კვირის ამბები,მთავარი

შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც შეღავათს ვერ იძლევა

07.08.2016 • 2670
შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც შეღავათს ვერ იძლევა

დაბალპროცენტიანი სესხით ფერმერები აჭარაში ნაკლებად სარგებლობენ. პროექტს – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. სახელმწიფო ამ შემთხვევაში სესხის პროცენტის ძირითად ნაწილს ფარავს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, თუ რამდენად ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეებისთვის.

არათუ დაბალპროცენტიანი, არამედ, ზოგადად, ბანკებისგან სესხის აღება სოფლის მეურნეობის დარგისთვის, ქვეყანაში პრობლემაა. ფერმერები კი სესხის სამომავლოდ აღების იმედად არიან და რთულ საბანკო პირობებზე ზოგადად, ან საერთოდ არ საუბრობენ.

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოკოტაურში მცხოვრები მურად ბერიძე ბოსტნეულს აწარმოებს. მან სასათბურე მეურნეობა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მიღებული გრანტით მოაწყო. შეღავათიანი აგროკრედიტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ბანკიდან სესხის გამოტანა თავის დროზე ვერ მოახერხა.

„ერთ-ერთ ბანკში მითხრეს, დაიწყე ბიზნესი და შემდეგ მოდიო, არადა, სესხი სწორედ ბიზნესის დასაწყებად მინდოდა. სხვა ბანკში 25%-იან სესხზე იყო საუბარი, მაგრამ პირობებს რომ გავეცანი, 30-ზე მეტი გამოდიოდა საპროცენტო განაკვეთი და არ ღირდა საქმის წამოწყება,“ – ამბობს მურად ბერიძე. ის სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ სხვა პრობლემებზეც საუბრობს, თუმცა დაბალპროცენტიანი სესხის აღებას, თუ ასეთი იქნება, თავისი ბიზნესის გასაფართოებლად არ გამორიცხავს.

„შეღავათიანი აგროკრედიტი“ სახელმწიფო პროექტია და ის დაბალპროცენტიანი სესხის გაცემას გულისხმობს სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებზე, როგორც საბრუნავი, ისე ძირითადი საშუალებებისთვის. რეგიონების მიხედვით დადგენილია პირველადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სახეობების ჩამონათვალიც. აჭარაში ეს არის: კურკოვანი, კენკროვანი, სუბტროპიკული, თესლოვანი კულტურები, ბოსტნეული და ყურძენი.

მაღალმთიანი აჭარა / მანანა ქველიაშვილის ფოტო

მაღალმთიანი აჭარა / მანანა ქველიაშვილის ფოტო

პროექტის ფარგლებში შეღავათიან აგროკრედიტებს გასცემენ მონაწილე კომერციული ბანკები. ამ პროექტში არ არიან ჩართულები მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

სესხი გაიცემა 20 ათასი ლარი და მეტი. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ ბანკებისთვის დაწესებულია საპროცენტო განაკვეთი – არაუმეტეს 15%. აქედან, 11%-ს ფარავს სახელმწიფო, დანარჩენს კი, იხდის თვითონ მსესხებელი.

ვისაც პროექტის ფარგლებში სესხის აღება სურს, პირველ რიგში უნდა მიმართოს პროექტში მონაწილე ბანკებს. რაც შეეხება სააგენტოს, ის არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავებისა თუ კრედიტის გაცემის პროცესში. ფაქტობრივად, ამ შემთხვევაშიც, ფერმერი, პირისპირ რჩება ბანკთან. ანუ მთავარი მოთამაშე სახელმწიფო პროექტში ბანკია.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მენეჯერი გიორგი ჯიბლაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში სესხად ბანკი საკუთარ თანხას გასცემს: „ჩვენ ძირითად ფულს არ ვიხდით, თანამონაწილეები გამოვდივართ – ბენეფიციარს ვუხდით სესხის 11%-ს. ძირი თანხა, რაც ბენეფიციარმა უნდა დააბრუნოს, ბანკის საკუთარი სახსრებია, შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს განაცხადი, თვითონ განიხილოს პროექტი და თავად მიიღოს გადაწყვეტილება მისი დამტკიცება-არდამტკიცების შესახებ. თუ კონკრეტული სესხის პირობები შეესაბამება ჩვენსა და ბანკს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ბანკი დაამტკიცებს სესხს და ჩვენ ამის შემდეგ ავტომატურად ვიწყებთ პროცენტის გადახდას. ბენეფიციარის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ მოდის ჩვენთან ინფორმაცია, როცა სესხი გაიცემა“.

ეკონომისტი დავით არძენაძე ამბობს, რომ პროექტი გარკვეულწილად საშუალებას აძლევს მეწარმეებს აგროსექტორში განახორციელონ თავიანთი იდეები: „წინგადადგმული ნაბიჯია იმ მხრივ, რომ იძლევა საშუალებას მეწარმემ შეიძინოს, როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებებიც. მაგრამ აქ არის მეორე ფაქტორი – ის, თუ რამდენად მარტივია ამ პროექტებში მონაწილეობა, რამდენად ვრცელდება ინფორმაცია. ვფიქრობ, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა არც თუ ისე მაღალია“.

დავით არძენაძე ამბობს, რომ არსებობს პროგრამები, მაგრამ ამ პროგრამების პიარისთვის ბანკები არ მუშაობენ: „ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. არის შემთხვევები, როცა რეკავ ბანკში, პროექტში მონაწილე ბანკია და ზუსტ ინფორმაციასაც ვერ გაწვდიან. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ინფორმაცია მიიღო. ჩემი აზრით, კარგი იქნება ბანკები დაავალდებულონ, რომ პროგრამის პიარი გასწიონ“.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 2013 წლიდან 2016 წლის ივნისამდე აჭარაში სულ 5,3 მილიონი ლარი და 7,4 მილიონი აშშ დოლარი სესხია გაცემული, როგორც საბრუნავ, ასევე ძირითად საშუალებებზე.

სააგენტოს მონაცემებით, ყველაზე მეტი შეღავათიანი კრედიტი ქობულეთის მუნიციპალიტეტშია გაცემული, თუმცა ბენეფიციარების ვინაობა სააგენტომ არ მოგვაწოდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარაში კრედიტი ლარში გაცემულია 62 ბენეფიციარზე, ხოლო დოლარში – 27 ბენეფიციარზე. სულ აჭარაში გაცემულია 102 სესხი, ანუ, მთლიანად ქვეყანაში გაცემული სესხების რაოდენობის 3,8%.

Untitled

საქართველოს მასშტაბით კი, 2013 წლიდან მიმდინარე წლის ივნისამდე პერიოდში, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემულია 26 300 სესხი, საერთო თანხით – 693 960 821 ლარი [24 426 სესხი] და 202 557 257 აშშ დოლარი [1 874 სესხი]. აღსანიშნავია, რომ ერთ ბენეფიციარს შეუძლია სამომხმარებლო სესხის პარალელურად აიღოს სესხი ძირითადი საშუალების შესაძენადაც. აქედან გამომდინარე, უნიკალური მომხმარებელი პროექტში 16 500 სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირია.

ნებისმიერ ბანკს სესხების, მათ შორის აგროსესხის, გაცემის პირობები და საპროცენტო განაკვეთები, სხვადასხვა აქვს. საქართველოს ეროვნულ ბანკში „ბათუმელებს~ განუცხადეს, რომ ისინი ასეთ ინფორმაციას არ აგროვებენ და „ამასთან, ეროვნული ბანკი არ ერევა კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კერძო სამართლებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, არ განუსაზღვრავს მათ გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს და აღნიშნული ორგანიზაციები სახელშეკრულებო ურთიერთობებში საპროცენტო განაკვეთებს განსაზღვრავენ დამოუკიდებლად“.

დავით არძენაძის თქმით, საბაზრო ეკონომიკაა და ბანკი, რა თქმა უნდა, იზღვევს თავს, თავისი გადასახედიდან უყურებს და აქვს თავისი შეფასების პირობები: „ზოგადად, თუ ბენეფიციარს არ აქვს გარანტირებული შემოსავლები, ბანკებს უჭირთ სესხის გაცემა, რაც ლოგიკურია. აღნიშნულ პროექტშიც ბანკებს იგივე მიდგომა აქვთ. ამასთან, პროექტში გარკვეულწილად მსხვილ თანხაზეა საუბარი – 20 ათასი ლარიდან იწყება და ასე ვთქვათ, რიგითი ფერმერისთვის რთულია ამ სესხის მიღება. მითუმეტეს, თუ ვთქვათ, 200 ათასი გჭირდება, 200 ათასის გირაო უნდა ჩადო, რაც მცირე ფერმერებისთვის რთულია და ფაქტობრივად შეუძლებელიც“.

მაღალმთიანი აჭარა / მანანა ქველიაშვილის ფოტო

მაღალმთიანი აჭარა / მანანა ქველიაშვილის ფოტო

რამდენი ფერმერი ითხოვს სესხს პროექტის ფარგლებში და რამდენს ეუბნება უარს ესა თუ ის ბანკი, რამდენად რეალურია უარის საფუძველი, ამის შესახებ სახელმწიფოს ინფორმაცია არ აქვს. პროექტი ასეთი მონაცემის შეგროვებას და კონტროლს ამ კუთხით, არ ითვალისწინებს. სახელმწიფო მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს იხდის და ატარებს მონიტორინგს, თუ რამდენად დანიშნულებისამებრ იყენებს მსესხებელი სესხს.

„აჭარაში აგრობიზნესი ზოგადად, ძალიან დაბალ დონეზეა განვითარებული. უმჯობესია, თუ სახელმწიფო გააკონტროლებს რამდენი ადამიანი მიმართავს ბანკებს აგროსესხის მისაღებად. ამ ინფორმაციის ქონა კარგი იქნებოდა, ვთქვათ პროგრამებისა თუ პროექტების დასახვეწად, შესაცვლელად… სახელმწიფოს კონტაქტი რომ ჰქონდეს ამ ხალხთან, კარგი იქნება,“ – აცხადებს დავით არძენაძე.

„ბათუმელებმა“ ვერ იპოვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აგროსექტორში კონკრეტული პროგრამებისა და პროექტების მონიტორინგს ახორციელებს – თუ რამდენად ეფექტურად ხარჯავს სახელმწიფო სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილ სახსრებს, როგორც ბიუჯეტიდან, ასევე უცხოური ორგანიზაციებისგან მიღებულს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს საქართველოში 21 კომერციული ბანკი და 71 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა. ბანკების უმრავლესობა ჩართულია „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს [მისო], ისინი ამ პროექტში ჩართულები არ არიან, თუმცა ეროვნულ ბანკში არსებული ინფორმაციით, 71-დან 21 მისო გასცემს სესხებს სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის დარგებზე. 2013-2015 წლებში ამ კუთხით მათ მიერ ჯამში გაცემულია 588 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროექტის – „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მიმდინარეობის პარალელურად, მარტო მისოების მიერ 251 253 სესხია გაცემული სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის დარგზე, როცა, ზემოაღნიშნულ პროექტში გაცემულია მხოლოდ 26 300 სესხი [ანუ მისოების მიერ გაცემული სესხის რაოდენობაზე თითქმის ათჯერ ნაკლები].

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ არ ჩართეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები პროექტში? – სააგენტოში გვიპასუხეს, რომ „ბანკის ფული უფრო იაფი ღირს, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ გააჩნიათ საკუთარი ფული, რომ ჩადონ ამ პროექტში. მათი აგროკრედიტების საპროცენტო განაკვეთი 20-დან იწყება და ადის ზევით, ჩვენ კი 15% გვაქვს დაწესებული“.

დავით არძენაძის თქმით, არის პროგრამები, თუმცა სტრუქტურები, სადაც ამომწურავად მიაწვდიან დაინტერესებულ პირს ინფორმაციას, არ არსებობს: „ბანკებშიც კი რთულად გიწევს ინფორმაციის მიღება. მეწარმეს დღეს, მაგალითად, შეღავათიანი კრედიტის პარალელურად, შეუძლია აიღოს გადამამუშავებელი საწარმოების გრანტი, ასევე „აწარმოე საქართველოს“ გრანტი ან სესხი და სინთეზი გააკეთოს – ანუ, რამდენიმე კომპონენტით სარგებლობ, მაგრამ რესურსი უნდა გქონდეს – ბიზნესგეგმა, შემოსავლები და თანხის მოცულობის გირაო. თუმცა, ამ რესურსის არსებობის შემთხვევაშიც კი სესხის აღება მაინც დროში გაწელილი პროცესია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: