Batumelebi | დარჩებიან თუ არა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმები უხელფასოდ დარჩებიან თუ არა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმები უხელფასოდ – Batumelebi
RU | GE  

დარჩებიან თუ არა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმები უხელფასოდ

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ  მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბათუმის „რესპუბლიკური საავადმყოფო“ 6 თვით მუშაობას შეაჩერებს [შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 100% წილის მფობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა].

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, საავადმყოფოს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ სამედიცინო პერსონალი ინფორმირებული არ იყო. დარჩება თუ არა დასაქმებული პერსონალი  ხელფასის გარეშე და რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს საავადმყოფოს დირექტორი?  „ბათუმელებთან“ განმარტებებს აკეთებს შპს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი მალხაზ ხალვაში.

ბატონო მალხაზ, რამდენი ადამიანია „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ დასაქმებული ექიმების ჩათვლით?

500-ზე მეტი.

6 თვის მანძილზე ისინი ხელფასს მიიღებენ თუ კომპენსაციას?

ჯერ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, როგორც წყვეტის პერიოდზე, ასევე სხვა დანარჩენ ქმედებებზე. დაწყებულია უბრალოდ ამ თემაზე მუშა პროცესი.

თუ გადაწყვეტილება არ იყო მიღებული, მინისტრმა რაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საავადმყოფო მუშაობას შეწყვეტს?

შეწყვეტა გამოწვეულია მშენებლობით, არსებობს გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვით კორპუსის ნაწილი უნდა დაინგრეს, რომ იქ სხვა შენობები აშენდეს. ამიტომ, გარკვეული წყვეტა გარდაუვალია, თუმცა რამდენი თვის მანძილზე იქნება წყვეტა, ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ ვართ.

თუკი მშენებლობა ექვს თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება, მაშინ რა იქნება?

თანამშრომლების საკმაოდ დიდი ნაწილი შემთავსებელია და ისინი სხვა საავადმყოფოებშიც მუშაობენ.  რა თქმა უნდა ექიმების გარდა არის სხვა პერსონალიც, – ადმინისტრაცია, სამეურნეო ნაწილი და ა.შ.  ამიტომ მათთან მიმართებაში ჯანდაცვის სამინისტრო და ზოგადად მთავრობა, დგას კანონმდებლობის და შრომის კოდექსის შესრულების გარანტად.

შრომის კოდექსი გაძლევთ უფლებას რომ ექვსი, ან მეტი თვის განმავლობაში თანამშრომელი დატოვოთ ანაზღაურების გარეშე?

ამისთვის არ ვარ მზად რომ გიპასუხოთ. გააჩნია მუშაობის შეწყვეტის ფორმას. კანონში სხვადასხვანაირად წერია, იმ შემთხვევაში თუკი მიდის ლიკვიდაცია აუცილებელია პერსონალის ორი თვით ადრე გაფრთხილება, იმ შემთხვევაში თუ ხდება რეორგანიზაცია, აქაც საჭიროა თანამშრომლების წინასწარ გაფრთხილება და გარკვეული კომპენსაციის გადახდა.

მაგრამ, რამდენადაც ვიცით, ეს არც რეორგანიზაციაა და არც ლიკვდაცია.

გამომდინარე იქედან რომ ეს ხალხი ჩვენი თანამშრომლებია და ვსაუბრობთ მედიკოსებზე, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“  და ემსახურებიან პაციენტებს, ყველა მათგანის ბედი იქნება ძალიან ფრთხილად  გადაწყვეტილი.  იმ კვირში იქნება შეხვედრა თანამშრომლებთან ფინანსთა და ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრების, შემდეგ იქნება, ალბათ, შეხვედრები მშენებლებთან, იურისტებთან და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება თანამშრომლებთან მიმართებაშიც.

ბატონო მალხაზ, საავადმყოფოს მუშაობის შეწყვეტის შემთხვევაში თქვენ  თუ აიღებთ ხელფასს?

იმ შემთხვევაში, თუკი ხელფასი ყველა თანამშრომელზე გაიცემა, მეც ავიღებ და თუ არ გაიცემა, შესაბამისად, მეც დაჩაგრული ვიქნები და ყველას ერთად გვეტკინება გული.

სამუშაოს განახლების შემდეგ, ყველა თანამშრომელი დაბრუნდება, თუ ახალი ხელშეკრულებები გაფორმდება?

ახალი კორპუსი პრინციპულად სხვანაირადაა დაგეგმილი, თანამშრომლების რაოდენობა, ალბათ, იმაზე მეტი დაგვჭირდება ვიდრე გვყავს, ამიტომ დაბრუნების პრობლემა არ იქნება. რა თქმა უნდა, გარკვეული კომპეტენციების გადამოწმება მოხდება, იქნება სწავლება, გადამზადების პროცესი, მაგრამ შემცირებაზე არ არის საუბარი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com