირჩევს თუ სამოქალაქო მიმართულებას.
მარი ჯაიანი / ფოტო გადაღებულია სარეკლამო კამპანიის – #ისანიკომფორტი ფარგლებში
„ფიზიკურად პატარა ვარ. სამხედრო ავიაციაში აუცილებელია ძალა, შტურვალი დიდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს“, – ამბობს მარიამი. ის ხშირად ვარჯიშობს, ჯანსაღად იკვებება და მოუთმენლად ელოდება იმ დღეს, როდესაც პირველად მოუწევს შტურვალის მართვა. მანამდე ჯერ კიდევ ერთი წელია. შემდეგ იქნება პირველი ფრენა.
ამ დღეს მარიამი განსაკუთრებით იმიტომაც ელოდება, რომ აქამდე სამოქალაქო თვითმფრინავითაც კი არასდროს უფრენია: „ცოტა უცნაურია, მაგრამ ფრენა ისე შემიყვარდა, რომ არასდროს მიფრენია. მგონია, რომ შემდეგ უფრო მეტად შემიყვარდება. ისედაც სიმაღლეები მიყვარს, თავისუფალი დრო თუ მაქვს, აუცილებლად მთებში მივდივარ, რაც შეიძლება მაღლა“.
რჩეულ საფრენ აპარატებსა და პილოტებზე საუბრისას მარიამი ამერიკელ ქალ პილოტებს იხსენებს, რომლებიც სხვადასხვა საუკეთესო სამხედრო მფრინავ აპარატებს მართავენ. განსაკუთრებული აღფრთოვანებით ამერიკულ ერთადგილიან, მოიერიშე რეაქტიულ თვითმფრინავ A10-ზე საუბრობს. ამბობს, რომ ამ საფრენი აპარატის მართვა მისთვის ზღაპრული ოცნებაა.
თუ საკუთარ ოცნებებს ბოლომდე მიჰყვება და საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებს კიდევ ერთხელ დაამსხვრევს, მარიამ ჯაიანი პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი ვერ იქნება, მაგრამ მცირერიცხოვან ქართველ სამხედრო მფრინავ ქალებს შორის პირველი ბათუმელი ქალი იქნება სამხედრო თვითმფრინავის შტურვალთან.
პოლიტიკური პარტია “ცენტრისტები” ჯერ კიდევ არის იმ პარტიების ჩამონათვალში, ვინც აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იბრძოლებს. აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას ამ დროისთვის “ცენტრისტების” რეგისტრაციის გაუქმებაზე არ უმსჯელია.
უსკოს თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ “ბათუმელებს” უთხრა, რომ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს, მას შემდეგ, როცა ცესკოდან მიიღებს ამ პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის “ცენტრისტები (ბედუკაძე, ხაჩიშვილი)” უსკომ 24 ივლისს დაარეგისტრირა. „ცენტრისტების” რეგისტრაციის საფუძველი გახდა ამ პოლიტიკური ძალის ცესკოში რეგისტრაცია. დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის უფლება ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვქონდა,” – ამბობს პარმენ ჯალაღონია.
“ცენტრისტებს” დღეს, 18 აგვისტოს, აქვთ ბოლო დღე იმისთვის, რომ ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ. ამ შემთხვევაში აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია სასამართლო განხილვის დასრულებას დაელოდება.
დღეს, 18 აგვისტოს, პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ნაკაშიძემ ბრიფინგი გამართა. მან დაბა ჩაქვში მდებარე სპორტსკოლაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. სწორედ ამ შენობაში გადიოდა წვრთნებს ქართველი ოლიმპიური ჯილდოს მფლობელი, ძალოვანი ირაკლი თურმანიძე.
„ბოლო ოცი წლის განმავლობაში არც ერთი ხელისუფლება, არც ცენტრალურ და არც ადგილობრივ დონეზე, არ დაინტერესებულა სპორტსმენებით, რის გამოც მათ ასეთ პირობებში უხდებათ მომზადება. შენობაში არ არის წყალი, ელექტროენერგია, გათბობა, გასახდელი და სხვა პირობები, რაც აუცილებელია მომზადებისათვის. არაერთი ცდისა და მოთხოვნის მიუხედავად სპორტსმენებს დღემდე არანაირი პასუხი არ მიუღიათ, არც ალტერნატიული ფართობის გადაცემაზე და არც ელემენტარული პირობების შექმნაზე“, – განაცხადა მალხაზ ნაკაშიძემ და აღნიშნა, რომ დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი და უმოკლეს ვადებში მოხდეს სპორტსმენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მუხრან ვახტანგაძის თქმით, არსებული მდგომარეობა სავარაუდოდ 2017 წლისთვის მოგვარდება. მისივე თქმით, სწორედ ამ დროისთვის იგეგმება ბათუმში სპორტის სასახლისა და სპორტული დარბაზების მშენებლობა, სადაც ძალოსნობის დარბაზიც იქნება. თუმცა კონკრეტულად სად და როდის, ამის შესახებ სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ინფორმაციას არ ფლობს.
მუხრან ვახტანგაძე [რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატადაა დასახელებული], შეკითხვაზე, უნდა ელოდონ თუ არა ძალოსნები მანამდე რაიმე ცვლილებებს ან მდგომარეობის გაუმჯობესებას, პასუხობს:
„ეგ დარბაზი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ხელ-ფეხი შეკრული გვაქვს. აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობასთან, ყოფილთანაც გვქონდა საუბარი, შეხვედრები, მოლაპარაკებები, ოფიციალურადაც, ისეც, ასეც და ახლაც დღეს, ხვალ, ზეგ შევხვდები ბატონ ზურას, დაველაპარაკები და თუ რამე შესაძლებელი იქნება ყველაფერს გავაკეთებ. სამსაათიანი გადაცემებია გაკეთებული და მერამდენეჯერ უნდა იყოს ამ თემაზე საუბარი მე არ ვიცი.“
აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობის შუა პროცესში რეგიონის მთავრობა შეიცვალა. დიდი ალბათობით, არჩევნების შემდეგ მთავრობა კვლავ შეიცვლება, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება კი ასევე ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოს მოუწევს. როგორ დგება აჭარის ბიუჯეტი და რა ცვლილებების საშუალებას უტოვებს ახალ მთავრობას საბიუჯეტო პროცესი? – მითუმეტეს მაშინ, როცა ძირითადი პრიორიტეტები, რის საფუძველზეც ბიუჯეტი დგება, ყოფილი მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს მიერაა განსაზღვრული.
„ყოფილი მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ხედვა რამდენად დაბალანსებული იყო, ეს ცალკე თემაა, თუმცა შესაძლებელია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები განსხვავებული იყოს და არსებული პრიორიტეტებიც შეიცვალოს. ბიუჯეტის შედგენის პროცედურა იძლევა ამის საშუალებას,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ. თუმცა, მინისტრის თქმით, პრიორიტეტებში „ვერ მოხდება ძირეული ცვლილება“.
საბიუჯეტო პროცესი ანუ მომავალი წლის ბიუჯეტის შედგენაზე მუშაობა, ძირითადად, პირველი მარტიდან იწყება, როცა განისაზღვრება ძირითადი პარამეტრები. ეს პარამეტრები ეტაპობრივად ზუსტდება. ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ განსაზღვრული ზედა ზღვრები მხარჯავ დაწესებულებებშია გადაგზავნილი. დაწესებულებებმა ამ ზღვრების ფარგლებში კორექტირებული პროგრამები 25 აგვისტომდე უნდა წარადგინონ აჭარის ფინანსთა სამინისტროში.
სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა და რაღაცები აუცილებლად შეიცვლება. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ შესაბამისი ცვლილებები შესაძლებელია ორ ეტაპად – 25 აგვისტომდე და შემდეგ 15 სექტემბრამდე პერიოდში განხორციელდეს.
„რადიკალურად განსხვავებული პრიორიტეტები ვერ იქნება – იმიტომ, რომ გარკვეულ პროექტებზე დაწყებული იყო მუშაობა და ეს პროექტები უნდა მივიდეს ბოლომდე. თანაც საბიუჯეტო პარამეტრებმა უნდა მოგვცეს იმის საშუალება, რომ რაღაცები გადავალაგოთ. ვფიქრობ, შესაძლებელია პირველი პროექტი გავიდეს რადიკალური ცვლილებების გარეშე. თუმცა რაღაც ცვლილებები აუცილებლად იქნება,“ – აცხადებს რამაზ ბოლქვაძე.
მინისტრის თქმით, რეგიონის პრიორიტეტები, ძირითადად, მაინც სახელმწიფო პრიორიტეტებიდან გამომდინარეობს: „ჩვენ ერთგვარ შემვსების ფუნქციას ვასრულებთ, რომ ახალი, ასე ვთქვათ, ინოვაციური პროექტები განვახორციელოთ“.
არის თუ არა ამ ეტაპზე ინოვაციური პროგრამების პროექტები? – სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებები პროგრამებში არის და ექნება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე განსხვავებული მიდგომები აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სადაც პრიორიტეტები გადახალისდება და ახალი პროგრამები გაჩნდება.
„ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც ვფიქრობთ ახალ პროექტებზე, მეტი ინოვაციის, მეტი ინვესტიციის მოზიდვის კუთხით. გვინდა იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამები. კარგი იქნება სარეკრეაციო ადგილების დაგეგმარების ახალი პროექტებიც გაჩნდეს, – ეს არის ამ ეტაპზე ის, სადაც შესაძლოა ცვლილებები გვქონდეს,“ – აცხადებს მინისტრი.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ერთ-ერთი, „მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა“ შესრულების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა. რამაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ ამ პროგრამის შესრულება მთლიანად დამოკიდებულია კომერციული ბანკებიდან გაცემულ სესხებზე: „ცუდი პროგრამის ბრალი არაა, თუ ბანკმა განიხილა ესა თუ ის პროექტი და გასცა სესხი, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვერთვებით ამ სესხის პროცენტის თანადაფინანსებაში“.
„ვფიქრობ, შესაძლებელია ამ პროგრამის მოდიფიკაცია მოხდეს მომდევნო წლებში და სხვადასხვა სექტორი ჩაერთოს, რათა უფრო მეტი ბენეფიციარი გაუჩნდეს ამ პროგრამას. ამ მხრივ მუშაობა მიდის,“ – დასძენს რამაზ ბოლქვაძე.
ბიუჯეტის შედგენის პროცესს შესაბამისი კანონმდებლობა არეგულირებს, სადაც საზოგადოების ჩართულობაცაა გათვალისწინებული. სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთი ერთი ეტაპი უკვე ჩავლილია – 10 მაისიდან 25 მაისამდე პერიოდი, როცა მხარჯავი დაწესებულებების მიერ ხდება პროგრამების შემუშავება და დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა. თუ იქნება ახალი წინადადებები, მოთხოვნები, დაწესებულებებმა ეს უნდა გაითვალისწინონ, ან არა და მთელი ეს ინფორმაცია კორექტირებულ პროგრამებთან ერთად წარადგინონ სამინისტროში. ანალოგიური ეტაპია პირველი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე, როცა მხარჯავი დაწესებულება ყველა დაინტერესებულ მხარეს უკვე ქვეპროგრამების დონეზე ჩაშლილ ბიუჯეტს აცნობს. მხარჯავი დაწესებულება იღებს შენიშვნებს, წინადადებებს და თუ საჭიროდ ჩათვლის, აქვს უფლება დამატებით მოითხოვოს თანხა ამა თუ იმ პროგრამისთვის.
აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო პროცესში პროგრამების რანგირებას, სპეციალური კრიტერიუმებით, პრიორიტეტების კომისია ახდენს. შესაბამისად, შესაძლოა ზოგი პროგრამა მოხვდეს პრიორიტეტებში, ბიუჯეტის პროექტში, ზოგი კი არა.
აჭარის ბიუჯეტიდან მუნიციპალური პროექტებიც ფინანსდება. თუ აუცილებელი პროგრამებისა და პროექტების დაფინანსებას აჭარის ბიუჯეტში არსებული თანხა არ ჰყოფნის, მაშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ფინანსური დახმარების მოთხოვნით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. კანონმდებლობით, ასეთი მოთხოვნა უკვე გაგზავნილი უნდა იყოს, თუმცა ჯერ არ არის გაგზავნილი.
„ჩვენ დამოკიდებული ვართ, რა ტრანსფერს მიიღებენ მუნიციპალური ბიუჯეტები საქართველოს ბიუჯეტიდან და აქედან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ ან არ გავაკეთოთ დამატებითი მოთხოვნა… ჩვენ რესურსი გვაქვს, რაც შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს, ზრდას ვგულისხმობ, ეს იქნება ქონების განკარგვიდან თუ სხვა. აქედან გამომდინარე, თუ გვექნება სერიოზული ფინანსური რესურსი, მაშინ არც არის იმის აუცილებლობა, რომ მოვითხოვოთ ფინანსური დახმარება. როცა შევჯერდებით, თუ რა იქნება მუნიციპალური ბიუჯეტები და რა თანხას განსაზღვრავს სახელმწიფო მათთვის, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვიფიქროთ პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის გაზრდაზე ან მოვითხოვოთ დახმარება. გვაქვს ფინანსური დამოუკიდებლობაც და რესურსიც, რომ დავაკმაყოფილოთ რესპუბლიკური ბიუჯეტის მოთხოვნებიც და მუნიციპალიტეტებიც,“ – აცხადებს რამაზ ბოლქვაძე.
აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოს მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი პირველ ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს.
დღეს, 17 აგვისტოს ბათუმში ასოციაცია „არტკავკასიის“ ორგანიზებით და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით საერთაშორისო პრინტ ფესტივალი – LIFE- N- STYLE გაიხსნა.
ფესტივალი „თიბისი ბანკის“ გალერეაში შოლკოგრაფიის ქართველი მხატვრების ნამუშევრებით გაიხსნა.
„ფესტივალი ბათუმში იღებს სტარტს და გაგრძელდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ბოლოს კი თბილისში დასრულდება. ამ ფესტივალის მიზანია ხელით ბეჭდვითი მედიის წინ წამოწევა. ეს არის სპეციფიური მხატვრობის ერთ-ერთი მიმართულება, აბრეშუმის ბადეზე ბეჭდვა. აბრეშუმის ბადეზე იხატება ნამუშევარი, ჯერ იბეჭდება ერთი ფენა, შემდეგ მეორე და ბოლოს მესამე ფენა. გმინდა, რომ ეს ტექნოლოგია უფრო პოპულარული და მოდური გახდეს“ – ამბობს ნანა ყირმელაშვილი, პროექტის დირექტორი, ასოციაცია „არტკავკასიის“ ხელმძღვანელი.
ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, ხელით ბეჭდვის ტექნიკა უნიკალურია იმითაც, რომ იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს ნამუშევრის რამდენიმე ეგზემპლარად ტირაჟირება, რომელთაგან ყველა ორიგინალია. სწორედ ეს განაპირობებს ამ ტექნოლოგიის მიმზიდველობას და ამასთან, უზრუნველყოფს მის მასიურ გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას.
საქართველოში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელით ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა სპეციალური კოლექცია. ეს კოლექცია გადატანილი იქნა ტექსტილსა და კერამიკაზე. დამზადდა ჩანთები, მაისურები, საკოლექციო ჭურჭელი, რომლებიც გამოფენის პარალელურად იქნება წარმოდგენილი და ნამუშევრებთან ერთად გაიყიდება.
გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელი იქნება ბათუმის ქუჩებშიც: ზღვის სანაპიროზე, კაფეებში, სკვერებში, საცხოვრებელ და გასართობ სივრცეებში. ფესტივალი ბათუმში 7 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„ფესტივალის სახელწოდება LIFE- N- STYLE“ მიგვანიშნებს ახალი ცხოვრების სტილზე – მთელს მსოფლიოში ხელოვნების ნიმუშის შეძენით მყიდველი საკუთარ თავს გარკვეულ სტატუსს ანიჭებს. ინტერიერის დიზაინს საქართველოში უკვე დიდი ყურადღება ეთმობა, გვინდა ხელი შევუწყოთ, თანამედროვე ხელოვნების თანამედროვე ინტერიერებთან ინტეგრაციას, ეს ფესტივალის ერთ-ერთი მისიაა,“ – ამბობს ნანა ყირმელაშვილი.
იგეგმება თუ არა შარაბიძეების დასახლებაში აკაკი შანიძის პირველი ჩიხის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება? – ბათუმის მერის წარმომადგენლის თანაშემწის, ზვიად ჭელიძის თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ მოხრეშვა-მოშანდაგებითი სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი. მისივე განმარტებით, კაპიტალური სამუშაოები აქ მოგვიანებით დაიწყება: „ველოდებით ქალაქის განაშენიანების მეოთხე ფაზას. 2017 წლის ბოლოსთვის დაიწყება დაპროექტება და 2018 წლისთვის სავარაუდოდ დაიწყება ეს მეოთხე ეტაპიც“.
აკაკი შანიძის პირველ ჩიხში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო ყოველი გაწვიმების დროს იტბორება უბანი და არავინ ყურადღებას არ აქცევს. „ჯერ გვითხრეს, რომ 2014 წელს გაკეთდება და აღარ დაიტბორებაო, ეხლა გვეუბნებიან, რომ 2017 წელს იქნებაო, როდემდე უნდა ვიყოთ ასე დაპირების მოლოდინში? სკოლის დროს ბავშვებსაც უჭირთ წვიმიან ამინდში სასწავლებელში მისვლა,“ – ამბობს იამზე მჟავანაძე.
აქ მცხოვრები მალხაზ ირემაძე ამბობს, რომ „სკოლის ეზოსაც არ გააჩნია სანიაღვრე სისტემა და წვიმის დროს წყალი გუბდება, შემდეგ სკოლის ეზოდან გადმოდის აქეთ და ტბორავს სახლების პირველ სართულებს“.
კითხვაზე, თუ რატომ მოხდა 2014 წლის სავარაუდო პროექტის 2017 წელში გადატანა, პასუხი ბათუმის მერიაში ვერ მივიღეთ.
აკაკი შანიძის პირველი ჩიხი, ბათუმი / 14.08.2016 / როინ გუნდაძის ფოტოაკაკი შანიძის პირველი ჩიხი, ბათუმი / 14.08.2016 / როინ გუნდაძის ფოტოაკაკი შანიძის პირველი ჩიხი, ბათუმი / 14.08.2016 / როინ გუნდაძის ფოტო
პაატა ბურჭულაძის პარტია აჭარის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა დატოვეს. ახალგაზრდული ფრთის წევრების თქმით, დაახლოებით 70 ახალგაზრდა გაემიჯნა პარტიას. პარტიის აჭარის ორგანიზაციაში შეფასებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. კომენტარზე ასევე უარი გვითხრა გიგა ფარტენაძემ, ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა ლიდერმა. მისი თქმით, წასვლის მიზეზები დეტალურადაა აღწერილი მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ აჭარის ორგანიზაციის რამდენიმე წევრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
„აჭარის რეგიონის ახალგაზრდული მიმართულება მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოძრაობა რეგიონში ადეკვატურად ვეღარ პასუხობს არსებულ რეალობას, რაც კარგად ჩანს პარტიული და საარჩევნო სტრუქტურების მშენებლობასა და საქმიანობაში. ეს უკანასკნელი კარგად ავლენს, რომ პოლიტიკური მოძრაობა შორს დგას არსებული რეალობიდან. ჩვენ, რეგიონის ახალგაზრდებს, ვისაც შეგვტკივა გული ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის, მივისწრაფით აქ არსებული პრობლემების გამოვლენისა და მათი გადაჭრის გზების დასახვისკენ. მოძრაობა მიგვაჩნდა სწორედ მსგავსი ამოცანების რეალიზების ერთ-ერთ უმთავრეს რესურსად. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ვერ შეძლო საზოგადოებრივ ინტერესებზე კონცეტრირება. ვერ მოახერხა რეგიონის მოსახლეობასთან სწორხაზოვანი დიალოგის წარმოება, რაც მოძრაობის არასწორი სტრატეგიული და ტაქტიკური განათლების შედეგია. ბოლო პერიოდში მოძრაობის გარშემო სულ უფრო მეტად ჩნდება პასუხგაუცემელი კითხვები საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს საზოგადოებისათვის მიუღებელ სხვდასხვა პოლიტიკურ ძალებთან ალიანსის შესახებ. უყრადღებოდ დარჩა მოძრაობის ახალგაზრდული აქტივი, რომელსაც 3 თვეა, მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმით უწევს პარტიული დავალების შესრულება და ეს იმ ფონზე, როდესაც იკვეთება პარტიული ელიტის ძვირადღირებული კერძო ვოიაჟები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. აქედან გამომდინარე, მოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება მოძრაობის რიგების დატოვების და ინდივიდუალურ დონეზე საზოგადოებრივ საქმიანობის გაგრძელების შესახებ“.
დღეს, 17 აგვისტოს პარტია “სახელმწიფო ხალხსითვის” დატოვა თბილისში 25-მდე წევრმა.
ახლადაშენებული კორპუსის წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე დაერთების გამო, 18 აგვისტოს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდებათ: ანგისის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჩიხების აბონენტებს. განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სასმელი წყლის მიწოდება ასევე, შეუწყდება აეროპორტის გზატკეცილზე ლუწი ნომრების აბონენტებს, აღმაშენებლის წრიულიდან „ბათუმის დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრამდე“.
მოსამართლე დავით მამისეიშვილი ლერი შ.-ს საქმეს განიხილავს. მას ცემისა და მკვლელობის მცდელობის გარდა, სამართალდამცველებისგან გაქცევას ედავებიან. ბრალდებული მიმდინარე წლის 20 ივნისს ბადრაგირების დროს, მელიქიშვილის ქუჩაზე მანქანიდან გადმოხტა და მიიმალა.
“პოლიციის მეორე განყოფილების პოლიციელებმა სასტიკად მცემეს, ამიტომ გავიქეცი,“ – უთხრა დღეს მოსამართლეს ბრალდებულმა. მან ასე თქვა, რომ გაქცევას და ცემას აღიარებს, მკვლელობის მცდელობას – არა. გამოძიების ვერსიით, ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ-ერთ კარაოკე ბარში ბრალდებულმა მუცლის არეში დაჭრა დაზარალებული გია ბ. ბრალის წაყენების შემდეგ იგი პოლიციელებს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაჰყავდათ, როცა პოლიციელებს გაექცათ. რამდენიმე დღეში ბრალდებული თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში. დაზარალებული მკურნალობის შედეგად გადარჩა, თუმცა პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულმა მას სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა.
ბრალდებულს დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ განუმარტა, რომ გამამტყუნებელი განაჩაენის შემთხვევაში, მინიმუმ 8 წლით ელოდება თავისუფლების აღკვეთა. მოსამართლეს ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მინიმალურ სასჯელზე ერთი წლის დამატება მოუწევს, რადგან ლერი შ. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ის ძარცვისთვის არის ნასამართლევი.
მოსამართლემ მიმართა ადვოკატ რამინ პაპიძესაც, სავარაუდო არაადამინაური მოპყრობის ფაქტზე მიემართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენმერალური ინსპექციისთვის, ან პროკურატურისთვის. „ნებისმიერმა პირმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა, მაგრამ ყველა იმსახურებს ჩვეულებრივ ადამიანურ მოპყრობას,“ – აღნიშნა დავით მამისეიშვილმა.
“ამ საქმეში თავდაპირველად სხვა ადვოკატი იყო. მას უკვე მიმართული აქვს გენერალური ინსპექციისთვის და ველოდებით რეაგირებას,” – უთხრა ადვოკატმა რამინ პაპიძემ „ბათუმელებს“.
„სთრით არტ ფესტივალის“ ფარგლებში კედლების მოხატვა გუშინ, 16 აგვისტოს, ხულოს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. დღეს მხატვრები შუახევსა და ბათუმში მუშაობენ. პროექტი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს და კედლების მოხატვა 31 აგვისტომდე დასრულდება.
აჭარის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეონა ბერიძის ინფორმაციით, ხულოში, ქართული ფოლკლორის მოტივების მიხედვით, უკვე მოიხატა საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორია; ქედაში მოიხატება გამგეობის შენობასთან მისასვლელი კიბე, რომელიც წარმოადგენს საბჭოური არქიტექტურის ნიმუშს; ხელვაჩაურში [სოფელი აჭარისწყალი] გზის მიდებარე ტერიტორია; ქობლეთში კი პლაჟის მიმდებარე ტერიტორია.
ამ დროისთვის მიმდინარეობს შუახევში კულტურის ცენტრის ანფასის მოხატვა, ხოლო ბათუმში ელექტრო ბლოკის შენობის, რომელიც საცხოვრებელ კომპლექს „მაგნოლისათან“ მდებარეობს.
პროექტ „სთრით არტ ფესტივალის“ ფარგლებში ბათუმში ამ შენობის მოხატვა 19 აგვისტოსთვის დასრულდება
თითოეულ მუნიციპალიტეტში საშუალოდ 70 კვ/მ ფართობის მოხატვაა დაგეგმილი. მთლიანი რეგიონის მასშტაბით, შესაბამისად, 420 კვ/მ.
რაც შეეხება ნახატების თემატიკას – მათი შინაარსი მხატვრების თავისუფალი არჩევანია. ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც ამასთან დაკავშირებით არსებობს ხელშეკრულებაში არის ის, რომ „თემატიკა და კონცეფცია უნდა შეესაბამებოდეს გარემოს ლანდშაფტს და იკითხებოდეს ერთიან კონტექსტში“.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ოთხი მხატვარი – ორი ქართველი, ერთი ავსტრიელი და ერთიც ამერიკელი.
„სთრით არტ ფესტივალი“ უკვე რამდენიმე წელია ტარდება ბათუმში. 2016 მასშტაბი გაიზრდა და უკვე აჭარის მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს. წელს, მთელი ფესტივალისთვის 24 990 ლარი აჭარის განათლების, კულტურისა და სპოტრის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო. წელს, ფესტივალზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, ისევე როგორც გასულ წლებში, არის არტ სტუდია Dotcomma
ვახტანგ წულაძე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” გასულ კვირას დაასახელა. ვახტანგ წულაძე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსია, რომლის უკანონო გადაწყვეტილებაც აჭარის მთავრობამ რეაგირების გარეშე დატოვა.
საუბარია გარემოს დაცვის სამმართველოში მომხდარ სექსუალური ძალადობის მცდელობაზე, რომლის საპასუხოდ სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ ძალადობის მსხვერპლი ორსული ქალი დაცვის ნაცვლად სამსახურიდან გაათავისუფლა. “უღირსი საქციელი” და “საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია” – ეს გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.
ამ თემაზე “ბათუმელები” მიმდინარე წლის 13 მარტს წერდა. მაშინ აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, დავით გაბაიძემ გვითხრა, რომ ვახტან წულაძის საქმეს მთავრობის აპარატი მაშინ შეისწავლიდა, როცა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის განაცდურის თანხის გადახდის მოთხოვნა შევიდოდა მთავრობის აპარატში. დღეს დავით გაბაიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ ვახტანგ წულაძის საქმე აჭარის მთავრობას არ შეუსწავლია და არც განაცდურის გადახდის მოთხოვნის წერილი შესულა მათთან. “არ ვიცი, როგორც ჩანს, წულაძემ მოახერხა სამმართველოს ხარჯებიდან ამ განაცდურის დაფარვა. რატომ არ განიხილა მთავრობამ მისი საკითხი, ამას ვერ გიპასუხებთ, მე არ ვარ პასუხისმგებელი,” – ამბობს დავით გაბაიძე.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში” მიაჩნიათ, რომ ვახტანგ წულაძემ განზრახ მიაყენა ბიუჯეტს ზიანი. ანა ბერძენიშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი: „რომც არ ყოფილიყო ეს ზიანი, მინიმუმ აქ გამოჩნდა მენეჯერული სისუსტე. უფრო მთავარი კი ისაა, რომ აჭარის მთავრობა იზიარებს ვახტანგ წულაძის პასუხისმგებლობას, როცა მან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სამსახურიდან სრულიად უკანონოდ დაითხოვა. ამით ვლინდება მთავრობის უპასუხისმგებლო მიდგომა. სახელმწიფომ რეაგირების ნაცვლად, წაახალისა საჯარო სამსახურებში სექსუალური ძალადობა”.
რატომ არ შეისწავლა აჭარის მთავრობამ ვახტანგ წულაძის შემთხვევა? – კითხვა აჭარის მთავრობამ უპასუხოდ დატოვა. მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ავტომატურად გათავისუფლებული ვახტანგ წულაძე ხელახლა დანიშნა სამმართველოს უფროსად.
ვახტანგ წულაძის გადაწყვეტილებაზე რეაგირებას მოითხოვდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, რომელიც გათავისუფლებულის ინტერესებს სასამართლოში იცავდა, ასევე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და საქართველოს სახალხო დამცველი. “ვახტანგ წულაძე დასჯის ნაცვლად წაახალისეს,” – ასეთი განცდა აქვს იურისტს, ანა ბერძენიშვილს ვახტანგ წულაძის დეპუტატობის კანდიდატად დასახელებაზე.
ანა ბერძენიშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ამ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 18 თებერვალს მიიღო, ხოლო უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში 7 ივნისს აღადგინეს. ამ თვეების განმავლობაში ვახტანგ წულაძემ ნებაყოფლობით არ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და კიდევ უფრო გაიზარდა განაცდურის ფასი.
უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – სასამართლომ გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენა მოითხოვა ტოლფასს თანამდებობაზე, სადაც ის გათავისუფლებამდე მუშაობდა. ასეთი იყო მოთხოვნა, იმის მიუხედავად, რომ ვახტანგ წულაძემ სამსახურიდან გათავისუფლებულის შტატიც გააუქმა, როცა სასამართლოში მის წინააღმდეგ შევიდა საქმე.
ამ დროისთვის აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს აღდგენილი თანამშრომლისთვის გადახდილი აქვს დაახლოებით 17 ათასი ლარი, თუმცა აღსრულების პროცესი არ დასრულებულა. ვახტანგ წულაძემ სამსახურში დაბრუნებულ ქალს იმ შტატის მიხედვით გადაუხადა განაცდური, სადაც აღადგინა და არა იმ ხელფასის მიხედვით, რასაც უკანონო გათავისუფლებამდე თანამშრომელი იღებდა. სხვაობა დაახლოებით 2400 ლარს შეადგენს, რაზეც ვახტანგ წულაძეს უკვე მიუმართავს საჩივრით აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის – ის ამ სხვაობის გადახდას არ აპირებს. ანა ბერძენიშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან” ამბობს, რომ ათანხის გადახდა წულაძეს მაინც მოუწევს, რადგან “უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა”.
ვახტანგ წულაძეს პასუხი არ გაუცია აღდგენილი თანამშრომლის კიდევ ერთი წერილისთვის, რაც დეკრეტულ შვებულებას და კანონით განსაზღვრული 1000 ლარის ჩარიცხვას შეეხება. აღდგენილი თანამშრომელი ასევე აპირებს მოითხოვოს პრემია, რომელსაც ის აიღებდა, თუკი სამმართველოს თანამშრომელი იქნებოდა. “პრემია უნდა გაიცეს, რადგან ის გაიცემოდა არა ინდივიდუალური დამსახურებების მიხედვით, არამედ დღესასწაულებზე ყველასთვის. მართალია, სასამართლოს ამ კუთხით არ უმსჯელია, მაგრამ არსებობს ამ მოთხოვნის კანონიერი საფუძველო,“ – განმარტავს ანა ბერძენიშვილი.
ზაფხული კარგი დროა წიგნების წასაკითხად. იმის გასარკვევად, თუ რა წიგნებზეა მოთხოვნა ბათუმში, წიგნების ადგილობრივ მაღაზიებს მივმართეთ.
მაღაზიია – „წიგნები ბათუმში“ დამფუძნებელი ირაკლი ბაკურიძე ამბობს, რომ 2016 წლის მონაცემებით, მათთან ყველაზე რეიტინგული წიგნებია ჰარპერ ლის „მიდი დაააყენე დარაჯი“ და დენიელ კიზის „ბილი მილიგანის მრავალი გონება“.
ირაკლი ბაკურიძე ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასევე ყველაზე გაყიდვადი წიგნებია: დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისათვის“, ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და „მე ვარ მალალა“, პაკისტანელი გოგონას, ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატის მშვიდობის დარგში, მალალა იუსაფზაის ავტობიოგრაფიული წიგნი.
ირაკლი ბაკურიძე ამბობს, რომ ასევე პოპულარულია ჯოან როულინგის „ჰარი პოტერისა“ და სიუზენ კოლინზის „შიმშილის თამაშების“ სერია.
მგანსხვავებული მონაცემები აქვთ წიგნების მაღაზია „ბიბლუსში“, აბაშიძის ქუჩაზე.
„ბიბლუსის“ მენეჯერი სოფო დუმბაძე ამბობს, რომ ყველაზე რეიტინგული წიგნი „ბიბლუსში“ დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობაა“, ასევე: ჰარ პერლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და მიშელ უელბეკის „პლატფორმა“.
სოფო დუმბაძე ამბობს, რომ მათთან ყველაზე კარგად ქართველი მწერლების წიგნები იყიდება. განსაკუთრებით კი გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ და ოტია იოსელიანის „ქალი გამოვიდა საღალატოდ“. რაც შეეხება უცხოურ მხატვრულ ლიტერატურას, „ბიბლუსში“ ყველაზე მოთხოვნადია დოსტოევსკის „იდიოტი,“ ასევე „დანაშაული და სასჯელი“ და კაფკას „პროცესი“. როგორც სოფო დუმბაძე აღნიშნავს, სამეცნიერო ლიტერატურაში ყველაზე კარგად იყიდება ენციკლოპედიები.
წიგნების მაღაზია „ლამპარის“ მენეჯერის, დავით ბარაბაძის ინფორმაციით, მათთან ყველაზე მოთხოვნადია დათო ტურაშვილის წიგნები, განსაკუთრებით – „ჯინსების თაობა“. ასევე, აკა მორჩილაძის წიგნები, განსაკუთრებით – „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ და „გასეირნება ყარაბაღში“ . მისი თქმით, ასევე დიდი მოთხოვნაა ბათუმელი პოეტების, გენრი დოლიძისა და როინ აბუსელიძის წიგნებზე.
რაც შეეხება უცხოურ ლიტერატურას, „ლამპარში“ ყველაზე მეტად იყიდება ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“, პაულო კოელიოს „ალქიმიკოსი“ და „ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა“, ასევე, გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“.
დავით ბარაბაძე აღნიშნავს, რომ თუ სასკოლო წიგნებს არ ჩავთვლით, წიგნებს ძირითადად 20-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ყიდულობენ.
ქართული წიგნის ბაზრის კვლევის მიხედვით, რომელიც 2013-2015 წლებს მოიცავს, გასულ წელს ყველაზე გაყიდვადი წიგნები იყო:
1. ზაზა ბურჭულაძე – „მინერალური ჯაზი“
2. გაბრიელ გარსია მარკესი – „იცხოვრე, რომ მოჰყვე“
3. გიორგი კეკელიძე – „გურული დღიურები“
4. დენიელ კიზი – „ყვავილები ელჯერნონისთვის“
5. კახა ბენდუქიძე – „სხვა არჩევანი არ გვაქვს“
6. ჯონ გრინი – „ქაღალდის ქალაქი“
7. კასანდრა კლერი – „ძვლების ქალაქი“
8. ჯონ გრინი – „ბედის ვარსკვლავის ბრალია“
9. ჰარპერ ლი – „ნუ მოკლავ ჯაფარას“
10. ჯეიმზ დაშნერი – „ლაბირინთში მორბენალი“ [წყარო: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი]
ამავე კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე კარგად მხატვრული ლიტერატურა იყიდება.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ოთხ ახალგაზრდას „გოგოს მოტაცების საქმეზე“. განაჩენი გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
საქმე ეხება ქობულეთში გასული წლის ნოემბერში მომხდარ შემთხვევას, რომლის შემდეგადაც დაზარალებულმა სასამართლოს მოუყვა, თუ როგორ გაიტაცა ის ოზურგეთში იარაღის მუქარით ბიჭმა, ვისაც მასთან დაოჯახება სურდა. საქმის მასალების მიხედვით, გატაცებულმა თავის დასთან მოახერხა სატელეფონო შეტყობინების გაგზავნა და ამ გზით დაუკავშირდა პოლიციას. სამართალდამცველებმა იმავე საღამოს გამტაცებელთან ერთად, თანმხლები სამი ახალგაზრდაც დააკავეს.
სხვადასხვა მოწმესთან ერთად, ბრალდებულების სასარგებლოდ სასამართლოს ჩვენება მისცა მღვდელმაც. მისი თქმით, მას იმ საღამოს ტელეფონით დაუკავშირდნენ და წყვილის დალოცვა სთხოვეს. სასულიერო პირის ჩვენების მიხედვით, მან ადგილზე მოინახულა ახალშექმნილი ოჯახი და გოგომ თავისი სურვილით ცოლად გაყოლა დაუდასტურა. მოწმე სასულიერო პირის თქმით, შეხვედრაზე ასევე შეთანხმებულან, რომ მეორე დღეს ჯვრისწერა შედგებოდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოთხივე ბრალდებულს დაუდასტურდა თავისუფლების უკანონო აღკვეთა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება. სამ ახალგაზრდას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მეოთხეს კი ნარკოტიკების უკანონო მოხმარებასაც ედავებოდნენ და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
წელს რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან 40 სპორტსმენია წარდგენილი, აქედან ექვსი აჭარიდანაა. მათ წარმატებებსა და შანსებზე აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, მუხრან ვახტანგაძეს ვესაუბრეთ.
ბატონო მუხრან, რომელი სპორტსმენები მონაწილეობენ აჭარიდან რიოს ოლიმპიურ თამაშებში და სპორტის რა სახეობებში?
ოლიმპიურ თამაშებში რიო დე ჟანეიროში აჭარიდან სულ ექვსი სპორტსმენია წარდგენილი: ამირან პაპინაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი – ძიუდოში, ხათუნა ნარიმანიძე და იულია ლობჟანიძე – მშვილდოსნობაში, შმაგი ბოლქვაძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში და ირაკლი თურმანიძე – ძალოსნობაში. მათგან უკვე ოთხმა მიიღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში. ამირან პაპინაშვილმა მეხუთე ადგილი მოიპოვა, რა თქმა უნდა, უფრო მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებზე ესეც საპრიზო ადგილია და ვფიქრობ, რომ წარმატებაა. ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ძალოსნობაში, ვფიქრობ, მას ოქროს მედლის მოპოვებაც შეეძლო და ეს ნამდვილად სამწუხაროა, მეც სპორტსმენი ვიყავი და ვიცი, რას ნიშნავს ვერცხლის მედალი, მაგრამ რეალურად ეს დიდი წარმატებაა, როგორც უშუალოდ მისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ჩვენი კუთხისთვის. ხათუნა ნარიმანიძე და იულია ლობჟანიძე უკვე გამოეთიშნენ ოლიმპიურ თამაშებს გუნდურ შეჯიბრში, ახლა 16 აგვისტოს ველოდებით, როცა შმაგი ბოლქვაძე იჭიდავებს და მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ ახალგაზრდაა (22 წლის) ძალიან დიდი შანსია, რომ ოქროს ან რომელიმე სხვა ხარისხის მედალი აიღოს, ის მსოფლიო ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის და ასევე წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია დიდებში. რაც შეეხება ირაკლი თურმანიძეს, იგი ძალოსნობაში მოქმედი ევროპის ჩემპიონია და ისიც ოლიმპიური მედლის კანდიდატია.
როგორ ემზადებოდნენ ეს სპორტსმენები ოლიმპიადისთვის?
რა თქმა უნდა, ყველა ოლიმპიელმა განსაკუთრებული მომზადება გაიარა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ახლა ოლიმპიურ ნაკრებს ექვსი ფსიქოლოგი ახლავს რიოში და ისინი ნამდვილად მაქსიმალურად იყვნენ მომზადებულნი. მაგრამ საქმე ისაა, რომ ოლიმპიური თამაშები ეს ისეთი ღონისძიებაა, სადაც წინასწარ ვერაფერს იტყვი, ეს თამაშები ყოველთვის სავსეა მოულოდნელობებით. ჩვენ წარმატება უკვე გვაქვს ამ თამაშებზე და ორი წარმატების მოლოდინში ვართ.
რა კეთდება აჭარაში ან თუნდაც ქვეყნის მასშტაბით, სპორტის ოლიმპიური სახეობების პოპულარიზაციისათვის და ამ დარგებში წარმატებული სპორტსმენების მოსამზადებლად?
ჯერ იქედან დავიწყებ, რომ არსებობს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელიც ყველაფერს აკეთებს სპორტის ყველა ოლიმპიური (და რა თქმა უნდა, არაოლიმპიური) სახეობის პოპულარიზებისა და განვითარებისთვის. ასევე მუშაობენ საქართველოს ეროვნული ფედერაციები, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ სპორტსმენები მაქსიმალურად მოემზადონ და კარგად გამოვიდნენ შეჯიბრებებზე. რაც შეეხება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სათანადო პირობები შევუქმნათ ამ სპორტსმენებს. ჩვენ გვაქვს ერთჯერადი ჯილდოები, როგორც ოლიმპიური თამაშებისთვის, ისე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე ევროპის პირველობებზე ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის. მაგალითად, ახლა ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლისთვის 15 000 ლარს მიიღებს, ჩემპიონი რომ გამხდარიყო, 20 000 ლარს მიიღებდა. ოლიმპიური ჩემპიონისთვის ეს ნამდვილად არ არის კოლოსალური თანხა, მაგრამ აჭარის რეგიონისთვის ვფიქრობ, ძალიან კარგია, მაქსიმალურად ვცდილობთ მათ წახალისებას.
წინა ოლიმპიადებზე აჭარიდან როგორი შედეგები გვქონდა?
ჩვენ გვქონდა მოპოვებული ერთი ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი ჭიდაობაში. ეს იყო სიდნეიში, ავსტრალიაში, 2000 წელს [სიდნეის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი მაშინ სწორედ მუხრან ვახტანგაძე გახდა. ავტ.]. ასევე საბჭოთა კავშირის დროს (1980 წელს, მოსკოვში) აჭარიდან რევაზ ჩელებაძეს ჰქონდა ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი ფეხბურთში, ოღონდ იქ ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ 21 წლამდე იყო ფეხბურთელების ასაკი. ასე, რომ აჭარის ისტორიაში ორი ოლიმპიური ბრინჯაოა. ახლა უკვე ვერცხლი ავიღეთ, ანუ გაუმჯობესდა შედეგი. აჭარას ოლიმპიური ოქრო არ აქვს და იქნებ სწორედ შმაგი ბოლქვაძემ და ირაკლი თურამნიძემ მოიპოვონ ეს მედლები, მით უმეტეს, რომ ეს თავისუფლად შესაძლებელია.
თქვენი აზრით, რომელ სახეობებში გვაქვს მეტი შანსი?
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვიტყვი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების 75-80 პროცენტს აჭარის რეგიონი ავსებს, ამ დონეზეა ჩვენს კუთხეში განვითარებული ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ჩვენს სპორტსმენებს ძალიან ძლიერი მეტოქეები ხვდებათ ახლა (მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი), მაგრამ თუ მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებს ვერ და არ მოუგე, ისე ვერ გახდები ჩემპიონი.
დღეს, დილიდან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში. აქციაზე შეკრებილი ორი სოფლის – ცხმორისსა და კოკოტაურის მოსახლეობა „ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის“ პროექტის ფარგლებში კოკოტაურსა და ცხმორისში გამავალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ადგილმონაცვლეობას ან საკომპენსაციო თანხის გაზრდას მოითხოვდა.
აქციის მონაწილეების თქმით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები სოფლის გზაზე, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ და სავარგულებზე გადის, რითაც ზარალი ადგება მოსახლეობას, ბუფერულ ზონაში მოხვედრილ მოსახლეობას კი, მათი განმარტებით, სახელმწიფო საკუთრებასა თუ სარგებლობაში არსებულ ერთ კვადრატულ მიწის ნაკვეთზე კომპენსაციის სახით 13 ლარს უხდის, რის მიღებაზეც უარს აცხადებენ და თანხის გაზრდას მოითხოვენ. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ელექტროსისტემა მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს და საკომპენსაციო თანხას არ გაზრდის, მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში შესულ მშენებელ კომპანიას სამუშაოების წარმოების უფლებას არ მისცემენ.
დათუნა კონცელიძე: „მოვითხოვთ შესაბამისი კომპენსაცია გაიცეს, რა თანხასაც გვთავაზობენ ჩვენთვის მიუღებელია, მათხოვრულ თანხას გვთავაზობენ, ან პროექტის გატანა მოხდეს დასახლებული პუნქტიდან, ან შესაბამისი თანხა გაიცეს, თუ ჩვენს მოთხოვნას არ შეასრულებენ, ჩვენს საკარმიდამო ტერიტორიებზე ტექნიკას არ შევუშვებთ, ჩვენ არ ვკეტავთ სახელმწიფო გზებს, ჩვენ ჩვენს კუთვნილ ნაკვეთებს ჩავკეტავთ და ვიდრე ხელშეკრულებას არ გააფორმებენ ბუფერულ ზონაში მოხვედრილ ადამიანებთან, სამუშაოების დაწყების უფლებას არ მივცემთ“.
მალხაზ ირემაძე: „სამშენებლო სამუშაოები უნდა დაეწყოთ ჩემს ნაკვეთში, მაგრამ მე არ მივეცი მუშაობის უფლება და არ შევუშვი. სახელმწიფო პროექტის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ შესაბამისი თანხით დამაკმაყოფილონ. მითხრეს 18 000 ლარი გეკუთვნითო, ხაზის გაყვანის შემთხვევაში 100 კვადრატი მიწა მრჩება სარგებლობაში, დანარჩენს ვერ ვისარგებლებ, მეორე ჯგუფის ავადმყოფი ვარ, სხვაგან წასვლა და მუშაობა მე არ შემიძლია, ჩემი ოჯახის შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან მოწეული ბოსტნეულია და თუ ჩემი ოჯახი ამის მოყვანასაც ვერ შეძლებს, ულუკმაპუროდ ვრჩებით“.
შოთა ნაკაშიძე: „ჩემს კუთვნილ ტერიტორიაზე შევიდნენ, მრავალწლოვანი ხეები დაგლიჯეს ისე, რომ აღწერაც არ გაუკეთებიათ, მეუბნებიან ხაზს გავიყვანთ, გადავზომავთ ნაკვეთებს და კომპენსაციას მერე მიიღებთო“.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პროექტების ნებართვებისა და ქონების მართვის დეპარტამენის უფროსი ლევან ლომინაძე მოსახლეობის პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ საკომპენსაციო თანხას წინასწარ დადგენილი კრიტერიუმები განსაზღვრავს, შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობა ინდივიდუალურია და ბუფერულ ზონაში მოხვედრილ მოსახლეობას თანხას ზარალის მიხედვით გადაუხდიან.
ლევან ლომინაძის ინფორმაციით, კომპენსაციისთვის აჭარის მუნიციპალიტეტებში 22 მილიონი ლარი დაიხარჯება.
„დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა ეტაპობრივად ხდება. იმ შემთხვევაში თუ მიწა მესაკუთრეზე არ არის რეგისტრირებული, თუმცა აღნიშნულ ნაკვეთზე გამგეობიდან ცნობას მივიღებთ, რომ ნაკვეთი კერძო მფლობელობაშია, კომპენსაცია გაიცემა. რაც შეეხება მოსახლეობის პრეტენზიას, შეიძლება ფიქრობენ, რომ კომპენსაციას ვერ მიიღებენ, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ასე არ იქნება, ეტაპობრივად მოხდება მოსახლეობის კომპენსირება,“ – აცხადებს ლევან ლომინაძე.
“ჩემს თვალწინ დააკავეს რეზო ტაკიძე. ეს მოხდა სარფის საბაჟოზე, იქ, სადაც პასპორტებს უმოწმებენ ადამიანებს,” – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე თემურ კახიძემ. ის დღეს, 16 აგვისტოს სასამართლოში დაცვის მხარემ წარმოადგინა. მოწმის მტკიცება იმის შესახებ, რომ რეზო ტაკიძე საბაჟოზე დააკავეს, პრინციპულად განსხვავდება გამოძიების ვერსიისგან – პოლიციელთა ჩვენებების მიხედვით, ბრალდებული თავისი ფეხით მივიდა ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში.
20 წლის რეზო ტაკიძის სასამართლო პროცესების დაწყებამდე, არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ბრალდებულის თქმით, იგი პოლიციელებმა განყოფილების შენობაში სასტიკად სცემეს. საქმეში ფიგურირებს ირაკლი შაქარიშვილიც, რომელიც ქობულეთის პოლიციის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსია: „შაქარიშვილი იჯდა იქ და მკითხა, მე მიცნობ, ბიჭო? მგონი, ირაკლი ხარ შაქარიშვილი-მეთქი. მომკლა ცემაში, მაგინებდა, გამაგდენ პოლზე. სასაკლაოზე ხარ მოყვანილი, თუ იცი შენო. შარვალი გამხადა ბუტა ანთაძემ, გაუპატიურებით მემუქრებოდა, მაცივრიდან გამოღებულ ცივ წყალს მასხამდნენ. არაფერი ვიცოდი ყაჩაღობის შესახებ. თქვი, რომ შენ იყავიო, თუ არა წამლით გაგივსებ ჯიბეებსო და მაინც გაგიშვებ „სროკზეო“, – ამბობდა რეზო ტაკიძე “ბათუმელებთან” გასული წლის 2 ნოემბერს.
დაცვის მხარის კიდევ ერთი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნაა, რომელიც ახლახანს დაიდო და რომლის მიხედვით რეზო ტაკიძეს სხეულზე ბლაგვი საგნით მიყენებული მსუბუქი ხარისხის დაზიანებები აქვს. ექსპერტიზა დაცვის მხარის მოთხოვნით პროკურატურამ ჩაატარა. გამოძიების ვერსია არც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეცვლილა. პოლიციელთა ჩვენებების მიხედვით, ბრალდებულმა მათ პოლიციის შენობაში წინააღმდეგობა გაუწია.
“ექსპერტიზით მტკიცდება, რომ რეზო ნამდვილად ფიზიკური დაზიანებებით გამოვიდა პოლიციის შენობიდან. პოლიციელები კი ამბობენ, რომ წინააღმდეგობის გაწევის დროს დაშავდა ბრალდებული, მაგრამ ეს დამაჯერებლობას მოკლებულია – რეზოს სახის არეში და სხეულზე არაერთ ადგილას იყო ნაცემი,” – ამბობს ადვოკატი მერი ცინარიძე.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაც სასამართლოს წინა სხდომაზე გამოიკვეთა: ექვსმა პოლიციელმა სასამართლოს დაუდასტურა, რომ რეზო ტაკიძე საღამოს ათის ნახევარზე მოწმის სახით დაიბარეს [ეს უწყისში მითითებული ოფიციალური დროა],სოფელ გვარაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ყაჩაღობის გამო. „თავისი ფეხით მოვიდა პოლიციაში, ვაწარმოებდი ზეპირ გასაუბრებას და ამ დროს ის გახდა აგრესიული, აიღო ჩემი მაგიდიდან კომპიუტერის მონიტორი და დაახეთქა, ხელებს იქნევდა, ფეხი ჩაარტყა პროცესორს. მერე სხვა პოლიციელებსაც აგინა, ვინც იქ შემოვიდა. წაიქცა გასვლის დროს და დავაკავეთ“, – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა პოლიციელმა ბესიკ კაკალაძემ პოლიციის შენობაში რეზო ტაკიძესთან შეხვედრა.
პოლიციელს დამაზუსტებელი კითხვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმაც დაუსვა: „რეზო ტაკიძე მოვიდა პოლიციაში 21 საათსა და 30 წუთზე, დაკავების ოქმში წერია, რომ დაკავება 00 საათსა და 10 წუთზე მოხდა. ორსაათნახევარი რატომ დასჭირდა გასაუბრებას? თან თქვენ აღნიშნეთ, რომ ზეპირ გასაუბრებას ახდენდით“. მაშინ ბესიკ კაკალაძემ მოსამართლეს უპასუხა, რომ კითხვები ბევრი იყო.
რეზო ტაკიძის ოჯახის წევრების მტკიცებით, მათთვის მთელი დღე-ღამის განმავლობაში არ იყო ცნობილი, სად იმყოფებოდა დაკავებული. “პოლიციელები რეზო ტაკიძის სახლშიც მივიდნენ და უკანონო ჩხრეკა ჩაატარეს, მაგრამ მშობლებს არ უთხრეს, რომ რეზო უკვე დაკავებული ჰყავდათ,” – აცხადებს ადვოკატი მერი ცინარიძე.
რეზო ტაკიძეს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გარდა, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავებიან. საუბარია კომპიუტერზე, რომელიც პოლიციელების ჩვენებით, ბრალდებულმა პოლიციის შენობაში დაამტვრია. რეზო ტაკიძე წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. სასამართლო დარბაზიდან იგი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა გაათავისუფლა – დაკავების პროცედურების აშკარა დარღვევის გამო.
მორიგ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები უნდა თქვან, რომლის შემდეგაც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.
ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტენდერის გამოსაცხადებლად ყველაფერი მზად არის, თუმცა შპს „სტადიონი“, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ტენდერს არ აცხადებს. კომპანიაში ამბობენ, რომ ტექნიკური ზედამხედველის გამოვლენას ელოდებიან, რისთვისაც ცალკე ტენდერი უკვე მეოთხედ გამოცხადდა – ამჯერად, შეცვლილი პირობებითა და ახალი წესით, რაც გულისხმობს შესყიდვას აუქციონის ანუ ვაჭრობის გარეშე.
„ტენდერი აუქციონის გარეშე ახალი სერვისია. სავალდებულო არ არის, მაგრამ ეს წესი შევარჩიეთ იმიტომ, რომ რეალურმა კომპანიამ გაიმარჯვოს. ხშირად კომპანიები, ტენდერი რომ მოიგონ, ვაჭრობისას იმდენად ამცირებენ თანხას, რომ შემდეგ იმ თანხაში ვეღარ ასრულებენ შეკვეთას. ეს კი ხშირად ქმნის პრობლემებს. გვინდა არ იყოს ასეთი ფასების უაზროდ დაგდება და შევარჩიოთ ისეთი კომპანია, რომლისგანაც მივიღებთ ხარისხიან მომსახურებას,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ შპს „სტადიონის“ დირექტორმა, გიორგი ზირაქაშვილმა. მისივე თქმით, ახალი წესით, გამოირიცხება კომპანიებს შორის გარიგებაც, რასაც „ოფიციალურად არავინ ამბობდა, მაგრამ ამის ეჭვი ყოველთვის არსებობდა“.
ახალი წესის მიხედვით, ტენდერში მონაწილე კომპანიები ერთმანეთის მიერ დადებულ ფასს ვერ ხედავენ. არც ის ჩანს, თუ რომელი კომპანიები მონაწილეობენ. ყველა თავის ფასს სთავაზობს [ისე, რომ არ იცის პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული ფასი] და ამ ფასის დაკლება მხოლოდ ერთხელ შეუძლია, ერთი ბიჯით. ის, ვის მიერ შეთავაზებული ფასიც ყველაზე დაბალი აღმოჩნდება, გამოჩნდება ტენდერის ბოლოს და თუ აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს, იმარჯვებს კიდეც.
წესი, რომელიც ითვალისწინებს ტენდერის გამოცხადებას ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, ამასთან, დამატებითი რაუნდების გარეშე, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა.
ბათუმში სტადიონის „სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე“ ტენდერი მეოთხედ, მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს გამოცხადდა.
სტადიონის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან 30 მილიონამდე აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება ტექნიკურ ზედამხედველს – ის მშენებლობის პროცესის ზედამხედველობაში, სამი წლის განმავლობაში, 2 მილიონ 100 ათასამდე ლარს მიიღებს. სწორედ ამ თანხაზეა გამოცხადებული ტენდერი.
სატენდერო პირობების თანახმად, პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია სპეციალისტების გამოცდილების შესახებ ანალოგიური ტიპის სამუშაოებში. აქ იგულისხმება „ანალოგიური სირთულის სამშენებლო ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ზედამხედველობა, როგორიცაა: სტადიონი ან სპორტული თამაშობებისთვის განკუთვნილი ღია ან დახურული ტიპის ობიექტი, საკონცერტო დარბაზი, თეატრი, კინოთეატრი და სხვა მსგავსი ობიექტი, რომლის მშენებლობის ღირებულება აღემატება 10 მილიონ ლარს, ხოლო მაყურებლებისათვის განკუთვნილი ადგილები [დასაჯდომი] აღემატება შვიდი ათასს“.
შესყიდვების გვერდზე უკვე გაჩნდა მიმწოდებელთა შეკითხვები, თუ „რა მოსაზრებით იქნა ამოღებული სატენდერო მოთხოვნებიდან პრეტენდენტის გამოცდილება, მაშინ როდესაც საქმე გვაქვს მაღალი რისკის შემცველ, მე-5 კლასის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობასთან?“; „რატომ შერბილდა სატენდერო მოთხოვნები, მაშინ როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებს პირიქით, მე-4 და მე-5 კლასის ობიექტების მიმართ აქვთ განსხვავებული, უფრო მაღალი მოთხოვნები როგორც ნებართვის გაცემისას, ასევე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დროს?“; რა პრინციპით განისაზღვრა მოთხოვნილი 7000 დასაჯდომი ადგილი მაშინ, როდესაც საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში აშენებული ასეთი ნაგებობა იძებნება მხოლოდ ერთი? [ასეთ შემთხვევაში ირღვევა კანონით განსაზღვრული ჯანსაღი კონკურენციის პრინციპი]“ – 9 აგვისტოს დასმულ ამ შეკითხვებს პასუხი სატენდერო კომისიამ 16 აგვისტოს გასცა: „სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით გამოცდილებასთან დაკავშირებით უპირატესობა მიენიჭა კომპანიაში დასაქმებული კადრების გამოცდილებას, შესაბამისად სატენდერო მოთხოვნები შეიცვალა და არ შერბილდა. სამშენებლო ობიექტის მაშსტაბურობიდან და მისი სირთულეებიდან გამომდინარე განისაზღვრა აღნიშნული მოთხოვნა – 7 ათასი დასაჯდომი ადგილი.
„პირველად როცა გამოცხადდა და არავინ მიიღო მონაწილეობა, ეს დავაბრალეთ იმას, რომ საქმის კურსში არ იყო ხალხი და შეიძლება ვერ ნახეს; მეორედ გამოვაცხადეთ ტენდერი და ვერ დააკმაყოფილა პირობები ვერც ერთმა კომპანიამ. მესამედ როცა გამოვაცხადეთ, გაასაჩვრა ერთ-ერთმა კომპანიამ შესყიდვების სააგენტოში და მოტივად დადო ის გარემოება, რომ მთავარია თანამშრომლების გამოცდილება და არა ფირმის გამოცდილება. სააგენტომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მოგვცა რეკომენდაცია, გადაგვეხედა სატენდერო პირობებისთვის და ყურადღება როგორც კომპანიის, ასევე თანამშრომლების გამოცდილებაზე გაგვემახვილებინა,“ – აცხადებენ შპს „სტადიონში“.
გიორგი ზირაქაშვილის თქმით, სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი მას შემდეგ გამოცხადდება, როგორც კი ტექნიკურ ზედამხედველს გამოავლენენ. კითხვაზე, რატომ დაიწყო „რესპუბლიკური საავადმყოფოს~ მშენებლობა მაშინ, როცა ზედამხედველი ამ შემთხვევაში დღემდე არ არის გამოვლენილი? – „სტადიონის“ დირექტორი პასუხობს: „საავადმყოფოს შემთხვევაში გვყავს თანამშრომელი ინჟინერი და მისი ზედამხედველობით კეთდება ყველაფერი. როცა ტენდერით გამოვლინდება სხვა, ის გადაიბარებს ზედამხედველობას. აქაც გვინდოდა თავიდანვე ყოფილიყო ზედამხედველი ჩართული, თუმცა სამჯერ ჩაგვივარდა ტენდერი… საქმეს ხომ არ გავაფუჭებდით და ავიყვანეთ ინჟინერი“.
შპს „სტადიონი“ სწორედ საავადმყოფოსა და სტადიონის ასაშენებლად შეიქმნა. საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველობის შესყიდვაზეც, ახალი წესით ტენდერი მეოთხედაა გამოცხადებული, თანხით – 750 ათასი ლარი. შენობის ფუნდამენტი კი უკვე ჩასხმულია და პირველი-მეორე სართულის მშენებლობა მიმდინარეობს.
გამოცხადდება თუ არა სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი, თუ მეოთხე ცდაზეც ვერ გამოვლინდა ზედამხედველი? – შპს „სტადიონში“ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ: „ზუსტად არ ვიცით, ზემდგომთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გავდივართ კონსულტაციებს. სხვა მხრივ ყველა სახის ნებართვა, მათ შორის მშენებლობის, უკვე გვაქვს“.
სტადიონის ზედამხედველობასთან დაკავშირებით ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 16 აგვისტოს დასრულდა.
ბულვარის კოლონადებთან ერთ-ერთი სვეტი ჩამოინგრა. ადგილზე მოვაჭრე მცირე მეწარმეების თქმით, სვეტი კვირა დილით ნახეს დაშლილი და იგი მანამდე ნაწილობრივ დაზიანებული იყო.
ბულვარის ადმინისტრაციის განმარტებით, სვეტი უამინდობამ დააზიანა და იგი რესტავრაციისთვის სახელოსნოშია გადატანილი. სვეტის აღდგენისთვის ბულვარის ბიუჯეტიდან 300 ლარი დაიხარჯება. ბულვარის ადმინისტრაციის პრესცენტრში გამორიცხავენ სვეტის დაზიანებას კოლონადებში განთავსებული სცენის გამო, თუმცა აქამდე არავის გაურკვევია, კონკრეტულად რამ დააზიანა კოლონადები.
კოლონადებში სცენა მიმდინარე წლის ივნისიდან მოქმედებს. აქ ფოლკლორული საღამოები ყოველ საღამოს ეწყობა კულტურის სამინისტროს პროექტის “ჰით ბათუმის” ფარგლებში. ბულვარის კოლონადები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თუმცა სცენის გამართვაში მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრობლემა არ დაუნახავს. კოლონადებს სცენისგან დაახლოებით 10 სექტემბრისთვის გაათავისუფლებენ.
ანალოგიური სვეტი კოლონადების მეორე მხარესპროექტის “ჰით ბათუმის” ფარგლებში “მსუბუქი კონსტრუქციის” ეს სცენა 6 ივნისიდან მოქმედებს.
კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ბენდები: Asea Sool ; Groovephonics – Irakli Pagava; The Nemo; Strawberry Fields; Sound Lab; Family;
კონცერტები აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფაგლებში გაიმართება. პროექტი ასევე ითვალისწინებს შერჩეული სამი ბენდის (Asea Sool / Groovephonics – Irakli Pagava / The Nemo.) პროდიუსინგს, მათი შემოქმედების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
ბათუმის სარაგბო კლუბი შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის პირველ, შესარჩევ ეტაპზე, მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. 16 მონაწილე გუნდიდან ოთხი გამოეთიშა ჩემპიონატს, დარჩენილი 12 გუნდი კი გააგრძელებს ასპარეზობას ჩემპიონატის მეორე და მესამე ეტაპებზე, რომლებიც შემოდგომასა და ზამთარში, ფოთსა და თბილისში გაიმართება.
გუნდის მწვრთნელის, გიორგი სვინტრაძის თქმით, ამ ჩემპიონატისთვის გუნდს მოსამზადებლად ბევრი დრო არ ჰქონდათ, რადგან ძირითად აქცენტს ეროვნულ ჩემპიონატზე აკეთებენ, რომელიც სამ სექტემბერს იწყება: „შვიდკაცა რაგბი განსხვავდება ჩვეულებრივი, თხუთმეტკაცა რაგბისგან. აქ უფრო მეტი მნიშვნელობა სისწრაფესა და სისხარტს აქვს. იქედან გამომდინარე, რომ მხოლოდ 10 დღე ვემზადებოდით, ვფიქრობ, ნორმალური შედეგი ვაჩვენეთ“ – ამბობს ის.
ნიკა ნინიძე – გუნდის კაპიტანი
გუნდის თამაშით კმაყოფილია გუნდის კაპიტანი, ნიკა ნინიძე. მისი თქმით, ფინალში თამაშიც შეეძლოთ მაგრამ არ გაუმართლათ, თუმცა სამომავლოდ უკეთ მომზადებას და შესაბამისად, უკეთესი შედეგის მიღწევას გეგმავენ:
„ამ შემადგენლობით გუნდი პირველად გავიდა ჩემპიონატზე და ნამდვილად არ მოველოდით ამ შედეგს. საკმაოდ რთული თამაშები ჩავატარეთ. ეს შესარჩევი ტური იყო და ბევრ დროს არ დავუთმობდით მზადებას, თუმცა მეორე და მესამე ეტაპებისთვის უფრო სერიოზულად მოვემზადებით და უკეთეს შედეგსაც ვაჩვენებთ. ჩვენ ეს ნამდვილად შეგვიძლია.“
საქართველოს 2016 წლის შვიდკაცა რაგბის შესარჩევ, საზაფხულო ეტაპზე პირველი ადგილზე თბილისის „ჯიქი“, მეორეზე კი თბილისის აკადემია გავიდა.
შვიდკაცა რაგბის 2016 წლის ჩემპიონატი 13-14 აგვისტოს კახეთში, ნაფარეულში, გაიხსნა.
„ეს არის ადგილი, რომელიც ყველასია, განურჩევლად რასისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა და ასე შემდეგ. ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მის შექმნასა და აქ საკუთარი კუთხის მოწყობაში“, – ამბობს ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე. იგი ბათუმში, ზვიად გამსახურდიას #6-ში, 15 აგვისტოს გახსნილ სოციალურ კაფეზე საუბრობს.
ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე რომ ჩაივლით, აუცილებლად შენიშნავთ შემინულ შენობაში გაფერადებულ სივრცეს. აქ სულ ოთხი მაგიდა დგას, ჭრელი გადასაფარებლებით, დეკორატიულ თაროებზე კი ფერადი ყვავილებია. ეს გარემო აუცილებლად შეგიტყუებთ – აქ შეგიძლიათ ფინჯანი ყავა მიირთვათ ან რომელი საინტერესო შეხვედრის, დისკუსიისა თუ შემოქმედებითი საღამოს მონაწილე გახდეთ. ეს „თავისუფალი სივრცეა“, რომელიც სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
„თავისუფალი სივრცე“ ძირითადად 4-5-კაციანმა სამუშაო ჯგუფმა შექმნა. მათ არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ აერთიანებთ.
ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე იხსენებს, რომ თავიდან ორგანიზაციის ერთ-ერთმა მეგობარმა შესთავაზა სოციალური საწარმოს გახსნა: „ვგეგმავდით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების მაღაზიის გახსნას და დავიწყეთ მოლაპარაკებები ბათუმის მერიასთან“. მერიას მათ ფართობი სთხოვეს, რადგან თავად მისი შეძენა არ შეეძლოთ. მერიამ საინიციატივო ჯგუფს ფართობის ორი ვარიანტი შესთავაზა: ერთის ადაპტირება შეუძლებელი აღმოჩნდა, ხოლო მეორე, სადაც ამჟამად „თავისუფალი სივრცე“ მდებარეობს, ახალი იდეის წყარო გახდა:
„რომ ვნახეთ, უკვე წარმოვიდგინეთ, რა შეიძლებოდა აქ გაგვეკეთებინა. მაღაზია არ შეცვლიდა იმ რეალობას, რაც გვაქვს ბათუმში. შშმ პირთათვის არ არის ადაპტირებული ადგილები, კაფეები, სადაც შეიძლება მიხვიდე თავისუფლად, შეხვდე მეგობრებს, თანამოაზრეებს, ისაუბრო, აზრები გაცვალო, რაიმე დაგეგმო,“ – ამბობს თომა.
სამუშაო ჯგუფი “თავისუფალ სივრცეში“
მისი თქმით, ნაწილობრივ ადაპტირებული [დგას საპირფარეშოების ადაპტირების პრობლემა, მაგრამ აქვს პანდუსი] დემოკრატიული ჩართულობის ცენტრია, სადაც დისკუსიებსა და შეხვედრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ესწრებიან, ხოლო კაფეები პანდუსებით, შშმ პირთათვის ბოლომდე მოხერხებული მაინც არ არის. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჯგუფმა, რომ სოციალური საწარმოს ნაცვლად სადისკუსიო, ღია შეხვედრების სივრცე შეექმნა, სადაც მსურველს ყავის დალევა და მსუბუქად წახემსებაც შეეძლება.
„თავიდან ახალგაზრდული სივრცე გვინდოდა დაგვერქმია, მაგრამ რატომ მხოლოდ ახალგაზრდული? ეს სივრცე ხომ ყველასთვისაა. აქ კაფეც გვექნება და არავის არ დასჭირდება წავიდეს სხვაგან, მითუმეტეს, რომ შშმ პირებისთვის ისეთი ადგილის პოვნა, სადაც კომფორტულად ისადილებენ, ფიზიკურად რთულია“. თომა ამბობს, რომ კაფე შშმ პირებს დაასაქმებს, სოციალური კაფეს შემოსავალი კი „თავისუფალი სივრცის“ კომუნალურ ხარჯებსაც დაფარავს.
„თავისუფალი სივრცის“ მოწყობა ადვილი არ იყო. მერიისგან დროებით სარგებლობაში მიღებული ფართობის გასარემონტებლად სამუშაო ჯგუფმა რამდენიმე კომპანიას სთხოვა დახმარება, თუმცა ეს პროცესი გაჭიანურდა და ნოემბერში გადაცემული ფართობის გარემონტება აგვისტოში დასრულდა.
პროექტის იდეის ერთ-ერთი თანაავტორი, ნინო ჩხაიძე გვიყვება, რომ სივრცეს, რომელიც მერიამ ორი წლით გადასცა მათ სარგებლობაში, წლების განმავლობაში საწყობად იყენებდნენ და იქ რაიმე მსგავსი კაფეს მოწყობა ამბიციური იდეა იყო, თუმცა მათ ეს გამოუვიდათ. ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი და მეგობარი ცდილობდა ალტერნატიული სახსრების მოძიებას. საკუთარი ხელფასებით შეაგროვეს მცირე ბიუჯეტი, შემდეგ ნელ-ნელა მოხალისეებიც გამოჩნდნენ.
„მეგობარი ორგანიზაციები, ნაცნობები, უცნობები, მეგობრები, ნათესავები – ყველა ჩავრთეთ, ვინც შეიძლებოდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ თბილისიდან ე.წ. „გიფსკარდონი“ გამოგვიგზავნა, რომლითაც აქაურობა გავარემონტეთ, ერთმა ორგანიზაციამ ფული ჩაგვირიცხა, ერთმა კი კაფესთვის ჭურჭელი გვაჩუქა. მოდიოდნენ მოხალისეები, რომლებიც ხეხავდნენ იატაკს, კედლებს, რისი გაკეთებაც შეეძლოთ, ყველაფერს აკეთებდნენ. მაგიდების გადასაფარებლებიც მოხალისეობრივად შეგვიკერეს… მეგობარმა მხატვარმა გვათხოვა თავისი ნამუშევრები… სწორედ ამიტომ არის ეს ყველას სივრცე,“ – ამბობს თომა. ის იმედოვნებს, რომ „თავისუფალი სივრცის“ განვითარებაში მონაწილეობის მსურველები მომავალშიც გამოჩნდებიან.
ამ ეტაპზე ორგანიზაციის თანამშრომლები ცდილობენ რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებას, რათა კონდიციონერი შეღავათიან ფასად იყიდონ.
ნინო ჩხაიძე „თავისუფალი სივრცის“ მნიშვნელობას და დატვირთვას ასე ხედავს:
„80% „თავისუფალი სივრცეში“ წარმოადგენს ახალგაზრდებისა და არა მარტო ახალგაზრდებისათვის ხელმისაწვდომ, თავისუფალ, სადისკუსიო და შემოქმედებით ადგილს, სადაც საკუთარი იდეების, პროექტების განხორციელება და ღონისძიებების უსასყიდლოდ ჩატარება შეგიძლია. სადაც შეგიძლია მიხვიდე და საინტერესოდ გაატარო დრო, განვითარდე და გაუზიარო საკუთარი გამოცდილება სხვებს. რაც მთავარია, არ შეგექმნას პრობლემა მოწვეული სტუმრებისა თუ მეგობრების წინაშე, რადგან აქაურობა სრულად ადაპტირებული და ყველასთვის მოსახერხებელია. დარჩენილი 20%, შეგვიძლია, კაფეს ნაწილს მივაკუთვნოთ. სწორედ ამიტომ არ იქნებოდა სწორი ამ ადგილისთვის მხოლოდ კაფე დაგვერქმია, ეს არის უბრალოდ „თავისუფალი სივრცე“.
„თავისუფალი სივრცე“ ამ ფართობს 2017 წლის ნოემბრამდე ფლობს. შეკითხვაზე, თუ რას გეგმავენ იდეის ავტორები ვადის გასვლის შემდეგ, თომა კაკაბაძე გვპასუხობს: „როგორც კი ავამუშავებთ, ყველა დაინახავს, თუ რამდენად აუცილებელია ეს სივრცე ბათუმში. კვლავ ვაპირებთ მერიისთვის განცხადებით მიმართვას და ვადის გაგრძელების თხოვნას. „თავისუფალის სივრცე“ ბათუმს ნამდვილად ძალიან სჭირდება“.
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 16 აგვისტოს სხდომაზე საოლქო კომისიებს საწვავის ლიმიტი განუსაზღვრა – თითოეულ ოლქს 500 ლიტრის ოდენობით. აჭარაში სულ ექვსი საოლქო საარჩევნო კომისია იმუშავებს. დღესვე უსკომ ცვლილებები შეიტანა საარჩევნო ღონისძიებების გრაფიკში.
დაზუსტდა საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების ვადები 2 სექტებრიდან 8 სექტემბრამდე, ასევე დაზუსტდა პარტიული სიების წარდგენის წესები.
ამ დროისთვის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის უსკოს 28 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. 16 აგვისტოს მდგომარეობით, რეგისტრირებულია 26 საარჩევნო სუბიექტი. „ემსახურე საქართველოსა“ და „ერთიანობის დარბაზს“ კი ვადა 19 აგვისტომდე აქვთ, მათ უსკოში 3000-3000 მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა წარადგინონ.
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებს ბლოკების შექმნისთვის ვადა 26 აგვისტომდე აქვთ.
საარჩევნო სუბიექტებმა უსკოში 8 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ პარტიული სიები.
13 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედანზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. მმართველი პარტიის არჩევანის შეფასება `ბათუმელებმა“ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელს, ასლან ჭანიძეს სთხოვა.
როგორ აფასებთ „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარმოდგენილ სიას? იყო თუ არა თქვენთვის ვინმე მოულოდნელი ამ სიაში?
მოულოდნელი ნამდვილად იყო. ის, რომ ძველი, ცნობილი სახეები არ არიან ამ სიაში, მიუთითებს, რომ გათვლა გაკეთდა შემდეგზე – „ოცნების“ ცნობილი სახეები აჭარაში არაპოპულარულები არიან, მათ მიმართ საზოგადოებას ბევრი პრეტენზია ჰქონდა. ამიტომ არ დაეყრდნენ პოლიტიკოსებს და არჩევანი გააკეთეს საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად ცნობილ ადამიანებზე. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია მეორე საკითხი – მე არ მსმენია ამ ადამიანების მოსაზრება, შეფასებები, რაიმე ტიპის პოლიტიკური აქტივობა და საჯარო ინიციატივები. მაგალითად, დასახელდნენ ექიმები, შესაძლოა, ამით ექიმებისა და პაციენტების გარკვეული ნაწილის გული მოიგეს, მაგრამ არ მახსენდება ამ ექიმებს იგივე ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პრობლემებზე გაემახვილებინოთ ყურადღება, მათი საჯარო პოზიცია მე არ მახსენდება.
ერთია, ადამიანი იყოს თავის საქმეში პროფესიონალი და მეორეა – იყოს კარგი კანონმდებელი. წინასწარ ძნელია თქმა, ვინ როგორ იმუშავებს, ეს არ ვიცი, მაგრამ მე, როგორც ამომრჩეველს, მირჩევნია, კარგი ექიმი ჰყავდეს საზოგადოებას, ვიდრე ცუდი დეპუტატი, რომლის აქტიურობაც მხოლოდ ხელის აწევაში შეიძლება გამოიხატოს (ასეთი არა ერთი დეპუტატი გვახსოვს საკანონმდებლო ორგანოში). საინტერესო იყო შეფასებები „ფეისბუქზე“, სადაც გამოჩნდა, რომ საზოგადოება უფრო მეტს ელოდა, იყო დადებითი და უარყოფითი შეფასებები. ზოგიერთ კანდიდატს წარსული გაუხსენეს, იგივე ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან თანამშრომლობა. იმედია, მაჟორიტარების აქტიურობა მხოლოდ ხელის აწევით არ გამოიხატება პარლამენტში. თუ პარლამენტში, უმაღლეს საბჭოში, არ იქნება დისკუსიები, განხილვები, ჩვენ ვერ მივიღებთ კარგ საკანონმდებლო ორგანოს.
ზოგადად, მე არ მესმის რატომ მიდის თავის პროფესიაში წარმატებული ადამიანი პოლიტიკაში. თუ ამ ნაბიჯს წინ უძღვის პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტიურობა – ეს გასაგებია და მისაღები, მაგრამ თუ თავის პროფესიაში წარმატებული ადამიანი უცებ აღმოჩნდება პოლიტიკაში, აქ უკვე ჩნდება გარკვეული სკეპტიციზმი.
თქვენი აზრით, რა პრინციპით შეარჩია მმართველმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატები?
როგორც ჩანს, გათვლა გაკეთდა იმაზე, რომ ეს სახეები არ ყოფილიყო გამაღიზიანებელი ხალხისთვის, მაგრამ აქ არის მეორე საკითხიც, თუ გათვლაა მხოლოდ არჩევნების მოგებაზე, ეს ცუდი გათვლაა პოლიტიკური პარტიისთვისაც, რომელიც მხოლოდ ერთჯერად წარმატებას აღწევს, იმიტომ, რომ გამარჯვებისთანავე მთავრდება ამ პოლიტიკური პარტიის წარმატება და ცუდია ქვეყნისთვის, რადგან საკანონმდებლო ორგანოს სჭირდება არა „ნეიტრალური სახეები“, არამედ აქტიური პოლიტიკოსები, წარმატებული სპორტსმენი, წარმატებული მსახიობი ან ბიზნესმენი არ ნიშნავს კარგ პარლამენტარს. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, წინასწარ თქმა ძნელია, თუმცა გვაქვს ამის სამწუხარო გამოცდილება. არ არის გამორიცხული მოხდეს ისე, რომ მაჟორიტარობის ცალკეულმა კანდიდატმა უფრო მეტი ხმა მიიღოს კონკრეტულ უბანზე, ვიდრე პარტიამ, მაშინ გათვლა არჩევნების მოსაგებად იყო სწორი, თუმცა ეს არ არის კარგი საკანონმდებლო ორგანოს მისაღებად გათვლილი ნაბიჯი.
აღნიშნეთ, რომ მმართველმა პარტიამ მაჟორიტარების შერჩევისას „ნეიტრალურ“, „ნაკლებად გამაღიზიანებელ“ სახეებზე გააკეთა არჩევანი, ანუ პარტიული სიით შეეცდება „გამაღიზიანებელი“ სახეების შეყვანას?
სიის საკითხი ძალიან საინტერესოა. ფაქტია, რომ მმართველი პარტიის ცნობილი პოლიტიკური სახეების მიმართ ხალხში დაგროვდა უკმაყოფილება და გაღიზიანება, ამიტომ ხელისუფლებამ თავი აარიდა ამ სახეების მაჟორიტარებად წარდგენას, მაგრამ სიაში ვინ იქნება, ეს მნიშვნელოვანია. ჩვენი ამომრჩეველი საკმაოდ გაიზარდა და ის სიასაც წაიკითხავს აუცილებლად. თუ ის კონკრეტული მაჟორიტარობის კანდიდატს უჭერს მხარს, მაგრამ პარტიულ სიაში იქნებიან მისთვის მიუღებელი ადამიანები, ის მხოლოდ მაჟორიტარ კანდიდატს მისცემს ხმას და არ მისცემს ხმას პარტიას. ასე მოხდება სხვა პარტიების შემთხვევაშიც. ასე, რომ ძალიან საინტერესო არჩევნები გველის.
საინტერესო იქნება წინა პერიოდიც. მალე დაიწყება დებატები პარტიებს, კანდიდატებს შორის, სადაც აუცილებლად ბევრი რამ გახდება ამომრჩევლისთვის ცხადი. ასეთ დროს განსაკუთრებით კარგად ჩანს მომავალი დეპუტატების მომზადება და ეს შეიძლება გარკვეულ შემთხვევაში, ხმების დაკარგვის ტოლფასი გახდეს პარტიისთვის.
მე მის პოლიტიკურ უნარებს ვერ შევაფასებ, მაგრამ მისი კანდიდატურის დასახელებისთანავე „ფეისბუქზე“ დაიწყო სწორედ ამ თემის განხილვა. შეიძლება მხედველობიდან გამორჩათ ეს საკითხი. ფაქტია, რომ ამ ადამიანს უკავშირდება კანონის მიმართ უპატივცემულობა და ახლა განიხილება საკანონმდებლო ორგანოს წევრად, ანუ მან თავად უნდა მიიღოს კანონის შექმნაში მონაწილეობა. ამ ფაქტს მას არაერთხელ შეახსენებენ ოპონენტები. წარსული არის საზომი, თან ბათუმში, რომელიც პატარა ქალაქია და ყველამ ყველაფერი იცის. ბატონი კარანაძეც იქნა დასახელებული და უცებ გაუხსენეს, რომ აჭარის ტელევიზიაში საქმიანობდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ა.შ.
როგორი არჩევნები გველის და როგორ პარლამენტს მივიღებთ, თქვენი აზრით?
არჩევნები და მისი შედეგები იქნება ძალიან საინტერესო. იმედია, არ იქნება დაპირისპირებები და ეს დაპირისპირება იქნება მხოლოდ მედიაში, სადაც ამომრჩეველი მოისმენს არგუმენტებს. ჯერ სრულად არ ვიცით სიებისა და კანდიდატების შესახებ, მაგრამ რა მოცემულობაც გვაქვს, უკვე ჩანს, რომ არც ამ არჩევნებზე იქნებიან საკმარისად წარმოდგენილი ქალები პოლიტიკური პარტიების სიებში, რაც ძალიან დიდი პრობლემაა.
ბათუმში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1970 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ე., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ნაქირავები ბინის ჩხრეკისას, 48 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობის მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტს არ ადასტურებს შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, მისი თქმით გზის გადაკეტვით და ქუჩაში დგომით პრობლემები არ გვარდება.
ტარიელ ებრალიძე: „მე გუშინ ვიყავი ადგილზე, მქონდა ინფორმაცია, რომ იქ იყვნენ სამართალდამცავები. მოსახლეობას ვესაუბრე და ვთხოვე, რომ ამ რეჟიმში არ შეიძლებოდა პრობლემების მოგვარება და ეს არ არის სამართლებრივი გზა პრობლემის მოგვარების. ქუჩაში დგომით, გზის გადაკეტვით პრობლემები არ გვარდება. პირდაპირ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში მოსახლეობა არღვევდა კანონს. პოლიციის მხრიდან არანაირ გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, თუ ვინმე ამას დარბევას ეძახის, მე კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ გაიხსენონ 7 ნოემბრის აქცია.“
ტარიელ ებრალიძე მოსახლეობის მხრიდან გვირაბის შესასვლელის გადაკეტვას კანონსაწინააღმდეგო ქმედებად აფასებს და ამბობს, რომ პოლიცია იქ მხოლოდ კანონის აღსრულების მიზნით მოქმედებდა, რათა კომპანიას მუშაობის შესაძლებლობა ჰქონოდა. „ისინი ამოვიდნენ იქ იმისათვის, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ყოფილიყო. მოსახლეობა არ აძლევდა საშუალებას კომპანიის თანამშრომლებს, ემუშავათ, გვირაბის შესასვლელი გზა იყო ჩაკეტილი, ეს არის სამართალდარღვევა. მე ვთხოვე, რომ გაეთავისუფლებინათ გზა და მიეცათ კომპანიისთვის სამუშაოების ჩატარების უფლება, მაგრამ მოსახლეობამ არ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და პოლიციამ შიშველი ხელებით უბრალოდ იმ ტერიტორიიდან მოსახლეობა გამოიყვანა,“ – ამბობს ტარიელ ებრალიძე.
გამგებელი ადასტურებს, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი 10 აგვისტოს შუახევში იმყოფებოდა და მას ჰქონდა მოლაპარაკება მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფთან და კომპანიის წარმომადგენლებთან.
სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა აცხადებს, რომ პროტესტი 20 აგვისტოს შემდეგ გაგრძელდება, მანამდე კი მთავრობას აძლევენ დროს პრობლემის გადასაჭრელად. „იმ შემთხვევაში, თუ 20 აგვისტომდე ჩვენ სათანადო პასუხს ვერ მივიღებთ, 22 აგვისტოს უკვე გადავინაცვლებთ აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმში და გავაგრძელებთ უფრო ფართომასშტაბიან აქციას,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ავთო მახარაძე.
„ჩვენ მხოლოდ გვირაბთან მისასვლელი გზა გვქონდა გადაკეტილი. მოვიდა 50-მდე პოლიციელი და კანონს არღვევთო. ვუთხარით, რომ კანონი ვიცოდით და ამის შემდეგ გადაგვიარეს. მოგვაწვნენ უკნიდან და გაგვყარეს, შეურაცხყოფა მოგვაყენეს,” – უთხრა „ბათუმელებს“ გუშინ აქციის მონაწილე სულხან მახარაძემ.
აქციის დაშლა გუშინ უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ მხოლოდ მოუწოდა მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილი არ ჩაეკეტათ, რის შემდეგადაც მოსახლეობამ თავისივე ნებით გაათავისუფლა გზა.
მახალაკიძეების მოსახლეობამ გუშინ, 15 აგვისტოს, ჰესის მშენებლებისგან მოითხოვეს დეტალური გეოლოგიური შესწავლის ამსახველი დოკუმენტის წარმოდგენა და მშენებარე გვირაბის შესასვლელი ჩაკეტეს. მოსახლეობამ დეტალური კვლევების ჩატარება ორი თვის წინ მოითხოვა, ვინაიდან მათი თქმით, ჰესის მშენებლობის გამო სახლები დაიბზარა, დაიკარგა სასმელი წყალი და მეწყრის ახალი კერები გაჩნდა.
ბათუმში პრინტ ფესტივალი იწყება. 17, 18 და19 აგვისტოს, სამ სხვადსახვა ლოკაციაზე: ბათუმის „თი ბი სი ბანკის“ გალერეაში, ხელოვნებისა მუზეუმსა და თანამედროვე ხელოვნების სივრცეში პრინტ ფესტივალი სახელწოდებით „LIFESTYLE“-ცხოვრების სტილი გაიხსნება. ფესტივალი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების – ბეჭდვითი მედიის ისეთი დარგების განვითარებასა და პოპულარიზაციას ითვალისწინებს როგორიცაა ხელით ბეჭდვა, სერიგრაფია, ოფორტა, შოლკოგრაფია, ლითოგრაფია და გრავიურა.
ორგანიზატორების ინფრომაციით, ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ბათუმის კულტურის ცენტრად ჩამოყალიბებასა და კულტურული ტურიზმის განვითარებას. ფესტივალი საშუალებას იძლევა პროექტი ჩატარდეს როგორც საგამოფენო სივრცეში, ასევე გასცდეს მის ფარგლებს. ფესტივალის კომისია გამოავლენს 20 საუკეთესო ნამუშევარს, რომლებიც განთავსდება საზოგადოების თავშეყრის სხვადასხვა ადგილებში.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ინგლისის, გერმანიის, თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლები. ფესტივალის პარალელურად გაიმართება ვორქშოფები, ასევე პრინტის, კერამიკისა და ტექსტილის სინთეზის პრეზენტაციები.
საერთაშორისო პრინტ ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით და ასოციაციის „რტ კავკასია“ ორგანიზებით გაიმართება.
ფესტივალი 17 აგვისტოს 18:00 საათზე „თი ბი სი ბანკის“ გალერეაშე გაიხსნება, 18 აგვსიტოს 18:00 საათზე ფესტივალს ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს და 19 აგვისტოს 19 :00 საათიდან თანამდეროვე ხელოვნების სივრცეში ფესტივალის დასკვნითი საღამო მოეწყობა.
“პოლიციამ ძალის გამოყენებით დაგვშალა,” – ამბობს “ბათუმელებთან” აქციის ერთ-ერთი მონაწილე სულხან მახარაძე. სოფელ მახალაკიძეების მცხოვრებთა საპროტესტო აქცია “აჭარისწყალი ჯორჯიას” მშენებარე ჰესის ერთ-ერთ გვირაბთან გაიმართა, სადაც შეკრებილებმა მშენებლებისგან მოითხოვეს დეტალური გეოლოგიური შესწავლის ამსახველი დოკუმენტის წარმოდგენა.
“ჩვენ მხოლოდ გვირაბთან მისასვლელი გზა გვქონდა გადაკეტილი. მოვიდა 50-მდე პოლიციელი და კანონს არღვევთო. ვუთხარით, რომ კანონი ვიცოდით და ამის შემდეგ გადაგვიარეს. მოგვაწვნენ უკნიდან და გაგვყარეს, შეურაცხყოფა მოგვაყენეს,” – ყვება სულხან მახარაძე.
აქციის დარბევას უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ მხოლოდ მოუწოდა მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილი არ ჩაეკეტათ, რის შემდეგადაც მოსახლეობამ თავისივე ნებით გაათავისუფლა გზა.
სოფელ მახალაკიძეებში ჰესების საკითხზე საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გაიმართა. ბოლოს, 15 ივნისს მოსახლეობამ კომპანიისგან და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლისგანაც მიიღეს დაპირება, რომ ჰესის აშენებამდე დეტალური კვლევა ჩატარდებოდა.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 20 აგვისტოს დაიწყება. ნადრობის სეზონი გაგრძელდება 2017 წლის პირველ მარტამდე.
პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს:
ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა; საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
მთელი წლის განმავლობაში აკრძალულია ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისა).
ნადირობისას დაშვებულია:
მონადირე ძაღლების გამოყენება;
მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) მთელი წლის განმავლობაში ნადირობისათვის დაშვებულ ტერიტორიებზე. (პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები).
სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადსტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში.
ნადირობა დაშვებულია შემდეგი სანადირო იარაღების გამოყენებით:
ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
ე) სანადირო პნევმატური იარაღი.
ნადირობის წესების დარღვევად ითვლება:
ნადირობა შესაბამის დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით.
ნადირობის წესების დარღვევაზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები;
ამასთან, გარეული ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას ემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხაც.
სამინისტრო ასევე აქვეყნებს ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალს, ნადირობის ვადებისა და დღიური ლიმიტების, ასევე ნადირობის ადგილების მიხედვით:
№
ლათინური დასახელება
ქართული დასახელება
ვადები
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები
სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა
1
Anser anser
რუხი ბატი
01.11 – 01.03
5 ცალი
2
Anas strepera
რუხი იხვი
01.11 – 01.03
3 ცალი
3
Anas crecca
ჭიკვარა (სტვენია იხვი)
01.11 – 01.03
5 ცალი
4
Anas platyrhynchos
გარეული იხვი
01.11 – 01.03
6 ცალი
5
Anas querquedula
იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)
01.11 – 01.03
3 ცალი
6
Anas clypeata
ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი
01.11 – 01.03
3 ცალი
7
Fulica atra
მელოტა
01.11 – 01.03
6 ცალი
8
Anas acuta
კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი
01.11 – 01.03
3 ცალი
9
Anas penelope
თეთრშუბლა იხვი
01.11 – 01.03
6 ცალი
10
Anser albifrons
დიდი თეთრშუბლა ბატი
01.11 – 01.03
5 ცალი
11
Aythya ferina
წითელთავა ყვინთია
01.11 – 01.03
3 ცალი
12
Aythya fuligula
ქოჩორა ყვინთია
01.11 – 01.03
5 ცალი
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
წლევანდელ ეროვნულ გამოცდებში, პირველ ნომრად, ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი მიუთითა.
აბიტურიენტების განაცხადების მიხედვით, სიაში პირველ ნომრად არჩეულ ფაკულტეტთა ხუთეული ასე გამოიყურება:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბიზნესის ადმინისტრირება – 2 776 აბიტურიენტი – მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 1 350;
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სამართალი – 1 735 აბიტურიენტი – მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 400;
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – მშენებლობა – 1 614 აბიტურიენტი – მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 500;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები – 1 464 აბიტურიენტი – მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 1 255;
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ეკონომიკა – 1 222 აბიტურიენტი – მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 400;