დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში დაახლოებით დილის 11 საათზე, პლაჟზე [ახალი ბულვარის მიმდებარედ] 25 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა.
ბათუმის სასაწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ სასწარაფო დახმარების ბრიგადას გოგონა გარდაცვლილი დახვდა და ის, სავარაუდოდ, ზღვაში დაიხრჩო.
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით კი გოგონა ზღვაში არ დამხრჩვალა. ის ეპილეფსიით იყო დაავადებული და მისმა თანხმლებმა პირმა მაშველებს მას შემდეგ მიმართა, რაც ის პლაჟზე ცუდად გახდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.
ბათუმის ახალ ბულვარში, „აკვაპარკის“ მიმდებარედ გველი იპოვეს. თვითმხილველების თქმით გველი იქვე მყოფმა სანაპიროს მაშველებმა მოკლეს.
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მამუკა თურმანიძე ინფრომაციას ადასტურებს. ის ამბობს, რომ იყო წყლის გველი: „ ეს არის ჯიში ანკარა, რომელიც არ არის შხამიანი და სავარაუდოდ ბინადრობს არდაგანის ტბაში. მაშველებმა ის მოაცილეს იმ ტერიტორიას სადაც იქნა ნაპოვნი“.
მისივე ინფრომაციით, ქალაქში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით გამოძახებები არ აქვთ.
ბათუმის ახალ ბულვარში გველი იპოვეს / ფოტო: მარი კვაჭაძე
რატომ არ ცვლის სახელმწიფო რეპრესიულ პოლიციურ სისტემას? რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტისადმი საზოგადოების პროტესტი გარდამტეხი სისტემის შესაცვლელად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფილოსოფოს გიორგი მაისურაძეს ესაუბრა.
დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტი არ არის ერთადერთი, როცა საქართველოში ნარკოპოლიტიკის და პოლიციური სისტემის მსხვერპლი ხდება ადამიანი. გახმაურებული ფაქტი რომ გავიხსენოთ, ერთი წლის წინ ქუთაისში გარდაიცვალა ლევან აბზანიძე, რომელსაც პოლიციაში ნარკოტესტირებისთვის სამი აბი შარდმდენი დაალევინეს. რით არის დემურ სტურუას შემთხვევა განსაკუთრებული, შეიძლება თუ არა ეს ფაქტი აღმოჩნდეს გარდამტეხი და რა შემთხვევაში? საზოგადოების მხრიდან რა ტიპის პროტესტი შეიძლება გახდეს ანგარიშგასაწევი?
მე ვფიქრობ, რაც უფრო მასობრივი იქნება საზოგადოებრივი პროტესტი, მით უკეთესი, იმიტომ, რომ ეს უბოროტესი და მანკიერი პოლიტიკა, რომელიც 2006 წლიდან მოყოლებული ანუ უკვე 10 წელია მძვინვარებს საქართველოში, რაღაცნაირად შეირყას მაინც.
გიორგი მაისურაძე
დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ნარკოპოლიტიკა დღეს არა იმდენად ნარკომანიასა და ნარკოტიკების პრობლემას ეხება, რამდენადაც ეს თემა ხელისუფლების ინსტრუმენტია საკუთარი მოსახლეობის დაკნინებისა და დატერორებისთვის. ეს არის პოლიციური აღვირახსნილობა, რომელიც საქართველოში მძვინვარებს ამჟამად. რა თქმა უნდა, ალბათ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს იყო თვითმკვლელობა და ის, რომ ეს ახალგაზრდა პოლიციელებმა მიიყვანეს თვითმკვლელობამდე. მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ეს ახალგაზრდას შეეხო, თან მნიშვნელოვანი იყო ის წერილი, რომელიც დემურ სტურუამ დატოვა. ეს იყო ძალიან ტრაგიკული შინაარსის წერილი. ძნელია, უემოციოდ მიიღო ამ წერილის ბოლო სტრიქონები, რომელიც ცალკეც კი გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა ადგილებში კედლებზე წარწერის სახით. აუცილებელი მგონია, რომ ამ ფაქტით აღშფოთება არ დამთავრდეს მხოლოდ სოციალურ ქსელებში გამოხატული თანაგრძნობით ან გაბრაზებით. ეს უნდა გადაიქცეს საყოველთაო რისხვად, იმიტომ, რომ აქ ნარკოტიკის მიღება-არმიღებაზე არ არის ლაპარაკი, ეს აქ მეორეხარისხოვანია, იმიტომ, რომ ნარკოპოლიტიკა ინსტრუმენტია სახელმწიფოს ხელში საკუთარი მოსახლეობის დატერორებისათვის, დაუძლურებისა და დამცირებისთვის.
თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია საზოგადოების რეაქცია ამ კონკრეტულ ფაქტზე და ზოგადად, მსგავსი ფაქტების მიმართ? გვაქვს მოცემულობა, რომ ადამიანის უფლებების, შანტაჟის, წამების ფაქტებზე საზოგადოება რეაგირებს, ოღონდ მცირე დროით, ეს ბუნებრივია, თუ სამოქალაქო საზოგადოების პრობლემად, სისუსტედ შეგვიძლია განვიხილოთ?
მე გამოვყოფდი ორ ფაქტორს: რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის სამოქალაქო საზოგადოების სიმცირე და სამოქალაქო ცნობიერების დაბალი დონე/ხარისხი, მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს. საქართველოში იერარქიული საზოგადოებაა და აქტიური ნაწილი არის საკმაოდ მცირერიცხოვანი. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ერთმანეთს იცნობს, თუნდაც დაპირისპირებები არსებობდეს მათ შორის [საზოგადოების აქტიურ ნაწილს ვგულისხმობ] – ფაქტობრივად, მაინც ერთი წარმონაქმნია, ერთი სოციალური ფენაა და მნიშვნელოვანი მგონია სწორედ ის, რომ საზოგადოების დანარჩენი ნაწილი, ანუ არაცნობადი სახეები, გამომდინარე სწორედ ჩვენი ქვეყნის იერარქიული სტრუქტურებიდან – უხილავად არსებობენ, ისინი ვერ ხვდებიან ჩვენი ხედვის ჰორიზონტში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი უბედურების საწყისი და სათავე.
თქვენი აზრით, პოლიტიკური წრეების საკმარისი მხარდაჭერა რატომ არ აქვს პოლიციური რეჟიმის და ნარკოპოლიტიკის რეფორმირებას?
ჩვენ გვახსოვს ოთხი წლის წინ რა ამბები იყო ციხის კადრებთან დაკავშირებით და ამან შეუწყო ხელი ამჟამინდელ მმართველ კოალიციას, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო. გვახსოვს დაპირებები, რომ რადიკალურად შეიცვლებოდა ეს სისტემა. როგორც დავინახეთ, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ კოსმეტიკურ ცვლილებებს, რეალურად ამ სისტემას არსობრივი ცვლილება არ განუცდია. ძალადობა ხორციელდება ყველგან, შეიძლება ეს ნაკლებად აღწევდეს მედიაში და ესეც გარკვეული პოლიტიკური თამაშების შედეგია. მთავარი პრობლემა ის მგონია, რომ ხელისუფლებამ ვერ თქვა უარი იმ სისტემაზე, რომელიც უკვე არსებობდა. სისტემა არის პრობლემა. საქართველოში შექმნილია პოლიციური ძალადობის სისტემა და შესაბამისად არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოდის ხელისუფლებაში, უარს ვერ ამბობს მოსახლეობის დათრგუნვის ამ იარაღზე. ზუსტად იგივე გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც გამზადებული დახვდა სისტემა, რომელიც იყო იდეალური საშუალება მოსახლეობაზე ძალადობისა და მისი დათრგუნვის. ჩვენ გვახსოვს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომ სანამ ისინი ხელისუფლების სათავეში არიან, ნარკოპოლიტიკაში არაფერი შეიცვლებოდა და რომ ისინი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, მათ სიკეთეზე ზრუნავენ. ამ დროს ეს სიკეთე გამოიხატება იმაში, რომ ადამიანებს მომავალს უნგრევენ, სიცოცხლეს ართმევენ, თვითმკვლელობამდე მიჰყავთ.
ეს ხდება დღეს, იმ პოლიტიკური ძალის მმართველობის პერიოდში, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში სწორედ იმ დაპირებებით, რომ შეცვლიდა არსებულ სისტემას და არაფერი შეუცვლია. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ნება, სურვილიც კი, რომ შეცვალოს ეს სისტემა, ამიტომ აუცილებელი მგონია, რომ ხელისუფლება აიძულოს საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა, რომელიც აუცილებელია, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს და ამ პოლიციური ტერორის მექანიზმებით დაშინებულმა ადამიანებმა, რომლებიც აქამდე ვერ ბედავდნენ საკუთარი პროტესტის გამოხატვას, ამოიღონ ხმა. ვფიქრობ, დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტმა სწორედ ეს ყინული დაძრა.
დემურ სტურუას თვითმკვლელობის შემდეგ მისმა მეგობარმაც თქვა, რომ მასზე წლებია ზეწოლას ახდენენ პოლიციელები, თუნდაც ამ შემთხვევებიდან გამომდინარე რომ შეაფასოთ, თქვენი აზრით, რამდენად დიდია ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე, თბილისის და თუნდაც ბათუმის გარეუბნებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე და რატომ არის უფრო ადვილი მათი დაშინება?
პოლიციური ძალადობა ვლინდება მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე და განსაკუთრებული სიმძაფრით სწორედ რეგიონებში. ვფიქრობ რეგიონების პრობლემა პირდაპირ კავშირშია სოციალურ უთანასწორობასთან, რომელიც საქართველოში დღითიდღე უფრო და უფრო მტკიცდება. ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ უბრალოდ სახელებია. ისინი ერთი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მქონე პოლიტიკური გაერთიანებები არიან, რომლებიც კიდევ უფრო ამყარებენ საზოგადოებრივ იერარქიულ სტრუქტურებს და სოციალურ უთანასწორობებს, შესაბამისად ქალაქის გარეუბნებში თუ რეგიონებში, სადაც ძალაუფლების ხარისხი და სოციალური უთანასწორობის უფსკრული კიდევ უფრო დიდი და ძლიერია, მოსახლეობის დატერორება და ჩაგვრა ბევრად უფრო ადვილია.
ცალკე საკითხია, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს?! – პირველ რიგში, მე ამას ისევ დავუკავშირებდი საერთო პოლიტიკას, რომელიც უკავშირდება სწორედ სოციალურ უთანასწორობას. ის პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს აქვთ, არის ანტისოციალური, ე.წ. ნეოლიბერალური პოლიტიკა, რომელიც საჭიროებს მომსახურე პერსონალს, საჭიროებს ნებადაკარგულ, ნებაგამოცლილ და დათრგუნულ ადამიანთა მასობრივ წარმოებას. სწორედ უსამართლოდ დასჯილი, დატერორებული და დაშინებული საზოგადოებრივი ფენები არის იდეალური მასალა ამ ტიპის საზოგადოებრივი მოწყობის ანუ სოციალური უთანასწორობის კიდევ უფრო განმტკიცებისა. სწორედ ამ წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება ბევრი დაპირება ისმოდეს. სააკაშვილმა პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში განაცხადა, რომ თურმე არასწორი ყოფილა მარიხუანას მოწევისთვის ადამიანის ციხეში გაშვება, თითქოს მისი მოგონილი არ იყოს ეს დასჯადი სისტემა. ახლა კვირიკაშვილი აცხადებს, რომ წინააღმდეგია და არასწორად მიაჩნია, რომ თურმე ნარკოტიკის მომხმარებელი გაუშვა ციხეში… ციხეში გაშვებაზე ხომ არაა, ეს არის ცხოვრების პერსპექტივის წართმევა ადამიანისთვის. სახელმწიფო თვითონ ქმნის კრიმინალს, იგი თვითონ ახდენს საკუთარი მოსახლეობის კრიმინალიზებას და ამას არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ცვლის.
რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს შედეგი?
ძალიან ძნელია კონკრეტული ნაბიჯების მოფიქრება. ფაქტია, პროტესტის ტალღა უნდა გაიზარდოს, უნდა მოხერხდეს შიშის დაძლევა. მაგრამ რეგიონებში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ადამიანებს ვერ მოვთხოვთ პასუხს – „თქვენ რატომ გაკლიათ გაბედულება“. მათ გაბედულება დააკარგვინა სისტემამ.
ეს ადამიანები, რომლებსაც ემუქრება სისტემა, დაუცველები არიან, იმიტომ, რომ მათდამი სოლიდარობა არ არსებობს. თითქოს ისინი საერთოდ არ არსებობდნენ, თითქოს იყვნენ რაღაც საექსპერიმენტო ცხოველები, რომლებზეც შეუძლია ნებისმიერ ძალაუფლების მქონე ორგანოს იძალადოს და იცის, რომ მას შერჩება. საჭიროა, რომ ეს სოციალური უფსკრული იქნას დაძლეული. ისინი ვერ ბედავენ ხმის ამოღებას, იმიტომ, რომ შეიძლება მოკლან, ან ოჯახი დაუწიოკონ, იძალადონ მათზე.
სწორედ ამ ხმაწართმეული ადამიანების დაცვაა საჭირო. ის ლიბერალური ელიტები, რომლებიც მაღალფარდოვანი სიტყვებით გამოდიან და ძვირფას იდეებს გვთავაზობენ, ვალდებულები არიან გამოიჩინონ სოლიდარობა, გამოვიდნენ ამ ჯოჯოხეთური სისტემის დასანგრევად, რადგან ისინი თავიანთი დუმილით ამ დანაშაულებრივი სისტემის თანამონაწილეები არიან.
ხვალ, 24 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედანზე ხალხური რეწვის გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე პროექტის “აჭარის სოფლად მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარება” – ფარგლებში შექმნილი პროდუქცია გამოიფინება.
გომის მთის სრულად დანახვას და იქედან გურიის მთებზე გადმოხედვას მხოლოდ ადრე დილას თუ შეძლებ. შემდეგ ადამიანები და ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული პატარ-პატარა ხის სახლები ნისლში ეხვევიან. წლების წინ აქ ყველა ნაცნობი სახე იყო, ამჯერად კი ყველაზე ხშირად ისმის კითხვა – ვისი სახლის კარი აჭრიალდა და ვინ დაუბრუნდა ნისლიან გომის მთას?
გომის მთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე
„მაისის ბოლოს უკვე აქ ვართ. შუახევიდან გადმოვდივართ მანქანით, ძალიან ცუდი გზაა, არავინაა მომხედავი. ერთი კაცი ფეხით მოყვება ნახირს, დილით მოდის. საღამოს უკვე აქაა…“ – გვიყვება ნათელა ჭაღალიძე. ის ამაყობს, რომ სახლი, სადაც ცხოვრობს, 100 წლის წინ აშენდა.
გომის მთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე
მემთეურმა ქალებმა გვთხოვეს, მათ პრობლემებზე დაგვეწერა. სათქმელი ყველას ერთი აქვს, გომის მთის იალაღებზე მცხოვრებს თუ კურორტზე მყოფს – მთას არ მიეწოდება ელექტროენერგია, არ არსებობს სასმელი წყლის სისტემა. აქაურები მხოლოდ მთის წყაროს წყლებით სარგებლობენ და საღამოობით შეშის ღუმელებთან თბებიან.
ჟუჟუნა ბერიძეც მემთეურია. რძის ნაწარმს შემოდგომამდე აგროვებს. სექტემბრისთვის, მთის სეზონი რომ დასრულდება, ბათუმის ბაზარში ჩავა და გაყიდის: „მიხარია, მომრავლდა ხალხი. კურორტზე რომ ამოვა ხალხი, ჩვენც ადგილზე გავყიდით კაიმაღს, რძეს და მაწონს. წლების წინაც ასე იყო. იალაღებზე გადმოდიოდა ხალხი და ნატურალურ პროდუქტს ყიდულობდა…“
გომის მთაზე ძირითადად ქობულეთელებისა და ოზურგეთელების სახლებია. ზოგიერთმა ძველი სახლი აღადგინა, ზოგიერთმაც – ახალი ააშენა, ზოგიერთიც გაფართოვებას აპირებს. პრობლემა მიწის საკუთრებად რეგისტრირებაა. მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედის საკომლო ჩანაწერებში თითოეული მათგანის ქონება აღწერილია, რეესტრი ქონების გაფორმებაზე უარს ამბობს.
გომის მთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე
„ასეა, მეც უარი მითხრეს, არადა, გომის მთაზე გავიზარდე, სახლი მაქვს,“ – გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ის – „ოზურგეთში კულტურის და სპორტის ხელშეწყობის“ უფროსმა სპეციალისტმა, ზურაბ ჩხარტიშვილმა. ის ამ კურორტის განვითარებაზე მუშაობს. ზურაბს რეესტრისგან ვერ მიუღია პასუხი, რის გამო უთხრეს უარი. მისი თქმით, ქონების საკუთრებად დარეგისტრირების მსურველი ბევრია, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ არსებობს: „მხოლოდ მაშინ აშენებს ვინმე სახლს, თუკი ძველი შენობა მას ეკუთვნოდა და ამას მისი ორი მეზობელი დაადასტურებს. ნებართვები არ გაიცემა, მაგრამ სხვა არ შენდება. ისე გამგეობას გვითანხმებენ მშენებლობის დაწყებას“.
მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელს ვუთხარით, რომ ვნახეთ სახლებიც, რომლებიც თავისუფალ ადგილებზე აშენდა ბოლო წლებში: „არ ვიცი, შეიძლება ასეცაა. ძალიან ვწვალობთ, ისე ვმუშაობთ. ჩემი სახლია იქ და ვჩერდები. პოლიციელებიც ასე ამოდიან, თორემ კურორტზე ოფისიც არ გვაქვს, კბილით გვიჭირავს იქაურობა,“ – გვიყვება ზურაბ ჩხარტიშვილი.
გომის მთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე
„განაშენიანების გენერალურ გეგმას ველოდებით. ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მიწის დარეგისტრირება“, – გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ. მისი თქმით, მშენებლობის პროცესს კურორტზე ზედამხედველობის სამსახური აკვირდება, მაგრამ მან ვერ გვითხრა, რას აკვირდება ეს სამსახური, როცა მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა და მიწა არავის აქვს დარეგისტრირებული. გამგებელმა ასევე ვერ გვიპასუხა, რამ შეუშალა აქამდე ხელი მუნიციპალიტეტს, შემუშავებულიყო განაშენიანების გენერალური გეგმა: „ვინც აშენებს, ყველა მათგანს ადრე ჰქონდა იქ სახლი. თუ ვინმე უკანონოდ აშენებს, აუცილებლად გვექნება რეაგირება. ასეთ შემთხვევაში, რეესტრი მათ საკუთრებაში არ გადასცემს ქონებას. ამ პრობლემას მალე მოვაგვარებთ, რადგან მალე გამოვაცხადებთ კონკურსს განაშენიანების გენერალურ გეგმაზე“.
„რატომ უშლის ხელს განაშენიანების გენერალური გეგმის არარსებობა მიწის რეგისტრაციაში გატარებას?“ – კითხვას ოზურგეთის გამგებელმა ასე უპასუხა: „სხვა კომენტარს ვერ გაგიკეთებთ, ძალიან კარგი პასუხი გაგეცით“.
გომის მთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე
რატომ ამბობს საჯარო რეესტრი უარს გომის მთის მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემაზე, როცა არსებობს საარქივო ჩანაწერები? – რეესტრის პრესსამსახურის უფროსმა, ეკა ერგემლიძემ გვითხრა, რომ პრობლემა არ არსებობს და საკითხი რეესტრმა ინდივიდუალურად უნდა შეისწავლოს. მას შემდეგ, როცა რეესტრის წარმომადგენელს გამგებლის პოზიცია გავაცანით, ის საკითხის დაზუსტებას დაგვპირდა. საჯარო რეესტრმა კვირის ბოლომდე გომის მთის მიწების რეგისტრაციის პრობლემაზე „ბათუმელებს“ პასუხი არ გასცა.
ა(ა)იპ „გომის მთა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2012 წელს გაუქმებულა. ზურაბ ჩხარტიშვილს ახალი გამგებლის იმედი აქვს, რომ ძველი აიპი ისევ აღდგება, თუმცა ამ საკითხს ჯერჯერობით ოზურგეთის 2013 წელს არჩეული გამგებელი არ განიხილავს. „პირველ რიგის პრობლემად ჩვენ უწყლობას მივიჩნევთ. უკვე ჩანიშნულია ტენდერი და ველოდებით გამარჯვებულის გამოვლენას. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება და იგი მომავალი წლის ბოლოსთვის დასრულდება. ჯამში დაახლოებით 200 ათასი ლარი დაიხარჯება წყლის რეზერვუარების მოსაწყობად. პროექტი ასევე ითვალისწინებს წყლის მიყვანას თითოეულ კოტეჯამდე, რომელიც გომის მთაზე დგას. ამ სამუშაოებისთვის ფული რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩაგვერიცხა, როგორც ტრანსფერი,“ – ამბობს მერაბ ჭანუყვაძე.
გომის მთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე
ოზურგეთის გამგებელი ამბობს, რომ გომის მთის ელექტროენერგიით მომარაგებაზე სამინისტროსთან კომუნიკაცია აქვს, მაგრამ სამუშაოები ძვირი ჯდება და გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კონკრეტული პროექტი არ არსებობს არც საბაგირო გზის შესახებ, რომელმაც ურეკი გომის მთას უნდა დააკავშიროს. ამის შესახებ გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ მიმდინარე წლის გაზაფხულზე ისაუბრა მედიასთან. მისი თქმით, კურორტის რეაბილიტაცია კარგი შეთავაზება იქნება ინვესტორებისთვის და გომის მთაზე შესაძლოა სათხილამურო ინფრასტრუქტურაც მოეწყოს. დაპირებებიდან ამ დროისთვის მხოლოდ ისაა შესრულებული, რომ გომის მთაზე ავტომანქანით ასვლაა შესაძლებელი. სხვა დაპირებებზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ასე გვიპასუხა: „ჩვენი დაპირებები რეალურია, ამას ყველა ხედავს. როგორც კი მოვედით ხელისუფლებაში, ამ კურორტის პოპულარიზაცია დავიწყეთ“.
„ძირითადად პოპულარიზაციაზე ვმუშაობთ,“ – გვითხრა ზურაბ ჩხარტიშვილმაც, ა(ა)იპის – „ოზურგეთში კულტურისა და სპორტის ხელშეწყობა“ მთავარმა სპეციალისტმა. მისი თქმით, უცხოელი ტურისტები მას სოციალური ქსელით უკავშირდებიან: „მთაში მივყვებით, რომ იქ არ დაიკარგონ. ბევრი იკარგება, ამას ვაქცევთ ყურადღებას. ჩვენი ძირითადი საქმე ესაა.“
„არის თუ არა ჯერ მზად გომის მთა პოპულარიზაციისთვის?“ კითხვას ზურაბ ჩხარტიშვილმა ასე უპასუხა: „აბა, თუ გაკეთდა ყველაფერი, მერე რაღა საჭირო იქნება პოპულარიზაცია?“
ბოლო რამდენიმე დღეა თხილი საგრძნობლად გაიაფდა. ბათუმში ერთი კილოგრამი თხილის ჩაბარების ფასმა ორ დღეში თითქმის 2 ლარით დაიკლო. თხილი გაიაფდა მეზობელ გურიასა და სამეგრელოშიც. აგრომეწარმეების თქმით, ფასის კლების მიზეზი უხარისხო პროდუქციაა.
ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ბონის“ მიმდებარედ, 1 კილოგრამ, ახალ, გაუტეხავ თხილს მაქსიმუმ 3,5 ლარად ყიდულობენ. რამდენიმე დღის წინ კი 5-5,2 ლარიც ღირდა.
„რამდენადაც ვიცი, ზუგდიდში ქარხნები ვერ ამუშავებენ თხილს და შეამცირეს მიღება. ამიტომ დაეცა ფასიც. ძველი, შარშანდელი თხილი ფაქტობრივად არავის უნდა. შესაძლოა 2,5 ლარი გადაგიხადონ აქ. კარგ, ახალ თხილში კი, მე 3,5 ლარს ვიხდი,“ – გვითხრა თხილის ერთ-ერთმა მიმღებმა.
კარგი და ხარისხიანი თხილი, მაგალითად ე.წ. „ბერძნულა“, შესაძლოა ბათუმში მაქსიმუმ 4 ლარადაც ჩააბარო. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ზაფხულში ნედლი თხილის ჩაბარების ფასი 4-5 ლარი იყო. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ერთ კილოგრამ თხილში მომხმარებელს 4-დან 6-ლარამდე თანხის გადახდა მოუწევს.
თხილის გადამამუშავებელ კომპანია „ნათინვესტში“, რომელიც ზუგდიდში მდებარეობს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფასის დაკლების მიზეზი უხარისხო პროდუქციაა: „შეხედავ თხილს, კარგია გარედან, მაგრამ რომ გატეხ, ბევრს გული არ აქვს, ან დამპალია. სამეგრელოში წელს არ ვარგა თხილი, გურიაში შედარებით არაუშავს. ზუგდიდში ახლა 4 ლარია მიღება, ქარხანაში ჩაბარების ფასი კი – 4,3-4,4 ლარი. ფასი თუ აიწია, მაქსიმუმ შეიძლება მიაღწიოს 6 ლარს, 7-ს არავითარ შემთხვევაში“.
მეწარმეები თხილის ნაყოფის უხარისხობას გავრცელებულ დაავადებებსა და აგროპრეპარატებსაც უკავშირებენ. „დაავადებულია თხილი, განსაკუთრებით სამეგრელოში – ნაცარი, სოკო… ამასთან, შხამქიმიკატები, რითაც წამლავენ, ალბათ უვარგისი და შეიძლება მავნებელიც კი არის მცენარისთვის. ათასი პრეპარატი შემოაქვთ და რომელია ადაპტირებული და კარგი ჩვენს შემთხვევაში, არავინ იცის,“ – გვითხრა „საგა 2008“-ს წარმომადგენელმა. ეს კომპანიაც ზუგდიდში მუშაობს.
აჭარის სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსის, მამუკა თურმანიძის განცხადებით, ფასებს ბაზარი არეგულირებს, ის ძირითადად ხარისხსა და რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუმცა მიუხედავად არსებული ფასებისა, „არის კარგი მოლოდინები და თხილს საკმაოდ მზარდი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია“.
რაც შეეხება მოსავლიანობას და ნაყოფის ხარისხს, მამუკა თურმანიძის თქმით, ისევე როგორც ყველა კულტურას, მეწლეობა ახასიათებს თხილსაც, თუმცა არა ისე მკვეთრად გამოხატული, როგორიც, ვთქვათ, ციტრუსს აქვს, ამიტომ მოსავლიანობაში სხვაობა წლების მიხედვით ფაქტობრივად უმნიშვნელოა: „ამასთან, მოსავლიანობაზე დიდ გავლენას ახდენს მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიაც – თუ რას და როგორ იყენებენ ფერმერები, ასევე გარემოფაქტორები, კლიმატური პირობები“.
აჭარაში, თხილის აქტიურად მოშენების პარალელურად, თავი იჩინა მავნებელმა დაავადებებმაც – თხილის ტკიპა, ხარაბუზა, ამ ბოლოს გავრცელდა თხილის ნაცარიც. თუმცა, სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში რომელიმე მათგანის მასიურ გავრცელებასთან არ გვაქვს საქმე.
„ნაყოფის ხარისხსა და მცენარის შემდგომ ზრდაზე უარყოფითად მოქმედებს ეს დაავადებები. ნაყოფის ხარისხზე ასევე უარყოფითად მოქმედებს სხვადასხვა ნივთიერების ნაკლებობაც ნიადაგში. ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. რომელიმე ერთის, თუნდაც დაავადების გამოყოფა, რომ აი, კონკრეტულად ეს არის მცენარის ნაყოფის უხარისხობის მიზეზი, მიუღებელია,“ – აცხადებს მამუკა თურმანიძე.
შხამქიმიკატებთან და აგროპრეპარატებთან დაკავშირებით მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ მათი სწორად შერჩევა და ზუსტად გამოყენება არანაირ ეკოლოგიური სტანდარტების დარღვევას არ გამოიწვევს და პირიქით, მოუხდება როგორც მცენარის შემდგომ გაჯანსაღებას, ასევე გააუმჯობესებს ნაყოფის ხარისხსაც: „ყველაფერს უნდა გონივრული მიდგომა და გამოყენება. პრეპარატები, რაც ჩვენს ბაზარზეა, არის გერმანული და შვეიცარული წარმოების, შესაბამისად, დანიშნულებისამებრ თუ მოხდება მათი გამოყენება, პრობლემა არ იქნება. ვიმეორებ, რომ საჭიროა კონკრეტული პრეპარატის სწორად შერჩევა კონკრეტულ დაავადებაზე და ამ პრეპარატის ზუსტი გამოყენება.“
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში მოქმედი საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრები ჩართულები არიან და მიდის მუშაობა ფერმერებთან, თუ როგორ უნდა განახორციელონ თხილის, ასევე სხვა კულტურების წამლობა, რა პერიოდში, რა პრეპარატები გამოიყენონ.
საექსპორტო ათეულში თხილი მეოთხე ადგილზეა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან 78,9 მილიონი აშშ დოლარის თხილი და სხვა კაკალია ექსპორტირებული.
ქართული თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდასთან ერთად მოსახლეობამ თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარის სოფლებში თხილის ბაღებმა ტრადიციული სიმინდის კულტურა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა.
“მე და ჩემი მარწმუნებლები ერთი ხატის წინ ვლოცულობთ. ჩვენ, მთლიანად მრევლს, გვაქვს ერთიანი მოსაზრება, რომ თუ ვინმეს მედრესეს აგება უნდა, ააშენოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გიულენის ფულით და ეს უნდა მოხდეს ქართული ტრადიციების გათვალისწინებით… თუ დღეს ღორის თავი მიაჭედეს, ხვალ რომელიმე სხვა უწმინდურის თავს მიაჭედებენ იქ,” – ამ სიტყვებით მიმართა ადვოკატმა როსტომ გუნთაიშვილმა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს.
როსტომ გუნთაიშვილი სასამართლოში ქობულეთში მცხოვრები სამი პირის ინტერესებს იცავს. მათ “ქართველ მუსლიმთა კავშირი” ქობულეთში პანსიონის გახსნის ხელშეშლის და შენობის კარზე ღორის თავის მიჭედების გამო დისკრიმინაციაში სდებს ბრალს. საქმეში მოპასუხე მხარეა შინაგან საქმეთა სამინისტროც, რადგან მუსლიმი მრევლი პოლიციელებს დაპირისპირების დროს უმოქმედობას და დისკრიმინაციის წახალისებას ედავება. სასამართლო ამ ინციდენტს 2014 წლის დეკემბრიდან განიხილავს. დღეს, 22 აგვისტოს, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ მოპასუხე მხარის საპაექრო სიტყვები მოისმინა. რამდენიმე დღეში მან ამ საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.
ადვოკატმა როსტომ გუნთაიშვილმა თავის საპაექრო სიტყვაში ხაზი გაუსვა იმას, რომ ქობულეთის პანსიონს, რომელიც 2014 წლის სექტემბერში უნდა გახსნილიყო, ფეტულა გიულენთან ჰქონდა კავშირი. მისი თქმით, შპს “მუსტაფა ბიუკი”, როგორც მესაკუთრე, გიულენის ინტერესებს ახორციელებს, თუმცა ამის კონკრეტული მტკიცებულება ადვოკატს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
“არ შეიძლება, 21-ე საუკუნის ქობულეთში, გულო კაიკაციშვილის ქალაქში, გვყავდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი, არ შეიძლება ეს დაადგინოს სასამართლომ… ჩემი მარწმუნებლები არიან ტოლერანტები. როგორ შეიძლება უთხრათ ქალბატონ ჟუჟუნას ის, რომ მან ვინმეს უფლება შეზღუდა, როცა წლების განმავლობაში მოსწავლეებს ასწავლიდა: “სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება”?… ღორის თავი მიაჭედეს სერბეთშიც, თან რამდენჯერმე, მაგრამ ასეთი ვაი-უშველებელი არ ატეხილა,” – განაცხადა სასამართლო პროცესზე როსტომ გუნთაიშვილმა. ადვოკატის მტკიცებით, მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რაც მისი მარწმუნებლების მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტს დაადასტურებდა.
ადვოკატმა ბრალი დასდო “წაქეზებაში” და “მიზანმიმართულ ინტერესში” მოსარჩელე მხარის დამცველი ორგანიზაციას – “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი”. როსტომ გუნთაიშვილის თქმით, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები 2014 წლის ინციდენტამდე ხვდებოდნენ ადგილობრივებს: “მერე თამთა მიქელაძე [ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი] დაგვხდა სასამართლოში. ეს ორგანიზაცია იყო აქტიურად ჩართული მოხეში, ჭელაში და ნიგვზიანშიც. ყველგან იყვნენ, ვიდრე არ უთხრეს – წადით აქედან”.
„ღორის თავის მიჭედების შემდეგ, ჟურნალისტებმა თქვეს, რომ იქ პანსიონი იყო გახსნილი, არადა ასეთი რამ არ ყოფილა. იქ პანსიონი ვერ გაიხსნა იმის გამო, რომ არ იყო შეყვანილი წყალი, ელექტყროენერგია და ასე შემდეგ… მაშინ პარლამენტის თავმჯდომარეც გამოვიდა და თქვა, რომ ეს არის დანაშაული და დამნაშავე უნდა დაისაჯოსო. იგივე თქვა პრეზიდენტმაც. შედარებით მოზომილი კომენტარი მაშინდელ შინაგან საქმეთა მინსიტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს ჰქონდა. მან თქვა, რომ თუკი რამ მოხდა, ეს უნდა იქნეს გამოძიებულიო.” – განაცხადა როსტომ გუნთაიშვილმა.
“პოლიციამ თავისი საქმე შეასრულა ბრწყინვალედ და დაიცვა ოქროს შუალედი,” – თქვა თავის საპაექრო სიტყვაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესების დამცველმა, ნინო ქევხიშვილმა. მისი განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების არანაირი საფუძველი არ არსებობს. იურისტი გამოძიებასაც შეეხო, რადგან მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ქობულეთის პანსიონის საქმის გამოძიება შეგნებულად ჭიანურდება. “სასამართლო ვერ დაადგენს, ჭიანურდება თუ არა საქმის გამოძიება.” – აღნიშნა იურისტმა.
ამ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს კიდევ ერთი იურისტი იცავს – მარიამ კერესელიძემ თავის გამოსვლაში “ნეიტრალურ მოწმედ” ქობულეთის გამგებელი, სულხან ევგენიძე დაასახელა, რომელმაც სასამართლოს ჩვენება წინა სხდომაზე მისცა. “ქობულეთის გამგებელმა დაადასტურა, რომ პოლიცია ასრულებდა თავის მოვალეობას და ის ცდილობდა დაეცვა, როგორც რელიგიის, ასევე გამოხატვის თავისუფლება,” – აღნიშნა მარიამ კერესელიძემ. იურისტების განმარტებით, სარწმუნო ვერ იქნება სახალხო დამცველის წარმომადგნელის ჩვენება, რადგან ის პანსიონის საქმის უშუალო მონაწილე არ იყო.
მოპასუხე მხარის საპაექრო სიტყვებს რეპლიკით გამოეხმაურა ეთერ გვრიტიშვილი, “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი. “თუკი სარჩელი არ დაკმაყოფილდება, მაშინ მუსლიმი მრევლი დარჩება ისევ დაჩაგრული და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ჩაითვლებიან ისევ… ჩვენ უკვე მოვისმინეთ მხარის მუქარა, რა მოხდება, თუკი სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს”.
მოსარჩელე მხარის საპაექრო სიტყვა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ წინა სხდომაზე უკვე მოისმინა
ფიზიკური პირების ადვოკატი როსტომ გუნთაიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტები: ნინო ქევხიშვილი და მარიამ კერესელიძე
დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ, მხოლოდ ფარმაცევტული საქმიანობის დარღვევების შემთხვევები განიხილა. სასამართლომ 7 აფთიაქის ხელმძღვანელობა სამართალდამრღვევად მიიჩნია და შვიდივე 500-500 ლარით დააჯარიმა.
„მართალია, მედიკამენტებს ურეცეპტოდ გავცემდი, მაგრამ ეს იყო გამოწვეული მოქალაქეების დაჟინებული თხოვნით. ლამის ხელის დარტყმაზე მისულა საქმე, ოღონდ ერთი ტაბლეტი მომეციო. მირჩევნია ჯარიმა გადავიხადო ომობანას თამაშს,” – მიმართა მოსამართლეს ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის ხელმძღვანელმა, ემზარ ვაშაყმაძემ. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მიმდინარე წლის 7 აგვისტოს შეადგინა სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ. ოქმის მიხედვით, აფთიაქი რეცეპტის გარეშე გასცემდა მეორე ჯგუფს მიკუთვნებულ წამლებს, მათ შორის, „ნიმესილს“.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა ემზარ ვაშაყმაძეს განუმარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებული სანქცია უფრო მკაცრი იქნება.
„ხშირად რეცეპტის მიღებას სჭირდება დრო, ხარჯები. ჩემი აზრით, რეცეპტის მოთხოვნა სავალდებულო არ უნდა იყოს ყველა შემთხვევაში,”- უთხრა “ბათუმელებს” ემზარ ვაშაყმაძემ. მან მაგალითად ჩიყვის სამკურნალო მედიკამენტი მოიყვანა, რომელსაც ადამიანები წლების განმავლობაში იღებენ: “რეცეპტის მაქსიმალური ვადა ერთი წელია და წლის განმავლობაში ადამიანს მხოლოდ ექვსჯერ შეუძლია სასურველი მედიკამენტის შეძენა ამ რეცეპტის საფუძველზე. რეცეპტის სპეციალური ფორმა მეტის საშუალებას არ იძლევა”.
რატომ გააქტიურდა აფთიაქების შემოწმება და რომელ აფთიაქებს ამოწმებენ – “ბათუმელების” ამ კითხვაზე სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება და სპეციალური კომისია ყველა აფთიაქში შეძლებს მონიტორინგის განხორციელებას.
გადავარჩინოთ ბათუმის „თეთრი მაგნოლია“ – ამ სლოგანით ბათუმში, „მაგნოლიის“ შენობაში მცხოვრებლები ქალაქ ბათუმის მერიას მიმართავენ დახმარების თხოვნით. ისინი ითხოვენ ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო მასალების ნარჩენების გატანას და ტერიტორიის შეწამლვას.
„თეთრი მაგნოლიის“ მობინადრეები მივმართავთ ბათუმელებს და პირველ რიგში ქალაქის მესვეურებს. საზოგადოების ყურადღება გვინდა მივაპყროთ თავად საცხოვრებულ კორპუსში არსებულ ვითარებას… შენობა, შეიძლება თამამად ითქვას, ვერ იტევს სამშენებლო ნაგავს, რასაც თან ერთვის წვიმის შედეგად დატბორილი ბინები, ანტისანიტარია, მღრღნელები, მწერები.
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერია ჯერჯერობით არ არის ვალდებული შექმნილი პრობლემები მოაგვაროს, ჩვენ იძულებულნი ვართ უკიდურესი სიტუაციის გამო, მოვთხოვოთ მერიას გამოიჩინოს კეთილი ნება და დაგვეხმაროს შენობიდან სამშენებლო ნაგავის გატანაში“ – აღნიშნულია „მაგნოლიის“ მობინადრეთა წერილში.
ამავე წერილში აღნიშნულია, რომ „კორპუსის ადმინისტრაცია ამ პრობლემების მოგვარებაში, მით უმეტეს დღევანდელ ვითარებაში, უმწეოა.“
შენობაში მცხოვრებთა ერთი ნაწილი მერიას მოუწოდებს, მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ზომებს იმ მობინადრეების, თუ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ანაგვიანებენ შენობას და მის გარე პერიმეტრს, არ გააქვთ კუთვნილი სამშენებლო, თუ საყოფაცხოვრებო ნაგავი.
როგორც „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში უთხრეს, აღნიშნული შენობა ამ დროისთვის არ არის ექსპლუატაციაში შესული, ამიტომ მცხოვრებლებმა უნდა მიმართონ ბათუმის მერიას წერილობით და მერია ამის შემდეგ დაეხმარება მათ აღნიშნული ნაგავის გატანაში.
ნაგავი „თეთრი მაგნოლიას“ ტერიტორიაზე / ფოტო აღებულია კორპუსის მცხოვრებთა წერილიდან
შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შრი-ლანკის რესპუბლიკის 3 და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ შრი-ლანკის რესპუბლიკის 3 მოქალაქე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის დახმარებით ცდილობდა“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
„საია მოუწოდებს საოლქო კომისიებს, არ დაუშვან საუბნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევის დროს პოლიტიკური გავლენებით გადაწყვეტილების მიღება, წევრები შეარჩიონ პროფესიული უნარჩვევებისა და კეთილსინდისიერების მიხედვით“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა.
საიაში აცხადებენ, ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ „მათ წევრებს ხელთ ჩაუვარდათ ქობულეთის, სენაკის, ოზურგეთის, დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებში სავარაუდოდ არსებული წინასაწარი სიები, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერებით, აქტივისტებითა და მათი ოჯახის წევრებით არის დაკომპლექტებული; საუბნო საარჩენო კომისიის წევრთა არჩევის დროს სწორედ მათზე უნდა შეჩერებულიყო არჩევანი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ პროცესში სავარაუდოდ, აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის გამგებლის/მერის წარმომადგენლები“.
„ის ფაქტი, რომ სიები ხელმისაწვდომი არ იყო ოპოზიციური პარტიების საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, ამყარებს ეჭვებს წინასწარი სიების არსებობის შესახებ, რომელიც საუბნო კომისიების პროფესიული წევრების არა პროფესიული, არამედ პოლიტიკური ნიშნით შერჩვას ისახავს მიზნად“ – აცხადებს საია.
პირველ ფოტოზე ნიუ-იორკია ასახული, მეორეზე – პარიზი, მესამეზე კი – ბათუმი. ადვილი შესამჩნევია პირველ და მეორე შემთხვევაში როგორაა მაგიდები ტროტუარზე განლაგებული, იმისთვის, რომ ქვეითი არ შეფერხდეს. ბათუმში ყველაფერი სხვანაირადაა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ტროტუარები წითელ ბილიკებამდე კაფეებმა აითვისეს, წითელი ბილიკი კი ველოსიპედისტებს ეკუთვნით.
როცა ტროტუარზე მაგიდები და სკამები დგას, იძულებული ხდები ველობილიკზე გადახვიდე, ხოლო თუ ველობილიკზე მიმავალს ველოსიპედისტი ზარით გატყობინებს, რომ გზა უნდა გაუთავისუფლო, პირდაპირ სამანქანე გზაზე გიწევს გადასვლა. ამ დროს შენს უსაფრთხოებაზე ვერავინ იზრუნებს, უნდა გაგიმართლოს და გადარჩე.
კაფეების გარდა ბათუმის ტროტუარებზე ავტომანქანებს, მიმდინარე მშენებლობებსა და სხვა ტიპის მომსახურების ობიექტებსაც ნახავთ. ქალაქის გარეუბნებში ტროტუარები ავტომანქანების შეკეთების ობიექტებსა და სამრეცხაოებსაც აქვთ დაკავებული. უსაფრთხო არც სამანქანო გზაზე ქვეითისთვის გათვალისწინებული „ზებრა“ გადასასვლელია, რადგან მძღოლების უმეტესობა ქვეითს გადასასვლელზე გზას არ უთმობს.
წელს რამდენიმე კაფემ ტროტუარის რკინის კოსტრუქციით შემოსაზღვრაც დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მაგიდების შემთხვევაში კაფეს სტუმრის შეწუხება გიწევდა, ახლა ტროტუარის იმ ნაწილს, რაც რკინის კონსტრუქციით შემოსაზღვრეს, ქვეითი ვეღარ გამოიყენებს. ეტლით მოსარგებლისთვის კი აქ გავლა საერთოდ შეუძლებელია.
ფოტო: თორნიკე თავაძე
გადატვირთული ტროტუარები და ქვეითისთვის დატოვებული ვიწრო ადგილი განსაკუთრებულ პრობლემას ეტლით მოსარგებლეებსა და იმ დედებს უქმნის, რომლებიც ბავშვებს ეტლით ასეირნებენ.
„რამდენჯერმე როცა ასეთ ადგილს მივადექი, მომიწია კაფეში მყოფი ადამიანისთვის მეთქვა გამატარეთ-მეთქი, ვაწუხებ მათ და არასდროს ვეუბნები მადლობას, რადგან ეს ჩემი ადგილია, აქ მე უნდა გავიარო. ძველ ბათუმში როცა ტროტუარი კაფეს ან მანქანას აქვს დაკავებული, პირდაპირ ქვაფენილზე უნდა გადახვიდე, რაც ეტლით მოსაგებლისათვის ორმაგად პრობლემურია, ჯერ ერთი ქვაფენილზე ეტლის მართვა ჭირს და ამ დროს შეიძლება მანქანა დაგეჯახოს და მეორეც – ეტლი მწყობრიდან გამოდის,“ – ამბობს თომა კაკაბაძე, რომელიც ეტლით გადაადგილდება.
პრობლემის მოგვარებას ბათუმელები შესაბამისი სტრუქტურებისგან ითხოვენ.
ბათუმი. კაფე „ტერასა“
„მეც მაქვს კაფე, თუმცა ყველაფერი ისე განვათავსეთ, რომ ხელს არავის ვუშლით. ამ პრობლემაზე ხშირად ვსაუბრობთ, ფეისბუქშიც ვწერთ. სანამ მანქანა დაგვეჯახება, მანამდე უნდა იზრუნოს ამის გამოსწორებაზე მან, ვისაც ეს ევალება. ასეც რომ არ იყოს, ზოგიერთს აქვს მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და თავადაც იცის, რომ სხვას ხელი არ უნდა შეუშალოს,“ – ამბობს პაატა ძიძიგური, კაფე „ვინილის“ მფლობელი.
საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში, ტროტუარის ათვისების საზღვრებს კანონმდებლობა არეგულირებს. თუმცა ქართულ რეალობაში დადგენილ წესებს არ ასრულებენ, ან ამბობენ, რომ „ეს წესები არ ვარგა.“
ბათუმის ქუჩებში სხავადასხვა ტიპის მომსახურების ობიექტების განთავსებაზე ნებართვას ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახური გასცემს. ამ სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ ტროტუარები კაფეებს დაკავებული აქვთ ევროპულ ქალაქებშიც და ამაში ის პრობლემას ვერ ხედავს: „ევროპაშიც მაქვს ნანახი და ფოტოებიც მაქვს გადაღებული“. კითხვაზე, სად უნდა გაიაროს ქვეითმა? – ირაკლი ახალაძე პასუხობს, რომ გასავლელები დატოვებულია: „გასავლელებისთვის ადგილს ვტოვებთ კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა ხშირად ნებართვის მიმღები შემდეგ უფრო მეტს მოინდომებს ხოლმე და დადგენილ საზღვრებს სცილდება. ამის კონტროლი უკვე სხვა სამსახურის პრეროგატივაა.“
საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული გარევაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობებზე ნებართვების გაცემისას მერია ბათუმის საკრებულოს 2011 წლის #8 დადგენილებით ხელმძღვანელობს. ამ დადგენილების მიხედვით, გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრისას მერიამ უნდა გაითვალისწინოს ქალაქის განვითარების ინტერესები: მოსახლეობის სიმჭიდროვე; სატრანსპორტო ნაკადი; საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი. საკრებულომ დაადგინა ასევე კონკრეტულად რა საზღვრები უნდა დაიცვას მერიამ ტროტუარზე ობიექტის განთავსების ნებართვის გაცემისას.
დადგენილების მიხედვით დაუშვებელია გარე ვაჭრობისათვის განისაზღვროს ტროტუარის ტერიტორია ბორდიურიდან (ნაწიბურიდან) 0,75 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე ან გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთი (ობიექტი) განთავსდეს ბორდიურიდან (ნაწიბურიდან) 0,75 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე. გარდა ამისა, მერია უფლებამოსილია გარევაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა იმდაგვარად, რომ აღნიშნულ ქუჩებში მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ნებართვის გამცემმა გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს, რომ გარევაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსებამ არ დააბრკოლოს ან სხვაგვარად არ შეზღუდოს სავალ ნაწილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ხილვადობა.
ასრულებს თუ არა ამ დადგენილებით დაწესებულ ნორმებს მერიიის არქიტექტურის სამსახური და ხომ არ არღვევს მეპატრონე ობიექტის განთავსების პირობებს უმეტეს შემთხვევაში, რაც ბათუმში ქვეითისთვის საფრთხეს ქმნის? ამაზე კონტროლი მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილებას ევალება. განყოფილების უფროსის თენგიზ მესხიძის თქმით, სამსახურის სპეციალისტები „ქალაქში რულეტკებით დადიან“ და ტროტუარების ათვისების მასშტაბებს ყოველდღიურად აკონტროლებენ.
„მოგეხსენებათ, ბევრი კაფეა და ხშირად ხდება ნებართვის პირობების დარღვევა. ჩვენი სპეციალისტები ყოველდღიურად ამოწმებენ ე.წ. რულეტკებით. თუ დარღვევა არის, ხშირ შემთხვევაში ვაფრთხილებთ, თუ არ გამოასწორებენ, შემდეგ ვაჯარიმებთ. ჩვენი მიზანია ქალაქში ყველაფერი წესრიგში იყოს და არ მოხდეს ზედმეტი სკამების, მაგიდებისა და კონსტრუქციების დადგმა ტროტუარებზე. აქედან გამომდინარე ჩვენთვის უფრო უპრიანია გაფრთხილება მივცეთ და გამოასწორონ. ამისთვის ერთ დღეს ვაძლევთ. რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთ ქუჩაზე ძალიან ვიწროა გასავლელი და ჩვენ მათ ვერ ვაჯარიმებთ. საქმე იმაშია, რომ როცა 74 სანტიმეტრს დაიკავებს ობიექტის მეპატრონე ფართო ტროტუარზე, ეს მნიშვნელოვან პრობლემას არ ქმნის, მაგრამ ამავე დადგენილებით 75 სანტიმეტრის დაკავებაზეა გაცემული ნებართვა ვიწრო ტროტუარებზეც, რაც უკვე პრობლემურია. ჩვენ ამის შეცვლა არ შეგვიძლია, ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა შეიცვალოს,“ – ამბობს თენგიზ მესხიძე. მისივე თქმით, ამ საჭიროებაზე მას საკრებულოს წევრებთან არ უსაუბრია, თუმცა `სამსახურის უფროსმა ეს კარგად იცის.“
საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიას ვაჟა რამიშვილი ხელმძღვანელობს. გადატვირთული ტროტუარების თემა საკრებულოს წევრსაც აწუხებს, მაგრამ როგორ და ვინ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა, მან არ იცის: „მე მქონდა რამდენიმე შემთხვევა, მანქანები დგას, ხალხი ვერ მიდის და ვერ მოდის. დავსვი საკითხი, პატრონი ვერ ვნახე. ტროტუარი არის მოსახლეობის, ფეხით მოსიარულეების. ყველა ღონეს ვხმარობ და მეტი რა გითხრათ. ძალიან არასასიამოვნო შესახედია, მე გეთანხმებით, რომ არ უნდა იყოს ასე.“ ვაჟა რამიშვილმა არ იცის, შესაცვლელია თუ არა რაიმე დადგენილებაში, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ტროტუარი ფეხით მოსიარულისაა, ამას „ლაპარაკი, დაფიქრება და კანონი არ სჭირდება.“
საკრებულოს დადგენილების მიხედვით, ზედამხდველობის სამსახური დამრღვევს ერთხელ აფრთხილებს და შედეგის ვერ მიღწევის შემთხვევაში აჯარიმებს. ჯარიმა ფიზიკურ პირზე 500, ხოლო იურიდიულ პირზე 1500-დან 2000 ლარამდეა.
თენგიზ მესხიძის ინფორმაციით, ტროტუარის ათვისების ნებართვის წესების დარღვევისთვის ბოლო პერიოდში ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა რესტორანი „B.K.“ „არტ კაფე“ გამსახურდიას ქუჩაზე, „სუში ბარი“ რუსთაველის ქუჩაზე, „შაურმა“ გამსახურდიას ქუჩაზე, თურქეთის მოქალაქის რესტორანი ქუთაისის ქუჩაზე და სხვა. გასულ წელს დაჯარიმდნენ: `ბავარია~, გორგასლისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში „ხაჭაპურის კერია“.
ნებართვის საფასური ათვისებული ტერიტორიის მიხედვით კვადრატულ მეტრზე 30 ლარია, რასაც ობიექტის მეპატრონე სეზონზე ერთჯერადად იხდის. ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ხშირად ეს თანხა წელიწადში 300 ლარი გამოდის, რისი გადახდაც არ უნდათ და ტროტუარებს ითვისებენ, რის გამოც შემდეგ 2000 ლარით ჯარიმდებიან.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 12 პროცენტი, 200 000 ამომრჩეველზე მეტი, დაუსაქმებელია. საქართველოს მთავრობა კი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პენსიონერების დასაქმებაზე ალაპარაკდა. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, იდეა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, ხოლო პროგრამას „ცხოვრება გრძელდება“ ერქმევა. იდეამ და მისმა დასახელებამ სოციალურ სფეროში მომუშავე ექსპერტებს წინა ხელისუფლების „ღიმილიანი საქართველო“ გაახსენა, როგორც თავად ამბობენ, მათ ცხოვრების გაგრძელება არა, მაგრამ ამ პროგრამის არჩევნების შემდეგ გაგრძელების შესაძლებლობა აეჭვებთ.
პრემიერის განმარტებით, ახალი პროგრამა არ გულისხმობს არც პენსიისა და არც სოციალური შეღავათების მოხსნას და ეს არის დამატებითი შემოსავალი იმისთვის, რომ „ბევრმა ადამიანმა, რომელთაც აქვთ ძალიან საინტერესო გამოცდილება და პოტენციალი, თუნდაც მცირე მასშტაბით გამოიყენონ ის და შესძინონ თავისი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას.“
მთავრობა პენსიონერების დასასაქმებლად კერძო კომპანიების წახალისებას საგადასახადო შეღავათების დაწესებით გეგმავს. პროგრამაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო მუშაობენ.
იდეის დაანონსებიდან რამდენიმე დღეში „ბათუმელები“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. ჩვენ იმ პირებთან დაკავშირება ვითხოვეთ, რომლებიც პროგრამის მომზადებაში უშუალოდ არიან ჩართულები. პრესსამსახურში გაგვიმარტეს, რომ პროგრამის პრეზენტაცია ჯერ `ქართულმა ოცნებამ~ უნდა გააკეთოს, ამის შემდეგ კი სამინისტროს თანამშრომლებიც ჩაერთვებიან. ფინანსთა სამინისტროდან კი მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადება გადმოგვიგზავნეს და გვითხრეს, რომ სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით [რომელიც პრესსამსახურიდან გადმოგვიგზავნეს] პროგრამა „ცხოვრება გრძელდება“ ჰუმანურად, სოციალურად და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართლებული ინიციატივაა. „ცხოვრება მართლაც გრძელდება და პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით გუნდში დაიწყო მუშაობა იდეაზე – პენსიონერებსა და იმ კომპანიებს, რომლებშიც შესაძლებელია პენსიონერთა შრომის გამოყენება, მიეცეთ მეტი სტიმული თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვის.“
ფინანსთა მინისტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხშირ შემთხვევაში, შედარებით ასაკოვანი ადამიანების შესაძლებლობები რეალურად გამოუყენებელია, ახალი პროგრამა კი, მათ საშუალებას აძლევს პენსიასთან ერთად მიიღონ დამატებითი შემოსავალი და სწორი მიმართულებით წარმართონ მათ ხელთ არსებული რესურსი.
საქსტატის 2015 წლის მონაცემებით საქართველოში 3 მილიონ 720 000 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 750 000 პენსიონერია. ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას, ანუ ე.წ სამუშაო ძალას შეადგენს 2 მილიონ 21 000 ადამიანი, ხოლო უმუშევარია 200 000- ზე მეტი ადამიანი. რაც საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობის 12 პროცენტია. უმუშევრობის ამ მონაცემებს საქართველოში სოციალურ სფეროში მომუშავე სპეციალისტები არ ენდობიან: „ყველამ იცის, რომ ეს არარეალური მაჩვენებელია და საქართველოში უფრო მეტს აქვს დასაქმების პრობლემა,“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა სოციალური მართვისთვის“ დირექტორი გია კაკაჩია, რომელიც ერთ- ერთია მათ შორის, ვისაც ახალმა ინიციატივამ წინა მთავრობის პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“ გაახსენა:
„რეალურად, როდესაც ამ პროგრამის შესახებ დაიწყო ლაპარაკი, პირველი რაც თავში მომივიდა არის ის, რომ ერთადერთი, რასაც ამ პროგრამამ შეიძლება კონკურენცია გაუწიოს, ზუსტად ღიმილიანი საქართველოა. მიუხედავად იმისა, რომ „ღიმილიანმა საქართველომ“ ყველას ღიმილი მოჰგვარა და მოგეხსენებათ, ის პროგრამა როგორც დამთავრდა. შეიძლება ითქვას, რომ იდეურ დონეზე ის უფრო მისაღები იყო ხანდაზმულებისათვის, უფრო ლოგიკურად დასაბუთდებოდა, რომ ხანდაზმულთა სოციალურ ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს, ვიდრე მათი სამუშაო ბაზარზე გამოჩენა. ფაქტობრივად, ალბათ ეს პროგრამაც, როგორც ღიმიალინი საქართველო, არის განწირული და წინასაარჩევნო დაპირებად დარჩება.“
კითხვაზე, როგორ წარმოგიდგენიათ პროგრამის რეალურად განხორციელება, გია კაკაჩია ამბობს, რომ პროგრამის იდეაც კი არასწორია: „ერთი მარტივი მიზეზის გამო, სამუშაო ძალაში შედის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არის 16-დან საპენსიო ასაკამდე. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობა არ შეუძლია. საპენსიო ასაკს მიღწეული მოსახლეობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ღირსეული სიბერით. ღირსეული სიბერე კი ნიშნავს სოციალურ გარანტიებს და საზოგადოებაში ინკლუზიას. თუ ადამიანს სურს, რომ იყოს დასაქმებული, ეს მისი პირადი უფლებაა, მაგრამ სახელმწიფო ამაზე დამატებით რესურსებს არ უნდა ხარჯავდეს. ეჭვი მეპარება, რომ ეს პროგრამა ამოქმედდეს, მაგრამ თუ ამოქმედდება, ჩვენ ხელს შევუწყობთ ჩრდილოვანი დასაქმების განვითარებას. აღმოჩნდება, რომ რეალურად მოხდება თუნდაც მამების გაფორმება და რეალურად ისინი ჩაანაცვლებენ ახალგაზრდა სამუშაო ძალას. მოგეხსენებათ, ქვეყანაში 750 000-მდე პენსიონერია, რეალურად ეს არის ამდენივე ამომრჩეველი, ამასთანავე, ყველამ იცის, რომ პენსიონერები საკმაოდ აქტიური ამომრჩევლები არიან. ფაქტობრივად, ამ გაუგებარი პროგრამით ცდილობენ პენსიონერთა გულები მოიგონ.“
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან 78,9 მილიონი აშშ დოლარის თხილი და სხვა კაკალია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, თითქმის 5 მილიონით მეტია.
თხილი და კაკალი საქართველოდან გატანილი პროდუქციის ათეულში მეოთხე ადგილზეა.
სტატისტიკის სამსასხურის მონაცემებით:
2016 წლის იანვარ-ივლისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 171 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15 პროცენტი შეადგინა;
ფეროშენადნობების ექსპორტი 100 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა;
მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 87 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.
კომპანია „ვაით ჰაუსის“ ყოფილი თანამშრომლები ხვალ, 22 აგვისტოს, 12:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას გეგმავენ. ისინი აჭარის მთავრობისგან კომპანიასთან შუამდგომლობას ითხოვენ დარჩენილი ერთი თვის ხელფასის ასაღებად.
„ჩვენი მოთხოვნაა დარჩენილი ერთი თვის ხელფასები დაგვირიგონ, ორი თვის გვქონდა მისაღები, ერთი დაგვირიგეს, ერთი არა. მიზეზად გვისახელებენ, რომ თითქოსდა ჩვენი გაკეთებული საქმე არის უხარისხო.“ – ამბობს მანუჩარ ბერიძე, ერთ-ერთი ყოფილი დასაქმებული.
შენიშვნა: ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოქვეყნდა სათაურით: „მეტრო სითის“ თანამშრომლები დამსაქმებლის წინააღმდეგ“, რის შემდეგაც დაგვიკავშირდნენ „მეტრო სითიდან“, რომ აღნიშნული პირები არიან „ვაით ჰაუსის“ თანამშრომლები. კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, „ვაით ჰაუსი“ არის სს „მეტრო მეფის“ ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელიც პროექტ მეტრო სითის ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშაობს, ხოლო „მეტრო მეფს“ დღეის მდგომარეობით არავის მიმართ ფინანსური ვალდებულება არ აქვს.
ახალი გზა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე ასამდე კერძო საკუთრებაზე გაივლის. მათ შორისაა: სახლები, ეზოები, ბოსტნები, ციტრუსის ბაღები, დამხმარე ნაგებობები და კომერციული ფართობები. ქონების მეპატრონეებმა მოსალოდნელი ცვლილების შესახებ არაოფიციალურად, მხოლოდ „ჭორის დონეზე“ იციან. მათ არც იმაზე აქვთ ინფორმაცია, რომ ქონების დათმობაზე ვერ მოლაპარაკების შემთხვევაში მერია ექსპროპრიაციის წესს გამოიყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ქონებას კანონიერად, „საზოგადოებრივი საჭიროების მქონე ობიექტის მშენებლობის“ მოტივით ჩამოართმევენ.
თემურ ბერიძის შვიდსულიანი ოჯახი ადლიის უბანში 2004 წლიდან ცხოვრობს. მანამდე იგი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში ცხოვრობდა, სადაც საცხოვრებელი სახლი დაემეწყრა. მთავრობისგან დახმარების მიღების ამაოდ ლოდინის შემდეგ სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ადგილიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ანგისაში სახლის ასაშენებლად მიწა იყიდა: „დღეს უკვე ორსართულიანი სახლი მაქვს, მას შემდეგ ამ სახლს ვაკეთებ. ნაწილი გავარემონტე, თუმცა არ დამისრულებია, კიდევ ბევრია გასაკეთებელი,“ – გვიყვება თემურ ბერიძე.
თემურ ბერიძე თავის ნაკვეთში დედასთან ერთად
სახლის ეზოს მიმდებარედ თემურის დედა, მერი, ბოსტანში მუშაობს, ბალახის ამოძირკვით და ნარგავების მორწყვით არის დაკავებული. საუბარში ისიც ერთვება. ამბობს, რომ კიდევ ერთხელ საცხოვრებელი ადგილის დატოვება არც მას უნდა და არც მის ოჯახს:
„ძლივს ავაშენეთ. როგორ არ მინდა, როგორ მენანება. მე მგონი, მეც მეხება, ასე ამბობენ. თქვენ თუ რამე იცით, მითხარით. ვიცი, რომ ნაკვეთს ეხება, ზოგი ამბობს – სახლსაცო. არ მინდა, რომ სახლს შეეხოს. ძლივს გავიკეთეთ სახლი. ახლა მე აღება მინდა?! – მთავრობის გადაწყვეტილებას ვერ შეეწინააღმდეგები, მაგრამ ნამდვილად არ მიხარია.“
იმ ტექნიკური ნახაზის მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ მიწათსარგებლობის გეგმაში ცვლილების შესახებ დებულებასთან ერთად დაამტკიცა, თემურ ბერიძისმიწის ნაკვეთი და ის ადგილიც კი, სადაც სახლი დგას, წითლადაა მონიშნული. რუკის მიხედვით, წითლადაა მონიშნული ბერიძეების მეზობლის, თემურ ჯიჯავაძის სახლიც. ამ სახლის ჭიშკარზე განთავსებულ ტრაფარეტზე დიდი, წითელი ასოებით აწერია, რომ ის დამსვენებლებისთვის ქირავდება. თემური სახლშია, ის ხუთ წელზე მეტია უმუშევარია. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერც მისი მეუღლე, ლელა მუშაობს. ამ სახლში ცხოვრობენ თემურის შვილები და მოხუცი მშობლები. სახლი სამსართულიანია და ოჯახი მის მხოლოდ მცირე ნაწილში ცხოვრობს, ძირითად ნაწილში კი დამსვენებლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოაწყვეს. ეზოში კოტეჯსაც აქირავებენ. ზაფხულობით ეს მათი ერთადერთი შემოსავალია. წელს დამსვენებლის ნაკლებობაზე ჩივიან.
„ვიცი ახალი გზის ამბავი. კულუარულად გავიგე. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩემთან ინვესტორი მოვიდა, დავრწმუნდი, რომ მართალი იყო. აქვე გვერდით ნაკვეთი მაქვს, ინვესტორს მისი ყიდვა და კორპუსის აშენება უნდოდა. მოვილაპარაკეთ კიდეც. მაგრამ მას მშენებლობის ნებართვა არ მისცეს, არ ვიცით, გზა სად გაივლისო. აღარ იყიდა ჩემი ნაკვეთი. არადა, ძალიან მჭირდებოდა, იმ აღებული ფულით აქით გავაკეთებდი, დამსვენებელი რომ მოდის, ყველას კარგი უნდა, წელში გავსწორდებოდი,“ – ამბობს თემურ ჯიჯავაძე.
თემურ ჯიჯავაძე მეუღლესთან და მამასთან ერთად
იმას, რომ მშენებლობის ნებართვებს ამ უბანში მერია ახალი გზის შემუშავებისა და მის დამტკიცებამდე არ გასცემდა, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურშიც ადასტურებენ. მიწათსარგებლობის ახალი გეგმისა და თანდართული რუკის მიხედვით, ახალი მაგისტრალი ბულვარის მიმდებარედ ანგისის, ადლიის, მინდას, აეროპორტისა და აღმაშენებლის უბნებში გაივლის. შესაბამისად, მერიას უკვე შეუძლია სამშენებლო ნებართვების გაცემა, თუმცა როგორც რუკიდან ჩანს, თემურ ჯიჯავაძე ნაკვეთს ინვესტორზე ვეღარ გაყიდის, მას მოუწევს მიწა სახელმწიფოს მიყიდოს. გადაუხდის თუ არა მას სახელმწიფო კვ/მ-ზე იმავე რაოდენობის თანხას, რასაც მას ინვესტორი სთავაზობდა, ეს მომავალში გამოჩნდება. ამ დრომდე არსებული გამოცდილებით კი, მერიას მოსახლეობისთვის საბაზრო ფასი არასდროს შეუთავაზებია და ეს საკითხი არაერთხელ გახდა სასამართლოს მსჯელობის საგანი, რაზეც „ბათუმელები“ ადრეც წერდა. ბათუმში მომუშავე მაკლერების ინფორმაციით საბაზრო ღირებულების მიხედვით დღეს ახალი ბულვარის მიმდებარედ ერთი კვ/მ მიწის ფასი 200 დოლარია.
რაც შეეხება ნორმატიულ ფასს, ბათუმში, სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ბათუმის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების (ქვეზონების) მიხედვით. ადლია კაჩინსკების ქუჩიდან, აეროპორტის დასახლება და მიდებარე ტერიტორიები სადაც ახალი გზა უნდა გავიდეს, ბათუმის პერიფერიული ზონის პირველ ქვეზონას მიეკუთვნება – საკრებულოს დადგენილებით, ამ ზონაში ერთი კვ/მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფასის საბაზისო განაკვეთი 425 ლარის ტოლია.
ინფორმაცია „ჭორის დონეზე“ იციან თემურის მეზობლებმაც, ყველა, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით და კომპენსაციის მიღების სანაცვლოდ დათმობს ნაკვეთს, ეზოს, ეზოს ნაწილს, მაგრამ არა სახლს.
ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილება ბათუმის საკრებულოში ისე დაამტკიცეს, რომ ამომრჩევლის საკუთრების უფლებებზე დიდხანს არ უმსჯელიათ. კითხვები, რომლებიც მომხსენებლის ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მიმართ დასვეს, ახალ გზებს შორის ერთ-ერთის გაბარიტებს შეეხებოდა. სხდომაზე ექსპროპრიაციის წესიც ახსენეს. საკრებულოში ამ უბნის მაჟორიტარმა ირაკლი მიქელაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ „ამომრჩევლის ინტერესების შესახებ იცის და მისი მოსაზრებით, ამ ცვლილების არ დამტკიცებით უფრო გაფუჭდებოდა საქმე, ვიდრე მისი დამტკიცებით.“
ახალი გზის საპროექტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „აჭარსპეცპროექტმა“ ჩაატარა. ამ სამუშაოსთვის ბიუჯეტიდან 80 000 ლარი დაიხარჯა. ახალი გზების პროექტს ექსპერტიზა არ გაუვლია. ასეთი მოთხოვნა მერიას ტენდერით გათვალისწინებული არ ჰქონდა. პროექტის მიხედვით, ახალი გზა 11 მეტრი სიგანის, ხოლო ტროტუარები 2 მეტრი სიგანის იქნება. შემდეგი ეტაპი გეოლოგიური კვლევაა. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ირაკლი ახალაძის თქმით, მერიას ჯერ არ შეუსწავლია კონკრეტული ქონებები და მათი ღირებულება, სადაც ახალი გზა გაივლის: „ეს ცალკე კვლევის საგანია.“ მოსახლეობა ამბობს, რომ სახლებს არ დათმობს, ზოგიერთის თქმით კი, სახლის დათმობის აუცილებლობის შემთხვევაში შეთავაზება ადეკვატური უნდა იყოს: „შენ ამ ზღვის პირიდან გამიშვა და ბენზეში წადიო მითხრა, მასე არ გამოვა.“
მთლიანობაში ახალი ბულვარის მიმდებარედ მერია 40-კილომეტრიანი გზის გაყვანას გეგმავს. მერიაში მიიჩნევენ, რომ ახალი გზა ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე ქალაქური ინფრასტრუქტურის შექმნას და ამ ადგილით ინვესტორების დაინტერესებას შეუწყობს ხელს.
ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, დღეს მესამედ გაიმართა ქაფის ფესტივალი. ბოლო ღონისძიება დღეს, 18 საათზეა დაგეგმილი. ფესტივალი „ევროპა ბეთის“ მხარდაჭერით ტარდება.
„იალონი სტუდიო“ მუსიკოს ვაჟა ცისკარიძის [ მუსიკოს კახა ცისკარიძის ძმა] დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას მართავს. პროფესიონალი ფოტოგრაფები მომხმარებელს ნებისმიერი რაოდენობის სტუდიური ფოტოს გადაღებას სთავაზობენ ნებისმიერ ფასად. შემოსულ თანხას კი ვაჟა ცისკარიძის ანგარიშზე გადარიცხავენ.
ვაჟა ცისკარიძეს ძვირადღირებული ოპერაცია და მკურნალობა სჭირდება.
საქველმოქმედო აქცია დღეს, 21 აგვისტოს, 12 საათიდან დაიწყო და 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. „იალონი სტუდიოს“ მისამართია: ბათუმი. მემედ აბაშიძის 48.
საკონტაქტო ინფორმაცია: 596 220 220 ; 593 99 82 72;
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ. ფოტო: ირმა დიმიტრაძე
დემურ სტურუას თვითმკვლელობის წინ დაწერილი წერილი დღეს აქციის მონაწილეებმა პოლიციელების მანქანებზე დააწებეს, რაც პოლიციელებმა მალევე მოხსნეს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ პასუხისმგებლობაში მიეცეს პოლიციელი, რომელსაც დემურ სტურუა ასახელებს წერილში და მისი მეწყვილე, რომლის ვინაობასაც პოლიცია ამ დრომდე ასაიდუმლოებს; თანამდებობა დატოვოს სამტრედიის რაიონული პოლიციის უფროსმა; შსს-ს მინისტრმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამონაწილეობით შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და შანტაჟის პრაქტიკებს შეისწავლის; დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.
„სტურუას თვითმკვლელობის ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პოლიციისათვის მინიჭებული ძალაუფლება აჭარბებს გონივრულ და ლეგალურ ფარგლებს. ის, რაც ნარკოპლიტიკით ინიღბება, სინამდვილეში, მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველ ფენებზე, პოლიციური კონტროლის, ძალადობისა და შანტაჟის მექანიზმს წარმოადგენს. ეს მექანიზმები განსაკუთრებული სიმკაცრით საჯარო სივრცის მიღმა მყოფ ადამიანებს უსწორდება, მისი მოქმედების ძირითად სივრცეებს კი რეგიონები, სოფლები და გარეუბნები წარმოადგენენ. დემურ სტურუას თვითმკვლელობის აქტი საპროტესტო გზავნილია, რომელიც თითოეულ მოქალაქეს მოგვემართება. სახელმწიფოს მიერ მასზე განხორციელებული პოლიციური ძალადობა საკადრის პასუხს საჭიროებს“ – აღნიშნულია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ პრესრელიზში.
კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოს საპალამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ქობულეთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინა. ქობულეთის #81 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გელა ხახნელიძის ინფორმაციით, კიევის ყოფილი მერი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ქობულეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატად გეგმავს და მას უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებენ.
ლეონიდ ჩერნოვეცკი ბოლო წლებია ქობულეთში ცხოვრობს. მან საქართველოს პარლამენტში შესვლის სურვილი ცოტა ხნის წინ გაახმოვანა, პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დაარსა და პირველი წინასაარჩევნო დაპირებაც გასცა. გამარჯვების შემთვევაში ის მოსახლეობას პენსიების 500 ლარამდე გაზრდას დაპირდა.
მოგვიანებით მან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. რატომ შეცვალა გადაწყვეტილება ორჯერ, ამაზე ჩერნოვეცკი მედიასთან არ საუბრობს და საგანგებო განცხადების გაკეთებას 23 აგვისტოს გეგმავს.
მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტს, პაატა საბელაშვილსა და მის მეგობარს, ბათუმის პროკურატურა საზოგადიებრივი წესრიგის დარღვევასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სდებდა ბრალს. სასამართლომ პაატა საბელაშვილი ნაწილობრივ გაამართლა.
პაატა საბელაშვილის მონაყოლით ინციდენტი ბათუმის პოლიციასთან გუშინ ღამით მას შემდეგ დაიწყო, რაც ის და მისი მეგობარი ბათუმის კლუბ „გეითის“ გასასვლელში მყოფ ბიჭებს გამოესარჩლენ, რომლებსაც პოლიციელებთან შელაპარაკება ჰქონდათ.
„ბოლო დღეეების განმავლობაში ჩვენ ბათუმში ვახდენთ ადამიანების მობილიზაციას აქციისთვის, რომელიც სამტრედიაში გაიმართება. საღამოს დასასვენებლად გავედით კლუბ „გეითში“ და როცა გამოვდიოდით, შევამჩნიეთ, რომ იქ იყვენენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ჰქონდათ შელაპარაკება იქვე მდგომ ოთხ ბიჭთან. მომეჩვენა, რომ ერთ-ერთი იყო ნაცნობი და ასეც რომ არ ყოფილიყო, როდესაც პოლიციის მხრიდან ადგილი აქვს ძალადობას, არ შემიძლია გავიარო და განსაცდელში დავტოვო ადმიანი. ამიტომ მივედით იმის გასაგებად ჩვენი დახმარება ხომ არ სჭიდებოდათ ამ ბიჭებს. მალევე მოგვარდა ყველაფერი, თუმცა შემდეგ მოვიდა აგრესიულად განწყობილი პოლიციელი, რომელმაც დაიწყო გინება ამ ბიჭების მისამართით. მე და ჩემმა მეგობარმა ვიდეოები გადავიღეთ. ეს ყველაფერიც დაშოშმინდა, მათ შორის ჩვენი მონაწილეობით. რადგან ამ ბიჭებს ვაწყნარებდით, არ გინდათ ამათთან დაპირისპირება თქო. ჩვენ კონფლიქტის მონაწილე მხარე არ ვყოფილვართ, არც მე და არც ჩემი მეგობარი. ვისაც პოლიცია უპირისპირდებიდა ისინი გაუშვეს და რაღაც დროის შემდეგ ჩვენ აგვედევნენ. ალბათ მიხვდენენ, რომ ვიდეო გვქონდა გადაღებული. სადღაც ასი მეტრი გვქონდა გავლილი , როცა ვიღაც შავ მაისურიანი დაგვეწია და გვთხოვდა ტელეფონებს. თავიდან ძარცვა გვეგონა, რადგან იმ პოლიციებს დავემშვიდობეთ და მათ არც სახელი უკითხავთ არც გვარი“ – ამბობს პაატა საბელაშვილი.
მისივე თქმით, „პოლიციელები ეტყობა გაესაუბრნენ დაცვის თანამშრომლებს და გაიგეს რომ ვიდეო გვქონდა გადაღებული. სასტუმრო „რედისონის“ წინ გაგვკოჭეს ყველას თანდასწრებით. ჩემი მეგობარი ფიზიკურად შეურაცხყვეს და შეგვიყვანეს განყოფილებაში. გაგვჩხრიკეს და მე აღმომიჩინეს ერთი დოზა მარიხუანა, რაც ძალიან გაუხარდათ, თითქოს რაღაც ხელმოსაჭიდი მიეცათ“.
პოლიციის განყოფილების შენობიდან, საბელაშვილი და მისი მეგობარი, როგორც საბელაშვილი ამბობს, გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, „სადაც ხდებოდა ჩემი უფლებების სრული უგულებელყოფა. მემუქრებოდნენ რომ კათეტერით ამომწოვდნენ შარდს, ჩემით თუ არ მოვისაქმებდი. შემდეგ, როდესაც განვუცხადე, რომ არც კლინიკურ დათვალიერებაზე და არც ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე თანახმა არ ვიყავი. ექიმმა ნარკოლოგმა – აბა როგორ გაგაფორმოთო, ვერც დაუშვა, რომ შემეძლო უარი მეთქვა. რამდენიმე საათი იქ დამაყოვნეს და შემდეგ მოუწიათ ჩემი სასამართლოში მიყვანა პოლიციისადნმი დაუმორჩილებლობის გამო. გარდა ამისა, ვითომ მე და ჩემმა მეგობარმა სამი ტურისტი გოგო გავაჩერეთ და გასვლის უფლებას არ ვაძლევდით, რაზედაც მათ მიმართეს პოლიციას. შემდეგ კი როცა ჩაჯდნენ ტაქსში და წავიდნენ, თურმე პოლიციას ვეუბნებოდით – ამ რუსებს როგორ იცავთ და ჩვენ მოქალაეებს არ გვიცავთ-თქო.“
ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი საბელაშვილისა და მისი მოეგობრის წინააღმდეგ დღეს დაასრულდა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ისინი გაამართლა და მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ნაწილში [ხმაურის გამო] ასი ლარით დააჯარიმა. პაატა საბელაშვილი ამბობს რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პროცესს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბათუმში ციალა ქათამიძეც ესწრებოდა.
დღეს, 20 აგვისტოს, 11 საათზე „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია გამართა საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან. მთავარი აქცია დღესვე, სამტრედიის პოლიციასთან 18:00 საათზე დაიწყება. დემურ სტურუამ თავი მოიკლა. როგორც ის დედისთვის დატოვებულ წერილში წერდა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით პოლიციასთან თანამშრომლობას და თანასოფლელების დასმენას აიძულებდნენ, რამაც ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
პაატა საბელაშვილის მეგობრის დათო მაჭავარიანის ჩანახატები სასამართლო პროცესიდან
17-22 სექტემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელიც ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით მეოთხედ ტარდება. რა პროგრამა ექნება წელს ფესტივალს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფესტივალის დამაარსებელსა და სამხატვრო ხელმძღვანელს, ელისო ბოლქვაძეს ესაუბრა.
ქალბატონო ელისო, პირველ რიგში, მზად არის თუ არა ფესტივალის პროგრამა, რომელ შემსრულებლებს მოუსმენს ფესტივალის მსმენელი?
ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება და გახსნაზე მოწვეულია ამერიკელი დირიჟორი ფილიპ მანი. გახსნაზევე მოვუსმენთ ძალიან ცნობილი მუსიკოსის, სლოვენიელი კლარნეტისტის, დარკო ბლეკის შესრულებას, რომელიც მოცარტის საკლარნეტო კონცერტს შეასრულებს. იმავე დღეს მე შევასრულებ მოცარტის საფორტეპიანო კონცერტს.
ელისო ბოლქვაძე
2016 წელი მოცარტის წელია და ამ თემას აუცილებლად გამოვეხმაურებით. პროგრამაში არის მოცარტის ნაწარმოებები და ზოგადად, წელს აქცენტი გვაქვს ისეთ შედევრებზე, როგორიცაა: მოცარტის #40-ე სიმფონია, ბიზეს „კარმენი“ და ა.შ. ბევრ ცნობილ ნაწარმოებს შეასრულებს ფესტივალზე ბათუმის სიმფონიური ორკესტრი, რაც მახარებს, იმიტომ, რომ ძალიან კარგი სტიმულია ბათუმის ორკესტრისათვის მსგავსი პროგრამით მონაწილეობა ფესტივალზე. ერთი კვირის მანძილზე ექვსი საღამო არის დატვირთული და ეს საკმაოდ რთულია ორკესტრისთვის, მაგრამ ორკესტრი ენთუზიაზმითაა განწყობილი და დიდ შრომას დებენ მომზადებაში.
ფესტივალის მეორე დღე, 18 სექტემბერი, დაეთმობა ფოლკორულ მუსიკას. ლეგენდარულ ანსამბლს, „ქართულ ხმებს“ მოვუსმენთ არაჩვეულებრივი პროგრამით.
19 სექტემბერს იქნება ისევ ფილიპ მანი, რომელიც შეასრულებს ბეთჰოვენის შედევრს, მეშვიდე სიმფონიას და ბიზეს „კარმენს“, საორკესტრო ვერსიას, რომელიც არაჩვეულებრივი მოსასმენია.
20 სექტემბერს საფრანგეთიდან იუნესკოს მშვიდობის არტისტი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, სიპრიან კაცარისი ჩამოდის. იგი შეასრულებს ორ საფორტეპიანო კონცერტს – რაველის სოლ მაჟორს, რომელიც პოპულარული კონცერტია და ასევე ბახის ერთ-ერთ კოცერტს. ამ საღამოს უდირიჟორებს მამუკა ალაფიშვილი, ბათუმის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი.
21 სექტემბერს მოწვეული გვყავს მაია ირგალინა, ახალგაზრდა ბელორუსი პიანისტი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. შესრულდება მოცარტის 40-ე სიმფონია და ლისტის საფორტეპიანო კონცერტი #2. დირიჟორი იქნება დავით კინწურაშვილი.
22 სექტემბერს, მუსიკალური ფესტივალის ბოლო დღეს კი, იქნება ალექსი მაჭავარიანის საღამო. ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებებს შეასრულებს მისი შვილი, ვახტანგ მაჭავარიანი. ასევე შესრულდება სავიოლინო კონცერტი, რისთვისაც პარიზიდან ბათუმში ჩამოდის მევიოლინე ლიანა გურჯია, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, იგი ნახევრად ქართველია. ლიანა არის მაჭავარიანის ძალიან ცნობილი შემრულებელი და საგანგებოდ ამისათვის მოვიწვიეთ.
გასულ წელს ნიჭიერი მოსწავლეებისთვის იმართებოდა მასტერკლასები, წელსაც გრძელდება თუ არა ეს ტრადიცია?
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ყოველთვის იყო და ახლაც არის ახალგაზრდა ტალანტების მოწვევა და მასტერკლასების ჩატარება. წელს ჩვენ კიდევ ერთი ფორმატი შევარჩიეთ. 18 სექტემბერს ვიწყებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან საგანგებოდ ფესტივალისათვის ჩამოსული 56 ბავშვის მოსმენას, საიდანაც შევარჩევთ საუკეთესოებს 19 სექტემბრის მასტერკლასისთვის, რომელსაც ჩაატარებს მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, არაერთი საერთაშორისო ჟიურის წევრი, ვალერი პისეცკი. დიდი ინტერესია ბავშვების მხრიდან, ისინი ემზადებიან ამ დღეებისთვის, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ კონკურსი და გულდაწყვეტა, ეს არის ეტაპი იმისთვის, რომ ბავშვებს უფრო მეტად ჰქონდეთ პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმის შეგრძნება და შემდეგ წელს კიდევ უფრო მომზადებულები ჩამოვიდნენ.
ელისო ბოლქვაძე
მასტერკლასებზე მონაწილეთა რაოდენობა და მათი მონდომება წლიდან წლამდე იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფესტივალის ეს მიმართულება კარგად ვითარდება, რაც ძალიან მახარებს. ჩემი მიზანიც სწორედ ესაა, ფონდი „ლირა“, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, იმისთვის არის მოწოდებული, რომ ბავშვებს და მომავალ თაობას ხელი შეუწყოს. ჩვენთან არიან ნიჭიერი ბავშვები, რომლთაც უყვართ მუსიკა, მე ვხედავ ამ ბავშვებს რეგიონებში, მათ სჭირდებათ დახმარება და ეს უნდა გაითავისოს ყველა ქალაქმა და ამ შემთხვევაში, პირველ რიგში ბათუმმა, სადაც ტარდება ეს ფესტივალი.
თქვენი აზრით სახელწიფოს მხრიდან რა ტიპის მხრადაჭერა სჭირდება კლასიკურ მუსიკას? იგივე, რა კეთდება სხვაგან კლასიკური მუსიკის ხელშეწყობისთვის, რაც არ კეთდება ჩვენთან?
პირველ რიგში, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ორკესტრს, მუსიკოსები არ შეიძლება მუშაობდნენ ასეთ დაბალ ანაზღაურებაზე და ასევე, ყურადღება სჭირდება კონსერვატორიას, რომელმაც უნდა გაზარდოს ახალგაზრდა თაობა.
ყველა ფესტივალზე თითო საღამო მიეძღვნება სხვადასხვა ქართველ კომპოზიტორს. წელს იქნება მაჭავარიანი, შემდეგ – სხვა, შეიძლება არც ისე ცნობილი, მაგრამ ჩვენი როლი სწორედ ეს არის, რომ ახალი სახელები, ახალი ტალანტები წარმოვაჩინოთ. ამ ფესტივალზე ჩამოდის უამრავი საერთაშორსიო ჟურნალისტი. წელს, 6 სექტემბერს, ცნობილ ფრანგულ რადიოსადგურს, „რადიოკლასიკს“, რომელსაც ყოველ დღე ათეულობით მილიონი ადამიანი უსმენს, მთელი დღის განმავლობაში ექნება საქართველოს თემა. დილიდან დაიწყება ბათუმის მუსიკის საერთაშორისო ფესტვალზე საუბარი, ისაუბრებენ საქართველოს კულტურაზე, ფოკლორზე. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ბათუმის ფესტივალმა მიიღო საერთაშორისო მასშტაბი საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში.
სად გაიმართება კონცერტები?
კონცერტები გაიმართება მუსიკალურ ცენტრში. მასტერკლასები იქნება მუსიკალურ სკოლაში.
ჩვენი პარტნიორი არის სასტუმრო „ლეო გრანდი“, რომელიც უსასყიდლოდ გვითმობს ფესტივალის მონაწილე არტისტებისთვის ნომრებს და საკონფერენციო დარბაზს, სადაც ჩატარდება კონფერენცია უინესკოს ღირებულებების შესახებ. ჩამოდის სტუმარი სუდანიდან ალი მაჰ დი, იუნესკოს ელჩი, რომელსაც აქვს დიდი საგანმანათლებლო პროგრამები დაფინანსებული.
ფესტივალზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება სალაროებში, ფასი 10 ლარიდან იწყება. ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო და აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საფრანგეთის საელჩოსთან.
საინტერესო დღეები ელოდება ბათუმს, ველოდები ბათუმელებს ფესტივალზე, ეს იქნება დაუვიწყარი საღამოები შავი ზღვის სანაპიროზე.
თურქული ხომალდი დღეს, 20 აგვისტოს, დილის 6 საათზე, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა და ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო.
ლევან იზორია დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრებთან / 20.08.2016 / ფოტო: როინ გუნდაძე
“გავეცანი თურქული ხომალდის ეკიპაჟს, ძალიან მაღალკვალიფიციური ეკიპაჟია და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. ხომალდი ასევე აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის ამ ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებას, მზაობა დიდია, ისინი ჩამოსული არიან მინიმუმ 3 დღით, თუმცა იმის პირობასაც იძლევიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული შედეგი არ გვექნა ეს პერიოდი გახანგრძლივდება”,- განაცხადა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას, რომელიც ხომალდზე უშუალოდ იმყოფებოდა.
დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ასევე თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში, იასინ თემიზქანი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მისივე თქმით, დღეს გონიოში კვლავ ჩავა.
სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. დაკარგულ სამხედროებს უკვე მეოთხე დღეა ეძებენ.
მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუხლია.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია / 20.08.2016 / ფოტო: როინ გუნდაძე
კანონი, რომელიც მთის საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე სუბიექტებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს, მერვე თვეა რაც ამოქმედდა. ასეთი სტატუსი კი აჭარაში მხოლოდ რვა მეწარმეს აქვს. აქედან ოთხი – შპს, ერთი – კოოპერატივი და სამი ინდმეწარმეა.
ინდმეწარმე ვლადიმერ შაინიძე ერთ-ერთია, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი ამ ბოლოს მიენიჭა. მას ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთაში პურის საცხობი აქვს.
ვლადიმერ შაინიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ის, როგორც ინდმეწარმე, გადასახადებს ისედაც არ იხდიდა, თუმცა, სტატუსის მინიჭების შემდეგ შესაძლებლობა ექნება წარმოება გააფართოვოს, რაც მის შემოსავლებს გაზრდის, პარალელურად კი, სულ ცოტა 5-6 ადამიანსაც დაასაქმებს სოფელში.
„დღეს მხოლოდ მე და ჩემი ოჯახის ერთი წევრი ვამუშავებთ საცხობს. სტატუსს თუ მომანიჭებენ, სხვებსაც დავასაქმებ, რასაც ახლა, როგორც ინდმეწარმე, ვერ ვახერხებ. საცხობის გადაიარაღებას ვაპირებ, სხვა პროექტშიც მაქვს განაცხადი გრანტზე შეტანილი. სტატუსის საკითხი ჯერ არ მომიკითხავს, მომანიჭეს თუ არა. სტატუსი გადასახადებისგან გვათავისუფლებს როგორც ვიცი და ეს მნიშვნელოვანი შეღავათია მთაში იმისთვის, ვისაც ბიზნესის კეთება უნდა,“ – გვითხრა ვლადიმერ შაინიძემ. მას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი საქართველოს მთავრობის 3 აგვისტოს განკარგულებით მიენიჭა.
ასეთი სტატუსი ხულოს მუნიციპალიტეტში კიდევ სამ მეწარმე სუბიექტს აქვს, ორს – შუახევში და ორსაც – ქედაში.
მაღალმთიან დასახლებაში მეწარმე პირები და საწარმოები, შესაბამისი კანონით, 10 წლის ვადით თავისუფლდებიან საშემოსავლო, ქონებისა და მოგების გადასახადისგან. აღნიშნული შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მეწარმეებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი.
ასეთი სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს როგორც ფიზიკურ პირს/ინდმეწარმეს, ასევე საწარმოს. თუმცა სტატუსს ვერ მიიღებს მეწარმე, ასევე დიდი თუ მცირე საწარმო, რომელიც ახორციელებს: ლიცენზირებისადმი, ასევე ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას; მომსახურების გაწევას [რომელიც არ არის წარმოების სფერო]; საქონლით ვაჭრობას [გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საქონლის გადამუშვება და მიწოდება].
ეკონომისტ ვაჟა ვერულიძის განმარტებით: „თუ მაღალმთიან დასახლებაში პირმა მოიყვანა სოფლის მეურნეობის პროდუქცია და გაყიდა, ის დღგ-სგან თავისუფლდება, მაგრამ თუ სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადაამუშავა [კოდი შეუცვალა] და ისე გაყიდა, ის უკვე აღარ თავისუფლდება ამ გადასახადისგან. მაგალითისთვის, ვთქვათ, მეწარმეს კარტოფილი ან ხილი მოჰყავს და ყიდის, ამ შემთხვევაში სტატუსს არ მიანიჭებენ, თუმცა გათავისუფლებულია დღგ-ს გადახდისგან. მაგრამ, თუ ამ კარტოფილისგან აწარმოებს ჩიფსებს ან/და ხილისგან, ვთქვათ, ჩირს და გაყიდის, მაშინ მიანიჭებენ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს, ისარგებლებს შეღავათით [არ გადაიხდის ქონების, საშემოსავლო და მოგების გადასახადს], თუმცა, მოუწევს დღგ-ს გადახდა“.
მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით ანიჭებს საქართველოს მთავრობა. სტატუსის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა განცხადებით [წერილობითი ან ელექტრონული ფორმით] უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს.
აჭარაში მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია დაბა ქედა, შუახევი, ხულო და ამ სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე უკლებლივ ყველა სოფელი; ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი – ქვედა ქოქოლეთი.
27 წლის კობა კვირიკაძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. კვირიკაძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად, თუმცა ნარკოტიკის შეფუთვაზე, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, მას პოლიციელებმა ამოუღეს, ბრალდებულის თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა. „რომ არა ექსპერტიზის დასკვნა, თქვენც ისევე, როგორც ბევრ სხვას, ალბათ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას მოგისჯიდით. ასეთ შემთხვევებში პოლიციელების ჩვენება და ჩხრეკის ოქმი საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევა“, – უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა კობა კვირიკაძეს, რომელიც უკვე ადვოკატის გვერდით იჯდა.
ბოლო სხდომაზე, გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსამართლეს ბრალდებულმა მოწმის სახით მისცა ჩვენება. მოყვა, როგორ მიდიოდა თამარის დასახლებაში ტაქსით ბავშვის ნათლიასთან, საიდანაც ცოლი და შვილი უნდა წამოეყვანა: „გზაში შევამჩნიე, რომ მითვალთვალებდნენ. როგორც კი გადმოვედი მანქანიდან, მოვიდა დაახლოებით 10-მდე პოლიციელი, ხელები უკან დამაწყობინეს და ჩხრეკა დამიწყეს…“
კობა კვირიკაძე არ არის პირველი, ვინც ირწმუნება, რომ პოლიციელებმა ნარკოტიკი ჩაუდეს. „არ ვიცი, რა იყო პოლიციელების მოტივაცია. ნასამართლევი ვარ ორჯერ სხვა დანაშაულისთვის და ალბათ, სტატისტიკისთვის ვჭირდებოდი, ვითომ დამნაშავე დამიჭირეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კობა კვირიკაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. ის პირველია, ვის შემთხვევაზე გენეტიკური პროფილის ექსპერტიზა ჩატარდა და დასკვნამ პოლიციელთა ჩვენებები ეჭვქვეშ დააყენა. ექსპერტიზის ჩატარების გარეშე დღემდე არაერთი პირი გასამართლებულა იმავე ბრალდებისთვის – ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის. გენეტიკური პროფილის ექსპერტიზა, ადვოკატ რამინ პაპიძის თქმით, საკმაოდ ძვირი ჯდება და მას აქამდე დაცვის მხარე ვერ ატარებდა. ამ შემთხვევაში, ექპერტიზა პროკურატურამ დანიშნა.
„ვფიქრობ, ზედამხედველი პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე შეცდომაში შეიყვანეს და მასაც შეეპარა ეჭვი პოლიციელების ჩვენებებში, რომელიც ურთიერთგამომრიცხავი იყო,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე. ამ საქმეში ჩვენება სასამართლოს შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს პოლიციელებმა მისცეს: დიმიტრი ცინცაძემ, არჩილ სურმანიძემ და გიორგი მჟავანაძემ. ადვოკატი ფიქრობს, რომ პოლიციელები არ ელოდნენ, საქმეზე ექსპერტიზა თუ ჩაინიშნებოდა:
„ერთმა პოლიციელმა თქვა, როცა მოვდიოდით თამარის დასახლებიდან, მაშინ დავაკავეთ ბრალდებულიო. მეორემ თქვა, თამარის დასახლებაში როცა შევედით და რკინიგზა გადავკვეთეთ, იქ გავჩხრიკეთ და დავაკავეთო. გენეტიკური პროფილის ექსპერტიზა დაახლოებით 5 ათასი ლარი ჯდება და ამას აქამდე ვერ ითხოვდა დაცვის მხარე. წინა წლებში ნდობაც არ იყო ექსპერტიზის მიმართ… მიმაჩნია, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა დავით მამისეიშვილმა. ამ მიდგომით ახალი სტანდარტი მკვიდრდება. პროკურატურას მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები და ჩხრეკის ოქმი ვეღარ უშველის“.
გამოძიების ვერსიის მიხედვით, კობა კვირიკაძემ შეიძინა ნარკოტიკის ორი შეფუთვა და ინახავდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ამავე ვერსიის თანახმად, იმ საღამოს, როცა ის გაჩხრიკეს, კვირიკაძეს სხვა პირისთვის უნდა გადაეცა ნარკოტიკული საშუალებები. გენეტიკური პროფილის მიხედვით, ნარკოტიკები შეფუთვაზე საერთოდ არ აღინიშნა კობა კვირიკაძის თითის ანაბეჭდი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შეფუთვაზე ათი სხვადასხვა პირის ანაბეჭდი დაფიქსირდა. დასკვნით სიტყვაში მოსამართლეს ადვოკატმა რამინ პაპიძემ უთხრა ისიც, რომ თუკი ბრალდებული ხელთათმანით მოქმედებდა, ამის მტკიცებულებაც პროკურატურას უნდა წარმოედგინა.
„გამამართლებელი გადაწყვეტილება უდავოდ დადებითი მოვლენაა, რადგან ამით იცვლება პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში იყო დადგენილი,“ – მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი:
„სისხლის სამართლის საქმეების დიდი წილი ხშირად აგებულია პოლიციელთა ჩვენებებზე და წლების განმავლობაში პოლიციელთა ჩვენებას სასამართლოები უტყუარად იზიარებდნენ, რაც საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად. ამიტომ პროკურატურა სხვა დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე თავს არ იწუხებდა, მაშინ, როდესაც არაერთი ბრალდებული საუბრობდა მის მიმართ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო ჩადების ფაქტზე. იმისათვის, რომ ყველა საეჭვო კითხვაზე დასაბუთებული პასუხი არსებობდეს, საჭიროა პროკურატურამ გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ და სრულად. ამიტომ ეს გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტი იმისა, რომ პროკურატურამ მომავალში ეფექტურად წარმართოს გამოძიება და მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებების იმედად არ იყოს,
რომელთა უტყუარობა ხშირად დგას ხოლმე ეჭვის ქვეშ. რა თქმა უნდა, მომავალში ყველა იმ ნარკოტიკულ დანაშაულზე, რომელზეც ბრალდებული მოითხოვს ექსპერტიზის ჩატარებას, პროკურატურა ვალდებული იქნება დანიშნოს ექსპერტიზა, რადგან ამის მაგალითი უკვე გვაქვს. შესაბამისად, ამ პრაქტიკის დანერგვა უნდა მოხდეს მომავალში, რათა ამით ჩვენ არ მივიღოთ შერჩევითი მართლმსაჯულება“.
დღეს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების მიერ მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის ვადა ამოიწურა. საარჩევნო ადმინისტრაციაში, რეგისტრაციის პროცესის დასასრულებლად მხარდამჭერთა ხელმოწერები მხოლოდ „ემსახურე საქართველოს“ წევრებმა წარადგინეს.
რაც შეეხება „ერთიანობის დარბაზს,“ აღნიშნულ პოლიტიკურ გაერთიანებას უმაღლესი საარჩევნო კომისია, კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაზე უარს ეტყვის. უსკოს შესაბამისი სამსახური „ემსახურე საქართველოს“ მიერ წარდგენილ ხელმოწერებს 29 აგვისტომდე გადაამოწმებს. ხარვეზების არარსებობის შემთხვევაში პარტია რეგისტრირებულად 10 დღეში ჩაითვლება.
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 19 აგვისტოს მონაცემებით 25 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული.
ცოტა ხნის წინ, უსკოს თავმჯდომარემ პოლიტიკურ გაერთიანება „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დღევანდელი განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 24 ივნისის N3 განკარგულება, რომლითაც პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა.
პოლიტიკური გაერთიანების ცესკოს მიერ რეგისტრაციიდან მოხსნას წინ უძღოდა საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პარტია „ცენტრისტებს“ არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
დღეს, 19 აგვისტოს, ბათუმის საზაფხულო თეატრში პოლიტიკურმა გაერთიანება “ეროვნულმა ფორუმმა” ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
“ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახაბერ შარტავამ ბათუმის #68 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტში – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პროფესიით სამართლის სპეციალისტი – ელდარ ხალვაში დაასახელა. ამავე ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აჭარის უმაღლეს საბჭოში – პროფესიით ექიმი, ჯამილა მინჯია დასახელდა.
ბათუმის #69 ოლქში საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პროფესიით ფინანსისტი ავთანდილ დავითაძე დაასახელეს. ამავე ოლქში მაჟორიტარი აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატად კი პროფესიით სამართალმცოდნე, თინა იმნაძე წარადგინეს.
ბათუმის #70 ოლქში აჭარის უმაღლეს საბჭოში კანდიდატად პროფესიით არქიტექტორი ზაალ ჯაფარიძე დაასახელეს, ამავე ოლქში საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარ კანდიდატად კი – პედაგოგი მადლენა მახარაძე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის #71 ოლქში საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პროფესიით პედაგოგი დალი მართალიშვილი დაასახელეს, ამავე ოლქში აჭარის უმაღლეს საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კი პროფესიით იურისტი სოფიო ცეცხლაძე წარადგინეს.
ხელვაჩაურის რაიონის #72 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტში იბრაიმ დიდმანიძე დაასახელეს, მათემატიკური კიბერნეტიკის სპეციალისტი, უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კი – მერაბ აბაშიძე.
ბათუმის მერიამ ნაძის ხისა და სხვა საახალწლო აქსესუარებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ახალი, მწვანე ნაძვის ხის სიმაღე მინიმუმ 22 მეტრი უნდა იყოს, დიამეტრი კი – მინიმუმ 11.
ტენდერის პირობების თანახმად, ბათუმის ახალ ნაძვის ხეს 6 სხვადასხვა სახის აქსესუარი უნდა ამშვენებდეს: 42000 ლედ ნათურა, 840 ცალი წითელი, მწვანე და ოქროსფერი ბურთი, 186 წითელი და ლურჯი კონუსის ფორმის სათამაშო, 180 წითელი ბაფთა, 124 მეტი სიგრძის წითელი გირლანდა და ერთი 1.2 მეტი სიგრძის ოქროსფერი ვარსკვლავი კენწეროზე.
საშობაო–საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის 8 სხვადასხვა სახის აქსესუარის დამზადება იგეგმება, რომელთა რაოდენობა სულ 143 ცალი უნდა იყოს. აქსესუარები განთავსდება ერას მოედანზე, შინდისის გმირების სკვერში, საბაგიროსთან, ანბანის კოშკისა და იუსტისიიც სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აეროპორტის ახალ გზასა და თამარ მეფის გზატკეცილზე. ასევე, მ. აბაშიძის გამძირზე, კაჩინსკების, შ. ხიმშიაშვილისა და გოგებაშვილის ქუჩებზე.
შესყიდვის ღირებულება 277 000 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია რომ, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, არაუმეტეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება.
წინასაარჩევნო გზავნილებიდან ისევ რთულია გამორკვევა, პოლიტიკური პარტია მემარჯვენეა თუ მემარცხენე. თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს ისევ სოციალურ კეთილდღეობას, სწრაფად გამდიდრებას და შემოსავლების გაზრდას ჰპირდება. რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური დიფერენციაცია, რის გამოა ისევ არეული მემარჯვენე-მემარცხენე ძალების პოლიტიკური გზავნილები და გველოდება თუ არა წინ არჩევნები, სადაც ამომრჩეველი მივა არა პიროვნებების, არამედ იდეების მხარდასაჭერად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ გრიგოლ გეგელიას ესაუბრა.
ბატონო გრიგოლ, გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ მომავალ საპარლამენტო არჩვენებზე გასაგები გახდება, რას უჭერს მხარს ქართული ელექტორატი, ანუ მოხდება თუ არა იდეების არჩევა?
ნაკლებად ველოდები ამას, თუმცა ამ არჩევნებზე უფრო გააქტიურდება პოლიტიკური იდეოლოგიების ნაწილი. ხალხი არ ვართ ჩამოყალიბებული, რას ნიშნავს მემარჯვენეობა და რას – მემარცხენეობა. პარტიები სარგებლობენ ამ მოცემულობით და სრული ქაოსია ამ კუთხით. ჩვენთან მხოლოდ წინასაარჩევნოდ აქტიურობენ პარტიები, ამ დროს დარბიან ამომრჩეველთან და გასცემენ იმ დაპირებას, რაც ხალხის ყურს ყველაზე მეტად ესიამოვნება. ეს არაა პოლიტიკა. მემარცხენე გზავნილები უფრო პოპულარულია და ხშირად ევროპის ქვეყნებშიც ხდება გზავნილების არევა. სად მემარჯვენე ხედვა და იმის თქმა, რომ შენ თვითონ უნდა მიხედო საკუთარ თავს და მე თავისუფალ ბაზარს ვუზრუნველყოფ და სად სოციალური გარანტიების დაპირება – მაღალი პენსიები, ხელფასების გაზრდა და ასე შემდეგ.
რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რის გამოც განსხვავდებიან მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკური ძალები ერთმანეთისგან?
ჩვენთან პარტიებს მხოლოდ დეკლარირებულად აქვთ აღნიშნული მემარჯვენე ხედვის არიან ისინი, თუ მემარცხენე ფილოსოფიას იზიარებენ. ევროპის ქვეყნებში არჩევნების დროს სწორედ ხედვებზე კამათობენ ძირითადად _ ვის როგორ ესმის ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება. საქართველოში პოლიტიკური იდეოლოგია ძირითადად ეკონომიკურ მოდელებთან ასოცირდება, რაც არასწორია. პოლიტიკური იდეოლოგია არის ფილოსოფია, პოლიტიკური ქცევის, ეთიკის კულტურის გამომხატველი და არა მხოლოდ ეკონომიკა. ამ არჩევნებზე არსებითად წინ წამოიწია გადასახადების თემამ. მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ გადასახადების დიდი ნაწილი უნდა გაუქმდეს ან მნიშვნელოვნად შემცირდეს. მემარჯვენე მიდგომაა ზოგადად გადასახადების მინიმუმამდე შემცირება და მიდგომა – მე რატომ უნდა ვუხადო სხვას. მათ ნაკლებად სჯერათ ასევე სახელმწიფო ხარჯის. მემარჯვენეები მაქსიმალურად ორიენტირებული არიან თავისუფალი ბაზრის უზრუნველყოფაზე. მემარცხენე ძალები სახელმწიფო ინსტიტუციების როლს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, მათთვის მთავარია თითოეული ადამიანის სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
გადასახადების გაუქმება-შემცირებასთან ერთად, მემარჯვენე პოლიტიკური ძალები სოციალურ კეთილდღეობასაც ჰპირდებიან ამომრჩევლებს…
ეს არის იდეოლოგიების არევის და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის კლასიკური შემთხვევა. თუკი გადასახადებს აუქმებ, ან ამცირებ, ფაქტია, რომ ნაკლები შემოსავალი გექნება ბიუჯეტში. ამასთანავე, ხალხს ჰპირდები, რომ მაგალითად, სოციალური დახმარების ხარჯებს გაზრდი. რა ხარჯებით აკეთებ ამას? ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, პარტიამ წარმოადგინოს, რა შემოსავლით გააუმჯობესებს ჩვენს სოციალურ მდგომარეობას, გაგვიზრდის ხელფასებს და პენსიებს.
რატომ ვერ იქმნება საქართველოში მემარცხენე პოლიტიკური ძალები, როცა ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი ძალიან მაღალია და ლოგიკურად მემარცხენე და სოციალისტური გზავნილები პოპულარული უნდა იყოს?
საქართველო არის ქვეყანა, სადაც პირდაპირ მემარცხენე და სოციალისტიც კი ანტიმემარცხენეა, მაგალითად, სოციალისტი გია ჟორჟოლიანი. მისი მეგობრობა ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ძალიან თვალშისაცემი იყო. ეს პარადოქსული შემთხვევაა _ მემარცხენე ადამიანი ოლიგარქის სამსახურში. მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, როცა გია ჟორჟოლიანმა მემარცხენე მოთხოვნა აქტიურად დააყენა და მისი ადვოკატირება სცადა. მემარცხენე-ცენტრისტია ოფიციალურად პარტია „ქართული ოცნებაც~, მაგრამ პრაქტიკაში სრულიად გაურკვეველია მისი პოლიტიკური პლატფორმა. მმართველი ძალები განსაკუთრებით აიგნორებენ იდეების ერთგულებას საქართველოში. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა~ ამბობდა და ახლაც ამბობს, რომ მემარჯვენე ძალაა, მაგრამ მათ ჰქონდათ სუბსიდირების პროგრამა… ის, რომ არ არსებობენ მემარცხენე ძალები, პოსტსაბჭოთა პრობლემაა. არსებობს ერთგვარი კომპლექსი, რომ სოციალისტური ძალა დატოვებს კომუნისტურობის განცდას და გამოიწვევს არასწორ ასოციაციებს. მემარცხენეობა იდეაში ნიშნავს თანასწორობის, თავისუფლების და სოლიდარობის იდეის დაცვას, ასევე შესაძლებლობების შექმნას სოციალური მობილურობისთვის. ფართო გაგებით ეს უნდა იყოს მემარცხენე მოძრაობის ამოსავალი წერტილი.
რა შედეგს მიიღებს ამომრჩეველი, თუკი ის პოლიტიკური იდეოლოგიის მიხედვით არ ან ვერ გააკეთებს არჩევანს?
იმავეს, რაც აქამდე გვაქვს – დაპირებების შეუსრულებლობას. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, როცა გაურკვეველია, ვინ როგორ დაგვპირდა კონკრეტული შედეგის მიღწევას და ანგარიშვალდებულების პირობა იკარგება. პოლიტიკური იდეოლოგიებით არჩევა კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ გამიჯნული იყოს ხედვები, ხალხი ასე დაინახავს, ვის რა უნდა რეალურად. თუკი ამას არ გავაკეთებთ, ვერ დავინახავთ განსხვავებებს. განვითარებულ ქვეყნებშიც აქტუალურია ყოფითი დაპირებები, როგორი იქნება ხელფასი, რამდენად გაიზრდება სოციალური გარანტიები, აპირებ თუ არა, მაგალითად, ჩემი ყურძნის სუბსიდირებას, დამეხმარები თუ არა ბაზრის მოძიებაში, თუ გადასახადებისგან გამათავისუფლებ, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ იქ დაპირებებს უყურებენ ფართო ჭრილში. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ პოლიტიკა ეხება ყველას, მათ შორის, აპოლიტიკურ ადამიანებსაც, რადგანაც თუკი პური გახდება, მაგალითად, 4 ლარი, ამდენს ვერ გადავიხდი. ამომრჩეველი უნდა გახდეს კრიტიკული თავისივე ინტერესის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ მივიღებთ ძალაუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ზოგადად გაცემულ დაპირებებს არ ასრულებენ. უნდა დავიჯეროთ, რომ ისტორიის რაღაც ნაწილს ვქმნით ჩვენ და მხოლოდ სხვებმა არ უნდა განსაზღვრონ, როგორ ვიცხოვრებთ.
18 ივლისს, დილით, ქობულეთის ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან სოციალური მომსახურების სააგენტოში სატელეფონო შეტყობინება შევიდა. ბაღის დირექტორი იტყობინებოდა, რომ 6 წლის გიორგი [სახელი შეცვლილია] დედამ სასტიკად ნაცემი დატოვა ბაღში. სოციალური მუშაკი, თამარ ღუნიაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბავშვი მას დალურჯებული დახვდა. იმავე სოციალურმა მუშაკმა ქობულეთში ხუთი თვის წინ სხვა საბავშვო ბაღში ნაცემი გოჩა მ. ნახა. ის მამამ სცემა. 4 წლის ბიჭის ცემაში მხილებულ მამას სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა. 31 აგვისტოს შვილზე ძალადობაში ბრალდებული დედის სასამართლო პროცესი გაიმართება. ორივე შემთხვევაში მეზობლების პოზიცია ურყევია – შვილის ცემისთვის მშობელი არ უნდა დაისაჯოს.
დედას შვილები სამი თვით ჩამოართვეს
„სახის გარდა, თითქმის მთელ სხეულზე ბავშვს სისხლჩაქცევები ჰქონდა. კისერზეც აღენიშნებოდა ხელის კვალი,“ – გვიყვება სოცმუშაკი თამარ ღუნიაშვილი.
„სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოვიძახე და პოლიცია. ექიმებმა დაწერეს, რომ სისხლჩაქცევები ბავშვს სავარაუდოდ ხელის მრავალჯერადი დარტყმისგან ჰქონდა მიყენებული… ოჯახი ქობულეთის ერთ-ერთ დასახლებაში ცხოვრობს და მაშინვე ვნახეთ დედა. მან პოლიციასთან აღიარა, ბავშვი ვცემეო. ირწმუნებოდა, რომ ეს მხოლოდ ერთხელ, აღელვების გამო მოუვიდა. ადგილზე ძალიან მძიმე მოცემულობა დამხვდა. სახლში არ შედის წყალი, არ არსებობს აბაზანა. ბავშვები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. მეზობლებმა დამიდასტურეს, რომ ბავშვებს დედა ხშირად სცემდა, თუმცა მათ იგივე არ უთხრეს გამოძიებას.
მეზობლებმა მითხრეს ისიც, რომ ორ მცირეწლოვან შვილს ხშირად დედა მარტო ტოვებდა სახლში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ორივე მცირეწლოვანი დროებით მინდობით სხვა ოჯახში გადაგვეყვანა, ვიდრე ვითარება არ შეიცვლება“ – ამბობს სოცმუშაკი.
შვილზე ძალადობაში ბრალდებული ზაირა (სახელი შეცვლილია) 25 წლისაა. სოციალურმა მუშაკებმა ნაცემ ბავშვთან ერთად, მისი მეორე შვილიც – 4 წლის ბიჭი, როგორც ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი, წაიყვანეს. ბავშვები სამი თვით სხვა ოჯახში იცხოვრებენ.
ამ ოჯახებს სოციალური მომსახურების სააგენტო თვეში თითო ბავშვზე 410 ლარს გადაუხდის. სამი თვის შემდეგ სააგენტოს სპეციალურმა საბჭომ უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს, მიზანშეწონილია თუ არა ბავშვების დაბრუნება დედასთან, რომელიც ამჟამად სააგენტოს ფსიქოლოგთან ურთიერთობაზე უარს ამბობს. „ის ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდა, რომ ჩვენ მისთვის ბავშვები არ წაგვირთმევია. იმედია, გამოგვივა თანამშრომლობა. ვთხოვეთ ქობულეთის გამგეობასაც, რომ ამ სამ თვეში მინიმალური პირობები შეიქმნას ბავშვების ჯანსაღი ცხოვრებისთვის“, – ამბობს ნინო ცეცხლაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი სოციალური მუშაკი.
ბავშვების მამა ამჟამად თურქეთში მუშაობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და ფულადი დახმარების გარდა ოთხივე წევრი უფასო სასადილოთი სარგებლობს. ოჯახი დაახლოებით ორი წლის წინ გადმოსულა საცხოვრებლად ქობულეთის ერთ-ერთ დასახლებაში მაღალმთიანი სოფლიდან.
ბავშვების დედა თავდაპირველად გასაუბრებას დაგვპირდა, თუმცა მოგვიანებით უარი გვითხრა.
ზაირას, როგორც სოციალურად დაუცველს, სახელმწიფო იურიდიული დახმარების ცენტრი იცავს. ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ გვითხრა, რომ ამ საქმეზე უკვე მიღწეულია შეთანხმება პროკურატურასთან: „რადგანაც დედა აღიარებს დანაშაულს, საპროცესო გარიგება შედგება დიდი ალბათობით. ჯერჯერობით არ ვიცით, რა ვადით დაენიშნება მას პირობითი მსჯავრი“.
„ჩვენ მხოლოდ ორი თხოვნა მივიღეთ და ორივე დაკმაყოფილდა – ეს იყო უფასო სასადილოთი სარგებლობა და ბუნებრივი აირის შეყვანა,“ – გვითხრეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში.
ქობულეთში მდებარე ამ სახლში მცხოვრები ბავშვები სახელმწიფომ დროებით სხვა ოჯახში გადაიყვანა. ჯაბა ანანიძის ფოტო
რას ყვებიან მეზობლები
„აქეთ ცხოვრობენ,“ – მიგვასწავლეს 6 წლის გიორგის ოჯახი ბავშვებმა, სტადიონზე ფეხბურთს რომ თამაშობდნენ. ერთოთახიანი, პატარა სახლის ხის ჭიშკარი ჩაკეტილი დაგვხვდა. ეზოში რამდენიმე ქათამი წიწკნიდა ბალახს. სახლიდან არავინ გამოგვეხმაურა. ჭიშკრის გვერდით დაკეტილი ონკანიდან წყალი მოწვეთავს. ონკანთან პატარა მაგიდა დგას. ზედ ტაშტი დევს ჩაბრუნებული და ფერადყვავილებიანი ჭიქა. იქვე, მავთულის ღობეზე, პატარა ბიჭის ტანსაცმელია გადმოფენილი.
გაიგეს თუ არა, რომ ჟურნალისტი მოვიდა, მეზობლები გარეთ გამოვიდნენ. მათი აზრით, შვილის ცემა მისაღებია, მაგრამ `ასე სასტიკადაც არ შეიძლება~. „დედა არ უნდა დაისაჯოს შვილის ცემისთვის, დედაა მაინც,“ – ამბობენ 6 წლის გიორგის მეზობლები.
„გაფრთხილება მისცენ, ხომ შეიძლება? აბა, დედის ციხეში ჩასმა ვის გაუგია შვილის ცემისთვის. ყველა ვუცემივართ მშობლებს. ჩვენც ასე ვზრდით შვილებს. ყურის აწევა და ხელის წამოკვრა როგორ არ უნდა შეიძლებოდეს… მე პირადად არ მინახავს ამ ქალს შვილები გაელახოს. ცალკე ცხოვრობენ, თავისთვის,“ – გვიყვება გია, ერთ-ერთი მეზობელი.
ნოდარი, მეზობელი: „სამი თვით რომ წაიყვანეს, ეს კარგია… დაფიქრდება. დედის დასჯას არ ვეთანხმები. არაა ახლა ეს დანაშაული, რა ვიცი. ახალი მეზობლები არიან და დიდად ახლო ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ რომ დამენახა ცემისგან დალურჯებული ბავშვი, ან ხმა გამეგონა, ასეთს ვერ ვიხსენებ“.
ნაზი: „მე ზაირას ყველაზე ახლოს მყოფი მეზობელი ვარ. გამოძიებას ჩვენებაც მივეცი და ვუთხარი, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო. მაგის მერე სულ ტირის, ნეტა, ეს ხელები რატომ არ მომტყდებაო. მეცოდება. იმედია, მხოლოდ გაფრთხილებას მისცემენ და დაუბრუნებენ ბავშვებს… მე სულ სახლში ვარ, ეზოში ვზივარ და არ მინახავს ცემის სხვა შემთხვევა. ბავშვს შეიძლება ყურზე მოქაჩო, რაღაცნაირი დასჯა ხომაა საჭირო? მაგრამ ასე უმოწყალოდაც არ შეიძლება“.
„დღეს ძაღლებს და ცხოველებს აღარ ეპყრობიან ასე. უნდა დაისაჯოს, ჩემი აზრით. სახელს და გვარს ვერ გეტყვი, კონფლიქტი მქონდა მაგ ოჯახთან და სხვანაირად ჩამეთვლება“.
ჯაბა ანანიძის ფოტო
ძალადობის წრე, რომლის გარღვევაც რთულია
„ესაა მაგიური წრე, რომლის გარღვევაც ძალიან რთულია,“ – გვითხრა ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ, როცა მას მეზობლების არგუმენტების შესახებ ვუამბეთ. ფსიქოლოგი „წრის გარღვევის“ პირველ ნაბიჯად კანონის გამკაცრებას მიიჩნევს:
„როცა საზოგადოების მორალური განვითარება ვერ მიდის იქამდე, რომ ბავშვზე ძალადობა დაუშვებელია, კანონი უნდა გამკაცრდეს, თუმცა ცალსახად დასჯაც ვერ მოგვცემს შედეგს. უნდა არსებობდეს სპეციალური პროგრამები მშობლებისთვის და ინფორმირების ხარისხი უნდა გაიზაროს. ჯერ კიდევ კარგად მუშაობს სტერეოტიპი, რომ თუ სჯი ბავშვს, ეს აღკვეთს რთულ ქცევას. შესაძლოა ამ გზით ნამდვილად აღკვეთო რთული ქცევა, რადგან ბავშვი ჩერდება შიშის ფაქტორის გამო, მაგრამ ეს ანგრევს ბავშვის ფსიქოლოგიას და მას განვითარების საშუალებას აღარ აძლევს. ხშირად მოძალადე მშობელი თავადაც ძალადობის მსხვერპლია. ჯერ კიდევ მყარად მუშაობს სტერეოტიპიც, რომ დედა სცემს საკუთარ შვილს და არა სხვა ვინმე და მე რა მესაქმება. საზოგადოება ასევე თვლის, რომ უსამართლობაა, თუკი ამის გამო ვინმეს დასჯიან. ხშირად ამ გაუაზრებელი მიდგომებისა და მავნე სტერეოტიპების „განტევების ვაცია“ ბავშვი“.
ფსიქოლოგს ასევე ვკითხეთ, რა შემთხვევაში ვიღებთ მოძალადე მშობელს: „სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება იყოს. ძირითადად ეს არის ემოციების რეგულირების პრობლემა, როცა ადამიანები უკიდურესად ბრაზდებიან, ან უმწეოდ გრძნობენ თავს, იწყებენ მოქმედებას ინსტიქტურად და აგრესია გადააქვთ მასზე, ვისაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ აქვს. ამ შემთხვევაში, რაც თქვენ აღმიწერეთ, დიდი ალბათობით მძიმე სოციალურ პირობებს ვეღარ გაუმკლავდა დედა და „განტევების ვაცად~ შვილი აქცია. ბავშვს მოუწია პასუხი ეგო იმ მდგომარეობაზე, რაშიც ოჯახი იყო.“
სახელმწიფო და ძალადობის მსხვერპლი ბავშვები
„ჩვენი მიზანი არ არის ოჯახის დანგრევა. ვეცდებით, ბავშვი დაუბრუნდეს ოჯახს, თუკი დედა საკუთარ პასუხისმგებლობას გაიაზრებს“, – ამბობს ნინო ცეცხლაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი სოციალური მუშაკი. მას ვკითხეთ, ჩანს თუ არა სახელმწიფო რეაგირების სისუსტე, როცა წელს მხოლოდ ქობულეთში მოძალადე მშობლის სასამართლო განხილვების შემდეგ, ბავშვზე ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა: „კიდევ მოხდება“ – გვიპასუხა ნინო ცეცხლაძემ: „იცით, ამას დრო სჭირდება. თითოეულ ოჯახს ჩვენ ერთად უნდა გავაგებინოთ, რომ ასე არ შეიძლება, უნდა ჩავახედოთ მშობლებს მათი პატარა შვილების გულებში“.
ქობულეთის სოცმუშაკი თამარ ღუნიაშვილი კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს რეაგირება არასაკმარისია: „უნდა იყოს უფრო მასობრივი ღონისძიება, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ პრობლემა. მხოლოდ კანონის გამკაცრება არაა საკმარისი. შესაძლოა, ამ გზით დაიმალოს დანაშაული და ის კიდევ უფრო მიჩქმალოს საზოგადოებამ.“
„შედეგის მიღწევა რამდენიმე წელიწადში შეუძლებელია. უნდა შეიცვალოს ფონი, ახალი თაობა უნდა გაიზარდოს,“ – მიაჩნია ქეთი მელიქაძეს, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელს:
„2013 წლის კვლევის მიხედვით, მაღალია საზოგადოების მიმღებლობა ბავშვთა ძალადობაზე. ამის შემდეგ შეიცვალა კანონმდებლობა, გადამზადდნენ სპეციალისტები, ვისაც შემხებლობა აქვთ ბავშვებთან: მასწავლებლები, მანდატურები, ექიმები, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები… თუმცა ფაქტია ისიც, რომ სახელმწიფოს ჯერჯერობით ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი ამ მიმართულებით არ შეუქმნია. არსებობს სამოქმედო გეგმა, რომლითაც გვაგებინებს ხელისუფლება, თუ რა კეთდება ბავშვზე ძალადობის კუთხით. დღეს მთავარია სერვისების განვითარება და სახელმწიფო ორგანოებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება. ვფიქრობ, რომ ჯადოსნური წრე, პირველ რიგში, სპეციალისტებმა უნდა გაარღვიონ“.
ბავშვზე ძალადობა საქართველოში – UNICEF -ის კვლევის შედეგები
UNICEF-ის მიერ საქართველოში ჩატარებულ ბავშვთა მიმართ ძალადობის გავრცელების ეროვნული კვლევის თანახმად რეგიონების მიხედვით, აჭარასა (70%) და სამცხე-ჯავახეთში (69%) ყველაზე მაღალია ბავშვის მკაცრი აღზრდის მომხრეთა რიცხვი. კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების 63%-ს მიაჩნია, რომ ბავშვი თავის მშობლებს ეკუთვნის და მხოლოდ მათ შეუძლიათ ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება. ამ მოსაზრების მხარდამჭერთაგან ნახევარი მიიჩნევს, რომ ბავშვი ოჯახში უნდა დარჩეს მაშინაც კი, როდესაც ოჯახში ძალადობას აქვს ადგილი.
ამავე კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ბავშვთა მიმართ ძალადობას. საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბავშვის მიმართ ოჯახში განხორციელებული ძალადობა ოჯახის შიდა საქმეა და ამ საქმეში ჩარევის წინააღმდეგია.
ბავშვებზე ძალადობა და კანონი
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს ბავშვებზე ძალადობის 222 შემთხვევა დაფიქსირდა, 2015 წელს – 474, ხოლო 2014 წელს – 247.
ბავშვზე ძალადობა ისჯება „სისხლის სამართლის კოდექსის“ მიხედვით. ამ კანონის 126-ე მუხლის პრიმა ერთი მუხლის მე¬ორე ნაწილი არასრულწლოვანზე მოძალადის დასჯას ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლ¬ების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.
ბათუმში, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში 2016 წლის 19-26 აგვისტოს გაიმართება გამოფენა სახელწოდებით – „სოხუმიდან ბათუმამდე და ქობულეთიდან ქუთაისამდე“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დიმიტრი ერმაკოვისა და ალექსანდრე როინიშვილის 120 ფოტო და ორი ფოტოალბომი ორიგინალი ფოტოებით. ფოტოებზე ასახულია საქართველოს იმდროინდელი ყოფაცხოვრება. გამოფენის მიზანია მუზეუმის პოპულარიზაცია და ტურისტების მოზიდვა.
როგორც ძმები ნობელების მუზეუმის მმართველი თამარ ორაგველიძე ორაგველიძე აღნიშნავს, ღონისძიება გაცოცხლებულია 1905 წლით დათარიღებული შავი ზღვისპირეთის მეგზურის მიხედვით, სადაც აღნიშნულია, თუ სად უნდა წასულიყვნენ ტურისტები, რა უნდა დაეთვალიერებინათ, სად უნდა დაესვენათ და ა.შ. ბათუმი, სოხუმი, ქუთაისი, ქობულეთი – ეს ქალაქები სწორედ ამ მეგზურშია დასახელებული, ამიტომაც ჰქვია გამოფენას „სოხუმიდან ბათუმამდე და ქობულეთიდან ქუთაისმდე“. ავტორი აღწერს შავიზღვისპირეთის სანაპიროს, როგორც კავკასიის მშვენიერ რივიერას, გამორჩეულად მდიდარი ბუნებით, სილამაზით და საოცარი კლიმატით. ბოტანიკურ ბაღს კი მოიხსენიებს, როგორც მაღალი კულტურის ნიმუშს.
აღნიშნულ გამოფენაში ნობელის მუზეუმის პარტნიორები არიან ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ისტორიული მუზეუმი და ბათუმის ბოტანიკური ბაღი.
გამოფენა დღეს, 19 აგვისტოს, დღის პირველ საათზე გაიხსნება და დამთვალიერებელს მისი დათვალიერება 26 აგვისტომდე შეეძლება ძმები ნობელების მუზეუმში.
დღეს, 18 აგვისტოს, დღის პრიველ ნახევარში, ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიასთან, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხედარი ამოცნობილია, თუმცა პრესსამსახურში მის ვინაობას არ აკონკრეტებენ. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უნივერსიტეტის, რეპეტიტორის, უცხო ენის კურსების, ბინის ქირის და სხვა გადასახადების ფული რომ შეაგროვონ, აბიტურიენტები და სტუდენტები საზაფხულო არდადეგებზე მუშაობენ. ისინი ძირითადად მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულები.
განსაკუთრებით ბევრი ახალგაზრდა მუშაობს ტურისტულ სეზონზე ბათუმში – ზოგიერთი კაფე, კლუბი თუ სხვა დაწესებულება სპეციალურად ამ სეზონისთვის იხსნება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის. ამ ადგილებში მოთხოვნა სწორედ ახალგაზრდებზეა. რამდენის გამომუშავებას ახერხებენ ახალგაზრდები ტურისტულ სეზონზე?
მიმტანი, ადმინისტრატორი სასტუმროში, გაყიდვების ასისტენტი, პრომოაგენტი – ეს მოკლე ჩამონათვალია იმ ვაკანსიებისა, რომლებსაც ბათუმში ახალგაზრდები საზაფხულოდ ეძებენ. სტუდენტები ამბობენ, რომ დამსაქმებლები ხშირად გარეგნობისა და უცხო ენების ცოდნის მიხედვით არჩევენ ახალგაზრდებს, სამუშაო გამოცდილება დამატებითი პლუსია, თუმცა თითქმის ყველა პოზიციაზე გამოსაცდელი ვადით იწყება მუშაობა. ეს ვადა ერთი ან ორი კვირაა.
როგორც დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ჭყონია ამბობს, სეზონზე დასაქმებულთა 80-90 პროცენტს სტუდენტები წარმოადგენენ: „იმიტომ, რომ სტუდენტები, ასე ვთქვათ, უფრო დაბალანაზღაურებადი მუშახელია და პლუს, თან რადგან უფრო ახალგაზრდები არიან, უკეთესად უძლებენ დატვირთვას“.
20 წლის ქრისტინე მალაყმაძე მეორე წელია მუშაობს. თავიდან ერთ-ერთ რესტორანში ჭურჭლის მწმენდავად მუშაობდა, ახლ უკვე სხვა რესტორანში მიმტანია. ამბობს, რომ პირველ წელს ბათუმის უნივერსიტეტში სწავლობდა, მას კი თბილისში უნდოდა გადასვლა, რის გამოც ეროვნული გამოცდების თავიდან ჩაბარება გადაწყვიტა: „ეს დამატებითი ხარჯები იყო, რეპეტიტორებთან უნდა მევლო და ამის გამო დავიწყე მუშაობა. წელს ჩავაბარე, ნორმალური ქულები მაქვს, თუმცა დედაქალაქში ცხოვრების ხარჯების ნაწილი მაინც მინდა საკუთარი სახსრებით დავფარო, ამიტომ ზაფხულშიც ვაგრძელებ მუშაობას“.
ქრისტინე ამჯერად ბულვარში მდებარე ერთ-ერთ რესტორანშია დასაქმებული, რომელიც მხოლოდ ტურისტულ სეზონზე მუშაობს. ის ამბობს, რომ მიმტანთა 99% სტუდენტი ან მოსწავლეა. ქრისტინეს თქმით, საკმაოდ მძიმე გრაფიკი აქვთ, შუაღამემდე მუშაობენ, კიბეებზე დააქვთ შეკვეთები, შეიძლება რთული კლიენტი შეხვდეთ. სტუდენტების მსგავს სამუშაოზე ანაზღაურება საკმაოდ დაბალია: „მაქსიმუმ ოცი ლარი გამოვიდეს დღეში, თან ფიზიკურად ყოველ დღე ვერ იმუშავებ. მიმტანად როცა მუშაობ, იცი, რომ ხელფასზე მნიშვნელოვანი კლიენტის დატოვებული ხურდაა, თუმცა ესეც არასტაბილურია, შეიძლება მთელი დღე იმუშაო და არაფერი დაგიტოვონ“, – ამბობს ქრისტინე.
19 წლის თეონა გურგენიძეც მეორე წელია ზაფხულობით მუშაობს. ის თბილისში სწავლობს და მეორე კურსზეა. ბათუმის ბულვარში ერთ-ერთი სამკაულების ღია მაღაზიის ასისტენტია. გარდა ამისა, დასვენების დღეებში ცდილობს სხვა საქმე ნახოს, მაგალითად, ფლაერების დარიგება ან მარკეტინგული კვლევის ინტერვიუერობა – ეს დამატებითი შემოსავალია. ფულს ისიც ბინისთვის აგროვებს, რომელსაც თბილისში ქირაობს. საკუთარი ხელფასით კმაყოფილია, ამბობს, რომ ფიზიკური დატვირთვა ნაკლებად უწევს და თავისი მეგობრების ფონზე, რომლებიც მიმტანებად მუშაობენ, საკუთარი ხელფასი არ ეცოტავება. მისთვის სირთულეს მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ მთელი დღის განმავლობაში ძალიან ცხელა, ღამის საათებში კი, რადგან მაღაზია ღია სივრცეშია, სიფრთხილეა საჭირო. თეონა უნივერსიტეტში სტიპენდიანტია, მუშაობაც უნდოდა სწავლის პერიოდში, მაგრამ შესაბამისი გრაფიკით სამსახური ვერ იშოვა და აღარ უცდია: „ლექციებს თუ არ დაემთხვევა გრაფიკი, მუშაობამ არა მგონია ხელი შემიშალოს… თუ, რა თქმა უნდა, არ ვიზარმაცებ“.
თეონასა და ქრისტინესგან განსხვავებით 18 წლის ნიკა ჩიტალაძემ წელს პირველად სცადა მუშაობა. იგი ორი თვე ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორის დამხმარედ, სამ დღეში ერთ დღეს, 24-საათიანი გრაფიკით მუშაობდა, ხელფასი – 250 ლარი კი, მისი თქმით, ძალიან დაბალი იყო იმისთვის, რომ თბილისში სწავლის ფული დაეგროვებინა. მოგვიანებით უცხო ენების არცოდნამ საქმე გაართულა, რის გამოც სამსახურიდან წამოვიდა, შემდეგ კი იმავე მიზეზის გამო სხვა სამუშაოს პოვნა გაუჭირდა: „ინგლისური საშუალოდ ვიცი, რუსული საერთოდ არ ვიცი. ტურისტულ სეზონზე მომსახურების სფეროში უცხო ენების გარეშე მუშაობის დაწყება რთულია“.
ნიკას სიტყვებს „მწვანე ბარის“ მფლობელი, დავით მამულაძეც ადასტურებს და ამბობს, რომ ენების ცოდნა მთავარი მოთხოვნაა, თუმცა ამასთან ერთად მუშაობის მსურველ ახალგაზრდას „ნერვები უნდა ჰქონდეს კარგ მდგომარეობაში“. დავით მამულაძეს ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი სტუდენტი ჰყავს დასაქმებული:
„უნივერსიტეტის გამოცდების დასრულებამდე არ მოდიან სტუდენტები და მაგ დროისთვის უკვე შევსებულია ადგილები, თორემ სტუდენტების მხრიდან დასაქმებაზე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, მაღალია“.
იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, ლელა აბულაძე თბილისში სწავლობს. ის ამბობს, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში დატოვა რეზიუმე, თუმცა ძირითადად მომსახურების სფეროს ვაკანსიებზე უკავშირდებიან. „მინდოდა, თან ჩემი პროფესიის განხრითაც განვვითარებულიყავი, მაგრამ ყველგან გამოცდილებას ითხოვენ, რომელიც არ ვიცი, საიდან მოვიტანო, თუ არსად ამიყვანენ. ბოლო თვეს ვიმუშავებ ალბათ, რაიმე სეზონურზე, მანამდე ცოტა დავისვენე“, – ამბობს ლელა.
როგორც ქრისტინე მალაყმაძე აღნიშნავს, სეზონზე, როდესაც უცხოელი დამსვენებლები სტუმრობენ რესტორანს, მისთვის და მისი მეგობრებისთვის უცხო ენების არცოდნა პრობლემაა, თუმცა თანამშრომლები ერთმანეთს ეხმარებიან და ცოტ-ცოტას თავადაც სწავლობენ: „უცხოელები ყოველთვის კარგი კლიენტები არიან, ამიტომ ტურისტების რაოდენობა ჩვენს ხელფასებზეც პირდაპირ აისახება. მაგრამ ენების არცოდნის გამო ხანდახან ჟესტებსაც ვიყენებთ, ვწვალობთ. განსაკუთრებით რთულია, როცა რომელიმე კერძის ახსნას ითხოვს კლიენტი. ბევრი კურიოზი ხდება, თუმცა იმ მომენტში ისეთი სტრესულია, რომ ვერც გეცინება“, – ამბობს ქრისტინე.
გონიოს ყოფილი პოლიგონის მიმდებარედ ზღვაში ამ დრომდე ეძებენ ორ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების დროს ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.
შემთხვევის ადგილზე სპეციალისტებს თურქეთიდან ელოდებიან.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან კიდევ ერთი ხომალდი დაიძრა, რომელიც შესაბამისი პერსონალით არის დაკომპლექტებული და სამძებრო აპარატურითაა აღჭურვილი. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 19 აგვისტოს შემოვა. სამინისტროს განცხადებით, საქართველოში თურქეთის სანაპირო დაცვის პირველი კატარღა 9-კაციანი ეკიპაჟით უკვე შემოსულია და ჩართულია სამძებრო ღონისძიებაში.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 აგვისტოს, სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. თავდაცვის უწყების ცნობით, სამხედროების გაუჩინარებისთანავე დაუყონებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ.
“სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი. ადგილზე იმყოფება სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა. საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ის მთავრობამ დაავალა აშშ-ის ევროპულ სარდლობას, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა მიიღონ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა”,- ნათქვამია თავდაცვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გონიოს სანაპიროსთან შეკრებილები არიან გაუჩინარებული სამხედროების ოჯახის წევრები, რომლებიც სამხედროების ხელმძღვანელობას დაუდევრობაში ადანაშაულებენ.
მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუხლია.