აჭარის მაღალმთიანეთში თოვის გამო გარკვეული პრობლემებია რიგ სოფლებში. გამგეობების ინფორმაციით ქედის, შუახევისა და ხულოს ზოგიერთ სოფლამდე მისასვლელი გზა თოვლისგან ვერ იწმინდება, ზოგ სოფელში კი მხოლოდ ორხიდიან ავტომობილებს შეუძლიათ ასვლა. გზებს ძირითადად დაბებამდე წმენდენ. პერიოდულად შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდებაშიც. გამგეობებში აცხადებენ, რომ მეწყრული პროცესები არსად განვითარებულა. ხულოს გამგებლის თქმით, სტაბილური ვითარებაა სოფელ ქვემო თხილვანაშიც.
ქედის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფიო ხაბაზის განცხადებით: „მაღალ სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს, დაბაში კი 20 სანტიმეტრამდე აღწევს, დილიდან ათი მიმართულებთ იწმინდება სასოფლო გზები, რაც შეეხება ელექტროენერგიას – მახუნცეთის თემში შვიდ სოფელს და მერისის თემში ერთ სოფელს – ნამონასტრევს, არ მიეწოდება შუქი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ დროისთვის მეწყრული პროცესები არ ფიქსირდება.“
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ტარიელ ებრალიძე: „გუშინ საღამოს დაიწყო თოვა და ამ დროისთვის თოვლის საფარი დაბაში 10 სანტიმეტრი, მაღლობში 30-35 სანტიმეტრია. ნებისმიერი მიმართულებით ორხიდიან ავტომობილს შეუძლია გადაადგილება, ზოგან ჯაჭვების დახმარებით. შუქის მიწოდებაში პრობლემა დილით იყო წყალსაყრისა და ბარათაულის თემებში, თუმცა უკვე მოგვარდა. მეწყერი არ განვითარებულა. შტაბი მუშაობს და ნებისმიერ შემთხვევაზე დროულ რეაგირებას განვახორციელებთ“.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე: „ახლაც თოვს, ბოლო დღეების განმავლობაში მაღალ სოფლებში 70-80, დაბლობში კი 30-40 სანტიმეტრია თოვლის საფარი; გზები იწმინდება ხიხაძირის, ღორჯომის მიმართულებით, იწმინდება დაბა ხულოში ქუჩები, თემების ცენტრებამდე გადაადგილებაში პრობლემა არც ერთი მიმართულებით არ არის, სოფლების შიდა საუბნო გზებზეა გადაადგილების პრობლემა. რადგანაც ინტენსიურად თოვს, ვფიქრობთ, გზები უნდა შევინარჩუნოთ თემის ცენტრებამდე. დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება დაახლოებით 12 სოფელს – საციხურის, ირემაძეების, რიყეთისა და დანისპარაულის თემებში. მიწოდების აღდგენას დაახლოებით ერთ საათში ვარაუდობენ. თხილვანაში კი ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია“.
უამინდობის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 – საათიან რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 – 100 – 106. საჭიროების შემთხვევაში კი მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე: 25 93 17; 599 85 15 75; 591 98 32 61; 595 95 87 08.
დიდთოვლობის გამო პრობლემებია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით გადაადგილება კი ამ დროისთვის შეფერხებულია და მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა რეკომენდებული.