კვირის ამბები,მთავარი

პარაშუტი, დელტაპლანი, იახტა თუ დაივინგი? ექსტრემალური გართობის ფასი ბათუმში

11.08.2016 • 8820
პარაშუტი, დელტაპლანი, იახტა თუ დაივინგი? ექსტრემალური გართობის ფასი ბათუმში

„ბათუმში ყველაზე ექსტრემალური გასართობი ბატუტია. დიდი ადრენალინია, როცა ადიხარ დიდ სიმაღლეზე და შემდეგ ეშვები. განსაკუთრებით ზღვაშია კარგი, შეგიძლია მაღლა ახვიდე და წყალში ჩახტე. ეს ექსტრემალებისთვის ძალიან მაგარია“, – ამბობს ინდირა ევგენიძე და წყლის ბატუტს უბრუნდება. ის ამ გართობისთვის საათში 15 ლარს იხდის, თუმცა ამბობს, რომ განცდილი ამად ღირს.

ბათუმში დასასვენებლად ჩამოსულ ექსტრემალებსა და აქტიური დასვენების მოყვარულებს სანაპიროზე სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ. სახეობები და ფასები განსხვავებულია, შეგიძლიათ ექსტრემალურობის დონეც თავად განსაზღვროთ, ხანგრძლივობაც და სახეობაც. ძირითადად გასართობი საშუალებების არჩევა საჰაეროსა და საზღვაოს შორის მოგიწევთ.

სერვისების დიდ ნაწილს სანაპიროზე ბათუმის იახტკლუბი სთავაზობს დამსვენებლებს. თუმცა არიან კერძო პირებიც, რომლებმაც დამოუკიდებლად შემოიტანეს სიახლეები სანაპირო გართობის ბაზარზე.

ბათუმის იახტკლუბს წელს ჰიდროდელტა პარაპლანების სახით სიახლე აქვს. აპარატის ნახვისას თვალწინ წარმოგიდგებათ ძველი ფილმები პირველ საფრენ აპარატებსა და მფრინავებზე, რომლებიც სპეციალური სათვალით და კომბინიზონით მართავდნენ პაწაწინა, ორფრთიან საფრენ აპარატს. ბათუმის იახტკლუბიდან აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიამდე შეგიძლიათ დელტა პარაპლანით შვიდი წუთის მანძილზე იფრინოთ და ბათუმის სანაპიროს ზემოდან დააკვირდეთ. ასე გართობა 100 ლარი დაგიჯდებათ. კომპანიაში ამბობენ, რომ უსაფრთხოება გარანტირებულია და მსურველს გამოცდილი მფრინავი მიჰყვება.

ზღვაზე კიდევ ერთი საფრენი საშუალება პარაშუტია. პარაშუტი კატერზეა ჩაბმული, რომელიც თქვენი ფრენის სიჩქარესა და მიმართულებას განსაზღვრავს. ასე გასეირნებისთვის 15 წუთში 80 ლარი უნდა გადაიხადოთ.

თუ კი გსურთ ფრენა და ამის კადრებზე ასახვა, დიდი თავგადასავლის მოწყობა საკუთარი თავისათვის და ხედებით ტკბობა, მაშინ მოემზადეთ და გეზი გონიოს ციხისკენ აიღეთ. მოტოპარაპლანი განსხვავებული საფრენი მოწყობილობაა, თუმცა არანაკლებად ექსტრემალური. 20 წუთის განმავლობაში ფრენა სანაპიროს თავზე და ვიდეოგადაღება 300 ლარი ღირს. კომპანიაში ამბობენ, რომ შეგიძლიათ დრო და მასთან ერთად ფასიც შეამციროთ.

რაც შეეხება წყალქვეშა სამყაროს, აქ მთავარი გასართობი დაივინგია. როგორც დაივინგჯგუფში თქვეს, დარეკვის შემთხვევაში ისინი ადგილზე მოგაკითხავენ და ავტომობილით კვარიათში წაგიყვანენ,  სადაც წყალი უფრო სუფთაა. კვარიათის წყალქვეშა სამყაროს დათვალიერებისთვის 150 ლარი უნდა გადაიხადოთ, ხოლო თუ გადაწყვეტთ, რომ კვარიათამდე საზღვაო ტრანსპორტით მიხვიდეთ, ამ შემთხვევაში 150 დოლარი დაგჭირდებათ.

ცისა და წყალქვეშა სამყაროს მონახულების შემდეგ შეგიძლიათ წყლის ზედაპირზე გაერთოთ და ცოტაც დაისვენოთ. ხვიჩა ფანცხავას გემი ერთ-ერთია იმ გემებს შორის, რომლებიც მსგავს სერვისს სთავაზობენ დამსვენებლებს. გემზე კაფე, მუსიკა და გასართობი შოუებია. საერთო გასეირნების შემთხვევაში ერთ ადამიანზე 10 ლარის გადახდა მოგიწევთ. გემი იახტკლუბიდან სასტუმრო ჰილტონის მიმდებარე ტერიტორიამდე ჩადის და შემდეგ უკან ბრუნდება. თუმცა თუ მეგობრებთან ერთად გსურთ გასეირნება, მაშინ შეგიძლიათ გემი იქირაოთ სამი სხვადასხვა: გონიოს, ქობულეთის ან მწვანე კონცხის მიმართულებით. ტური ორსაათიანია და ზაფხულის სეზონზე ერთი საათი 400-500 ლარი ჯდება, სხვა დროს კი, როგორც ხვიჩა ფანცხავა ამბობს, შესაძლოა კიდევ უფრო დაბალ ფასად გასეირნება. მისი გემი 75-80 ადამიანს იტევს.

იახტკლუბში შესაძლებელია მაქსიმუმ ას ადამიანზე გათვლილი გემის დაქირავებაც, რაც საათში 600 ლარი ღირს.

წყალზე მცურავ საშუალებებს შორის შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი იახტა ბათუმის იახტკლუბში შეარჩიოთ. იახტით გასეირნება ხუთი ადამიანისთვის საშუალოდ საათში 60 ლარი ჯდება, ხოლო VIP იახტის ფასი, რომელიც 15-20 ადამიანზეა გათვლილი, საათში 700-900 დოლარია.

რაც შეეხება კატერით გასეირნებას, ეს სერვისი რვა ადამიანისთვის საათში 350 ლარი ღირს, სკუტერი/ჰიდროციკლი ერთი ადამიანისთვის წუთში – 6 ლარი, წყლის ზედაპირზე ბანანით გასეირნება კი 15 წუთით 5 ლარი დაგიჯდებათ.

წყლის ჭავლით ჰაერში გადაადგილება თუ გაინტერესებთ, ფლაიბორდი ისაა, რაც უნდა გამოსცადოთ. ეს 5 წუთით 50 ლარი დაგიჯდებათ. დროის ზრდასთან ერთად მოქმედებს ფასდაკლებაც, მაგალითად, 15 წუთში 150-ის ნაცვლად 130 ლარს გადაიხდით.

იახტკლუბის დირექტორის, დავით ფირცხალაიშვილის თქმით, ყველაზე მოთხოვნადი გასართობი სანაპიროზე ამ ეტაპისთვის, გემით გასეირნება და  დელტა პარაპლანებია, თუმცა გასართობთა უმეტესობა სეზონურია და სანამ ზაფხული გრძელდება, შეგიძლიათ გაფრინდეთ, ჩაყვინთოთ, წყლის ჭავლით გადაადგილდეთ, ყველაფერი ეს „აუცილებლად მოსასწრებთა“ სიაში თუ არ გაქვთ, დროა სია შეასწოროთ.

ზემოთ ჩამოთვლილი გასართობი სერვისების უმრავლესობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სპეციალურ ვებგვერდზე: www.gobatumi.com

ჩამოთვლილთაგან წყლის ექსტრემალური პარკი, ბატუტებითა და სხვა გასართობით მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ სანაპიროზე მდებარეობს, მოტოპარაპლანებით გონიოს ციხის ტერიტორიაზე მოგემსახურებიან, დანარჩენი სერვისები კი ბათუმის იახტკლუბში უნდა იკითხოთ.

იახტკლუბი / ფოტო: თორნიკე თავაძე

იახტკლუბი / ფოტო: თორნიკე თავაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: