ახალი ბულვარი შტორმის შემდეგ [ფოტო]

„ბათუმის ბულვარის“ პრესსამსახურის განცხადებით, ამ წუთებში მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რაც ბულვარში 14 აგვისტოს შტორმმა გამოიწვია: „ ჩვენს პრეროგატივაში რაც შედის, ეს არის გარე განათების ბოძების აღდგენა. აღდგენითი სამუშაოები კი  ზარალის დათვლის შემდეგ დაიწყება“. შტორმმა სანაპირო ზოლი და სასეირნო ბილიკი დააზიანა. აღსანიშნავია, რომ ბულვარის ეს მონაკვეთი ყოველი შტორმის დროს ზიანდება.

 

DSCN1850
ბათუმი, ახალი ბულვარი შტორმის შემდეგ / 15.08.2016 / როინ გუნდაძის ფოტოები

DSCN1753DSCN1776DSCN1784DSCN1786DSCN1834DSCN1802DSCN1792ბათუმი, ახალი ბულვარი შტორმის შემდეგ / 15.08.2016 / როინ გუნდაძის ფოტოები

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე მაჟორიტარობის კანდიდატის წინააღმდეგ

“უნდა გამოვფხიზლდეთ ხულომ და მთლიანად აჭარამ, სანამ მედროვე ფეოდალები ყველას მოისყიდიან…” – ამ მოწოდებით სტატუსი სოციალურ ქსელში ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ ჯამბულ ხოზრევანიძემ კვირას, 14 აგვისტოს დაწერა. მან “ქართული ოცნებიდან” ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარობის კანდიდატად პარლამენტში ანზორ ბოლქვაძის ოფიციალურად წარდგენა გააპროტესტა. საკრებულოს თავმჯდომარე თვლის, რომ “ოცნებაში პორტირებული ნაციონალების ზეიმია” და ანზორ ბოლქვაძემ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. გუშინვე, დღის ბოლოს ჯამბულ ხოზრევანიძემ ეს სტატუსი ფეისბუქში წაშალა.

13934596_1239352502764465_5023749749329189248_n

ge_cv_2
ჯამბულ ხოზრევანიძე

“კომენტარს ერთ კვირაში გავაკეთებ. “ქართული ოცნების” წევრი ვარ და პარტიის შიდა დისციპლინას ვიცავ” – უთხრა “ბათუმელებს” ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე, ჯამბულ ხოზრევანიძემ. მან არ დააკონკრეტა, ვისგან მიიღო მითითება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის წაშლის შესახებ. სატელეფონო კომენტარში მან ასევე გვითხრა, რომ ემუქრებიან თანამდებობიდან გადაყენებით, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობიდან” პორტირებული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას მაინც განაგრძობს: “ყველა ნაციონალი მიუღებელია ჩემთვის. ხულო ნაციონალების გარეშე. ესაა ჩემი სურვილი…”

“ჯამბულ ხოზრევანიძესთან დაპირისპირების დრო არ მაქვს, მას ხალხი გასცემს პასუხს,” – გვითხრა ანზორ ბოლქვაძემ. ის ხულოს მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში 2008 წლიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარდგინებით, ხოლო 2012 წლიდან – კოალიცია “ქართული ოცნებიდან”. “აქამდე ის იცავდა ხულოს ინტერესებს პარლამენტში. ამჯერად ის დაიცავს შუახევის და ქედის მოსახლეობის ინტერესებსაც,”- აღნიშნა მისი წარდგენის დროს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში 13 აგვისტოს.

ანზორ ბოლქვაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ ის თანაპარტიელის, ჯამბულ ხოზრევანიძის სტატუსს სოციალურ ქსელში არ გაცნობია: “სად ნახეთ ეს სტატუსი? მე არ მინახავს, რატომ წაშალა, ესეც საინტერესოა… უმჯობესია საკუთარ წარსულს მიხედოს ბატონმა ჯამბულმა. ის მუშაობდა “ნაციონალების” დროს ლტოლვილთა და განსახლების მინსიტრის მაოდგილედ და ჩაასახლა ოჯახები წალკაში. ეს ის ოჯახები არიან, რომლებიც ახლა უკან ბრუნდებიან”.

ჯამბულ ხოზრევანიძე ადასტურებს, რომ ის 2004-2005 წლებში ნამდვილად მუშაობდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილედ: “იქედან მე წამოვედი პროტესტის ნიშნად და მაშინ ეს გაშუქდა მედია საშუალებებით.”

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე სოციალურ გვერდზე ასევე წერდა, რომ ანზორ ბოლქვაძეს ხმა არ ამოუღია, როცა თბილისში სამი ხულოელი ახალგაზრდა დახოცეს. ჯამბულ ხოზრევანიძე ასევე ეკითხება მაჟორიტარობის კანდიდატს: “ღორჯომის ჯამის გვერდით მდინარეში ჩაწყობილ მილებში რამდენი თანხა არის გადახდილი?”

14045406_1256696031021940_1075686612_o
ანზორ ბოლქვაძე

ანზორ ბოლქვაძემ  “ბათუმელებს” უთხრა, რომ პირდაპირ ეცადა გაერკვია დაღუპული ახალგაზრდების ამბავი, მაგრამ არაფერი გამოვიდა: “რაც შეეხება მილებს, ის ჩემი ემგობარი ბიზნესმენების დახმარებით შევიძინეთ. მილიონ 200 ათასი ჯდებოდა და 300 ათასად ვაყიდინე ხულოს გამგეობას. მერე ისევ ჩამოწვა მეწყერი და გაფუჭდა მილები, ჩემი რა ბრალია? პირიქით, მოსახლეობას დავეხმარე“.

ანზორ ბოლქვაძის თქმით, მას ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე იმიტომ დაუპირისპირდა, რომ თავად სურდა აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარი გამხდარიყო: “მისი კანდიდატურაც განიხილებოდა და თბილისში დარბოდა, მე ამ დროს ხალხთან დავდიოდი. იმიტომ კი არ ვარ დღეს ისევ კანდიდატი, რომ კარგი პოლიტიკოსი ვარ. ხალხთან ვარ და ამიტომ შემარჩიეს”

განიხილებოდა თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატად ჯამბულ ხოზრევანიძე – ის ამ ინფორმაციას “ბათუმელებთან” არ ადასტურებს: “მოდით, დავიცავ პარტიულ დისციპლინას და ერთ კვირაში ვისაუბროთ ამაზე”.

ოთარ დანელია: რთველისთვის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

რთველის წინ მსგავსი შეხვედრების გამართვა რამდენიმე წელია ტრადიციად იქცა და მასზე ხელისუფლების წარმომადგენლები მეწარმეებთან ერთად დარგში არსებულ მდგომარეობასა და რთველის წარმატებულად ჩატარების ხელშემწყობ ღონისძიებებს განიხილავენ.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობა სრულ მზადყოფნაშია და რთველის პროცესში დაცული იქნება როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების ინტერესები.

otar danelia
ოთარ დანელია

„მევენახე გლეხების ინტერესის გათვალისწინებით, ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ რთველი 2016-ის ფარგლებში სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. შეხვედრაზე ყველა დეტალი განვიხილეთ, რათა მიმდინარე წელს რთველის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. წელს, საწარმოო გადამუშავებისთვის დაახლოებით 150 ათას ტონამდე ყურძენს ველოდებით. მნიშვნელოვანია, რომ დარგი მაქსიმალურად მზად იყოს ყურძნის მისაღებად. მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის კუთხით ბოლო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. ჩვენი მიზანია, საერთოდ გამოვიდეთ სუბსიდიის მიდგომებიდან, როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ფაქტია, რომ დღეს ხელშეწყობა კვლავ საჭიროა,“ – განაცხადა მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ყურძნის მიღებას 100-მდე ღვინის კომპანია განახორციელებს და არც ერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე სუბსიდია გაიცემა შემდეგი ოდენობით: კახეთის რეგიონში – 1 კგ. რქაწითელზე – 45 თეთრი; 1 კგ. კახურ მწვანეზე – 45 თეთრი; 1 კგ. საფერავზე – 20 თეთრი;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში: მუჯურეთული/ალექსანდროული – 2 ლარი;

როგორც მინისტრმა მეწარმეებს განუცხადა, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით.

ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის ფერმერებისაგან ყურძნის შეძენის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 10 მლნ ლარით, არაუმეტეს 15 თვის ვადით.

ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძენს შეისყიდიან საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით, გაიცემა შეღავათიანი აგროკრედიტი არაუმეტეს 15 მლნ ლარის ოდენობით. სესხის მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 3 წლის ვადით.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ განსაზღვრავს ყურძნის ღირებულებას, არ ერევა ფასების რეგულაციებში, რადგან ფასს არეგულირებს ბაზარი.

ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა რთველი 2016-ის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა. რთველის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, საკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება. შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. შტაბის ფუნქციონირება რთველის პროცესში ჩართულ მხარეებს (სამინისტროს წარმომადგენლები, მეწარმეები, მევენახეები) შორის აქტიურ კომუნიკაციას და კოორდინაციას შეუწყობს ხელს. გასული წლის მსგავსად, ამოქმედდება ცხელი ხაზი – 1505 და სპეციალური ვებგვერდი, სადაც შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა პირებმა 24 საათის განმავლობაში მიიღონ საჭირო ინფორმაცია.

„რთველის წინ ტრადიციულად ვიკრიბებით ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, რათა წლევანდელი რთველის ტექნიკური სახის დეტალები გავიაროთ. მოგეხსენებათ ყურძენი უკვე მწიფობაში შედის და აგვისტოს ბოლო რიცხვებში, რთველის საკოორდინაციო შტაბი თელავში გაიხსნება. მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით მეტ მოსავალს ველოდებით. გაზრდილია საფერავის ჯიშის ყურძენის რაოდენობაც და მასზე მოთხოვნაც“ _ აღნიშნა სამანიშვილმა. მისი თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები უახლოეს დღეებში გაემგზავრებიან კახეთის რეგიონში და ადგილზე გაეცნობიან მოახლოებულ რთველთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რაც რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვას ემსახურება.

შეხვედრაზე გიორგი სამანიშვილმა ქართული ღვინის ექსპორტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის ზრდა დღემდე შენარჩუნებულია – 7 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 24 მლნ ბოთლამდე ღვინო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 55,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი – 152% (2 475 557), ბელარუსი – 122% (575 166), უკრაინა – 72% (2 595 947), რუსეთი – 50% (12 748 273), პოლონეთი – 29% (1 190 926), ესტონეთი – 57% (379 650), ყირგიზეთი – 107% (163 966), გერმანია – 21% (174 166), იაპონია – 12% (101 448), დიდი ბრიტანეთი – 44% (58 618) და სხვა.

გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენციის შენარჩუნების ფონზე, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოსთვის ექსპორტის წლიურმა მაჩვენებელმა 45-50 მლნ ბოთლს მიაღწიოს.

გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი და იური ნოზაძე დაესწრნენ.

„ჩვენი მთავარი ამოცანა და გამოწვევა არის რთველის ორგანიზებულად ჩატარება. გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია ვენახების ფართობები და შესაბამისად ყურძნის მოსავალიც. ქართული ღვინის ინდუსტრია თანდათან ემსგავსება მევენახეობა-მეღვინეობის დიდი ტრადიციების ქვეყნებს, როდესაც დარგი დგას მცირე, საშუალო და მსხვილ ღვინის მწარმოებლებზე და ადგას მდგრადი განვითარების გზას“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 70-მდე კომპანიის წარმომადგენელი და ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ. მათ სოფლის მეურნეობის მინისტრს და მთლიანად სამინისტროს გუნდს მადლობა გადაუხადეს იმ კონკრეტული ნაბიჯებისა და ინიციატივებისთვის, რომლებიც მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარებისკენაა მიმართული.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge

კითხვები და პასუხები გენდერულ თანასწორობაზე

ნაწილი მეორე
[იხ. ნაწილი პირველი]

რა როლი აკისრია საქართველოს პარლამენტს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის სფეროში?

საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ასევე, უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და ამტკიცებს შესაბამის სტრატეგიას, აკონტროლებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას.

საქართველოს პარლამენტი ქმნის გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

რა უფლებამოსილებები გააჩნია გენდერული თანასწორობის საბჭოს?

გენდერული თანასწორობის საბჭო უფლებამოსილია შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი. ასევე, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები კანონმდებლობაში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის.

თანასწორობის საკითხის შესასწავლად საბჭო უფლებამოსილია გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საბჭო განიხილავს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილ განცხადებებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს მათზე რეაგირებას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს.

გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას საბჭო იწვევს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ან/და ექსპერტებს.

რა მოვალეობები აკისრია გენდერული თანასწორობის საბჭოს საქართველოს პარლამენტის წინაშე?

გენდერული თანასწორობის საბჭო წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ. ასევე, ამზადებს ანგარიშებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე.

როგორ ხდება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების მიერ?

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობების თანახმად, შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს შესაბამის ავტონომიურ რესპუბლიკაში დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.

ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები შესაბამის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნიან გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ურთიერთობა განისაზღვრება შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტით და გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

რა უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს სახალხო დამცველს გენდერული თანასწორობის დაცვასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის დაცვის მონიტორინგს და რეაგირებას ახდენს გენდერული თანასწორობის დარღვევაზე მისთვის  „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებების ფარგლებში.

რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
es Untitled99d6ae44-3871-48f9-9456-e5f518769249

 

ზუსტი რადიოლოგიური კვლევები ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

თანამედროვე მედიცინა რადიოლოგიის გარეშე წარმოუდგენელია. რადიოლოგია საშუალებას აძლევს ექიმს დეტალურად გამოიკვლიოს პაციენტის დაავადებული ორგანო და სწორად დაგეგმოს მისი მკურნალობის კურსი, ამიტომაც თანამედროვე ჰოსპიტალში რადიოლოგიის მიმართულების წარმატებას ორი რამ განსაზღვრავს: უახლესი ტექნოლოგიები და გამოცდილი ექიმი-რადიოლოგები. სწორედ ამ ორის სინთეზს ნახავთ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის რადიოლოგიის განყოფილებაში, სადაც დაავადებების უზუსტესი დიაგნოსტირება ხდება.

ექიმ-რადიოლოგ ლევან კალოიანს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. იგი 25 წელია რადიოლოგია და ერთ-ერთი პირველი სპეციალისტი იყო ბათუმში, რომელმაც ექოსკოპიის აპარატით დაიწყო მუშაობა. ლევან კალოიანი ამჟამად ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მუშაობს.

„ულტრაბგერითი გამოკვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია – ეს ფაქტობრივად პათოლოგანატომიური გაკვეთაა, ოღონდ ჩვენ გაუჭრელად ვხედავთ ცვლილებას ორგანიზმში. ძველად, საბჭოთა კავშირში, თუ კი სამი საათის განმავლობაში არ დგინდებოდა ტკივილის მიზეზი, განსაკუთრებით ბავშვებში, კეთდებოდა ოპერაცია – დიაგნოსტიკური ლაპარატომია. ოპერაციულ ჩარევას ბევრი გართულება ახლდა. ულტრაბგერითმა დიაგნოსტიკამ, შემდეგ კი მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ, ძირფესვიანად შეცვალა საკითხთან მიდგომა. დღეს ჩვენთან ხდება პრაქტიკულად ყველა ორგანოს გამოკვლევა. ულტრაგბერითი და რადიოლოგიური დიაგნოსტიკა ერთ-ერთი გარდამტეხია მედიცინაში, ეს მეთოდი აბსოლუტურად უვნებელია, უმტკივნეულო და ხელმისაწვდომი,“ – ამბობს ლევან კალოიანი.

მისი თქმით, ულტრაბგერითი კვლევისათვის ყველაზე ხშირად მას მუცლის ღრუს პათოლოგიის დროს მიმართავენ, რადგან ყველაზე მეტი ორგანო მუცლის ღრუშია მოთავსებული. „გარდა ამისა, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში კარდიოქირურგიას დიდი ყურადღება ეთმობა, ჩვენთან ძალიან კარგი კარდიოქირურგები და კარგიოლოგები მუშაობენ და ამიტომ გულის ექოსკოპია ერთ-ერთ პირველ პლანზეა,“ – ამბობს ლევან კალოიანი.

ექიმი-რადიოლოგი ამბობს, რომ მალე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ულტრაბგერით გამოკვლევას დაემატება ელასტოგრაფიის კომპონენტი: „ეს არის გარკვეული ორგანოების მკვეთრად გაუმჯობესებული კვლევა. მსგავსი გამოკვლევა იძლევა ღვიძლის გაცხიმოვნების, ფარისებრ ჯირკვალში კვანძების დიფერენციაციის, მასტოპათიის კარგად გამოკვლევის საშუალებას,“ – ამბობს ლევან კალოიანი.

ირაკლი დიასამიძე
ირაკლი დიასამიძე
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის რადიოლოგიის განყოფილებაში მუშაობს მედიცინის დოქტორი, ექიმი-რადიოლოგი ირაკლი დიასამიძე, რომელსაც რადიოლოგიაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ის ამბობს, რომ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის რადიოლოგიის განყოფილებაში უახლესი აპარატურაა, რაც უზუსტესი დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.

„რენტგენოლოგიურ განყოფილებაში კეთდება ძვალსახსროვანი სისტემის გამოკვლევები მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით, კუჭ-ნაწლავის გამოკვლევა ხდება სპეციალური კონტრასტული ნივთიერებების შეყვანით, იმავე მეთოდით ხდება სისხლძარღვების გამოკვლევა. ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა ორგანოს ვიკვლევთ. მაგალითად, ვაკეთებთ ღრუ ორგანოს გამოკვლევას. თუ ღრუ ორგანოში ნახეს რამე პათოლოგია, სიმსივნე, ჩვენთან უკვე ირკვევა სიმსივნის გავრცელების ზონა, გამოდის თუ არა ორგანოს გარეთ, რა არის დაზიანებული ირგვლივ, არის თუ არა შორეული მეტასტაზი – ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს ქირურგს, განსაზღვროს არა მარტო ოპერაციის ტაქტიკა, არამედ დაიგეგმოს პაციენტის შემდგომი მკურნალობა, დასჭირდება თუ არა პაციენტს სხივური თერაპია და ა.შ.“ – ამბობს ირაკლი დიასამიძე.

ექიმ-რადიოლოგის თქმით, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის რადიოლოგიის განყოფილებაში „ჯენერალ ელექტრიქსის~ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ერთ-ერთი უახლესი მოდელი აქვთ, რომელიც ნებისმიერი სისხლძარღვის მილიმეტრის მეათედში გაზომვის საშუალებას იძლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რიგი დაავადებების დროს. „ეს აპარატურა იძლევა უზუსტესი დიაგნოსტიკის საშუალებას როგორც პირველადი კვლევისას, ასევე, როგორც დამხმარე გამოკვლევა უკვე დიაგნოსტირებული დაავადებების დროს, რათა განისაზღვროს შესაძლო გართულებები,“ – ამბობს ირაკლი დიასამიძე.

რადიოლოგიის განყოფილება ბათუმის საერთაშორისო  ჰოსპიტალში
რადიოლოგიის განყოფილება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში რადიოლოგიის განყოფილება კვირაში შვიდი დღე, 24 საათის მანძილზე მუშაობს. ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში. მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.

ჰოსპიტლის ლოგომისამართი: ბათუმი,
გენერალასლან აბაშიძის ქუჩა #14
ტელეფონი: 0422 21 33 33
ელფოსტა: info@Bih.ge
ვებგვერდი: www.bih.ge

კლეპტომანია – მენტალური დაავადება თუ მავნე ჩვევა

კლეპტომანია მენტალური დაავადებაა, რომელიც ქურდობისადმი გადაულახავი ავადმყოფური მიდრეკილებით გამოიხატება. მიიჩნევა, რომ ეს არც თუ ისე ხშირი დარღვევაა, თუმცა როგორც ფსიქოლოგი სალომე ვაშალომიძე ამბობს, იმის გათვალისწინებით, რომ სირცხვილისა და შიშის გამო კლეპტომანები სპეციალისტს არ მიმართავენ, მათი რაოდენობა უცნობია.

ქალბატონო სალომე, რა არის კლეპტომანია, მავნე ჩვევა თუ ფსიქიკური დარღვევა და რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ეს პრობლემა?

კლეპტომანია გადაულახავი ავადმყოფური მიდრეკილებაა ქურდობისადმი, რაც გამოწვეულია ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებით, მაგალითად, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით, დემენციით, ბულემიით, თავის ტვინის სხვადასხვა დაავადებებით. ეს არის იმპულსური, მისწრაფება ქურდობისკენ ყოველგვარი ანგარების გარეშე. ამ დროს ადამიანს უჭირს საკუთარი ემოციებისა და ქცევის კონტროლი, უჭირს გარკვეული ქცევის ჩადენის სურვილზე უარის თქმა. სირცხვილის გამო კლეპტომანიით დაავადებულები ხშირად საიდუმლოდ ცხოვრობენ ამ დაავადებით და შესაბამისად არ იღებენ მკურნალობას. კლეპტომანიას ვარსკვლავურ დაავადებასაც უწოდებენ. ეს იმიტომ, რომ იგი ჰოლივუდის სახელმოხვეჭილი მსახიობების ერთგვარ პროფესიულ დაავადებად იქცა. მსოფლიოში კლეპტომანიით 10 ათასიდან ერთი თუ ავადდება, ხოლო ამერიკულ კინოვარსკვლავებს შორის თითქმის ყოველი მესამე იტანჯება ამ დაავადებით.

რით განსხვავდება კლეპტომანია ჩვეულებრივი ქურდობისგან?

სალომე ვაშალომიძე
სალომე ვაშალომიძე

ტიპიური ქურდებისგან განსხვავებით, კლეპტომანები არ იპარავენ ფულს. ისინი იპარავენ საკანცელარიო ნივთებს, ტანსაცმელს და სხვა ნივთებს, რადგან ამის ძლიერი სურვილი აქვთ და ამ სურვილს ვერ ერევიან. კლეპტომანიის ეპიზოდი სპონტანურად ხდება, დაგეგმვის, დახმარების და სხვა ადამიანთან კოლაბორაციის გარეშე. მათი უმრავლესობა იპარავს საჯარო დაწესებულებაში, როგორიცაა: მაღაზიები და სუპერმარკეტები. ზოგიერთი კლეპტომანი კი მეგობრების ან ნაცნობების სახლებიდანაც იპარავს ნივთებს. ხშირად, მოპარული ნივთი არაფერს წარმოადგენს კლეპტომანისთვის, შესაძლოა მას ამ ნივთის ყიდვაც თავისუფლად შეეძლო. მოპარულ ნივთებს ხშირად არც გამოიყენებენ და უბრალოდ აგროვებენ _ კლეპტომანმა შესაძლოა გააჩუქოს ეს ნივთები, მისცეს ოჯახის წევრებს ან საიდუმლოდ დააბრუნოს კიდეც თავის ადგილას.

რა ზიანი ადგება ამით თავად კლეპტომანს, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს მისი ფსიქიკისთვის ამასთან ბრძოლა?

კლეპტომანი შესაძლოა ციხეშიც აღმოჩნდეს, ან ასეთი პაციენტი სუიციდის მცდელობამდეც მივიდეს, რადგან თუ მას ფაქტზე დაიჭერენ, გამძაფრებული სირცხვილის გრძნობა ეუფლება. კლეპტომანს უფრო აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილ ადამიანებს შევადარებდი, რომლებმაც იციან, რომ აღარ უნდა ითამაშონ, მაგრამ ამას იმპულსურად აკეთებენ. კლეპტომანი ამ პრობლემას თავად ვერ გაუმკლავდება, ამიტომ მან აუცილებლად უნდა მიმართოს ფსიქოლოგს და ფსიქიატრს. თუ ოჯახის წევრს ან მეგობარს კლეპტომანია აქვს, ფრთხილად უნდა ესაუბრეთ მას ამ პრობლემის შესახებ, არ დაადანაშაულოთ იგი ამ ქურდობის გამო, რადგან კლეპტომანია მენტალური დაავადებაა და არა უბრალოდ ცუდი თვისება.

ამ დარღვევის სიმპტომები როგორია? როდის უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ უკვე დროა სპეციალისტს მიმართოს, ან როგორ შეიძლება ამაში დაეხმარონ გარშემომყოფები?

კლეპტომანიის სიმპტომებია: გარკვეული ნივთების მოპარვის ძლიერი სურვილი, რომლებიც შესაძლოა არც იყოს საჭირო, დაძაბულობა, შფოთვა ან აღგზნება მოპარვის შემდეგ. მოპარვის დროს სიამოვნება, კმაყოფილება სირცხვილი ან შიშის გრძნობა მოპარვის შემდეგ დანაშაულის შეგრძნება, სინანული, სურვილის კვლავ დაბრუნება და კლეპტომანიის ციკლის განახლება. ზოგიერთი ადამიანი იმიტომ მიმართავს ექიმს, რომ უკვე დაიჭირეს ან მანამდე ყოფილა ციხეში კლეპტომანიის პრობლემის გამო.

როგორია კლეპტომანიის მკურნალობის პროცესი, რა სახის თერაპიები გამოიყენება ამ დროს?

დაპატიმრების შიშის ან სირცხვილის გრძნობის გამო კლეპტომანების უმრავლესობა არ იღებს მკურნალობას, მაგრამ ამ დროს აუცილებელია ექიმთან მიმართვა, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი უმეტესწილად არ შეატყობინებს პოლიციას თქვენი პრობლემის შესახებ, მკურნალობა კი კლეპტომანიის უკეთ კონტროლში დაგეხმარებათ.

ყველაზე ალტერნატიული მეთოდი ფსიქოთერაპიაა, ასევე სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა სახის მედიკამენტები: ანტიდეპრესანტები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტები და ხასიათის სტაბილიზატორები.

შტორმი, პლაჟი, ბულვარი [ფოტო, ვიდეო]

ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმი, 14.08.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

ბათუმის ზოგიერთ უბანს სასმელი წყალი არ მიეწოდება

ბათუმის მერიის განცხადებით, „უხვი ნალექის გამო, აიმღვრა მდინარეები: ჩაქვისწყალი, ლეჩა და ყოროლისწყალი, რის გამოც სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა ე.წ. „ძველი ქსელის“ აბონენტებს: დაბა ჩაქვის, მახინჯაურის, განთიადის, თამარის და ბარცხანის მაცხოვრებლებს, ასევე მაიაკოვსკის, ფაღავას და ნინოშვილის ქუჩებს.
წყალმომარაგება სავარაუდოდ აღდგება დილის 06:00 საათისთვის.“

უამინდობის გამო ბათუმის მერიაში ცხელი ხაზი მოქმედებს. საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია დარეკოს ნომერზე: 27 26 15.

უამინდობის გამო ბათუმის მერიაში ცხელი ხაზი მოქმედებს

ბათუმის მერიის განცხადებით, „ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო დაიტბორა ქუჩები და ეზოები. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით შპს ,,ბათუმის წყლის” ყველა მობილური ჯგუფი მობილიზებულია. მიმდინარეობს ქუჩებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები“.
მოსახლეობას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში დარეკოს ცხელი ხაზის ნომერზე: 27 26 15.

ბათუმში, დღეს დილიდან წვიმს. სინოპტიკოსთა პროგნოზით წვიმაა მოსალოდნელი ხვალაც, 15 აგვისტოს.

მახინჯაურში, გვირაბთან მოძრაობა შეფერხებულია

მახინჯაური-ჩაქვის მონაკვეთზე, ავტომომობილების მოძრაობა შეფერხებულია. შეფერხება, ძირითადად, როგორც „ბათუმელებს“ ადგილიდან აცნობეს, დაბა მახინჯაურში, გვირაბთან მისვლამდე მონაკვეთშია. გზაზე არის საცობი.

ბათუმსა და ზოგადად, ზღვის სანაპირო ზოლში დღეს დილიდან წვიმს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობის შეფერხება, მხოლოდ ინტენსიურ მოძრაობას და ავტომანქანების სიჭარბეს უკავშირდება.

14012143_1147970481942810_275757894_n (2)
მახინჯაურის შესასვლელთან საცობია / 14.08.2016 / როინ გუნდაძის ფოტოები

14037929_1147976415275550_1687849209_o

60 ათასი ლარი კინო და ტელე ოპერატორების ფესტივალისთვის

კინო და ტელე ოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში, მიმდინარე წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უნდა ჩატარდეს. ფესტივალის ორგანიზებისთვის ბათუმის მერიას 60 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული და ამ თანხის ფარგლებში მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ფესტივალის 20 მონაწილის საჰაერო ტრანსპორტით მომსახურება მითითებული მარშრუტის მიხედვით:

1 frena

მიმწოდებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს ფესტივალის 20 მონაწილის ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის სასტუმროთი მომსახურება; ლანჩით უზრუნველყოფა 130 კაცზე ერთდროულად, ერთ სივრცეში; ფესტივალის მონაწილეთა 4 დღის განმავლობაში მაღალი კლასის, უსაფრთხო, კომფორტული ავტობუსებით მომსახურება ქალაქის ფარგლებში; ფურშეტის უზრუნველყოფა ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, უმაღლესი კლასის სასტუმროს კუთვნილ ღია სივრცეში, აუზით; ბანკეტით უზრუნველყოფა მაღალი კლასის რესტორანში, ბუნების ხედებით, გამწვანებით. ამასთან, სატენდერო პირობების მიხედვით, საბანკეტო დარბაზი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქართული ცეკვების წარმოსაჩენი სივრცით.

2 fursheti

3 banketi

ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს მთავრდება.

ქობულეთში სამაშველოს განახლებული შენობა გაიხსნა

ქობულეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს სამაშველოს განახლებული შენობა გაიხსნა.

„სააგენტომ ძველი სამაშველო შენობა სრულად განაახლა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახორციელა. ქობულეთის სამაშველო სამმართველოს შენობა ახალი, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში, განახლებულ შენობაში სამაშველო განყოფილების 15 თანამშრომელი, მათ შორის, გემწამყვანები, მყვინთავები და წყალზე მაშველები მუშაობენ.

„ბავშვები, რომლებიც ძალადობენ ცხოველებზე, ძირითადად თვითონ არიან ძალადობის მსხვერპლნი“

ზოგჯერ მშობლები ბავშვებს ცხოველებთან კომუნიკაციას უკრძალავენ, რაც ფსიქოლოგების თქმით, შეცდომაა, რადგან ცხოველებთან ინტერაქცია ბავშვებს ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ და კოგნიტიურ განვითარებაში ეხმარება, თუმცა ხდება ისეც, რომ ბავშვები ცხოველებს საერთოდ არ უფრთხიან, არ განიცდიან მათდამი თანაგრძნობას და ცხოველებს აწამებენ. რამდენად საგანგაშო შეიძლება იყოს ასეთი ქცევა და რა შეიძლება იყოს გამოსავალი? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ ფსიქოლოგ ირმა ფეიქრიშვილს ესაუბრა.

  • ქალბატონო ირმა, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ცხოველებთან კომუნიკაცია და რაში ეხმარება ეს მათ?

კომუნიკაცია ნებისმიერ ცოცხალ არსებასთან ძალიან კარგად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე, განსაკუთრებით ეს ეხება ცხოველებს და ფრინველებს, რომლებიც შეიძლება გვყავდეს სახლში. ასე ბავშვი ცოცხალ არსებებთან ურთიერთობას სწავლობს, იღებს ცხოველებისგან დაბრუნებულ ბევრ სასიკეთო იმპულსს, ამასთანავე ბავშვი ძლევს შიშს ცხოველების მიმართ. როცა ბავშვი ზრუნავს ცხოველსა თუ ფრინველზე, იგი სწავლობს მზრუნველობას. ცხოველებთან ბავშვების მეგობრობა იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ცხოველებმა კარგი მეგობრობა იციან, სითბოსა და სიყვარულს უკან აბრუნებენ და ბავშვებიც სწავლობენ სითბოსა და სიყვარულის გაცემას.

  • არსებობს რეკომენდაციები ასაკთან დაკავშირებით, თუ როდიდან არის უკეთესი ბავშვის ცხოველთან შეგუება?

კონკრეტულად ასაკის განსაზღვრა რთული იქნება, თუმცა რაც უფრო ადრეულ ასაკში ნახავს ბავშვი ცხოველს, შეეგუება და ექნება ურთიერთობა, მით უკეთესია. ჰიგიენური თვალსაზრისით, ეს უკვე პედიატრის პრეროგატივაა განსაზღვროს, რა ნორმები უნდა დაიცვან ამა თუ იმ ასაკის ბავშვის ცხოველთან კომუნიკაციისას.

  • ხშირად მშობლებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ შინაური ცხოველი აიყვანონ, ამ შემთხვევაში რა სახით შეიძლება მშობელმა მიაჩვიოს ბავშვი ცხოველებთან კომუნიკაციას?

ცხოველის სახლში ყოლა საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნებაა, ისინი ძალიან დიდ მზრუნველობას მოითხოვენ, ეს თითქმის ბავშვის მოვლის ტოლფასია, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ვიღებთ პასუხისმგებლობას და მოგვყავს სახლში შინაური ცხოველი, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ მასზე სრულყოფილად. მაშინ როცა ამის საშუალება არ არის, მშობელმა კარგად უნდა განუმარტოს ბავშვს, თუ რატომ არ შეუძლია მოიყვანოს სახლში ცხოველი. ძალიან ხშირად ეუბნებიან ბავშვებს, რომ ცხოველი მათ უბრალოდ არ სჭირდებათ და ცდილობენ გადაათქმევინონ ეს სურვილი, მაგრამ ბავშვებს ძალიან კარგად ესმით ყველაფერი, მთავარია სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია. ის დეფიციტი კი, რაც ბავშვს უჩნდება ამის გამო, შეიძლება სხვა გზით შევავსოთ, ვასეირნოთ ბავშვი გარეთ, და როცა კი სტუმრად ან ეზოში ცხოველებს შეხვდებიან, არ დავუშალოთ და მივცეთ საშუალება, რომ ითამაშონ მათთან ერთად.

  • არის შემთხვევები, როცა მშობლები უსაფრთხოების გამო კატეგორიულად უშლიან ბავშვებს ცხოველების შეხებას, ამით ზედმეტად ხომ არ აშინებენ ბავშვებს?

ცხოველთან ურთიერთობაზე მშობლის არასწორმა მიდგომამ, მათ მიერ მიცემულმა მკაცრმა შენიშვნამ ან გაფრთხილებამ შესაძლოა ბავშვში ცხოველებისადმი გადამეტებული შიში გამოიწვიოს. არასწორია შენიშვნის ფორმულირება – ნუ მიეკარები, საშიშია, შორს დადექი ძაღლისგან და ა.შ. არ შეიძლება კატეგორიული აკრძალვები, ამის გამო მას შესაძლოა სერიოზული ფობია განუვითარდეს და შემდგომშიც შეეშინდეს ცხოველის მიკარების. თუმცა ზომიერად გაფრთხილება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მშობლებმა ცოტა შერბილებული ფორმით უნდა აუხსნან ბავშვებს, რა არის მოსარიდებელი და რა – არა, უნდა უთხრან, რომ მათ ჯერ არ იციან როგორია ეს ძაღლი ან კატა – მოდი ჯერ გავიგოთ როგორია და მერე მიდი. ასევე, ძალიან ხშირად მშობელი ბავშვს ეუბნება, რომ თუ ის კარგად არ მოიქცევა ძაღლი მოვა და უკბენს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია.

  • რა არის იმის მიზეზი, რომ ზოგჯერ ბავშვები ცხოველებისადმი სისასტიკეს იჩენენ

შინაური ცხოველის ყოლა და მასზე ზრუნვა ავითარებს ბავშვში ცხოველებისა და ადამიანების მიმართ ემპათიას, ანუ ასწავლის მათ სხვისი ტკივილის გათავისებას. ბავშვები, რომლებიც ძალადობენ ცხოველებზე, ძირითადად თვითონ არიან ძალადობის მსხვერპლნი. ხშირად მომისმენია მშობლებისგან კითხვა, რატომ სცემს თავისი შვილი ცხოველს, მას ხომ არასოდეს უცემია ის… ნუ ჩავთვლით, რომ ძალადობად მხოლოდ ფიზიკური ძალადობა მიიჩნევა, შესაძლოა მშობელი სხვა ფორმით ძალადობს ბავშვზე, მაგალითად, არ აძლევს მას თავისუფალი არჩევანის საშუალებას. ეს ხშირად ხდება, როცა მშობელი ვერ იაზრებს, რომ ბავშვი, რომელიც დაიბადა, უკვე ცალკე პიროვნებაა და მას აუცილებლად სჭირდება პატივისცემა.

რაც შეეხება აგრესიას – თუ სამ წლამდე ბავშვი გაუაზრებლად არტყამს ჯოხს ან უბრაზდება ძაღლს, ეს შეიძლება იმიტაცია და მიმბაძველობა იყოს – მშობელი უბრაზდება ძაღლს, რომ გავიდეს და ბავშვი ცდილობს, რომ მიბაძოს მშობელს, უფრო მეტი მონდომებით აკეთებს ამას და ეს გადადის აგრესიაში. ასევე, თუ ბავშვი ძალიან პატარაა, თავს იცავს და ურტყამს ცხოველს, ამით თავისუფლდება შიშისგან – ეს გაუაზრებელი ქცევაა, ამას აგრესიას ვერ დავარქმევთ, ისინი ვერ ხვდებიან, რომ ამით ცხოველს ტკივილს აყენებენ, ან შეიძლება ეს უბრალოდ აქტიური ურთიერთობის ფორმა იყოს, იმიტომ, რომ ცხოველი მოძრაობს, დახტის, დარბის და ბავშვსაც უნდა, რომ მაქსიმალურად გადასცეს ენერგია, ასეთ შემთხვევებში უბრალოდ უნდა ავუხსნათ, რომ ეს არ არის სწორი.

ბავშვები დაახლოებით 6-7 წლიდან იწყებენ თავიანთი საქციელის სწორად შეფასებასა და გააზრებას. თუ იგი ამ ასაკში ძალადობს ცხოველზე, ესე იგი მან თავისზე სუსტი არსება იპოვა და მასზე ხარჯავს იმ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც უფროსებისგან აქვს დაგროვებული. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ თუ ბავშვი აწვალებს ცხოველს ან ნებისმიერ ცოცხალ არსებას, მას აუცილებლად სჭირდება დახმარება და საამისოდ აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს, რადგან არის გარკვეული ჩანართი სერიოზული აგრესიისა, რომელიც შემდგომში შეიძლება გადაიზარდოს თუნდაც პათოლოგიაში. თუ ბავშვი ჯანსაღია და მას არაფერი აწუხებს, იგი არასოდეს გაიმეტებს ცხოველს საწამებლად.

  • მიიჩნევა, რომ ცხოველებისადმი სისასტიკეს ბავშვობაში ფსიქოპატები იჩენენ, ეს რამდენად რეალურია და ზოგადად, რამდენად საშიში შეიძლება იყოს ბავშვის ასეთი ქცევა ცხოველის მიმართ?

დიახ, ეს რეალურია. ბავშვი გადის განვითარების ეტაპებს, რომლის გაკონტროლება და ზედამხედველობაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის. როცა ბავშვს აქვს ერთწლიანი კრიზისი, ეს თავისებურ მიდგომას და თანადგომას საჭიროებს, ვიდრე სამი წლის ასაკის კრიზისი, როცა ბავშვი ჭირვეულია, თავის პიროვნებას აფიქსირებს – ამ დროს მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ შეუწყოს მას ხელი, როგორ შეძლოს, რომ ბავშვმა სადავეები ხელში არ აიღოს. შემდეგ მოდის 7-დან 9 წლამდე ასაკის კრიზისი – ეს ეტაპები ზუსტად გვაჩვენებს ბავშვის ფსიქიკაში მიმდინარე პროცესებს და თუ კი ამ დროს ბავშვი განსაკუთრებით აგრესიულია, ძალადობს და აწვალებს ცხოველს, ეს შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ შემდგომში ფსიქიკურ აშლილობასთანაც გვქონდეს საქმე. ის, რაც თქვენ დაასახელეთ, ფსიქიკური აშლილობის ფორმაა და იმისთვის, რომ მომავალში ასეთი მძიმე ფორმის აშლილობები ავიცილოთ თავიდან, საჭიროა ბავშვის დახმარება, მისი გაკონტროლება ამ ასაკში. გახსოვთ ალბათ, ახლახან ბავშვების მიერ ნაწამები ლეკვის შემთხვევა _ ვერ გავამართლებ ნამდვილად, ძალიან რთულია ამის პატიება, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მათი მთელი სიმკაცრით დასჯა მოითხოვა და ეს ნამვილად არ არის გამოსავალი. მათ სჭირდებათ თანადგომა და არა დასჯა. ამ ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ სპეციალისტის დახმარება და ფსიქოთერაპია, რომ შემდგომში სწორად გაიაზრონ თავიანთი საქციელის მნიშვნელობა.

  • თავად ცხოველებთან ურთიერთობაც ხომ გამოიყენება ერთგვარ თერაპიად, რამდენად ეფექტურია ის?

დიახ, ცხოველებთან ურთიერთობა აქტიურად გამოიყენება ფსიქოლოგიაში. როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვები როცა ცხოველებთან იზრდებიან, მათთან ურთიერთობისას იღებენ იმპულსებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს ბავშვებზე. სწორედ ეს, ცხოველებთან ურთიერთობის დროს მიღებული იმპულსებია ამ თერაპიის საფუძველი. აქტიურად გამოიყენება ცხენების თერაპია, დელფინების თერაპია, ურთიერთობა ძაღლებთან, კატებთან… ეს განსაკუთრებით კარგად მუშაობს ისეთ რთულ პრობლემებთან, როგორიცაა: აუტიზმი, როცა პირდაპირ ინიშნება ცხენების თერაპია. რაიდთერაპიის (ცხენების თერაპია) დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები უშუალო კონტაქტში იყვნენ ცხოველთან – უნაგირზე კი არ სხედან, ცხენზე ნაჭერია გადაფარებული და პირდაპირ ისე სხედან, რომ ცხენიდან წამოსული იმპულსები მიიღონ. ცხოველები ჩვენი მეგობრები არიან, მათ ბევრი დადებითის მოცემა შეუძლიათ და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ დადებითის გამოყენება. რთული ფსიქიკური პრობლემების შემთხვევაში, ხშირად დანიშნულებაში, პირდაპირ ურჩევენ ხოლმე, რომ ძაღლი იყოლიონ სახლში, ზოგჯერ კატაც სასურველია, მაგრამ ისინი ცოტა უფრო ჭირვეული ცხოველები არიან, ძაღლი კი ბევრად უფრო დამყოლია, თუმცა ყველა პრობლემაზე სხვადასხვა ჯიშის ძაღლია რეკომენდებული, ამას უშუალოდ სპეციალისტი ნიშნავს საჭიროების მიხედვით. მაგალითად, თუ ბავშვი ზედმეტად აქტიურია (ჰიპერაქტიურია), მას პირიქით – მშვიდი ძაღლი სჭირდება, რომ მან ასეთი იმპულსები გასცეს და ბავშვს მისცეს დამშვიდების საშუალება, თუ ბავშვი მოდუნებულია, ძალიან მშვიდია – მას სხვა ჯიშის ძაღლი სჭირდება და ა.შ.

“GECKO“-ს არაორდინალური სპექტაკლი ბათუმში [ანონსი]

დღეს, 14 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე, ბრიტანული თეატრალური კომპანია “GECKO“ ბათუმის მაცხოვრებლებს და სტუმრებს იწვევს სრულიად არაორდინალურ სპექტაკლზე – „ინსტიტუტი“.

მისამართი: ბათუმი, ოდისეი დიმიტრიადის ქ. №1, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი.

ბილეთის ფასი 5, 7 და 10 ლარი;
ბილეთები იყიდება ხელოვნების ცენტრის სალაროებში;
ტელ: (04422) 27 62 40, 599 09 04 86.

ბრიტანული თეატრალური კომპანიის ,,GECKO“-ს  ტექნიკური რეჟისორი ნეითან ჯონსონი, ბათუმში ვიზიტით მარტის თვეში იმყოფებოდა.

გეკო

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:

ბათუმში: 68-ე ოლქში – ფატი ხალვაში, პარლამენტარი; 69-ე ოლქში – ლევან [ნუკრი] ბეჟანიძე, ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტიორი; 70-ე ოლქში – მუხრან ვახტანგაძე, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი.

ქობულეთში: კობა ნაკაიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი;

ხელვაჩაურში: ილია ნაკაშიძე;

ხულო-შუახევსა და ქედაში: ანზორ ბოლქვაძე, პარლამენტარი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:

ბათუმში:  68-ე ოლქში – ვახტანგ წულაძე, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი; 69-ე ოლქში – ილია ვერძაძე, პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე; 70-ე ოლქში – ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

ქობულეთში: გიორგი რომანაძე, აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი;

ხელვაჩაურში: მერაბ კარანაძე;

ხულო-შუახევსა და ქედაში: ხვიჩა შარაშიძე, ბიზნესმენი.

IMG_3101IMG_3102IMG_3159650IMG_3120

ბათუმში, „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე, მაღალმთიანი აჭარიდან [ფოტო, ვიდეო]

აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან, ასევე ქობულეთიდან, ბათუმში, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე იკრიბებიან. კოლონებად წამოსული ავტომანქანების ნაწილი უკვე ბათუმშია.

ევროპის მოედანზე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, დღეს, საღამოს 8 საათზე, მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს. ერთი საათით ადრე კი „ქათული ოცნების“ მიერ ორგანიზებული კონცერტი დაიწყება.

13978360_584174138430385_1471753107_o14001931_584174128430386_1002629196_o

14012606_1080430175338647_1780938099_o13978185_1080430545338610_591042221_o14001694_1080430588671939_1969498643_o13987965_1080429065338758_179864953_oIMG_20160813_184412

„ოცნება“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად ფატი ხალვაშს წარადგენს

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად ბათუმში დღეს „ქართული ოცნება“ ფატი ხალვაშს წარადგენს. იგი არის მოქმედი პარლამენტარი და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის და. ის, რომ მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ, „ბათუმელებს“ ფატი ხალვაშმა დაუდასტურა.

როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, კიდევ ერთი კანდიდატი ბათუმელი ექიმი, სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი ნუკრი ბეჟანიძე იქნება.

მაჟორიტარობის კანდიდატებს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში დღეს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე წარადგენს.

საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერსაა დანიშნული.

ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი 25 დეპუტატი [ინფოგრაფიკა]

პარლამენტის მიერ მიღებული 5 ყველაზე კარგი და ცუდი კანონი [ინფოგრაფიკა]

„ოცნება“ ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს

დღეს, 13 აგვისტოს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.

როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, ერთ-ერთი კანდიდატი ბათუმელი ექიმი, სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი ნუკრი ბეჟანიძე იქნება.

კანდიდატების წარდგენა 20:00 საათზე გაიმართება. ევროპის მოედანზე დაგეგმილია კონცერტიც, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება. ევროპის მოედანთან მემედ აბაშიძის გამზირი დღეს დილიდან გადაკეტილია:

IMG_20160813_134650IMG_20160813_135633IMG_20160813_135522IMG_20160813_134923IMG_20160813_135105IMG_20160813_135016IMG_20160813_135212

ინვესტორი დანაღმულ ზღვისპირეთში – რა ელის გონიოს ყოფილ პოლიგონს

ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია გონიოში, რომელიც ქალაქ ბათუმის საზღვრებშია, დღემდე უფუნქციოდაა. ტერიტორიის განვითარებაზე ქალაქის მთავრობა არ ფიქრობს, ქვეყნის ხელისუფლება კი ტერიტორიას, რომლის განაღმვაც ჯერ არ დამთავრებულა, ინვესტორებს ადგილზე აცნობს. რა კუთხით უნდა განვითარდეს ზღვის პირას მდებარე 300 ჰექტარზე მეტი ფართობი? – საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის კონცეფციას არ ასაჯაროებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის საინვესტიციო პოტენციალი სამ მილიარდ დოლარს აღწევს.  აქ მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „უნდა მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის განვითარება საუკეთესო შესაძლო კონცეფციის შესაბამისად“, თუმცა „შესაძლო კონცეფციას“, რომელიც კერძო კომპანიას მოამზადებინეს, სამინისტრო არ ასაჯაროებს.

„ტერიტორია ტექნიკურ-ეკონომიკური კუთხით შესწავლილია, ინტერესი არის სხვადასხვა ინვესტორისა და კომპანიების მხრიდან, გვაქვს მოლაპარაკებები. არსებობს კონცეფციაც, როგორ განვითარდეს ეს ადგილი, მაგრამ კონკრეტულად გადაწყვეტილი არაფერია, სამუშაო პროცესია, შესაბამისად, დოკუმენტი საჯარო ვერ იქნება, შესაძლოა რაღაცები შეიცვალოს,“ – გვითხრეს სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ „კონცეფცია“ თავად მინისტრმა ადგილზე, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზევე გააცნო არაბული „დაბი ჯგუფის“ წარმომადგენლებსა და უშუალოდ მის თავმჯდომარე შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანს.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია

თუკი შესაძლებელია კონცეფცია, თუნდაც მისი სამუშაო ვარიანტი, ნახონ  ინვესტორებმა, რატომ არ შეიძლება მას გაეცნოს საზოგადოება? – ამ კითხვის პასუხად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ შეგვიძლია ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვოთ.

„ტერიტორია აუცილებლად ტურისტული მიმართულებით უნდა განვითარდეს, იმიტომ, რომ დიდი ნაწილი არის სარეკრეაციო ზონა, შესაბამისად, აქ წარმოების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება შეუძლებელია. არც საცხოვრებელი სახლები,

მხოლოდ მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა აშენდეს, ისეთი ობიექტები, რაც მეტ ტურისტს მოიზიდავს და იქნება ეკონომიკურად მომგებიანი. სწორედ ამ დეტალებზე ვმუშაობთ აჭარის მთავრობასთან ერთად,“ – განაცხადეს სამინისტროში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც ფაქტობრივად იგივე გვითხრეს: „არის სამუშაო პროცესი, რამდენიმე ვარიანტი განიხილება და კონკრეტული დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი“.

ყოფილი პოლიგონის ტერიტორიას, როგორც „სარეკრეაციო ზონას~ შეიხიც შეეხო. სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით ინვესტორმა შემდეგი განაცხადა: „აქ მეგობრული გარემოა, რომელსაც ლმობიერი საკანონმდებლო რეგულაციები განაპირობებს… ჩვენ დავათვალიერეთ მიწის ნაკვეთი, რომელიც არა მხოლოდ უძრავი ქონების ბიზნესისთვისაა შესაფერისი, არამედ მრავალი დანიშნულებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის რეკრეაციული, სავაჭრო, საფინანსო, სპორტული, მათ შორის გოლფის კორტების ან სხვა დანიშნულების ცენტრების მოსაწყობად… გვაქვს მთავრობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია“.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია

არაბულმა „დაბი ჯგუფმა“ შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო „Biltmore თბილისის“ მშენებლობაში 140 მილიონი დოლარი ჩადო. სასტუმრო რამდენიმე დღის წინ გაიხსნა დედაქალაქში.

სასტუმროს გახსნას არაბი შეიხიც ესწრებოდა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, „ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო სწორედ ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის ნახვა ადგილზე და მოლაპარაკებები ამ ჯგუფთან გაგრძელდება.~ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ორი წლის წინ გადასცა. რაც შეეხება განაღმვით სამუშაოებს, „2015 წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართა თხოვნით, ფეთქებადსაშიში საგნებისგან გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია [ფართობი: 265 ჰა] გაესუფთავებინა. მიმდინარე წლის 16 მაისს საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს და ოქტომბრამდე გაგრძელდება,“ – გვითხრეს თავდაცვის სამინისტროში.

სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ „უამინდობის, მცენარეული საფარის და 35 ჰა დაჭაობებული ტერიტორიის გამო, სავარაუდოდ, წელს მთლიანი ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები ვერ დასრულდება და მომავალ წელსაც გაგრძელდება“.

უსაფრთხოა თუ არა ტერიტორიაზე შესვლა? – ამ კითხვაზე თავდაცვის სამინისტრომ არ გვიპასუხა.

აჭარის მთავრობამ ორი თვის წინ განაცხადა, რომ განაღმვითი სამუშაოები საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება და ამისათვის  თავდაცვის სამინისტროს 470 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.

„ზედაპირული განაღმვა დასრულებულია და როგორც ვიცით, ღრმა განაღმვის სამუშაოები იყო დარჩენილი,“ – ამბობენ ეკონომიკის სამინისტროში.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია

ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, რომელიც დღეს ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია, რეესტრის ამონაწერების მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. ეს ტერიტორია კი, რომელიც ზღვის სანაპიროს გასწვრივ,  ჭოროხის დელტაშია, ფაქტობრივად, ხელშეუხებელია. ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოსა და მერიაში იყო საუბარი აქ ტყე-პარკის მოწყობის შესახებაც, თუმცა მუნიციპალიტეტში ეს არ დაგვიდასტურეს. აღსანიშნავია, რომ ბათუმს ბუნებრივი ტყე-პარკი, როგორც ასეთი, არ აქვს. ბულვარი და ბოტანიკური ბაღიც კი  ხელოვნურადაა გაშენებული.

ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „კონკრეტული ფუნქციური ზონირების რუკის“ მიხედვით, საკურორტო სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონებშია მოქცეული. თუმცა, აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ასეთ ზონებში საკრებულოს თანხმობით, ბათუმის მერია ისე გასცემს მშენებლობის ნებართვებს, რომ ტერიტორიას დანიშნულებასაც კი არ უცვლის.

„ბათუმელებს“ ქალაქის საკრებულოსა და მერიაში უთხრეს, რომ ყოფილი პოლიგონის განვითარების კონცეფციაზე ისინი არ მუშაობენ და მათთან არც ამ ტერიტორიასთან დაკავშირებული სხვა წინადადება ან რაიმე პროექტი განიხილება.

„სარეკრეაციო ზონას არავინ შეეხება… კონცეფციით ლანდშაფტის შენარჩუნებაც გათვლილია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება,“ – განაცხადეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია

საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების ახალი კატალოგი დამტკიცდა. მასში 519 დასახელების პრეპარატია. მათ შორის: მარტივი სასუქები – 34 სახეობა, კომპლექსური სასუქები – 114, კომპლექსური სასუქები მიკროელემენტებით – 156, ორგანული სასუქები – 62, ორგანო-მინერალური სასუქები –  98,  მიკრო სასუქები – 54 და ბაქტერიული სასუქები – 1სახეობა.

კატალოგში მოყვანილია სასუქის სავაჭრო დასახელება, მწარმოებელი, რეგისტრაციის ნომერი,  რეგისტრაციის თარიღი; ასევე პრეპარატული ფორმა, საკვები ელემენტების შემცველობა %, გამოყენების თავისებურებები და იმ კულტურის დასახელება, რომლისთვისაც გამოიყენება ესა თუ ის პრეპარატი.

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ აგროქიმიკატის ვარგისიანობის დასადგენად ტარდება მისი ლაბორატორიული კვლევა; აგროქიმიკატების გამოყენება ხდება ტარის ეტიკეტზე დატანილი რეკომენდაციების შესაბამისად (კულტურა, დოზა, ხერხი, ვადა, შეტანის  ჯერადობა). ამასთან, აგროქიმიკატის გამოყენება უნდა მოხდეს ნიადაგის აგროქიმიური მაჩვენებლების და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილების გათვალისწინებით.

“ოცნება” ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად ნუკრი ბეჟანიძეს წარადგენს

დღეს, საღამოს 8 საათზე ევროპის მოედანზე მმართველი პარტია დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, ერთ-ერთი კანდიდატი ბათუმელი ექიმი, სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი ნუკრი ბეჟანიძე იქნება.

ნუკრი ბეჟანიძემ ინფორმაცია “ბათუმელებთან” დაადასტურა, თუმცა არ დააზუსტა, პარლამენტში მოხვედრისთვის იბრძოლებს, თუ უმაღლესი საბჭოსთვის: “დღეს, გაიგებთ ამის შესახებ, ევროპის მოედანზე” – აღნიშნა მან. ნუკრი ბეჟანიძის თქმით, პოლიტიკაში მოსვლა მისი პირადი ინიციატივა იყო და მომდევნო დღეებში პროგრამასაც გააცნობს ამომრჩევლებს.

ნუკრი (ლევან) ბეჟანიძე პროფესიით მეან-გინეკოლოგია. იგი ამ დრომდე ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორია.

„მარტო ამის გამო ღირს ჩემი მინისტრობა“

რა ცვლილებებს გეგმავს აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი  ლაშა კომახიძე და რა მიაჩნია წარმატების საზომად, რა სფეროებს აქვს მომავალი  აჭარის სოფლის მეურნეობაში და რის დეფიციტს განიცდიან ფერმერები? – ამ და სხვა თემებზე „ბათუმელები“  ლაშა კომახიძეს ესაუბრა.

ბატონო ლაშა, წინა მინისტრის მუშაობას უმაღლესი საბჭო არაეფექტურად მიიჩნევდა. რას შეცვლით თქვენ სოფლის მეურნეობაში?

მოლოდინი ჩემ მიმართ იმხელაა, რომ მე თვითონ მეშინია. მოლოდინია როგორც მთავრობის მხრიდან, ასევე არასამთავრობო სექტორის და იმ უცხოელი პარტნიორების მხრიდან, საიდანაც მოვდივარ. თუმცა, ეს ყველაფერი ამასთანავე გაცილებით მეტ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს.

თქვენი წარდგენის დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ თქვენი წვლილი  აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში საკმაოდ დიდია, რაც განაპირობებს 2016-2020 წლების მანძილზე ევროკავშირის მრავალმილიონიან საგრანტო პოლიტიკას. დაასახელეთ ყველაზე მნიშვნელოვანი გრანტები, რომლებიც ENPARD-ის ფარგლებში მიიღო აჭარამ და რას ველოდებით ამ გრანტებისგან?

ENPARD-ის ფარგლებში აჭარაში 3,3 მილიონი ევრო ჩაიდო. პირველი ფაზა უკვე დასრულებულია და ის ითვალისწინებდა ფერმერებისთვის მომსახურების სერვისების შექმნას და დანერგვას. ამ პროექტის ფარგლებში მოხდა ნერგების წარმოება, სადაც სამი ათეული წლის შემდეგ მეცნიერები პირველად ჩავრთეთ სანერგეების განვითარების პროცესში. ციტრუსების გარდა დავრგეთ კენკროვნები: ჟოლო, მოცვი და სხვა, რაც ძალიან წარმატებული გამოდგა. შავი მოცვის მოშენების მხრივ შეიძლება ისტორიული ცვლილებაც კი სოფლის მეურნეობაში, რადგან ძალიან წარმატებული გამოდგა. 1 კგ. ჩასაბარებელი მოცვის ღირებულება წელს 7 ლარი იყო. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ამ პროექტში ჩაერთო, ღვინის ქარხანაში მუშაობის დროს 250 ლარს იღებდა ხელფასს, მოცვის რეალიზაციით ყოველ მესამე დღეს იღებდა 200 ლარს. ხომ არის ეს სერიოზული ცვლილება?!

წარმატებით დაინერგა პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება, რაც ჯიშების გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის გაზრდისთვის არის მნიშვნელოვანი.  დაგეგმილია სისტემური ცვლილებები, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენი თანამშრომლები უნდა იყვნენ ველად, ფერმერებთან და მუდმივად უწევდნენ მათ საინფორმაციო დახმარებას სწორი აგროღონისძიებების გატარებისთვის. ENPARD-ის ფარგლებში დაიბეჭდა 15 წიგნი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებაზე, რაც არასდროს არ ყოფილა ქართულ ენაზე. გამოიცა 31 სხვადასხვა თემატიკის ბროშურა.

ENPARD-ის ყველა პროექტი წარმატებული იყო, თუ არის ჩავარდნებიც?

მნიშვნელოვანია ის, რომ დაინერგა ისეთი მექანიზმები, როგორიც არის SMS ფერმერობა. დღეს ბაზაში დაახლოებით 20 ათასი ფერმერია, რომელსაც საშუალოდ კვირაში ერთხელ მისდის SMS, თუ როდის, რა სამუშაოები უნდა დაიწყოს. უკვე გურიიდან და სამეგრელოდანაც კი გვყავს ფერმერები ჩართული. მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ჩვენი თანამშრომლები აგზავნიან ფერმერებთან, რომლებიც მუშაობენ „აგროსერვისცენტრში“.

ეკოლოგიურად რამდენად სუფთად იწარმოება კენკროვანი პროდუქცია და რამდენად კარგად არის დაცული პესტიციდების გამოყენების ნორმები?

სწორედ ამაშია ჩვენი ჩართულობა საჭირო, რომ სწორად ვიმუშაოთ ფერმერთან. `ენპარდის~ ფარგლებში ხდება ნიადაგის ანალიზი, ჩვენს ყველა ფილიალს რაიონებში აქვს პორტაბელური ნიადაგის ლაბორატორია, რომ აიღონ სინჯები და გაანალიზონ.

როგორია შედეგები,  გამოვლინდა სასუქის გადამეტებული მოხმარება?

ეს რთული კითხვაა და ჩვენი კოლეგების, სურსათის უვნებლობის სამსახურის თემა უფროა, მაგრამ კატასტროფული ვითარება არ არის. ნამდვილად კარგი სიტუაცია იმ მხრივ, რომ ფერმერს სწორად ვუთხრათ, რა სჭირდება მის ნიადაგს და რა დოზებით, ასევე გავზომოთ პესტიციდების შემცველობა ნაყოფშიც.

მეცხოველეობის მიმართულებით არსებობს პრობლემები. კონკრეტულად, არის საუბარი იმაზე, რომ რძის  მწარმოებლები ვერ ახერხებენ პროდუქტის დროულ ტრანსპორტირებას, არ არის ლაბორატორიები, რძის ჩამბარებელი პუნქტების ნაკლებობაა და ა.შ  რა შეიცვლება მათთვის?

არის საუბარი მცირე და საშუალო საწარმოების შექმნაზე, დიდაჭარის ცენტრში მიმდინარეობს შენობის რემონტი და იქაც გაიხსნება მსგავსი საწარმო.

მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ხულოში ყოფნის დროს განაცხადა, რომ აპირებთ სასაკლაოების სუბსიდირებას, რა მიმართულებით სჭირდება  სასაკლაოებს  დაფინანსება?

სასაკლაოებზე არსებული ტარიფები არის სერიოზული ბარიერი მოსახლეობისთვის, რადგან ფასი არის მაღალი. ამიტომ ფერმერს აღარ უღირს ფასი გადაიხადოს დაკვლაშიც, შემდეგ ტრანსპორტირებაში და ა.შ. ჩვენი ინტერესია, რომ პირუტყვი დაიკლას სასაკლაოზე, სადაც ხდება ყველა ნორმის დაცვა. სუბსიდირების შემდეგ ფერმერი გადაიხდის პირუტყვის დაკვლის საფასურის მხოლოდ 20 პროცენტს. გარდა ამისა,  გაუმჯობესდება ცხოველების აღრიცხვიანობაც.

გარდა ამისა, მაღალმთიან რეგიონში ჩვენ ვგეგმავთ მეცხოველეობის ბირჟის ამოქმედებას, სადაც მოხდება ყველა პირუტყვის შემოწმება და აღრიცხვა  იმპორტიორებსაც ექნებათ ინფორმაცია ამის შესახებ, რაც გაუადვილებს ფერმერს მის რეალიზაციას.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ რეგიონში ვეტერინარების დეფიციტია. როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?

ჩვენ სომეხ კოლეგებთან ერთად, რეგიონში ვაპირებთ კონკრეტული პროექტის განხორციელებას, რომელიც სერიოზულად გააძლიერებს ვეტერინარიას. იგეგმება  ექვსი სადემონსტრაციო პროექტი და რამდენიმე ვეტერინარული სადგურის მომზადება მოხდება მაღალმთიან რეგიონში. პროექტებს ავსტრიული დონორი ორგანიზაცია აფინანსებს.

როგორც ვიცით, საუბარია სასურსათო პროდუქტების ბირჟის გახსნაზეც, რა პრინციპით იმუშავებს ეს ბირჟა?

ჩვენ ვაპირებთ ფერმერებს გავუჩინოთ ალტერნატიული წვდომა პირდაპირ მყიდველზე. სწორედ ამ ამოცანის გადაჭრას ემსახურება სასურსათო ბირჟა. ეს არ იქნება ბაზარი, სადაც ფერმერი მივა და დახლთან დადგება, არამედ ფერმერებისთვის გამოიყოფა ცალკე ადგილი, სადაც მას შესაძლებლობა ექნება შეხვდეს პოტენციურ მყიდველს. იქნებიან ეს რესტორნების, სასტუმროებისა თუ კვების ობიექტების წარმომადგენლები. მათთან კომუნიკაციას უზრუნველყოფს სამინისტრო. მოხდება ყველა ფერმერის აღრიცხვა და ბაზაში შეტანა. წლის ბოლომდე დაახლოებით 10 ათასი საოჯახო მეურნეობის ბაზებში განთავსებას და აღრიცხვას ვგეგმავთ, სადაც იქნება  ზუსტი ინფორმაცია, ვის რა პროდუქცია მოჰყავს და რამდენი. პოტენციურ მომხმარებელთან დასაკავშირებლად გამოყენებული იქნება სმს-ს სისტემაც. ჩვენ გვექნება შემსყიდველების ბაზებიც და მათაც მიეწოდებათ ინფორმაცია.

რა დრო დასჭირდება ამ სისტემის დანერგვას?

ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი, რადგან საჭიროა ადგილის შერჩევა ბირჟისთვის. ადგილი უნდა გამოიყოს ბათუმში ან პერიფერიებში.

თაფლის წარმოებასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ. ბოლო პერიოდში ფერმერები საუბრობენ ფუტკრის ოჯახების განადგურებაზე, რის მიზეზადაც ისინი ასახელებენ პესტიციდებს, რომლითაც სოფლის მეურნეობის პროდუქტები იწამლება.  იცნობთ ამ პრობლემებს?

ქიმიკატების წილი ფუტკრების პრობლემაში რეალურად ძალიან დაბალია, რადგან 21 მეფუტკრე კოოპერატივი დავაფინანსეთ „ენპარდის“ ფარგლებში და ძალიან კარგად შევისწავლეთ ეს პრობლემა. პრობლემა აქვთ მათ, ვინც სპონტანურად, ინფორმაციის მოძიების და შესწავლის გარეშე იწყებენ ფუტკრების მოშენებას. ყველაზე სერიოზული მიზეზი ფუტკრის დაღუპვის არის კლიმატური პირობები. წვიმიანი სეზონი არ ვარგა ფუტკრებისთვის, რადგან ვერ მუშაობენ და შესაბამისად, თუ თავისთვის სამყოფი თაფლი ვერ დააგროვა, ზამთარში მეფუტკრეს მისი ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა უწევს, რაც მას ღუპავს.

შეწამვლაც კლავს ფუტკარს, მაგრამ აქ არ არსებობს სხვა რეგულაცია, გარდა მეზობლური ურთიერთობებისა. ასეა მთელს ევროპაში და ჩვენც ასე უნდა ვიმოქმედოთ. როცა მეზობლად ცხოვრობენ მეფუტკრე ფერმერები, უნდა გააფრთხილოს მეზობელმა რომ შეწამვლას იწყებს და ფერმერი ერთი დღით ჩაკეტავს ფუტკარს. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ წამალი გაიფანტოს და ფუტკარს ზიანი არ მიადგეს.

ბევრმა ფერმერმა ისიც კი არ იცის, რომ სკასთან ახლოს მარილიანი წყალი დადგას, ფუტკარმა წყურვილი რომ მოიკლას. როცა ის ვერ პოულობს წყალს, მიდის არაჰიგიენურ ადგილებში, რაც მას ზიანს აყენებს. ევროპელ ფერმერს აქვს უმაღლესი განათლება, რომელმაც იცის სოფლის მეურნეობის თანამედროვე მიღწევები, ამიტომ ჩვენთანაც ვიწრო სპეციალიზაციები უნდა განვითარდეს.

მანდარინთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ? 

რეგიონში უკვე მოქმედებს ორი მსხვილი ქარხანა და ლაპარაკია იმაზე, რომ ქობულეთის ქარხანა იწყებს მანდარინის წვენის ჩამოსხმას, რაც ენესზე ფასის მატებას გამოიწვევს. რამდენით _ ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა 20 თეთრზე მეტი იქნება. ვაპირებ შევისწავლო პავილიონების საკითხი და გავიგო, რა პოტენციალი აქვთ. ვაპირებთ ახალი პროგრამის დანერგვას, რომელიც ციტრუსის სტიმულირებას ეხება, თუმცა დეტალებზე ჯერ არ ვისაუბრებ.

არჩევნების შემდეგ იქნება სამთავრობო ცვლილებებიც. როგორ ფიქრობთ მოასწრებთ ამ დროში იმდენის გაკეთებას, რომ პოსტი შეინარჩუნოთ?

სამი თვე ძალიან მოკლე ვადაა იმისთვის, რომ ფიზიკურად რამე შექმნა, მაგრამ საკმარისია აჩვენო სისტემური ცვლილება. ამის დამტკიცებას, ვფიქრობ, შევძლებ. ასევე ის ორი პროექტი –  მეცხოველეობისა და სასურსათო ბირჟა – მთავარ ამოცანას წყვეტს. თუ ეს გადავწყვიტეთ, მარტო ამის გამო ღირს ჩემი მინისტრობა.

როცა მართლმსაჯულება წლობით იგვიანებს – დაუსრულებელი საქმეების ქრონიკა

16 აგვისტოს ზუსტად 8 წელი სრულდება სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობიდან. აგვისტოს ომის მონაწილე ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს ოფიციალურად ნარკოტიკების შენახვა-რეალიზებისთვის. ოფიციალური ვერსიით, როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის დროს მოხდა. 8 წლის წინ დაწყებული გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. შეიცვალა ის, რომ საქმე აჭარის პროკურატურიდან თბილისში გადააგზავნეს. საქმის ზედამხედველი პროკურორი, გიორგი გრატიაშვილი კი მოსამართლე გახდა. სასამართლოში არაერთია ისეთი საქმე, რომელსაც წლების განმავლობაში განიხილავენ – უსასრულოდ.

როინ შავაძის ცოლს, ციცინო შავაძეს, მიმდინარე წლის ივლისში მიანიჭა პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. მანამდე ცოტა ხნით ადრე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ როინ შავაძის საქმე წარმოებაში მიიღო. სხვადასხვა დარღვევებთან ერთად, სარჩელში ევროპული კონვენციის მე-13 მუხლია ხაზგასმული, რაც სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარებას გულისხმობს. „ევროპის სასამართლოს საქართველოს სახელმწიფომ იუსტიციის სამინისტროს სახელით მისწერა, რომ არ არსებობს საქმეში მტკიცებულებები, რაც მატერიალურ და მორალურ ზიანს დაადასტურებსო“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

8 წლის წინ ციცინო შავაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისი მეუღლე სასტიკად იყო ნაწამები: „როინის სხეული ტყვიებით იყო დაცხრილული, თითქმის ყველა თითი, მკლავები და ფეხები დამტვრეული, ხორცები დაგლეჯილი ჰქონდა…“

ციცინო შავაძეს საქმის მასალებს არც დღეს აცნობენ. დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ ციცინო შავაძეს აჭარის პროკურატურიდან უთხრეს, რომ მისი საქმე თბილისის პროკურატურამ წაიღო. რამინ პაპიძე, ადვოკატი: „ფაქტობრივად ისევ უარს გვეუბნებიან გავიგოთ, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. თბილისსაც არ მოუწერია ჯერ პასუხი. ამ საქმემ თითქმის ყველა პროკურორი მოიარა. მათ შორის იყო გიორგი გრატიაშვილი, რომელიც ახლა უკვე მოსამართლეა…“

„გამოძიება 8 წელი თუ ვერ ჩატარდა, ესე იგი, არ ჩატარებულა არაფერი. არ აქვთ საკმარისი უნარი, რომ გამოიძიონ, ან ამის ნება არ აქვთ… ამდენ ხანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გრძელდებოდეს გამოძიება, როცა საქმე გაუხსნელია. როინ შავაძე ეს შემთხვევა ვერ იქნება,“ – ამბობს ადვოკატი ედიშერ მახარაძე.

გამოძიება არ დასრულებულა არც ქობულეთის მედრესეს საქმეზე, სადაც 2014 წლის სექტემბერში ქობულეთელებმა მედრესეზე ღორის თავი მიაჭედეს და იქ შესვლის უფლება მუსლიმ მრევლს არ მისცეს. 2014 წლის დეკემბერში საქმის განხილვა სასამართლომ დაიწყო, რაც დღემდე არ დასრულებულა.

„სოციალური შიში ამ საქმის მიმართ ალბათ სასამართლოს აქვს,“ – ასე ხსნის თამთა მიქელაძე სასამართლო პროცესის გაჭიანურებას. ის „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელია და სასამართლოში მუსლიმი მრევლის ინტერესებს იცავს. თამთა არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ შესაძლოა ხელისუფლებას ამ საქმის დასრულება არ აწყობდეს, განსაკუთრებით კი შედეგი, თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრიმინაციული მიდგომა დადასტურდება ამ საქმეში და ქობულეთში მუსლიმური მედრესე გაიხსნება: „ყოველ ჯერზე, როცა ხდებოდა საქმის გადადება, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძისგან ვისმენდით არგუმენტს, რომ გადატვირთულია სასამართლო, დარბაზები არ იყო საკმარისი და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ სასამართლოს სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ამ საქმის დროულად დასრულება. მით უმეტეს, განგრძობად უფლებების დარღვევაზე გვაქვს საუბარი – ამ ადამიანებს ისევ არ აძლევენ მედრესეს გახსნის უფლებას. რიგ შემთხვევებში, ორი და სამი თვით ხდებოდა საქმეების გადადება. ამ დროს ყოველთვის მქონდა განცდა, რომ მოსამართლეს შეეძლო უფრო დაჩქარებული წესით ემოქმედა.“

„მნიშვნელვანია საქმის დასრულება დროულად, გონივრულ ვადაში. ამ შემთხვევაში არ გაჩნდება კითხვები სასამართლოს მიუკერძოებლობასა თუ პოლიტიკურ გავლენებზე,“ – მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ხიმშიაშვილი. მისი აზრით, გაჭიანურებას ვერ ამართლებს ის, რომ მოსამართლე რამდენჯერმე შეიცვალა იგივე ქობულეთის მედრესეს საქმეში. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სამოქალაქო საქმის განხილვა სასამართლომ 2 თვეში უნდა დაასრულოს, გამონაკლის შემთხვევებში – 5 თვეში. სამოქალაქო კანონმდებლობის გარდა, ირღვევა „გონივრული ვადის“ პრინციპი, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის~ მე-6 მუხლი ითვალისწინებს.

სასამართლოში უფრო მეტად სისხლის სამართლის საქმეების განხილვა ჭიანურდება. მაგალითად, იაგო ც.-ს შესახებ „ბათუმელები“ მაისში წერდა. მას იარაღის უკანონო ტარება ედება ბრალად. ბრალდებულმა ექსპერტიზა საკუთარი ხარჯით დაუკვეთა და აღმოჩნდა, რომ ნაჭერზე, რაშიც იარაღი იყო გახვეული, პოლიციის საიდუმლო აგენტის თითის ანაბეჭდები იყო. პოლიციის თანამშრომლის გაშიფვრის შემდეგ, სასამართლო სხდომა ჯერ დაიხურა, შემდეგ – საერთოდ შეწყდა. ამ საქმეზე სხდომა გასული წლის ნოემბრის შემდეგ აღარ ჩატარებულა. გასული წლის ბოლოს საქმე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა [ის ხელვაჩაურის სასამართლოში გადაიყვანეს] მოსამართლე ირაკლი შავაძეს გადააბარა.

მოსამართლე ირაკლი შავაძეს კიდევ ერთი საქმე აქვს, რომლის საბოლოო გადაწყვეტილებაც გასული წლის დეკემბერში უნდა გამოცხადებულიყო: „ზაზა ნაჭყებია ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს უფროსად მუშაობდა. მას სამსახურებრივ გულგრილობაში ედება ბრალი,“ – გვიყვება ადვოკატი პაატა ბოლქვაძე: „გასული წლის 28 დეკემბერს უნდა მოესმინა მოსამართლეს დასკვნითი სიტყვები, მაგრამ პროკურორი გიორგი თორდია არ მოვიდა სხდომაზე. მანამდე პროკურორი გიორგი გაჩეჩილაძე ამ საქმეზე სასამართლოს უპატივცემულობისთვის მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მას შემდეგ სხდომა აღარ ჩანიშნულა.“

ზაზა ნაჭყებია და იაგო ც.-ც წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფებიან. ზოგიერთი ადვოკატი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით ის საქმეები ჭიანურდება, სადაც წინასწარი პატიმრობა ბრალდებულს შეფარდებული არ აქვს [წინასწარი პატიმრობის შემთხვევაში აუცილებელია საქმის განხილვა 9 თვეში დასრულდეს]. 2015 წლის 8 ივლისს შევიდა ცვლილება „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, რომლის მიხედვითაც საქმე, სადაც ბრალდებული პატიმრობაში არ იმყოფება, უნდა დასრულდეს მაქსიმუმ ორ წელიწადში.

„საქმის დაუსრულებლობა აწყობს პროკურატურას. ვერ ვიტყვი, რომ მათ პირდაპირი გავლენა აქვთ მოსამართლეებზე, მაგრამ ჩანს, რომ ისინი ანგარიშს უწევენ პროკურორებს,“ – ასე ხედავს სასამართლოში საქმის გაჭიანურების მიზეზს ადვოკატი ედიშერ მახარაძე: „თუ კარგად დავაკვირდებით, ჭიანურდება განსაკუთრებით ის საქმეები, სადაც დიდი ალბათობით გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. ეს კი პროკურატურის სისუსტეს ნიშნავს. გამოდის, რომ სახელმწიფო მბრალდებელმა უსაფუძვლოდ დასდო ბრალი ადამიანს. გარდა ამისა, დრო როცა გადის, ის პროკურორი გადადის სხვაგან, აწინაურებენ, ზოგიერთი მოსამართლე ხდება… იკარგება ემოციური ფონიც, რაც კონკრეტულ საქმეს ახლავს, მტკიცებულებებსაც აღარ აქვს იგივე აქტუალობა. ვფიქრობ, ორწლიანი ვადის დაწესება მნიშვნელოვნად მოაგვარებს ამ პრობლემას,“ – ამბობს ადვოკატი ედიშერ მახარაძე.

2014 წლის 4 მარტიდან განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი „ბათუმის ციხის საქმეს“. საქმეში ორი ბრალდებულია, ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი უფროსები – გიორგი ვეკუა და ზაზა ჯიქია. მათ ათობით პატიმარზე განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაში ედებათ ბრალი. ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფებიან. ამ საქმეში პროკურატურამ 116 პირის დაკითხვა მოითხოვა. ადვოკატი პაატა ბოლქვაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით დაახლოებით 30 მოწმეა დაკითხული: „ეს საქმე ორ ხელისუფლებას ალბათ კიდევ მოიცვლის…“

„ბათუმის ციხის საქმეზე“ ერთ-ერთმა მოწმემ, ყოფილმა პატიმარმა, ციხეში საკუთარი წამების ისტორიის მოყოლის შემდეგ მოსამართლეს ჰკითხა: „მე მაინტერესებს, რატომ არიან ისინი თავისუფლებაში? ჩვენ როცა დანაშაული ჩავიდინეთ, ორ თვეში გაგვასამართლეთ, ეს მწამებლები კი ორი წელია გარეთ არიან, ესაა სამართალი, ბატონო მოსამართლევ?…“

 „რეალურად არსებობს უამრავი მუხრუჭი ქალებისთვის“

რატომ უნდა იყოს მეტი ქალი პოლიტიკაში, რას ნიშნავს მისთვის ქორწინებისა და ოჯახის ცნება და დაუჭერს თუ არა სექსუალური უმცირესობების პრობლემის მოგვარებას საკანონმდებლო დონეზე გამარჯვების შემთხვევაში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში ნინო ბერაძემ ისაუბრა. ნინო ბერაძე ამჟამად ბათუმის საკრებულოს წევრია.

მესამე წელია, რაც ბათუმის საკრებულოს წევრი ხართ, ამ დროის მანძილზე რა იყო თქვენთვის ყველაზე აქტუალური თემა და შეძელით თუ არა ამ საკითხების გატანა საკრებულოზე?

მე ვარ განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და პირველ რიგში ამ კომპეტენციის ფარგლებში მუშაობა მეხება. ძირითადად ისეთ პროგრამებზე ვაკეთებ აქცენტს, რაც განათლების ხელმისაწვდომობას, მის ხარისხს, ასევე პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. პირველი და მნიშვნელოვანი ინიციატივა ჩემთვის იყო ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია, რომელიც ჩემ მიერ იყო ინიცირებული და ძირითადად მაღალი აკადემიური მოსწრების მაგისტრანტებზეა გათვლილი, თუმცა დღეს ბაკალავრებზეც ვრცელდება. ჩემი მოთხოვნა იყო, რომ სტიპენდია დეფიციტურ პროფესიებზე – ინჟინერია, არქიტექტურის მიმართულებებზე გაცემულიყო, თუმცა შემდეგ სხვა მიმართულებებიც დაამატეს.

როგორ ფიქრობთ, თქვენი ინიციატივების გატანა იმიტომ შეძელით, რომ  ქართულ ოცნებასთან კოალიციაში იყავით, თუ მის მნიშვნელობაში დაარწმუნეთ საკრებულო? და თავისუფალი დემოკრატების მიერ კოალიციის დატოვების შემდეგ თუ ახერხებთ ინიციატივების გატანას?

მე ვარ კომისიის თავმჯდომარე, აქედან გამომდინარე, მაქვს მეტი ბერკეტი ნებისმიერ სხვა წევრთან შედარებით, რომ საკითხი გავიტანო. ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან, ძირითადად, მხარს მიჭერენ. კომისიურ გადაწყვეტილებას სხვა ძალა აქვს და უმრავლესობის წევრები ვეღარ გეწინააღმდეგებიან.

რომ არ ყოფილიყავით კომისიის თავმჯდომარე, მაშინ მიაღწევდით შედეგს?

ნინო ბერაძე
ნინო ბერაძე

მაშინ უკვე გიწევს საკრებულოს წევრების, მთლიანი შემადგენლობის დარწმუნება, რაც ძნელდება. თუმცა, ჯიუტად ვცდილობთ, რომ ერთი და იგივე საკითხი რამდენჯერმე გავიტანოთ და ასე მივაღწიოთ მიზანს. ასეთი პრინციპული საკითხი იყო „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მეტაქსას ქუჩაზე არსებული ცარიელი შენობა, რომელიც აჭარის მთავრობის საკუთრებაშია და მოვითხოვთ, რომ ეს შენობა გადმოეცეს ქალაქს საბავშვო ბაღისთვის. მოთხოვნა უკვე გადაგზავნილია ზურაბ პატარაძესთან. ასევე, მუნიციპალური აუზის საკითხი გვქონდა გატანილი და მივაღწიეთ იმას, რომ დაიწყება ადგილის გამონახვა და შესაბამისი ფინანსები გამოიყოფა ბიუჯეტიდან. სამჯერ გავიტანე და ჩავარდა საკითხი, რომელიც ექვსშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბინით უზრუნველყოფას შეეხება. მქონია შემთხვევები, როცა ვამჯობინებ, რომ საკითხი კონკრეტულმა ორგანიზაციამ გაიტანოს, ასე იყო მაგალითად ღია სივრცეში კინოჩვენებასთან დაკავშირებით და ეს მეთოდი კარგად ჭრის.

შესამჩნევია ტენდენცია, რომ პარტიები ძირითადად იმ ადამიანებს ასახელებენ კანდიდატებად, რომლებიც უკვე ჰყავთ ამა თუ იმ სახელმწიფო სტრუქტურაში. ნაციონალურმა მოძრაობამაც საკრებულოდან დაასახელა საქართველოს პარლამენტში თავისი კანდიდატი და თქვენმა პარტიამაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანური რესურსების პრობლემა აქვთ პარტიებს?

ადამიანური რესურსის პრობლემა არის პოლიტიკაში, რადგან სულ მგონია, რომ მხოლოდ ბოლო ეტაპზე იწყებენ ახალი სახეების ძიებას. ეს პროცესი ოთხწლიან ციკლშიც უნდა მიმდინარეობდეს. ჩვენი პარტია პარლამენტშიც და ზოგადად, მხარს უჭერს ქალების კვოტირების სისტემას იმიტომ, რომ ფინანსურმა დაინტერესებამ არ გაჭრა პარტიებთან, კვოტირების სამი ვარიანტი არსებობდა და ვერც ერთი ვერ გავიდა პარლამენტში, ამიტომ ცალკეული პარტიები ცდილობენ შიდა პარტიულ დონეზე მოაგვარონ ეს საკითხი.  შესაბამისად, მე მხოლოდ სიის გასალამაზებლად არ ვარ პარტიაში,  მაქვს ამბიცია, რომ შერჩეული ვარ პოლიტიკური გამოცდილების ნიშნით.

იმ შემთხვევაში, თუკი მოხვდებით პარლამენტში, რაზე გააკეთებთ აქცენტს, თუ გაქვთ უკვე პრიორიტეტების მონახაზი?

როცა პარლამენტის წევრი ხარ, მაშინ თავს ასე ვერ შეიზღუდავ.  თუმცა, ერთ-ერთი პრიორიტეტი აუცილებლად იქნება განათლება, რადგან ამ სფეროდან მოვდივარ. 30 წელია უნივერსიტეტში ვმუშაობდი და განათლების სამინისტროშიც ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელი ვიყავი. ასევე მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობა, შშმ პირების პრობლემებზე მეტი მუშაობაა საჭირო. ძალიან სენსიტიური თემაა ის, რომ არაადაპტირებული სკოლების გამო შშმ ბავშვები ვერ ახერხებენ განათლების მიღებას და ატესტატის აღებას. მარტო პანდუსით არ წყდება პრობლემა.

არსებობს სტერეოტიპი, რომ პოლიტიკა კაცების საქმეა. როგორ ფიქრობთ, რატომ არის ქალის ყოფნა პოლიტიკაში მნიშვნელოვანი?

როცა პოლიტიკაში ქალების მონაწილეობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა. მაგრამ, რეალურად, ცხოვრებაში, ჩვენ ვხედავთ რომ არსებობს უამრავი მუხრუჭი ქალებისთვის. ქალებს და კაცებს მეტ-ნაკლებად განსხვავებული ინტერესები აქვთ. შეიძლება კაცისთვის შეიარაღება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ის, რომ ბაღი არ არსებობს, ქალი სამსახურში ვერ მიდის და ქალზე გადადის მეტი შრომა – ამ საკითხის წამოწევა ქალზე უკეთ არავის არ შეუძლია. სოციალურ საკითხებში მომვლელის ფუნქცია აკისრია ქალს და მისი განვითარება ამითაც ფერხდება, ამიტომ ამ კუთხით საკითხების ლობირება ქალებს უკეთ შეუძლიათ.

ამ პარლამენტმა ვერ შეძლო ფემიციდის შესახებ კანონის მიღება, თქვენი პოზიცია როგორია ამ თემის მიმართ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქალთა მკვლელობები შეჩერდეს ქვეყანაში?

არსებობს კანონი, რომელიც ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მუშაობს და სისხლის სამართლის კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული ოჯახურ ძალადობას. მხოლოდ კანონის გამკაცრება ვერ აღმოფხვრის პრობლემას თუ არ იქნა საზოგადოებრივი აზრის ცვლილება, რომელიც ხშირად ამართლებს მკვლელს და ბჭობს იმაზე, იყო თუ არა ქალის საქციელი მკვლელობის მაპროვოცირებელი. თუ არ მოხდა საზოგადოების მხრიდან ამ პრობლემის სხვა ხარისხში აყვანა, მხოლოდ კანონი ვერ იქნება ეფექტური. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მეტი ქალთა თავშესაფარიც, რომ კონფლიქტის პერიოდში იყოს ქალი იზოლირებული. ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია რამდენად პრინციპულად სრულდება კანონი. უბნის ინსპექტორია თუ პატრულის თანამშრომელი, ის რამდენად სერიოზულად უდგება ამ საკითხს, ეს არის მნიშვნელოვანი. კარგად დაწერილ კანონს კარგი შემსრულებელი უნდა ჰყავდეს.

ამ საარჩევნოდ ხშირად მიდის საუბრები იმაზე, ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ განმარტება. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, რა არის თქვენთვის ქორწინება, ოჯახი?

ოჯახი არის ის, რაც აქამდე გვქონია, ანუ ქალისა და მამაკაცის ერთობა.  ოჯახსა და ქორწინებას ერთნაირად აღვიქვამ. თუმცა, ოჯახის შემადგენლობაში კაცია შვილებთან ერთად თუ ქალი, საზოგადოებაში ასე არ დგას საკითხი.  ის, რომ ქორწინება ქალისა და ქალის ერთობაა, კანონში არსებობს ჩანაწერი და ჩემთვის ეს სავსებით საკმარისია, მაგრამ თუ საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საშიშროება ექმნება ოჯახს, მაშინ რატომაც არა.

სექსუალურ უმცირესობებზე მაინტერესებს თქვენი პოზიცია. ხშირად საუბრობენ ეს ადამიანები, რომ საკანონმდებლო დონეზე მათ პრობლემები ექმნებათ როგორც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის განსაზღვრასთან, ასევე ბავშვის აყვანასთან დაკავშირებითაც. როგორ ფიქრობთ, უნდა მიეცეთ თუ არა მათ ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა საკანონმდებლო დონეზე?

ჩემი დამოკიდებულება ასეთია, რომ კანონთან მიმართებაში ვიქნები მომხრე ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილების, რომელიც დაიცავს  მათ უფლებებს. სამსახურში მოწყობა იქნება, შვილად აყვანის თუ სხვა, მე მხარს დავუჭერ ასეთ საკითხებს.

პარკირების წესების დარღვევისთვის დღეს ბათუმში 510 ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე,  510 ადამიანი დაჯარიმდა.

მათ შორის 424 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომსთვის, 1 –  დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 52 – ნიშანში დგომისთვის, 11 – ტროტუარზე დგომის გამო, 9 – ტაქსის და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო, 8 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 4 –  ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

[1]

უსკოში 20 პარტია დარეგისტრირდა, 8 კი რეგისტრაციის პროცესშია

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (უსკო) პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის ვადა დაახლოებით 1 საათის წინ ამოიწურა. უსკოს თავმჯდომარის პარმენ ჯალაღონიას ინფორმაციით საარჩევნო ადმინისტრაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის სულ 28 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციაში შევიდა ორი ისეთი პოლიტიკური პარტიის განცხადებაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, შესაბამისად მათ 19 აგვისტომდე უსკოში 3000 მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა წარადგინონ.

პარმენ ჯალაღონიას განმარტებით, ეს უპრენცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელია უსკოს არჩევნებში მონაწილე პარტიების რაოდენობისა. 2012 წელს უსკოს არჩევნებში 7 პარტია იყო რეგისტრირებული, 2008 წელს – 6 პარტია, 2004 წელს კი – 10 პარტია.

უსკოში რეგისტრირებული პარტიები:

  1. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
  2. “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” [შალვა ნათელაშვილი]
  3. “ცენტრისტები” [ბედუკაძე-ხაჩიშვილი]
  4. პარტია “საქართველო”
  5. “მემარცხენე ალიანსი” [კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე]
  6. “საქართველოს რესპუბლიკური პარტია” [დავით უსუფაშვილი]
  7. “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” [პაატა ბურჭულაძე]
  8. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” [დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი]
  9. “ჩვენი სამშობლო”
  10. “ეროვნული ფორუმი”
  11. “სახალხო პარტია”
  12. “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი”
  13. სახალხო ხელისუფლება”
  14. თავისუფალი დემოკრატები” [ირაკლი ალასანია]
  15. “სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო” [გიორგი ვაშაძე]
  16. “მამული, ენა, სარწმუნოება” სახელწოდებით “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”
  17. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”
  18. ” ახალი მემარჯვენეები”
  19. “საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია
  20. “ნეიტრალური საქართველო” სახელწოდებით “კვარაცხელია – სოციალისტები”

პარტიები, რომელლებიც რეგისტრაციის პროცესშია:

21. ,, ერთიანობის დარბაზი’’ (უნდა წარმოადგინონ მხარდამჭერთა სია 19 აგვისტომდე);
22. ,,დემოკრატიული განახლება-ჩვენი საქართველო გაბრწყინდება’’ (ჩვენები);
23. ,,საქართველოს მშვიდობისთვის’’;
24. ,,თავისუფალი საქართველო’’;
26. ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს;
27. ,,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა’’
28.  ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო’’.

ამავე თემაზე: უსკოში პარტიების რეგისტრაცია ერთ საათში დასრულდება

უსკოში პარტიების რეგისტრაცია ერთ საათში დასრულდება

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის ვადა დღეს, 12 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით უსკოში 11 აგვისტოს 18:00 საათის მონაცემებით 15 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. 6 პოლიტიკური პარტიის განცხადება კი განხილვის პროცესშია.
პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებსაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია არ აქვთ გავლილი, უსკოში 3 000 მხარდამჭერის ხელმოწერა 19 აგვისტომდე უნდა წარადგინონ. ამ დროისთვის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ასეთი ერთი საარჩევნო სუბიექტის განცხადებაა შესული.
საარჩევნო სუბიექტებს პარტიული სიების წარდგენის ვადა არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 დღისა, 8 სექტემბრამდე აქვთ.

კომისიამ ეკომიგრანტი ოჯახების პროგრამაში ჩართვის საკითხი განიხილა

დღეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა ჩატარდა.

ხდომაზე განიხილეს ხულოს, შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების გამგეობების შუამდგმლობა  – 25 ეკომიგრანტი ოჯახის სამინისტროს პროგრამაში ჩართვის მიზნით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სხდომის შედეგად 24 ოჯახს გაეგზავნება შეთავაზება მოიძიონ შესასყიდად სასურველი საცხოვრებელი ფართები, ხოლო ერთი ოჯახის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება ეთხოვა მუნიციპალიტეტს.

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ 4 ეკომიგრანტი ოჯახის მიერ, შესასყიდად მოძიებული საცხოვრებელი ფართების ტექნიკური მდგომარეობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, ინფორმაციის ექპერტიზაზე გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

„ყვითელი ჩემოდანი“ თბილისი-ბათუმის გზაზე – თეონა პაიჭაძის გამოფენა ხელოვნების გალერეაში

ბათუმში, ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, თბილისელი მხატვრის, თეონა პაიჭაძის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ჟანრობრივად მრავალფეროვანი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. მხატვარი იყენებს ისეთ მასალებს, როგორიცაა: პოლიგრაფიული საღებავი, თუნუქის ფირფიტები და პოლიეთილენი. „ყვითელი ჩემოდანი“ – ასე ეწოდება თეონა პაიჭაძის ნამუშევრების გამოფენას, რომელიც ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 14 აგვისტომდე დარჩება.

„იყო ასეთი სიმღერა ჩემს ბავშვობაში, ძალიან მოდური. შეიკრიბებოდნენ თუ არა ახალგაზრდები, ყველა მღეროდა: „ყვითელი ჩემოდანი, ის ყოველთვის შენთან არის….“ – მიყვება თეონა პაიჭაძე გამოფენის სახელწოდებაზე.

„ყვითელი ჩემოდანი“ გამოფენაზე წარმოდგენილი მისი ერთ-ერთი ნამუშევრის სახელწოდებაცაა, რომელზეც ბაქანზე, თბილისი-ბათუმის ძველი მატარებლის ფონზე, ორი, წითელი და ყვითელი ფერის ჩემოდანია. თეონას ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ეს გზაა, თბილისიდან ბათუმამდე და პირიქით. თეონას მამა მწერალი სოსო პაიჭაძეა, რომელიც ბათუმში ცხოვრობდა, ამიტომ თეონასათვის მოგონებები მამაზე და ბათუმზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ბათუმში არ გავზრდილვარ, მაგრამ წელიწადში ორი თვე აქ ვიყავი ყოველ წელს. სახლიც მაქვს აქ, ბებიას სახლი, ტელმანის ქუჩაზე. ისე მიყვარს აქაურობა… სოსოს შემოქმედება მთლიანად ბათუმითაა შთაგონებული. ამ ნახატს, „ყვითელ ჩემოდანს“, თავიდან ერქვა „ბაქანი – ბოტანიკური ბაღი~. მამას ერთ მოთხრობას ჰქვია ასე“, – ამბობს თეონა.

ხატვა ბავშვობაში დაიწყო. „სკოლის რვეულებში სულ ნაჯღაბნი მქონდა. მათემატიკის მასწავლებელი გიჟდებოდა, გადაშლიდა რვეულს და სულ შიშველი ადამიანების ფიგურები ეხატა. სულ მეჩხუბებოდა, ყვავილი და პეპელა მაინც დახატეო! წავიდოდა, დედაჩემს აჩვენებდა _ ნახე, რას ხატავსო. მეექვსე კლასში ვიყავი. მამა მაშინ ტელევიზიაში მუშაობდა და მიუტანა ჩემი ნახატები მხატვარ თემო გოცაძეს, ნახე, აბა, რას ხატავსო. თემომ გულდასმით დაათვალიერა და ფუნჯები, პასტელები, გუაში, აკვარელი, ფურცლები მაჩუქა, რაღაცები ამიხსნა. ეს არასდროს დამავიწყდება,“ – იხსენებს თეონა.

თეონამ თბილისის სამხატვრო აკადემია 1997 წელს დაამთავრა, დაზგური გრაფიკის განხრით, თუმცა პირველი პერსონალური გამოფენა წელს, აპრილში ჰქონდა. რამდენიმეწლიან წყვეტას თავისი მიზეზები აქვს, თეონას საკუთარი პოლიგრაფიული კომპანია აქვს და მისი ძირითადი საქმიანობაც ამას უკავშირდებოდა, თუმცა ორი წლის წინ სიტუაცია შეიცვალა, თეონა მთლიანად მოიცვა ხატვის სურვილმა და მისი პირველი პერსონალური გამოფენა წელს, მწერალთა სახლში, სოსო პაიჭაძის კრებულის პრეზენტაციაზე შედგა. კრებული „ქარჩხაძის გამომცემლობამ~ გამოსცა სერიაში: „ალტერნატიული ქართული პროზა“.

„დღესაც კარგად მახსოვს. ორი წლის წინ იყო მთავრობის განცხადება, ქამრები შემოვიჭიროთო. ხოდა, ვთქვი, თუ ქამრები შემოიჭირეთ და შეკვეთები მცირდება, მაშინ ავდეგები და ხატვას დავიწყებ. 2 იანვარი იყო, ბედობა, ავდექი, წავედი და ვიყიდე მთელი ჩემი ფულით ბევრი საღებავი, მოლბერტი და დავიწყე ხატვა. ორი წელი გავიდა და არ გავჩერებულვარ. სულ მინდოდა, რომ სოსოს წიგნი და გამოფენა ერთად ყოფილიყო და ასეც მოხდა. ნელ-ნელა ოფისი სახელოსნოდ ვაქციეთ. შეკვეთებსაც ვიღებ, მაგრამ ახლა მთავარი ხატვაა,“ – ამბობს თეონა.

პირველ პერსონალურ გამოფენას მოჰყვა მეორეც, სახელწოდებით – „E2E4~ „ვანდა გალერეაში“. „ყვითელი ჩემოდანი“ თეონას მესამე გამოფენაა და წინა ორისაგან გასხვავებული:

„ბოლო 3-4 თვის ნამუშევრებია. განსხვავებული ტექნიკაა, განსხვავებული მასალები, მათ შორის პოლიეთილენი და პოლიგრაფიული მასალები. ბოლო ექვსი წელია პოლიგრაფიული კომპანია მაქვს და ჩემი სამსახური უშუალოდ უკავშირდება ამ მასალებს. ვიფიქრე, რატომაც არა, გავაკეთებ პოლიგრაფიული მასალებით,“ – ამბობს თეონა.

„ეს სურათები ხასიათდება დახვეწილი ფერწერული გამით, მკაფიო ნახატით, ორიგინალური კომპოზიციური სტრუქტურით. ისინი აღბეჭდილია მხატვრის ინდივიდუალური ხედვით, შემოქმედებითი მიდგომით, თავისუფალი ინტერპრეტაციით, რაც ნაწარმოებს ესთეტიკურ გამომსახველობას, ექსპრესიულობასა და თავისთავადობას ანიჭებს,“ – ამბობს ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც თეონა პაიჭაძის ნამუშევრებია მნიშვნელოვანი, მხატვრის შემოქმედებითი მიდგომაა.

„ეს საოცარი შემოქმედებითი მიდგომა სახეზეა და ჩემი აზრით, ხელოვნებაში მთავარი სწორედ ესაა. ყველა კომპოზიცია არის ნაგრძნობი, გააზრებული, გადახალისებული. ეს არ არის უბრალოდ კლასიკური ჟანრები, სიუჟეტურობა ახასიათებს, რაც, როგორც ჩანს, მისი მამის მოთხრობებიდანაც მოდის,“ – ამბობს რატი.

თეონა კი ფიქრობს, რომ ჯერ ადრეა საკუთარ თავს მხატვარი უწოდოს, ეს სიტყვა მასში განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას იწვევს:

„მხატვარი ვარ-თქო – ვერ დავირქმევ, იქამდე დიდი გზაა გასავლელი. ჩემთვის ეს ძალიან დიდი სიტყვაა. ახლა ცოტას შევისვენებ. თავიდან ზუსტად რას ვხატავ, არადროს ვიცი. ვზივარ და ვუყურებ ტილოს. იქ რაღაცას ვხედავ. ნელ-ნელა ჩნდება ყველაფერი, თანდათან ვხვდები რა მინდა. ვეძებ რაღაც ახალს, ვინც არ უნდა შეგაქოს, რაც არ უნდა გითხრას, ყოველთვის ახალს ეძებ. ახლა გაჩერება გამორიცხულია.“
.

რუსული პროპაგანდა, ხელისუფლება და საზოგადოების რეაქცია

რას უკავშირდება ბოლო დროს პრორუსული ჯგუფების გააქტიურება საქართველოში? რატომ დუმს ხელისუფლება და რა არის რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

 ბოლო დროს რუსული პროპაგანდა საქართველოში გასცდა მედიის საზღვრებს, გასულ კვირას გამოჩნდა ჭიქა-სუვენირები რუსეთ-საქართველოს სიყვარულზე, ნაყინი სახელწოდებით  -„СССР“, სხვადასხვა ჯგუფმა ღიად გამოიტანა საბჭოთა სიმბოლიკაც… რას უკავშირდება საქართველოში პრორუსული პროპაგანდის გაძლიერება?

პირველ რიგში, ალბათ უნდა დავიწყოთ იქედან, რომ წინასაარჩევნო გარემოა და პრორუსული ძალები წინასაარჩევნოდ ცდილობენ გააქტიურებას, რადგან ამ პერიოდში მოსახლეობის პოლიტიზების დონე საკმაოდ მაღალია. ისინი ცდილობენ, გაახმოვანონ ის ძირითადი გზავნილები, რაც აქვთ, რადგან სხვა დროს შეიძლება ასეთი ინტერესი არ გამოიწვიოს საზოგადოებაში.

ამას ემატება საგარეო პოლიტიკური კონტექსტიც – რუსეთი ცდილობს ბოლო პერიოდში პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენა გააძლიეროს. ეს იმაშიც აისახება, რომ ისინი საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ, რათა გარკვეულწილად მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ცვლილებები.

ვისზე და რაზეა გათვლილი ეს პროპაგანდა, ვინ არის სამიზნე ჯგუფი?

პროპაგანდა მუშაობს რამდენიმე მიმართულებით, პირველი ეს არის ნოსტალგია – მისი სამიზნე ჯგუფი 50 წელს გადაცილებული ადამიანები არიან, რომელთაც ჯერ კიდევ ახსოვთ და აქვთ საბჭოთა ნოსტალგია, მეორე მიმართულებაა რელიგიური სოლიდარობა, ამ მხრივ მართლმადიდებლობა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს (მათ შორის საქართველოს) შორის ძალიან ბევრი საერთო არსებობს, ისინი სწორედ ამის გაღვივებას ცდილობენ, რათა ამ ქვეყნების პოლიტიკურმა ლიდერებმა და საზოგადოებამ ზურგი აქციოს დასავლეთს. მესამე მიმართულებაა ეკონომიკა. თუ გადავხედავთ რუსეთისა და საქართველოს სავაჭრო დინამიკას, იგი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საკმაოდ შეიცვალა, რუსეთი საქართველოს უკვე ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი გახდა, რაც მთლიანობაში ცუდი არ იქნება, უბრალოდ ამან არ უნდა მიიღოს ისეთი ხასიათი, რომ ზედმეტად დამოკიდებულები გავხდეთ რუსულ ეკონომიკაზე. ამას ემატება პროპაგანდა სუფთა პოლიტიკური თვალსაზრისითაც, როცა ისინი ცდილობენ გარკვეული სოციალური და პოლიტიკური ჯგუფების საკუთარ მხარეზე გადაბირებას და მათ გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის. სამიზნე ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში, ქმნიან პრორუსულ ჯგუფებს, რომლებიც შექმნიან გარკვეულ პოლიტიკურ ამინდს და პარლამენტში მოხვედრის შემდეგ შეძლებენ გარკვეულწილად საგარეო პოლიტიკური კურსის კორექტირებას, იგივე ევრაზიულ კავშირთან მიმართებაში.

 საქართველოში ვინ დგას ამ ჯგუფების უკან? გასაგებია კრემლის ინტერესები, მაგრამ ფაქტია, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს ეს ჯგუფები არ ჩანდნენ, თუმცა ბოლო წლებში სურათი შეიცვალა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეიცვალა დამოკიდებულება ამ ჯგუფების მიმართ. თუ იქამდე მათ ეშინოდათ სერიოზული შეხვედრების ჩატარება, ახლა არაფერი აშინებთ, პირიქით შეტევაზე გადმოდიან კიდეც. იყენებენ ინფორმაციის მასობრივი გავრცელების სხვადასხვა საშუალებას. მთლიანობაში, ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს ამას, მაგრამ ხელსაც რომ არ უშლის _ ფაქტია.

ვერ ვიხსენებ ვერც ერთ შემთხვევას, გარდა პრემიერის უკანასკნელი განცხადებისა, ვალერი კვარაცხელიას მოძრაობასთან და საბჭოთა ატრიბუტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით. ბოლო დროს ამ ჯგუფების მხრიდან ხშირი იყო კანონის დარღვევის შემთხვევებიც და ხელისუფლების მხრიდან ამას არანაირი რეაქცია არ ჰქონია. ბუნებრივია იბადება ეჭვი, რომ ხელისუფლება თუ ხელს არ უწყობს, რატომ არ უშლის, ვინ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, თუ ეს ძალები კიდევ უფრო გააქტიურდებიან, რამაც შესაძლოა წინასაარჩევნოდ არც ისე კარგი პროცესები გამოიწვიოს. სწორედ ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი ამ პროცესებზე და გაუგებარია, თუ რატომ არ აქვთ მათ კონკრეტული პოზიცია ამ ჯგუფებთან დაკავშირებით.

 თქვენი აზრით, აქვთ თუ არა კავშირი პრორუსულ ჯგუფებს ერთმანეთთან? ერთი შეხედვით სხვადასხვა ჯგუფებია, იკითხება მათ მიღმა ერთი ხელწერა? ასევე, როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა პრორუსული ძალების გაერთიანება 2016 წლის არჩევნებზე?

ცოტა რთულია ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა, მაგრამ ფაქტია – ისინი ამ მომენტში ცდილობენ სხვადასხვა მესიჯებით სხვადასხვა სოციალურ ფენას გადასწვდნენ, თუმცა თუ საჭირო გახდება, ალბათ გაერთიანდებიან კიდეც. ამ ეტაპზე გაერთიანება არ არის მიზანი, რადგან უფრო ადვილი იქნებოდა მათი მარგინალიზება. იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდება სათანადო მომენტი, რა თქმა უნდა, ეს ხალხი მზად იქნება. აი, აქ არის ხელისუფლების ვალდებულება, თუ რას აკეთებს ის, იცის თუ არა მათი მიზნები და ა.შ. მაგალითად, როცა რუსეთის დუმის დეპუტატი ჩამოდის მეჭიაურთან ერთად, აკეთებს განცხადებას, ეს უკვე ყურადსაღები უნდა იყოს. ხელისუფლება თავს არიდებს იმას, რომ გააკეთოს მკვეთრი განცხადებები და ეს გაურკვევლობას იწვევს საზოგადოების დიდ ნაწილში.

რამდენად ადეკვატურია ამ დროს საზოგადოების რეაქცია რუსულ პროპაგანდაზე?

საბედნიეროდ საზოგადოებას კარგად ესმის ეს საფრთხეები, დამოკიდებულება ამ ჯგუფების მიმართ არის აბსოლუტურად ადეკვატური, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დაბრკოლება ამ ჯგუფებისთვის, იმიტომ, რომ მათ ვერ მოახერხეს ჯერჯერობით, მათი მესიჯები გახდეს მაინსტრიმი. ანუ ისინი თავიანთი ლოზუნგებითა და აქტივობებით ყურადღებას კი იპყრობენ, აქტიურდებიან, მაგრამ მათი მესიჯები ვერ გახდა დღის წესრიგი – ეს სწორედ საზოგადოების დამსახურებაა და არა ხელისუფლების.

აქედან გამომდინარე, საზოგადოების იმედზე უნდა ვიყოთ ამ ეტაპზე, იმიტომ, რომ ერთადერთი დამცავი მექანიზმი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, არის საზოგადოების ჯგუფების თვითორგანიზება, განსაკუთრებით ახალგაზრდების. არ არის აუცილებელი, რომ ეროვნული უსაფრთხოების დონის პრობლემის გაჩენის შემდეგ მიექცეს ამას ყურადღება, ამ ბოლო დროს ჩანს, რომ ისინი ცოტა უფრო აგრესიულები გახდნენ, წინათ ასე არ იყვნენ, ტონი შეიცვალა, ბუნებრივია ხელისუფლებას მოუწევს ამაზე გარკვეული რეაგირება, ჯობია, ეს დროზე მოხდეს.

თუ ამ მხრივ არაფერი შეიცვალა ხელისუფლების მხრიდან, რა არის რუსული პროპაგანდის მთავარი საფრთხე საქართველოს შემთხვევაში? რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის მაგალითი რომ გვითხრათ, სადაც ამ პროცესებს ცუდი შედეგები მოჰყვა.

თუნდაც ჩვენი მეზობელი სომხეთის მაგალითი ავიღოთ. მე არ ვამბობ, პროპაგანდის დამსახურებაა ის, რომ სომხეთი დღეს ევრაზიულ კავშირშია, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. თავის დროზე სომხეთს ჰქონდა ასეთი საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ისინი კომპლიმენტარიზმის პოლიტიკას ეძახდნენ, ანუ მათ უნდოდათ დასავლეთთან დაახლოება და ამავდროულად სურდათ რუსეთთან შეენარჩუნებინათ კარგი ურთიერთობა. ბუნებრივია ეს დიდ ხანს ვერ გაგრძელდებოდა და სწორედ ასეც მოხდა, ისინი ორ სკამზე ვერ დაჯდებოდნენ და ერთი სკამის არჩევა მოუხდათ. ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, სხვადასხვა წრეები და ელიტები მასმედიის პროპაგანდის საშუალებით ფაქტობრიად გადაბირებული იყო რუსეთის მხარეს. როდესაც ეს გადაწყვეტილება მათმა პრეზიდენტმა ერთ დღეში შეცვალა, ამას რეალურად არავინ შეწინააღმდეგებია, გარდა ერთი-ორი პატარა ჯგუფისა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სომხეთის შემთხვევაში ყარაბაღის კონფლიქტი იყო. საგულისხმოა, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების წამოწევას ცდილობს რუსული პროპაგანდა საქართველოს შემთხვევაშიც. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეცვლის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ, თეორიულად მოდის თემები, თუ როგორ შეიძლება მოხდეს დაკარგულ ტერიტორიებთან ურთიერთობის დალაგება და ა.შ. მათ ეს კარგად გამოიყენეს სომხეთის შემთხვევაში და ახლა ცდილობენ ეს მტკივნეული თემები ჩვენთანაც გამოიყენონ, რადგან იციან, რომ საქართველოს საზოგადოებაში როგორც ძლიერია ევროატლანტიკური სივრცისადმი მისწრაფება, ისეთივე დიდი მხარდაჭერა აქვს ტერიტორიულ მთლიანობასაც.

რა მიიჩნევა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად?

პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე კარგი საშუალებაა სიმართლე და ფაქტები, რაც ადვილი არ არის, მაგრამ სხვა ეფექტური გზა, მით უმეტეს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, არ არის. საჭიროა საზოგადოებასთან პირდაპირი მუშაობა. მაგალითად, როცა ჟღერდება ნარატივი, რომ რუსეთმა კარგი გააკეთა საქართველოსთვის ამა და ამ დროს (იგივე გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით), ისტორიკოსებისა და პოლიტოლოგების ჯგუფებმა, რომელთაც გარკვეული ავტორიტეტი აქვთ საზოგადოებაში, ძალიან მოკლედ და გასაგებ ენაზე უნდა განუმარტონ მოსახლეობას, თუ რა არის რეალურად სიმართლე ამა თუ იმ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და ეს უნდა გაჟღერდეს მასმედიის საშუალებით.

ფოტო: რადიო „თავისუფლება” 

ბრიკეტი – შეშის ალტერნატივა

„მოგვწონს, მაგრამ მთავარი პრობლემა ფასია“

„ოჯახებში მივიტანეთ და გამოვცადეთ ბრიკეტები – 15-20 წუთში ორი ჩაიდანი წყალი აადუღა“, – ყვება მაჭახელას ეროვნული პარკის დირექტორი გიორგი ქურიძე. იგი ბიომასის ბრიკეტებზე საუბრობს, დაპრესილ ბიოსაწვავზე, რომელიც სატყეო და სოფლის მეურნეობის ნარჩენებისაგან მზადდება, გამოირჩევა მაღალი თბოუნარიანობით და რაც მთავარია, საშეშე მერქნისგან განსხვავებით გარემოს დაბინძურების მინიმალური მაჩვენებლით. ბიომასის ბრიკეტები მოსახერხებელია საქართველოში გავრცელებული ნებისმიერი ტიპის შეშის ღუმელისათვის, სწორედ ამიტომ ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა შეშის ჩასანაცვლებლად, თუმცა ძვირი.

გიორგი ქურიძემ ბრიკეტები ოჯახებში, გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ერთობლივი პროექტის – „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ – ფარგლებში გამოსცადა. როგორც პროექტის მენეჯერმა, ირაკლი გორაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, მათი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დაცული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების განვითარების ხელშეწყობაა. სწორედ ამიტომ პროექტი ახორციელებს კვლევას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში შეშის ალტერნატიული საწვავის გამოვლენა და ტესტირება.

მას შემდეგ, რაც მაჭახელას ეროვნულ პარკს სტატუსი მიენიჭა, ხე-ტყის მოხმარებაზე კონტროლიც გამკაცრდა. პარკის დირექტორის თქმით, ადრე ხეობაში რამდენიმე ოჯახი ხე-ტყის ბიზნესს ეწეოდა: „ვისაც დიდი მანქანები ჰყავდათ, გაჰქონდათ ხე-ტყე, სხვები კი, ვისაც ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, სარგებელსაც ვერ ნახულობდნენ. შემდეგ უკვე მიხვდნენ, რომ გაფრთხილება სჭირდება ამ რესურსს და თავად მოსახლეობაც რეაგირებს დარღვევების შემთხვევაში. ახლა ცდილობენ ტურისტული ბიზნესების დაწყებას და სხვა კუთხით უდგებიან ყველაფერს“.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება ბრიკეტების შესახებ. კვლევას ენერგოეფექტურობის ცენტრი ატარებს. ზოგიერთ ოჯახში რამდენიმე ცალი დატოვეს კიდევაც და ძალიან მოეწონათ. ბრიკეტები უფრო დიდხანს იწვის და მეტად თბოუნარიანია. ასევე თავისი ფორმითა და ზომით უფრო მოსახერხებელიც“, – ამბობს პროექტის – „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ – მენეჯერი ირაკლი გორაძე.

სოფელ აჭარის აღმართის მკვიდრი მერაბ მოფინაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვის ოჯახშიც მოხდა ბრიკეტების ტესტირება: „სწორედ ახლა მეზობლებთან ერთად განვიხილავდით ამ საკითხს. ძალიან კარგია და მოგვწონს, მაგრამ მთავარი პრობლემა ფასია. როგორც გვითხრეს, ერთი ტონა 500 ლარი ღირს, ერთ ოჯახს კი ზამთარში ორი ტონა სჭირდება. ამდენი ფული ჩვენ საიდან უნდა მოვიტანოთ. ვნახოთ, თუ რამე დაფინანსება იქნება, შეიძლება ამაზე ფიქრი. თორემ სხვა ყველაფერში მოგვეწონა“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში და დასძენს, რომ შეშის მოტანა და მომარაგება ოჯახს ზამთრისთვის დაახლოებით 400-მდე ლარი უჯდება.

„ბათუმელების“ შეკითხვას, ღირს თუ არა დამატებითი ხარჯი, თუ კი ეს ამცირებს შეშის მოპოვებასთან დაკავშირებულ რისკებს და ფიზიკურ სამუშაოს, როგორიცაა ხის მოჭრა, დაჩეხვა, ტრანსპორტირება და ა.შ. მერაბ მოფინაძე პასუხობს, რომ სოფლის მოსახლეობისთვის იმ რისკების კონტროლი, რაც ხე-ტყის მოპოვებისას ფიზიკურად დგება, უცხო არ არის და ფასის განსხვავება ამად არ ღირს.

ფასთან დაკავშირებით მოსახლეობის უკმაყოფილების შესახებ ინფორმაციას ირაკლი გორაძეც ფლობს. მისი თქმით, ამ ზამთარში ერთჯერადად შეირჩევა რამდენიმე ოჯახი, რომლებსაც თანადაფინანსებით შეეძლება ბრიკეტების შეძენა და მისი პრაქტიკაში გამოყენება: „ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მოკვლევა და მოლაპარაკებები. ჩვენ აგვისტოს ბოლოსთვის გვეცოდინება ზუსტად, თუ რამდენ ოჯახს შეეძლება ტესტირებაში მონაწილეობა და რამდენი იქნება პროექტის თანადაფინანსება. ეს მსურველებზეცაა დამოკიდებული. ზუსტ რიცხვს ვერ დავასახელებ, თუმცა დაახლოებით საუბარია 50%-იან თანადაფინანსებაზე“, – ამბობს იგი და აღნიშნავს, რომ მაღალი ფასები ბიოსაწვავის ამ სახეობაზე იმითაცაა განპირობებული, რომ დამამზადებელი პუნქტები აჭარაში არ არის. თუმცა ირაკლი გორაძე ასევე აღნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ფასები შესაძლოა შემცირდეს, თუ კი მოხდება ბიომასის საწვავის წარმოებით ბიზნესის დაინტერესება.

„ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით და არ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია მთლიანად ჩავანაცვლოთ შეშის გამოყენება, მაგრამ ვცდილობთ შევამციროთ მაინც. შესაძლოა მუნიციპალიტეტები დაინტერესდნენ და ვთქვათ, მუნიციპალური შენობები გადავიდეს ბიოლოგიურად სუფთა რესურსების გამოყენებაზე, ან მოსახლეობასაც შესთავაზოს თანადაფინანსება. ყველაფერს ამ ზამთრის ტესტირების შედეგები გვაჩვენებს“, – ამბობს ირაკლი გორაძე.
როგორც ირაკლი გორაძემ თქვა, აჭარაში მოსახლეობის მიერ ბრიკეტების საყოფაცხოვრებო საქმიანობაში გამოყენების მაგალითი არ არსებობს. გათბობის ამ საშუალებას მხოლოდ სურსათის ეროვნული ცენტრის რეგიონულ – ქედის, შუახევისა და ხულოს ოფისებში იყენებენ. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, გარემოს დაცვის სფეროში უზრუნველყოს საერთაშორისოდ აღიარებული, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის სტანდარტები და შეასრულოს მიღებული დირექტივები.

სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამის პრეზენტაცია ბათუმში

დღეს, 11 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

პროგრამის მიზანია სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა იურიდიული მომსახურება, გადამზადება, ასევე სამედიცინო მომსახურება, ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

„ეს არის სახელმწიფოს პროგრამა, რომელიც უკვე მეორედ და წარმატებით ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ჩვენ ვართ იმ ბენეფიციართა მომსახურების გამწევი ორგანიზაცია, რომელიც მოცემულ შემთხვევაში იურიდიული დახმარების უზრუნველყოფას უფასოდ ვთავაზობთ“, – ამბობს ახალგაზრდა ადვოკატების ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი. მისივე თქმით, მათი მიზანია საინფორმაციო კამპანია აწარმოონ არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს, შესაძლებლობა აქვთ საჭიროებების მიხედვით მიაკითხონ დევნილთა სამინისტროს ან გრანტის განმახორციელებელ ორგანიზაციას.

დევნილთა სამინისტრო მიგრირებულ მოქალაქეთა რეაბილიტაციის პროექტს 2015 წლიდან ახორციელებს, თუმცა აჭარისა და გურიის რეგიონები პროგრამაში წელს პირველად მოხვდა – „დევნილთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ გრანტში შედიოდა შემდეგი კომპონენტები – მიგრირებულ მოქალაქეთა პროფესიული სწავლება, გადამზადებისა და სტაჟირების დაფინანსება, მიკრობიზნესის დაფინანსება და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, აღნიშნულ პროექტში ჩვენმა ორგანიზაციამ გაიმარჯვა“, – განმარტავს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა გორგილაძე.

პროგრამის ფარგლებში მიკრობიზნესი 4 ათასი ლარით დაფინანსდება, სამედიცინო კომპონენტები დაფინანსდება 500 ლარით, რაც შეეხება სწავლება-გადამზადებისა და სტაჟირებას, მას დევნილთა და განსახლების სამინისტრო დააფინანსებს.

რკინიგზელები „საქართველოს რკინიგზას“ შეუსრულებელ პირობებს ახსენებენ და გაფიცვით იმუქრებიან

დღეს, 11 აგვისტოს, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციის წევრებმა, სადგურ „ბათუმის“ წინ გამაფრთხილოებელი აქცია გამართეს.

როგორც „ბათუმელებს“ სადგური ბათუმის რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გელა გოგელიამ უთხრა, დღეს მცირე აქციით შეახსენეს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას იმ ვალდებულებებისა და რვაპუნქტიანი შეთანხმების შესახებ, რომელიც 2014 წლის გაფიცვის დროს დაიდო.

„გაფიცვიდან მერვე დღეს შემოგვთავაზეს ლამაზი სიტყვებით დაწერილი რვაპუნქტიანი შეთანხმება, რომლის არცერთი პუნქტი დღემდე არ სრულდება. ერთ-ერთი მთავარი პუნქტი – ყოველ კვარტალში, სამი თვის ხელფასის 30%-ის პრემიის სახით გაცემა თავად შემოგვთავაზეს, შემდგომ 15%-ზე ჩამოიყვანეს და ამ 15%-საც გასცემენ თანამშრომელთა მხოლოდ 30%-ზე. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა, როდესაც ხელმძღვანელი საკუთარი შეხედულებებით გასცემს პრემიებს“, – განაცხადა გელა გოგელიამ და იქვე აღნიშნა, რომ სხვა შეთანხმებებიც, რომლებიც ჯერ კიდევ 2013 წელს დაიდო რკინიგზის სადგურის ადმინისტრაციასთან, შეუსრულებელია.

„ჩვენ გვინდა მუშაობა და ჩვენი შრომის შესაბამისი ანაზრაურება. გაფიცვა არ წარმოადგენს ჩვენს თვითმიზანს, ამიტომაც დღეს მხოლოდ ის თანამშრომლები შევიკრიბეთ, ვინც ცვლაში არ ვართ. არ გვინდა, რომ სახელმწიფომ ნახოს ზარალი, გვესმის, რომ საქართველოს რკინიგზას სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე დიდი თანხა შეაქვს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი“, – თქვა გელა გოგელიამ და იქვე დაამატა, რომ მსგავსი გამარფრთხილებელი აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართება, ხოლო თუ შედეგს ვერ მიაღწევენ და იძულებულები გახდებიან, რკინიგზელები კვლავ გაიფიცებიან.

რკინიგზელების აქცია / 11.08.2016 / ფოტო: პროფკავშირები
რკინიგზელების აქცია / 11.08.2016 / ფოტო: პროფკავშირები 
რკინიგზელების აქცია / 11.08.2016 / ფოტო: პროფკავშირები
რკინიგზელების აქცია / 11.08.2016 / ფოტო: პროფკავშირები

სასამართლომ საიას სარჩელი უსკოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ. საჩივრის მიზეზი საიას განცხადება იყო, რომელიც უსკომ განუხილველი დატოვა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიჩნია, რომ უსკო არის იმ კომპეტენციის ორგანო, რომელმაც სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციის შემთხვევები უნდა განიხილოს.

სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციად საიამ 31 ივლისის შემთხვევა მიიჩნია, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პარტიული ოფისის წინ შეკრებილებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა.  “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საარჩევნო კანონმდებლობის იმ ნორმის დარღვევაზე მიუთითებდა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქე წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება.

სასამართლომ უსკო დაავალდებულა ეს შემთხვევა განიხილოს, თუმცა უსკო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი განაცხადის შეტანიდან ორ დღეში უნდა განიხილოს. უსკო სარჩელით სასამართლოს ზემდგომ ინსტანციას დღესვე მიმართავს.

„მინიბიბლიოთეკის ყუთი“ ბათუმში

დღეს, 11 აგვისტოს ბათუმში, 6 მაისის პარკში „მინიბიბლიოთეკის ყუთი“ განთავსდა.

მსურველებს შეუძლიათ სასურველი წიგნების თხოვება, ადგილზე წაკითხვა ან თან წაღება და შემდგომ დაბრუნება. ასევე შესაძლებელია საკუთარი წიგნების დატოვება.

ყუთი არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი – საქართველოსთან“ დახმარებით, გამომცემლობამ „რადარამი“ დადგა და საკუთარი წიგნებით შეავსო.

Exit mobile version