Batumelebi | თურქეთში დასაქმებული: ყველას დაგვაკლეს ხელფასები თურქეთში დასაქმებული: ყველას დაგვაკლეს ხელფასები – Batumelebi
RU | GE  

თურქეთში დასაქმებული: ყველას დაგვაკლეს ხელფასები

ქართველმა ქალებმა, რომლებიც თურქეთის ქალაქ სტამბულსა და მის შემოგარენში მუშაობენ, „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ ბოლო ორი თვეა მათ და მათ ყველა ნაცნობს დამსაქმებლებმა 80-100 დოლარით შეუმცირეს ხელფასები. მათივე თქმით, დამსაქმებლებმა ანაზღაურების გადახდა დაიწყეს დოლარის ნაცვლად ლირებში, მაშინ, როცა ლირა დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება.

ბათუმელი ქეთი შაინიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც უკვე შვიდი წელია სტამბულში, ერთ-ერთ ოჯახში მუშაობს. ის ამბობს, რომ ამ გარემოში თავდაპირველად დედა მუშაობდა, ბოლოს კი თავად ჩაენაცვლა, რადგან დედას აღარ შეეძლო.

„ცოტა ხნის წინ ჩემმა „პატრონმა“ მითხრა, რომ 700-ის ნაცვლად 620 დოლარს გადამიხდიდა, თანაც ლირებში. გვითხრეს, რომ ეკონომიკური კრიზისია და მეტს ვერ გადაიხდიან“, – ამბობს ქეთი.

ქეთის, ისე როგორც სტამბულში დასაქმებულ სხვა ქართველებს, ეს ტენდენცია აშინებთ, რადგან ფიქრობენ, რომ საქართველოში დაბრუნება მათთვის სრულ უმუშევრობას ნიშნავს, მაგრამ თურქეთში დარჩენაც აღარ უღირთ: „უკვე ჩემი ორი ნაცნობი დაბრუნდა საქართველოში. პატრონებმა უთხრეს, რომ ხელფასს უმცირებენ და პასპორტის ფულსაც არ გადაუხდიან. აქ ერთი წლით ბინადრობის და მუშაობის უფლება რომ მოიპოვო, 1800 ლირა უნდა გადაიხადო პასპორტში. აქამდე ამ თანხას დამსაქმებელი იხდიდა, ახლა ამბობენ, რომ ჩვენ უნდა გადავიხადოთ. მე, მაგალითად, ნახევარი გადავიხადე და ნახევარი დიასახლისმა, მაგრამ ვისაც ამაზე უარი უთხრეს, ვეღარ გაჩერდნენ, რადგან თავისთვის აღარაფერი დარჩებოდათ“.

ქეთი ყვება იმის შესახებაც, რომ თურქეთში ყველა სახის პროდუქტზე ფასები გაიზარდა, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს: „პური 5 მილიონით გაძვირდა, საწვავი – 45 მილიონით. განსაკუთრებით გაძვირდა ხილი და ბოსტნეული – 15 მილიონით. ასეთ დროს კი ხელფასებს გვაკლებენ. მე აქ ექვს თვეს კიდევ დავრჩები, რადგან პასპორტის ფული გადახდილი მაქვს, მაგრამ ის ხალხი, ვინც სამი თვით ჩამოდის, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში არიან, გზის ფულსა და სხვა ხარჯებს თუ გამოაკლებ, ფაქტობრივად, არაფერი რჩებათ“.

ქეთი ამბობს, რომ მის ქართველ ნაცნობებს სახლში დაბრუნება აქვთ გადაწყვეტილი: „გარდა საეკლესიო დღესასწაულებისა გარეთ არ გავდივარ. აქ გვაქვს ქართული ეკლესია და იქ მივდივარ მოსალოცად. სხვა გართობა და დასვენება ჩვენ არ გვაქვს. შვილებისგან იმიტომ ვართ მოშორებით, რომ საქართველოში სამუშაო ვერ ვნახეთ. ახლა კი ამ სამუშაოს დაკარგვაც გვემუქრება“.

40 წლის ქეთი შაინიძის შვილები და მეუღლე საქართველოში ცხოვრობენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან