მთავარი,სიახლეები

პრემიერმა ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

16.03.2016 • 2212
პრემიერმა ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

16 მარტს ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის აპრილამდე უნდა დასრულდეს.

გიორგი კვირიკაშვილი არჩილ ხაბაძე

ფოტო: აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ფეისბუქ გვერდიდან

„საყოველთაო ჯანდაცვა ჩვენთვის არის პრიორიტეტი. ის, რომ ჯანდაცვა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ამავე დროს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ობიექტის გახსნით,“- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

„მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ ქალაქს მსგავსი თანამედროვე სტანდარტების ახალი სამედიცინო დაწესებულება ექნება. ბათუმის რესპუბლიკურ-კლინიკურ საავადმყოფოს ბაზაზე იმუშავებს ასევე საუნივერსიტეტო კლინიკაც, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამედიცინო მეცნიერების განვითარებასა და ახალი კადრების შექმნას რეგიონში,“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ახალი, 170-საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი 2015 წლის 22 ოქტომბერს დასრულდა. მასში ოთხი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ტენდერში, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 855 955 ლარი იყო, ყველაზე დაბალი შეთავაზება  22 172 764 ლარი დაფიქსირდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ყველაზე დაბალი შეთავაზების მქონე პრეტენდენტი ტენდერის დასრულების მეორე დღესვე გამარჯვებულად დაასახელა.

საავადმყოფოს მშენებლობაზე ტენდერი შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა. მშენებლობა 2015-2018 წლების ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის პირველ აპრილამდე პერიოდი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: