მთავარი

დაემუქრა თუ არა განათლების მინისტრის მოადგილე პედაგოგებს

08.06.2016 • 2096
დაემუქრა თუ არა განათლების მინისტრის მოადგილე პედაგოგებს

28 მაისს დეპუტატმა ასმათ დიასამიძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შევიდა უმაღლეს საბჭოში, სკოლის პედაგოგები კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგზე მიიწვია. ტრენინგზე ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სკაიპით ჩართეს. ამ ფაქტს აჭარის განათლების სამინისტრო, კონკრეტულად კი მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი ერთი კვირის შემდეგ ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „თაღლითური გზით“ მიყვანილ პედაგოგებში „ნაციონალური მოძრაობის სასარგებლო პიარკამპანიას ეწეოდნენ“. არის თუ არა ეს მინისტრის მოადგილის მხრიდან პედაგოგებზე ზეწოლა? – საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის კოორდინატორი, მალხაზ ჭკადუა საუბრობს.

მალხაზ, რა შეფასებას მისცემთ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის, ლადო მგალობლიშვილის 3 ივნისის ბრიფინგს, იყო თუ არა ეს პედაგოგების მიმართ შეფარული მუქარა?

ის ფაქტი, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მიიყვანა ტრენინგზე პედაგოგები, პრობლემა არ არის. კანონი ამის შესაძლებლობას იძლევა და არის აბსოლუტურად ლეგალური საშუალება, საკუთარ პოტენციურ ამომრჩეველთან თუ მხარდამჭერთან კომუნიკაცია დაამყარო, განიხილო ესა თუ ის საკითხი. თუმცა, აქ არის ერთი მომენტი, როცა პარტია უხმობს პედაგოგებს გარკვეულ შეხვედრაზე, დღის წესრიგის, სტუმრების თუ ჩართვის შესახებ, ამ ადამიანებმა ამის შესახებ წინასწარ უნდა იცოდნენ. ეს შიდა მოლაპარაკების თემაა და რაიმე რეგულაცია არ არსებობს, უბრალოდ, ეთიკაზე შეიძლება ვილაპარაკოთ.

ეს შეხვედრა არ გამართულა სამუშაო საათებში, ეს იყო შაბათი დღე და თან გაიმართა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, რომელიც არის ღია სივრცე ყველასთვის. ეს რომ ყოფილიყო უმაღლესი საბჭოს შენობაში, მაშინ დაისმებოდა კითხვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე დეპუტატის მხრიდან.

ერთ-ერთმა პედაგოგმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მას მოსთხოვეს ახსნა-განმარტების დაწერა.

აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დააწერინეს ახსნა-განმარტებითი ბარათი პედაგოგებს სკოლის დირექტორებმა. არავითარი მიზეზი დისციპლინური დევნისა თუ ადმინისტრაციული საქმის დაწყებისა ამ ფაქტის საფუძველზე არ არსებობდა. პოლიტიკური აქტივობის გამო პედაგოგისთვის გარკვეული პასუხისმგებლობის დაკისრება მიუღებელია, თუ პედაგოგი პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყენებს სამუშაო საათებს და პოლიტიკური ასპექტები არ შეაქვს მის საგაკვეთილო საქმიანობაში.

სხვა შემთხვევაში ეს იქნება იმ პრაქტიკის გაგრძელება, რაც იყო 2012 წელს, როდესაც ათეულობით პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეული სიმპათია გამოავლინეს მაშინდელი ოპოზიციური ძალის (დღევანდელი მმართველი პარტიის) მიმართ. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ განათლების სამინისტრო პედაგოგების პოლიტიკურ აქტივობების თემას ისე მოეკიდოს, როგორც უნდა მოეკიდოს სახელმწიფო და არა პარტიული უწყება.

ლადო მგალობლიშვილის მიერ ამ ფაქტზე ბრიფინგის გამართვა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პედაგოგებს ყველა ხელისუფლება, მათ შორის მოქმედიც, განიხილავს როგორც საკუთარ მხარდამჭერს, თავის ამომრჩეველს, რომელზეც მესაკუთრის განცდა უყალიბდებათ?

პრობლემა ყველა ხელისუფლებას აქვს, რადგან ცდილობენ პედაგოგები, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები თუ ის პირები, რომლებიც საქმიანობენ სახელმწიფოს მიერ დაქვემდებარებულ უწყებებში, გამოიყენონ მათი პოლიტიკური მიზნებისთვის. გავიხსენოთ თუნდაც ფარული ჩანაწერების საჯაროდ ჩვენების ფაქტები, როცა დირექტორებს დაავალეს მიეყვანათ თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები კადრების სანახავად. ასე, რომ ცდუნება აქვს ყველა ხელისუფლებას, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ვერც წინა ხელისუფლების შეცდომებზე ისწავლა მმართველმა გუნდმა და არც საკუთარი შეცდომებიდან მიიღო მაგალითი.

ვიდეოჩართვაზე, სადაც, როგორც ითქვა, მიხეილ სააკაშვილს „ბატონო პრეზიდენტოთი“ მიმართავდნენ, სამინისტროს რეაქცია არ ჰქონია ერთი კვირის განმავლობაში. ლადო მგალობლიშვილმა, რომელიც არ იმყოფებოდა ქვეყანაში, დაბრუნებისთანავე ამ ფაქტზე ბრიფინგი გამართა. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ლადო მგალობლიშვილმა საკუთარ პერსონას გაუსვა ხაზი, ვთქვათ იმისთვის, რომ საარჩევნო სიების შედგენის დროს მმართველ გუნდში გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის თვალშისაცემი იყოს მისი პარტიული ერთგულება?

ამ თემაზე ლადო მგალობლიშვილის პრესკონფერენციამ უფრო მეტი პოლიტიკური ელფერი მისცა ამ შეკრებას, ვიდრე რეალურად ჰქონდა. სხვანაირად ბევრს არც ეცოდინებოდა ამის შესახებ; ის, რომ განათლების მინისტრის მოადგილემ დრო დაუთმო და საზოგადოების ყურადღება გადაიტანა ამ თემაზე, ამან უფრო დაძრა პოლიტიკური დისკურსი იმაზე, ეცდება თუ არა ხელისუფლება პედაგოგების გამოყენებას საარჩევნო მიზნით. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო გაფრთხილება – პედაგოგებო, თქვენი ხმები თავისთავად ხელისუფლების ხმებად უნდა აისახოს და ნუ ეცდებით სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის გამოხატვას.

მიხეილ სააკაშვილზეც მინდა გკითხოთ, რას ნიშნავს მისი ვიდეოჩართვები და ამ ტიპის აქტივობის გამოჩენა თუნდაც პედაგოგებთან?

ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, გაუგებარია უცხო, თუნდაც მეგობრულად განწყობილი ქვეყნის ერთ-ერთი მხარის გუბერნატორს რა ხელი აქვს აჭარაში მომუშავე პედაგოგებთან. განათლების ექსპერტია, გადაკვალიფიცირება შეუძლია ამ ადამიანების თუ რა. მაგრამ, ცხადია, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია ცდილობს ამ ადამიანის გავლენა გამოიყენოს საკუთარი ელექტორატის მობილიზებისთვის. ის ფორმალური ლიდერია თუ არაფორმალური, ან როგორ ათავსებს უცხო ქვეყნის გუბერნატორობას და თან აქ მოქმედი პარტიის ლიდერობას, სხვა საკითხია.

რა ბერკეტი აქვთ დღეს პედაგოგებს, რომ დაიცვან თავი ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მანიპულირებისგან?

როცა პედაგოგს დაურეკავენ და მოსთხოვენ ამა თუ პარტიის შეკრებაზე მისვლას, მისი უფლებაა არ მივიდეს ამ შეხვედრაზე და ვერავინ აიძულებს ამას. თუ არის ზეწოლა, პედაგოგს შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა საჯარო განცხადებით, ასევე უფლებადაცვითი – მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის, სახალხო დამცველის აპარატის მეშვეობით. თავის დახრა და ინფორმაციის დამალვა იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ. თუ ადამიანები ღიად არ ილაპარაკებენ შესაძლო ზეწოლაზე, რაც მათი მისამართით ხდება, ჩვენ, ცხადია, არ გვექნება ხელ-ფეხი გახსნილი მათ დასაცავად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: