კვირის ამბები,მთავარი

როგორ აარიდა თავი სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას „საქართველოს ფოსტამ“

11.08.2016 • 3638
როგორ აარიდა თავი სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას „საქართველოს ფოსტამ“

„საქართველოს ფოსტას“ სასამართლოში საქმე ბათუმიდან ათმა ყოფილმა თანამშრომელმა მოუგო. ათივე მათგანმა ხელახლა უჩივლა ფოსტას. ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ, „საქართველოს ფოსტამ“ ბათუმის ნაცვლად აჭარის და გურიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღადგინა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, „საქართველოს ფოსტამ“ ამ გზით აარიდა თავი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და დასაქმებულები არაადამიანურ პირობებში ჩააყენა. ფოსტის 100-პროცენტიანი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის. ფოსტის უკანონო გადაწყვეტილებებს, რაშიც საზოგადოებამ დაახლოებით ნახევარი მილიონი უნდა გადაიხადოს, წლების განმავლობაში ხელისუფლება რეაქციის გარეშე ტოვებს.

„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლების შეხვედრა პროფკავშირებთან

„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლების შეხვედრა პროფკავშირებთან

ბოლო თანამშრომელი, ვინც „საქართველოს ფოსტას“ სასამართლო მოუგო, ლელა რაზმაძე იყო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლელა რაზმაძის გათავისუფლება იყო უკანონო, ის უნდა აღედგინათ სამსახურში და მიეცათ განაცდური. ბათუმელი ლელა რაზმაძე „საქართველოს ფოსტამ“ ხულოს სერვისცენტრში აღადგინა. „ხელშეკრულების მიხედვით, ხულოს სერვისცენტრში უნდა ვყოფილიყავი ყოველ დილით 9 საათზე, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთ დღეს ავედი მხოლოდ ბათუმიდან და შევინახე მგზავრობის ბილეთები. ორივე მიმართულებით გზა დღეში 10 ლარი ღირს. „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ გამოვართვი ცნობა, რომლის მიხედვითაც, დილით, ყველაზე ადრე, 8 საათზე გადის ბათუმიდან მიკროავტობუსი ხულოსკენ. ცნობაში წერია ისიც, რომ მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2.5 საათს შეადგენს,“ – გვიყვება ლელა რაზმაძე. მას ხელახლა გათავისუფლების ბრძანება 29 ივლისს უკვე ჩააბარეს. მიზეზი მარტივია – „სამსახურში უმიზეზოდ გამოუცხადებლობა“.

თუკი ლელა რაზმაძე ხულოს სერვისცენტრში ივლიდა სამუშაოდ, ანაზღაურების სახით ხელზე 625 ლარს აიღებდა. ის „საქართველოს ფოსტის“ ბათუმის სერვისცენტრში მუშაობდა 2004 წლიდან ეკონომისტის, მოგვიანებით საორგანიზაციო ჯგუფის ოპერატორის პოზიციაზე. 2012 წლის 27 ნოემბერს მასაც, ისევე, როგორც ფოსტის ყველა თანამშრომელს, ვადიანი ხელშეკრულება გაუფორმეს და უთხრეს, რომ რეორგანიზაცია იყო დაგეგმილი და ტესტირება ჩატარდებოდა. 2013 წელს ლელამ ტესტირებაში 250 მაქსიმალური ქულიდან 237 აიღო. წარმატებული შედეგის მიუხედავად, ლელა რაზმაძეს ფოსტის ადმინისტრაციამ ვადიანი ხელშეკრულება 2014 წლის დეკემბერში შეუწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი „საქართველოს ფოსტას“ გათავისუფლებული თანამშრომლისთვის არ განუმარტავს.

„საქართველიოს ფოსტამ“ 2013 წლიდან 130 თანამშრომელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს გაათავისუფლა. ფოსტის გაერთიანებული პროფესიული კომიტეტის ხელმძღვანელი, მარინა რაზმაძე მიიჩნევს, რომ ეს ადმინისტრაციის სტრატეგია იყო – „პროტესტის დასაკარგავად“. გათავისუფლებული თანამშრომლებიდან სასამართლოს მხოლოდ 57-მა მიმართა. ამათგან 22-მა სასამართლო დავა მოიგო. დანარჩენი საქმეები ჯერ კიდევ სასამართლო განხილვის სხვადასხვა სტადიაზეა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ფოსტის ბათუმის სერვისცენტრში არავინ აღუდგენიათ. თანამშრომლების ნაწილი ფოსტის ადმინისტრაციამ ხულოში გაუშვა, ზოგიერთი შუახევში, ზოგიც – ოზურგეთში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ხულოს სერვისცენტრში აქამდე მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობდა, ფოსტამ კი ამჯერად ოთხი საშტატო ერთეული მოულოდნელად დაამატა.

„უფრო საინტერესო შემთხვევას გეტყვით. თბილისის აეროპორტის სერვისცენტრიდან გათავისუფლებული კაცი ქუთაისში აღადგინეს. სასამართლოს ხელახლა მიმართავს ნუნუ ჯიბლაძეც, რომელიც, მართალია, იმავე მისამართზე აღადგინეს, სადაც მუშაობდა, მაგრამ მხოლოდ სამთვიანი ხელშეკრულება შესთავაზეს,“ – გვიყვება მარინა რაზმაძე, „საქართველოს ფოსტის“ გაერთიანებული პროფესიული კომიტეტის თავმჯდომარე.

„საქართველოს ფოსტიდან“ თანამშრომლების უკანონო გათავისუფლება მოხვდა სახალხო დამცველის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშებში. მწვავე შეფასებების შემდეგ „საქართველოს ფოსტას~ სასამართლომაც თავისი გადაწყვეტილებებით არაერთხელ უთხრა, რომ ამ გზით თანამშრომლების გათავისუფლება არის უკანონო. ფოსტის პროფესიული კავშირის დაანგარიშებით, ამ დროისთვის სამსახურში აღდგენილი თანამშრომლებისთვის გადასახდელი თანხა დაახლოებით 440 ათას ლარს შეადგენს.

„საქართველოს ფოსტა“ ცდილობს, რომ დაღალოს ხალხი,“ – მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ნიკა დუმბაძე. ორგანიზაცია ფოსტიდან ხელახლა გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეებს სწავლობს და სასამართლოში მათი ინტერესების დაცვას აპირებს: „სასამართლომ განმარტა, რომ ეს ადამიანები უნდა აღდგნენ ტოლფასს თანამდებობაზე. ტოლფასობა ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ გათავისუფლებამდე არსებული ანაზღაურება მიიღო ისევ, არამედ ეს გულისხმობს აღდგენას ისეთ თანამდებობაზე, სადაც გექნება ანალოგიური დატვირთვა. ფოსტამ სპეციალურად შექმნა ისეთი პირობა, რომ ადამიანებს უნებურად დაერღვიათ შინაგანაწესი სამსახურში გამოუცხადებლობით და გათავისუფლების პირობა შექმნილიყო. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა.“

იურისტის განმარტებით, დამსაქმებელს აღდგენამდე მინიმუმ წინასწარ წერილობით უნდა მიემართა აღდგენილი თანამშრომლისთვის და ეკითხა, იყო თუ არა ვინმე თანახმა, მაგალითად, ბათუმიდან ოზურგეთში ემუშავა. შრომის კოდექსის მიხედვით, სამუშაო ადგილამდე მგზავრობის ხანგრძლივობა ორივე მხარეს არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.

რატომ არ ახდენს რეაგირებას ფოსტის უკანონო გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო? – შეკითხვას ვერ უპასუხეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. პრესსამსახურის უფროსმა თეა ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ პასუხი თავად ფოსტის დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ უნდა გაგვცეს. ეკონომიკის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა კითხვა – რაში გამოიხატება ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებლობა, როცა უკანონო გადაწყვეტილების გამო არავინ ისჯება და ფოსტის პასუხისმგებელი პირების თვითნებობის გამო დაახლოებით ნახევარი მილიონით ზარალდება საზოგადოება?

„ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქართველოს ფოსტამ შეასრულა იგი,“ – გვითხრა ლევან ჩიკვაიძემ, „საქართველოს ფოსტის“ დირექტორმა სატელეფონო საუბრის დროს. კითხვაზე, რა იგულისხმება გადაწყვეტილების შესრულებაში, როცა ადამიანს ასაქმებ ბათუმიდან ხულოში? ლევან ჩიკვაიძემ გვითხრა, რომ თანამშრომლების ნაწილი აღადგინეს ხელვაჩაურშიც, რომელიც ბათუმთან ახლოსაა. ლევან ჩიკვაიძემ ტელეფონი მას შემდეგ გამორთო, როცა შევახსენეთ, რომ ხელვაჩაურში არავინ აღუდგენიათ. მას ვთხოვეთ, გვესაუბრა საქმიანად და ნუ ცდილობდა ჩვენს მოტყუებას: „გატყუებთ? … კარგად ბრძანდებოდეთ.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: